შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/01/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 11/02/2000
ძალაში შესვლის თარიღი 04/06/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000302
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
09/01/1995
გაურკვეველი, -, 11/02/2000
000000430.00.003.000302
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (11/02/2000 - 21/05/2019)

შეთანხმება

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და უკრაინის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელი მხარეები“,

ადასტურებენ თავის მისწრაფებას თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის განვითარებისაკენ;

ითვალისწინებენ საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის ჩამოყალიბებულ ინტეგრაციულ–ეკონომიკურ კავშირებს, ორი ქვეყნის ეკონომიკების ურთიერთდამოკიდებულებასა და ურთიერთშემავსებელ ხასიათს;

ისწრაფვიან საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისაკენ თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე;

აღიარებენ, რომ საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება მოითხოვს ურთიერთშეთანხმებული ზომების განხორციელებას;

ხელმძღვანელობენ საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის ეკონომიკური ურთიერთობების საფუძვლების შესახებ დეკლარაციის დებულებებით;

ადასტურებენ საქართველოს რესპუბლიკის და უკრაინის გადაწყვეტილებას გახდნენ ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური ხელშეკრულების (GATT) ხელშემკვრელი მხარეები;

იზიარებენ GATT–ის მიზნებსა და პრინციპებს და იღებენ მხედველობაში მრავალმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებების ურუგვაის რაუნდის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებებს,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

1. ხელშემკვრელი მხარეები არ იყენებენ საექსპორტო და/ან საიმპორტო საბაჟო გადასახადებს, ასევე ბეგარებს და ანაკრებებს, რომლებსაც გააჩნიათ საბაჟო გადასახადების ეკვივალენტური მოქმედება იმ საქონლის მიმართ, რომლის წარმოშობის ადგილი არის ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ტერიტორია და განკუთვნილია მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ტერიტორიაზე მისაწოდებლად. მოცემული სავაჭრო რეჟიმის ფარგლებში შეთანხმებული საქონლის ნომენკლატურიდან გამონაკლისი ფორმდება დოკუმენტებით, რომლებიც წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს, თუ ხელშემკვრელი მხარეები ჩათვლიან ამას საჭიროდ.

2. ამ შეთანხმების მიზნებისათვის და მისი მოქმედების პერიოდისათვის ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიებიდან წარმოშობილი საქონელი განისაზღვრება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს 1993 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესებით.

    მუხლი 2

ხელშემკვრელი მხარეები:

პირდაპირ ან ირიბად არ დაბეგრავენ ამ შეთანხმებით მოცულ საქონელს ქვეყნის შიდა გადასახადებით ან ანაკრებებით, რომლებიც აღემატება იმ შესაბამის გადასახადებს ან ანაკრებებს, რითაც იბეგრება შიდა წარმოების ანალოგიური საქონელი ან მესამე ქვეყანაში წარმოებული საქონელი;

არ გამოიყენებენ მეორე ხელშემკვრელ ქვეყანაში წარმოებული საქონლის დასაწყობების, გადაზიდვის, შენახვის, აგრეთვე გადახდისა და გადარიცხვის მიმართ სხვაგვარ წესებს, ვიდრე ისეთს, რომლებიც ანალოგიურ შემთხვევებში გამოიყენება საკუთარი საქონლის, ან მესამე ქვეყნებში წარმოებული საქონლის მიმართ.

    მუხლი 3

ხელშემკვრელი მხარეები ურთიერთვაჭრობაში თავს შეიკავებენ დისკრიმინაციული ზომების გადარებისაგან, ამ შეთანხმების ფარგლებში საქონლის ექსპორტის და/ან იმპორტის მიმართ რაოდენობრივი შეზღუდვების ან ეკვივალენტური ღონისძიებების გამოყენებისაგან.

მხარეებს შეუძლიათ ცალმხრივად დაადგინონ რაოდენობრივი ან სხვა სპეციალური შეზღუდვები გონივრულ ფარგლებში და მკაცრად განსაზღვრული ვადით.

