კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 153/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 31/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016653
153/04
31/10/2022
ვებგვერდი, 01/11/2022
220020000.18.011.016653
კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №153/04

2022 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებული პროცედურების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 ივნისის №130/04 ბრძანება.
მუხლი 3
კომერციული ბანკის არსებულმა მნიშვნელოვანი წილის მფლობელებმა ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები დააკმაყოფილონ და საქართველოს ეროვნულ ბანკს განახლებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარუდგინონ 2023 წლის 1 აგვისტომდე.
მუხლი 4
საქართველოს ეროვნულ ბანკში ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე მიმდინარე კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება დასრულდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესით. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელებმა ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები დააკმაყოფილონ და საქართველოს ეროვნულ ბანკს განახლებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარუდგინონ 2023 წლის 1 აგვისტომდე.
მუხლი 5
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ

დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკის და უცხოეთის ბანკის ფილიალის (შემდგომში – ბანკი) მნიშვნელოვანი წილის მფლობელის/შემძენის (შემდგომში – განმცხადებელი) შესაფერისობის კრიტერიუმების შინაარსს, მნიშვნელოვანი წილის შეძენის შეფასებისას გასათვალისწინებელ დამატებით საკითხებს, განმცხადებლის შესაფერისობის შესაფასებლად საქართველოს ეროვნული ბანკისათვის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) წარსადგენ ინფორმაციას, შეფასების წესსა და რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებულ პროცედურას.

2. ამ დებულების მიზანია ბანკისა და ფინანსური სისტემის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა და მნიშვნელოვანი წილის შეძენის პროცესის სიცხადისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

3. მნიშვნელოვანი წილის შეძენა გულისხმობს ბანკის წილის შეძენას ან მფლობელობაში უკვე არსებული წილის გაზრდას იმ ოდენობით, რომ ამ ბანკის განაღდებულ ან ნებადართულ კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში განმცხადებლის პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობა 10, 20, 30 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს  ან/და განმცხადებელი მოიპოვებს მნიშვნელოვან გავლენას ან კონტროლს ბანკზე მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა.

4. მნიშვნელოვანი წილის ოდენობის განსაზღვრისას ბანკის ის ხმის უფლების მქონე აქციებიც გაითვალისწინება, რომლებიც საჯაროდ ვაჭრობისთვის არის დაშვებული. ამასთან, არ გაითვალისწინება წილი ან/და ხმის უფლების მქონე აქციები, რომლებიც ფინანსური ინსტრუმენტების გარანტირებულ საფუძველზე განთავსების შედეგია, იმ პირობით, რომ ისინი არ გამოიყენება ემიტენტის მართვაში ჩარევისათვის და გასხვისდება შეძენიდან ერთი წლის განმავლობაში.

5. განმცხადებლის შესაფერისობის შეფასებისას ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს პროპორციულობის პრინციპით, რაც გულისხმობს შეფასების კრიტერიუმების შეფასებას ბანკის ზომის, შიდაორგანიზაციული სტრუქტურის, რისკის პროფილისა და კომპლექსურობის, წილის ოდენობის, შემძენის სახის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, პირდაპირი/არაპირდაპირი მფლობელი/შემძენი), წილის შეძენის მიზნისა და ბანკზე შესაძლო ზეგავლენის მიხედვით. პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად განისაზღვრება შეფასების ინტენსივობის ხარისხი, შეფასების პროცედურა და წარსადგენი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შინაარსი. პროპორციულობის პრინციპი არ ვრცელდება განმცხადებლის რეპუტაციის შეფასების ფარგლებში მისი სანდოობის შეფასებაზე.

6. მნიშვნელოვანი წილის მფლობელი წილის ფლობის მთლიანი პერიოდის განმავლობაში უნდა აკმაყოფილებდეს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

7. ამ დებულებით განსაზღვრული შესაფერისობის კრიტერიუმები და მოთხოვნები ეფუძნება მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ევროპის საბანკო უწყებისა და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების უწყების  2016 წლის 20 დეკემბრის  ერთობლივ სახელმძღვანელოს „ფინანსურ სექტორში მნიშვნელოვანი წილის შეძენის/გაზრდის პრუდენციული შეფასების შესახებ“. თუ ამ დებულებით დარეგულირებული არ არის კონკრეტული საკითხი ან არ არის მოცემული გარკვეული ტერმინის განმარტება და ეროვნული ბანკის მიერ საკითხი დამატებით განმარტებული არ არის, ბანკმა, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული სახელმძღვანელოთი უნდა იხელმძღვანელოს. თუ ამ დებულებით განსაზღვრული რომელიმე ცნების განმარტებასთან ან/და სხვა საკითხთან მიმართებით ვერ მოხდება ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის საერთო მოსაზრებაზე შეთანხმება, საკითხი ეროვნული ბანკის მოსაზრების შესაბამისად გადაწყდება.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 
1. ამ დებულების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ონტროლის ტესტი – მნიშვნელოვანი წილის არაპირდაპირი შემძენის დადგენა, მნიშვნელოვანი წილის (პირდაპირი ან არაპირდაპირი) მფლობელის მაკონტროლებელი პირის ან/და უშუალო შემძენის მაკონტროლებელი პირის დადგენის გზით;

ბ) წილების გადამრავლების ტესტი  – მნიშვნელოვანი წილის არაპირდაპირი შემძენის დადგენა მფლობელობის იერარქიაში ყველა დონეზე არსებული წილის ოდენობების გადამრავლების გზით, იმ შემთხვევაში, როდესაც კონტროლის ტესტის გამოყენებით არ დგინდება კონტროლის მოპოვება.

2. ამ დებულებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. კონტროლისა და მნიშვნელოვანი გავლენის დადგენის მიზნებისათვის ასევე ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები გამოიყენება.


მუხლი 3. ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი
1. ერთობლივად მოქმედი პარტნიორები (აქციონერები) უფლებამოსილი არიან ეროვნულ ბანკს შეტყობინება და შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარუდგინონ მათი სახელით მოქმედი ერთი პირის მეშვეობით.

