„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 1310
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 146, 19/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.007.938
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1310
15/12/2005
სსმ, 146, 19/12/2005
140.010.000.22.034.007.938
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ყურადღებით! თქვენ ეცნობით არა საბოლოო რედაქციას. საბოლოო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (19/12/2005 - 13/06/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.007.938

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1310

2005 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ” თანდართული ინსტრუქცია.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 2 მაისის №238 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის საგზაო-საპატრულო სამსახურის შესრულების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ”.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

ინსტრუქცია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ

თავი I

 ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საპატრულო პოლიციის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, ამოცანებს, ანგარიშვალდებულებას და მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

    მუხლი 2.

ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საპატრულო პოლიციის სამსახური – სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები;

ბ) პატრულირება – პოლიციის ერთი ან რამდენიმე თანამშრომლის განწესი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე;

გ) პატრულ-პოლიციელი – მოსამსახურე, რომელიც უშუალოდ ახორციელებს პატრულირებას;

დ) განსაზღვრული სამოქმედო ტერიტორია – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ტერიტორია.

    მუხლი 3.

სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ,” საქართველოს კანონი ,,პოლიციის შესახებ,” საქართველოს კანონი ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ,” საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ,” საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.

    მუხლი 4.

1. სამსახურის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმის და საქვეყნოობის პრინციპებს.

2. პატრულ-პოლიციელი მოვალეა პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და თავისუფლებები მიუხედავად მისი მოქალაქეობრივი, სოციალური, ქონებრივი მდგომარეობისა, რასობრივი და ეროვნული კუთვნილებისა, სქესისა, ასაკისა, განათლებისა და სარწმუნოებისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა.

3. სამსახურის პირადი შემადგენლობა ერთიანდება სამწყობრო დანაყოფების ცალკეულ ოცეულებში.

4. სამსახური უზრუნველყოფილია სამსახურებრივ-საშტატო იარაღით და სპეციალური საშუალებებით.

5. სამსახური მასზე დაკისრებულ ამოცანებს ახორ ციელებს შინაგან საქმეთა ორგანოების სხვა დანაყოფებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

    მუხლი 5.

1. სამსახური თავისი საქმიანობის შესახებ საჯარო ინფორმაციას კანონით დადგენილი წესით აწვდის სახელმწიფო ორგანოებს, საზოგადოებრივ გაერთიანებებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს.

2. სამსახურს უფლება არა აქვს გაამჟღავნოს საიდუმლო ინფორმაცია გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

თავი II

სამსახურის ამოცანები და საქმიანობა

    მუხლი 6.

სამსახურის ამოცანებია:

ა) კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;

ბ) საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა;

გ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთა და თავიდან აცილება;

დ) დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის ძებნა და დაკავება;

ე)    საგზაო მოძრაობის მოწესრიგება და ზედამხედველობა საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე;

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხა ამოცანების შესრულება.

    მუხლი 7.

სამსახურის საქმიანობაა:

ა) დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთა და თავიდან აცილება, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით გათვალისწინებულ ფარგლებში წინასწარი გამოძიებისა და სიხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება ან მათთვის ხელშეწყობა;

ბ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დასახლებული პუნქტების მიხედვით დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ და სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების მოპოვება და დამუშავება;

გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა აღკვეთა და თავიდან აცილება. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება;

დ) დანაშაულისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ მიღებულ შეტყობინებებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

ე) მოქალაქეთა საჩივარ-განცხადებების განხილვა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება;

ვ) საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საგზაო მოძრაობის რეგულირება, სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზების უზრუნველყოფა ავარიულ-სამაშველო სამუშაოებისა და მოსობრივი ღონისძიებების ჩატარების ადგილებში. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აღკვეთა-აცილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ზ) მოპარული ან გატაცებული ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილიდან მიმალული მძღოლებისა და მათი სატრანსპორტო საშუალებების ძებნაში მონაწილეობა;

თ) საგზაო-სატრანსპორტო ან სხვა უბედური შემთხვევის ადგილზე შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ადამიანთა ევაკუაციისა და მათთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უზრუნველსაყოფად. დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირებისა და უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონების დაცვისათვის ხელშეწყობა.

თავი III

სამსახურის საქმიანობის ძირითადი ფორმები, მეთოდები და ორგანიზაცია

    მუხლი 8.

1. სამსახურის საქმიანობის ძირითადი ფორმებია:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებით პატრულირება;

ბ) ქვეითად პატრულირება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმების გარდა პატრულირება შეიძლება განხორციელდეს სხვა საშუალებითაც, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 9.

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებით პატრულირება ხორციელდება ეკიპაჟით, ორი პატრულ-პოლიციელის შემადგენლობით, რომელთაგან ერთი ინიშნება ეკიპაჟის უფროსად.

2. პატრულირება შეიძლება ხორციელდებოდეს ღია, ფარული და/ან შერეული მეთოდით.

3. ღია მეთოდით პატრულირება ხორციელდება სპეციალური შეფერილობის ავტომანქანებით.

4. ფარული მეთოდით პატრულირება ხორციელდება ჩვეულებრივი შეფერილობის ავტომანქანებით, რომელთაც არა აქვთ განმასხვავებელი ნიშნები. იმ შემთხვევაში, თუ პატრულ-პოლიციელი ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას ფარული მეთოდით და არ ატარებს კანონმდებლობით დადგენილ ფორმის ტანსაცმელს, მას უნდა ჰქონდეს სამსახურებრივი სამკერდე ნიშანი.

5. შერეული მეთოდით პატრულირება ხორციელდება ერთდროულად ორი ავტომობილით, რომელთაგან ერთს აქვს სპეციალური შეფერილობა, ხოლო მეორე ჩვეულებრივი შეფერილობისაა.

6. შერეული მეთოდით პატრულირების განხორციელებისას განწესებს შორის ურთიერთმოქმედება და კოორდინაცია წარმოებს რადიოკავშირის დახმარებით.

7. სპეციალური შეფერილობის მქონე ავტომანქანით პატრულირებისას გამოიყენება შემდეგი ძირითადი მეთოდები:

ა) სატრანსპორტო საშუალებათა ნაკადებში მოძრაობა (საგზაო მოძრაობაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით);

ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით რთულ საგზაო მონაკვეთებში, აგრეთვე სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე მომეტებული საზოგადოებრივი საფრთხის მქონე ადგილებში საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის შესამჩნევ ადგილებში გაჩერება.

    მუხლი 10.

1. ქვეითად პატრულირება ხორციელდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

2. ქვეითად პატრულირებისას სამოქმედო ტერიტორიაზე კანონიერების დაცვაზე ზედამხედველობა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმლით.

3. პატრულ-პოლიციელი ისე ირჩევს პატრულირების ადგილს, რომ უზრუნველყოს პირადი უსაფრთხოება და შეძლოს სიტუაციის კონტროლი, რათა დროულად აღკვეთოს დანაშაული და სხვა სამართალდარღვევა.

    მუხლი 11.

1. პატრულირების განსახორციელებლად განწესში დანიშნული პირების მომზადება, ინსტრუქტაჟი და განაწილება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.    განწესის ინსტრუქტაჟის ჩატარების უფლება აქვთ მთავარი სამმართველოს უფროსს, მის მოადგილეს, აპარატის უფროსს, სახაზო სამსახურის დანაყოფის უფროსს, მის მოადგილეს, უშუალო მეთაურებს, სამორიგეო სამსახურის უფროსს და უფროს მორიგეს.

3.    ინსტრუქტაჟის ჩატარებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია:

ა) დარწმუნდეს პირადი შემადგენლობის მზადყოფნაში და აღმოფხვრას გამოვლენილი ნაკლოვანებები;

ბ) შეამოწმოს პირადი შემადგენლობის მიერ მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების, ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესების ცოდნა;

გ) გააცნოს პირად შემადგენლობას სამოქმედო ტერიტორიაზე შექმნილი ოპერატიული ვითარება;

დ) პატრულ-ინსპექტორთა შემადგენლობის ყურადღება მიაქციოს მოქალაქეთა მიმართ თავაზიანობის გამოჩენის, კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე, შეახსენოს პირადი უსაფრთხოების წესების მოთხოვნები.

    მუხლი 12.

1. განწესში ჩართული პატრულ-პოლიციელი უნდა იყოს გარეგნულად მოწესრიგებული, ჰქონდეს გამართული აღჭურვილობა, ეცვას სამწყობრო დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული (სეზონის მიხედვით) კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმელი, ეკეთოს სამკერდე ნიშანი და ჰქონდეს:

ა) სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;

ბ) სპეციალური ტექნიკური საშუალებები;

გ) უკანასკნელ დღეებში ძებნაში გამოცხადებული ავტომანქანების სია;

დ) ძებნილ ბოროტმოქმედთა სიტყვიერი პორტრეტები ფოტოსურათებით (ფოტორობოტებით);

ე) სამსახურებრივი პირადობის და მძღოლის მოწმობა;

ვ) ოქმები, აქტები, ახსნა-განმარტებების ბლანკები, ავტოკალამი, ფანქარი, სახაზავი, ელექტროფანარი.

2. ინსტრუქტაჟი მთავრდება პირადი შემადგენლობის განაწილებით და ბრძანებით სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დაწყების შესახებ.

3. განწესების განაწილებას ახორციელებენ ინსტრუქტაჟის ჩატარებაზე უფლებამოსილი პირები, რის შესახებაც კეთდება ჩანაწერი სამორიგეო სამსახურის საგუშაგო უწყისების ჟურნალში.

თავი IV

ძალებისა და საშუალებების განაწილება

    მუხლი 13.

1. სამსახურის ძალები და საშუალებები განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე ნაწილდება შემუშავებული დისლოკაციის თანახმად, აუცილებელი ყოველდღიური ნორმების შესაბამისად.

2. დისლოკაცია წარმოადგენს სამსახურის სამოქმედო ტერიტორიის პატრულირებისათვის განკუთვნილ, კვადრატებად და საგუშაგოებად დაყოფილ სამოქმედო ტერიტორიების ნუსხას.

3. დისლოკაციის შემუშავებას აწარმოებენ სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოების ხელმძღვანელები სამოქმედო ტერიტორიის თავისებურებათა გათვალისწინებით (დასახლების სიმჭიდროვე, სტატისტიკური თვალსაზრისით მომეტებული საზოგადოებრივი საფრთხის მქონე ტერიტორიები), რომელსაც ამტკიცებს დეპარტამენტის დირექტორი. ყოველ განწესს ეკისრება თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება კონკრეტული კვადრატის ან საგუშაგოს ფარგლებში.

4. განწესი შეიძლება შედგებოდეს ორი ან სამი პატრულ-პოლიციელისგან.

5. სამსახურის განწესების ყოველდღიურად გაყვანის აუცილებელი ნორმები განისაზღვრება პირადი შემადგენლობის მოთხოვნილების კოეფიციენტიდან გამომდინარე, რომელსაც განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი.

6. სამსახურის პირადი შემადგენლობის სამუშაო რეჟიმი განისაზღვრება სამწყობრო დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ შედგენილი ყოველდღიური გრაფიკით.

თავი V

პატრულ-პოლიციელის უფლებები და მოვალეობები

    მუხლი 14.

1. პატრულ-პოლიციელს უფლება აქვს:

ა) მოსთხოვოს მოქალაქეს დაიცვას მართლწესრიგი, განუმარტოს მას მისი მოქმედების არაკანონიერება, ხოლო ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები;

ბ) შეამოწმოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთები, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მის მიერ დანაშაულის ან ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის შესახებ;

გ) პატრულირების სატრანსპორტო საშუალებით განხორციელების შემთხვევაში საპატრულო ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართოს სპეციალური შუქურა, ხმოვანი სიგნალი და შეუძლია მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაუხვიოს ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე (მარეგულირებლის სიგნალების გარდა) და 27–37-ე მუხლების მოთხოვნებს;

დ) დროებით შეზღუდოს ან აკრძალოს გარკვეულ ადგილზე და ობიექტზე მოქალაქეთა შესაძლო გადაადგილება ან თავშეყრა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად.

2. პატრულ-პოლიციელს უფლება აქვს დროებით მიატოვოს სამოქმედო ტერიტორია:

ა) სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილის, უშუალო ხელმძღვანელის და მორიგის მითითებით (სამორიგეო სამსახურის საშუალებით) იმ შემთხვევაში, როცა სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ აუცილებელია წესრიგის აღდგენა დანაშაულის და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილების მიზნით;

ბ) დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად, თუ იგი გაიქცა ან მიიმალა შემთხვევის ადგილიდან;

გ) მოქალაქეებზე თავდასხმისას, სტიქიური უბედურების ან სხვა უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულ პირთა დახმარების აღმოსაჩენად;

დ) მართლწესრიგის დამრღვევ პირთა პოლიციაში მისაყვანად;

ე) უზედამხედველო ან გზააბნეულ არასრულწლოვანთა შესაბამის ორგანოში წარსადგენად;

ვ) დაზარალებულთათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით;

ზ) განწესში მყოფი თანამშრომლის უეცარი ავადმყოფობის დროს.

3. დადგენილი წესით შესვენების დროს განწესი უკავშირდება სამსახურის მორიგეს და უშუალო ხელმძღვანელს მარშრუტის მიტოვების მიზეზის მოსახსენებლად.

4. საპატრულო პოლიციის განწესს ეკრძალება საპატრულო ტრანსპორტის უმეთვალყურეოდ დატოვება, აგრეთვე:

ა) ამ სატრანსპორტო საშულებით უცხო პირთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა;

ბ) დადგენილი მარშრუტიდან თვითნებური გადახვევა და სამუშაო რეჟიმის თვითნებური შეცვლა;

გ) დაკავებული პირების საპატრულო ტრანსპორტში უმეთვალყურეოდ დატოვება.

    მუხლი 15.

1. პატრულ-პოლიციელი მოვალეა:

ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განუხრელად დაიცვას მოქალაქის კანონიერი უფლებები და ინტერესები, მოქალაქის უფლებები შეზღუდოს მხოლოდ კანონით დადგენილი წესით და შემთხვევებში, მოქალაქის უფლებების იძულებითი შეზღუდვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში წარუდგეს მოქალაქეს, ხოლო საგზაო მოძრაობის მონაწილისადმი მიმართვისას ასევე ქუდთან ხელის მიტანით გასაგებად მიესალმოს მას, დაასახელოს თავისი თანამდებობა, წოდება, გვარი და განუმარტოს კონკრეტული შეზღუდვის გამოყენების საფუძველი;

ბ) მოქალაქესთან ურთიერთობის დროს ზუსტად დაიცვას სამსახურებრივი ეთიკის ნორმები;