ნახსენები შეზღუდვები უნდა ატარებდნენ განსკუთრებულ ხასიათს და შეიძლება გამოყენებულ იქნას GATT-ის ფარგლებში მიღებული შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ხელშემკვრელი მხარე, რომელიც გამოიყენებს რაოდენობრივ შეზღუდვებს ამ მუხლის შესაბამისად, შესაძლებლობისდაგვარად წინასწარ წარუდგენს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამომწურავ ინფორმაციას აღნიშნული შეზღუდვების შემოღების ძირითადი მიზეზების, ფორმებისა და გამოყენების შესაძლო ვადების შესახებ, რის შემდეგადაც ინიშნება კონსულტაციები.

    მუხლი 4

ხელშემკვრელი მხარეები რეგულარულ საფუძველზე გაცვლიან ინფორმაციას:

კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკურ მოღვაწეობასთან, მათ შორის, ვაჭრობის საკითხებში, ინვესტიციებში, დაბეგვრაში, საბანკო და სადაზღვევო მოღვაწეობაში და სხვა ფინანსურ მომსახურეობაში, სატრანსპორტო და საბაჟო საკითხებში, საბაჟო სტატისტიკის ჩათვლით.

ხელშემკვრელი მხარეები დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს ეროვნულ კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ იმოქმედონ ამ შეთანხმების შესრულებაზე.

ხელშემკვრელი მხარეების უფლებამოსილი ორგანოები შეათანხმებენ ასეთი ინფორმაციის გაცვლის წესებს.

    მუხლი 5

ხელშემკვრელი მხარეები ამ შეთანხმების მიზნებთან მიმართებით, მიუღებლად ცნობენ არაკეთილსინდისიერ საქმიან პრაქტიკას და ვალდებულებას იღებენ, არ დაუშვან კერძოდ, მაგრამ არა მხოლოდ:

– ხელშეკრულებები საწარმოებს შორის, საწარმოთაშორისი გაერთიანებებით მიღებული გადაწყვეტილებები და საქმიანი პრაქტიკის საერთო მეთოდები, რომლებიც მიზნად ისახავენ ხელი შეუშალონ ან შეზღუდონ კონკურენცია ან დაარღვიონ მისი პირობები ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიებზე;

– ქმედებები, რომელთა მეშვეობით ერთი ან რამდენიმე საწარმო თავისი დომინირებული მდგომარეობის გამოყენებით ზღუდავს კონკურენციას ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიების მთლიან ან მნიშვნელოვან ნაწილზე.

    მუხლი 6

ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სატარიფო და არასატარიფო რეგულირების განხორციელებისას, სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლისას და საბაჟო პროცედურების გატარებისას ხელშემკვრელი მხარეები გამოიყენებენ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ერთიან ცხრანიშნა სასაქონლო ნომენკლატურას, რომელიც დაფუძნებულია საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებულ სისტემაზე და ევროპის ეკონომიკური გაერთიანების კომბინირებულ სატარიფო-სტატისტიკურ ნომენკლატურას, ამასთანავე ხელშემკვრელი მხარეები საკუთარი საჭიროებისათვის აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელებენ სასაქონლო ნომენკლატურის გაფართოებას ცხრანიშნიანი განზომილების ფარგლებს გარეთაც.

სასაქონლო ნომენკლატურის საეტალონო ეგზემპლარის შემოღება ხორციელდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციებში მათი წარმომადგენლობების მეშვეობით.

    მუხლი 7

1. ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტრანზიტის თავისუფლების პრინციპის დაცვა წარმოადგენს ამ შეთანხმების მიზნების მიღწევის უმნიშვნელოვანეს პირობას და მათი შრომის საერთაშორისო დანაწილებისა და კოოპერირების სისტემაში ჩართვის პროცესის არსებით ელემენტს.

ამასთან დაკავშირებით თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს მეორე ხელშემკვრელი მხარის და/ან მესამე ქვეყნების საბაჟო ტერიტორიაზე წარმოებული და მეორე ხელშემკვრელი მხარის ან ნებისმიერი მესამე ქვეყნის საბაჟო ტერიტორიისათვის განკუთვნილი საქონლის შეუზღუდავ და დაუბეგრავ ტრანზიტს თავის ტერიტორიაზე, და ექსპორტიორებს, იმპორტიორებს ან გადამზიდველებს უზრუნველყოფს თავის განკარგულებაში არსებული ტრანზიტისათვის აუცილებელი საშუალებებითა და მომსახურეობებით, რომლებიც ეძლევათ საკუთარ ექსპორტიორებს და იმპორტიორებს, ან ნებისმიერი მესამე სახელმწიფო ექსპორტიორებს, იმპორტიორებს ან გადამზიდველებს.

2. სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ტვირთების გადაზიდვის წესები და პირობები რეგულირდება საერთაშორისო გადაზიდვების წესების მიხედვით.

    მუხლი 8

არაფერმა ამ შეთანხმებაში არ უნდა შეუშალოს ხელი რომელიმე ხელშემკვრელ მხარეს განახორციელოს საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ზომები, რომლებსაც ის აუცილებლად ჩათვლის თავისი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, ან რომლებიც აუცილებელია იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესასრულებლად, რომელთა მონაწილენიც ისინი არიან ან გაზდებიან, თუ ეს ზომები ეხება:

ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ეროვნული თავდაცვის ინტერესებთან;

იარაღით, ტყვიაწამლით, სამხედრო ტექნიკით ვაჭრობას;

გამოკვლევებს ან წარმოებას, რომელიც დაკავშირებულია თავდაცვის საჭიროებასთან;

ბირთვულ მრეწველობაში გამოყენებადი მასალებისა და მოწყობილობების მიწოდებას;

საზოგადოებრივი მორალის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;

სამრეწველო ან ინტელექტუალური საკუთრების დაცვას;

ოქროს, ვერცხლის ან სხვა ძვირფას ლითონებსა და ქვებს;

ადამიანთა, ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის დაცვას.

    მუხლი 9

საექსპორტო კონტროლის შეთანხმებული პოლიტიკის გატარების მიზნით მესამე ქვეყნების მიმართ ხელშემკვრელი მხარეები რეგულარულად ჩაატარებენ კონსულტაციებს და მიიღებენ ეფექტური სისტემის შესაქმნელად.

    მუხლი 10

ამ შეთანხმების დებულებები ცვლიან ორმხრივი შეთანხმებების დებულებებს, რომლებიც დადებულ იქნა ხელშემკვრელ მხარეებს შორის იმისდა მიხედვით, ეწინააღმდეგებიან თუ იდენტური არიან ერთმანეთი.

    მუხლი 11

დავა ხელშემკვრელ მხარეთა შორის ამ შეთანხმების დებულებების გამოყენების ან განმარტების შესხებ გადაწყვეტილი იქნება მოლაპარაკების გზით.

ხელშემკვრელი მხარეები ეცდებიან მოერიდონ კონფლიქტურ სიტუაციებს ურთიერთვაჭრობის დროს.

თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე არბიტრაჟული გადაწყვეტილებების ცნობისა და განხორციელების ეფექტურ ზომებს.

    მუხლი 12

ამ შეთანხმების მიზნების რეალიზაციისათვის და რეკომენდაციების გამოსამუშავებლად, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დასახვეწად ორ ქვეყანას შორის, ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ დააწესონ ერთობლივი საქართველო-უკრაინის კომისია.

    მუხლი 13

ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელი მხარეების მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ შეტყობინების გაცვლის დღიდან, როდესაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე გაუგზავნის მეორე ხელშემკვრელ მხარეს წერილობით შეტყობინებას მისი მოქმედების შეწყვეტის განზრახვით.

ამ შეთანხმების დებულებები მოქმედების შეწყვეტის შემდეგ გამოყენებული იქნება ორივე ქვეყნის წარმოებების და ორგანიზაციების კონტრაქტების მიმართ, რომლებიც დადებულ იქნა, მაგრამ არ იქნა შესრულებული მოქმედების პერიოდში.

შესრულებულია თბილისში 1994 წელს ორ ორიგინალად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენაზე, ამასთნავე ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

ამ შეთანხმების დებულებების განმარტების მიზნით უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

 

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

 

უკრაინის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)