კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე

კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 152/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 31/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016652
152/04
31/10/2022
ვებგვერდი, 01/11/2022
220020000.18.011.016652
კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №152/04

2022 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 49-ე მუხლის, „კომერციული  ბანკების  საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, 31 და მე-4 მუხლების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს კომერციული ბანკების ლიცენზირების წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №52/04 ბრძანება.
მუხლი 3
საქართველოს ეროვნულ ბანკში 2022 წლის 24 სექტემბრამდე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება დასრულდეს 2022 წლის 24 სექტემბრამდე არსებული წესით. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომერციული ბანკი ვალდებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული განახლებული სალიცენზიო მოთხოვნები დააკმაყოფილოს და საქართველოს ეროვნულ ბანკს შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესით და ვადაში.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



კომერციული ბანკების ლიცენზირების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. კომერციული ბანკების ლიცენზირების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ კომერციული ბანკების, უცხოური სანდო ბანკის ფილიალის, უცხოური ბანკის ფილიალის და შვილობილი ბანკის ლიცენზირების საკითხებს.

2. ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  წესით  რეგისტრირებულ  იმ  იურიდიულ  პირზე,  რომელიც აკმაყოფილებს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო მოთხოვნებს.

3. უცხოური ბანკის ფილიალის/შვილობილი კომპანიის ლიცენზირება შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული წესით, თუ განმცხადებელი წარმოადგენს განსაკუთრებულად სანდო ბანკს, კერძოდ, თუ ის ხასიათდება მაღალი ცნობადობით, კარგი რეპუტაციით, მაღალი საკრედიტო რეიტინგით, ფინანსურ სექტორში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილებით, მდგრადი ფინანსური მაჩვენებლებითა და მაღალი დონის გამჭვირვალობით.

4. სანდო უცხოური ბანკის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ხელშეწყობის მიზნით ეროვნული ბანკი ინდივიდუალურად განსაზღვრავს იმ დოკუმენტაციის/ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულმა უცხოური ბანკის  ფილიალმა/შვილობილმა  კომპანიამ  უნდა წარადგინოს  საბანკო  საქმიანობის  ლიცენზიის  მისაღებად.  წარდგენილი  დოკუმენტაცია  უნდა მოიცავდეს, სულ მცირე ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.


მუხლი 2. წერილობითი მიმართვა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად
1. დაინტერესებული იურიდიული პირი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წერილობით მიმართავს ეროვნულ  ბანკს.  წერილობითი   მიმართვა    წარდგენილი    უნდა    იყოს   საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერების მიერ უფლებამოსილი  პირის მიერ. წერილობითი მიმართვა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობით მიმართვას (გარდა უცხოური სანდო ბანკის ფილიალისა/შვილობილი კომპანიისა) თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია და ინფორმაცია:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელსაც თან უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია: განაცხადთან დაკავშირებით საკონტაქტო პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია, სათავო ოფისის მისამართი, თუ ის განსხვავდება რეგისტრაციის მისამართისაგან, ვებ-გვერდის მისამართი (არსებობის შემთხვევაში);

ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტები;

გ) ინფორმაცია  ადმინისტრატორების და მმართველი ორგანოების „კომერციული  ბანკების  საქმიანობის  შესახებ“ საქართველოს  კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ როგორც ინდივიდუალური, ისე ერთობლივი შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ;

დ) კომერციული ბანკის ცნობა დაინტერესებული იურიდიული პირის ნებადართული და განთავსებული კაპიტალისა  და მისი განაღდებული   ნაწილის   შესახებ,   აგრეთვე   ინფორმაცია,   რომელიც მოიცავს მონაცემებს ნებადართული კაპიტალის განთავსებული ნაწილისა და საზედამხედველო კაპიტალის საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;

ე) კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის შესახებ, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, საიდენტიფიკაციო ინფორმაცია 20 უმსხვილესი აქციონერის შესახებ;

ვ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავი ქონებით სარგებლობის ან მასზე საკუთრების უფლებას, სადაც მომავალში განთავსდება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი ან მისი ფილიალი;

ზ) „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს  კანონით განსაზღვრული სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი „კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 3 მაისის N61/04 ბრძანების შესაბამისად;

ი) თუ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი ახორციელებდა კომერციულ საქმიანობას, ინფორმაცია მისი წარსული საქმიანობის შესახებ, რაც მოიცავს:

ი.ა) ინფორმაციას მისი ან/და მისი შვილობილი საწარმოს მიერ ფინანსურ სექტორში საქმიანობის განხორციელებისათვის ნებისმიერი მიმდინარე, განხილვის პროცესში მყოფი, გაუქმებული ან/და გამოუყენებელი ლიცენზიის, ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან/და ნებართვის შესახებ;

ი.ბ) ინფორმაციას საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ან მისი შვილობილი საწარმოს გადახდისუუნარობის, რესტრუქტურიზაციის ან რეორგანიზაციის, დროებითი ადმინისტრაციის, რეზოლუციის ან/და ლიკვიდაციის პროცესების შესახებ;

ი.გ) ინფორმაციას საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ან მისი შვილობილი საწარმოს ადმინისტრაციული, რელევანტური სამოქალაქო ან საარბიტრაჟო დავის, ასევე სისხლისსამართლებრივი წარმოების შესახებ, რომელიც საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის საწინააღმდეგოდ გადაწყდა ან/და მიმდინარეობს და რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობითი მიმართვის განხილვის მიზნებისთვის. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, დასაბუთებულად მოითხოვოს, მათ შორის, შემდეგი დეტალური ინფორმაცია:

ი.გ.ა) ინფორმაცია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის წინააღმდეგ დაკმაყოფილებული საჩივრებისა და დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ;

ი.გ.ბ) მორიგება ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთან, რომელიც უკავშირდება საფინანსო სექტორს;

ი.გ.გ) ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ან/და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რომელიც უკავშირდება თაღლითობას, კორუფციას, ფულის გათეთრებას, სხვა ეკონომიკურ დანაშაულს ან ტერორიზმის დაფინანსებას ან/და მისი პრევენციისათვის არასათანადოდ გატარებულ ზომებს;

ი.გ.დ) ნებისმიერი პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელს ფინანსური სექტორის ზედამხედველი ორგანოს მიერ საფინანსო მომსახურებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების ან მომხმარებელთა უფლებების დარღვევისათვის;

ი.გ.ე) საჩივრები კლიენტების ან ყოფილი კლიენტების მხრიდან, რომლებიც გადაწყდა კლიენტის სასარგებლოდ მესამე მხარის მიერ (არბიტრაჟი);

ი.გ.ვ) უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების გამო დაკისრებული ნებისმიერი პასუხისმგებლობა;

ი.გ.ზ) ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი ორგანოს დასახელება და მისამართი, საქმის განხილვის თარიღი, დავის ღირებულება, შედეგი და ძირითადი გარემოებების ახსნა;

ი.დ) აუდიტირებული დასკვნა ბოლო სამი წლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ;

კ) ინფორმაცია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის მფლობელობის სტრუქტურის/ჯგუფის   სტრუქტურის   შესახებ,  ამ  მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად;

ლ)  ინფორმაცია  საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო  საბჭოს, აუდიტის  კომიტეტისა და დირექტორატის შესახებ ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად;

მ) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია, ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად;

ნ) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ბიზნესგეგმა, ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.

3. უცხოური ბანკის ფილიალზე (გარდა უცხოური სანდო ბანკის ფილიალისა/შვილობილისა) და შვილობილ ბანკზე საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თავად ბანკი უფლებამოსილია  სათავო დაწესებულების  ადგილსამყოფელ  ქვეყანაში მოიზიდოს დეპოზიტები. ასეთ შემთხვევაში საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. წერილობით მიმართვას, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, დამატებით თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) სათავო ბანკის ბოლო 3 წლის აუდიტირებული ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება და მოგება-ზარალის ანგარიშგება;

ბ) სათავო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ფილიალის გახსნის ან შვილობილი ბანკის დაფუძნებისა და საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ეროვნული ბანკისთვის მიმართვის  შესახებ;

გ) სათავო ბანკის ზედამხედველობის ორგანოს დასტური საქართველოში ფილიალის/შვილობილი ბანკის გახსნაზე.

4. ეროვნული  ბანკი უცხოური სანდო ბანკის ფილიალზე/შვილობილზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს მხოლოდ შემდეგი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე:

ა) დამფუძნებელი ბანკის განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

გ) იმ ქვეყნის შესაბამისი საზედამხედველო  ორგანოს  თანხმობა საქართველოში ფილიალის/შვილობილის გახსნაზე, სადაც აღნიშნული ბანკია რეგისტრირებული;

დ) დოკუმენტი,  რომლითაც  დასტურდება,  რომ დამფუძნებელ  ბანკს, მინიჭებული რეიტინგის თანახმად, „კომერციული  ბანკების  საქმიანობის  შესახებ“ საქართველოს კანონიდან  გამომდინარე,  ენიჭება  უცხოური სანდო ბანკის სტატუსი;

ე) ფილიალის/შვილობილის ადმინისტრატორების დანიშვნის აქტი;