2. თუ ერთობლივად მოქმედი პარტნიორების (აქციონერების) მიერ არ არის წარდგენილი ერთობლივი შეტყობინება და ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ შესაძლოა პარტნიორებს (აქციონერებს) შორის არსებობდეს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აშკარა ან ფარული შეთანხმება ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ, აღნიშნულის დასადგენად ეროვნული ბანკი ითვალისწინებს, სულ მცირე, შემდეგ გარემოებებს ან/და მათი ერთობლიობით გამოწვეულ შედეგებს:

ა) შეთანხმების არსებობას პარტნიორებს (აქციონერებს) შორის, მათ შორის, კორპორაციული მართვის საკითხებზე;

ბ) ბანკის დირექტორატის/სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას ან/და სამეთვალყურეო საბჭოს წევრის დანიშვნის უფლებამოსილებას;

გ) ერთი ჯგუფის წევრ საწარმოებს შორის ხმის უფლების დამოუკიდებლად გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთმიმართებას;

დ) ბანკის მნიშვნელოვანი წილის შესაძენად ერთი და იმავე ფინანსური წყაროს გამოყენებას;

ე) სხვადასხვა საკითხის გადასაწყვეტად აქციონერების მიერ ხმის მიცემის ერთნაირი პრაქტიკის არსებობას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ხელი შეეშალოს აქციონერთა შორის შეთანხმებების მიღწევას კარგი კორპორაციული მართვის პრაქტიკის განსახორციელებლად. ერთობლივ მოქმედებად, მათ შორის, არ განიხილება:

ა) აქციონერებს შორის კომუნიკაცია და დისკუსია დირექტორატთან/სამეთვალყურეო საბჭოსთან განსახილველად წარსადგენი საკითხების შესახებ;

ბ) აქციონერების მიერ დირექტორატთან/სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთობლივი წინადადებების წარდგენა ბანკის ზოგადი პოლიტიკის, პრაქტიკის ან/და კონკრეტული მოქმედების განხორციელების შესახებ;

გ) აქციონერთა მიერ ისეთი უფლებების განხორციელება, რომელიც არ უკავშირდება  დირექტორატის/სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნას, როგორიცაა:

გ.ა) საერთო კრების დღის წესრიგში საკითხების დამატება;

გ.ბ) რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა;

გ.გ) დირექტორატის/სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნის გარდა, სხვა საკითხთან დაკავშირებით ერთობლივ ხმის მიცემაზე შეთანხმება, როგორიცაა:

გ.გ.ა) დირექტორთა ანაზღაურების ოდენობა;

გ.გ.ბ) აქტივების შეძენა ან/და გასხვისება;

გ.გ.გ) კაპიტალის შემცირება, გაზრდა ან/და აქციების გამოსყიდვა;

გ.გ.დ)  დივიდენდების განაწილება;

გ.გ.ე) აუდიტორთა დანიშვნა, გათავისუფლება ან/და მათ ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები;

გ.გ.ვ) ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული საკითხები;

გ.გ.ზ) გარემოს დაცვასთან დაკავშირებული  პოლიტიკა, ან/და ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც უკავშირდება ბანკის სოციალურ პასუხისმგებლობას ან/და ეთიკისა და ქცევის სტანდარტებთან შესაბამისობას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ საკითხზე, მათ შორის, ადმინისტრატორების დანიშვნის თაობაზე შეთანხმების არსებობა თავისთავად არ გულისხმობს პარტნიორთა (აქციონერთა) ერთობლივ მოქმედებას. ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, წილის შეძენის მიზნებისათვის ერთობლივი მოქმედების დასადგენად გაითვალისწინება პარტნიორებს (აქციონერებსა) და დასანიშნად წარდგენილ პირებს შორის ურთიერთდამოკიდებულება, პარტნიორების (აქციონერების) მიერ მმართველი ორგანოების წევრების ერთობლივად დანიშვნის პრაქტიკის არსებობა წარსულში და დანიშვნის შედეგად ამ მმართველ ორგანოში ძალაუფლების გადანაწილების ცვლილება.

5. პარტნიორთა (აქციონერთა) ერთობლივი მოქმედების დადგენის ამ მუხლით განსაზღვრული წესი მხოლოდ მნიშვნელოვანი წილის შეძენის შეფასების მიზნებისთვის გამოიყენება.


მუხლი 4. მნიშვნელოვანი გავლენის არსებობის შეფასება
1. მნიშვნელოვანი გავლენა გულისხმობს ბანკის ფინანსურ და საოპერაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებას, რომელიც არ არის ამ პოლიტიკის კონტროლი ან ერთობლივი კონტროლი. მნიშვნელოვან გავლენად მიიჩნევა   ბანკის კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში, პირდაპირ ან არაპირდაპირ, 20 პროცენტი ან მეტი წილის ფლობა. ამასთან, მნიშვნელოვანი გავლენა შესაძლოა არსებობდეს წილის ოდენობის მიუხედავად, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

ა) ბანკთან  მატერიალური და რეგულარული ტრანზაქციების არსებობა;

ბ) დამატებითი უფლებებით სარგებლობა ბანკთან არსებული ხელშეკრულების  ან ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტის საფუძველზე;

გ) ბანკის დირექტორატის/სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა, წარმომადგენლის  ყოლა ან მისი დანიშვნის უფლებამოსილება, ასევე განმცხადებელსა და ბანკს შორის ადმინისტრატორის პოზიციაზე მყოფი პირების მიმოცვლა;

დ) არსებითი ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება;

ე) ბანკის ან/და მისი მშობელი საწარმოს მფლობელობის სტრუქტურა, აქციონერთა რაოდენობა, რომელთა შორისაც გადანაწილებულია წილები და ხმის უფლებები;

ვ) ბანკის აქციონერებთან ისეთი ურთიერთობის ან/და შეთანხმებების არსებობა, რომელიც პირს შესაძლებლობას მისცემს ჰქონდეს ბანკზე მნიშვნელოვანი გავლენა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გარდა, ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა მხედველობაში მიიღოს სხვა ისეთი ფაქტები და გარემოებები, რომელთაც სათანადოდ მიიჩნევს მნიშვნელოვანი გავლენის არსებობის შეფასებისთვის.


მუხლი 5. მნიშვნელოვანი წილის არაპირდაპირი შეძენა
1. ბანკის მნიშვნელოვანი წილის არაპირდაპირ შემძენად  მიიჩნევიან შემდეგი პირები, თუ შესაბამისი ოპერაციის შედეგად, მათი არაპირდაპირი მონაწილეობა ბანკის კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში მნიშვნელოვანი წილის ოდენობას მიაღწევს:

ა) პირი, რომელიც აპირებს შეიძინოს/გაზარდოს პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობა  ბანკის მნიშვნელოვანი წილის არსებულ მფლობელში;

ბ) ბანკის მნიშვნელოვანი წილის უშუალო შემძენის წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი.

2. ეროვნული ბანკი, მნიშვნელოვანი წილის არაპირდაპირი შემძენის დასადგენად იყენებს კონტროლისა და წილების გადამრავლების ტესტებს. პირველ ეტაპზე გამოიყენება კონტროლის ტესტი. თუ კონტროლის ტესტის გამოყენების შედეგად არ დადგინდა ბანკზე კონტროლის მოპოვება გამოიყენება წილების გადამრავლების ტესტი.

3. კონტროლის ტესტის მიხედვით, ბანკის მნიშვნელოვანი წილის არაპირდაპირ შემძენად  განიხილება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც:

ა) პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძენს კონტროლს ბანკის მნიშვნელოვანი წილის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელზე;

ბ) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს კონტროლს ბანკის მნიშვნელოვანი წილის უშუალო შემძენზე.

4. კონტროლის ტესტის მიხედვით მფლობელობის სტრუქტურაში იდენტიფიცირებული ყოველი არაპირდაპირი შემძენის წილის ოდენობა უდრის ბანკის მნიშვნელოვანი წილის შესაბამისი  მფლობელის/უშუალო შემძენის წილის ოდენობას.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეტყობინებისა და შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ეროვნული ბანკისათვის წარდგენის ვალდებულება ეკისრება მნიშვნელოვანი წილის არაპირდაპირ შემძენს, ხოლო მნიშვნელოვანი წილის არსებულ პირდაპირ ან არაპირდაპირ  მფლობელს, ასევე ბანკს, აქვს მხოლოდ შეტყობინების  ვალდებულება. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეტყობინება და შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს, როგორც არაპირდაპირმა მფლობელმა, ასევე უშუალო შემძენმა. შეტყობინების წარდგენის ვალდებულება ასევე ეკისრება ბანკს.

6. წილების გადამრავლების ტესტის მიხედვით მნიშვნელოვანი წილის არაპირდაპირი შემძენის დასადგენად, წილების გადამრავლება  იწყება ბანკის წილის უშუალო მფლობელიდან, რომლის წილიც მრავლდება მფლობელობის სტრუქტურაში იერარქიის მომდევნო დონეზე არსებული წილის მფლობელის წილის ოდენობაზე, (გადამრავლების შედეგი წარმოადგენს ამ უკანასკნელი პირის არაპირდაპირი წილის ოდენობას ბანკში), მანამდე, ვიდრე ამ გზით გამოთვლილი წილის ოდენობა მნიშვნელოვანი წილის ოდენობას უდრის.

7. გადამრავლების ტესტის მიხედვით, ბანკის მნიშვნელოვანი წილის არაპირდაპირ შემძენად ითვლება ყველა ის პირი:

ა) რომლის წილის ოდენობამ, გადამრავლების ტესტის გამოყენების შედეგად შეადგინა მნიშვნელოვანი წილის ოდენობა;

ბ) რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს კონტროლს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად იდენტიფიცირებული პირზე.

8. თუ კონტროლის ან/და გადამრავლების ტესტების შედეგად იდენტიფიცირებული მნიშვნელოვანი წილის არაპირდაპირი შემძენი წარმოადგენს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს ან/და ეროვნული ბანკი ფლობს მის შესახებ მიმდინარე და განახლებულ ინფორმაციას, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, შესაძლოა საკმარისად ჩაითვალოს მხოლოდ ბენეფიციარი მესაკუთრისა და უშუალო შემძენის შესაფერისობის სრული შეფასება. აღნიშნული არ ათავისუფლებს მფლობელობის სტრუქტურაში არსებულ შუალედურ შემძენებს შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეროვნული ბანკი დასაშვებად მიიჩნევს ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ შეტყობინებისა და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენას სტრუქტურის ქვედა რგოლებში არსებული შუალედური შემძენების სახელით. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ეროვნულ ბანკს მიმართავს ბენეფიციარი მესაკუთრე. ეროვნული ბანკი მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას და წერილობითი ფორმით აცნობებს განმცხადებელს.


მუხლი 6. გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ
1. მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გადაწყვეტილება პირის მიერ მიღებულად ითვლება, როდესაც პირმა იცოდა ან მისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა სცოდნოდა მნიშვნელოვანი წილის შეძენის/გაზრდის შესახებ და მას შესაძლებლობა ჰქონდა გავლენა მოეხდინა, შეწინააღმდეგებოდა ან/და თავიდან აეცილებინა აღნიშნული ტრანზაქცია, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.

2. განმცხადებლის წინასწარი განზრახვის გარეშე მნიშვნელოვანი წილის შეძენის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა წარედგინოს დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც განმცხადებლისთვის ცნობილი გახდება აღნიშნული ფაქტის შესახებ. ეროვნული ბანკის მიერ მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, პირმა არ უნდა გამოიყენოს მნიშვნელოვანი წილის ფლობასთან დაკავშირებული ხმის უფლებები და სხვა უფლებამოსილებები. განმცხადებლის წინასწარი განზრახვის გარეშე მნიშვნელოვანი წილის შეძენისას, ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება არსებობს მიუხედავად იმისა, გეგმავს თუ არა შემძენი იმ ოდენობის წილის გასხვისებას, რომ მის მფლობელობაში არსებული წილი ზღვრულ ოდენობას დაუბრუნდეს.

3. წინასწარი განზრახვის გარეშე მნიშვნელოვანი წილის შეძენა გულისხმობს შემდეგ შემთხვევებს:

ა) ბანკის მიერ აქციონერების მფლობელობაში არსებული წილის გამოსყიდვა, რომელიც პირდაპირ იწვევს წილების ოდენობის ცვლილებას;

ბ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე წილის მიკუთვნება;

გ) წილის შეძენა სამკვიდროს მიღების გზით;

დ) სხვა შემთხვევა, როდესაც შემძენისათვის არ არის ან/და არ შეიძლებოდა ცნობილი ყოფილიყო წილის შეძენის ფაქტი.


მუხლი 7. შესაფერისობის კრიტერიუმები
1. განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა)  რეპუტაცია, ამ დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად;

ბ) განმცხადებლის მიერ ბანკის ადმინისტრატორებად შერჩეული პირების (ასეთი უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში) შესაბამისობა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

გ) განმცხადებლის ფინანსური სიმყარე, ამ დებულების მე-9 მუხლის შესაბამისად;

დ) ბანკის შესაბამისობა პრუდენციულ საზედამხედველო მოთხოვნებთან განმცხადებლის მიერ წილის შეძენის შემდგომ, ამ დებულების მე-10 მუხლის შესაბამისად;

ე) განმცხადებელთან/ტრანზაქციასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების არარსებობა, ამ დებულების  მე-11 მუხლის შესაბამისად.

2. ეროვნული ბანკი, პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, კონსერვატიულ მიდგომას იყენებს მნიშვნელოვანი წილის შეძენის კომპლექსური ტრანზაქციების შეფასებისას, რაც გულისხმობს შემდეგ შემთხვევებს:

ა) განმცხადებლის ან/და ბანკის კომპლექსური ჯგუფის სტრუქტურა;

ბ) ტრანზაქციები, რომლებიც გულისხმობს ტრასტების ჩართულობას;

გ) ბანკის ბიზნესგეგმის ან/და სტრატეგიის მნიშვნელოვანი ცვლილება;

დ) მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის დასაფინანსებლად სრულად ან მნიშვნელოვანი ოდენობით ნასესხები სახსრების გამოყენება.


მუხლი 8. განმცხადებლის რეპუტაცია
1. განმცხადებელი უნდა სარგებლობდეს კარგი რეპუტაციით, რაც მოიცავს მის სანდოობას და სათანადო კომპეტენციის არსებობას. პირი მიიჩნევა კარგი რეპუტაციის მქონედ, თუ არ არსებობს აშკარა, ობიექტური გარემოებები საწინააღმდეგო ვარაუდისთვის. განმცხადებელი იურიდიული პირის შემთხვევაში შეფასება მოიცავს როგორც განმცხადებელი იურიდიული პირის რეპუტაციის შეფასებას იურიდიული პირისათვის რელევანტური მოთხოვნების ფარგლებში, ასევე მის მართვაზე პასუხისმგებელი პირების შეფასებას.

2. პირი სანდოობის მოთხოვნასთან შეუსაბამოდ მიიჩნევა, თუ:

ა) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ფინანსურ ინსტიტუტს ან/და შელახა ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტორთა ან/და სხვა კრედიტორთა უფლებები, ან/და გამოიწვია ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება;

ბ) ფინანსურ ინსტიტუტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებები;

გ) არ შეასრულა ან/და არ ასრულებს ერთ ან მეტ ფინანსურ ვალდებულებას;

დ) გამოცხადებულია გადახდისუუნაროდ;

ე) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;

ვ) სასამართლომ  მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

3. პირის სანდოობის შეფასება, უდანაშაულობის პრეზუმფციისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების გათვალისწინებით, ასევე ეფუძნება სანდო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას სულ მცირე შემდეგი გარემოებების შესახებ და მათი ერთობლიობით გამოწვეული შედეგების ანალიზს:

ა) განმცხადებლის წინააღმდეგ წარმოებული ან/და მიმდინარე სისხლისსამართლებრივი (საბანკო, საფინანსო, ფასიან ქაღალდებთან, სადაზღვევო, საგადასახადო, სამეწარმეო ან/და გადახდისუუნარობასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროსთან დაკავშირებული დანაშაულისთვის), ადმინისტრაციული ან/და რელევანტური სამოქალაქო წარმოება ან/და  საგამოძიებო პროცესი, რომლის შეფასებისას გაითვალისწინება დაკისრებული პასუხისმგებლობები, განმცხადებლის ჩართულობა და მისი როლი, შემამსუბუქებელი გარემოებები; 

ბ) წარსული და მიმდინარე ბიზნესსაქმიანობა. იმ ორგანიზაციების გადახდისუნარიანობა, რომელსაც  მართავს/მართავდა განმცხადებელი, ან/და რომელშიც ფლობდა ან ფლობს მნიშვნელოვან წილს ან/და გააჩნია/გააჩნდა მნიშვნელოვანი გავლენა. მისი როლი ორგანიზაციის გადახდისუუნარობაში, ასევე აღნიშნული ორგანიზაციების მიმართ მიმდინარე საგამოძიებო პროცესი, სისხლისსამართლებრივი, ადმინისტრაციული ან/და რელევანტური სამოქალაქო წარმოება, განმცხადებლის ჩართულობა და როლი;

გ) პროფესიული რეპუტაცია, რომლის ფარგლებშიც ფასდება სავაჭრო, ბიზნეს და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ლიცენზიის/რეგისტრაციის/წევრობის გაუქმება, სამუშაო ადგილიდან გათავისუფლება და შესაბამისი მიზეზები;

დ) გამჭვირვალობა, ღიაობა და შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან თანამშრომლობისათვის მზაობა.

4. განმცხადებლის  კომპეტენციის შეფასება მოიცავს მის მმართველობით კომპეტენციასა და ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული სფეროს ცოდნას – დარგობრივ კომპეტენციას. მმართველობითი და დარგობრივი კომპეტენცია უნდა ეფუძნებოდეს განმცხადებლის გამოცდილებას, რომელიც მას მიღებული უნდა ჰქონდეს საწარმოს/ფინანსური ინსტიტუტის წილის ფლობის, ოპერირების ან/და მართვის შედეგად, და უნდა გააჩნდეს შესაბამისი უნარები,  წინდახედულება და საქმისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება.

5. არსებული წილის გაზრდისას, პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, უნდა განხორციელდეს პირის ხელახალი შეფასება ამ დებულების მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეცვლილი გარემოებების ნაწილში, რომლის დროსაც მხედველობაში მიიღება წილის გაზრდასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის/უფლებამოსილების მოცულობა.

6. თუ განმცხადებელი მიზნად არ ისახავს ბანკის საქმიანობაში აქტიურ ჩართვას და წილის შეძენის მიზანია მხოლოდ პორტფელის დივერსიფიკაცია ან/და პასიურად დივიდენდის მიღება, პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, მცირდება პროფესიული კომპეტენციის მოთხოვნის მნიშვნელობა. თუ განმცხადებელს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება  ბანკზე, გეგმავს მის საქმიანობაში აქტიურ ჩართვას ან მოიპოვებს კონტროლს, რაც მოიცავს ბანკის ბიზნესგეგმის, სტრატეგიის განხილვისა და დამტკიცების უფლებამოსილებებს, პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად იზრდება დარგობრივი კომპეტენციის მოთხოვნა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს განსახორციელებელი საქმიანობის სირთულეს.


მუხლი 9. განმცხადებლის ფინანსური სიმყარე 
1. განმცხადებლის ფინანსური სიმყარე გულისხმობს მის შესაძლებლობას დააფინანსოს მნიშვნელოვანი წილის შეძენა და სამომავლო განჭვრეტადი პერიოდისათვის (სულ მცირე სამი წელი), შეინარჩუნოს საკუთარი და ბანკის მყარი ფინანსური მდგომარეობა, რაც ასევე მოიცავს პროგნოზების სანდოობისა და თანამიმდევრულობის შეფასებას.

2. ეროვნული ბანკი არ გასცემს მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე თანხმობას, თუ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაასკვნის, რომ განმცხადებელი ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდება წილის შეძენისას ან/და სამომავლო განჭვრეტადი პერიოდის განმავლობაში (სულ მცირე სამი წელი).

3. მნიშვნელოვანი წილის შესაძენად გამოყენებული სახსრების წარმომავლობა, ან/და ბანკთან არსებული ფინანსური ურთიერთობა  არ უნდა წარმოშობდეს ინტერესთა კონფლიქტს, რომელსაც ნეგატიური გავლენა ექნება ბანკზე.

4. ფინანსური სიმყარის ადეკვატური ხარისხის განსაზღვრა ეფუძნება პროპორციულობის პრინციპს,  შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

ა) განმცხადებლის მოსალოდნელი გავლენა ბანკზე;

ბ)  განმცხადებლის სახე (მაგ., შემძენი არის სტრატეგიული თუ ფინანსური ინვესტორი, საინვესტიციო ფონდი);

გ) ბანკის კონტროლის უფლებამოსილებებში ტრანზაქციით გამოწვეული ცვლილება.

5. წილის შესაძენად ნასესხები სახსრების გამოყენების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი აფასებს განმცხადებლის ფინანსური ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას, როგორ აისახება არსებული ფინანსური ვალდებულება განმცხადებლის ფინანსურ მდგომარეობაზე და ბანკის პრუდენციული ზედამხედველობის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.


მუხლი 10. ბანკის შესაბამისობა პრუდენციული ზედამხედველობის მოთხოვნებთან 
1. მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის განხორციელებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ბანკის პრუდენციული ზედამხედველობის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმის შეფასებისას ეროვნული ბანკი მხედველობაში იღებს არა მხოლოდ შესაძენი წილის მოცულობას, განმცხადებლის რეპუტაციას, მის ფინანსურ სიმყარესა და ჯგუფის სტრუქტურას, არამედ ასევე განმცხადებლის გაცხადებულ მიზნებს ბანკთან მიმართებით, რომელიც დეკლარირებული უნდა იყოს მის მიერ წარდგენილ ბიზნესგეგმაში ან/და სტრატეგიაში შესაძენი წილის პროპორციულად. აღნიშნული გამყარებული უნდა იყოს განმცხადებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებებით, რომ უზრუნველყოს პრუდენციული ზედამხედველობის მოთხოვნებთან ბანკის შესაბამისობა, რაც შესაძლოა მოიცავდეს, ფინანსურ მხარდაჭერას ლიკვიდობის ან/და გადახდისუნარიანობის პრობლემების წარმოქმნისას, კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს, სამომავლოდ დაგეგმილი წილის ოდენობას, განვითარების მიმართულებებსა და მიზნებს.

