სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ

სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2153
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27(34), 06/07/1999
სარეგისტრაციო კოდი 300.060.000.05.001.000.609
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2153
23/06/1999
სსმ, 27(34), 06/07/1999
300.060.000.05.001.000.609
სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს სასაქონლო ბირჟების (მათი ფილიალების) და სასაქონლო საბირჟო ვაჭრობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს და უზრუნველყოფს მათ სამართლებრივ გარანტიებს.

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2473 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ., მუხ.387

 

 

თავი I ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონმდებლობა სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ

1. ეს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტები აწესრიგებენ სასაქონლო ბირჟების (მათი ფილიალების) საქმიანობასა და სასაქონლო საბირჟო ვაჭრობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და უზრუნველყოფენ მათ გარანტიებს.

2. ეს კანონი არ ვრცელდება საფონდო და სავალუტო ბირჟებზე, აგრეთვე ნებისმიერი ბირჟის საფონდო და სავალუტო სექციების (განყოფილებების, განაყოფების) საქმიანობაზე.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აკრედიტაცია –  ბირჟის მიერ იურიდიული ან/და ფიზიკური პირისათვის ბირჟის შუამავლის რწმუნების მიცემა;

ბ) ბირჟის წევრი (ბირჟის პარტნიორი, აქციონერი) – ბირჟის დამფუძნებელი ან ბირჟის შუამავალი, ან იურიდიული ან ფიზიკური პირი;

გ) ბირჟის შუამავალი –  „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საბროკერო კომპანია ან დამოუკიდებელი ბროკერი;

დ) გარანტია –  თავდებობა, სამართლებრივი პრინციპებისა და საშუალებების ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს ვალდებულებათა შესრულებას;

ე) დამოუკიდებელი ბროკერი –  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც სავაჭრო შუამავლობას ეწევა სასაქონლო ბირჟაზე გამყიდველსა და მყიდველს შორის გარიგებათა დადებით, მოქმედებს კლიენტის დავალებით და კლიენტის ხარჯით, აგრეთვე თავისი სახელით და კლიენტის ხარჯით, კლიენტის სახელით და თავისი ხარჯით;

ვ) დილერი –  შუამავალი (იურიდიული ან ფიზიკური პირი), რომელიც სასაქონლო ბირჟაზე მოქმედებს თავისი სახელითა და თავისი ხარჯით.

ზ) კლირინგი –  მოთხოვნისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლაზე დაფუძნებული საშინაო და საერთაშორისო უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა სავაჭრო და სხვა ოპერაციებისათვის;

თ) კონტრაქტი –  რეგისტრირებული საბირჟო გარიგება მოლაპარაკებულ მხარეებს – კონტრაგენტებს შორის, რომელშიც განსაზღვრულია მხარეთა უფლებები და ვალდებულებები, მათი შესრულების პირობები, ვადები და პასუხისმგებლობა კონტრაქტის შეუსრულებლობისათვის;

ი) კონოსამენტი –  გემის მფლობელის მიერ გაცემული ხელწერილი (დოკუმენტი), რომელიც ტვირთის მფლობელს (გამგზავნს) ეძლევა იმის დასადასტურებლად, რომ ტვირთი მიღებულია საზღვაო გზით გადასაზიდად (სხვა საბირჟო საქონელთან და კონტრაქტებთან ერთად კონოსამენტი შესაძლებელია გახდეს ბირჟაზე ვაჭრობის საგანი და იქცეს საქონელგანმანაწილებელ დოკუმენტად);

კ) ოფციონი − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოფციონი;

ლ) რეალური საქონელი – სახეზე (საწყობში) არსებული საქონელი, რომლის მიწოდება ბითუმად ყიდვა-გაყიდვით შესაძლებელია დაუყოვნებლივი მოთხოვნით და აქვს შესაბამისი სასაქონლო თვისებები;

მ) საბირჟო საქონელი –  ბირჟის მიერ დადგენილი წესით საბირჟო ვაჭრობაზე დაშვებული, ბრუნვაში მყოფი, გარკვეული სახეობისა და ხარისხის სტანდარტული საქონელი, მათ შორის, ამ საქონლის სტანდარტული კონტრაქტი და კონოსამენტი;

ნ) საბროკერო კომპანია –  სავაჭრო შუამავალი (იურიდიული პირი), სასაქონლო ბირჟაზე გამყიდველსა და მყიდველს შორის გარიგებათა დადებისას, რომელიც მოქმედებს კლიენტის დავალებითა და კლიენტის ხარჯით, აგრეთვე თავისი სახელით და კლიენტის ხარჯით, ან კლიენტის სახელით და თავისი ხარჯით;

ო) სტანდარტული საქონელი –  ბირჟაზე მხოლოდ ერთი სტანდარტის ანუ კონკრეტული ხარისხის, გარკვეული საზომი ერთეულის თუ სხვა განუსაზღვრელი მახასიათებლის მქონე, სტანდარტიზაციას დაქვემდებარებული საქონელი, რაც შესაძლებლობას იძლევა გაიყიდოს ერთი კონტრაქტით სხვადასხვა ქვეყანაში ან რეგიონში წარმოებული საქონელი, თუ ის აკმაყოფილებს სტანდარტულ კონტრაქტში ასახულ პირობებს;

პ) სტანდარტული კონტრაქტი –  საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-348-ე მუხლებით განსაზღვრული კონტრაქტის სტანდარტული პირობები;

ჟ) ფასების კოტირება –  საბირჟო ფასების (კურსის) დადგენა მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე საბირჟო ვაჭრობის დროს, დღის განმავლობაში დადებული გარიგებების შედეგად;

რ) ფორვარდი − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფორვარდი;

ს) ფიუჩერსი – „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფიუჩერსი.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5686 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

    მუხლი 3. სასაქონლო ბირჟა

1. სასაქონლო ბირჟა (შემდგომში – ბირჟა) არის საბირჟო ვაჭრობის მოწყობისა და რეგულირების მიზნით შექმნილი ორგანიზებული საბითუმო ბაზარი, სადაც ვაჭრობა ხორციელდება საჯაროდ, წინასწარ დადგენილი წესით, განსაზღვრულ ადგილზე და ვადაში.

2. ბირჟის ამოცანაა თავისი წევრების ინტერესების დაკმაყოფილება. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი უნდა დაფუძნდეს როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება.

    მუხლი 4. ბირჟის საქმიანობის სფერო

1. ბირჟა უფლებამოსილია განახორციელოს საბირჟო ვაჭრობის მოწყობასა და რეგულირებასთან დაკავშირებული საქმიანობა.

2. ბირჟას შეუძლია მხოლოდ უზრუნველყოს საბირჟო ვაჭრობასთან დაკავშირებული სავაჭრო და სავაჭრო-საშუამავლო საქმიანობა.

3. ბირჟა უფლებამოსილი არ არის შეიძინოს იმ ორგანიზაციებისა და საწარმოების წილი (პაი) და აქციები, რომლებიც არ ეწევიან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას.

    მუხლი 5. სიტყვების `სასაქონლო ბირჟა~ გამოყენების შეზღუდვა საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სახელწოდებებში

იმ საწარმოებმა, დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სასაქონლო ბირჟების საქმიანობის სფეროსთან თავიანთ სახელწოდებებში, რეკლამაში ან სხვა რაიმე საქმიანობაში არც ქართულად და არც სხვა რომელიმე ენაზე არ უნდა გამოიყენონ სიტყვები „სასაქონლო ბირჟა“ ან მათგან წარმოებული სხვა სიტყვები და მათი კომბინაცია, რომელიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს.

    მუხლი 6. საბირჟო გარიგება

1. საბირჟო გარიგება იდება მხოლოდ საბირჟო საქონელზე.

2. საბირჟო გარიგებად ითვლება ბირჟის მიერ რეგისტრაციაში გატარებული ხელშეკრულება (შეთანხმება), რომელიც საბირჟო ვაჭრობის მონაწილეთა შორის საბირჟო საქონელზე და საბირჟო ვაჭრობის დროს დადებულია საჯაროდ.

3. საბირჟო საქონლად არ ითვლება უძრავი ქონება და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი, აგრეთვე მათთან დაკავშირებული სხვა გარიგებანი.

4. გარიგება, რომელიც განხორციელდა ბირჟაზე, მაგრამ არ შეესაბამება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს, არ ჩაითვლება საბირჟო გარიგებად. ასეთი გარიგება არ შეიძლება განხორციელდეს ბირჟის სახელითა და სახსრებით და მასზე ბირჟის გარანტიები არ ვრცელდება.

      მუხლი 7. საბირჟო გარიგების სახეობანი

1. ამ კანონის თანახმად საბირჟო ვაჭრობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ ფორვარდები, ფიუჩერსები და ოფციონები, აგრეთვე გარიგებები რეალურ საქონელზე.

2. საბირჟო ვაჭრობის მონაწილეებს შეუძლიათ აგრეთვე განახორციელონ საბირჟო ვაჭრობის წესებით დადგენილი საბირჟო საქონლის, კონტრაქტების ან უფლებების სხვა გარიგებანი.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5686 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

    მუხლი 8. საბირჟო შუამავლობა სასაქონლო ბირჟაზე

1. საბირჟო შუამავლები საბირჟო ვაჭრობას ახორციელებენ საბირჟო გარიგებების დადებით კლიენტის სახელითა და კლიენტის ხარჯზე, კლიენტის სახელით და საბირჟო შუამავლის ხარჯზე, საბირჟო შუამავლის სახელით და კლიენტის ხარჯზე (საბროკერო საქმიანობა), აგრეთვე საბირჟო საქმიანობის წარმოებით თავისი სახელით და თავის ხარჯზე ბირჟაზე შემდგომი გაყიდვის მიზნით (სადილერო საქმიანობა).

2. საბირჟო შუამავლობას საბირჟო ვაჭრობაში ეწევიან მხოლოდ საბირჟო შუამავლები.

 

თავი II სასაქონლო ბირჟის დაფუძნება, საქმიანობა და მისი შეწყვეტის წესი

    მუხლი 9. ბირჟის დაფუძნება

1. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაფუძნებული ბირჟა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ერთი თვის ვადაში წარუდგენს დაფუძნების სარეგისტრაციო მონაცემებს. მონაცემების მიუწოდებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ბირჟის დაფუძნების უფლება აქვს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა:

ა) სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო დაწესებულებებისა (ორგანიზაციებისა), რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან;

ბ) საბანკო და საკრედიტო ორგანიზაციებისა;

გ) სადაზღვევო და საინვესტიციო კომპანიებისა (საწარმოებისა);

დ) საზოგადოებრივი, რელიგიური და საქველმოქმედო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა;

ე) ფიზიკური პირებისა, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალებათ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება.

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3981 - სსმ I, №48, 22.12.2008 წ., მუხ.349
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2473 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ., მუხ.387
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7022 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 10. ბირჟის წევრები

1. ბირჟის წევრობა წარმოიშობა ბირჟის წესდებით დადგენილი წესით.

2. ბირჟის წევრი არ შეიძლება იყოს:

ა) სხვა სასაქონლო ბირჟის ადმინისტრაციის თანამშრომელი;

ბ) სხვა საწარმო, ორგანიზაცია ან დაწესებულება, თუ მისი ხელმძღვანელი (პასუხისმგებელი თანამდებობის პირი) არის ბირჟის ადმინისტრაციის თანამშრომელი;

გ) ბანკი ან საკრედიტო დაწესებულება, რომელსაც დადგენილი წესით მიღებული აქვს ლიცენზია საბანკო ოპერაციათა განსახორციელებლად, სადაზღვევო და საინვესტიციო კომპანია და ფონდი;

დ) საზოგადოებრივი, რელიგიური და საქველმოქმედო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;

ე) ფიზიკური პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება.

3. ბირჟის წევრი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს:

ა) საბირჟო ვაჭრობაში;

ბ) ბირჟის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებათა მიღებაში, აგრეთვე ბირჟის მმართველობის სხვა ორგანოების საქმიანობაში ბირჟის წესდებათა და ბირჟაზე დადგენილი სხვა წესების შესაბამისად.

4. ბირჟის წევრობის გაუქმება, აგრეთვე წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტა ან ნაწილობრივი დათმობა განისაზღვრება ბირჟის მიერ ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

5. დაუშვებელია საბირჟო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების დათმობა განთავსებული კაპიტალის წილზე მოწმობის (ტიტულის) გადაცემის ან მიყიდვის და ბირჟის მართვის უფლების გადაცემის გარეშე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. ამ კანონის თანახმად ბირჟის წევრს უფლება აქვს საბირჟო ვაჭრობაში მონაწილეობაზე თავისი უფლებამოსილება და ვალდებულება, დადგენილი წესით, იჯარით გადასცეს მხოლოდ ერთ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს. ხელშეკრულება ექვემდებარება ბირჟაზე რეგისტრაციას. საბირჟო ვაჭრობაში მონაწილეობის ქვეიჯარა (გადაცემული უფლების სხვისთვის გადაცემა) დაუშვებელია.

7. ბირჟის მიერ ბირჟის წევრად დამტკიცებაზე უარის თქმა, აგრეთვე მისი გადაწყვეტილება ბირჟის წევრის გარიცხვის ან წევრობის შეჩერების შესახებ ბირჟის წესდებით გაუთვალისწინებელი მიზეზით, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3981 - სსმ I, №48, 22.12.2008 წ., მუხ.349
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №889 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

    მუხლი 11. სასაქონლო ბირჟის წევრთა კატეგორიები

ბირჟაზე შეიძლება იყოს ბირჟის წევრთა შემდეგი კატეგორიები:

ა) სრული წევრები, რომლებსაც უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საბირჟო ვაჭრობის ყველა სექციაში (განყოფილებაში, განაყოფში), აგრეთვე ბირჟის წევრთა და ბირჟის სექციის წევრთა საერთო კრებაში ბირჟის წესდებით განსაზღვრული ხმათა რაოდენობით;

ბ) ბირჟის არასრული წევრები, რომლებსაც უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საბირჟო ვაჭრობის შესაბამის სექციაში (განყოფილებაში, განაყოფში), აგრეთვე ბირჟის წევრთა და ბირჟის სექციის წევრთა საერთო კრებაში ბირჟის წესდებით განსაზღვრული ხმათა რაოდენობით.

    მუხლი 12. ბირჟის წევრთა საერთო კრება

ბირჟის მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს ბირჟის წევრთა საერთო კრება, რომელიც უზრუნველყოფს ბირჟისა და მისი წევრების უფლება-მოვალეობათა განხორციელებას.

    მუხლი 13. ბირჟის წესდება

ბირჟის წესდებაში განსაზღვრული უნდა იყოს:

ა) სასაქონლო ბირჟის სახელი, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები;

ბ) ბირჟის მართვის სტრუქტურა, მმართველი ორგანოს (ორგანოების) უფლება-მოვალეობანი და მის (მათ) მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი;

გ) განთავსებული კაპიტალის ოდენობა;

დ) საკუთარი კაპიტალის ფორმირების წესი;

ე) ბირჟის წევრთა მაქსიმალური რაოდენობა;

ვ) ბირჟის წევრთა და საბირჟო ვაჭრობის სხვა მონაწილეთა უფლება-მოვალეობანი;

ზ) ბირჟის წევრად მიღების, წევრობის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი;

თ) ბირჟის ძირითადი სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩამონათვალი და მათი ფუნქციები.

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2473 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ., მუხ.387
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №889 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

    მუხლი 14. საბირჟო ვაჭრობის წესები

1. საბირჟო ვაჭრობის წესებში განსაზღვრული უნდა იყოს:

ა) საბირჟო ვაჭრობის წარმოების წესი;

ბ) საბირჟო გარიგების სახეები;

გ) საბირჟო გარიგებათა შესაბამისად ანგარიშსწორებისა და საქონლის მიწოდების წესები;

დ) საბირჟო რისკების მართვის წესი;

ე) საბირჟო საქონლის სტანდარტების დადგენის წესი;

ვ) საგარანტიო ფონდების ფორმირების წესი;

ზ) ბირჟის სექციების დასახელება;

თ) სამომავლო საბირჟო ვაჭრობის შესახებ საბირჟო ვაჭრობის მონაწილეთა ინფორმირების წესი;

ი) საბირჟო გარიგებათა რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესი;

კ) საბირჟო საქონელზე ფასების კოტირების წესი;

ლ) სამომავლო საბირჟო ვაჭრობაზე საბირჟო გარიგებების შესახებ, მათ შორის, საბირჟო გარიგებების ფასებზე და საბირჟო ფასების კოტირების თაობაზე საბირჟო ვაჭრობის მონაწილეთა ინფორმირების წესი;

მ) ბირჟებისა და საბაზრო საქონლის კონიუნქტურის შესახებ ბირჟის წევრთა და საბირჟო ვაჭრობის სხვა მონაწილეთა ინფორმირების წესი;

ნ) საბირჟო გარიგებების დადებისას ბირჟის წევრთა და საბირჟო ვაჭრობის სხვა მონაწილეთა ურთიერთანგარიშსწორების წესი;

ო) ბირჟაზე ფასწარმოქმნის პროცესებზე მონიტორინგი, რათა არ იქნეს დაშვებული ხელოვნურად ფასების დონის მკვეთრი დღიური მომატება ან შემცირება, ფასების ჯგუფური შეთანხმებები, განზარახ მომატება ან შემცირება, ფასებზე ზემოქმედების მიზნით ყალბი ხმების გავრცელება:

პ) ზომები, რომლებიც საბირჟო ვაჭრობაზე უზრუნველყოფენ წესრიგს და დისციპლინას, აგრეთვე ამ ზომების გამოყენების წესი;

ჟ) ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბირჟის წევრთა და საბირჟო ვაჭრობის სხვა მონაწილეთა მიერ საბირჟო საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, ბირჟის სადამფუძნებლო დოკუმენტების, საბირჟო ვაჭრობის წესების, ბირჟის წევრთა საერთო კრებისა და ბირჟის მართვის სხვა ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულებას;

რ) იმ დარღვევათა ჩამონათვალი, რომელთათვისაც ბირჟა საბირჟო ვაჭრობის მონაწილეებს აკისრებს ჯარიმებს, აგრეთვე ამ ჯარიმების ოდენობა და ამოღების წესი;

ს) გადარიცხვების, ტარიფებისა და სხვა შენატანების ოდენობა და ბირჟის მიერ მათი ამოღების წესი.

2. საბირჟო ვაჭრობის წესებს ამტკიცებს ბირჟის წევრთა საერთო კრება.

 

თავი III საბირჟო ვაჭრობის მოწყობა და მისი მონაწილეები

    მუხლი 15. საბირჟო ვაჭრობის მონაწილეები

1. ამ კანონის თანახმად საბირჟო ვაჭრობის მონაწილეებად ითვლებიან მხოლოდ ბირჟის წევრები.

2. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც არ არიან ბირჟის წევრები, საბირჟო ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ბირჟის წევრების –  საბირჟო შუამავლების მეშვეობით.

    მუხლი 16. საბირჟო ვაჭრობაში ბირჟის იმ წევრების მონაწილეობა, რომლებიც არ არიან საბირჟო შუამავლები

ბირჟის წევრები, რომლებიც არ არიან საბირჟო შუამავლები, საბირჟო ვაჭრობაში მონაწილეობენ:

ა) მხოლოდ რეალური საქონლით ვაჭრობისას უშუალოდ თავისი სახელით და თავის ხარჯზე, საბირჟო შუამავლობის უფლების გარეშე;

ბ) ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დადებული აქვთ იმ საბროკერო კომპანიებთან და დამოუკიდებელ ბროკერებთან, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ ამ ბირჟაზე.

    მუხლი 17. (ამოღებულია)

საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2473 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ., მუხ.387

    მუხლი 18. საბირჟო შუამავლების მიერ საბირჟო გარიგების აღრიცხვა

1. საბირჟო შუამავლები ვალდებულნი არიან აღრიცხონ საბირჟო ვაჭრობაზე წარმოებული საბირჟო გარიგება თითოეული კლიენტის მიხედვით და გარიგების მასალები შეინახონ მათი წარმოების დღიდან 5 წლის განმავლობაში.

2. (ამოღებულია).

საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2473 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ., მუხ.387

    მუხლი 19. ურთიერთობა საბირჟო შუამავლებსა და მათ კლიენტებს შორის

1. ურთიერთობა საბირჟო შუამავლებსა და მათ კლიენტებს შორის განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე.

2. ბირჟის ადმინისტრაცია არ ერევა კლიენტისა და საბირჟო შუამავლის ურთიერთობაში. ამასთან, ბირჟის ადმინისტრაციას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია დადგენილი წესით გამოიყენოს სანქციები იმ საბირჟო შუამავლების მიმართ, რომლებიც დაარღვევენ საბირჟო შუამავლებსა და მათ კლიენტებს შორის ურთიერთობის დადგენილ წესს.

3. საბირჟო შუამავლები უფლებამოსილნი არიან კლიენტებს მოსთხოვონ საგარანტიო შენატანების შეტანა თავის ანგარიშზე, რომელიც გახსნილი აქვთ საანგარიშსწორებო დაწესებულებებში (ბანკებში), ასევე მიანიჭონ მათ უფლება, საბირჟო შუამავლების სახელით განკარგონ ეს თანხები მათთვის მიცემული დავალების შესაბამისად.

    მუხლი 20. სასაქონლო ექსპერტიზა ბირჟაზე

საბირჟო ვაჭრობის მონაწილეთა მოთხოვნით ბირჟა ვალდებულია ორგანიზება გაუწიოს საბირჟო ვაჭრობაზე გასაყიდი რეალური საქონლის ხარისხის ექსპერტიზას.

     მუხლი 21. გარანტიები საბირჟო ვაჭრობაზე ფორვარდების, ფიუჩერსებისა და ოფციონების განხორციელებისას

1. ფორვარდების, ფიუჩერსების, ოფციონების განხორციელების საანგარიშსწორებო მომსახურების უზრუნველსაყოფად ბირჟა ვალდებულია დადგენილი წესით დადოს შესაბამისი ხელშეკრულება ბანკთან ან თვითონ შექმნას კლირინგული ცენტრი.

2. კლირინგული ცენტრი უფლებამოსილია:

ა) გამოვიდეს,  როგორც  საბირჟო  გარიგებების  უნიფიცირებული  მხარე, საბირჟო  გარიგებების თითოეული კონტრაგენტის წინაშე მხარეებს შორის საბირჟო გარიგებების შესრულების გარანტიის, ნეტო ვალდებულებების, მოთხოვნების განსაზღვრისა და შესრულების უზრუნველყოფის მიზნით;

ბ) დაადგინოს შენატანების სახეები, ოდენობა და ამოღების წესი, რამაც უნდა უზრუნველყოს ფორვარდების, ფიუჩერსების, ოფციონების განხორციელება და იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც წარმოიშობა ამ გარიგებებით აღებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობით, აგრეთვე განსაზღვროს ამ გარიგებების მონაწილეთა სხვა საფინანსო ვალდებულებები;

გ) დადგენილი წესით აწარმოოს ფორვარდების, ფიუჩერსების, ოფციონების მონაწილეთა დაკრედიტება და სავალდებულო დაზღვევა იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია ამ გარიგებების გარანტიებისათვის, აგრეთვე მათი შეუსრულებლობით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5686 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

    მუხლი 22. თავისუფალი ფასების გარანტია საბირჟო ვაჭრობაში

1. ბირჟას შეუძლია დამოუკიდებლად დაადგინოს:

ა) ანარიცხები საკომისიოდან, რომლებიც მიღებულია ბირჟის ბროკერის მიერ ბირჟაზე ჩატარებული საშუამავლო ოპერაციის ასანაზღაურებლად;

ბ) ტარიფები და სხვა შენატანები, რომლებიც ამოიღება ბირჟის სასარგებლოდ მისი წევრებიდან და საბირჟო ვაჭრობის სხვა მონაწილეებისაგან, ბირჟისა და მისი ქვედანაყოფების მიერ გაწეული მომსახურებისათვის;

გ) ჯარიმები, რომლებიც ამოიღება ბირჟის წესდების, საბირჟო ვაჭრობის წესებისა და ბირჟის შიდა დოკუმენტებით დადგენილი სხვა წესების დარღვევისათვის.

2. ბირჟას ეკრძალება დაადგინოს:

ა) საბირჟო ვაჭრობაზე საბირჟო საქონლის ფასების ზღვარი და დონე;

ბ) ანაზღაურების ოდენობა, რომელიც ამოიღება საბირჟო შუამავლების სასარგებლოდ საბირჟო გარიგებებში გაწეული შუამავლობისათვის.

    მუხლი 23. დავის გადაწყვეტა ბირჟაზე

1. საბირჟო გარიგებებთან დაკავშირებული დავა განიხილება ბირჟის საარბიტრაჟო კომისიაში, რომელიც ბირჟაზე იქმნება როგორც მხარეთა მორიგების ორგანო.

2. დებულებას ბირჟის საარბიტრაჟო კომისიისა და დავის განხილვის წესის შესახებ ამტკიცებს ბირჟა.

3. ბირჟის საარბიტრაჟო კომისიის გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის მიერ დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

    მუხლი 24. ბირჟის მოსამსახურეები

1. სასაქონლო ბირჟის მოსამსახურეებად (ბირჟის ადმინისტრაციის წევრებად) ითვლებიან ფიზიკური პირები, რომლებიც მონაწილეობენ მის საქმიანობაში შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ბირჟის მომსამსახურეთა შრომის პირობები რეგულირდება შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე.

3. ბირჟის მოსამსახურეებს ეკრძალებათ მონაწილეობა მიიღონ საბირჟო გარიგებებში, შექმნან საკუთარი საბროკერო კომპანიები, ასევე გამოიყენონ სამსახურებრივი ინფორმაცია პირადი ინტერესებისათვის.

4. ბირჟის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან დაიცვან სამეცნიერო, ტექნიკური, კომერციული ხასიათის მონაცემები, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზარალი მიაყენოს ბირჟას ან მის წევრებსა და კლიენტებს.

    მუხლი 25. ბირჟების თვითმმართველობის გარანტია

1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ჩარევა ბირჟის საქმიანობაში დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ირღვევა ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს (ან გამოიწვია) ბირჟაზე გარიგებების შეუსრულებლობა ან/და ზარალი მიაყენა გარიგებებში მონაწილე მხარეებს, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 26. ბირჟის ლიკვიდაცია

ბირჟის ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს ბირჟის მართვის უმაღლესი ორგანოს –  ბირჟის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, აგრეთვე სასამართლოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 27. გარდამავალი დებულება

უკვე შექმნილი სასაქონლო ბირჟების საქმიანობა ამ კანონთან შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი მისი ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში.

    მუხლი 28. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 23 ივნისი.

№2153-IIს