საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 212
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 45, 19/05/2003
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/05/2003 - 11/01/2012)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №212

2003 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დმანისის დრამატული თეატრის „ქვემო ქართლის“ შექმნის შესახებ

დმანისის დრამატული თეატრის „ქვემო ქართლის“ საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად :

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დმანისის დრამატული თეატრი „ქვემო ქართლი“.

2. დამტკიცდეს დმანისის დრამატული თეატრის „ქვემო ქართლის“ თანდართული დებულება.

3. დმანისის დრამატული თეატრის „ქვემო ქართლის“ საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს დმანისის გამგეობამ და საქართველოს კულტურის სამინისტრომ. დმანისის გამგეობას დაევალოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით.

4. დმანისის დრამატულ თეატრს „ქვემო ქართლს“ უძრავი და მოძრავი ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესაბამისმა უწყებამ გააფორმოს თეატრთან სათანადო ხელშეკრულება მე-4 პუნქტის შესაბამისად .

5. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ დმანისის დრამატული თეატრ – „ქვემო ქართლთან“ გააფორმოს სათანადო ხელშეკრულება ამ ბრძანებულების მე-4 პუნტის შესაბამისად.

ე. შევარდნაძე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დმანისის დრამატული თეატრის „ქვემო ქართლის“ დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. დმანისის დრამატული თეატრი „ქვემო ქართლი“ (შემდგომში – თეატრი) საჯარო სამართლის იურიდიული პირია.

2. თეატრი თავისი საქმიანობის ფორმით სტაციონალური სარეპერტუარო თეატრია.

3. თეატრი, როგორც მხატვრული სანახაობითი დაწესებულება, დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით საქმიანობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, „საქართველოს თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანებებისა და ამ დებულების შესაბამისად.

4. თეატრი ხანგრძლივი ტრადიციების მქონე ორგანიზაციაა, რომელსაც გააჩნია მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობა, თეატრალური დასი, მათი უშუალო მონაწილეობით ხდება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოებებისა და სხვადასხვა სცენური წარმოდგენების (სპექტაკლების) შესრულება.

5. თეატრს აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, სხვადასხვა სახის ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, საკუთარი ბეჭედი, შტამპი, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. თეატრს უფლება აქვს საკუთარი სახელით შეიძინოს პირადი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები. იტვირთოს ვალდებულებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში, დადოს კანონით ნებადართული გარიგებები.

7. თეატრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.

8. თეატრის იურიდიული მისამართია: ქ. დმანისი, წმინდა ნინოს ქ. №56.

    მუხლი 2. თეატრის მიზნები და ამოცანები, საქმიანობის საგანი

1. თეატრის ძირითადი მიზანია ქართული და მსოფლიო დრამატურგიის საუკეთესო ნიმუშების საფუძველზე მაღალმხატვრული სპექტაკლების შექმნა, აგრეთვე სხვა ტიპის წარმოდგენებისა და შემოქმედებითი პროექტების განხორციელება.

2. თეატრის ამოცანაა რეგიონში ეროვნული კულტურის აღორძინება და განვითარება, აგრეთვე ადგილობრივი შემოქმედებითი ძალების აღზრდა-დაოსტატება.

3. თეატრის საქმიანობის ძირითადი საგანია ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა.

    მუხლი 3. თეატრის უფლება-მოვალეობანი

1. თეატრი უფლებამოსილია:

ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება რეპერტუარის არჩევის, სპექტაკლის საჯარო შესრულებისა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციისათვის. აირჩიოს მის მიერ შექმნილი სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ნებისმიერი ფორმა. გადასცეს ამ სპექტაკლის დადგმის უფლება სხვა თეატრებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. გასცეს ნებართვა საკუთარი პროდუქციის რეალიზაციაზე და გავრცელებისათვის ;

ბ) აწარმოოს კანონით ნებადართული სამეურნეო-ეკონომიკური საქმიანობა, თუ ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ხმარდება თეატრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, მუშაკთა სოციალურ დაცვას და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა განხორციელებას;

გ) დამოუკიდებლად განსაზღვროს თეატრის საშტატო ნუსხა, ხელფასის ფონდი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს;

 დ). შეიმუშაოს თეატრის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 2. თეატრს აქვს კანონით მინიჭებული სხვა უფლებები საქართველოს კანინმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

 3. თეატრს უფლება აქვს პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად კანონით დადგენილი წესით განკარგოს მისი ქონება და ფინანსური სახსრები.

