ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ

  • Word
ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2139
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25(32), 02/07/1999
სარეგისტრაციო კოდი 040.040.000.05.001.000.605
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2139
22/06/1999
სსმ, 25(32), 02/07/1999
040.040.000.05.001.000.605
ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

კონსოლიდირებული ვერსია (27/04/2001 - 28/02/2002)

საქართველოს კანონი

ბავშვთა

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოთა მიერ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის აღმოჩენის ღონისძიებათა განხორციელებისას წარმოშობილ ურთიერთობებს.

2. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან წარმოშობილ სხვა ურთიერთობებს აწესრიგებს საქართველოს კანონმდებლობა.

    მუხლი 2

საქართველოს კანონმდებლობა ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 3

1. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა ხორციელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად:

ა) ამ კავშირების საქმიანობაში ჰუმანურ და პატრიოტულ ღირებულებათა უპირატესობა და საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრინციპების აღიარება;

ბ) ამ კავშირების მიერ სახელმწიფოებრივი მხარდაჭერით სარგებლობის თანასწორი შესაძლებლობა;

გ) ამ კავშირების დამოუკიდებლობის გათვალისწინება სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ღონისძიებათა განხორციელებისას.

2. ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა არ ვრცელდება პროფკავშირებსა და პოლიტიკურ გაერთიანებებზე.

    მუხლი 4

1. ბავშვთა კავშირი არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შექმნილი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის წესდებით განსაზღვრული საქმიანობის მიზანია ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის, მათი ნიჭისა და უნარის განვითარებისა და საზოგადოებაში დამკვიდრებისათვის ხელის შეწყობა.

2. ახალგაზრდული კავშირი არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შექმნილი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის წესდებით განსაზღვრულია, რომ წევრთა არანაკლებ 2/3 არის 26 წლამდე ასაკის საერთო ინტერესის მქონე მოქალაქე, გაერთიანებული თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

3. კავშირს უფლება აქვს ეწოდებოდეს შესაბამისად ბავშვთა ან ახალგაზრდული, თუ იგი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს.

საქართველოს 2001 წლის 27 აპრილის კანონი №861 - სსმ I, №13, 15.05.2001 წ., მუხ.45

    მუხლი 5

1. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირები მონაწილეობენ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ფორმების შემუშავებაში.

2. ამ კავშირებს უფლება აქვთ:

ა) საქართველოს პრეზიდენტსა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს მიაწოდონ ინფორმაცია ქვეყანაში ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებათა დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ;

ბ) ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონებსა და სხვა ნორმატიულ აქტებში ცვლილებათა შესატანად წინადადებით მიმართონ საკანონმდებლო ინიციატივის მქონე სუბიექტებს;

გ) მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში, განხილვასა და განხორციელებაში.

თავი II.

ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ძირითადი ფორმები

    მუხლი 6

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი და მისი ტერიტორიული ორგანოები ინფორმაციას აწვდიან ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესახებ.

    მუხლი 7

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი და მისი ტერიტორიული ორგანოები სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების მიზნით ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის ატარებენ ტრენინგ-სემინარებს.

    მუხლი 8

ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს უფლება აქვთ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისა და მისი ტერიტორიული ორგანოების წინადადებით განახორციელონ სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში შემუშავებული სახელმწიფო და რეგიონული პროგრამები.

    მუხლი 9

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები     ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით შეიმუშავებენ სახელმწიფო და რეგიონულ პროგრამებს.

    მუხლი 10

ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის საკითხს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონკურსის საფუძველზე წყვეტს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბირო, რომლის წევრები არიან ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისა და ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების წარმომადგენლები.

    მუხლი 11

1. ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს, რომლებიც უპასუხებენ ამ კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნებს და მე-13 მუხლის შესაბამისად ირიცხებიან ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრში, უფლება აქვთ სახელმწიფოსაგან მიიღონ ამ კანონით განსაზღვრული ფინანსური მხარდაჭერა მათი საქმიანობის შედეგების გათვალისწინებით.

2. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის აღმოჩენილი ფინანსური მხარდაჭერა არ აკისრებს მათ დამატებით ვალდებულებებს, გარდა ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა.

თავი III.

ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ორგანიზების საფუძვლები

    მუხლი 12

1. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას ორგანიზებას უწევს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი ამ მიზნით შექმნილი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მეშვეობით.

2. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი იქმნება საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტთან.

3. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

4. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისათვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.

    მუხლი 13

1. საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი ქმნის ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრს, რომლის საფუძველზეც ეს კავშირები სარგებლობენ სახელმწიფოებრივი მხარდაჭერით.

2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრში აღრიცხვა ხორციელდება განცხადებისა და ამ კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნათა შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის დღიდან ერთი თვის ვადაში.

3. ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს, რომლებიც აღრიცხვაზე იმყოფებიან ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრში და სარგებლობენ სახელმწიფოებრივი მხარდაჭერით, უფლება აქვთ განაცხადონ რეესტრიდან თავიანთი გამოსვლის შესახებ. თუ ასეთი კავშირი სახელმწიფოსაგან ყოველწლიურად იღებდა ფინანსურ მხარდაჭერას, იგი რეესტრიდან გამოსულად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტს წარუდგენს კავშირის ფინანსურ ანგარიშს სახელმწიფოსაგან მიღებული თანხების გამოყენების ან დაბრუნების შესახებ. სხვა შემთხვევაში ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირები ვალდებულნი არიან სამუშაო წლის დასასრულს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტს წარუდგინონ სახელმწიფოსაგან მიღებული თანხების მიზნობრივი ხარჯვის ანგარიში.

    მუხლი 14

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები არ შეიძლება შედიოდნენ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების ხელმძღვანელი ორგანოების შემადგენლობაში.

თავი IV.

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 15

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტმა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად 3 თვის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს შემდეგი დებულებები:

ა) ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის შესახებ;

ბ) ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის შესახებ;

გ) სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების შესახებ;

დ) საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს შესახებ.

თავი V.

დასკვნითი დებულება

    მუხლი 16

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 22 ივნისი.

№2139-IIs

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2001 წლის 27 აპრილის კანონი №861 - სსმ I, №13, 15.05.2001 წ., მუხ.45

10. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3823-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 9. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 336-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 29/05/2019 - საქართველოს კანონი - 4615-IIს - ვებგვერდი, 10/06/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3030-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 6. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1630-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 5. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 448-რს - ვებგვერდი, 08/04/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5293-IIს - ვებგვერდი, 111208012, 08/12/2011 3. 14/12/2006 - საქართველოს კანონი - 3982 - სსმ, 48, 22/12/2006 2. 28/02/2002 - საქართველოს კანონი - 1306 - სსმ, 5, 21/03/2002 1. 27/04/2001 - საქართველოს კანონი - 861 - სსმ, 13, 15/05/2001