საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4075-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 29/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.016145
  • Word
4075-რს
15/12/2010
სსმ, 76, 29/12/2010
060000000.05.001.016145
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-14 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის, გამარტივებული წესით გადახდის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 2000 ლარს;“.

2. 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ქონების რეალიზაციის შეჩერება, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XXXIV3 თავი:

„თავი XXXIV3

ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი

    მუხლი 30916. დასაშვებობა

ამ თავით დადგენილი წესით შეიძლება განხილულ იქნეს სარჩელი დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

    მუხლი 30917. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი

1. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი.

2. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

    მუხლი 30918. განსჯადობა

ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი სასამართლოში შეიტანება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

    მუხლი 30919. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა

1. მოსამართლე ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის შეტანიდან 3 დღის ვადაში იხილავს მისი წარმოებაში მიღების საკითხს.

2. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის შესახებ და მოსარჩელეს მის შესავსებად მისცემს განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადას. თუ მოსარჩელე ამ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოიტანს განჩინებას ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და სარჩელს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად დაუბრუნებს მოსარჩელეს.

3. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

4. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის მიღების თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ ან ასეთი განჩინების გამოტანის ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლე სარჩელს და თანდართული დოკუმენტების ასლებს დაუყოვნებლივ უგზავნის მოპასუხეს ამ კოდექსის 201-ე მუხლით დადგენილი წესით და განუსაზღვრავს ვადას შესაგებლის წარსადგენად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.

    მუხლი 30920. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვა

1. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს სასამართლო განიხილავს წარმოებაში მიღებიდან 1  თვის ვადაში.

2. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 30921. ზიანის ანაზღაურების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება

ზიანის ანაზღაურების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში.“.

 მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15 დეკემბერი.

№4075-რს