ვ) იმ პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც წარადგენს ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს;

ზ) „სალიცენზიო  და სანებართვო მოსაკრებლების  შესახებ“ საქართველოს  კანონით განსაზღვრული სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის/კომერციული ბანკის მფლობელობის სტრუქტურის/ჯგუფის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მონაცემებს მფლობელობის  ყველა  დონის  შესახებ  უშუალო  აქციონერების, შუალედური  მფლობელებისა  და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრეების ჩათვლით. კერძოდ, აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

ა.ა) პირადობის  დამადასტურებელ  დოკუმენტს;

ა.ბ) ინფორმაციას მოქალაქეობის და რეზიდენტობის შესახებ;

ა.გ) დეტალურ ავტობიოგრაფიას;

ა.დ) ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად ან წარსულში მოქმედ კომერციულ ბანკში წილის ოდენობის და სხვა ბიზნესინტერესების შესახებ;

ა.ე) ცნობას ნასამართლობის შესახებ, ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტსაც პირი ბოლო 10 წლის განმავლობაში წარმოადგენდა;

ა.ვ) მონაცემებს ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროსა და ამ შემოსავლის წარმომავლობის შესახებ;

ა.ზ)  შემოსავლების შესახებ საგადასახადო დეკლარაციას;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:

ბ.ა) სარეგისტრაციო დოკუმენტებს;

ბ.ბ) აუდიტორის მიერ უახლესი პერიოდის (კვარტალის) აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას;

ბ.გ) იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და მისი ადმინისტრატორების ნასამართლობის შესახებ ცნობას, ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტსაც პირი ბოლო 10 წლის განმავლობაში წარმოადგენდა.

6. ინფორმაცია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო  საბჭოს, აუდიტის  კომიტეტის, რისკების კომიტეტისა და დირექტორატის შესახებ უნდა მოიცავდეს ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ინფორმაციას.

7. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:

ა) კორპორაციული მართვის დებულებას;

ბ) ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მენეჯმენტის სამუშაოს აღწერილობას;

გ) საკრედიტო, საბაზრო, საოპერაციო, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების  და სხვა რელევანტური რისკების მართვის ჩარჩოს;

დ) კაპიტალის ადეკვატურობის შიდა შეფასების მოდელს;

ე) ეროვნული  ბანკის მოთხოვნების  შესაბამისად კაპიტალის  ადეკვატურობის  გაანგარიშებას ბიზნესგეგმაში წარმოდგენილ ბიუჯეტზე დაყრდნობით;

ვ) სააღრიცხვო პოლიტიკას;

ზ) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის აუდიტორის/აუდიტორული ფირმის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მისამართსა და საკონტაქტო ინფორმაციას.

8. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ბიზნესგეგმა უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნული იურიდიული პირის დაგეგმილ საქმიანობას და უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:

ა) ბიზნესსტრატეგიას;

ბ) ინფორმაციას ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის და ბიზნეს მოდელის სიცოცხლისუნარიანობისათვის მნიშვნელოვანი სხვა ფაქტორების პოტენციური გავლენის    შესახებ კომერციული ბანკის ბიზნესსტრატეგიაზე;

გ) მიზნობრივი ბაზრის აღწერასა და საკუთარი კონკურენტუნარიანობის შეფასებას მომხმარებელთა სეგმენტების, პროდუქტების, მომსახურების და მათი მიწოდების არხების ჩათვლით;

დ) საბიუჯეტო გეგმასა და ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზს, მათ შორის, სტრესული სცენარების გათვალისწინებით მომდევნო სამი წლისთვის, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს:

დ.ა) საპროგნოზო მაჩვენებლებს ინდივიდუალურ და ჯგუფის დონეზე;

დ.ბ) საპროგნოზო მაჩვენებლებს თითოეული ბიზნეს ხაზისთვის;

დ.გ) ბალანსის, შემოსავლისა და ფულადი ნაკადების საპროგნოზო მაჩვენებლებს;

ე)  ბიზნესთან და მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებულ რისკფაქტორებს;

ვ) ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსის აღწერას დაგეგმილი საქმიანობის შესაბამისად, მათ შორის, საინფორმაციო ტექნოლოგიების საწყის ეტაპზე დასანერგ მინიმუმსა და მომდევნო საოპერაციო პერიოდში დანერგვის გეგმას;

ზ) სრული ფუნქციონირების დაწყების გეგმას, თუ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მიღების მომენტისათვის ვერ იქნება სრულად ფუნქციონირებადი;

თ) ყველა იმ საგადახდო და ანგარიშსწორების სისტემის დასახელებას, რომლის წევრობასაც გეგმავს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი პირველი საოპერაციო წლის განმავლობაში;

ი) აუთსორსინგის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე ინფორმაციას: საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის საოპერაციო და შიდა კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობის აუთსორსინგის, შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლის და ლიცენზიის მაძიებელთან მისი ნებისმიერი კავშირის შესახებ, აგრეთვე, ინფორმაციას მომსახურების მიმწოდებლის ადგილმდებარეობის, აუთსორსინგის გამოყენების მიზეზების, მიმწოდებლისაგან მომსახურების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში შესაბამისი გეგმის და პასუხისმგებლობის შესახებ, რომლისთვისაც გამოყენებული იქნება აუთსორსინგი.

9.  ამ  წესით  გათვალისწინებული  დოკუმენტები  წარდგენილ  უნდა  იქნეს დედნების ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების სახით. უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები ასევე უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული. ამასთან, წარდგენილი უნდა იქნეს დოკუმენტაციის ქართულ ენაზე სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.

10. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, თუ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობის გაცემას, ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი უფლებამოსილი უწყების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი.

11. საქართველოს ტერიტორიაზე ნასამართლობისა და იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობების გაცემიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის შემთხვევაში – 60 კალენდარულ დღეს ან ამ დოკუმენტში მითითებულ მოქმედების ვადას, ასეთის არსებობის შემთხვევაში. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების თაობაზე წერილობითი მიმართვის განხილვის 6 თვეზე მეტი ხნით გაგრძელების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ წესით განსაზღვრული ნასამართლობისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობების ხელახლა წარდგენა მოითხოვოს.

12. ლიცენზირების პროცესში წარდგენილი უნდა იქნეს იმ ჯგუფის დეტალური აღწერა, რომლის ნაწილიც უნდა  გახდეს კომერციული  ბანკი ლიცენზირების  შემთხვევაში. აღნიშნული ჯგუფის სტრუქტურა  მისაღები უნდა  იყოს ეროვნული  ბანკისათვის.  კერძოდ,  ჯგუფის სტრუქტურა  არ უნდა იყოს იმდენად რთული, რომ შეიძლება შეაფერხოს მისი ზედამხედველობა. ლიცენზირებული კომერციული  ბანკი აღნიშნულ მოთხოვნას მუდმივად უნდა შეესაბამებოდეს.


მუხლი 3. გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ
1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ეროვნული ბანკი.

2. საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით და მისი სხვისთვის გადაცემა აკრძალულია.

3. ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეისწავლის წარდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო მოთხოვნებთან.

4.   საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წერილობითი მიმართვის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ეროვნული ბანკი ამოწმებს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ფორმალურ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ეროვნული ბანკი ლიცენზიის მაძიებელს უდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას მის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ლიცენზიის მაძიებელს, ლიცენზიის გაცემაზე უარს ეუბნება. ლიცენზიის მაძიებლის მიერ სრულყოფილი წერილობითი მიმართვის წარდგენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი წერილობით უდასტურებს პირს მის მიღებას, რომელშიც მიეთითება ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა.

5. ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტაციასა და ინფორმაციას განიხილავს  სრულყოფილი წერილობითი მიმართვის მიღების შესახებ დასტურის გაცემიდან 6 თვის ვადაში. განხილვის პერიოდში ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მოითხოვოს ნებისმიერი სხვა, დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად კონკრეტულ შემთხვევაში. დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში ჩერდება ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება  და განისაზღვრება ვადა დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარსადგენად (მათ შორის, რამდენჯერმე). ლიცენზიის მაძიებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა ვადის დინების განახლების საფუძველია, ხოლო დადგენილ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობა ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია. განხილვის შედეგად, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირს წერილობით აცნობებს ლიცენზიის გაცემაზე თანხმობას ან დასაბუთებულ უარს, თუ ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სალიცენზიო მოთხოვნებს ან/და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

6. ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.


მუხლი 4. საბანკო საქმიანობის პირობითი ლიცენზია
1. ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობისთვის, ასევე საბანკო სექტორის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის, ადგილობრივ ბაზარზე არსებითად ახალი და ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების და ფინანსურ მომსახურებაზე მომხმარებელთა წვდომის გაზრდის მიზნით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია იურიდიულ პირზე გასცეს პირობითი ლიცენზია კომერციული ბანკის ლიცენზირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით მინიმალურ კაპიტალთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების დროებით გამარტივებით. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პირობითი ლიცენზიის გაცემისას, რისკების შემცირების მიზნით, განსაზღვროს შესაბამისი შეზღუდვები ან/და ინდივიდუალური/დამატებითი მოთხოვნები, მათი სრულად დაკმაყოფილების ეტაპები და ვადები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მინიმალურ კაპიტალთან დაკავშირებული მოთხოვნის დროებით გამარტივების შედეგად, მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა „კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 3 მაისის  №61/04 ბრძანებით განსაზღვრული ოდენობის 10%-ს (5 (ხუთი) მილიონი ლარი)) შეადგენს. საბანკო საქმიანობის პირობითი ლიცენზიის გაცემიდან არაუგვიანეს 3 წლის ვადაში, ბანკმა, მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის, ამ პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით განსაზღვრულ სრულ ოდენობასთან შესაბამისობა უნდა უზრუნველყოს. გამონაკლის შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადა, არაუმეტეს 1 წლის ვადით შესაძლოა გახანგრძლივდეს, თუ აშკარაა, რომ ბანკი გამართული და შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოფილია, ხოლო ვადის გახანგრძლივება, კაპიტალის მოთხოვნასთან ფორმალური შესაბამისობის უზრუნველყოფის საჭიროებით არის გამოწვეული.

3. რისკების შემცირების მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები ან/და ინდივიდუალური/დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის, შესაძლოა გულისხმობდეს ლიკვიდობის მოთხოვნებს, ლიმიტებს დეპოზიტების მოზიდვასა და სესხების გაცემაზე, გარკვეულ საბანკო ოპერაციებთან და საბანკო საქმიანობის სახეებთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.

 


მუხლი 5. კომერციული ბანკების შერწყმა (გაერთიანება, მიერთება) და გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა)

 

1.  კომერციული  ბანკების გაერთიანება შეიძლება მოხდეს ორი ან ორზე მეტი ბანკის მიერ ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის საფუძველზე.

2. ამ მუხლის  პირველი პუნქტით  გათვალისწინებული  თანხმობის მისაღებად ეროვნულ ბანკს განცხადებასთან ერთად უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა)   შესაბამისი   კომერციული   ბანკების   პარტნიორთა   საერთო   კრებების   გადაწყვეტილება   გაერთიანების შესახებ;

ბ)  ბანკების გაერთიანების შედეგად წარმოქმნილი ახალი ბანკის ბალანსის პროექტი;

გ)  ახალი ბანკის ბიზნესგეგმა და გაერთიანების ეკონომიკური დასაბუთება;

დ) ახალი ბანკის წესდების პროექტი.

3. ამ  მუხლის  მე-2 პუნქტით  გათვალისწინებული  დოკუმენტების   განხილვის  შემდგომ,  არაუგვიანეს  ორი თვისა,  ეროვნული  ბანკი  იღებს  გადაწყვეტილებას  და წერილობით  აცნობებს  ამის  თაობაზე ბანკებს.

4. თუ კომერციული  ბანკების გაერთიანება დადებითად იქნა შეფასებული, მაშინ დამატებით,  კომერციული ბანკის ლიცენზირებისათვის საჭიროა წარდგენილ იქნეს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, შეცვლილი გარემოებების ნაწილში.

5. ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად.

6. ერთი კომერციული ბანკის მიერ მეორე კომერციული ბანკის მიერთებისას ვრცელდება კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენისთვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. ეროვნულ ბანკს ინფორმაცია უნდა წარედგინოს შეცვლილი გარემოებების ნაწილში. დამატებით, კომერციული ბანკის მიერთებაზე ეროვნული ბანკის თანხმობის მისაღებად განცხადებას უნდა დაერთოს:

ა)  კომერციული ბანკების საერთო კრების გადაწყვეტილება მიერთების თაობაზე;

ბ) ბიზნესგეგმა, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტების (ბალანსები, ანგარიშგებები) პროექტებს ერთი ბანკის მიერთებისას მეორეზე.

7. ამ  მუხლის  მე-6  პუნქტით  გათვალისწინებული  დოკუმენტების განხილვის  შემდგომ,  არაუგვიანეს ორი თვისა, ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას და წერილობით აცნობებს ბანკს.

8. ბანკების მიერთების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე  მიერთებული კომერციული  ბანკის საბანკო საქმიანობის ლიცენზია ჩაითვლება გაუქმებულად,  ხოლო იმ კომერციული ბანკის საბანკო საქმიანობის ლიცენზია, რომელმაც მიიერთა მეორე –  უცვლელი რჩება.

9.  კომერციული  ბანკის გაყოფა  ორ ან  რამდენიმე კომერციულ ბანკად განიხილება როგორც ახალი კომერციული  ბანკების  წარმოქმნა და შესაბამისად მათი ლიცენზირება უნდა მოხდეს  ამ  წესისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.