 4. თეატრი ვალდებულია:

ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებების, საქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანებებისა და ამ დებულების შესაბამისად.

ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი ხელშეკრულების საფუძველზე, დაიცვას მუშაკთა პროფესიული და შრომითი უფლებები;

გ) აწარმოოს შემოქმედებითი და ფინანსური საქმიანობის ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. საქმიანობას, რომელსაც ესაჭიროება სპეციალური თანხმობა, თეატრი განახორციელებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნათა შაბამისად.

    მუხლი 4. თეატრის მართვა

1. თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, „საქართველოს თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანებებისა და ამ დებულების შესაბამისად.

2. თეატრი შედგება თეატრის ხელმძღვანელობის, სამხატვრო საბჭოს, თეატრალური დასისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისაგან.

3. თეატრის ხელმძღვანელობაში შედიან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და თეატრის დირექტორი.

4. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება დმანისის გამგეობის მიერ კულტურის სამინისტროს ან შეთანხმებით „საქართველოს თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ის პასუხისმგებელია თეატრის შემოქმედებითი საქმიანობისათვის.

5. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი უფლებამოსილია გადაწყვიტოს შემოქმედებითი პერსონალის მოწვევა-გათავისუფლების საკითხი საქართველოს კანონმდებლობითა და თეატრის დებულების შესაბამისად.

6. თეატრის დირექტორი არის პირი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დმანისის გამგეობა სამხატვრო ხელმძღვანელთან და საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით „საქართველოს თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ის წარმართავს თეატრის ორგანიზაციულ, ფინანსურ, სამეურნეო და ადმინისტრაციულ საქმიანობას.

7. თეატრის დირექტორი მინდობილობის გარეშე წარმოადგენს თეატრს და მოქმედებს მისი სახელით. კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელს აწერს საბანკო დოკუმენტებს, ბანკში ხსნის ანგარიშსწორების ანგარიშს, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებსა და ბრძანებებს.

8. თეატრის დირექტორი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად აწესრიგებს თეატრის ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის მიღებისა და გათავისუფლების საკითხებს, ხოლო შემოქმედებითი პერსონალისათვის – სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, თეატრის ინტერესებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია გასცეს რწმუნება-მინდობილობები.

    მუხლი 5. თეატრის ქონება და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა

1. თეატრის ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობა და ინვენტარი, რომელიც მას გადაცემული აქვს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად და რომელთა გაყიდვა ან სხვაგვარად დატვირთვა დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. თეატრის ქონებას წარმოადგენს აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და მატერიალური არქივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი.

3. თეატრის დაფინანსების წყაროებია:

ა) ადგილობრივი ბიუჯეტი;

ბ) უცხოური ინვესტიციები;

გ) ბილეთებიდან მიღებული შემოსავლები;

დ) საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობით მიღებული შემოსავლები;

ე) საქართველოსა და საზღვარგარეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების ფულადი შენატანები.

სამეურნეო-კომერციული საქმიანობიდან მიღებული და სხვა შემოსავლები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

    მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი

თეატრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ დმანისის გამგეობა და საქართველოს კულტურის სამინისტრო.

    მუხლი 7. თეატრის წლიური ბალანსი

1. თეატრის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.

2. თეატრი წლის ბოლოს ადგენს წლიურ ბალანსს. აწარმოებს საბუღალტრო, ოპერატიულ, სტატისტიკურ აღრიცხვას და დადგენილ ვადებში წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

    მუხლი 8. თეატრის ლიკვიდაცია

თეატრის როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 9. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებები შედის მოქმედი კანონმდებლომის შესაბამისად.

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.