Document structure
View explanations
Referenced documents
Document Highlights
| ON NATIONAL SPATIAL DATA INFRASTRUCTURE | |
|---|---|
| Document number | 3705-XIIIმს-Xმპ |
| Document issuer | Parliament of Georgia |
| Date of issuing | 16/11/2023 |
| Document type | Law of Georgia |
| Source and date of publishing | Website, 05/12/2023 |
| Registration code | 040150000.05.001.102009 |
|
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ
|
თავი I
ზოგადი დებულებები. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის არსი და მიზანი მუხლი 1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების ტექნიკური, ორგანიზაციული და სამართლებრივი საფუძვლების დადგენა, საქართველოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ევროპის კავშირის სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურაში (INSPIRE) ინტეგრაციისთვის საჭირო ტექნიკური, ორგანიზაციული და სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა და ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში ბარიერების თავიდან აცილება. მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს კანონი აწესრიგებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფარგლებში სივრცითი მონაცემების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების წარმოებასთან, ხელმისაწვდომობასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სუბიექტებს (შემდგომ − სუბიექტი), ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კოორდინაციის უფლებამოსილების მქონე ორგანოს − კოორდინატორს (შემდგომ − კოორდინატორი) და მათ უფლებებსა და მოვალეობებს, აგრეთვე არეგულირებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ სხვა სათანადო საკითხებს. 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ ელექტრონულ (ციფრულ) სივრცით მონაცემებზე, მეტამონაცემებსა და მათთან დაკავშირებულ ქსელურ სერვისებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის, საქართველოს მიმდებარე ზონის, საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ან/და საქართველოს კონტინენტური შელფის არეალებს მიეკუთვნება და რომელთა მიმართაც სუბიექტი ახორციელებს ამავე კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას. 3. თუ ერთი და იმავე სივრცითი მონაცემების ნაკრების რამდენიმე ვერსია რამდენიმე სუბიექტთან ინახება, ეს კანონი ვრცელდება მხოლოდ უფლებამოსილი სუბიექტის/სუბიექტების მიერ წარმოებულ თავდაპირველ ვერსიაზე (დედანზე), რომლის საფუძველზედაც სხვა ვერსია (ასლი) შეიქმნა. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემა − სივრცითი მონაცემების დამუშავების ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომლითაც შესაძლებელია სხვადასხვა სახის სივრცითი მონაცემების შექმნა, შენახვა, დამუშავება, ანალიზი, მოდელირება, მართვა და ვიზუალიზაცია; ბ) ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსებთან დაშვება (ლიცენზია) − სივრცითი მონაცემების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების ან/და მათი ნაწილის გამოყენებისა და გავრცელების უფლება, რომელიც ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმების საფუძველზე სუბიექტს ან/და მესამე პირს აქვს მინიჭებული; გ) ეროვნული გეოპორტალი − ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ეროვნული გეოპორტალი; დ) თემატური სივრცითი მონაცემების ნაკრები − ამ კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული თემატური სივრცითი მონაცემების ნაკრები (ერთობლიობა), რომელიც არ მიეკუთვნება საბაზისო სივრცითი მონაცემების ნაკრებს, იქმნება საბაზისო სივრცითი მონაცემების ნაკრებზე დაყრდნობით და ცალკე გამოყოფს ან დეტალურად აღწერს მასში არსებული ინფორმაციის სპეციფიკურ მხარეს ან მოიცავს დამატებით ინფორმაციას; ე) მეტამონაცემი (ინფორმაცია მონაცემების შესახებ − ISO 19115) − სივრცითი მონაცემების რესურსის აღწერილობის შემცველი ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია მისი მოძიება, შეფასება და გამოყენება; ვ) საბაზისო სივრცითი მონაცემების ნაკრები − ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საბაზისო სივრცითი მონაცემების ნაკრები (ერთობლიობა), რომელიც სივრცითი მონაცემების წარმოების საფუძველია, დამოუკიდებლად გამოყოფს ან განაზოგადებს ადგილმდებარეობის შესახებ ზუსტ ინფორმაციას და რომლითაც შესაძლებელია სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების შედარება და ამ მონაცემების გეოგრაფიული კონტექსტის განმარტება; ზ) სივრცითი მონაცემი (გეოგრაფიული მონაცემი − ISO 19100) − ნებისმიერი მონაცემი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება კონკრეტულ ადგილმდებარეობას სივრცეში ან გეოგრაფიულ არეალს; თ) სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა − საინფორმაციო ქსელურ-ანალიტიკური სისტემა, რომელიც მოიცავს სივრცით მონაცემებსა და მეტამონაცემებს, მათი მართვის პოლიტიკას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სტანდარტებს, ადამიანურ რესურსებსა და მათთან დაკავშირებულ ქმედებებს და ორიენტირებულია აღნიშნული მონაცემებისა და მეტამონაცემების ღია, დეცენტრალიზებულ და კოორდინირებულ მართვაზე, მრავალფუნქციურ გამოყენებასა და გაზიარებაზე; ი) სივრცითი მონაცემის მწარმოებელი − საჯარო დაწესებულება, ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ან აახლებს სივრცით მონაცემს ან/და მეტამონაცემს; კ) სივრცითი მონაცემების რესურსი − სივრცითი მონაცემების ნაკრები, სივრცითი მონაცემების ნაკრებების სერია ან სივრცით მონაცემებთან დაკავშირებული ქსელური სერვისი; ლ) სივრცითი მონაცემების რესურსის მფლობელი − საჯარო დაწესებულება, ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან/და განკარგავს სივრცით მონაცემებს ან/და მეტამონაცემებს; მ) სივრცითი მონაცემების მომხმარებელი − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს სივრცით მონაცემებსა და მეტამონაცემებს; ნ) სივრცითი მონაცემების ნაკრები − ძირითადი საერთო მახასიათებლის მქონე სივრცითი მონაცემების იდენტიფიცირებადი ერთობლიობა; ო) სივრცითი მონაცემების ნაკრებების სერია − ერთი და იმავე სპეციფიკაციის საფუძველზე შექმნილი სივრცითი მონაცემების ნაკრებების ერთობლიობა; პ) სივრცითი ობიექტი (გეოგრაფიული ობიექტი − ISO 19100) − რეალურ სამყაროში არსებული მოვლენის აბსტრაქტული გამოხატულება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება კონკრეტულ ადგილმდებარეობას სივრცეში ან გეოგრაფიულ არეალს (მათ შორის, ავტონომიური რესპუბლიკა, მუნიციპალიტეტი, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული, დასახლება (ქალაქი, დაბა, სოფელი) და მასში არსებული გეოგრაფიული ობიექტები: ზონა, მიკრორაიონი, კვარტალი, დასახლებაში არსებული სხვა ერთიანი ან რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტისგან შემდგარი განაშენიანებული ტერიტორია, ქუჩა, პროსპექტი (გამზირი), ხეივანი, გზატკეცილი, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადა, მოედანი, სკვერი, ბულვარი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, სასაფლაო, პანთეონი, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემის ობიექტი, მიწის ნაკვეთი, სხვა გეოგრაფიული ობიექტი); ჟ) ფუნქციური თავსებადობა (ინტეროპერაბელურობა) − ამ კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ფუნქციური თავსებადობა (ინტეროპერაბელურობა); რ) ქსელური სერვისი − ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით სივრცითი მონაცემის ან/და მეტამონაცემის დამუშავებასთან დაკავშირებული ოპერაცია ან ოპერაციების ერთობლიობა; ს) ევროპის კავშირის სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურა (INSPIRE) − ევროპის კავშირის სათანადო სამართლებრივი აქტით შექმნილი ევროპის კავშირის სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურა (Infrastructure for Spatial Information in the European Community (INSPIRE)); ტ) ISO − სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (International Organization for Standardization); უ) OGC − სტანდარტიზაციის არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია − ღია გეოსივრცითი კონსორციუმი (Open Geospatial Consortium). მუხლი 4. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის არსი და მიზანი 1. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა არის ელექტრონული მმართველობის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი და ქვეყნის სივრცითი მოწყობის საფუძველი. 2. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა არის საქართველოს საინფორმაციო ქსელურ-ანალიტიკური სისტემა (ვირტუალური ინფრასტრუქტურა), რომელიც მოიცავს სივრცით მონაცემებს, მეტამონაცემებსა და მათთან დაკავშირებულ ქსელურ სერვისებს, მათი მართვის პოლიტიკას, მათთან დაკავშირებულ თანამედროვე ტექნოლოგიებს, სამართლებრივ აქტებს, მონაცემებთან წვდომისა და მათი გამოყენებისა და გაზიარების შესახებ უწყებათაშორის შეთანხმებებს, ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, ტექნიკურ სპეციფიკაციებს, კოორდინაციისა და მონიტორინგის მექანიზმებსა და პროცედურებს, ადამიანურ რესურსებსა და ქმედებებს და ორიენტირებულია მონაცემების ღია, დეცენტრალიზებულ და კოორდინირებულ მართვაზე, მრავალფუნქციურ გამოყენებასა და გაზიარებაზე. 3. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის მიზანია სივრცითი მონაცემების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების წარმოების, გაზიარების, გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის სტანდარტიზებული სისტემის (ქვეყნის ერთიანი გეოინფორმაციული სივრცის) ჩამოყალიბება, რომელიც იმოქმედებს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის დონეებზე და დარგობრივი მიმართულებებით. 4. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კომპონენტებია: ა) სივრცითი მონაცემები; ბ) ქსელური სერვისები; გ) მეტამონაცემები; დ) ეროვნული გეოპორტალი და შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურა; ე) ტექნიკური სტანდარტები და სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმები; ვ) კოორდინაციისა და მონიტორინგის მექანიზმები; ზ) ორგანიზაციული სტრუქტურა. 5. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის პრინციპებია: ა) ეფექტიანობა − სივრცითი მონაცემები უნდა შეიქმნას/შეგროვდეს მხოლოდ ერთხელ და შენახული უნდა იყოს იქ, სადაც მათი შენახვა ყველაზე ეფექტიანად არის შესაძლებელი; ბ) ხელმისაწვდომობა − ერთ დონეზე შექმნილი/შეგროვებული სივრცითი მონაცემები უნდა იყოს გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი საჯარო მმართველობის ყველა დონეზე; გ) თავსებადობა − სხვადასხვა სუბიექტის მიერ წარმოებული აქტუალური და უტყუარი სივრცითი მონაცემების კომბინირებით შესაძლებელი უნდა იყოს კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღება საჯარო მმართველობის ყველა დონეზე; დ) კოორდინაცია − სისტემის მდგრადობისა და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად პროცესები დეცენტრალიზებულად და კოორდინირებულად უნდა იმართებოდეს. 6. სუბიექტის ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია. სუბიექტის ინტელექტუალური საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს სათანადო ნორმატიული აქტებით. თავი II გეოგრაფიული მონაცემები მუხლი 5. სივრცითი მონაცემები 1. სავალდებულოა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურაში სივრცითი მონაცემების ყველა იმ ნაკრების ასახვა, რომელსაც აწარმოებს, ფლობს ან/და განკარგავს საჯარო დაწესებულება ან/და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. 2. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურაში შეიძლება აისახოს აგრეთვე სივრცითი მონაცემების ის ნაკრებები, რომლებსაც აწარმოებს, ფლობს ან/და განკარგავს ფიზიკური პირი ან/და ისეთი იურიდიული პირი, რომელიც საჯარო დაწესებულების მიერ არ არის დაფუძნებული. 3. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურაში ასახული სივრცითი მონაცემები იყოფა საბაზისო სივრცითი მონაცემების ნაკრებად და თემატური სივრცითი მონაცემების ნაკრებად. 4. საბაზისო სივრცითი მონაცემების ნაკრებს მიეკუთვნება: ა) გეოდეზიურ-კარტოგრაფიული საფუძველი, რომელიც მოიცავს: ა.ა) სახელმწიფო გეგმურ-სიმაღლურ მოდელს, რომელიც ყველა მასშტაბის ტოპოგრაფიული აგეგმვის მთავარი გეოდეზიური საფუძველია და საქართველოს ტერიტორიაზე კოორდინატებისა და სიმაღლეების განვრცობის ერთიან სისტემას ქმნის; ა.ბ) სახელმწიფო სარეფერენციო კოორდინატთა ათვლის სისტემას, რომლითაც განისაზღვრება კარტეზიანული (სამგანზომილებიანი) კოორდინატები (X, Y, Z), გეოდეზიური კოორდინატები (გრძედი, განედი) და სიმაღლე (h, Ell); ა.გ) კარტოგრაფიულ პროექციასა და ბადეს (კილომეტრულს ან გეოგრაფიულს), რომელიც სხვადასხვა მასშტაბის რუკების მათემატიკური საფუძველია; ბ) რელიეფის ციფრული მოდელი − დედამიწის ზედაპირის მოდელი, მიწის მონაცემები ან ბათიმეტრიული მონაცემები, რომლებიც დედამიწის მორფოლოგიას გამოსახავს. სიმაღლური მონაცემები მოიცავს როგორც მიწის, ზღვის ფსკერის (ბათიმეტრია), სანაპირო ზოლის, ისე კვაზიგეოიდალურ სიმაღლურ მოდელს, რომლის საშუალებითაც განისაზღვრება სიმაღლური მაჩვენებლები ქვეყანაში მოქმედ სიმაღლურ სისტემაში; გ) აეროგამოსახულება და კოსმოსური გამოსახულება − დედამიწის ზედაპირის გეორეფერენსირებული გამოსახულება (სურათი), რომელიც აეროსენსორის ან/და კოსმოსური სენსორის მეშვეობით მიიღება; დ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული − საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში დაცული და მუნიციპალიტეტების რეესტრში ასახული მონაცემები ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის, მისი საზღვრისა და მასში შემავალი დასახლების შესახებ; ე) გეოგრაფიული სახელი (ტოპონიმი) − ბუნებრივი წარმონაქმნის სახელწოდებასთან ან/და ადამიანის მიერ შექმნილი გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდებასთან დაკავშირებული მონაცემი, რომელიც ისტორიულ-კულტურული ან/და საზოგადოებრივი ინტერესის საგანია; ვ) მიწის კადასტრი − მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, ხაზოვანი ნაგებობის, სერვიტუტის ან/და სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ ზუსტი ინფორმაცია, რომელიც გრაფიკულად და ტექსტობრივად არის გამოსახული, აგრეთვე უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემები (საკადასტრო ზონირების, მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობის, ხაზოვანი ობიექტის შესახებ მონაცემები და სხვა მონაცემები), რომლებიც საკადასტრო კარტოგრაფიის ძირითადი მონაცემებია და რომლებითაც დგინდება რეგისტრირებული უძრავი ნივთის საზღვრები და საკადასტრო მახასიათებლები; ზ) მისამართი − სივრცითი ობიექტის, ბინის ან სხვა გეოგრაფიული ობიექტის სივრცეში ლოკალიზაციის საშუალება, მისი ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი უნიკალური ტექსტობრივი ჩანაწერი, რომელიც შეიცავს ამ გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების ან/და ნუმერაციის შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სამისამართო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემი გეოგრაფიული ობიექტის ნომრის, საფოსტო ინდექსის ან/და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ; თ) სატრანსპორტო ქსელი − საავტომობილო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტის, საჰაერო ტრანსპორტის, საწყლოსნო ტრანსპორტისა და საბაგირო ტრანსპორტის ქსელებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის (მათ შორის, გზის, ბილიკისა და პირუტყვის გადასარეკი გზის) შესახებ მონაცემები; ი) ჰიდროგრაფია − ზედაპირული წყლის ობიექტის (მდინარის, ტბის, წყალსაცავის, მყინვარის, ჭაობის, ლაგუნის), სანაპირო წყლის, საზღვაო არეალის, ჰიდროგრაფიული აუზისა და ქვეაუზის და მათი მახასიათებლების შესახებ მონაცემები; კ) დაცული და მართვადი ტერიტორია − მონაცემები სპეციალური დაცვისადმი ან/და სპეციალური სამართლებრივი რეგულირებისადმი დაქვემდებარებული განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე აკვატორიის, სახმელეთო ზონის, რეგიონის ან/და ანგარიშვალდებულების მომცველი ტერიტორიული ერთეულის (სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის, დაცული ლანდშაფტის, აღკვეთილის, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ადგილის, ზღვის ან/და შიდა წყლების რეგულირებადი ფარვატერის, სანაპირო ზონის მართვის პუნქტის, ნაგავსაყრელის, გეოლოგიური კვლევის ან/და სასმელი წყლის წყაროს რეგულირებადი არეალის, ტერიტორიული და ურბანული დაგეგმარების ინსტრუმენტებით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ზონის) შესახებ, რომელიც ასეთად მიჩნეულია, სამართლებრივად წესრიგდება ან/და გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობის ან/და სათანადო საერთაშორისო სამართლებრივი აქტის/აქტების შესაბამისად; ლ) სტატისტიკური მონაცემი − ოფიციალური სტატისტიკური მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია ადგილმდებარეობასთან და რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თითოეული ერთეულის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის უნიკალური, სტაბილური იდენტიფიკატორების გამოყენებით წარმოდგენა; მ) დემოგრაფია − მოსახლეობის ტერიტორიული განაწილების (მათ შორის, მოსახლეობის მახასიათებლებისა და საქმიანობის სახეების) შესახებ მონაცემები, რომლებიც დაჯგუფებულია გეოგრაფიული ბადის, რეგიონის, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის ან/და სხვა მახასიათებლის მიხედვით; ნ) შენობა-ნაგებობა − შენობა-ნაგებობის გეოგრაფიული მდებარეობის, გეომეტრიული ფორმის, ფუნქციის, დანიშნულებისა და სხვა მახასიათებლების შესახებ მონაცემები; ო) მიწის საფარი − დედამიწის ზედაპირის ფიზიკური და ბიოლოგიური საფრის (მათ შორის, ხელოვნური ზედაპირის) შესახებ მონაცემები; პ) მიწათსარგებლობა − მონაცემები გეოგრაფიული არეალის არსებული და დაგეგმილი ფუნქციონალური ან/და სოციალურ-ეკონომიკური დანიშნულების შესახებ, რომელიც ხასიათდება მისი დაგეგმვითი კლასიფიკაციის, მიწათსარგებლობის ტიპის, დანიშნულებისა და გამოყენების ფორმის (საცხოვრებელი, ინდუსტრიული, კომერციული, სასოფლო-სამეურნეო, სატყეო, რეკრეაციული და სხვა) მიხედვით; ჟ) ნიადაგები − ნიადაგებისა და ქვენიადაგების, მათი კლასიფიკაციის, ზონალობის, სიღრმის, ტექსტურის, ნაწილაკების, ორგანული მასალების სტრუქტურის, შემადგენლობისა და სხვა არსებითი მახასიათებლების შესახებ მონაცემები; რ) გეოლოგია − დედამიწის ამგები ქანების შემადგენლობისა და სტრუქტურის, აგრეთვე რელიეფის შესახებ მონაცემები, რომლებიც თემატურად მოიცავს სტრატიგრაფიას, ტექტონიკას, ჰიდროგეოლოგიას (მიწისქვეშა წყლები), გეომორფოლოგიას, გეოლოგიურ საფრთხეებს, სასარგებლო წიაღისეულს, სეისმოლოგიას, გეოფიზიკასა და გეოქიმიას. 5. თემატური სივრცითი მონაცემების ნაკრებს მიეკუთვნება: ა) სახელმწიფო და კომუნალური სერვისები − სახელმწიფო და კომუნალური სერვისების მიწოდების უზრუნველყოფაში მონაწილე ადმინისტრაციული, სოციალური ან/და სხვა სახის დაწესებულებებისა და მათი ინფრასტრუქტურის შესახებ მონაცემები (მათ შორის, პოლიციის, სხვადასხვა დანიშნულების სამაშველო დანაყოფების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის ობიექტების, კომუნალური მომსახურების ქსელების (ტელესაკომუნიკაციო, წყალმომარაგების, ენერგომომარაგების (თბომომარაგების, ელექტროენერგიით მომარაგების, ბუნებრივი აირით მომარაგების), ჩამდინარე წყლების, მყარი ნარჩენების მართვის, წყალგამწმენდი, საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე სხვა სახის კომუნალური მომსახურების ქსელების) და მათი ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია), რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანია; ბ) ჯანმრთელობა და უსაფრთხოება − მონაცემები ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი იმ დაავადების, პათოლოგიის ან/და სხვა უარყოფითი ფაქტორის (ალერგიის, სიმსივნური დაავადების, სასუნთქი გზების დაავადების, ეპიდემიისა და სხვა) გავრცელების გეოგრაფიული არეალის შესახებ, რომელიც პირდაპირ (ჰაერის დაბინძურების, ქიმიკატის გავრცელების, ოზონის შრის შემცირების, ხმაურის გამოწვევის, მიწისზედა, სამომხმარებლო, სარწყავი და სასმელი წყლების ხარისხის გაუარესების, გეოქიმიური პროცესის წარმართვის, სხვა მსგავსი მოვლენის გამო) ან ირიბად (საკვების, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმის, სხვა მსგავსი ფაქტორის გამო) უკავშირდება გარემოს ხარისხის გაუარესებას; გ) კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა − კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისა და ობიექტის (არქიტექტურული, არქეოლოგიური, საინჟინრო, ურბანული და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის (ინდივიდუალური დამცავი ზონისა და ზოგადი დამცავი ზონის), აგრეთვე მუზეუმის, მუზეუმ-ნაკრძალისა და მათი სამოქმედო არეალების, გამოფენის, კულტურის სახლის, თეატრის, სახლ-მუზეუმისა და სხვა ობიექტების შესახებ მონაცემები; დ) მრეწველობა − წარმოების, სამრეწველო ობიექტისა და შესაბამისი პროდუქციის წარმოების ან/და მრეწველობის შედეგად გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისა და კონტროლის საშუალებების (წყლის გამოყენების, ნარჩენების დამარხვის, სამთო მრეწველობის ობიექტის კონტროლის, სხვა მსგავსი საშუალების) და მათი ინფრასტრუქტურის შესახებ მონაცემები; ე) ენერგორესურსები − ენერგეტიკული რესურსების (მათ შორის, ნახშირის, ნახშირწყალბადის, ჰიდროენერგეტიკული