კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 151/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 31/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016651
151/04
31/10/2022
ვებგვერდი, 01/11/2022
220020000.18.011.016651
კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №151/04

2022 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-14 და მე-15 მუხლების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულება თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2
ძალდაკარგულად გამოცხადდეს „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №50/04 ბრძანება.
მუხლი 3
კომერციული ბანკის არსებულმა ადმინისტრატორებმა და კომერციულმა ბანკმა ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები დააკმაყოფილონ და საქართველოს ეროვნულ ბანკს განახლებულ მოთხოვნებთან ადმინისტრატორების შესაბამისობის დამადასტურებელი, ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შიდა პოლიტიკა/პროცედურები წარუდგინონ 2023 წლის 1 აგვისტომდე.
მუხლი 4
საქართველოს ეროვნულ ბანკში ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე მიმდინარე ადმინისტრატორების შესაფერისობის შეფასებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება დასრულდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესით. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრატორებმა და კომერციულმა ბანკმა ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები დააკმაყოფილონ და საქართველოს ეროვნულ ბანკს განახლებულ მოთხოვნებთან ადმინისტრატორების შესაბამისობის დამადასტურებელი, ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შიდა პოლიტიკა/პროცედურები წარუდგინონ 2023 წლის 1 აგვისტომდე.
მუხლი 5
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის

კრიტერიუმების შესახებ დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებები 
1. კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკისა და უცხოეთის ბანკის ფილიალის (შემდგომში – ბანკი) ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებს და შესაფერისობის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკისათვის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) წარდგენის საკითხებს.

2. ბანკის ადმინისტრატორები ბანკის საქმეებს უნდა უძღვებოდნენ კეთილსინდისიერად, ბანკზე უნდა ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ პირობებში მყოფი კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე პირი და უნდა მოქმედებდნენ ბანკის სტაბილურობის ინტერესების შესაბამისად. ადმინისტრატორები ბანკის საქმიანობას უნდა წარმართავდნენ გონივრულად და დამოუკიდებლად, საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობით.

3. ბანკის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესასრულებლად ბანკის ცალკეული ადმინისტრატორები, ისევე როგორც ბანკის სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი (შემდგომში – მმართველი ორგანოები) ერთობლივად, უნდა აკმაყოფილებდნენ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №215/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსით“ განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს.

4. ადმინისტრატორთა შესაფერისობის შეფასებისას ბანკი და ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობენ პროპორციულობის პრინციპით, რაც გულისხმობს შესაფერისობის კრიტერიუმების შეფასებას ბანკის ზომის, შიდა ორგანიზაციული სტრუქტურის, რისკის პროფილისა და კომპლექსურობის მიხედვით. პროპორციულობის პრინციპი არ გამოიყენება კარგი რეპუტაციის, სანდოობისა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების კრიტერიუმების შეფასებისას.  

5. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ბანკის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებს, არ შეიძლება დაინიშნოს ბანკის ადმინისტრატორად, ან/და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს – აქციონერთა საერთო კრების, სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით უნდა გათავისუფლდეს ბანკის ადმინისტრატორის პოზიციიდან.

6. ბანკის აქციონერთა საერთო კრებამ და სამეთვალყურეო საბჭომ უნდა უზრუნველყონ  მმართველი ორგანოების ისეთი წევრებით დაკომპლექტება, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს და მათი ცოდნა და გამოცდილება უზრუნველყოფს მმართველი ორგანოს ერთობლივ შესაფერისობას.


მუხლი 2. ბანკის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმები
1. ბანკის ადმინისტრატორის პოზიციაზე დასანიშნი პირი, ისევე როგორც ბანკის ადმინისტრატორები პოზიციაზე ყოფნის მთლიანი პერიოდის განმავლობაში, უნდა აკმაყოფილებდნენ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ შემდეგ შესაფერისობის კრიტერიუმებს:

ა) კარგი რეპუტაცია, სანდოობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, ამ დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად;

ბ) საბანკო საქმიანობის წარმართვისათვის აუცილებელი სათანადო ცოდნა, უნარები და გამოცდილება, ამ დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად;

გ) განსჯის დამოუკიდებლობა, რაც გულისხმობს უნარს დამოუკიდებელი და ობიექტური განსჯის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილებები, შეაფასოს მმართველი ორგანოების სხვა წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი, ამ დებულების მე-5 მუხლის შესაბამისად;

დ) საკმარისი დრო საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად, ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად;

ე)  პარალელურად დაკავებული პოზიციების რაოდენობა, ამ დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად.

2. ადმინისტრატორის კონკრეტულ პოზიციასთან პირის შესაფერისობის დადგენისას გაითვალისწინება შესაბამისი პოზიციის მნიშვნელობა და მისი სპეციფიკა. შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების დონე და სპეციფიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს კონკრეტული პოზიციის გათვალისწინებით.

3. ადმინისტრატორთა შერჩევისა და დანიშვნის შესახებ ბანკის შიდა პოლიტიკა/პროცედურები უნდა მოიცავდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №215/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსით“ გათვალისწინებულ მრავალფეროვნების პოლიტიკას.


მუხლი 3. კარგი რეპუტაცია, სანდოობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
1. ბანკის ადმინისტრატორს უნდა ჰქონდეს კარგი რეპუტაცია და სარგებლობდეს ნდობით. პირი მიიჩნევა სათანადო რეპუტაციის მქონედ და სანდოდ, თუ არ არსებობს აშკარა, ობიექტური გარემოებები საწინააღმდეგო ვარაუდისთვის.