3. პრუდენციული ზედამხედველობის მოთხოვნებთან ბანკის შესაბამისობას ეროვნული ბანკი აფასებს როგორც ტრანზაქციის განხორციელების მომენტისთვის, ასევე სამომავლოდ განჭვრეტადი პერიოდისათვის (სულ მცირე სამი წელი) განცხადებლის მიერ წარდგენილი ბიზნესგეგმის ან/და სტრატეგიის შესაბამისად, რაც მოიცავს კაპიტალთან, ლიკვიდობასთან, კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას.

4. მნიშვნელოვანი წილის შეძენა ხელს არ უნდა უშლიდეს ბანკზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობასა და მფლობელობის სტრუქტურის/ჯგუფის სტრუქტურის გამჭვირვალობას, მათ შორის, სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებიდან ინფორმაციის მოპოვებას ან/და გაცვლას. საზედამხედველო უფლებამოსილებების განხორციელებას ხელი არ უნდა ეშლებოდეს, მათ შორის, სხვა ქვეყნის კანონმდებლობის გათვალისწინებით, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარებიან ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირები ან/და ბანკის დობილი კომპანიები. როგორც ბანკს, ასევე მთლიან ჯგუფს უნდა ჰქონდეს კორპორაციული მართვის გამჭვირვალე ორგანიზაციული სტრუქტურა.

5. განმცხადებელს უნდა შეეძლოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერა, დამატებითი კაპიტალით უზრუნველყოფა საჭიროებისამებრ ან/და სხვა შესაბამისი მხარდაჭერა.


მუხლი 11. განმცხადებელთან/ტრანზაქციასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება
1. ეროვნული ბანკი უარს ამბობს მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციაზე თანხმობის გაცემაზე ერთ-ერთი შემდეგი გარემოების ან მათ შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას:

ა) განმცხადებელი პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩართულია ან ჩართული იყო ფულის გათეთრების ოპერაციაში ან/და მცდელობაში, ტერორისტულ საქმიანობაში ან/და ტერორიზმის დაფინანსებაში, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე ან ეკონომიკურ დანაშაულში;

ბ) მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის განხორციელება ზრდის ფულის გათეთრების ან/და ტერორიზმის დაფინანსების რისკებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა შეფასებამ უნდა მოიცვას განმცხადებელთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან, ასევე განმცხადებელთან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირები. ასევე განმცხადებელი იურიდიული პირის ადმინისტრატორები, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერები და ბენეფიციარი მესაკუთრეები.

3. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის გაზრდის შესაფასებლად, ეროვნული ბანკი მხედველობაში იღებს განმცხადებლის შესახებ შეფასების პროცესში მიღებულ ინფორმაციას, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში რელევანტური საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებსა და ანგარიშებს, ასევე საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას, რაც, მათ შორის, მოიცავს შემდეგ გარემოებებს:

ა) განმცხადებელი იურიდიული პირი დაფუძნებულია, ან განმცხადებელს აქვს პირადი და საქმიანი კავშირები „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებით განსაზღვრულ მაღალი რისკის იურისდიქციაში, ან/და იურსიდიქციაში, რომელიც ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ განსაზღვრულია როგორც მნიშვნელოვანი ნაკლოვანებების მქონე;  

ბ) მნიშვნელოვანი წილის შესაძენად გამოყენებული სახსრების წარმომავლობას, რაც მოიცავს როგორც იმ საქმიანობას, რომელიც სახსრების წყაროა, ასევე მისი გადარიცხვისთვის გამოყენებულ არხებს, კერძოდ, შემდეგ გარემოებებს:

ბ.ა) სახსრების გადარიცხვისთვის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით  შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტების არხების გამოყენებას;

ბ.ბ) სახსრების წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის სანდოობას, განმცხადებლის ბიზნესსაქმიანობის ისტორიისა და ფინანსური სქემების ჩათვლით და მნიშვნელოვანი წილის შეძენის ოპერაციის ღირებულებასთან შესაბამისობას;

ბ.გ) სახსრების წარმომავლობის დადასტურებას უწყვეტად, შესაბამისი დოკუმენტაციით ან სხვა ინფორმაციით, რომელიც საშუალებას აძლევს ეროვნულ ბანკს გადაამოწმოს მათი ავთენტურობა.

4. თუ სახსრების წარმომავლობა უწყვეტად ვერ დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით/ინფორმაციით, ეროვნული ბანკი აფასებს განმცხადებლის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების დასაბუთებულობას და სანდოობას.

5. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რიკების შეფასება ხორციელდება ერთნაირი ხარისხით შესაძენი წილის ოდენობის მიუხედავად.


მუხლი 12. ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია
1. განმცხადებელი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წილის შეძენამდე წარუდგინოს ამ მუხლით და ამ დებულების მე-13-მე-15 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:

ა) მის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში ინფორმაციას:

ბ.ა) რომ იგი არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის (ნასამართლობის შესახებ ცნობა);

ბ.ბ) მოქალაქეობისა და რეზიდენტობის შესახებ;

ბ.გ) მისი განათლებისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ;

ბ.დ) მის წინააღმდეგ წარმოებული ან/და მიმდინარე საგამოძიებო პროცესის, სისხლისსამართლებრივი, რელევანტური სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული წარმოებისა და დაკისრებული პასუხისმგებლობების შესახებ ან/და პირის წერილობით განაცხადს, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია;

ბ.ე) ბიზნეს და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ლიცენზიის/რეგისტრაციის/წევრობის გაუქმების, სამუშაო ადგილიდან განთავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და შესაბამისი მიზეზების შესახებ;

ბ.ვ)  იმ ორგანიზაციების გადახდისუნარიანობის შესახებ (გაკოტრება/სააღსრულებო პროცესი), რომელსაც მართავს/მართავდა განმცხადებელი, ან/და რომელშიც ფლობდა ან ფლობს მნიშვნელოვან წილს ან/და გააჩნია/გააჩნდა მნიშვნელოვანი გავლენა, ან/და წერილობით დასტურს, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია (ინფორმაცია საკრედიტო- საინფორმაციო ბიუროდან, მოვალეთა რეესტრიდან არსებობის შემთხვევაში ან/და განმცხადებლის მიერ სხვაგვარად მიწოდებული ინფორმაციის სახით);

ბ.ზ) მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის, არსებული ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად ან წარსულში მოქმედ კომერციულ ბანკში არსებული წილის ოდენობის და სხვა ბიზნესინტერესების შესახებ;

