კორუფციაზე სამოქალაქო სამართლის კონვენცია

  • Word
კორუფციაზე სამოქალაქო სამართლის კონვენცია
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/11/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 10/02/2004
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2003
სარეგისტრაციო კოდი 480160000.02.002.000482
  • Word
04/11/1999
გაურკვეველი, -, 10/02/2004
480160000.02.002.000482
კორუფციაზე სამოქალაქო სამართლის კონვენცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

კორუფციაზე სამოქალაქო სამართლის

კონვენცია

სტრასბურგი 4.XΙ. 1999 – პრეამბულა

ქვემეორე ხელის მომწერნი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები, სხვა სახელმწიფოები და ევროგაერთიანება.

ითვალისწინებენ რა, რომ ევროპის საბჭოს მიზანია წევრ სახელმწიფოთა შორის უფრო დიდი ერთობის მიღწევა,

გააზრებული აქვთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობა,

ხაზს უსვამენ, რომ კორუფცია წარმოადგენს მთავარ საფრთხეს კანონის უზენაესობისათვის, დემოკარატიისათვის და ადამიანის უფლებებისათვის, სამართლიანობისათვის და სოციალური თანასწორობისათვის, აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას, საფრთხეს უქმნის საბაზრო ეკონომიკის სწორ და სამართლიან ფუნქციონირებას,

აღიარებენ კორუფციის უარყოფით ფინანსურ შედეგებს პიროვნებებზე, კომპანიებზე, სახელმწიფოებზე და ასევე საერთაშორისო ინსტიტუტებზეც,

დარწმუნებულნი არიან, რომ სამოქალაქო სამართალს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კორუფციასთან ბრძოლის საქმეში, განსაკუთრებით კი იმ პირების სამართლიანი კომპენსირებით, რომლებმაც განიცადეს ზიანი,

იხსენებენ ევროპის იუსტიციის მინისტრთა მე-19 (მალტა, 1994) და 21-ე (ჩეხეთის რესპუბლიკა, 1997) და 22-ე (მოლდოვა, 1999) კონფერენციების დასკვნებსა და რეზოლუციებს,

მხედველობაში იღებენ 1996 წლის ნოემბერში მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ კორუფციის წინააღმდეგ სამოქმედო პროგრამას,

მხედველობაში იღებენ ასევე კორუფციული მოქმედებით მიყენებული ზიანის ამნაზღაურებელ საშუალებებზე სამოქალაქო კონვენციის შემუშავების შესაძლებლობის შესწავლას, რაც დამტკიცებულ იქნა მინისტრთა კომიტეტის მიერ 1997 წლის თებერვალში,

ითვალისწინებენ №(97) 24 რეზოლუციას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის 20 სახელმძღვანელო პრინციპებზე, რომელიც მიღებულია მინისტრთა კომიტეტის მიერ 1997 წლის ნოემბერს, მის 101–ე სესიაზე, ასევე №(98) 7 რეზოლუციას ,,კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის’’ (GRECO) დაარსებაზე წილობრივი და გაფართოებული შეთანხმების მიღების შესახებ, რომელიც დამტკიცებულია მინისტრთა კომიტეტის მიერ 1998 წლის მაისში, მის 102–ე სესიაზე და ,,გრეკოს”დაარსებაზე № (99) 5 რეზოლუციას, რომელიც დამტკიცებულია 1999 წლის 1 მაისს;

იხსენებენ 1997 წლის ოქტომბერში ქ. სტრასბურგში ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა სახელმწიფო და მთავრობის მეთაურთა მე-2 სამიტზე მიღებულ საბოლოო დეკლარაციას და მოქმედების გეგმას.

 შეთანხმდენ შემდეგზე:

თავი Ι – ეროვნულ დონეზე განსახორციელებელი ღონისძიებანი

მუხლი 1

 მიზანი

 თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს თავის შიდა კანონმდებლობაში ეფექტიანი საშუალებები იმ პირებისათვის, რომლებიც დაზარალდნენ კორუფციული აქტების შედეგად, ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობის ჩათვლით, მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.

    მუხლი 2

კორუფციის განმარტება

წინამდებარე კონვენციის მიზნით, „კორუფცია“ ნიშნავს პირდაპირ ან არაპირდაპირ, ქრთამის ან სხვა არასათანადო უპირატესობის ან მისი დაპირების მოთხოვნას, შეთავაზებას, მიცემას ან მიღებას, რაც ხელს უშლის ქრთამის, არასათანადო უპირატესობის ან მისი დაპირების მიღების მიერ, მისი მოვალეობის ან განსაზღვრული ქცევის სათანადო შესრულებას.

    მუხლი 3

ზიანის ანაზღაურება

1. თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს თავის შიდა კანონმდებლობაში უფლება იმ პირებისათვის, რომლებიც დაზარალდნენ კორუფციული ქმედების შედეგად, აღძრან სარჩელი ასეთი ზარალის სრული კომპენსაციისათვის.

2. ამდაგვარმა კომპენსაციამ შეიძლება დაფაროს მატერიალური ზიანი, მოგების დაკარგვა და არაფულადი ზარალი.

    მუხლი 4

პასუხისმგებლობა

1. თითოეულმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს თავის შიდა კანონმდებლობაში ის პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაში ზარალი ექვემდებარება კომპენსაციას:

     і მოპასუხემ ჩაიდინა ან სანქციონირება გაუკეთა კორუფციულ მოქმედებას, ან ვერ მიიღო შესაბამისი ზომები კორუფციული მოქმედების თავიდან ასაცილებლად;

     іі მოსარჩელემ განიცადა ზიანი; და

     ііі არსებობს მიზეზობრივი კავშირი კორუფციულ აქტსა და მიყენებულ ზარალს შორის.

2.თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს თავის შიდა კანონმდებლობაში, რომ თუ რამდენიმე მოპასუხე იქნება პასუხისმგებელი ზიანისათვის, რომელიც მიყენებულია ერთი და იგივე კორუფციული მოქმედებით, მათ დაეკისრებათ სოლიდარული და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა.

    მუხლი 5

სახელმწიფო პასუხისმგებლობა

თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს თავის შიდა კანონმდებლობაში სათანადო პროცედურები იმ პირებისათვის, რომლებიც დაზარალდნენ მისი საჯარო მოხელეების მიერ მათი ფუნქციების განხორციელებისას, რათა მათ მოითხოვონ სახელმწიფოსაგან ზარალის კომპესანცია და თუ მხარე არ წარმოადგენს სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში მხარის შესაბამისი ხელისუფლებისაგან.

    მუხლი 6

ხელშემწყობი დაუდევრობა

 თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს თავის შიდა კანონმდებლობაში კომპენსაციის შემცირება ან არ დაშვება ისეთი გარემოებების არსებობისას, როდესაც მოსარჩელემ თავისი საკუთრი შეცდომით ხელი შეუწყო ზარალის დადგომას ან მის დამძიმებას.

    მუხლი 7

ხანდაზმულობის ვადა

1. თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს თავის შიდა კანონმდებლობაში ზიანის ანაზღაურების პროცედურებისათვის ხანდაზმულობის ვადა, არანაკლებ სამი წლის, რომელიც აითვლება იმ დღიდან, როდესაც პირმა, რომელმაც განიცადა ზიანი, შეიცნო ან უნდა შეეცნო ზიანის მიყენების შესახებ ან კორუფციული მოქმედების შესახებ და პასუხისმგებელი პირის ვინაობის შესახებ. თუმცა, ასეთი პროცედურები არ უნდა იქნეს წამოწყებული კორუფციული მოქმედების ჩადენიდან სულ ცოტა ათწლიან ხანდაზმულობის ვადის ბოლო დღის გასვლის შემდეგ.

2. მხარეთა კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ხანდაზმულობის ვადების შეჩერებას ან შეწყვეტას, აუცილებლობის შემთხვევაში, გამოიყენება 1 პუნქტში მოცემული ვადების მიმართაც.

    მუხლი 8

კონტრაქტების ნამდვილობა

1. თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს თავის შიდა კანონმდებლობაში ნებისმიერი იმ კონტრაქტის ან კონტრაქტის დებულების ანულირება ან გაუქმება, რომელიც ემსახურება კორუფციას.

2. თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს თავის შიდა კანონმდებლობაში კონტრაქტის ყველა მხარესათვის, რომელთა თანხმობა დარღვეულ იქნა კორუფციული მოქმედების შედეგად, შესაძლებლობა მიმართონ სასამართლოს, რათა კონტრაქტი გამოცხადდეს გაუქმებულად, ზარალის კომპენსაციაზე მათი უფლების მიუხედავად.

    მუხლი 9

მოსამსახურეთა დაცვა

თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს თავის შიდა კანონმდებლობაში იმ მოსამსახურეთა სათანადო დაცვა გაუმართლებელი საქციებისაგან, რომლებსაც აქვთ საკმარისი საფუძველი კორუფციაზე ეჭვმიტანისა და რომლებიც კეთილი ნებით მოახსენებენ მათ ეჭვს კომპეტენტურ პირებსა და უწყებებს.

    მუხლი 10

ანგარიშები და აუდიტები

1. თითოეულმა მხარემ თავის შიდა კანონმდებლობაში უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა კომპანიების ყოველწლიური ანგარიშები გარკვევით შედგენილი იქნან და იძლეოდნენ სამართლიან და კეთილსინდისიერ წარმოდგენას კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე

2. კორუფციული მოქმედებების თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ თავის შიდა კანონმდებლობაში უნდა უზრუნველყოს აუდიტორებისათვის იმის დადასტურების შესაძლებლობა, რომ ყოველწლიური ანგარიშები იძლევიან სამართლიან და კეთილსინდისიერ წარმოდგენას კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე.

    მუხლი 11

მტკიცებულების მიპოვება

 თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს თავის შიდა კანონმდებლობაში ეფექტური პროცედურები კორუფციული მოქმედებით გამოწვეული სამოქალაქო სამართალწარმოების დროს მტკიცებულებების მოპოვებისათვის.

    მუხლი 12

დროებითი ზომები

თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს თავის შიდა კანონმდებლობაში სასამართლოს ისეთი განკარგულებების მიღების შესაძლებლობა, რომლებიც იქნება აუცილებელი კორუფციული მოქმედებით გამოწვეული სამოქალაქო სამართალწარმოების დროს მხარეთა უფლებების და ინტერესების დაცვისათვის.

თავი ΙΙ – საერთაშორისო თანამშრომლობა და შესრულებაზე მონიტორინგი

    მუხლი 13

 საერთაშორისო თანამშრომლობა

მხარეებმა ეფექტურად უნდა ითანამშრომლონ სამოქალაქო სამართალწარმოების საკითხში, რომლებიც დაკავშირებულია კორუფციის საქმეებთან, განსაკუთრებით დოკუმენტებზე მუშაობასთან, საზღვარგარეთ მტკიცებულებათა მოპოვებასთან, იურისდიქციასთან, საზღვარგარეთ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებათა და სამართალწარმოების ხარჯების აღიარება-აღსრულებასთან, სამოქალაქო და კომერციულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობაზე იმ საერთაშორისო ინსტრუმენტების შესაბამისი დებულებების თანახმად, რომელთა მხარეებიც არიან, ისევე როგორც თავიანთი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 14

მონიტორინგი

კორუფციის წინააღმდეგ ჯგუფი (GRECO) უზრუნველყოფს მხარეთა მიერ წინამდებარე კონვენციის დებულებათა მონიტორინგს.

თავი ΙΙΙ – დასკვნითი დებულებები

    მუხლი 15

ხელმოწერა და ძალაში შესვლა

1. წინამდებარე კონვენციაა ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის და იმ არა – წევრი სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მის შემუშავებაში და ევროგაერთიანებისათვის.

2. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას. რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების შესახებ ინსტრუმენტები დეპონირებულ იქმნება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

3. წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა, მე-2 პუნქტის დებულებების შესაბამისად, 14 სახელმწიფოს მიერ მის სავალდებულოოებაზე თანხმობის გამოხატვის დღიდან სამთვიანი პერიოდის მომდევნო თვის პირველ დღეს. ნებისმიერი ხელმომწერი სახელმწიფო, რომელიც არ არის კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) წევრი, რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების დროს, ავტომატურად გახდება მისი წევრი კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან.

4. ნებისმიერი ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის, რომელიც შემდგომში გამოხატავს თანხმობას მისთვის ხელშეკრულების სავალდებულოოებაზე, კონვენცია ძალაში შევა მე-2 პუნქტის დებულებების შესაბამისად წინამდებარე კონვენციის სავალდებულოოებაზე მის მიერ თანხმობის გამოხატვის დღიდან სამთვიანი პერიოდის მომდევნო თვის პირველ დღეს. ნებისმიერი ხელმომწერი სახელმწიფო, რომელიც არ არის კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) წევრი, რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების მომენტისათვის, ავტომატურად გახდება მისი წევრი კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან.

5. კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფში ევროგაერთიანების მონაწილეობის სპეციფიკური პირობები აუცილებლობის შემთხვევაში განისაზღვრება ევროგაერთიანებასთან საერთო შეთანხმებით.

    მუხლი 16

კონვენციასთან მიერთება

1. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს კონვენციის მონაწილე მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ შეუძლია მოიწვიოს ევროპის საბჭოს ნებისმიერი არაწევრი სახელმწიფო და რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია წინამდებარე კონვენციის შემუშავებაში, მიუერთდეს კონვენციას, ევროპის საბჭოს წესდების მე-20 (d) მუხლით გათვალისწინებული უმრავლესობით და მხარეთა წარმომადგენლების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, რომლებსაც აქვთ კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობის უფლება.

2. იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებიც კონვენციას უერთდებიან, კონვენცია ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის შეერთების ინსტრუმენტის დეპონირების დღიდან სამთვიანი პერიოდის მომდევნო თვის პირველ დღეს. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც უერთდება წინამდებარე კონვენციას და რომელიც მიერთების მომენტისათვის არ არის კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) წევრი, ავტომატურად გახდება მისი წევრი კონვენციის ძალაში შესვლი დღიდან.

    მუხლი 17

დათქმები

 არანაირი დათქმა არ შიძლება იქნეს გაკეთებული წინამდებარე კონვენციის ნებისმიერი დებულების მიმართ.

    მუხლი 18

ტერიტორიული გამოყენება

1. ნებისმიერ სახელმწიფოს ან ევროგაერთიანებას ხელმოწერისას ან რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ ინსტრუმენტების დეპონირებისას შეუძლია განსაზღვროს ის ტერიტორია ან ტერიტორიები, რომლებზეც გავრცელდა წინამდებარე კონვენცია.

2. ნებისმიერ მხარეს ნებისმიერ მომდევნო პერიოდში შეუძლია მიმართოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს განცხადებით, რომელშიც იგი გააფართოებს ამ კონვენციის მოქმედებას, განცხადებაში განსაზღვრულ ნებისმიერ სხვა ტერიტორიებზე. აღნიშნულ ტერიტორიებთან მიმართებაში კონვენცია ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ ასეთი განცხადების მიღების დღიდან სამთვიანი პერიოდის მომდევნო თვის პირველ დღეს.

3. წინამდებარე მუხლის ზემოთ მოყვანილი პუნქტების შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ნებისმიერ ტერიტორიასთან მიმართებაში შეიძლება გამოთხოვილ იქნეს ევროპი საბჭოს გენერალური მდივნისათვის შეტყობინების გაგზავნით. აღნიშნული შეტყობინება ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ მისი მიღების დღიდან სამთვიანი პერიოდის მომდევნო თვის პირველ დღიდან.

    მუხლი 19

სხვა კონვენციებთან და შეთანხმებებთან ურთიერთობა

1. წინამდებარე კონვენციას გავლენა არ ექნება იმ უფლებებზე, რომლებიც გამომდინარეობს სპეციალური ხასიათის სხვა მრავალმხრივი კონვენციებიდან.

2. მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთთან დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებები წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით მისი დებულებების შევსების ან გაძლიერების, ან მასში ჩადებული პრინციპების განხორციელების გაადვილების მიზნით, ან წინამდებარე კონვენციის მიზნებისა და პრინციპების შეულახავად გამოიყენონ ამ საკითხებთან დაკავშირებული წესები სპეციალური სისტემის ჩარჩოებში, რომელიც სავალდებულოა წინამდებარე კონვენციისათვის გახსნის მომენტში.

3. თუ ორ ან მეტ მხარეს უკვე დადებული აქვთ შეთანხმება ან ხელშეკრულება, რომელიც ეხება წინამდებარე კონვენციით რეგულირებად საგანს, ან ერთმანეთთან დამყარებული აქვთ სხვაგვარი ურთიერთობა ამ საგანთან დაკავშირებით, ისინი უფლებამოსილნი არიან გამოიყენონ ეს შეთანხმებები ან ხელშეკრულებები, ან შესაბამისად დაარეგულირონ აღნიშნული ურთიერთობები წინამდებარე კონვენციის მაგივრად.

    მუხლი 20

შესწორებები

1. შესწორებები შეიძლება შემოთავაზებულ იქნას წინამდებარე კონვენციის ნებისმიერი მხარის მიერ, რომლებზეც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აცნობებს ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოს და იმ არაწევრ სახელმწიფოებს, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ წინამდებარე კონვენციის შემუშავებაში. ევროგაერთიანებას და ასევე ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც მიუერთდა წინამდებარე კონვენციას ან მოწვეულ იყო მისაერთებლად მე-16 მუხლის დებულებების შესაბამისად.

2. მხარის მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი შესწორება გადაეცემა სამართლებრივი თანამშრომლობის შესახებ ევროპულ კომიტეტს (CDCJ), რომელიც მიაწოდებს მინისტრთა კომიტეტს თავის შეხედულებას შემოთავაზებულ შესწორებასთან დაკავშირებით.

3. მინისტრთა კომიტეტი განიხილავს შემოთავაზებულ შესწორებას და სამართლებრივი თანამშრომლობის შესახებ ევროპული კომიტეტის (CDCJ) შეხედულებას აღნიშნულ შესწორებასთან დაკავშირებით და ევროპის საბჭოს არაწევრ სახელმწიფოებთან, რომლებიც არიან ამ კონვენციის მონაწილეები, შემდგომი კონსულტაციების შედეგად შეიძლება მიიღოს ეს შესწორება.

4. წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული ნებისმიერი შესწორების ტექსტი გადაეგზავნება მონაწილე მხარეებს მისაღებად.

5. წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი შესწორება ძალაში შევა მისი მიღების შესახებ ყველა მხარის მიერ გენერალური მდივნის ინფორმირების მომენტიდან ოცდამეათე დღეს.

    მუხლი 21

დავების მოგვარება

1. ევროპის საბჭოს სამართლებრივი თანამშრომლობის შესახებ ევროპული კომიტეტი (CDCJ) ინფორმირებული იქნება წინამდებარე კონვენციის განმარტებისა და გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით.

2. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის წამოიჭრება დავა ამ კონვენციის გამოყენებას თუ განმარტებასთან დაკავშირებით, ისინი შეეცდებიან დავის მოგვარებას მოლაპარაკების ან სხვა მშვიდობიანი გზით, მათ შორის, სამართლებრივი თანამშრომლობის შესახებ ევროპული კომიტეტისათვის (CDCJ) განსახილველად დავის გადაცემის გზით, საარბიტრაჟო სასამართლოს მეშვეობით, რომლის გადაწყვეტილება სავალდებულოა მხარეებისათვის, ან მხარეების ურთიერთშეთანხმებით, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში.

    მუხლი 22

დენონსაცია

1. ნებისმიერ მხარეს, ნებისმიერ დროს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის შეტყობინების გაგზავნის გზით შეუძლია მოახდინოს წინამდებარე კონვენციის დენონსაცია.

2. დენონსაცია ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების თარიღიდან სამთვიანი პერიოდის მომდევნო თვის პირველ დღეს.

    მუხლი 23

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეატყობინებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს და წინამდებარე კონვენციის ნებისმიერ სხვა ხელმომწერებს და მხარეებს:

შეტყობინება

a.ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;

b. რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მიერთების ნებისმიერი ინსტრუმენტის დეპონირების შესახებ;

c. მე-15 და მე-16 მუხლების შესაბამისად წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის ნებისმიერი თარიღის შესახებ.

d. წინამდებარე კონვენციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა მოქმედების, შეტყობინების ან კორესპოდენციის შესახებ;

 

რის დასტურადაც, სათანადოდ უფლებამოსილმა პირებმა, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.

შესრულებულია ქ. სტრასბურგში, 1999 წლის 4 ნოემბერს, ერთ პირად. ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია, რომელიც ინახება ევროპის საბჭოს არქივში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი დამტკიცებულ ასლებს გადაუგზავნის ევროპის ყოველ წევრს და იმ არაწევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მის შემუშავებაში, აგრეთვე მასზე შეერთების მოსურნე ნებისმიერ სახელმწიფოს ან ევროგაერთიანებას.