ადგილობრივი მმართველობის ორგანოს (რაიონის, ქალაქის) სამხედრო განყოფილების დებულების შესახებ

  • Word
ადგილობრივი მმართველობის ორგანოს (რაიონის, ქალაქის) სამხედრო განყოფილების დებულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 84
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 17/03/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 22, 21/03/2003
სარეგისტრაციო კოდი 120.020.010.05.002.002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
84
17/03/2003
სსმ, 22, 21/03/2003
120.020.010.05.002.002
ადგილობრივი მმართველობის ორგანოს (რაიონის, ქალაქის) სამხედრო განყოფილების დებულების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/03/2003 - 19/05/2003)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №84

2003 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

ადგილობრივი მმართველობის ორგანოს (რაიონის, ქალაქის) სამხედრო განყოფილების დებულების შესახებ

1. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცდეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს (რაიონის, ქალაქის) სამხედრო განყოფილების თანდართული დებულება.

2. ქალაქ თბილისის მერიამ სამხედრო განყოფილების საქმიანობის ორგანიზაცია და მართვა განახორციელოს „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის №685 ბრძანებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე) უზრუნველყოს რაიონებისა და ქალაქების ყოფილი სამხედრო კომისარიატების (განყოფილებების) 2003 წლის 1 იანვრისათვის არსებულ დავალიანებათა დადგენილი წესით დაფარვა.

ე. შევარდნაძე

ადგილობრივი მმართველობის ორგანოს (რაიონის, ქალაქის) სამხედრო განყოფილების

დებულება

I. ზოგადი დებულებანი

1. ადგილობრივი მმართველობის ორგანოების (რაიონის, ქალაქის) სამხედრო განყოფილება (შემდგომში – განყოფილება) არის ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელობას დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას.

2. განყოფილება თავის საქმიანობას ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით – დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელების გადაწყვეტილებებით და სპეციალური სახელმძღვანელოთი „სამხედრო განყოფილებათა სამსახურებრივი საქმიანობის წარმართვის შესახებ“.

3. განყოფილება ფინანსდება რაიონის (ქალაქის) ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

4. განყოფილებას აქვს შტამპი, ბეჭედი, ბლანკი განყოფილების სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები.

II. განყოფილების ძირითადი ამოცანები, უფლებები და მოვალეობანი

1. განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზაცია;

ბ) უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობა;

გ) გააკონტროლოს რაიონის (ქალაქის) ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება;

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობანი.

2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა;

ბ) 15 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა;

გ) წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება;

დ) გაერთიანებული სამხედრო აკადემიისა და კადეტთა კორპუსისათვის კანდიდატების შერჩევა, მომზადება და გაგზავნა;

ე) საშუალო სკოლებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი;

ვ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზაცია და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში გაგზავნა;

ვ) ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების ორგანოებთან ერთად შესაბამისი გეგმის მიხედვით წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურისათვის მოსამზადებელ ღონისძიებათა განხორციელება;

თ) აღრიცხვაზე აყვანისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მოქალაქეთა განცხადებების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა და სათანადო გადაწყვეტილებათა მიღება;

ი) სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლისათვის თავის ამრიდებელი მოქალაქეების შესახებ მასალების მომზადება და მათი გადაცემა სამართალდამცავი ორგანოებისათვის;

კ) სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი.

3. განყოფილებას უფლება აქვს:

ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეუფერხებლად გამოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია რაიონის (ქალაქის) სახელმწიფო ორგანოებიდან, კერძო სტრუქტურებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან;

ბ) მონაწილეობა მიიღოს ახალგაზრდობის საკითხებთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში. შეისწავლოს და დასვას საკითხი რაიონის (ქალაქის) ხელმძღვანელობის წინაშე მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ;

გ) მოაწყოს თათბირები და შეხვედრები მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესახებ.

4. განყოფილება ვალდებულია:

ა) გააკონტროლოს რაიონის (ქალაქის) სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეახალგაზრდობის პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიმდინარეობა; გაუწიოს კონსულტაციები სასწავლო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს დაწყებითი სამხედრო მასწავლებლების შერჩევაში, ჩაუტაროს მათ სასწავლო-მეთოდური მეცადინეობები;

ბ) გამოიკვლიოს მოქალაქის პროფესიულ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა სამხედრო სამსახურში მისი ეფექტიანად გამოყენების მიზნით;

გ) მოამზადოს და საქართველოს პრეზიდენტის შესაბამის სამსახურს დადგენილ ვადებში წარუდგინოს ინფორმაცია და ანგარიში მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ.

III. განყოფილების საქმიანობის ორგანიზაცია და მართვა

1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც ნიშნავს რაიონის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი საქართველოს პრეზიდენტის შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით.

2. განყოფილების სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განყოფილების უფროსის წარდგინებით ამტკიცებს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი.

3. განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია განყოფილების წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისათვის;

ბ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს განყოფილების თანამშრომლებს; ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და განყოფილების თანამშრომელთა შორის. აკონტროლებს მათზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას.

IV. განყოფილების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

განყოფილების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე.