სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/2044
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 27/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 170, 29/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 13/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 240140000.22.024.016029
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1-1/2044
27/12/2010
სსმ, 170, 29/12/2010
240140000.22.024.016029
სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/12/2010 - 17/10/2011)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2044

2010 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილებით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-20 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო ქონების მონაწილეობით (საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი) შექმნილი საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 25 ოქტომბრის №1-3/750 ბრძანება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია

 

სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. დებულება განსაზღვრავს იმ საწარმოების ლიკვიდაციის წესს, რომელთა 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო.

2. ლიკვიდაცია არის იურიდიული პირის (საწარმოს) არსებობის შეწყვეტა, რომლის შედეგად მისი უფლებები და მოვალეობები არ გადადის სამართალმემკვიდრეობის წესით სხვა პირებზე.

3. ლიკვიდაციის საფუძვლებია:

ა) პარტნიორთა (აქციონერთა) გადაწყვეტილება;

ბ) სასამართლოს განაჩენი.

4. გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე იღებს პარტნიორთა (აქციონერთა) საერთო კრება, სადაც სახელმწიფოს (პარტნიორს) წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ,,საწარმოთა მართვის სააგენტო” (შემდგომში – სააგენტო).

5. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

6. საწარმოს ლიკვიდაცია დასრულებულად ითვლება მარეგისტრირებელ ორგანოში საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე განცხადებისა და საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციისთანავე.

    მუხლი 2. ლიკვიდატორი

1. საწარმოს ლიკვიდაციას ახორციელებს ლიკვიდატორი.

2. პარტნიორებს, ასევე საწარმოს წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ან დირექტორს (დირექტორებს), შეუძლიათ განსაზღვრონ ის პირები, რომლებიც ახორციელებენ ლიკვიდაციას.

3. ლიკვიდაციის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს:

 ა) საწარმოს სახელწოდებას;

 ბ) საწარმოს იურიდიულ მისამართს;

 გ) ყველა პარტნიორის პირად მონაცემებს (თუ ერთ-ერთი პარტნიორი იურიდიული პირია – იგი ვალდებულია დამატებით წარადგინოს ნოტარიულად დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლები (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ბოლო მდგომარეობით), პარტნიორთა კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმები (ასეთის არსებობის შემთხვევაში));

დ) საწარმოს ლიკვიდატორის პირად მონაცემებს და ხელმოწერას.

4. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს ინფორმაცია, სადაც მიეთითება საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების ვადები.

5. ლიკვიდატორის უფლება-მოვალეობებია:

ა) დანიშვნისთანავე შეადგინოს საწარმოს ბალანსი;

ბ) საწარმოს ბალანსები დასამოწმებლად წარუდგინოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს;

გ) სალიკვიდაციო საწარმოს ქონება ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ორი კვირის ვადაში შეაფასოს ექსპერტის ან/და სერტიფიცირებული აუდიტორის მეშვეობით, რომლის გასამრჯელოს აანაზღაურებს საწარმო. აუდიტორის ან/და ექსპერტის კანდიდატურა და მისი გასამრჯელოს ოდენობა შეთანხმებულ უნდა იქნეს სააგენტოსთან;

დ) საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციისთანავე საწარმოს ყველა ცნობილ კრედიტორს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს კრედიტორთა დაკმაყოფილების ვადები, ხოლო უცნობ კრედიტორებს და იმ კრედიტორებს, რომელთა მისამართი უცნობია, ლიკვიდაციის თაობაზე ინფორმაცია ეცნობებათ საჯარო განცხადებით; საწარმოს ქონების რეალიზაციის დაწყებამდე საწარმო (ლიკვიდატორი) ვალდებულია ნებისმიერ პირს მოთხოვნისთანავე მიაწოდოს საწარმოს ცნობილ კრედიტორთა დაზუსტებული სია. საწარმოს (ლიკვიდატორს) შეუძლია აღნიშნული დაზუსტებული სია გამოაქვეყნოს პერიოდულ გამოცემაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებაში;

ე) დაასრულოს საწარმოს მიმდინარე საქმეები და შეასრულოს საზოგადოების ვალდებულებები;

ვ) წარმოადგინოს საწარმო ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ გარიგებებში და წარმართოს პროცესები. მას უფლება აქვს დაამთავროს საარბიტრაჟო საქმეები ან მორიგებით დაასრულოს დავები;

ზ) უზრუნველყოს საწარმოს დებიტორული დავალიანებების ამოღება, საჭიროების შემთხვევაში სარჩელით მიმართოს სასამართლოს;

თ) საჭიროების შემთხვევაში და სააგენტოს თანხმობით ჩაერთოს ახალ გარიგებებში;

ი) საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია.

6. ლიკვიდატორი საწარმოს საქმეებს უნდა გაუძღვეს გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით. თუ ლიკვიდატორი არ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებს პირადად მთელი თავისი ქონებით პარტნიორის (პარტნიორების) წინაშე.

7. ლიკვიდატორი საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 (ორი) კვირის ვადაში სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგენს საწარმოს ლიკვიდაციის გეგმას, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) საწარმოს სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს და მის საბანკო ანგარიშს;

ბ) საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას, ვალის მოცულობასა და სტრუქტურას;

გ) საწარმოს აქტივების მოცულობასა და სტრუქტურას;

დ) დებიტორული დავალიანების ამოსაღებად გასატარებელ ღონისძიებებს;

ე) კრედიტორული დავალიანების დასაფარად გასატარებელ ღონისძიებებს;

ვ) კრედიტორთა მოთხოვნების ცნობისა და უარყოფის შესახებ;

ზ) პირობებს, ქონების საბაზრო ღირებულებასა და ფორმებს, რომელთა მიხედვითაც მოხდება ქონების გაყიდვა;

თ) საწარმოს ლიკვიდაციისას სოციალური შედეგების ასაცილებლად გასატარებელ ღონისძიებებს;

ი) კრედიტორებთან ანგარიშსწორების წესს;

კ) წინადადებებს კრედიტორების დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი ფულადი სახსრების განაწილების შესახებ.

8. საწარმოს ლიკვიდაციის გეგმას თან უნდა ახლდეს:

ა) საწარმოს ბალანსი ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის;

ბ) კრედიტორების სია, კრედიტორული დავალიანებების საერთო თანხის მითითებით;

გ) ექსპერტის ან/და სერტიფიცირებული აუდიტორის დასკვნა სალიკვიდაციო საწარმოს ქონების საბაზრო ღირებულების თაობაზე;

დ) მოწვეულ პირთა რაოდენობა, ფუნქციები და ანაზღაურება.

9. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია სააგენტოს წინაშე.

10. ლიკვიდატორის გასამრჯელო ანაზღაურდება სალიკვიდაციო საწარმოს ქონებიდან. გასამრჯელოს ოდენობა განისაზღვრება სალიკვიდაციო საწარმოს ქონების ღირებულებისა და ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობის გათვალისწინებით.

11. ლიკვიდატორის შეცვლის შემთხვევაში ყოფილი ლიკვიდატორი ვალდებულია ახალ ლიკვიდატორს მიღება-ჩაბარების აქტით გადააბაროს სალიკვიდაციო საწარმოს ქონება და დოკუმენტაცია.

    მუხლი 3. ლიკვიდაცია

1. საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, რის თაობაზეც მარეგისტრირებელი ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს საგადასახადო ორგანოს. ლიკვიდაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდგომ ქვეყნდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში 10 დღის ვადაში; გადაწყვეტილებასთან ერთად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) სალიკვიდციო საწარმოს სახელწოდება და იურიდიული მისამართი;

ბ) ლიკვიდატორის ვინაობა;

გ) კრედიტორების მოთხოვნების წარდგენის ვადა;

დ) ინფორმაცია მოთხოვნის წარმოდგენის წესის შესახებ.

2. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან კანონით დადგენილ ვადაში საწარმომ (ლიკვიდატორმა) უნდა დაიწყოს ამ საწარმოს ქონების რეალიზაცია საბაზრო ფასით ან აუქციონის წესით და ამგვარი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები განათავსოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

3. საწარმოს ქონების აუქციონის მოწყობის გარეშე რეალიზაცია ხდება სააგენტოსთან შეთანხმებით, რომელიც აღნიშნულ საკითხს წერილობით ათანხმებს საქართველოს ეკონომიკისა და მგრადი განვითარების სამინისტროსთან.

4. პირველი აუქციონი ტარდება აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არა უადრეს 10 და არა უგვიანეს 14 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ პირველ აუქციონზე ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, ტარდება განმეორებითი აუქციონი პირველი აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 14 დღისა.

5. საწარმოს ქონების რეალიზაციის საფასური მყიდველმა უნდა დაფაროს აუქციონის ჩატარებიდან 20 დღის ვადაში.

6. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის წესით ვერ მოხდა ქონების გაყიდვა, დარჩენილი ქონება კრედიტორებს უნაწილდებათ ნატურით მათი რიგითობის მიხედვით, კრედიტორული დავალიანების პროპორციულად. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორები უარს აცხადებენ მოთხოვნის ნატურით დაკმაყოფილებაზე ან/და კანონით დადგენილ სალიკვიდაციო ვადაში ვერ ხერხდება საწარმოსა და კრედიტორებს შორის, ან თავად კრედიტორებს შორის ქონების განაწილების თაობაზე შეთანხმება, ქონება გადაეცემა დამფუძნებლებს მათი წილის პროპორციულად.

7. ნატურით დაკმაყოფილება არ ვრცელდება ლიკვიდატორის მიერ ლიკვიდაციის პროცესში გაწეულ ხარჯებზე.

8. ლიკვიდაციის პროცესის განმავლობაში დაუშვებელია საწარმოს ქონების გასხვისება, გარდა კრედიტორთა დაკმაყოფილებისა.

9. თუ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ 3 თვის განმავლობაში აღმოჩნდება, რომ ლიკვიდაციისას არ იქნა დაკმაყოფილებული საწარმოს კრედიტორთა ნაწილი, მათი დაკმაყოფილება მოხდება კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად დეპონირებული თანხიდან ან ქონებიდან. დეპონირებული თანხები ან ქონება ნაწილდება პარტნიორებს შორის მათი წილის პროპორციულად, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 4. კრედიტორების მიერ წარსადგენი მოთხოვნა

1. კრედიტორის მოთხოვნა წარედგინება საწარმოს (ლიკვიდატორს) დადგენილ ვადაში.

2. კრედიტორის მოთხოვნაში აისახება:

ა) კრედიტორის ვინაობა და მისამართი;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მონაცემები (იურიდიული პირის შემთხვევაში – სადამფუძნებლო დოკუმენტაცია და რეგისტრაციის მოწმობა);

გ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ იგი წარმოდგენილია სხვა პირის მეშვეობით;

დ) ვალდებულების წარმოშობის საფუძველი და პერიოდი;

ე) ვალდებულების ოდენობა (გამოხატული ფულად თანხაში).

3. კრედიტორის მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს ვალდებულების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები).

4. კრედიტორს მოთხოვნის წარდგენის უფლება აქვს საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ მოთხოვნის წარუდგენლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, მაშინ მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა ჩერდება აღნიშნული გარემოებების არსებობის ვადით. ამასთანავე კრედიტორმა დაუძლეველი ძალის ამოწურვიდან 3 დღის განმავლობაში უნდა აცნობოს ლიკვიდატორს აღნიშნული გარემოებების შესახებ.

5. კრედიტორის მოთხოვნა და შესაბამისი დოკუმენტები რეგისტრირდება ლიკვიდატორის მიერ სპეციალურ ჟურნალში.

6. კრედიტორების მიერ მოთხოვნის წარმოდგენის შემდეგ ლიკვიდატორი განიხილავს მას და გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი ცნობის ან უარყოფის შესახებ.

7. მოთხოვნის წარდგენის მოვალეობა არ წარმოეშობათ იმ კრედიტორებს, რომელთა მოთხოვნა გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობიდან.

    მუხლი 5. კრედიტორული დავალინებების დაფარვის რიგითობა

1. ლიკვიდაციის შედეგად საწარმოს ქონების რეალიზაციით შემოსული თანხების აკუმულირება ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, საიდანაც ხდება კრედიტორთა დაკმაყოფილება.

2. ლიკვიდირებულად ცნობილი საწარმოს ქონების გაყიდვის შედეგად კრედიტორები დაკმაყოფილდებიან შემდეგი რიგითობით:

ა) სალიკვიდაციო ხარჯები;

ბ) იმ პირთა მოთხოვნები, რომელთა წინაშეც საწარმოს ეკისრება პასუხისმგებლობა მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მიყენებული ზიანისათვის, შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი მოთხოვნები;

გ) ის მოთხოვნები, რომელთა მოთხოვნის უფლება უზრუნველყოფილია სალიკვიდაციო საწარმოს ქონებაზე გირავნობით/იპოთეკით;

დ) დავალიანებები ბიუჯეტისა და არასაბიუჯეტო ფონდების მიმართ;

ე) კანონით გათვალისწინებული სხვა კრედიტორების მოთხოვნები.

    მუხლი 6. საწარმოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება

1. კრედიტორებთან საბოლოო ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ ლიკვიდატორი ადგენს საწარმოს სალიკვიდაციო ბალანსს, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს სერტიფიცირებული აუდიტორის მიერ. პარტნიორები საერთო კრებაზე ამტკიცებენ საწარმოს სალიკვიდაციო ბალანსს და ხელს აწერენ გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის დასრულების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების თაობაზე.

2. ლიკვიდირებული საწარმოს დარჩენილი ქონება პარტნიორებს შორის განაწილდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.