„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“

  • Word
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 525
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 15/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 131, 20/09/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.08.002.004
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
525
15/09/2007
სსმ, 131, 20/09/2007
010.110.000.08.002.004
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/09/2007 - 11/12/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №525

2007 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

1. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს:

ა) ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი (დანართი №1);

ბ) საკუთრების უფლების მოწმობის ფორმა (დანართი №2).

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

     მ. სააკაშვილი

დანართი №1

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

ეს წესი არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, განსაზღვრავს იმ ორგანოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს, აგრეთვე, ამ პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

    მუხლი 2.

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მიწის ნაკვეთი – სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე;

ბ) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან/და თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი;

დ) მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა;

ე) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი – ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი;

ვ) ცნობა-დახასიათება – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ასახავს მასთან დაცული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის არქივის მონაცემებს უძრავი ნივთის თაობაზე;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო – მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ქალაქის) საკრებულო, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს მიწის ნაკვეთი.

2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები გამოიყენება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით.

    მუხლი 3.

1. საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთი:

ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებული;

ბ) სარგებლობაში არსებული;

გ) თვითნებურად დაკავებული.

2. საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა:

ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა;

ბ) წყლის ფონდი;

გ) დაცული ტერიტორია;

დ) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვ.;

ე) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები;

ვ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო) და დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი, დაცული ტერიტორია);

ზ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები;

თ) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები;

ი) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები;

კ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული სახელმწიფო ქონება „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას;

ლ) სასაფლაო და პანთეონი;

მ) სანიტარიული და დაცვითი ზონები;

ნ) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის.

    მუხლი 4.

1. მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა დაინტერესებულ პირს საკუთრებაში გადაეცემა უსასყიდლოდ.

2. სარგებლობაში არსებული მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური შეადგენს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ათმაგ ოდენობას.

3. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური შეადგენს:

ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ ჰექტარზე – საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ასმაგ ოდენობას;

ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე – საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ორასმაგ ოდენობას, მაგრამ, თუ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ორასმაგი ოდენობა მეტია მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე მოქმედ ნორმატიულ ფასზე, მაშინ თვითნებურად დაკავებული მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური შეადგენს მოთხოვნის დროისათვის შესაბამის მიწაზე მოქმედ ნორმატიულ ფასს.

4. საკუთრების უფლების აღიარების საფასური გადახდილ უნდა იქნეს ერთიანად.

თავი II

საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანო

    მუხლი 5.

1. საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს მუდმივმოქმედი კომისიის მეშვეობით.

2. კომისიის შემადგენლობა მტკიცდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილების ვადით.

3. კომისია დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წინაშე. არავის არა აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

4. კომისიას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.

    მუხლი 6.

1. კომისია შედგება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არა უმეტეს 2 წევრისგან, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებისაგან.

2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება სულ მცირე 5 წევრით. კომისიის წევრთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 11-ს და უნდა იყოს კენტი.

3. კომისიის წევრებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ორგანოთა წარდგინებით, ხოლო კომისიის წევრთაგან კომისიის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო. კომისიის წევრის, კომისიის თავმჯდომარის და კომისიის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურა შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ ერთხელ.

4. პირი არ შეიძლება დაინიშნოს კომისიის წევრად ზედიზედ 2 ვადაზე მეტი ხნით.

5. კომისიის წევრის, კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის თავმჯდომარის მოადგილის საქმიანობა არ ანაზღაურდება.

    მუხლი 7.

1. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს კომისიის წევრი, რომელიც:

ა) თვითონ არის დაინტერესებული პირი საქმეში;

ბ) დაინტერესებული პირის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;

გ) დაინტერესებული პირის წარმომადგენელია;

დ) შრომით ურთიერთობაშია დაინტერესებულ პირთან;

ე) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებულ პირს;

ვ) დაინტერესებული პირის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია.

2. ამ წესის მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:

ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;

ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;

გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;

დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

3. კომისიის წევრი ვალდებულია კომისიას აცნობოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.

4. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ პირს (წარმომადგენელს), რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს კომისიის წევრის აცილების საფუძველი, უფლება აქვს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე კომისიის წევრს წერილობით გამოუცხადოს აცილება. განცხადება აცილების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული.

5. დაინტერესებულმა პირმა (წარმომადგენელმა) აცილების განცხადება უნდა შეიტანოს კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან ან იმ მომენტიდან 2 დღეში, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ისეთი ფაქტი ან გარემოება, რომელიც იძლევა აცილების საფუძველს.

6. კომისიის წევრის აცილებისა და თვითაცილების საკითხს წყვეტს კომისია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

    მუხლი 8.

1. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა;

გ) მოვალეობის სისტემატურად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიან პირად აღიარება;

ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადება;

ვ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

ზ) შესაბამისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტა;

თ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ი) გარდაცვალება;

კ) კომისიის უფლებამოსილების ვადის გასვლა ან შეწყვეტა.

2. კომისიის წევრის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

3. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, თუ კომისიის წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლები ან ლუწი იქნება, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო ვალდებულია 5 დღეში დანიშნოს ახალი წევრი.

    მუხლი 9.

1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

2. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელსაც კომისიის წევრთაგან ირჩევს კომისია ხმათა უბრალო უმრავლესობით.

3. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომდგენლობითი ორგანოს აპარატი, ხოლო ქ. თბილისში – ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაცია.

    მუხლი 10.

1. კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე.

3. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი III

საკუთრების უფლების აღიარების წესი და პირობები

    მუხლი 11.

1. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ ბრძანებულებით განსაზღვრული წესით.

2. საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.

3. განცხადებაში უნდა აღინიშნოს:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს კომისია, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;

ბ) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;

გ) განმცხადებლის მოთხოვნა;

დ) განცხადებაზე დართული დოკუმენტების ნუსხა;

ე) განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა.

4. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან/და თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი;

გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად, კერძოდ, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა/მისამართი, მიწის ნაკვეთის დანიშნულება (სასოფლო, არასასოფლო), ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის ხარისხობრივი (კარგი და მწირი) მონაცემები;

დ) დაინტერესებული პირის ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

5. განმცხადებელს უფლება აქვს განცხადებას დაურთოს ასევე სხვა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს მის მიერ მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტას.

6. განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს დედნის ან/და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლის სახით.

7. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს რამდენიმე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვოს ერთი განცხადებით.

8. მიწის ნაკვეთზე ერთობლივი მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან/და თვითნებურად დაკავების შემთხვევაში, განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთ-ერთი მართლზომიერი მფლობელის, მოსარგებლის ან/და თვითნებურად დამკავებლის მიერ, რომელსაც უნდა ჰქონდეს თანამფლობელის, მოსარგებლის ან/და თვითნებურად დამკავებლის წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს საკუთრების უფლების აღიარება და მასზე განთავსებული უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზება მოითხოვოს ერთი განცხადებით.

    მუხლი 12.

1. კომისია საქმიანობას ეწევა კომისიის სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომები ტარდება საჯაროდ. კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია.

2. კომისია ვალდებულია 2 სამუშაო დღით ადრე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე გამოაქვეყნოს, ხოლო დაინტერესებულ პირს 1 კვირით ადრე წერილობით აცნობოს ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ.

3. კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომებს ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა.

4. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების წარმომადგენლები, ცალკეული დარგის ექსპერტები/სპეციალისტები ან/და სხვა მოწვეული პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები.

5. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია დაესწროს კომისიის სხდომებს და მისცეს ახსნა-განმარტება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

6. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.

7. კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა. კომისიის თითოეულ წევრს აქვს მხოლოდ ერთი ხმის უფლება. ხმების თანაბარი გადანაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

8. ხმის მიცემა წარმოებს ღია კენჭისყრის ფორმით. ხმის მიცემა წარმომადგენლის მეშვეობით დაუშვებელია.

9. კომისიის წევრს უფლება არ აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან ან ხმა მისცეს იმ საკითხს, რომლის განხილვაშიც არ იღებდა მონაწილეობას.

    მუხლი 13.

1. კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის ყველა დამსწრე წევრი და კომისიის მდივანი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს უფლება სხდომის ოქმს წერილობით დაურთოს საკუთარი განსხვავებული აზრი, რომელიც აღინიშნება ოქმში.

2. ოქმში უნდა მიეთითოს:

ა) კომისიის დასახელება;

ბ) სხდომის დრო და ადგილი;

გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;

დ) სხდომაში მონაწილე დაინტერესებული პირის, აგრეთვე ექსპერტისა და მოწმის ვინაობა;

ე) განხილვის საგანი;

ვ) მოწმეთა და ექსპერტთა ჩვენების მოკლე აღწერა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგები;

ზ) კენჭისყრის შედეგები;

თ) მიღებული გადაწყვეტილება.

    მუხლი 14.

1. კომისია გადაწყვეტილებას იღებს განცხადების რეგისტრაციიდან ერთ თვეში. თუ საკუთრების უფლების აღიარებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ერთ თვეზე მეტი, კომისია უფლებამოსილია განცხადების განხილვის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის პერიოდის დამატებით ერთი თვით გაზრდის შესახებ. ამ შემთხვევაში განცხადების განხილვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

2. კომისიის გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე.

    მუხლი 15.

1. თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს, კომისია განცხადების განხილვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ აღიარების თაობაზე.

2. თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა სარგებლობაში არსებულ ან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს, კომისია დაინტერესებულ პირს განცხადების განხილვის ვადაში უგზავნის წერილობით შეტყობინებას საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი ერთ თვეში სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე. თუ დაინტერესებული პირი საკუთრების უფლების აღიარების საფასურს გადაიხდის წერილობითი შეტყობინებით დადგენილ ვადაში და შესაბამისი ოდენობით, მაშინ კომისია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ აღიარების შესახებ.

3. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.

4. გადაწყვეტილება მიიღება მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საზღვრებისა და ფართობის მიხედვით. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების შესაბამისობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში დაცულ საკადასტრო რუკის მონაცემებთან.

    მუხლი 16.

1. თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან/და თვითნებურად დაკავების ფაქტი, ან ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში, შესაბამისი ოდენობით და შესაბამის ვადაში არ იქნა გადახდილი საკუთრების უფლების აღიარების საფასური, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.

2. თუ კომისიამ განცხადების განხილვის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, ეს ჩაითვლება მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ ან/და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია განცხადების განხილვის ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში მიიღოს წერილობითი გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.

    მუხლი 17.

1. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი, რომელთა საფუძველზეც საკუთრების უფლებააღიარებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

2. საკუთრების უფლების მოწმობას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე ან მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზი მოწმდება კომისიის ბეჭდით.

3. საკუთრების უფლების მოწმობის ფორმა მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

    მუხლი 18.

განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

დანართი 2

მცირე სახელმწიფო გერბი

საკუთრების უფლების მოწმობა №

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––

(ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს დასახელება)

ეძლევა–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––– 

(მესაკუთრე/მესაკუთრეები)

  

მასზედ, რომ მას საკუთრებაში გადაეცა:

––––––––––––––––––––––– ––––– მიწის ნაკვეთი, ფართობით: ––––––––––– –– კვ.მ/ჰა

 სასოფლო-სამეურნეო/არასასოფლო-სამეურნეო

და შენობა/ნაგებობა, ფართობით: –––––––––––––––––––––––––– ––––––––––––– კვ.მ

შენობა/ნაგებობის ოდენობა და მათი ფართობი

 

რომელიც მდებარეობს:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––

(ადგილმდებარეობა/მისამართი)

მოწმობა შედგენილია 2 ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, მეორე ინახება მოწმობის გამცემ ორგანოში. მოწმობა ძალაშია დამოწმებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს.

გაცემულია 200  წლის ––––––––– ––  ––––––––––––– –––––––

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა  /--------------- --------/  /---------------- ------------/

ხელმოწერა        სახელი, გვარი

17. 04/08/2016 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 191 - ვებგვერდი, 05/08/2016 16. 16/08/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 644 - ვებგვერდი, 16/08/2013 15. 07/05/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 283 - ვებგვერდი, 07/05/2013 14. 19/09/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 858 - ვებგვერდი, 19/09/2012 13. 22/07/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 401 - ვებგვერდი, 110725034, 25/07/2011 12. 22/06/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 328 - ვებგვერდი, 110622008, 22/06/2011 11. 18/01/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 27 - ვებგვერდი, 180111, 18/01/2011 10. 30/12/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 1087 - სსმ, 172, 31/12/2010 9. 30/06/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 456 - სსმ, 76, 30/06/2010 8. 22/01/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 46 - სსმ, 7, 25/01/2010 7. 05/12/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 585 - სსმ, 176, 11/12/2008 6. 21/07/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 375 - სსმ, 103, 22/07/2008 5. 15/04/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 194 - სსმ, 58, 16/04/2008 4. 24/03/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 152 - სსმ, 45, 25/03/2008 3. 19/02/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 92 - სსმ, 26, 20/02/2008 2. 14/01/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 11 - სსმ, 6, 16/01/2008 1. 11/12/2007 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 681 - სსმ, 175, 11/12/2007