2. პირი მიიჩნევა კარგი რეპუტაციის, სანდოობისა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების კრიტერიუმთან შეუსაბამოდ, თუ:

ა) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ფინანსურ ინსტიტუტს ან/და შელახა ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტორთა ან სხვა კრედიტორთა უფლებები, ან/და გამოიწვია ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება;

ბ) ფინანსურ ინსტიტუტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებები;

გ) არ შეასრულა ან/და არ ასრულებს ერთ ან მეტ ფინანსურ ვალდებულებას;

დ) გამოცხადებულია გადახდისუუნაროდ;

ე) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;

ვ) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად.

3. პირის რეპუტაციის, სანდოობისა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შეფასება, უდანაშაულობის პრეზუმფციისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების გათვალისწინებით, ასევე ეფუძნება შემდეგ გარემოებებსა და მათი ერთობლიობის ანალიზს:

ა) პირის წინააღმდეგ წარმოებული ან/და მიმდინარე სისხლისსამართლებრივი, ადმინისტრაციული,  რელევანტური სამოქალაქო წარმოება ან/და საგამოძიებო პროცესი, რომლის შეფასებისას გაითვალისწინება დაკისრებული პასუხისმგებლობები, პირის ჩართულობა და მისი როლი, შემამსუბუქებელი გარემოებები; 

ბ) წარსული და მიმდინარე ბიზნესსაქმიანობა, იმ ორგანიზაციების გადახდისუნარიანობა, რომელსაც მართავდა პირი, ან/და რომელშიც ფლობდა ან ფლობს მნიშვნელოვან წილს ან/და გააჩნია მნიშვნელოვანი გავლენა; მისი როლი ორგანიზაციის გადახდისუუნარობაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ასევე აღნიშნული ორგანიზაციების მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი, ადმინისტრაციული, სამოქალაქო წარმოება ან/და სხვა საგამოძიებო პროცესი, პირის ჩართულობა და როლი;

გ) პროფესიული რეპუტაცია, სავაჭრო, ბიზნეს და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ლიცენზიის/რეგისტრაციის/წევრობის გაუქმება, დისციპლინური პასუხისმგებლობა, სამუშაო ადგილიდან გათავისუფლება და შესაბამისი მიზეზები;

დ) გამჭვირვალობა, ღიაობა და შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან თანამშრომლობისათვის მზაობა;

ე) სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელიც მიუთითებს, რომ პირის ქმედება არ შეესაბამება „საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 2 თებერვლის №13/04 ბრძანებით დადგენილ სტანდარტებს.


მუხლი 4. საბანკო საქმიანობის წარმართვისათვის აუცილებელი ცოდნა, უნარები და გამოცდილება
1. ბანკის ადმინისტრატორებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი მიმართულებით/სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტრული აღრიცხვა, სამართალმცოდნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, რაოდენობრივი მეთოდები ან სხვა შესაბამისი განათლება, შესაბამისი უნარები და გამოცდილება, რომელიც საჭიროა მათზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად.

2. ბანკის დირექტორებს უნდა ჰქონდეთ საფინანსო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციაზე (სტრუქტურული ერთეულის უფროსი ან მოადგილე) მუშაობის სულ მცირე 5-წლიანი გამოცდილება, ხოლო ბანკის სხვა ადმინისტრატორების გამოცდილება და უნარების ერთობლიობა უნდა შეესაბამებოდეს ბანკის საქმიანობის მასშტაბებსა და კომპლექსურობას.

3. უნარების შეფასებისას მხედველობაში მიიღება, მათ შორის, შემდეგი საჭირო უნარები: გადაწყვეტილების მიღების უნარი, ლიდერობა, ლოიალურობა, მოლაპარაკების უნარები, დამაჯერებლობა, გუნდურობა, სტრატეგიული აზროვნება, პასუხისმგებლობის გრძნობა, შეხვედრების ეფექტურად წარმართვის უნარი.

4. ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების შეფასება მოიცავს პირის შესაძლებლობის შეფასებას, დაკისრებული პასუხისმგებლობის შესაბამისად ესმოდეს ბანკის მმართველობასთან დაკავშირებული საკითხები, ბანკის საქმიანობა და დაკავშირებული რისკები, კორპორაციული მართვა, ჯგუფის სტრუქტურა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი. აღნიშნული მოიცავს ასევე საქმიანობის იმ სფეროებს, რომლებიც არ წარმოადგენს პირის პირდაპირ პასუხისმგებლობას, მაგრამ რომელთან დაკავშირებითაც იგი ანგარიშვალდებულია მმართველი ორგანოების სხვა წევრებთან ერთად.

5. ცოდნა, უნარები და გამოცდილება არ უნდა შეფასდეს მხოლოდ მიღებული აკადემიური ხარისხისა და სამუშაო გამოცდილების ფაქტის დადასტურებით. შეფასება უნდა მოიცავდეს პირის ცოდნისა და გამოცდილების ანალიზს, რაც გულისხმობს წარსულში დაკისრებული მოვალეობების, სამუშაოს სპეციფიკის, მოცულობისა და კომპლექსურობის გათვალისწინებას.

6. გამოცდილების შეფასებისას გაითვალისწინება თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით:

ა) საბანკო სექტორი და ფინანსური ბაზრები;

ბ) ფინანსური სექტორისთვის რელევანტური სამართლებრივი მოთხოვნები;

გ) სტრატეგიული დაგეგმვა, ბანკის ბიზნესსტრატეგია და ბიზნესგეგმა;

დ) აუდიტი და ბუღალტრული აღრიცხვა;

ე) კორპორაციული მართვა, რისკების მართვა, ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა.

7. ბანკის დირექტორატის წევრების გამოცდილების შეფასებისას ასევე გაითვალისწინება:

ა) წარსულში დაკავებული ხელმძღვანელი პოზიცია და მისი იერარქიული დონე;

ბ) წარსულში დაკავებულ ხელმძღვანელ პოზიციაზე ყოფნის ხანგრძლივობა;

გ) იმ ორგანიზაციის საქმიანობის სახე, კომპლექსურობა და ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელშიც პირი იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციას;

დ) წარსულში დაკავებულ ხელმძღვანელ პოზიციაზე მისი კომპეტენციები, პასუხისმგებლობები და გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილების ფარგლები;

ე) დაკავებული პოზიციის მეშვეობით შესაბამის სფეროში მიღებული დარგობრივი ცოდნა;

ვ) დაქვემდებარებულ პირთა რაოდენობა.

8. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს უნდა ჰქონდეთ უნარი კონსტრუქციული რეაგირება მოახდინონ ბანკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და ეფექტური ზედამხედველობა გაუწიონ მის საქმიანობას.


მუხლი 5. განსჯის დამოუკიდებლობა
1. ბანკის ადმინისტრატორებს უნდა ჰქონდეთ უნარი დამოუკიდებელი და ობიექტური განსჯის საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილებები, შეაფასონ მმართველი ორგანოების სხვა წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და თავიდან აიცილონ ინტერესთა კონფლიქტი. განსჯის დამოუკიდებლობა აგრეთვე გულისხმობს გამბედაობას, თავდაჯერებულობასა და კოლექტიური აზროვნების მიმართ მდგრადობას. აღნიშნულის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირის ქცევა წარსულში და მიმდინარე პოზიციაზე. ბანკთან დაკავშირებულ საწარმოში მონაწილეობა (წილის ფლობა) თავისთავად არ გულისხმობს განსჯის დამოუკიდებლობის კრიტერიუმთან შეუსაბამობას, ამასთან, გაითვალისწინება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები. 

2. განსჯის დამოუკიდებლობის კრიტერიუმის ფარგლებში არ ფასდება სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული დამატებითი მოთხოვნები და იგი ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მოთხოვნას მოიცავს იმდენად, რამდენადაც აღნიშნულმა შეიძლება ხელი შეუშალოს პირის მიერ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად და ობიექტურად მიღებას. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით:

ა) დირექტორი არ უნდა იყოს ამავე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ბ) დირექტორატის/სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ უნდა იყოს ამავე ბანკის დირექტორატის ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრის I და II რიგის მემკვიდრე.

3. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შეფასება ასევე გულისხმობს სულ მცირე შემდეგი თითოეული გარემოებისა და მათი ერთობლიობით გამოწვეული შედეგების განსჯის დამოუკიდებლობაზე გავლენის ანალიზს:

ა) ეკონომიკური ინტერესების არსებობა, რაც გულისხმობს ადმინისტრატორის მიერ აქციების, წილის ფლობას ან/და სხვა ეკონომიკური ინტერესების არსებობას ბანკში/საბანკო ჯგუფში შემავალ საწარმოებში ან/და მათ კორპორატიულ კლიენტებთან; მნიშვნელოვანი მოცულობის სესხის გაცემას მასზე ან/და კომპანიაზე, რომელსაც იგი ფლობს;

ბ) პირადი და პროფესიული ურთიერთობა ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელებთან;

გ) პირადი და პროფესიული ურთიერთობა ბანკის ან/და საბანკო ჯგუფში შემავალი საწარმოების უმაღლეს მენეჯმენტთან;

დ) უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში დაკავებული პოზიციები;

ე) პირადი და პროფესიული ურთიერთობა ბანკთან დაკავშირებულ გარე დაინტერესებულ მხარეებთან, როგორიცაა, მნიშვნელოვანი საკონსულტაციო და სხვა მომსახურების მიმწოდებელი;

ვ) ისეთი კომპანიის მმართველი ორგანოს წევრობა ან წილის/აქციების ფლობა, რომელთანაც ბანკს/საბანკო ჯგუფში შემავალ საწარმოს აქვს კონკურენტული ინტერესი;

ზ) ბანკთან/საბანკო ჯგუფში შემავალ საწარმოებთან, მის ადმინისტრატორებთან და მნიშვნელოვანი წილის მფლობელებთან დაკავშირებული ბიზნესურთიერთობის ან სამართლებრივი დავის არსებობა (ბოლო 2 წლის განმავლობაში);

თ) პოლიტიკური გავლენა და აქტიურობა, რაც გულისხმობს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას, ასევე პოლიტიკური გაერთიანების წევრობას ან/და მხარდაჭერას „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული შემოწირულობების სახით.

4. ბანკის ადმინისტრატორთან დაკავშირებული არსებული ან/და სამომავლო ინტერესთა კონფლიქტი ბანკის მიერ უნდა იყოს სათანადოდ გამჟღავნებული (მათ შორის, ეროვნულ ბანკთან), განხილული, დოკუმენტირებული და დროულად აღმოფხვრილი. ადმინისტრატორმა არ უნდა გამოიყენოს ხმის უფლება იმ საკითხის გადაწყვეტისას, რომლის მიმართაც მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი.

5. ინტერესთა კონფლიქტის აღმოჩენისას, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ადმინისტრატორის განსჯის დამოუკიდებლობაზე, ბანკმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს და მიაწოდოს ინფორმაცია ინტერესთა კონფლიქტის აღმოსაფხვრელად გატარებული ზომების შესახებ.


მუხლი 6. საკმარისი დრო საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად
1. ბანკის ადმინისტრატორებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი დრო საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

2. დირექტორი ან სხვა აღმასრულებელი ფუნქციების მქონე ადმინისტრატორი უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი პირი საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესით. აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს პირის დანიშვნიდან არაუმეტეს 7 თვის ვადაში.