ბ.თ) მიმდინარე ბიზნეს საქმიანობის შესახებ;

ბ.ი)  ფინანსური ინტერესების ან/და ნათესაური კავშირის შესახებ შემდეგ პირებთან:

ბ.ი.ა) ბანკის ნებისმიერი სხვა აქციონერი;

ბ.ი.ბ) მესამე მხარე, რომელსაც გადაცემული აქვს ხმის უფლება;

ბ.ი.გ) ბანკის ადმინისტრატორები;

ბ.ი.დ) ბანკი და ჯგუფი, რომელსაც იგი ეკუთვნის;

ბ.კ) ნებისმიერი სხვა ინტერესის შესახებ, რომელიც შესაძლოა ქმნიდეს ინტერესთა კონფლიქტს ბანკთან და მისი აღმოფხვრის გზებს;

ბ.ლ) განმცხადებელთან ნათესაური კავშირის მქონე იმ პირების საიდენტიფიკაციო ინფორმაციასა და ნასამართლობის შესახებ ცნობას, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან;

გ) იურიდიული პირის შემთხვევაში:

გ.ა) ინფორმაცია მისი სამართლებრივი ფორმის, რეგისტრაციის ადგილისა და სათავო ოფისის ადგილსამყოფელის შესახებ და  საკონტაქტო ინფორმაცია;

გ.ბ) მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობა;

გ.გ) მის მართვაზე უფლებამოსილი პირების ჩამონათვალი, მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები, დაბადების თარიღი და ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია და ინფორმაცია მათი განათლებისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ;

გ.დ) ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემები, დაბადების თარიღი და ადგილი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია;

გ.ე) განმცხადებლის, მისი ადმინისტრატორების, მნიშვნელოვანი წილის მქონე აქციონერებისა და განმცხადებლის შვილობილი საწარმოების ადმინისტრატორების შესახებ  ინფორმაცია:

გ.ე.ა)  მათ წინააღმდეგ წარმოებული ან/და მიმდინარე საგამოძიებო პროცესის, სისხლისსამართლებრივი, რელევანტური სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული წარმოებისა და დაკისრებული პასუხისმგებლობების შესახებ, მათ შორის, განმცხადებლის ადმინისტრატორების, მნიშვნელოვანი წილის მქონე აქციონერებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების ნასამართლობის შესახებ ცნობები;

გ.ე.ბ) ინფორმაცია ბიზნეს და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ლიცენზიის/რეგისტრაციის/წევრობის გაუქმების, სამუშაო ადგილიდან განთავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და შესაბამისი მიზეზების შესახებ (იურიდიული პირის, მისი მმართველი პირებისა და მნიშვნელოვანი გავლენის მქონე აქციონერების შესახებ);

გ.ვ)  ინფორმაცია განმცხადებლის, ჯგუფის, რომელსაც განმცხადებელი ეკუთვნის და განმცხადებლის ადმინისტრატორების ფინანსური ინტერესებისა და ნათესაური კავშირის შესახებ  ამ პუნქტის „ბ.ი”  ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებთან;

გ.ზ) ინფორმაცია ნებისმიერი ინტერესის შესახებ, რომელიც შესაძლოა ქმნიდეს ინტერესთა კონფლიქტს ბანკთან და მისი აღმოფხვრის გზები;

გ.თ) ინფორმაცია განმცხადებლის მფლობელობის/ჯგუფის სტრუქტურის შესახებ მფლობელობის ყველა დონეზე, მნიშვნელოვანი გავლენის მქონე აქციონერების იდენტიფიცირებით, აქციონერთა შორის არსებული შეთანხმებების ჩათვლით. აღნიშნული ასევე უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ჯგუფის წევრი არასაფინანსო ინსტიტუტების  შესახებ;

გ.ი) განმცხადებლის მიერ ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შედეგად, ჯგუფის სტრუქტურის ცვლილების შემთხვევაში, ინფორმაცია კონსოლიდირებული ზედამხედველობის ფარგლებში შემავალი ჯგუფის წევრების შესახებ და ანალიზი, თუ რა გავლენა ექნება ტრანზაქციის განხორციელებას სამომავლოდ ზედამხედველობის დაუბრკოლებლად განხორციელებაზე, დროული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაზე;

გ.კ) მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებები ბოლო სამი წლის პერიოდისთვის, საბალანსო უწყისისა და მოგება-ზარალის ანგარიშგების ჩათვლით;

გ.ლ) ინფორმაცია მიმდინარე ბიზნესსაქმიანობის შესახებ, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად ან წარსულში მოქმედ კომერციულ ბანკში არსებული წილის ოდენობის და სხვა ბიზნესინტერესების შესახებ;

გ.მ) თუ განმცხადებელი ახლადშექმნილი კომპანიაა, საპროგნოზო საბალანსო უწყისი და მოგება ზარალის ანგარიშგება მომდევნო სამი წლისთვის;

გ.ნ) თუ განმცხადებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ:

გ.ნ.ა) დასტური შესაბამისი ქვეყნის საზედამხედველო ორგანოსაგან, რომ განმცხადებელი რეგისტრირებულია სამართლებრივი მოთხოვნების დაცვით და ფლობს შესაბამის სამართლებრივ სტატუსს;

გ.ნ.ბ) დადასტურება შესაბამისი ქვეყნის საზედამხედველო ორგანოსგან, რომ არ არსებობს დაბრკოლებები ან/და შეზღუდვები იმ ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით, რომელიც საჭიროა ეფექტური ზედამხედველობის განხორციელებისათვის;

გ.ნ.გ) ზოგადი ინფორმაცია მარეგულირებელი რეჟიმის შესახებ, რომელიც ვრცელდება განმცხადებელზე;

გ.ო)  თუ განმცხადებელი არის საინვესტიციო ფონდი:

გ.ო.ა) ინფორმაცია განმცხადებლის მიერ შესყიდული ფინანსური ინსტიტუტების მნიშვნელოვანი წილების შესახებ;  

გ.ო.ბ) განმცხადებლის საინვესტიციო პოლიტიკის დეტალები, ინფორმაცია ინვესტირების შეზღუდვის, ინვესტირების მონიტორინგისა და იმ ფაქტორების შესახებ, რომელიც გავლენას მოახდენს განმცხადებლის საქმიანობის შეწყვეტის გეგმაზე;

გ.ო.გ) ინფორმაცია საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების ჩარჩოსა და პასუხისმგებელი პირების ვინაობის შესახებ;

გ.ო.დ) ინფორმაცია განმცხადებლის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის პროცედურებისა და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ;

დ) დასტურს, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია უტყუარია და ზუსტი.

2. ტრასტის არსებობის ან ტრანზაქციის განხორციელების შედეგად მისი წარმოშობის შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს:

ა) ტრასტის შექმნის შესახებ დოკუმენტი და ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, ტრასტის დეკლარაცია;

ბ) ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელსაც აქვს აქტივების მართვის და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების უფლება ტრასტის შექმნის შესახებ დოკუმენტის საფუძველზე და საჭიროების შემთხვევაში – მათი შესაბამისი წილი შემოსავლის განაწილებისას;

გ) ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომლებიც არიან ტრასტის შექმნის შესახებ დოკუმენტის მიხედვით ბენეფიციარი მფლობელები ან მარწმუნებლები და საჭიროების შემთხვევაში, მათი შესაბამისი წილი  შემოსავლის განაწილებისას;

დ) ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, სხვა შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 15 ივნისის №74/04 ბრძანებით დამტკიცებული „ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის სახელმძღვანელოს“ მე-4 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი ინფორმაცია;

3. თუ შესაძენი წილის ოდენობა განმცხადებელს ანიჭებს ბანკის ადმინისტრატორების დანიშვნის უფლებამოსილებას, განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შესაბამის პოზიციებზე შერჩეული პირების შესახებ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია ან დაადასტუროს, რომ განჭვრეტადი პერიოდის მანძილზე არ იგეგმება არსებული ადმინისტრატორების ჩანაცვლება. 


მუხლი 13. ინფორმაცია ბანკის შესახებ
განმცხადებელმა ბანკთან დაკავშირებით უნდა წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ბანკის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) განმცხადებლის მიზნები მნიშვნელოვანი წილის შეძენასთან დაკავშირებით (სტრატეგიული თუ პორტფელური ინვესტიცია);

გ) ბანკის იმ აქციების რაოდენობისა და მათი ნომინალური ღირებულების  შესახებ, რომელსაც ფლობს, ან/და გეგმავს, რომ მომავალში შეიძინოს;

დ) ბანკის მთლიან კაპიტალში  წილი (მიმდინარე და წილის შეძენის შემდგომ);

ე) წილი ხმის უფლების მქონე აქციებში,  თუ იგი განსხვავებულია კაპიტალში წილისაგან (როგორც მიმდინარე, ისე წილის შეძენის შემდგომ);

ვ) ბანკთან დაკავშირებით სხვა აქციონერებთან სამომავლოდ განზრახული შეთანხმებების შინაარსი;

ზ) მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის ღირებულება და მისი განსაზღვრისთვის გამოყენებული კრიტერიუმები. შესაბამისი დასაბუთება, იმ შემთხვევაში, თუ ღირებულება განსხვავდება საბაზრო ღირებულებისგან. 


მუხლი 14. ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციისათვის გამოყენებული სახსრების შესახებ 
1. განმცხადებელმა უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია ტრანზაქციის განსახორციელებლად საჭირო სახსრების შესახებ, რაც მოიცავს ინფორმაციას:

ა) სახსრების წარმომავლობისა და ხელმისაწვდომობის შესახებ, რომელიც გამყარებული უნდა იყოს სათანადო დოკუმენტაციით;

ბ) გადახდის საშუალებებისა და გადარიცხვისთვის გამოყენებული არხების შესახებ;

გ) ფინანსური ინსტრუმენტებისა და ფინანსურ ბაზრებსა და კაპიტალის წყაროზე წვდომის შესახებ;

დ) ბანკის სხვა აქციონერებთან ფინანსური შეთანხმებების შესახებ;

ე) მნიშვნელოვანი წილის შესაძენად, განმცხადებლის მფლობელობაში არსებული აქტივების გასხვისების შემთხვევაში, ინფორმაცია ხელშეკრულების პირობების შესახებ, ასევე ინფორმაცია როდის და რა პირობებით მოხდა აღნიშნული აქტივების შეძენა;

ვ) სხვა ინფორმაცია ეროვნული ბანკის მოთხოვნით.

2. ნასესხები სახსრების გამოყენებისას განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კრედიტორის დასახელება და სესხის შესახებ სრული ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია იმ შემოსავლების შესახებ, რომლითაც უნდა უზრუნველყოს ვალდებულების შესრულება. ინფორმაცია ნასესხები სახსრების წარმომავლობის შესახებ, თუ კრედიტორი არ არის ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტი და სახსრებთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში.


მუხლი 15. დამატებით წარსადგენი ინფორმაცია შესაძენი წილის ოდენობიდან გამომდინარე
1. 20%-მდე წილის შეძენის შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა წარადგინოს სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:

ა) რა პერიოდით აპირებს განმცხადებელი მნიშვნელოვანი წილის ფლობას, ასევე მის გაზრდასთან ან შემცირებასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებს;

ბ) გეგმავს თუ არა ბანკის მართვაში აქტიურად ჩართვას;

გ) ინფორმაციას მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ  და მის მზაობას დაეხმაროს ბანკს დამატებითი სახსრების საჭიროებისა და  ფინანსური სირთულეების არსებობისას.

2. 20%-იდან 50%-მდე წილის შეძენის შემთხვევაში სტრატეგიის დოკუმენტი სულ მცირე უნდა მოიცავდეს:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას;

ბ) ფინანსური პოზიციის ან/და დივიდენდების განაწილების პოლიტიკის ცვლილებასთან, რესურსების განაწილებასა და სტრატეგიულ განვითარებასთან დაკავშირებულ გეგმებს; 

გ) მომდევნო სამი წლის  პროგნოზებს, რომელიც უნდა მოიცავდეს:

გ.ა) წილის შეძენის მიზანს;

გ.ბ) ფინანსურ მიზნებს;

გ.გ) საქმიანობის, პროდუქტების, სამიზნე მომხმარებლების შესაძლო ცვლილებისა და სახსრების შესაძლო ხელახალი გადანაწილების შესახებ ინფორმაციას;

გ.დ) განმცხადებლის ჯგუფის სტრუქტურაში ბანკის ინტეგრაციის ზოგადი პროცესის აღწერას, რაც უნდა მოიცავდეს ძირითადი ურთიერთდამოკიდებულებების აღწერას ჯგუფის სხვა სუბიექტებთან და ასევე შიდა ურთიერთობების პოლიტიკას.

3. 50%-ზე მეტი წილის შეძენის ან სხვაგვარად კონტროლის მოპოვების შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ბიზნესგეგმა, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს:

ა)  სტრატეგიული განვითარების გეგმას, რომელიც უნდა ასახავდეს ძირითად მიზნებს, მათი მიღწევის გზებს და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას;

ბ) ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზებს;

გ) ტრანზაქციის მოსალოდნელი გავლენის შეფასებას კორპორაციულ მართვასა და ზოგად ორგანიზაციულ სტრუქტურაზე, რაც მოიცავს:

გ.ა) ინფორმაციას დირექტორატის/სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობისა და კომიტეტების შემადგენლობის ცვლილების შესახებ;

გ.ბ) გავლენის შეფასებას შიდა კონტროლის პროცედურებსა და სისტემებზე, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვაზე, შიდა აუდიტორების ძირითად ფუნქციებსა და რისკების მართვაზე;

გ.გ) ინფორმაციას ინფორმაციული უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის, აუთსორსინგის პოლიტიკის, სისტემების უსაფრთხოების, უწყვეტობის გეგმისა და აუდიტის სისტემების ცვლილების შესახებ;

გ.დ) სხვა ნებისმიერ რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება ტრანზაქციის შედეგად კორპორაციული მართვის და ზოგადი ორგანიზაციული სტრუქტურის ცვლილებას, ხმის უფლებებში ცვლილების ჩათვლით.


მუხლი 16. ინფორმაციის წარდგენის წესი და წარსადგენი ინფორმაციისა და შეფასების პროცედურის გამარტივების შემთხვევები
1. ამ დებულებით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს დედნების ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების სახით. უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები ასევე უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული. ამასთან, წარდგენილი უნდა იქნეს აღნიშნული დოკუმენტაციის ქართულ ენაზე სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.

2. ნასამართლობის/სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობა წარდგენილი უნდა იყოს ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენდა პირი ბოლო 10 წლის განმავლობაში. საქართველოს ტერიტორიაზე ნასამართლობისა და იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობების გაცემიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის შემთხვევაში – 60 კალენდარულ დღეს ან ამ დოკუმენტში მითითებულ მოქმედების ვადას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, თუ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობის გაცემას, ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი უფლებამოსილი უწყების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი.

4. თუ განმცხადებლის შესაფერისობა ეროვნული ბანკის მიერ შეფასებულია ბოლო ორი წლის განმავლობაში და განმცხადებელი აპირებს წილის დამატებით შეძენას, მისი შესაფერისობა ეროვნული ბანკის მიერ მოწმდება მხოლოდ შეცვლილი გარემოებებისა და წილის ოდენობის გაზრდასთან დაკავშირებული მოთხოვნების ნაწილში. განმცხადებელი ვალდებულია წარმოადგინოს წილის ოდენობასთან დაკავშირებული დამატებითი  ინფორმაცია/დოკუმენტაცია და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში შეცვლილ გარემოებებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში დასტური, რომ ცვლილებას ადგილი არ ჰქონია. 


მუხლი 17. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენა გამარტივებული წესით 
1. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის პროცედურის გამარტივების მიზანია რეზოლუციის რეჟიმის სწრაფად წარმართვისა და შეუფერხებლად მიმდინარეობის ხელშეწყობა.

2. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით 377 მუხლითა და 379 მუხლებით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენებისას, თუ ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან ახალი აქციების გამოშვებისა და მათი რეალიზაციის გზით რეკაპიტალიზაციის შედეგად, აღნიშნული ბანკის კაპიტალში შემძენის (მათ შორის, ბენეფიციარი მესაკუთრის) პირდაპირი/არაპირდაპირი მონაწილეობა 10, 20, 30 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს ან/და მოიპოვებს ბანკზე მნიშვნელოვან გავლენას ან კონტროლს, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა, ასევე, თუ იმავე კანონის 3710 მუხლით გათვალისწინებული, ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენების შედეგად პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის პირდაპირი/არაპირდაპირი მონაწილეობა ბანკის კაპიტალში, 10, 20, 30 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ან/და მოიპოვებს ბანკზე მნიშვნელოვან გავლენას ან კონტროლს, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა, ეროვნული ბანკი აღნიშნული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ შეტყობინებას განიხილავს ამ მუხლით განსაზღვრული გამარტივებული პროცედურის შესაბამისად, ისე, რომ არ შეფერხდეს რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობა. ამ მუხლის მიზნებისთვის პროცედურის გამარტივება გულისხმობს შემძენის შესაფერისობის განხილვის ვადის შემცირებასა და საბოლოო შეფასების განხორციელებამდე, პირველადად წარსადგენი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესახებ განსაზღვრული მოთხოვნების გამარტივებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ეროვნული ბანკი აფასებს განმცხადებლის სანდოობას, ფინანსურ სიმყარესა და მნიშვნელოვანი წილის შეძენისთვის საჭირო თანხების წარმომავლობას არაუგვიანეს ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, რისთვისაც ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) იმ ბენეფიციარი მესაკუთრის/მესაკუთრეების და განმცხადებლის მფლობელობის სტრუქტურაში შემავალი სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის წილის ოდენობაც ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში 10, 20, 30 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს ან/და მოიპოვებს ბანკზე მნიშვნელოვან გავლენას ან/და კონტროლს, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა, ან აღნიშნავს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ოპერაციის შედეგად ასეთი პირები არ იქნება;

გ) ინფორმაცია, რომ განმცხადებელი და ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები არ არიან ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;

დ) მნიშვნელოვანი წილის შეძენისათვის საჭირო თანხის წარმომავლობისა და ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაცია;

ე) მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის, არსებული ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია;

ვ) დასტური, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია უტყუარია და ზუსტი;

ზ) სხვა დამატებით ინფორმაციას, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში.

4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის პირველადი შეფასების საფუძველზე გასცეს მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე პირობითი თანხმობა, რასაც შესაძლოა თან ერთვოდეს ტრანზაქციის საბოლოო შეფასებისათვის ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი სრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენამდე და საბოლოო შეფასების განხორციელებამდე, აქციებთან დაკავშირებული ხმის უფლებების გამოყენების შეზღუდვა ან/და გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ხმის უფლებებს თავად ეროვნული ბანკი გამოიყენებს.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა განმცხადებელს შეუძლია დაუმოწმებელი ასლების/თარგმანების სახით (როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით). თუ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა, რომლის განმავლობაშიც ჩერდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვება წარმოადგენს წილის შეძენაზე უარის თქმის საფუძველს. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარმოდგენა და რეზოლუციის რეჟიმის სწრაფად წარმართვისათვის აუცილებელია შესაბამისი სარეზოლუციო ინსტრუმენტის დაუყოვნებლივ გამოყენება, წილის შეძენაზე თანხმობა გაიცემა ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.

6. ბანკის მნიშვნელოვანი წილის შემძენი ვალდებულია წილის შეძენის შემდგომ დაუყოვნებლივ, შესაძლებლობისთანავე წარადგინოს ამ დებულებით განსაზღვრული სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია დედნების ან სანოტარო წესით/აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული ასლების სახით (მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით).

7. თუ რეზოლუციის რეჟიმის სწრაფად წარმართვისათვის აუცილებელია შესაბამისი სარეზოლუციო ინსტრუმენტის დაუყოვნებლივ გამოყენება, და ამასთან, თუ ამ მუხლით განსაზღვრულ ვადაში ვერ ხერხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის შეფასების გარეშე გამოიყენოს შესაბამისი სარეზოლუციო ინსტრუმენტები და ეროვნული ბანკის მიერ შეფასების განხორციელებამდე შეზღუდოს აქციებთან დაკავშირებული ხმის უფლებები ან/და მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ხმის უფლებებს თავად ეროვნული ბანკი გამოიყენებს.  წილის შეძენის შემდგომ, დაუყოვნებლივ, შესაძლებლობისთანავე უნდა განხორციელდეს შემძენის შესაფერისობის შეფასება, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული წესითა და ვადების მიხედვით, რისთვისაც ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს ამ დებულებით განსაზღვრული და ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმეტაცია. შეფასების შედეგების საფუძველზე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შემძენს მოსთხოვოს აქციების გასხვისება, თუ აღმოჩნდება, რომ შემძენი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს შესაბამისი საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა).