ევროპის ლანდშაპტების კონვენცია

  • Word
ევროპის ლანდშაპტების კონვენცია
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110217022, 28/02/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016025
  • Word
0
01/01/2011
ვებგვერდი, 110217022, 28/02/2011
480610000.03.030.016025
ევროპის ლანდშაპტების კონვენცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროპის ლანდშაფტების კონვენცია

პრეამბულა

  ქვემოთ ხელმომწერი ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები,

  ითვალისწინებენ რა ევროპის საბჭოს მიზანს, მიღწეულ იქნეს უფრო მჭიდრო კავშირი მის წევრებს შორის, იმ იდეალებისა და პრინციპების დაცვისა და განხორციელების მიზნით, რომლებიც მათ საერთო მემკვიდრეობას წარმოადგენს, - და რომ ამ მიზნის მიღწევა, კერძოდ, შესაძლებელია ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში შეთანხმებების საფუძველზე;

  დაინტერესებულნი არიან რა მიღწეულ იქნეს მდგრადი განვითარება, რაც დაფუძნებულია სოციალურ საჭიროებებს, ეკონომიკურ საქმიანობასა და გარემოს შორის გაწონასწორებულ და ჰარმონიულ კავშირზე;

  აღნიშნავენ რა ლანდშაფტის მნიშვნელოვან როლს საზოგადოებრივი ინტერესების თვალსაზრისით კულტურის, ეკოლოგიის, გარემოსდაცვით და სოციალურ სფეროებში, - და რომ ის წარმოადგენს ხელსაყრელ რესურსს ეკონომიკური საქმიანობისათვის და მისი დაცვა, მართვა და დაგეგმვა ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას;

  აცნობიერებენ რა, რომ ლანდშაფტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი კულტურის ჩამოყალიბებაში და ის ევროპის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ძირითადი კომპონენტია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანთა კეთილდღეობას და ევროპული თვითმყოფადობის კონსოლიდაციას;

  აღიარებენ რა, რომ ლანდშაფტი ადამიანების ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი ნაწილია ყველგან, როგორც ქალაქში, ისე სოფლად, როგორც მაღალი ხარისხის მქონე, ისე დეგრადირებულ რაიონებში, როგორც განსაკუთრებული სილამაზის, ისე ჩვეულებრივ ადგილებში;

  აღნიშნავენ რა, რომ სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, მრეწველობის და წიაღისეულის დასამუშავებელი ტექნიკის და, აგრეთვე, რეგიონული და ქალაქის დაგეგმარების, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და რეკრეაციის განვითარება და, უფრო ფართო მასშტაბით, ცვლილებები მსოფლიო ეკონომიკაში ხშირ შემთხვევაში აჩქარებს ლანდშაფტების ტრანსფორმირებას;

  სურთ რა გამოეხმაურონ საზოგადოების მოთხოვნილებას, ჰქონდეს მაღალი ხარისხის ლანდშაფტებით სარგებლობის საშუალება და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ლანდშაფტების განვითარებაში;

  სჯერათ რა, რომ ლანდშაფტი წარმოადგენს პიროვნული და სოციალური კეთილდღეობის ძირითად ელემენტს და ამიტომ მისი დაცვა, მართვა და დაგეგმარება თითოეული ადამიანის უფლება და პასუხისმგებლობაა;

 

  ითვალისწინებენ რა საერთაშორისო დონეზე არსებული სამართლებრივი დოკუმენტების ტექსტებს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის, რეგიონალური და სივრცობრივი დაგეგმარების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის სფეროში, კერძოდ, ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი საბინადრო გარემოს დაცვის კონვენციას (ბერნი, 19 სექტემბერი, 1979), ევროპის არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციას (გრენადა, 3 ოქტომბერი, 1985), არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ევროპის კონვენციას (შესწორებული) (ვალეტა, 16 იანვარი 1992), ევროპის ჩარჩო-კონვენციას ტერიტორიულ თემებს ან მთავრობებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ (მადრიდი, 21 მაისი, 1980) და მის დამატებით პროტოკოლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპის ქარტიას (სტრასბურგი, 15 ოქტომბერი, 1985), ბიომრავალფეროვნების კონვენციას (რიო-დე-ჟანეირო, 5 ივნისი, 1992), მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის კონვენციას (პარიზი, 16 ნოემბერი, 1972) და კონვენციას გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ (ორჰუსი, 25 ივნისი, 1998);

 

აღიარებენ რა ევროპის ლანდშაფტების ხარისხს და მრავალფეროვნებას, როგორც საერთო რესურსს, და თანამშრომლობის მნიშვნელობას მისი დაცვის, მართვისა და დაგეგმარების მიზნით;

                                                                                                            

 გამოხატავენ რა სურვილს, შეიმუშაონ ახალი მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც ექსკლუზიურად იქნება მიმართული ევროპის ყველა ლანდშაფტის დაცვაზე, მართვასა და დაგეგმარებაზე,

  

  თანხმდებიან შემდეგზე:

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი I. განსაზღვრებები

ამ კონვენციის მიზნებისათვის:

ა. ლანდშაფტი” ნიშნავს ტერიტორიას, რომელიც ამგვარად აღქმულია ხალხის მიერ და რომლის ხასიათიც განპირობებულია ბუნებრივი და/ან ადამიანური ფაქტორების ქმედების და ურთიერთქმედების შედეგად;

ბ. ლანდშაფტის პოლიტიკა” ნიშნავს უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებების მიერ ზოგადი პრინციპების, სტრატეგიისა და სახელმძღვანელო პრინციპების ჩამოყალიბებას, რაც საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს კონკრეტული ზომები ლანდშაფტის დაცვის, მართვისა და დაგეგმარებისათვის;

გ. ლანდშაფტის ხარისხის მიზანი” ნიშნავს უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებების მიერ კონკრეტულ ლანდშაფტებთან მიმართებაში საზოგადოების მისწრაფებების ფორმულირებას მათ შემოგარენში არსებული ლანდაშფტების თავისებურებებთან დაკავშირებით;

დ. ლანდშაფტის დაცვა” ნიშნავს ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ლანდშაფტის მნიშვნელოვანი ან  დამახასიათებელი თვისებების კონსერვაციასა და შენარჩუნებაზე, რაც გამართლებულია მისი მემკვიდრეობითი ღირებულებით, რომელიც წარმოშობილია მისი ბუნებრივი კონფიგურაციიდან და/ან ადამიანის მიერ განხორციელებული ქმედებებიდან;

ე. ლანდშაფტის მართვა” ნიშნავს ქმედებას მდგრადი განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით, რომელიც უზრუნველყოფს ლანდშაფტის რეგულარულ მოვლას ისე, რომ მოხდეს სოციალური, ეკონომიკური და გარემოში მიმდინარე პროცესებით გამოწვეული ცვლილებების მართვა და ჰარმონიზაცია;

ვ. ლანდშაფტის დაგეგმარება” ნიშნავს გადამწყვეტ, შორს გამიზნულ ქმედებებს ლანდშაფტების გაუმჯობესების, აღდგენის ან შექმნის მიზნით.

    მუხლი 2. მოქმედების სფერო

მე-15 მუხლის დებულებების თანახმად, ეს კონვენცია ვრცელდება მხარეების მთელ ტერიტორიაზე და მოიცავს ბუნებრივ, სოფლის, ქალაქის და ქალაქის მიმდებარე რაიონებს. იგი მოიცავს ხმელეთს, შიდა წყლებს და საზღვაო ტერიტორიებს. კონვენცია ეხება ლანდშაფტებს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს როგორც უნიკალურ, ასევე ჩვეულებრივ ან დეგრადირებულ ლანდშაფტებად.

    მუხლი 3. მიზნები

ამ კონვენციის მიზნებია ლანდშაფტების დაცვის, მართვისა და დაგეგმარების ხელშეწყობა და ლანდშაფტებთან დაკავშირებულ საკითხებზე ევროპული თანამშრომლობის ორგანიზება.

თავი II. სახელმწიფო ღონისძიებები

    მუხლი 4. პასუხისმგებლობების განაწილება

თითოეული მხარე განახორციელებს ამ კონვეციას, კერძოდ, მის მე-5 და მე-6 მუხლებს, საკუთარი უფლებამოსილებების განაწილების საფუძველზე, მისი კონსტიტუციური პრინციპებისა და ადმინისტრაციული მოწყობის შესაბამისად, სუბსიდიარობის პრინციპის აღიარებით და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპის ქარტიის გათვალისწინებით. თითოეულმა მხარემ, ამ კონვენციის დებულებების შეულახავად, უნდა მოახდინოს ამ კონვენციის განხორციელების ჰარმონიზება საკუთარ პოლიტიკასთან.

    მუხლი 5. ზოგადი ღონისძიებები

თითოეული მხარე:

ა. კანონით აღიარებს ლანდშაფტებს, როგორც მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს მნიშვნელოვან კომპონენტს, მისი ერთიანი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის მრავალფეროვნების გამოხატულებას და მისი თვითმყოფადობის საფუძველს;

ბ. ჩამოაყალიბებს და განახორციელებს ლანდშაფტების პოლიტიკას, რომლის მიზანია ლანდშაფტების დაცვა, მართვა და დაგეგმარება, მე-6 მუხლით განსაზღვრული კონკრეტული ზომების გატარების საშუალებით;

გ. დანერგავს პროცედურებს საზოგადოების, ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობისათვის ზევით განსაზღვრულ ბ” ქვეპარაგრაფში მითითებული ლანდშაფტების პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში;

დ. განახორციელებს ლანდშაფტების ინტეგრირებას რეგიონულ და ქალაქის დაგეგმვის პოლიტიკაში, კულტურულ, გარემოსდაცვით, სოფლის მეურნეობის, სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკაში, აგრეთვე სხვა ნებისმიერ პოლიტიკაში, რომელმაც შესაძლოა მოახდინოს პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა ლანდშაფტებზე.

    მუხლი 6. კონკრეტული ღონისძიებები

ა. ცნობიერების ამაღლება 

თითოეული მხარე ვალდებულებას იღებს აამაღლოს ცნობიერება სამოქალაქო საზოგადოებაში, კერძო ორგანიზაციებში და საჯარო დაწესებულებებში ლანდშაფტების ღირებულების, მათი როლის და მათი შესაძლო ცვლილებების შესახებ.

ბ. ტრენინგი და განათლება

თითოეული მხარე ვალდებულებას იღებს ხელი შეუწყოს:

ა. სპეციალისტების მომზადებას ლანდშაფტების შეფასებისა და მათზე მუშაობის საკითხებში;

ბ. მრავალდარგობრივ სატრენინგო პროგრამებს ლანდშაფტების პოლიტიკასთან, დაცვასთან, მართვასთან და დაგეგმარებასთან დაკავშირებით, კერძო და სახელმწიფო სექტორების პროფესიონალებისა და დაინტერესებული ასოციაციებისთვის;

გ. სასკოლო და საუნივერსიტეტო კურსებს, რომლებიც შესაბამისი საგნების ფარგლებში, შეეხება ლანდშაფტებთან დაკავშირებულ ფასეულობებსა და ისეთ საკითხებს, რომლებიც წამოიჭრება მათი დაცვის, მართვისა და დაგეგმარების პროცესების შედეგად.

გ. იდენტიფიცირება და შეფასება

1. დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობით, როგორც ეს განსაზღვრულია მე-5 მუხლის გ” ქვეპუნქტით, და ლანდშაფტების შესახებ ცოდნის გაუმჯობესების მიზნით, თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას:

ა. i) მოახდინოს საკუთარი ლანდშაფტების იდენტიფიცირება მის     ტერიტორიაზე;    

ii) გააანალიზოს მათი მახასიათებლები და ის ძალები და ფაქტორები, რომლებიც იწვევს მათ ტრანსფორმირებას;

iii) ყურადღება მიაქციოს ცვლილებებს;

ბ.  შეაფასოს ამგვარად იდენტიფიცირებული ლანდშაფტები იმ განსაკუთრებული  ღირებულებების გათვალისწინებით, რომლებსაც მათ ანიჭებენ დაინტერესებული მხარეები და საზოგადოება.

2. იდენტიფიცირებისა და შეფასების პროცედურები წარიმართება გამოცდილებისა და მეთოდოლოგიის ურთიერთგაცვლის საფუძველზე, რომელიც ორგანიზებულია მხარეებს შორის ევროპულ დონეზე, მე-8 მუხლის შესაბამისად.

დ. ლანდშაფტის ხარისხის მიზნები

თითოეული მხარე განსაზღვრავს იდენტიფიცირებული და შეფასებული ლანდშაფტების ხარისხის მიზნებს, საზოგადოებასთან კონსულტაციის შემდეგ, მე-5 მუხლის გ” ქვეპუნქტის შესაბამისად.

ე. განხორციელება

ლანდშაფტის პოლიტიკის განსახორციელებლად თითოეული მხარე შეიმუშავებს შესაბამის დოკუმენტებს, რომელთა მიზანი იქნება ლანდშაფტების დაცვა, მართვა და/ან დაგეგმარება.

თავი III. ევროპული თანამშრომლობა

    მუხლი 7. საერთაშორისო პოლიტიკა და პროგრამები

მხარეები ითანამშრომლებენ ლანდშაფტების საერთაშორისო პოლიტიკისა და პროგრამების განხილვისას და, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციას გაუწევენ ამ პოლიტიკასა და პროგრამებში ლანდშაფტებთან დაკავშირებული მოსაზრებების ჩართვას.

    მუხლი 8 . ურთიერთდახმარება და ინფორმაციის გაცვლა

მხარეები ითანამშრომლებენ ამ კონვენციის სხვა მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტურობის გასაძლიერებლად, და კერძოდ:

ა. გაუწევენ ერთმანეთს ტექნიკურ და სამეცნიერო დახმარებას ლანდშაფტების საკითხებში კვლევითი პროექტების შედეგებისა და გამოცდილების გაერთიანების და გაცვლის საშუალებით;

ბ. ხელს შეუწყობენ ლანდშაფტის სპეციალისტების გაცვლას, კერძოდ, ტრენინგისა და ინფორმირების მიზნით;

გ. გაცვლიან ინფორმაციას კონვენციის დებულებებით გათვალისწინებული ყველა საკითხის შესახებ.

    მუხლი 9. ტრანსსასაზღვრო ლანდშაფტები

მხარეები ხელს შეუწყობენ ტრანსსასაზღვრო ურთიერთთანამშრომლობას ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე და, საჭიროების შემთხვევაში, მოამზადებენ და განახორციელებენ ლანდშაფტის ერთობლივ პროგრამებს.

    მუხლი 10. კონვენციის განხორციელების მონიტორინგი

1. ექსპერტთა არსებული უფლებამოსილი კომიტეტები, რომლებიც შექმნილია ევროპის საბჭოს წესდების მე-17 მუხლის შესაბამისად, დაინიშნებიან ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ, როგორც კონვენციის მონიტორინგსა და განხორციელებაზე პასუხისმგებელნი.

2. ექსპერტთა კომიტეტების ყოველი შეხვედრის შემდეგ, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი გაუგზავნის ანგარიშს მინისტრთა კომიტეტს შესრულებული სამუშაოსა და კონვენციის განხორციელების შესახებ.

3. ექსპერტთა კომიტეტები წარუდგენენ მინისტრთა კომიტეტს წინადადებას ევროპის საბჭოს ლანდშაფტის პრიზის მინიჭების კრიტერიუმების და მართვის წესების თაობაზე.

    მუხლი 11. ევროპის საბჭოს პრიზი ლანდშაფტისათვის

1. ევროპის საბჭოს პრიზი ლანდშაფტისათვის არის ჯილდო, რომელიც შეიძლება მიენიჭოს როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონალურ ხელისუფლებას, აგრეთვე მათ რომელიმე ჯგუფს, რომელსაც შემუშავებული აქვს, როგორც კონვენციის მონაწილე მხარის ლანდშაფტური პოლიტიკის ნაწილი, მისი ლანდშაფტების დაცვის, მართვის და/ან დაგეგმვის პოლიტიკა ან ზომები, რომლებიც აღიარებულია, როგორც ხანგრძლივად ეფექტური და რომლებიც შეიძლება იყოს მაგალითი ევროპის სხვა ტერიტორიული მმართველობებისათვის. ეს ჯილდო შესაძლოა მიენიჭოს აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომელთაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ლანდშაფტების დაცვაში, მართვაში ან დაგეგმარებაში.

2. განაცხადები ევროპის საბჭოს ლანდშაფტის პრიზის მისაღებად მხარეების მიერ უნდა წარედგინოს მე-10 მუხლში მითითებულ ექსპერტთა კომიტეტებს. ტრანსსასაზღვრო ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს, აგრეთვე ადგილობრივი და რეგიონული მმართველობების დაინტერესებულ ჯგუფებს შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი იმ შემთხვევაში, თუ ისინი ერთობლივად მართავენ ლანდშაფტს.

3. მინისტრთა კომიტეტი განსაზღვრავს და გამოაქვეყნებს ევროპის საბჭოს ლანდშაფტის პრიზის მინიჭების კრიტერიუმებს, მე-10 მუხლში განსაზღვრული ექსპერტთა კომიტეტების მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე, მიიღებს შესაბამის წესებს და მიანიჭებს პრიზს.

4. ევროპის საბჭოს ლანდშაფტის პრიზის მინიჭების მიზანია დაჯილდოებულის წახალისება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს აღნიშნული ლანდშაფტების მდგრადი დაცვა, მართვა და/ან დაგეგმვა.

თავი IV. დასკვნითი დებულებები

    მუხლი 12. სხვა დოკუმენტებთან დამოკიდებულება

ამ კონვენციით განსაზღვრული დებულებები ხელს არ შეუშლის ლანდშაფტების დაცვის, მართვისა და დაგეგმვის შესახებ იმ უფრო მკაცრი დებულებების განხორციელებას, რომლებიც განისაზღვრება არსებული ან მომავლი სახელმწიფო ან საერთაშორისო სხვა სავალდებულო დოკუმენტებით.

    მუხლი 13. ხელმოწერა, რატიფიცირება და ძალაში შესვლა

1. ეს კონვენცია ღია იქნება ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებისათვის. იგი ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას. რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების ოფიციალური დოკუმენტი დეპონირებული იქნება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

2. ეს კონვენცია ძალაში შევა სამთვიანი პერიოდის გასვლის შემდგომი თვის პირველი დღიდან მას შემდეგ, რაც ევროპის საბჭოს წევრი 10 ქვეყანა, წინა პარაგრაფის დებულებების შესაბამისად, გამოხატავს თანხმობას კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე.

3. ნებისმიერი ხელმომწერი ქვეყანისათვის, რომელიც მოგვიანებით გამოხატავს თანხმობას აიღოს ამ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები, კონვენცია ძალაში შევა რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების ოფიციალური დოკუმენტის დეპონირების თარიღიდან სამთვიანი პერიოდის გასვლის შემდგომი თვის პირველი დღიდან.

    მუხლი 14. შეერთება

1. ამ კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს შეუძლია მიიწვიოს კონვენციასთან შესაერთებლად ევროპის ეკონომიკური გაერთიანება და ევროპის ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ არის ევროპის საბჭოს წევრი, ევროპის საბჭოს წესდების მე-20 მუხლის დ” ქვეპუნქტით განსაზღვრული უმრავლესობის გადაწყვეტილების საფუძველზე და კონვენციის მონაწილე იმ ქვეყნების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, რომლებიც არიან მინისტრთა კომიტეტის წევრები.

2. ნებისმიერი ქვეყნის ან ევროპის ეკონომიკური გაერთიანების კონვენციასთან შეერთების შემთხვევაში, კონვენცია მათ მიმართ ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეერთების ოფიციალური დოკუმენტის დეპონირების თარიღიდან სამთვიანი პერიოდის გასვლის შემდგომი თვის პირველი დღიდან.

    მუხლი 15. განაცხადი ტერიტორიაზე

1. ნებისმიერ ქვეყანას ან ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებას ხელმოწერის, ანდა რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების ოფიციალური დოკუმენტის წარდგენისას შეუძლია ზუსტად განსაზღვროს ის ტერიტორია ან ტერიტორიები, რომლებზედაც გავრცელდება ეს კონვენცია.

2. ნებისმიერ მხარეს, ნებისმიერ დროს შემდგომში, შეუძლია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისადმი წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე განავრცოს ამ კონვენციის მოქმედება დეკლარაციაში განსაზღვრულ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე. ასეთ ტერიტორიებზე კონვენციის მოქმედება გავრცელდება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ დეკლარაციის მიღების თარიღიდან სამთვიანი ვადის გასვლის შემდგომი თვის პირველი დღიდან.

3. ზევით განსაზღვრული ორი პარაგრაფის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დეკლარაცია, მასში განსაზღვრულ ნებისმიერ ტერიტორიასთან დაკავშირებით, შეიძლება უკან იქნეს გატანილი გენერალური მდივნისადმი გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. ამგვარი უკან გატანა ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან სამთვიანი პერიოდის გასვლის შემდგომი თვის პირველი დღიდან.

    მუხლი 16. დენონსირება

1. ნებისმიერ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოახდინოს ამ კონვენციის დენონსირება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის შეტყობინების გაგზავნის გზით.

2. ასეთი დენონსირება ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან სამთვიანი პერიოდის გასვლის შემდგომი თვის პირველი დღიდან.

    მუხლი 17. შესწორებები

1. ნებისმიერ მხარეს ან მე-10 მუხლით განსაზღვრულ ექსპერტთა კომიტეტებს შეუძლიათ წარადგინონ ამ კონვენციის შესწორებები.

2. ნებისმიერი წინადადება შესწორების შესახებ უნდა წარედგინოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, რომელიც ამის შესახებ შეატყობინებს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს, კონვენციის სხვა მონაწილე მხარეებს, და ევროპის ნებისმიერ არაწევრ ქვეყანას, რომლებიც, მე-14 მუხლის დებულებების თანახმად, მოწვეულნი არიან ამ კონვენციასთან შესაერთებლად.

3. მე-10 მუხლში აღნიშნული ექსპერტთა კომიტეტი განიხილავს ნებისმიერ წარდგენილ წინადადებას შესწორების შესახებ და მონაწილე მხარეების წარმომადგენლების ხმების სამი მეოთხედის უმრავლესობით მიღებულ ტექსტს წარუდგენს მინისტრთა კომიტეტს დასამტკიცებლად. მას შემდეგ, რაც მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს წესდების მე-20 მუხლის დ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ხმების უმრავლესობით და მინისტრთა კომიტეტის წევრი კონვენციის მონაწილე მხარეების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მიიღებს შესწორების ტექსტს, იგი გადაეცემა მხარეებს მისაღებად.

4. იმ მხარეებისათვის, რომლებმაც მიიღეს შესწორება, ნებისმიერი შესწორება ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ ევროპის საბჭოს სამი წევრი ქვეყნისაგან შესწორების მიღების შესახებ შეტყობინების მიღების თარიღიდან სამთვიანი პერიოდის გასვლის შემდგომი თვის პირველი დღიდან. ნებისმიერი სხვა მხარისათვის, რომელიც მიიღებს შესწორებას შემდგომში, ასეთი ცვლილება ძალაში შევა იმ სამთვიანი პერიოდის გასვლის შემდგომი თვის პირველი დღიდან, როდესაც ეს მხარე შეატყობინებს გენერალურ მდივანს შესწორების მიღების შესახებ.

    მუხლი 18. შეტყობინებები

  ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს, ნებისმიერ ქვეყანას ან ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებას, რომელიც შეუერთდა ამ კონვენციას, შეატყობინებს:   

ა. ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;

ბ. რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების და შეერთების ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტის წარდგენის შესახებ;

გ. ამ კონვენციის ძალაში შესვლის ნებისმიერ თარიღს მე-13, მე-14 და მე-15 მუხლების თანახმად;

დ. მე-15 მუხლის მიხედვით გაკეთებული ნებისმიერი დეკლარაციის შესახებ;

ე. მე-16 მუხლის მიხედვით გაკეთებული ნებისმიერი დენონსირების შესახებ;

ვ. ნებისმიერ წინადადებას შესწორების შესახებ, მე-17 მუხლის მიხედვით მიღებულ ნებისმიერ შესწორებას და მისი ძალაში შესვლის თარიღს;

ზ. ამ კონვენციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა ქმედებას, შეტყობინებას, ინფორმაციას და კომუნიკაციას.

ამის დასტურად, ქვემოთ ხელმომწერი სათანადოდ ნდობით აღჭურვილი პირები ხელს აწერენ ამ კონვენციას.

შესრულებულია ფლორენციაში, 2000 წლის 20 ოქტომბერს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ერთ ეგზემპლარად, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია და ინახება ევროპის საბჭოს არქივში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი დამოწმებულ ასლებს გაუგზავნის ევროპის საბჭოს წევრ ყველა ქვეყანას და ნებისმიერ ქვეყანას ან ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებას, რომლებსაც შესთავაზებენ ამ კონვენციასთან შეერთებას.