3. საკმარისი დროის არსებობის შესაფასებლად, ასევე გაითვალისწინება სულ მცირე შემდეგი გარემოებები და მათი ერთობლივი შედეგი:

ა) პირის მიერ სხვადასხვა საფინანსო და არასაფინანსო ინსტიტუტებში ერთდროულად დაკავებული ხელმძღვანელი პოზიციების რაოდენობა. აღნიშნული მოიცავს მმართველი ორგანოების ალტერნატიულ წევრობას ან/და სხვა პირის სახელით უფლებამოსილების განხორციელებას;

ბ) იმ ორგანიზაციის საქმიანობის მოცულობა, სახე და კომპლექსურობა, რომელშიც პირი იკავებს ხელმძღვანელ პოზიციას;

გ) ფორმალური შეხვედრების რაოდენობა და პირის ჩართულობა (რომელიც შესაძლოა დასტურდებოდეს სხდომის ოქმებით);

დ) ხელმძღვანელი პოზიციების რაოდენობა იმ ორგანიზაციებში, რომელთა ძირითად საქმიანობას წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობა;

ე) ფორმალური შეხვედრებისაგან დამოუკიდებლად, დამატებითი შეხვედრების რაოდენობა შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან;

ვ) სპეციფიკური პოზიციის სახე (აღმასრულებელი დირექტორი, კომიტეტის თავმჯდომარე) და მმართველი ორგანოს წევრთა პასუხისმგებლობები, პირის მიერ აღმასრულებელი ან/და არააღმასრულებელი პოზიციების ფლობა და შეხვედრებზე დასწრების/ჩართულობის ვალდებულება;

ზ) პროფესიული საქმიანობა და პოლიტიკური აქტიურობა, ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.


მუხლი 7. პარალელურად დაკავებული პოზიციების რაოდენობა
ადმინისტრატორი არ უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული სხვა კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული სუბიექტები ექვემდებარებიან ამ კომერციული ბანკის კონტროლს, სადაც მას უკავია ადმინისტრატორის პოზიცია, ან წარმოადგენენ იმ კომერციული ბანკის მაკონტროლებელ სუბიექტებს, რომელშიც მას უკავია ადმინისტრატორის პოზიცია. ბანკის ადმინისტრატორი არ უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს ან/და დირექტორატის წევრი ხუთზე მეტ საწარმოში. ამასთან, ერთი აღმასრულებელი პოზიცია თავსებადია ორ არააღმასრულებელ პოზიციასთან ან დასაშვებია ხუთი არააღმასრულებელი პოზიცია. ამ პუნქტის მიზნებისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციებში დაკავებული პოზიციები მხედველობაში არ მიიღება. ამ პუნქტის მიზნებისათვის ერთ პოზიციად განიხილება:

ა) ერთი ჯგუფის შიგნით დაკავებული პოზიციები. ამ პუნქტის მიზნებისთვის ჯგუფი გულისხმობს კომერციული ბანკს, მის სათავო საწარმოს/საწარმოებს და კომერციული ბანკის შვილობილ საწარმოს/საწარმოებს;

ბ) პოზიციები იმ საწარმოში/საწარმოებში, რომლის/რომელთა მნიშვნელოვან წილს ფლობს ბანკი.


მუხლი 8. მმართველი ორგანოების ერთობლივი შესაფერისობა
1. მმართველი ორგანოების წევრთა ერთობლიობა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ მმართველ ორგანოებს სათანადოდ ჰქონდეთ გააზრებული ბანკის საქმიანობა და მასთან დაკავშირებული არსებითი რისკები. აღნიშნულ მოთხოვნას ცალ-ცალკე უნდა აკმაყოფილებდეს როგორც დირექტორატი, ასევე სამეთვალყურეო საბჭო.

2. მმართველი ორგანოების წევრებს ერთობლივად უნდა ჰქონდეთ უნარი, რომ მიიღონ ბანკის ბიზნესმოდელთან, რისკის აპეტიტთან, სტრატეგიასა და ფინანსურ ბაზართან დაკავშირებული ადეკვატური გადაწყვეტილებები.

3. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა უნდა უზრუნველყოფდეს ბანკის აღმასრულებელი ორგანოების ეფექტური ზედამხედველობის შესაძლებლობას.

4. მმართველი ორგანოების წევრთა ერთობლიობა უნდა უზრუნველყოფდეს ყველა იმ სფეროს სათანადოდ ცოდნასა და სათანადო გამოცდილებას, რომელთანაც დაკავშირებულია ბანკის საქმიანობა და რომელთა მიმართაც ბანკის ადმინისტრატორებს ეკისრებათ კოლექტიური პასუხისმგებლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს გადაწყვეტილებების მიღება მოსაზრებათა მრავალფეროვნებისა და სათანადო ექსპერტიზის საფუძველზე. აღნიშნული მოიცავს სულ მცირე:

ა) ბანკის საქმიანობას და მასთან დაკავშირებულ არსებით რისკებს;

ბ) დარგობრივ/ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებულ კომპეტენციებს, როგორიცაა ფინანსური და კაპიტალის ბაზრები, ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუნარიანობა და მოდელირება;

გ) ფინანსურ აღრიცხვას;

დ) რისკების მართვას, შესაბამისობასა და შიდა აუდიტს;

ე) ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და უსაფრთხოებას;

ვ) ადგილობრივ, რეგიონალურ და გლობალურ ბაზრებს საჭიროებისამებრ;

ზ) სამართლებრივ გარემოს;

თ) მენეჯერულ უნარებსა და გამოცდილებას;

ი) სტრატეგიულ დაგეგმვას;

კ) ჯგუფის სტრუქტურასა და მასთან დაკავშირებულ რისკებს.

5. მმართველი ორგანოების ერთობლივი შესაფერისობის სრული შეფასება ბანკმა უნდა განახორციელოს ამ დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და შეფასების შედეგები წარუდგინოს ეროვნულ ბანკს. ერთობლივი შესაფერისობის შეფასების ფორმა თითოეულმა ბანკმა უნდა შეიმუშაოს მისი ზომის, კომპლექსურობისა და რიკების გათვალისწინებით და შეუთანხმოს ეროვნულ ბანკს.