რესურსის, ბიოენერგეტიკული რესურსის, მზის რესურსის, ქარის ენერგიის (ქარის სიძლიერის გაზომვით და ტოპოგრაფიულ ინფორმაციასთან ერთად (კომპლექსში)), წარსულში ექსპლუატაციის გამო გამოფიტული, მაგრამ აღდგენადი წიაღისეული საწვავის რესურსის (ნახშირის, ნავთობის, ბუნებრივი აირის, ლიგნიტის (მურა ნახშირის), ტორფის, ურანის), განახლებადი ენერგორესურსის (ჰიდროენერგიის), ბიოენერგეტიკული რესურსის (ტყის რესურსის, ენერგეტიკული მიზნით გამოყენებადი მარცვლეულის/სასოფლო-სამეურნეო ნარჩენის), გეოთერმული ბუნებრივი სითბური ნაკადის (ენერგიის აღდგენადი და ეკოლოგიურად სუფთა წყაროს) და სხვა ენერგეტიკული რესურსის) შესახებ მონაცემები; ვ) სასარგებლო წიაღისეული − იმ წიაღისეულის (მინერალური რესურსის) შესახებ მონაცემები, რომლის მეცნიერულ-ტექნოლოგიური განვითარების თანამედროვე დონეზე მოპოვება და გადამუშავება შესაძლებელი, ეკონომიკურად მიზანშეწონილი და ეკოლოგიურად მისაღებია. სასარგებლო წიაღისეული შეიძლება იყოს ენერგორესურსიც; ზ) აგრო- და აკვაკულტურები − აგრარული მეურნეობის (მცენარეული კულტურების, შინაური ფრინველების, შინაური ცხოველებისა და თევზის მოშენების, მემცენარეობის, მეფრინველეობის, მეცხოველეობის, მეთევზეობის, სხვა მსგავსი წარმოების არეალის) და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ინფრასტრუქტურის (სარწყავი სისტემის, სადრენაჟო სისტემის, სათბურის, ფერმის, მოსავლის გადამამუშავებელი მეურნეობის, სასაწყობო მეურნეობისა და სხვა ტიპის ობიექტის) შესახებ მონაცემები; თ) ატმოსფერო − ფიზიკური ატმოსფერული პირობებისა და მათი გავრცელების გეოგრაფიული არეალის შესახებ მონაცემები, რომლებიც მოიცავს საზომ ერთეულს, მოდელს, მათ კომბინაციაზე დაფუძნებულ მონაცემსა და საზომი ერთეულის ადგილმდებარეობას; ი) მეტეოროლოგია − მეტეოროლოგიურ-გეოგრაფიული მახასიათებლების (ამინდის პირობები და მეტეოროლოგიური ცვლადების გაზომვები, ატმოსფერული ნალექები, ტემპერატურა, ევაპოტრანსპირაცია (ტრანსპირაცია (აორთქლება) ნიადაგის ზედაპირიდან და მცენარეული საფრიდან), ქარის სიჩქარე და მიმართულება და სხვა) შესახებ მონაცემები; კ) რისკის ზონები − იმ მოწყვლადი ტერიტორიების შესახებ მონაცემები, რომლებიც დახასიათებულია ბუნებრივი საფრთხეების (ატმოსფერული, ჰიდროლოგიური, სეისმური, ვულკანური ან ტყის ხანძართან დაკავშირებული მოვლენა, რომელსაც მისი ადგილმდებარეობის, მასშტაბურობის, სიხშირის ან/და ინტენსივობის გათვალისწინებით შეუძლია ადამიანზე (საზოგადოებაზე) სერიოზული ზემოქმედება მოახდინოს (მაგალითად, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, მეწყერი, ღვარცოფი, თოვლის ზვავი, ტყის ხანძარი, მიწისძვრა, ვულკანის ამოფრქვევა)) ან ანთროპოგენური (რადიოლოგიური, ქიმიური და სხვა) საფრთხეების მიხედვით; ლ) გარემოს მონიტორინგის სისტემა − სხვადასხვა ტიპის დაწესებულების, მონიტორინგის სისტემისა და საშუალების (მისი ადგილმდებარეობისა და ფუნქციების) შესახებ მონაცემები, რომელთა მეშვეობითაც შეისწავლება ან/და განისაზღვრება ატმოსფეროში გამონაბოლქვი, გარემოს კომპონენტები და ეკოსისტემის სხვა პარამეტრები (ბიომრავალფეროვნება, მცენარეული საფრის ეკოლოგიური მდგომარეობა და სხვა); მ) ბიოგეოგრაფიული რეგიონი − იმ გეოგრაფიული არეალის, ტერიტორიის ან/და ზონის შესახებ მონაცემები, სადაც ეკოლოგიური პირობები (მდგომარეობა) შედარებით ერთგვაროვანია და რომელსაც აქვს ერთიანი მახასიათებლები, ჰაბიტატები და ბიოტოპები (გეოგრაფიული ტერიტორია, რომელიც სპეციფიკური ეკოლოგიური პირობებით, პროცესებით, სტრუქტურითა და სიცოცხლისთვის საჭირო, სპეციფიკური ფუნქციებით ხასიათდება). ბიოგეოგრაფიული რეგიონი მოიცავს ხმელეთისა და წყლის ადგილებს, რომლებიც განსხვავებულია თავიანთი გეოგრაფიული, აბიოტური და ბიოტური მახასიათებლებით, მათი ბუნებრივი ან ნახევრად ბუნებრივი წარმოშობის მიუხედავად; ნ) სახეობების გავრცელება − ცხოველის სახეობისა და მცენარის სახეობის ტერიტორიული გავრცელების შესახებ მონაცემები, რომლებიც დაჯგუფებულია გეოგრაფიული ბადის, რეგიონის, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის ან/და სხვა მახასიათებლის მიხედვით; ო) ზღვა და ზღვის რეგიონები − მონაცემები ზღვის რეგიონების, ზღვის, მლაშე წყლების ობიექტების ფიზიკური მდგომარეობის (დინების, სიმლაშის, ტალღების სიმაღლის, სხვა მსგავსი ფიზიკური მდგომარეობის) შესახებ, რომლებიც საერთო მახასიათებლების მიხედვით რეგიონებად და ქვერეგიონებად იყოფა; პ) სივრცითი მონაცემი, რომელიც ამ პუნქტის „ა“−„ო“ ქვეპუნქტებითა და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სივრცითი მონაცემების არცერთ ნაკრებს არ მიეკუთვნება და სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესის საგანია. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სივრცით მონაცემს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული სივრცითი მონაცემების ნაკრები არ უნდა შეიცავდეს სახელმწიფო საიდუმლოებას, პერსონალურ მონაცემებს ან/და სხვა სახის ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც/გასაჯაროებაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული სივრცითი მონაცემების ნაკრების შემადგენლობა, აგრეთვე მისი წარმოების, შენახვის, განახლების, ვიზუალიზაციისა და გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული სივრცითი მონაცემების ნაკრების სისრულისთვის, სიზუსტისთვის, ხარისხისთვის, ნამდვილობისა და განახლებისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი სივრცითი მონაცემების რესურსის მფლობელი სუბიექტი. მუხლი 6. ქსელური სერვისები 1. ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სივრცითი მონაცემების ყველა ნაკრები სივრცითი მონაცემების მომხმარებლისთვის დისტანციური ხელმისაწვდომობისა და გამოყენების მიზნით მხარდაჭერილი უნდა იყოს შესაბამისი ტიპის შემდეგი ძირითადი ქსელური სერვისებით: ა) ძიების სერვისით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სივრცითი მონაცემების რესურსების მოძიება (მონაცემების ან/და მეტამონაცემების შინაარსის საფუძველზე) და შესაბამისი მეტამონაცემების ვიზუალიზაცია; ბ) დათვალიერების სერვისით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სივრცითი მონაცემების რესურსების დათვალიერება, ნავიგაცია, მასშტაბირება, აგრეთვე პირობითი ნიშნების (ლეგენდის) შესახებ ინფორმაციისა და შესაბამისი მეტამონაცემების ვიზუალიზაცია; გ) ჩამოტვირთვის სერვისით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სივრცითი მონაცემების რესურსების ან მათი ნაწილების ასლების ჩამოტვირთვა ან/და პირდაპირი ხელმისაწვდომობა; დ) ტრანსფორმაციის სერვისით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სივრცითი მონაცემების რესურსების ტრანსფორმაცია მათი ფუნქციური თავსებადობის (ინტეროპერაბელურობის) მისაღწევად. 2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ქსელური სერვისების კანონისმიერი მიზნებისა და არსის გათვალისწინებით დამატებით განსაზღვროს სხვა ტიპის ქსელური სერვისების ნუსხა. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ქსელური სერვისები უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონით გათვალისწინებული ქსელური სერვისების იმპლემენტაციის ტექნიკური სპეციფიკაციის მოთხოვნებს. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ქსელური სერვისების ხარისხისთვის, უსაფრთხოებისთვის, ექსპლუატაციისა და სტაბილური ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი სივრცითი მონაცემების რესურსის მფლობელი სუბიექტი. მუხლი 7. მეტამონაცემები 1. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურაში ასახული სივრცითი მონაცემების ყველა რესურსი (სივრცითი მონაცემების ნაკრები, სივრცითი მონაცემების ნაკრებების სერია და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისები) აღწერილი და დოკუმენტირებული უნდა იყოს მეტამონაცემების ფორმატით, ამ კანონით გათვალისწინებული მეტამონაცემების ეროვნული პროფილის მოთხოვნების შესაბამისად. 2. ამ კანონით განსაზღვრულ მეტამონაცემების ეროვნულ პროფილს, მის დეტალურ სტრუქტურას, ელემენტებსა და ქვეელემენტებს, მათ მნიშვნელობებს, მათი აღწერის კრიტერიუმებს, აგრეთვე მათი შენახვისა და განახლების წესს მეტამონაცემების ეროვნული პროფილის კანონისმიერი მიზნებისა და არსის გათვალისწინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. ამ კანონით გათვალისწინებული მეტამონაცემების ეროვნული პროფილი უნდა შეიცავდეს სივრცითი მონაცემების რესურსების აღმწერ შემდეგ ძირითად ინფორმაციას: ა) სივრცითი მონაცემების რესურსის იდენტიფიკაციას − ინფორმაციას, რომელიც მოიცავს სივრცითი მონაცემების რესურსის სახელწოდებას, მოკლე აღწერილობას, ტიპს, ენას, უნიკალურ იდენტიფიკატორსა და ინტერნეტბმულს; ბ) სივრცითი მონაცემების რესურსის კლასიფიკატორს − სტრუქტურირებულ კლასიფიკატორს, რომელიც სივრცითი მონაცემების რესურსთან დაკავშირებულ მთავარ თემატურ ასპექტებს განმარტავს; გ) საკვანძო სიტყვებს − სივრცითი მონაცემების რესურსის არსის აღმწერ ლაკონიურ საკვანძო სიტყვებს გამარტივებული ძიების შესაძლებლობისთვის; დ) გეოგრაფიულ მდებარეობას − სივრცითი მონაცემების რესურსის კოორდინატთა სარეფერენციო სისტემის მახასიათებლებისა და გეოგრაფიული განფენილობის (გეოგრაფიული არეალის) თაობაზე ინფორმაციას; ე) თარიღთა სისტემას − სივრცითი მონაცემების რესურსის შექმნასთან, განახლებასთან, გამოქვეყნებასა და სხვა პროცესებთან დაკავშირებულ თარიღებს; ვ) ხარისხსა და ნამდვილობას − სივრცითი მონაცემების რესურსის ხარისხისა და ნამდვილობის თაობაზე ინფორმაციას; ზ) წვდომისა და გამოყენების პირობებს − სივრცითი მონაცემების რესურსთან წვდომისა და მისი გამოყენების პირობებისა და შეზღუდვის (არსებობის შემთხვევაში) თაობაზე ინფორმაციას; თ) სივრცითი მონაცემების რესურსისთვის პასუხისმგებელ მხარეს − სივრცითი მონაცემების რესურსის ფლობისთვის, მართვისთვის, შენახვისა და გავრცელებისთვის პასუხისმგებელი სუბიექტის თაობაზე ინფორმაციას; ი) მეტამონაცემების შესახებ მეტამონაცემებს − ინფორმაციას, რომელიც მეტამონაცემებს ახასიათებს და განმარტავს. 4. მეტამონაცემები უნდა ინახებოდეს ელექტრონულად, მეტამონაცემების ეროვნულ კატალოგში, რომელიც მეტამონაცემების საცავია. 5. მეტამონაცემების ეროვნული კატალოგის შექმნას უზრუნველყოფს კოორდინატორი. მეტამონაცემების ეროვნული კატალოგი ეროვნული გეოპორტალის განუყოფელი ნაწილია. 6. მეტამონაცემებში აღწერილი ინფორმაციის სისრულისთვის, სიზუსტისთვის, ხარისხისთვის, ნამდვილობისა და განახლებისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი სივრცითი მონაცემების რესურსის მფლობელი სუბიექტი. მუხლი 8. ეროვნული გეოპორტალი 1. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფარგლებში, სივრცითი მონაცემების რესურსების გამოქვეყნების, გაცვლისა და თავისუფალი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად იქმნება ეროვნული გეოპორტალი, რომელიც ამ კანონით განსაზღვრული სათანადო მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესრულების უნიკალური საკომუნიკაციო საშუალებაა. 2. ეროვნული გეოპორტალი არის ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ოფიციალური ვებპორტალი ან მისი ეკვივალენტი. 3. ეროვნული გეოპორტალი კანონის შესაბამისად უზრუნველყოფს სივრცითი მონაცემებისა და მეტამონაცემების გამოქვეყნებას, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფარგლებში გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსების ძებნასა და ვიზუალიზაციას, მათი შეფასების შესაძლებლობას, სივრცითი მონაცემების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების თავისუფალ, დისტანციურ ხელმისაწვდომობას, მათი გამოყენების კომპლექსურ და სივრცითი მონაცემების მომხმარებელზე ორიენტირებულ შესაძლებლობას. 4. ეროვნული გეოპორტალის შექმნისთვის, განვითარებისთვის, ადმინისტრირებისა და სტაბილური ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელია კოორდინატორი. 5. ეროვნულ გეოპორტალზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს სათანადო ნორმატიული აქტებით. თავი III გეოგრაფიული მონაცემების მართვა მუხლი 9. სუბიექტი 1. სუბიექტები არიან საჯარო დაწესებულებები და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობა უკავშირდება სივრცით მონაცემებს, მეტამონაცემებსა და მათთან დაკავშირებულ ქსელურ სერვისებს და რომლებიც კანონის შესაბამისად მონაწილეობენ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების, აგრეთვე ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესრულების პროცესში. 2. სუბიექტი შეიძლება იყოს აგრეთვე ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს ისეთ საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას, რომელიც სივრცით მონაცემებს, მეტამონაცემებსა და მათთან დაკავშირებულ ქსელურ სერვისებს უკავშირდება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს მისი დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სისტემასთან დაშვების (წვდომის) უფლებას ანიჭებს კოორდინატორი. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტების მსგავსად, ეკისრებათ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნასთან, ფუნქციონირებასა და განვითარებასთან დაკავშირებული ხარჯები. 5. სუბიექტი: ა) ამ კანონით გათვალისწინებული მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების მოდელის ეროვნული პროფილის მოთხოვნების შესაბამისად ეროვნულ გეოპორტალზე აქვეყნებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ, თავის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებულ სივრცითი მონაცემების ნაკრებებსა და მეტამონაცემებს და ქსელური სერვისებით უზრუნველყოფს მათ ხელმისაწვდომობას; ბ) უფლებამოსილია თავის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული სივრცითი მონაცემების ნაკრებებისა და მეტამონაცემების ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებისა და ქსელური სერვისებით მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ტექნიკური ინფრასტრუქტურის არარსებობის შემთხვევაში კოორდინატორს მიმართოს; გ) ვალდებულია ეროვნულ გეოპორტალზე არ გამოაქვეყნოს თავის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული სივრცითი მონაცემი/მეტამონაცემი ან/და შეზღუდოს მასთან წვდომა, თუ ამ სივრცითი მონაცემის/მეტამონაცემის გამჟღავნება/გასაჯაროება საფრთხეს უქმნის საქართველოს საერთაშორისო ვალდებულების შესრულებას, სახელმწიფო/საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, მართლმსაჯულების განხორციელებას ან/და ადმინისტრაციულ წარმოებას, აგრეთვე თუკი ეს მონაცემები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალურ მონაცემებს ან სახელმწიფო, საგადასახადო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას მიეკუთვნება; დ) თავის მიერ ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ნაკრებებს შეუსაბამებს ამ კანონით გათვალისწინებული მონაცემთა მოდელის ტექნიკური სპეციფიკაციის მოთხოვნებს და აღწერს მათ ამავე კანონით განსაზღვრული მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციის ეროვნული პროფილის მოთხოვნების შესაბამისად; ე) თავის მიერ ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებულ მეტამონაცემებს შეუსაბამებს ამ კანონით გათვალისწინებული მეტამონაცემების ეროვნული პროფილის მოთხოვნებს; ვ) თავის მიერ ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებულ სივრცით მონაცემებსა და მეტამონაცემებთან დაკავშირებულ ქსელურ სერვისებს შეუსაბამებს ამ კანონით გათვალისწინებული ქსელური სერვისების იმპლემენტაციის ტექნიკური სპეციფიკაციის მოთხოვნებს; ზ) თავის მიერ ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ყველა რესურსს შეუსაბამებს ამ კანონით გათვალისწინებული ტექნიკური ჩარჩორეგლამენტის მოთხოვნებს; თ) უზრუნველყოფს თავის მიერ ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ნაკრებებისა და მეტამონაცემების სისრულეს, სიზუსტეს, ხარისხს, ნამდვილობას, ხელმისაწვდომობას, ფუნქციურ თავსებადობას (ინტეროპერაბელურობას) და პერიოდულ განახლებას; ი) მეტამონაცემებში დეტალურად აღწერს თავის მიერ ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ყველა რესურსის ხარისხის, სისრულისა და აქტუალობის შესახებ ინფორმაციას; კ) უზრუნველყოფს ეროვნულ გეოპორტალზე თავის მიერ გამოქვეყნებული, ამ კანონით გათვალისწინებული, ყველა ტიპის ქსელური სერვისების დაცულ, სტაბილურ ფუნქციონირებასა და ხელმისაწვდომობას; ლ) გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს ახალშექმნილი ან/და განახლებული სივრცითი მონაცემებისა და მეტამონაცემების ხელმისაწვდომობას ეროვნულ გეოპორტალზე; მ) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით მისი უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად შეიმუშავებს და კოორდინატორს წარუდგენს თავისი საქმიანობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას; ნ) უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში; ო) გამოყოფს უფლებამოსილ საკონტაქტო პირს, რომელიც უზრუნველყოფს კოორდინატორთან სტაბილურ კომუნიკაციასა და შიდაუწყებრივ კოორდინაციას; პ) უფლებამოსილია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად კოორდინატორისგან გამოითხოვოს საქმიანობისთვის აუცილებელი ინფორმაცია; ჟ) ამზადებს და კოორდინატორს წარუდგენს ამ კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის ყოველწლიური ანგარიშის ეროვნული პროფილის შესაბამისად მომზადებულ მონიტორინგის ყოველწლიურ ანგარიშს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით მისი უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღებული შედეგების შესახებ; რ) კანონის შესაბამისად ახორციელებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისთვის, ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის და ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად საჭირო სხვა ღონისძიებებს. მუხლი 10. კოორდინატორი 1. კოორდინატორის ფუნქციებს ასრულებს და მის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. 2. კოორდინატორი: ა) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სფეროში ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრისა და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვის გაუმჯობესების მიზნით; ბ) განსაზღვრავს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების, სივრცითი მონაცემებისა და მეტამონაცემების ელექტრონულად (ციფრულად) წარმოების, შენახვის, განახლებისა და გაზიარების ეროვნულ სტანდარტებს; გ) ქმნის, მართავს და ზედამხედველობს ეროვნულ გეოპორტალსა და მეტამონაცემების ეროვნულ კატალოგს, პასუხისმგებელია ეროვნული გეოპორტალისა და მეტამონაცემების ეროვნული კატალოგის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის; დ) უზრუნველყოფს ეროვნულ გეოპორტალზე სივრცითი მონაცემებისა და მეტამონაცემების გამოქვეყნებას, სივრცითი მონაცემების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების სტაბილურ ხელმისაწვდომობას ამ კანონის შესაბამისად; ე) საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების (ISO, INSPIRE და სხვა) საფუძველზე შეიმუშავებს, სათანადო მოთხოვნების შესაბამისად პერიოდულად აახლებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს მეტამონაცემების ეროვნულ პროფილს, მონაცემთა მოდელის ტექნიკურ სპეციფიკაციას (ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სივრცითი მონაცემების თითოეული ნაკრებისთვის), მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციის ეროვნულ პროფილს, ქსელური სერვისების იმპლემენტაციის ტექნიკურ სპეციფიკაციას (ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ქსელური სერვისების თითოეული ტიპისთვის), ტექნიკურ ჩარჩორეგლამენტს, მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების მოდელის ეროვნულ პროფილს, მონიტორინგის ყოველწლიური ანგარიშის ეროვნულ პროფილს; ვ) უზრუნველყოფს ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსის ტექნიკური ჩარჩორეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის, აგრეთვე სივრცითი მონაცემების რესურსის ხარისხის, სისრულის, სიზუსტის, ნამდვილობის, განახლების, ხელმისაწვდომობის, დუბლირების აღმოფხვრის, ფუნქციური თავსებადობის (ინტეროპერაბელურობის) და სტაბილური ფუნქციონირების მონიტორინგს; ზ) სივრცითი მონაცემების რესურსის ტექნიკური ჩარჩორეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილია სივრცითი მონაცემების მომხმარებლებს დროებით (სათანადო შეუსაბამობის აღმოფხვრამდე) შეუზღუდოს შესაბამისი სივრცითი მონაცემების რესურსის ხელმისაწვდომობა და მის მფლობელს მოსთხოვოს შეუსაბამობის გონივრულ ვადაში აღმოფხვრა; თ) საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისთვის, ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის აუცილებელი ტექნიკური და ნორმატიული აქტების პროექტებს; ი) უზრუნველყოფს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისთვის, ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის აუცილებელი ტექნიკური და პროგრამული საშუალებებისა და ინსტრუმენტების შექმნას, ფუნქციონირებასა და განვითარებას; კ) ახორციელებს საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ინფორმაციულ და ინტელექტუალურ მხარდაჭერასა და მონიტორინგს; ლ) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარსადგენად საკოორდინაციო საბჭოს წარუდგენს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიასა და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას; მ) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად შეიმუშავებს თავისი საქმიანობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას; ნ) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად უზრუნველყოფს სუბიექტების ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ინფორმაციულ და ინტელექტუალურ მხარდაჭერასა და კოორდინაციას; ო) უფლებამოსილია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად შექმნას უწყებათაშორისი ან/და საექსპერტო დროებითი საკონსულტაციო ჯგუფი/ჯგუფები; პ) უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელოს საჯარო დაწესებულებებისა და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგი; ჟ) უფლებამოსილია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად საჯარო დაწესებულებებისა და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისგან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისთვის აუცილებელი ინფორმაცია; რ) უზრუნველყოფს სივრცითი მონაცემების მწარმოებლებისა და სივრცითი მონაცემების მომხმარებლების მოთხოვნების ანალიზსა და შესაბამის ეფექტიან კოორდინაციას; ს) საქართველოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ევროპის კავშირის სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურაში (INSPIRE) ინტეგრაციის მიზნით უზრუნველყოფს სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გასაღრმავებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელებას; ტ) კანონის შესაბამისად ახორციელებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისთვის, ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის და ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად საჭირო სხვა ღონისძიებებს; უ) კანონის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 11. სივრცითი მონაცემების რესურსებთან წვდომა 1. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფარგლებში სივრცითი მონაცემების მომხმარებლებისთვის სივრცითი მონაცემების რესურსების დისტანციური ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ეროვნული გეოპორტალით. 2. საჯარო დაწესებულებები და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები ვალდებული არიან ეროვნულ გეოპორტალზე გამოაქვეყნონ თავიანთ საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული სივრცითი მონაცემების ნაკრებები და მეტამონაცემები და ქსელური სერვისებით უზრუნველყონ მათი ხელმისაწვდომობა. 3. ეროვნულ გეოპორტალზე შეიძლება გამოქვეყნდეს სივრცითი მონაცემების ნაკრებები და მეტამონაცემები, რომლებიც არის ფიზიკური პირის ან/და ისეთი იურიდიული პირის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში, რომელიც საჯარო დაწესებულების მიერ არ არის დაფუძნებული, მაგრამ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს. 4. ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ყველა რესურსი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონით გათვალისწინებული მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების მოდელის ეროვნული პროფილის მოთხოვნებს. 5. ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ყველა რესურსი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონით გათვალისწინებული ტექნიკური ჩარჩორეგლამენტის მოთხოვნებს. 6. ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსები ხელმისაწვდომია ღიად და საჯაროდ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 7. ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსებთან ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქსელური სერვისებით წვდომა უფასოა. 8. ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსებთან დაშვების (ლიცენზიის), მათი გამოყენებისა და გაზიარების პირობები და წესები მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსებთან დაშვების (ლიცენზიის) საფასური (არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს სუბიექტის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული ამავე სივრცითი მონაცემების რესურსებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის ოდენობის ტოლი ან ამ ოდენობაზე ნაკლები. 9. ეროვნულ გეოპორტალზე საჯარო დაწესებულებების ან/და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ყველა რესურსი ოფიციალური მონაცემია და მათ მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია ამ მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმებამდე. 10. ეროვნულ გეოპორტალზე საჯარო დაწესებულებების ან/და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ყველა რესურსის სისრულის, სიზუსტის, ნამდვილობის, ხარისხისა და განახლების შესახებ ინფორმაცია დეტალურად უნდა იყოს აღწერილი მეტამონაცემებში. ამ ინფორმაციის უტყუარობისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი სივრცითი მონაცემების რესურსის მფლობელი სუბიექტი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად. მუხლი 12. ფუნქციური თავსებადობა (ინტეროპერაბელურობა) და სტანდარტიზაცია 1. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფარგლებში ფუნქციური თავსებადობა (ინტეროპერაბელურობა) გულისხმობს ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული, გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემის ფარგლებში შექმნილი სივრცითი მონაცემების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების, ადამიანური რესურსების ან/და კომპიუტერული რესურსების მნიშვნელოვანი, პერიოდული, მექანიკური ჩარევის გარეშე კომბინირების, ჰარმონიზაციისა და ურთიერთდაკავშირების შესაძლებლობას, აგრეთვე სათანადო ინფორმაციის საიმედო, ცდომილების გარეშე გაცვლის უზრუნველყოფას. 2. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საბაზისო კომპონენტების სტანდარტიზაციისა და მათი ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე თავსებადობის უზრუნველსაყოფად უნდა შემუშავდეს და პერიოდულად უნდა განახლდეს ეროვნული სტანდარტები, ტექნიკური რეგლამენტები და შესაბამისი სპეციფიკაციები, მათ შორის: ა) მეტამონაცემების ეროვნული პროფილი − მეტამონაცემების ელემენტებისა და ქვეელემენტების, მათი მნიშვნელობების, მათი აღწერის კრიტერიუმების, აგრეთვე მათი შენახვისა და განახლების წესის ერთობლიობა (სტანდარტი); ბ) მონაცემთა მოდელის ტექნიკური სპეციფიკაცია − სივრცითი მონაცემების თითოეული ნაკრებისთვის მონაცემთა კონცეპტუალური მოდელების, კოდიფიკაციისა და მათი მნიშვნელობების, მონაცემთა შექმნის ან/და ტრანსფორმაციისა და სხვა კრიტერიუმების განმსაზღვრელი საერთო წესების სახელმძღვანელო (ტექნიკური სპეციფიკაცია); გ) მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციის ეროვნული პროფილი − სივრცითი მონაცემების ნაკრების წარმოების, შეფასების, გამოყენების, გაყიდვის ან/და სხვა მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად მისი, როგორც მონაცემთა პროდუქტის, ზუსტი ტექნიკური აღწერილობის (წარმოების პროცესის მეთოდოლოგია, მახასიათებლები, მოდელი, საფუძველი, ხარისხი, ვიზუალიზაცია, გამოყენების პირობები და სხვა) კრიტერიუმების ერთობლიობა (სტანდარტი); დ) ქსელური სერვისების იმპლემენტაციის ტექნიკური სპეციფიკაცია − ძიების, დათვალიერების, ჩამოტვირთვის, ტრანსფორმაციისა და სხვა ტიპის ქსელური სერვისების გენერაციის ტექნიკური მახასიათებლების, პარამეტრების ნორმებისა და სხვა კრიტერიუმების განმსაზღვრელი საერთო წესების სახელმძღვანელო (ტექნიკური სპეციფიკაცია); ე) ტექნიკური ჩარჩორეგლამენტი − მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების ტექნიკური ნორმების, წესებისა და პროცედურების ჩარჩოდოკუმენტი; ვ) მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების მოდელის ეროვნული პროფილი − მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების შეთანხმების სტრუქტურის, სამართლებრივი, ფინანსური და სხვა კრიტერიუმების ერთობლიობა (სტანდარტი); ზ) მონიტორინგის ყოველწლიური ანგარიშის ეროვნული პროფილი − ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისა და განვითარების პროცესის მონიტორინგის, აგრეთვე სუბიექტების, საკოორდინაციო საბჭოსა და კოორდინატორის მიერ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად განხორციელებული ღონისძიებების, დასახული მიზნების/მიღწეული შედეგების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის სტრუქტურის, ელემენტებისა და ქვეელემენტების, შეფასების წესების, ინდიკატორებისა და სხვა კრიტერიუმების ერთობლიობა (სტანდარტი). 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტები, ტექნიკური რეგლამენტები და სპეციფიკაციები, აგრეთვე ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კომპონენტების სტანდარტიზაციისა და მათი ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე თავსებადობის უზრუნველყოფისთვის განკუთვნილი სხვა სათანადო დოკუმენტები განისაზღვრება (მტკიცდება) საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტები, ტექნიკური რეგლამენტები და სპეციფიკაციები, აგრეთვე ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სფეროს მომწესრიგებელი სხვა სათანადო ტექნიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური დოკუმენტები შემუშავებული უნდა იყოს საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების (ISO, OGC, INSPIRE) შესაბამისად და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ოფიციალურ ვებგვერდსა და ეროვნულ გეოპორტალზე. 5. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების პროცესში, ეროვნული სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სპეციფიკაციების შემუშავებამდე დასაშვებია საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების (ISO, OGC, INSPIRE) გამოყენება. მუხლი 13. საკოორდინაციო საბჭო 1. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების პროცესში, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან იმავე დადგენილებით განსაზღვრული სუბიექტების წარმომადგენლები. 2. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დარგობრივმა ან/და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა. 3. საკოორდინაციო საბჭო მონაწილეობს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნასთან, ფუნქციონირებასა და განვითარებასთან დაკავშირებული ამოცანების შემუშავებისა და შესრულების პროცესში, აგრეთვე ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შემუშავებისა და შესრულების პროცესში. საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილებები განისაზღვრება საკოორდინაციო საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 14. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგია და ყოველწლიური სამოქმედო გეგმა 1. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, მართვის, ფუნქციონირებისა და განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიას, რომელიც ოთხწლიანია, და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას. 2. ყოველწლიური სამოქმედო გეგმით უნდა განისაზღვროს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისთვის აუცილებელი საქმიანობის მიმართულებები, აგრეთვე მათ შესასრულებლად საჭირო რესურსები და მათი წყაროები. 3. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიასა და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას კოორდინატორის წარდგინებით საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საკოორდინაციო საბჭო. 4. კოორდინატორი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად შეიმუშავებს თავისი საქმიანობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას. მუხლი 15. დაფინანსება 1. ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის, აგრეთვე კოორდინატორის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებები შეიძლება დაფინანსდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 2. ამ კანონის მე-5−მე-7 მუხლებით განსაზღვრული სივრცითი მონაცემების ნაკრებების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების წარმოების, შენახვის, სტანდარტიზაციის, განახლებისა და ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსებთან წვდომასა და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯები სუბიექტებს ეკისრებათ. თავი IV გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 16. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები 1. საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს: ა) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, მართვის, ფუნქციონირებისა და განვითარების მიზნით ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიისა და შესაბამისი წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; ბ) ეროვნულ გეოპორტალზე სივრცითი მონაცემების გამოქვეყნებისთვის პასუხისმგებელი შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტებისა და მათ მიერ თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში გამოსაქვეყნებელი მონაცემების განსაზღვრა; გ) მეტამონაცემების ეროვნული პროფილის დამტკიცება; დ) მონაცემთა მოდელის ტექნიკური სპეციფიკაციის დამტკიცება; ე) მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციის ეროვნული პროფილის დამტკიცება; ვ) ქსელური სერვისების იმპლემენტაციის ტექნიკური სპეციფიკაციის დამტკიცება; ზ) ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსებთან დაშვების (ლიცენზიის), მათი გამოყენებისა და გაზიარების პირობებისა და წესების დამტკიცება; თ) ტექნიკური ჩარჩორეგლამენტის დამტკიცება; ი) მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების მოდელის ეროვნული პროფილის დამტკიცება; კ) მონიტორინგის ყოველწლიური ანგარიშის ეროვნული პროფილის დამტკიცება; ლ) საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცება. 2. კოორდინატორმა 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ეროვნული გეოპორტალისა და მეტამონაცემების ეროვნული კატალოგის შექმნა. 3. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების მიღება (გამოცემა), სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა და ამ კანონის შესასრულებლად საჭირო სხვა წინასწარი ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 17. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−მე-15 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი−მე-15 მუხლები ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან. |
თბილისი, 16 ნოემბერი 2023 წ. N3705-XIIIმს-Xმპ |
Return back
Document comments