გ) მოქალაქეთა დოკუმენტების შემოწმებისას დოკუმენტს მოექცეს ფრთხილად და არ გააკეთოს მასში ჩანიშვნები და ჩანაწერები. ხოლო, როდესაც წარმოდგენილ დოკუმენტებში ჩაწყობილია ფული ან სხვა ნივთები, დაუბრუნოს მფლობელს;

დ) გააფრთხილოს სატრანსპორტო საშუალების მძღოლები გზებზე შექმნილი საფრთხის შესახებ და მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად;

ე) მოსალოდნელი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ მოახსენოს სამსახურის მორიგეს ან უშუალო უფროსს და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები მისი თავიდან აცილებისათვის;

ვ) აღმოუჩინოს დახმარება მოქალაქეებს, რომლებიც დაზარალდნენ დანაშაულის, ადმისტრაციული სამართალდარღვევისა ან უბედური შემთხვევის შედეგად, აგრეთვე მათ, ვისი ჯანმრთელობა და სიცოცხლეც საფრთხეშია;

ზ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მიიღოს კანონმდებლობით დადგენილი ზომები ასეთი შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად და კვალიფიციურად გაერკვეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებისა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გარემოებებში, დაეხმაროს მოქალაქეებს დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირებაში;

თ) გამოავლინოს და დააკავოს ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც იძებნება, აგრეთვე რომლის მძღოლიც მიიმალა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილიდან ან რომელიც წარმოადგენს დანაშაულის ან სამართალდარღვევის იარაღს;

ი) ქუჩებსა და გზებზე სარემონტო-სამშენებლო და სხვა სამუშაოების ჩატარების დროს განახორციელოს კონტროლი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პირობების შესრულებაზე;

კ) აღმოუჩინოს დახმარება (იმ პერიოდში, როდესაც არ ასრულებს კონკრეტულ, სპეციალურ დავალებას) მძღოლებს სატრანსპორტო საშუალებათა გაუმართაობის შემთხვევაში;

ლ) მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაწესებულებებისა და ორგანიზაციების უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას სამოქმედო ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრების, მატერიალურ ფასეულობათა შენახვის ადგილების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სალაროების დისლოკაციის, მათი ტექნიკური გამაგრებისა და დაცვის სისტემების შესახებ;

მ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის დადგენილი წესების, სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისა და ქვეყანაში უცხოელ მოქალაქეთა შემოსვლა-გასვლის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობა გაუწიოს სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა მიერ რეგისტრაციის დადგენილი წესების დაცვას;

ნ) სამსახურის დასრულების შემდეგ უშუალო უფროსს მოახსენოს მუშაობის შედეგების შესახებ.

2. პატრულ-პოლიციელი თავისი ამოცანების შესაბამისად მოვალეა იცოდეს:

ა) მის საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი კანონები და სხვა სამართლებრივი აქტები;

ბ) მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე ქუჩები, ჩიხები და უმოკლესი გზების დისლოკაცია ეჭვმიტანილთა დასაკავებლად;

გ) საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები;

დ) ძებნილ დამნაშავეთა მონაცემები, გატაცებული ნივთებისა და სატრანსპორტო საშუალებების საიდენტიფიკაციო ნიშნები;

ე) სამორიგეო სამსახურთან დაკავშირებისა და ინფორმაციის გაცვლის წესი;

ვ) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე პოლიციისა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების უახლოესი განწესების დისლოკაცია და მათთან დაკავშირის საშუალებები, სამედიცინო დაწესებულებების, ორგანიზებული ავტოსადგომების, ტექნიკური მომსახურების სადგურებისა და სერვისის სხვა ობიექტების ადგილმდებარეობა და მათი მუშაობის რეჟიმი.

3. პატრულ-პოლიციელთა განწესი სატრანსპორტო საშუალებათა გამოდევნების დროს პირადი და მოძრაობის სხვა მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ვალდებულია:

ა) სამორიგეო სამსახურის მეშვეობით მოახსენოს დანაყოფის მორიგეს გამოდევნების, მისი ადგილმდებარეობისა და მოძრაობის მიმართულების შესახებ;

ბ) გააფრთხილოს მოძრაობის სხვა მონაწილეები იყვნენ ყურადღებით და დაიცვან მოძრაობის უსაფრთხოების წესები.

4. მიზანშეუწონელია იმ მძღოლების გამოდევნება, რომლებმაც ჩაიდინეს საგზაო მოძრაობის წესების ნაკლებმნიშვნელოვანი დარღვევა ან როცა დარღვევის საფრთხემ ჩაიარა.

    მუხლი 16.

1. სამოქმედო ტერიტორიაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში კონტროლდება საავტომობილო გზების აღჭურვილობა და მდგომარეობა, საგზაო მოძრაობის რეგულირების საშუალებათა (შუქნიშნების, საგზაო ნიშნების და სხვა) გამართულობა.

2. ნაკლოვანებების აღმოჩენისას პატრულ-პოლიციელი ატყობინებს სამსახურის მორიგეს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში სავალ ნაწილზე დაზიანებებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრამდე ახორციელებს მოძრაობის რეგულირებას.

3. პატრულ-პოლიციელი სამსახურის დამთავრების შემდეგ აღმოჩენილი ნაკლოვანებების შესახებ აცნობებს უშუალო და სამსახურის უფროსს.

4. გზის სავალ ნაწილზე სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას პატრულ-პოლიციელი ამოწმებს ჩასატარებელი სამუშაოების შესაბამისობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმებთან. აღნიშნული ნორმების დარღვევის შემთხვევაში კრძალავს ან ზღუდავს სამუშაოების გაგრძელებას ნაკლოვანებათა აღმოფხვრამდე, რის შესახებაც აცნობებს სამსახურის მორიგეს.

5. მეტეოროლოგიური მდგომარეობის გაუარესების, სტიქიური მოვლენების და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ პატრულ-პოლიციელი აცნობებს სამსახურის მორიგეს და აღნიშნულის თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, აუცილებლობის შემთხვევებში ზღუდავს, კრძალავს ან ცვლის საგზაო მოძრაობას.

6. პატრულ-პოლიციელს ეკრძალება ფორმის ტანსაცმლის გამოყენება არასამუშაო დროს.

    მუხლი 17.

1. პატრულ-პოლიციელმა, აგრეთვე სამსახურის მორიგემ დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე უნდა გამოარკვიოს:

ა) განმცხადებლის ვინაობა;

ბ) დანაშაულის ნიშნები;

გ) დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის (პირების) არსებობა და მისი (მათი) გარეგნული ნიშნები;

დ) დანაშაულის თვითმხილველები, აგრეთვე რა არის ცნობილი მათთვის;

ე) დაზარალებულ პირთა ვინაობა და მათი მდგომარეობა.

2. პატრულ-პოლიციელი ან სამსახურის მორიგე აღრიცხავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 18.

1. პატრულ-პოლიციელი პირის დანაშაულის ფაქტზე წასწრებისას ვალდებულია:

ა) მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები დანაშაულის აღსაკვეთად;

ბ) დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის გაქცევისას მოაწყოს დევნა მის დასაკავებლად;

გ) აღმოუჩინოს დახმარება დაზარალებულს (დაზარალებულებს);

დ) დანაშაულის შესახებ შეატყობინოს სამსახურის მორიგეს და იმოქმედოს მისი მითითებით;

ე) დაადგინოს დანაშაულის თვითმხილველები, უზრუნველყოს შემთხვევის ადგილის დაცვა;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები;

ზ) თუ გარემოება დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის დევნის შესაძლებლობას არ იძლევა, იმყოფებოდეს შემთხვევის ადგილზე ოპერატიული ჯგუფის ან გამომძიებლის მოსვლამდე ან სამსახურის მორიგის განკარგულების მიღებამდე;

თ) გააკეთოს ჩანაწერი იმ გარემოებათა შესახებ, რაც შეიძლება დროის განმავლობაში შეიცვალოს ან გაქრეს;

ი) აუცილებლობის შემთხვევაში მოახდინოს შემთხვევის ადგილის შემოსაზღვრა მის ხელთ არსებული საშუალებებით;

კ) დაიცვას კონფიდენციალობა;

ლ)   აცნობოს საგამოძიებო ორგანოს (გამომძიებელს) მის მიერ მიღებული ცნობების, გატარებული ზომების და მათი შედეგების შესახებ და თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაეხმაროს საგამოძიებო ორგანოებს (გამომძიებელს) გამოძიების ჩატარებაში;

მ) უზრუნველყოს დანაშაულის საგნის ან საშუალების, აგრეთვე სხვა ნივთების (რომელთაც შეიძლება მტკიცებულებითი ღირებულება შეიძინონ) პირვანდელ მდგომარეობაში შენახვა და ხელშეუხებლობა შესაბამისი (კომპეტენტური) ორგანოების მოსვლამდე, აგრეთვე მიიღოს აუცილებელი ზომები, რათა დაცულ იქნეს:

მ.ა) თითის ანაბეჭდები, ფეხის კვალი;

მ.ბ) სატრანსპორტო საშუალებათა მიერ დატოვებული კვალი;

მ.გ) სისხლის ლაქა;

მ.დ) ტანსაცმლის, საგნების, ქსოვილის ნაწილები და ა.შ;

2. თუ შემთხვევის ადგილზე არის გვამი, არ უნდა შეიცვალოს მისი მდგომარეობა გამომძიებლის მოსვლამდე.

    მუხლი 19.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში პატრულ-პოლიციელს უფლება აქვს განახორციელოს პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.

    მუხლი 20.

1. პატრულ-პოლიციელი ახორციელებს კონტროლს საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიერ საგზაო მოძრაობის წესების შესრულებაზე, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს საგზაო მოძრაობის რეგულირებას.

2. საგზაო მოძრაობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას პირველ რიგში ყურადღება ექცევა ისეთ დარღვევებს, რომლებიც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წარმოქმნის წინაპირობას წარმოადგენს.

3. პატრულ-პოლიციელი სატრანსპორტო საშუალებას აჩერებს:

ა) საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა;

ბ) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ხასიათი იწვევს ეჭვს, რომ მძღოლს არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარი;

გ) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა ან ტვირთის წყობა არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

დ) მძღოლის, მგზავრის, ტვირთის, ტრანსპორტის გარეგნული სახე ან მძღოლის, მგზავრის მოქმედება მიანიშნებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მის მონაწილეობაზე;

ე) მოპარული ან გატაცებული სატრანსპორტო საშუალებების ძებნის, აგრეთვე სხვა სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით არსებობს მძღოლის დოკუმენტებისა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემების შემოწმების საფუძველი;

ვ) საჭიროა მძღოლის ინფორმირება საგზაო მოძრაობის პირობების თავისებურებების ან მასში მომხდარი ცვლილებების შესახებ;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

4. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება უნდა მოხდეს მინიმალურად მოკლე დროით, რის შემდეგაც პატრულ-პოლიციელი ქუდთან ხელის მიტანით წარუდგება მოქალაქეს, ამოწმებს მძღოლის მოწმობას და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტებს, აგრეთვე კანონმდებლებით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებს.

    მუხლი 21.

1. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ხდება ხელით გამოხატული ჟესტით ან ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის საშუალებით. პატრულ-პოლიციელის მოქმედება გასაგები უნდა იყოს მძღოლისთვის, ხოლო სიგნალები მიეცეს დროულად, რათა საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა არ მიმართონ იძულებით მანევრირებას და მკვეთრი დამუხრუჭებით დაბრკოლება არ შეუქმნან სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობას.

2. სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას პატრულ-პოლიციელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მივიდეს მძღოლთან, საუბრისათვის არ უნდა მისცეს მას სატრანსპორტო საშუალების სალონიდან გადმოსვლის წინადადება. გამონაკლისს წარმოადგენს შემდეგი შემთხვევები:

ა) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრა ან ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა;

ბ) როცა არსებობს იმის საკმაო საფუძველი, რომ მძღოლი ნასვამია;

გ) როცა აუცილებელია მძღოლის მონაწილეობა დოკუმენტების გაფორმებაში ან საჭიროა დახმარების აღმოჩენა მოძრაობის სხვა მონაწილეთათვის;

დ) როცა მძღოლის ან მგზავრების მიმართ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ მოახდინეს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა ან მონაწილეობდნენ მასში, გაიტაცეს ავტომანქანა ან ჩაიდინეს სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;

ე) როცა საჭიროა სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტებში მითითებული აგრეგატების და კვანძების ნომრების შედარება;

ვ) როცა მისი დგომა სატრანსპორტო საშუალების გვერდით დაბრკოლებას უქმნის საგზაო მოძრაობას ან საშიშია მისი პირადი უსაფრთხოებისათვის.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პატრულ-პოლიციელი და გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი საქმის განხილვის მიზნით გზის სავალი ნაწილიდან უნდა გადავიდნენ გვერდულზე.

4. ქვეითად პატრულირებისას უამინდობის შემთხვევაში, პატრულ-პოლიციელს ოქმის ან სხვა დოკუმენტის შესადგენად შეუძლია შევიდეს შინაგან საქმეთა ორგანოს სამსახურებრივ შენობაში ან ისარგებლოს დამრღვევის ავტომობილით, თუ ამის თაობაზე არსებობს მისი თანხმობა.

5. აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევების გარდა, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება შეზღუდული ხილვადობის მქონე საავტომობილო გზებზე, მოსახვევთან, უშუალოდ აღმართის მწვერვალის წინ ან მის შემდეგ, გზაჯვარედინების, გადასასვლელების, რკინიგზის გადასასვლელების წინ და სხვა სახიფათო ადგილებში.

6. თუ მძღოლი ხასიათდება სიმთვრალის ნიშნებით ან იმყოფება ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ, პატრულ-პოლიციელი ჩამოაშორებს მას სატრანსპორტო საშუალებას და წარადგენს სამედიცინო დაწესებულებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით შესამოწმებლად.

7. თუ მძღოლის დოკუმენტების შემოწმებისას გამოვლინდა დოკუმენტების გადაკეთების (გაყალბების) ფაქტი ან მისი უვარგისობა, ასეთი დოკუმენტი ჩამოერთმევა მძღოლს და შედგება შესაბამისი ოქმი. მძღოლის პიროვნება დგინდება მის მიერ წარმოდგენილი სხვა დამადასტურებელი საბუთით, საბუთის მქონე მგზავრის წერილობითი განმარტების მეშვეობით და კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესით.

    მუხლი 22.

კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების დროს სამსახურის განწესები ახორციელებენ იმ სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებას, რომლებსაც ძებნაში მყოფის მსგავსი ნიშნები გააჩნიათ.

    მუხლი 23.

1. პატრულ-პოლიციელი მომხადრი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისას დაუყოვნებლივ აცნობებს სამსახურის მორიგეს და გადის შემთხვევის ადგილზე.

2. მძიმე შედეგიან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების (გარდაიცვალნენ ან დაშავდნენ ადამიანები) ადგილზე გამომძიებლის მოსვლამდე პატრულ-პოლიციელი:

ა) ატარებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს დაზარალებულთათვის გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად და სამედიცინო დაწესებულებაში მისაყვანად. ადგენს დაზარალებულთა გვარებს, სახელებს, მამის სახელებს და საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილს;

ბ) უზრუნველყოფს შემთხვევის ადგილის დაცვას;

გ) ადგენს შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს, სატრანსპორტო საშუალებებს და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებულ სხვა პირებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით და ფარგლებში ჩამოართმევს შემთხვევის მონაწილეებს მძღოლის მოწმობებს, ხოლო თუ ასეთი არა აქვთ იმ დოკუმენტებს, რომლებიც წარმოადგენენ სამართალდარღვევის იარაღს ან უშუალო ობიექტს;

დ) ავლენს თვითმხილველებს, აძლევს მათ შეკითხვებს შემთხვევის გარემოებათა შესახებ და იწერს მათ მონაცემებს;

ე) აძლევს ინფორმაციას შემთხვევის ადგილზე მისულ გამომძიებელს ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებს შემთხვევაში მონაწილე პირებისა და თვითმხილველების შესახებ, გადასცემს მათ შეკრებილ ცნობებს, ნივთმტკიცებებსა და სხვა მასალებს;

ვ) აუცილებლობის შემთხვევაში ორგანიზებას უწევს სატრანსპორტო საშუალებათა შემოვლით მოძრაობას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – შემთხვევის მონაწილეთა და დამსწრეთა მონაწილეობით აფიქსირებს სატრანსპორტო საშუალებების განლაგებას, მოძრაობისა და დამუხრუჭების კვალს, რის შემდეგ ათავისუფლებს სავალ ნაწილს საგზაო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებებისაგან და აღადგენს მოძრაობას;

ზ) მძღოლის შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემთხვევაში არკვევს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სავარაუდო მიმართულებას, მის მარკას, ტიპს, სანომრე ნიშანს, ტვირთის სახეობას, სხვა განსაკუთრებულ ნიშნებს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების, შემთხვევის ადგილიდან მიმალული სატრანსპორტო საშუალებისა და მძღოლის შესახებ თვითმხილველებისგან მიღებულ მონაცემებს დაუყოვნებლივ გადასცემს სამსახურის მორიგეს და გამომძიებელს;

თ) დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სპეციალური ტრანსპორტის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილეობისას, თუ მათი მძღოლები ან მგზავრები არ საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას, წინადადებას აძლევს მძღოლს დაესწროს მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებული მასალების შედგენას. თუ მძღოლი ან რომელიმე მგზავრთაგანი უარს ამბობს აღნიშნულზე, იწერს აუცილებელ მონაცემებს შემთხვევის მონაწილის შესახებ და აძლევს გამგზავრების უფლებას.

თავი VI

პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა

    მუხლი 24.

1. პატრულ-პოლიციელს პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ეკრძალება:

ა) შესამოწმებელ სატრანსპორტო საშუალებაში ჩაჯდომა, გარდა ამ ინსტრუქციით და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) სატრანსპორტო საშუალებასთან ახლოს დგომა;

გ) შესამოწმებელ სატრანსპორტო საშუალებასთან მაშუქების მხრიდან მისვლა;

დ) დგომა შესამოწმებელ პირსა და იმ პატრულ-პოლიციელს შორის, რომელიც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას.

2. პატრულ-პოლიციელმა:

ა) ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებათა გასაჩერებლად უნდა გამოიყენოს სავალი ნაწილის შედარებით განათებული უბანი, თუ ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს გამოიყენება საპატრულო სატრანსპორტო საშუალების მაშუქები. პატრულ-პოლიციელი უნდა მოერიდოს სამართალდარღვევის განხილვას გზის სავალ ნაწილზე, თუ ეს აბრკოლებს ტრანსპორტის მოძრაობას ან საფრთხეს უქმნის მას;

ბ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების დროს აუცილებლად უნდა ჩართოს სპეციალური მაშუქი მოწყობილობა. საპატრულო ტრანსპორტი ყველა შემთხვევაში ჩერდება შესამოწმებელი სატრანსპორტო საშუალების უკან და მზად უნდა იყოს გაჩერებული ავტომანქანის შესაძლო მოულოდნელი მანევრის აღსაკვეთად;

გ) საბუთების შემოწმების და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების დროს უნდა შეარჩიოს მძღოლთან, აგრეთვე მძღოლთან მყოფ პირებთან დგომის უსაფრთხო მანძილი, არ შებრუნდეს მასთან ზურგით და თვალყური ადევნოს სატრანსპორტო საშუალებაში მჯდომ მგზავრებს.

3. ძებნაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების ან დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ პირთა აღმოჩენის შემთხვევაში, განწესში მყოფი სხვა პატრულ-პოლიციელები იკავებენ ისეთ პოზიციას, რომელიც მათ მისცემს ურთიერთდაზღვევის საშუალებას.

4. ძებნილი სატრანსპორტო საშუალების გამოვლენის შემთხვევაში პატრულ-პოლიციელი დაუყოვნებლივ მოახსენებს სამსახურის მორიგეს და იღებს ზომებს ამ სატრანსპორტო საშუალებისა და მასში მყოფი პირების დასაკავებლად, ამავე დროს უზრუნველყოფს პირად და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა უსაფრთხოებას, აგრეთვე დანაშაულის კვალის, იარაღისა და სხვა ნივთიერი მტკიცებულებების დაცვას.

5. ძებნილი სატრანსპორტო საშუალებებისა და დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირების დაკავებისას შეგროვებული პირველადი მასალები გადაეცემა გამომძიებელს, სატრანსპორტო საშუალებები გადაიყვანება შინაგან საქმეთა შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში, ხოლო ეჭვმიტანილ პირს წარადგენენ პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში.

    მუხლი 25.

შემოწმებისათვის გაჩერებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მისვლისას პატრულ-პოლიციელმა პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა შეასრულოს შემდეგი მოთხოვნები:

ა) სატრანსპორტო საშუალებას მიუახლოვდეს უკანა მხრიდან, მძღოლის კარის მიმართულებით;

ბ) მინებიდან დაათვალიეროს სალონი, რათა დარწმუნდეს, რომ არავინ იმალება სალონში;

გ) შეჩერდეს ისეთ მანძილზე, რომ არ მიიღოს დაზიანება ან ტრამვა მოძრაობის მოულოდნელი დაწყებისას, ამასთან, განაგრძოს მეთვალყურეობა მგზავრებზე, რათა საბუთების ნაცვლად არ იქნეს ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი;

დ) მოსთხოვოს მძღოლს ძრავის გამორთვა;

ე) შებინდებისას ან ღამით მოსთხოვოს მძღოლს ჩართოს სალონის განათება;

ვ) პატრულ-პოლიციელი მძღოლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებს გამოართმევს მარცხენა ხელით, რათა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეუფერხებლად გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;

ზ) პატრულ-პოლიციელი, რომელიც ზის საჭესთან, რჩება ადგილზე და უზრუნველყოფს მისი მეწყვილის უსაფრთხოებას.      

თავი VII

უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებთან ურთიერთობა

    მუხლი 26.

1. დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის საქართველოში მყოფ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. პასუხისმგებლობის საკითხი იმ პირებისა, რომლებიც მოქმედი კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად სარგებლობენ იმუნიტეტით, გადაწყდება დიპლომატიური გზით.

    მუხლი 27.

პატრულ-პოლიციელი:

ა) თუ უცხოელი მძღოლი, რომელიც ნასვამი მართავს ავტომობილს, სარგებლობს პრივილეგიებითა და იმუნიტეტით, წინადადებას აძლევს დაექვემდებაროს სამედიცინო შემოწმებას, ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს, მძღოლს უბრუნებს დოკუმენტებს და ამის შესახებ ატყობინებს სამსახურის მორიგეს, რომელიც თავის მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით უკავშირდება საელჩოს ან უცხოეთის წარმომადგენლობას მათთვის ავტომობილის გადასაცემად;

ბ) თუ შესაბამისი თანამშრომლის გამოძახება ვერ ხერხდება, წინადადებას აძლევს მძღოლს დატოვოს ავტომობილი და გაემგზავროს საცხოვრებელ ადგილამდე;

გ) თუ ავტომობილი ხელს უშლის მოძრაობას, ბუქსირით მიყავს უახლოეს სადგომამდე. თუ მძღოლი უარს ამბობს შემოწმებაზე, დარღვევა ფიქსირდება ორი მოწმის თანდასწრებით თუ ისინი არიან;

დ) მძღოლის თანხმობით ავტომობილი შეუძლია მართოს შესაბამისი კატეგორიის მძღოლის მოწმობის მქონე ფხიზელმა მისმა მგზავრმა.

თავი VIII

ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესები

    მუხლი 28.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პატრულ-პოლიციელის მიერ ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესები განისაზღვრება ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

    მუხლი 29.

კავშირის სპეციალური საშუალებები გამოიყენება განწესების მართვისა და მათ შორის ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად. კავშირის არხებით ინფორმაციის გადაცემა, კავშირის სისტემის ორგანიზება და ფუნქციონირება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და განისაზღვრება ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით სამწყობრო დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ. იკრძალება კავშირის საშუალებების გამოყენება იმ მიზნებისათვის, რომლებიც არ არის დაკავშირებული სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან.

თავი IX

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 30.

ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.