6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ მოითხოვოს ბანკის მიერ შემუშავებული ფორმის გადახედვა და საჭიროებისამებრ ცვლილებების შეტანა.


მუხლი 9. ბანკის ვალდებულება 
1. ბანკს აკისრია ვალდებულება შეარჩიოს/წარადგინოს ისეთი პირები, რომლებიც შეესაბამებიან კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს და მუდმივად უზრუნველყოს ადმინისტრატორების როგორც ინდივიდუალური, ასევე მმართველი ორგანოების ერთობლივი შესაფერისობა.

2. ბანკი, ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ვალდებულია: 

ა) ადმინისტრატორის პოზიციაზე დანიშვნამდე, პირის შესაფერისობის განსაზღვრის მიზნით, ჰქონდეს დასანიშნი პირის შესახებ ამ დებულებით განსაზღვრული დოკუმენტაცია და უზრუნველყოს მასში არსებული ინფორმაციის უტყუარობისა და სიზუსტის დეტალური შემოწმება;

ბ) ბანკის ადმინისტრატორად დანიშვნამდე განსაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა დასანიშნი პირი ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებს;

გ) არ დანიშნოს პირი იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა, რომ დასანიშნი პირი არ აკმაყოფილებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს;

დ) ბანკის ადმინისტრატორების შესაფერისობის კრიტერიუმებთან პირის შესაბამისობის განსაზღვრის შემდეგ, ადმინისტრატორის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში, ეროვნულ ბანკს შესაბამისი თანხმობის მიღების მიზნით, წარუდგინოს ადმინისტრატორების შესახებ ამ დებულებით დადგენილი სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და წერილობით დაადასტუროს, რომ იგი პასუხისმგებელია წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის უტყუარობისა და სიზუსტისათვის.

3. ბანკი ვალდებულია თავის შიდა პოლიტიკა/პროცედურებში ბანკის მართვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან ერთად დეტალურად განსაზღვროს:

ა) ბანკის ადმინისტრატორების შესაბამის პოზიციებზე დანიშვნის პროცედურები;

ბ) ბანკის ადმინისტრატორების შესაფერისობის კრიტერიუმები ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, ადმინისტრატორთა ხელახალი შეფასების პროცედურა, ვადები და მმართველი ორგანოს ერთობლივი შესაფერისობის შეფასების ფორმები;

გ) ბანკის ადმინისტრატორთა მოვალეობები კონკრეტული საბანკო საქმიანობის წარმოებისას, მათ შორის, ადმინისტრატორად მიჩნეული პოზიციების ჩამონათვალი, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული პოზიციების სია თანხმდება ეროვნულ ბანკთან და მტკიცდება ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ;

დ) ადმინისტრატორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურების შესაბამისობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ბანკის სტრუქტურული ერთეული (ან თანამდებობა);

ე) მმართველი ორგანოების ერთობლივი შესაფერისობის უზრუნველსაყოფად საჭირო შესაძლო ღონისძიებები.

4. ადმინისტრატორთა როგორც ინდივიდუალური, ასევე მმართველი ორგანოების ერთობლივი შესაფერისობის სრულ შეფასებას/ხელახალ შეფასებას ბანკი ახორციელებს შესაბამისად შემდეგ შემთხვევებში:

ა) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებისას;

ბ) პერიოდულად, სულ მცირე წელიწადში ერთხელ;

გ) ბანკის მმართველი ორგანოების შემადგენლობის არსებითი ცვლილების შემთხვევაში, ასევე, როდესაც ადგილი აქვს ბანკის ბიზნესმოდელის, რისკის აპეტიტის, ინდივიდუალურ ან/და ჯგუფის დონეზე სტრატეგიის ან/და სტრუქტურის მნიშვნელოვან ცვლილებას.

5. მმართველი ორგანოს ახალი წევრის დანიშვნისას უნდა შეფასდეს დასანიშნი პირის ინდივიდუალური შესაფერისობა, ასევე მმართველი ორგანოს ერთობლივ შესაფერისობაზე გავლენა, ამ დებულების დანართი №1-ის შესაბამისად; ადმინისტრატორების განმეორებითი დანიშვნის შემთხვევაში, თუ შეიცვალა პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ან/და თუ ადმინისტრატორი ინიშნება სხვა პოზიციაზე, უნდა შეფასდნენ მხოლოდ ის ადმინისტრატორები, რომელთა პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც შეცვლილია, ასევე უნდა შეფასდეს მმართველი ორგანოს ერთობლივ შესაფერისობაზე გავლენა ამ დებულების დანართი №1-ის შესაბამისად.

6. საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად საკმარისი დროის კრიტერიუმის ხელახალი შეფასება უნდა განხორციელდეს, როდესაც პირი დაიკავებს დამატებით ხელმძღვანელ პოზიციას ან/და ახორციელებს ახალ საქმიანობას, მათ შორის, პოლიტიკურ აქტივობას.

7. ბანკი ვალდებულია შესაფერისობის ხელახალი შეფასება განახორციელოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ამ დებულებით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმებთან ადმინისტრატორის შესაფერისობის შესაძლო მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ მიუთითებს. ამ მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის შემთხვევებში, ხელახალი შეფასება ხორციელდება მხოლოდ შეცვლილი გარემოების და მისგან გამომდინარე შედეგების ნაწილში. ბანკი ვალდებულია, განახორციელოს ადმინისტრატორების ხელახალი შეფასების სათანადოდ დოკუმენტირება, რომელიც უნდა ასახავდეს შეფასების შედეგებს და ინფორმაციას შეფასების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გასატარებელი ზომების (არსებობის შემთხვევაში) და ვადების შესახებ და აღნიშნული ინფორმაცია წარუდგინოს ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ბანკს კონკრეტული ღონისძიების გატარება მოსთხოვოს და გონივრული ვადა განუსაზღვროს.

8. თუ ბანკის მიერ განხორციელებული ხელახალი შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ პირი ან/და მმართველი ორგანო ვერ აკმაყოფილებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ინდივიდუალური ან/და ერთობლივი შესაფერისობის მოთხოვნებს, ბანკი ვალდებულია მიიღოს ზომები ადმინისტრატორების როგორც ინდივიდუალური, ასევე მმართველი ორგანოს ერთობლივი შესაფერისობის უზრუნველსაყოფად და განსახორციელებელი ზომების და ვადების შესახებ აცნობოს ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ბანკს კონკრეტული ღონისძიების გატარება მოსთხოვოს და მის განსახორციელებლად გონივრული ვადა განუსაზღვროს.   ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბანკი იყენებს პროპორციულობის პრინციპს, გამოვლენილი ხარვეზის პროპორციული ერთ-ერთი შემდეგი ღონისძიების შესარჩევად:

ა) მმართველი ორგანოს წევრებს შორის პასუხისმგებლობების გადანაცვლება;

ბ) მმართველი ორგანოს კონკრეტული წევრების გადაყენება და ჩანაცვლება;

გ) ინტერესთა კონფლიქტის აღმოსაფხვრელი ზომების მიღება;

დ) მმართველი ორგანოების ინდივიდუალური წევრების ტრენინგი ან/და კოლექტიური ტრენინგი მმართველი ორგანოსათვის;

ე) გამოვლენილი ნაკლოვანების აღმოფხვრის მიზნის შესაბამისი სხვა ნებისმიერი ადეკვატური ზომა.

9. ადმინისტრატორთა შესაფერისობის როგორც საწყისი, ასევე შემდგომი ხელახალი შეფასება არის ბანკის ვალდებულება, ხოლო ეროვნული ბანკი, საზედამხედველო მიზნებისათვის, უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, ბანკს მოსთხოვოს ან თავად განახორციელოს ბანკის ადმინისტრატორთა შესაფერისობის შეფასება. 

10. ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადააყენოს ადმინისტრატორი დაკავებული პოზიციიდან, თუ გამოვლინდა რომ იგი აღარ აკმაყოფილებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს და ბანკი არ გეგმავს რაიმე ზომების მიღებას. ბანკი ასევე ვალდებულია, ეროვნული ბანკის მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ გადააყენოს ადმინისტრატორი დაკავებული პოზიციიდან, თუ ეროვნული ბანკის შეფასებით, შესაფერისობის უზრუნველსაყოფად ბანკის მიერ განსახორციელებლად შერჩეული ღონისძიებები არასაკმარისია, ან/და ბანკმა არ უზრუნველყო შესაბამის ვადაში ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ღონისძიებების გატარება ან/და აშკარაა რომ მათი გამოყენება ადმინისტრატორის შესაფერისობას ვერ უზრუნველყოფს.


მუხლი 10. ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და ადმინისტრატორის დანიშვნა
1. შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, ბანკის მიერ ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია/ინფორმაცია (ამ დებულების დანართი №1-ის შესაბამისად) უნდა მოიცავდეს:

ა) დასანიშნი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ბ)  დასაკავებელი პოზიციის დასახელებას, სამუშაო აღწერილობას (დირექტორატის შემთხვევაში) და ინფორმაციას მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობებისა და ერთობლივი შესაფერისობის უზრუნველსაყოფად მმართველ ორგანოში პირის როლის შესახებ;

გ) სამუშაოს შეთავაზებას, ხელშეკრულებას ან სხვა შესაბამის დოკუმენტს, რომელშიც მოცემული უნდა იყოს პოზიციის დაკავების თარიღი და პოზიციაზე ყოფნის ვადა;

დ) იმ პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას, რომელსაც ანაცვლებს დასანიშნი პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) ადმინისტრატორის პოზიციაზე დასანიშნი პირის წერილობით განცხადებას, რომ იგი სრულად აკმაყოფილებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს და მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უტყუარი და ზუსტია, აგრეთვე დასტურს, რომლითაც პირი გამოხატავს გამჭვირვალობის, ღიაობისა და შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან თანამშრომლობის მზაობას, ამ დებულების დანართი №2-ის შესაბამისად;

ვ) დასანიშნი ადმინისტრატორის დანიშვნაზე უფლებამოსილი მმართველი ორგანოს (კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში – შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის) წერილობით განცხადებას და დასტურს, რომ მათ მიერ შემოწმებულია ადმინისტრატორის შესახებ არსებული ინფორმაცია, იგი აკმაყოფილებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს და რომ მათ მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რამდენადაც ამის დადგენა შესაძლებელია, უტყუარი და ზუსტია, ამ დებულების დანართი №3-ის შესაბამისად;

ზ) ინფორმაციას პირის კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ (პირადი რეზიუმე), რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას წარსულში დაკავებული პოზიციების, შესაბამისი მოვალეობების, სამუშაოს ბუნების, მოცულობის, კომპლექსურობის და დაქვემდებარებული პირების რაოდენობის შესახებ; რეზიუმეს თან უნდა დაერთოს პირის კვალიფიკაციისა და განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია;

თ) ცნობას ნასამართლობის შესახებ, ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენდა პირი ბოლო 10 წლის განმავლობაში. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის გაცემიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნების შემთხვევაში – 60 კალენდარულ დღეს ან ამ დოკუმენტში მითითებულ მოქმედების ვადას, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ პირობითი თანხმობის გაცემისა და ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის ვადის 6 თვემდე გაგრძელების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ დებულებით განსაზღვრული ნასამართლობის შესახებ ცნობის ხელახლა წარდგენა მოითხოვოს;

ი) ინფორმაციას მის წინააღმდეგ წარმოებული ან/და მიმდინარე სისხლისსამართლებრივი, რელევანტური სამოქალაქო, ადმინისტრაციული წარმოების ან/და საგამოძიებო პროცესისა და დაკისრებული პასუხისმგებლობების შესახებ ან/და დასანიშნი პირის წერილობით განაცხადს, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია;

კ) ინფორმაციას წარსული და მიმდინარე ბიზნესსაქმიანობისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ (ინფორმაცია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროდან, მოვალეთა რეესტრიდან, არსებობის შემთხვევაში ან/და პირის მიერ სხვაგვარად მოწოდებული ინფორმაციის სახით), მათ შორის, ინფორმაცია იმ ორგანიზაციების გადახდისუნარიანობის შესახებ (გაკოტრება/სააღსრულებო პროცესი), რომელსაც მართავდა დასანიშნი პირი, ან/და რომელშიც ფლობდა ან ფლობს მნიშვნელოვან წილს ან/და გააჩნია მნიშვნელოვანი გავლენა, ან/და წერილობით დასტურს, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია; ამასთან, დასტურს წარდგენილი დოკუმენტების სისრულის შესახებ;

ლ) ინფორმაციას ბიზნეს და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ლიცენზიის/რეგისტრაციის/წევრობის გაუქმების, სამუშაო ადგილიდან განთავისუფლებისა და შესაბამისი მიზეზების შესახებ;

მ) ინფორმაციას ბანკთან ან/და საბანკო ჯგუფში შემავალ საწარმოებთან დაკავშირებული ეკონომიკური ან/და სხვა ინტერესების (მათ შორის, ფინანსური ვალდებულებების) შესახებ ან/და მნიშვნელოვანი წილის მფლობელებთან პირადი ან/და პროფესიული ურთიერთობის შესახებ ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელმაც შესაძლოა წარმოქმნას ინტერესთა კონფლიქტი და გავლენა მოახდინოს განსჯის დამოუკიდებლობაზე, მათ შორის, ინფორმაციას:

მ.ა) ბანკთან/საბანკო ჯგუფთან ან/და მათ ადმინისტრატორებთან და მნიშვნელოვანი წილის მფლობელებთან დაკავშირებული ბიზნეს ურთიერთობის ან სამართლებრივი დავის შესახებ (ბოლო 2 წლის განმავლობაში);

მ.ბ) დასანიშნი პირის მიერ ბანკის/საბანკო ჯგუფის კორპორატიული კლიენტების აქციების, წილის ფლობის ან/და სხვა ეკონომიკური ინტერესების არსებობის შესახებ;

მ.გ) ბანკის/საბანკო ჯგუფში შემავალი საწარმოს მიერ იმ კომპანიაზე სესხის გაცემის შესახებ, რომელშიც დასანიშნი პირი მნიშვნელოვან წილს ფლობს;

მ.დ) ბანკის ან/და საბანკო ჯგუფში შემავალი საწარმოების უმაღლეს მენეჯმენტთან პირადი და პროფესიული ურთიერთობის შესახებ;

მ.ე) უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში დაკავებული პოზიციების შესახებ;

მ.ვ) პირადი და პროფესიული ურთიერთობის შესახებ ბანკთან დაკავშირებულ გარე დაინტერესებულ მხარეებთან, როგორიცაა მნიშვნელოვანი საკონსულტაციო და სხვა მომსახურების მიმწოდებელი;

მ.ზ) ისეთი კომპანიის წილის ფლობის შესახებ, რომელსაც ბანკთან/საბანკო ჯგუფში შემავალ საწარმოებთან აქვს კონკურენტული ინტერესები;

ნ) ინფორმაციას ადმინისტრატორის კანდიდატურის წარდგენის შესახებ, კერძოდ, არის თუ არა პირი მნიშვნელოვანი გავლენის მქონე აქციონერის მიერ წარდგენილი;

ო) ინფორმაციას უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არსებული პოლიტიკური ინტერესებისა და აქტივობების შესახებ, კერძოდ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული შემოწირულობების განხორციელების შესახებ, ასევე „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის შესახებ;

პ) ინფორმაციას ინტერესთა კონფლიქტის აღმოსაფხვრელად ბანკის მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ (არსებობის შემთხვევაში);

ჟ) დასანიშნი პირის მიერ საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად საკმარისი დროის არსებობის დასადასტურებლად ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს:

ჟ.ა) ინფორმაცია იმ მინიმალური დროის (თვის განმავლობაში და წლიურად) შესახებ, რომელიც დაეთმობა პირის მიერ ბანკთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების განხორციელებას;

ჟ.ბ) ინფორმაცია პირის მიერ სხვა ორგანიზაციებში, მათ შორის, არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორანიზაციებში დაკავებული პოზიციების (აღმასრულებელი, არააღმასრულებელი) და დაკავშირებული პასუხისმგებლობების შესახებ, ასევე ინფორმაცია აღნიშნული ორგანიზაციების ზომისა და დასაქმებული პირების რაოდენობის შესახებ;

ჟ.გ) ამ პუნქტის „ჟ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი დრო (გამოხატული დღეებში) და დაკავშირებული შეხვედრების რაოდენობა ერთწლიანი პერიოდისათვის;

რ) ერთობლივ შესაფერისობაში პირის ინდივიდუალური როლის შესაფასებლად, მმართველი ორგანოების წევრების ჩამონათვალს, მათი შესაბამისი პოზიციებისა და პასუხისმგებლობის მოკლე აღწერას და დასაბუთებას, თუ როგორ აისახება პირის ადმინისტრატორად დანიშვნა მმართველი ორგანოს ერთობლივ შესაფერისობაზე. შეუსაბამობისა და ხარვეზების არსებობისას, ასევე მათი აღმოფხვრისათვის მიღებული ზომების აღწერას.

2. ამ დებულებით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს დედნების ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების სახით. უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები ასევე უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული. ამასთან, წარდგენილ უნდა იქნეს დოკუმენტაციის ქართულ ენაზე სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.

3. ბანკი უფლებამოსილია დანიშნოს პირი ადმინისტრატორად მხოლოდ ამ დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ.

4. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკის ადმინისტრატორის თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი არის:

ა) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისათვის - მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თარიღი;

ბ) იმ პირისთვის, რომელიც არ ექვემდებარება რეგისტრაციას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში - ეროვნული ბანკის მიერ თანხმობის გაცემის შემდგომ ბანკის შესაბამისი დოკუმენტის (ოქმი, ბრძანება და სხვ.) გამოცემის თარიღი ან/და დოკუმენტით განსაზღვრული თარიღი.

5. ბანკმა ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად, თვის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მოქმედი ადმინისტრატორების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად. 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილი ანგარიშგება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მოქმედი ადმინისტრატორების ფინანსური ვალდებულებების შესახებ და წარდგენილი უნდა იყოს 31 იანვრამდე.

6. ბანკი ვალდებულია, ეროვნული ბანკის მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკვე დანიშნული ადმინისტრატორი დაკავებული პოზიციიდან, თუ ეროვნულმა ბანკმა გამოავლინა, რომ იგი არ აკმაყოფილებს შესაფერისობის კრიტერიუმს.


მუხლი 11. ეროვნული ბანკის უფლებები
1.  ეროვნული ბანკი აფასებს, აკმაყოფილებენ თუ არა ბანკის ადმინისტრატორები ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.

2. ადმინისტრატორის შესახებ წერილობითი ინფორმაციის/დოკუმენტების მიღებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში ეროვნული ბანკი აძლევს თანხმობას ან ეუბნება დასაბუთებულ უარს ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე.

3. ადმინისტრატორთა შესაფერისობის შეფასების მიზნით, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, დეტალურად შეამოწმოს ადმინისტრატორის შესახებ ბანკის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის უტყუარობა და სიზუსტე, რაც, მათ შორის, მოიცავს ინფორმაციის გადამოწმებას, დაზუსტებას ან/და დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნას, კანდიდატთან გასაუბრებას. კანდიდატთან გასაუბრება სავალდებულოა სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკის დირექტორატის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნისას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საკითხის სირთულიდან გამომდინარე, პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით არაუმეტეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღით და ამის შესახებ უნდა ეცნობოს ბანკს.

5. ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წერილობითი დოკუმენტების წარდგენიდან 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში ეროვნული ბანკის მიერ პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი პირის ადმინისტრატორად დანიშვნაზე თანხმობის მიცემას.

6. თუ ბანკის მიერ სრულყოფილად არ იქნა წარდგენილი ადმინისტრატორის დასანიშნად ეროვნული ბანკის თანხმობის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტები/ინფორმაცია, მაშინ ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ბანკს განუსაზღვროს დამატებითი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, არაუმეტეს ორი თვისა. ამ პერიოდში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება და განახლდება ბანკის მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენისთანავე. ბანკის მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის უშედეგოდ გაშვება ნიშნავს ეროვნული ბანკის ავტომატურ უარს ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე.

7.  ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გამონაკლის შემთხვევებში, ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის გარეშე გასცეს პირობითი თანხმობა ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე და განსაზღვროს  ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის ვადა არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა. აღნიშნულ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარუდგენლობის შემთხვევაში ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე გაცემული პირობითი თანხმობა, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის მომენტიდან, ავტომატურად გაუქმდება.

8. ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე ბანკის გადაწყვეტილება ბათილია და ბანკი ვალდებულია, გადააყენოს ადმინისტრატორი დაკავებული პოზიციიდან, თუ ბანკმა ეროვნულ ბანკს არ წარუდგინა ამ დებულებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ან წარუდგინა არასწორი/არაზუსტი ინფორმაცია ან ეროვნული ბანკისაგან მიიღო დასაბუთებული უარი, მაგრამ მაინც დანიშნა პირი ადმინისტრატორად.

9. უკვე დანიშნული ბანკის ადმინისტრატორის ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, მოსთხოვოს ბანკს შეუსაბამობის აღმოსაფხვრელი ღონისძიებების გატარება და ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება, ხოლო თუ ეროვნული ბანკის შეფასებით, აშკარაა, რომ ასეთი ღონისძიებების გატარება უშედეგო იქნება, ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და წერილობით მოსთხოვოს ბანკს მისი დაკავებული პოზიციიდან დროებით გადაყენება ან გათავისუფლება.

10. ბანკის მმართველი ორგანოების ერთობლივი შესაფერისობის უზრუნველსაყოფად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მოსთხოვოს ბანკს შემდეგი მოქმედებების განხორციელება და განუსაზღვროს შესაბამისი გონივრული ვადა:

ა) ინდივიდუალურად ადმინისტრატორისთვის ან/და მმართველი ორგანოებისთვის შესაბამისი სწავლების/ტრენინგის ორგანიზება;

ბ) მმართველი ორგანის წევრებს შორის ფუნქციების გადანაცვლება;

გ) მმართველი ორგანოს შემადგენლობის ცვლილება;

დ) გამოვლენილი ნაკლოვანების აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი სხვა ადეკვატური ღონისძიების განხორციელება.

11. ბანკის მიერ ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, ბანკის ან/და მისი ადმინისტრატორების მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა).