დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ჩარჩო შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ევროპის გაერთიანებათა კომისიას შორის | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 18/06/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 17/03/2009 |
ძალაში შესვლის თარიღი | 25/02/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.000722 |
ჩარჩო შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ევროპის გაერთიანებათა კომისიას შორის
ევროპის გაერთიანებათა კომისია, შემდგომში წოდებული „კომისიად“, მოქმედებს რა ევროპის თანამეგობრობის სახელით, შემდგომში წოდებული „თანამეგობრობად“
ერთი მხრივ, და
საქართველოს მთავრობა, შემდგომში წოდებული „ბენეფიციარ სახელმწიფოდ“, მოქმედებს რა საქართველოს სახელით
მეორე მხრივ,
ერთად წოდებულნი „მხარეებად“,
ვინაიდან:
საქართველო აკმაყოფილებს თანამეგობრობის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო დახმარების მიმღები მხარის მიმართ არსებული მოთხოვნებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს,
დახმარების საფუძველზე ბენეფიციარ სახელმწიფოსა და კომისიას შორის შეიძლება დაიდოს დაფინანსების თაობაზე ხელშეკრულებები დაგეგმილი მოქმედებების განხორციელების მიზნით,
საქართველოში ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭიროა ტექნიკური, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული წესების დამტკიცება,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1. შეთანხმების მიზანი
1.1 წინამდებარე „ჩარჩო შეთანხმება“ ცვლის კომისიასა და ბენეფიციარ სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილ „დაფინანსების შესახებ მემორანდუმთან გამოყენების ზოგად წესებს“* .
1.2 წინამდებარე „ჩარჩო შეთანხმება“ განსაზღვრავს თანამეგობრობის მიერ მთლიანად ან ნაწილობრივ დაფინანსებული ღონისძიებების განხორციელების დეტალურ პირობებს, განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა უცხოური ვალუტა, გადასახადები და საბაჟო გადასახდელები.
1.3 წინამდებარე „ჩარჩო შეთანხმება“ აგრეთვე მოიცავს თანამეგობრობის მიერ დაფინანსებულ ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც არ საჭიროებენ კონკრეტულ ფინანსურ შეთანხმებას.
მუხლი 2. უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებული პირობები
2.1 ღონისძიებების განსახორციელებლად ბენეფიციარი სახელმწიფოს სათანადო უფლებამოსილი ორგანო (ორგანოები) გასცემს უცხოური ვალუტის იმპორტზე და შეძენაზე ნებართვებს და უზრუნველყოფს უფლებამოსილ ქვეყნებს თანაბარი პირობებით.
2.2 სათანადო სამთავრობო უწყებამ (უწყებებმა) უნდა უზრუნველყოს (უზრუნველყონ) მოვლინებული ექსპერტები და მათი ოჯახის წევრები ღონისძიებათა პერიოდში ბენეფიციარ სახელმწიფოში უცხოური ვალუტის იმპორტისა და შენახვისათვის აუცილებელი ნებართვებით.
2.3 გარდა ამისა, მოვლინებული ექსპერტები და მათი ოჯახის წევრები მიიღებენ უფლებას ქვეყნიდან გაიტანონ გამოუყენებელი ვალუტა ნებისმიერი ოდენობით.
მუხლი 3. საგადასახადო და საბაჟო დებულებები
თანამეგობრობის მიერ მთლიანად ან ნაწილობრივ დაფინანსებული ღონისძიებები არ იბეგრება გადასახადებით, საბაჟო ტარიფებით ან ანალოგიური ხასიათის სხვა ფისკალური მოსაკრებლებით. კერძოდ:
3.1 თანამეგობრობის მიერ დაფინანსებული ღონისძიებების განხორციელებისათვის იმპორტირებული ნებისმიერი საქონელი არ იბეგრება გადასახადებით, საბაჟო ან საიმპორტო გადასახდელებით, ან ანალოგიური ხასიათის სხვა ფისკალური მოსაკრებლებით, რომელიც დადგენილია ბენეფიციარი სახელმწიფოს ან იმ სახელმწიფო უწყების მიერ, რომელიც უფლებამოსილია დააწესოს მსგავსი გადასახდელები.
3.2 ბენეფიციარი სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში მიმღებისათვის მისაწოდებელი იმპორტირებული საქონელი დროულად იქნება გატარებული ლეგალური საბაჟო გამშვები პუნქტიდან, რაც აუცილებელია კონტრაქტის ნორმალური შესრულებისათვის.
3.3 თანამეგობრობის დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები გათავისუფლებულია ბენეფიციარ სახელმწიფოში მოქმედი დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან, დოკუმენტების დაშტამპვაზე დაწესებული გადასახადებისაგან, სარეგისტრაციო მოსაკრებლისაგან ან სხვა ნებისმიერი ანალოგიური ძალის მქონე მოსაკრებლისაგან, მიუხედავად იმისა, არსებობს ასეთი მოსაკრებლები თუ მომავალში იქნება დაწესებული, და იმისა, კონტრაქტი დადებულია ბენეფიციარი სახელმწიფოს თუ სხვა ქვეყნის პირებთან.
3.4 იმ შემთხვევაში, როდესაც კონტრაქტი მოიცავს ბენეფიციარ სახელმწიფოში წარმოებული საქონლის მიწოდებას, კონტრაქტი დაიდება ფასზე, რომელიც არ შეიცავს დღგ-ს. ტერმინი „საქონელი“ ნიშნავს ნებისმიერ გასაყიდ პროდუქტს, მომსახურებას და/ან უფლებას.
3.5 თანამეგობრობის მიერ დაფინანსებულ ყველა კონტრაქტის საფუძველზე მომუშავე უცხოელი კონტრაქტორები და მათი თანამშრომლები, გარდა ბენეფიციარი სახელმწიფოს მოქალაქეებისა, გათავისუფლებულები იქნებიან ბენეფიციარი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა გადასახადისა და სავალდებულო მოსაკრებლისაგან, მათ შორის სოციალური დაზღვევის დებულებებისაგან და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებისაგან.
3.6 პირადი და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნები, აგრეთვე საკვები, რომელთა იმპორტირებაც ხდება თანამეგობრობის მიერ დაფინანსებული კონტრაქტების საფუძველზე მომუშავე პირების პირადი სარგებლობისათვის, გათავისუფლდება ბენეფიციარ სახელმწიფოში მოქმედი საბაჟო და საიმპორტო გადასახდელებისაგან და ეკვივალენტური მოქმედების მქონე სხვა ფისკალური მოსაკრებლებისაგან. ეს არ ეხება ბენეფიციარი სახელმწიფოს მოქალაქეებსა ან მასში მუდმივად მცხოვრებ პირების.
3.7 ნებადართულია ოჯახზე საბაჟო გადასახდელებისგან გათავისუფლებული ერთი ავტომანქანის იმპორტი ბენეფიციარ სახელმწიფოში, იმ პირობით რომ ავტომანქანა გამოიყენება მხოლოდ შესაბამისი კონტრაქტის მოქმედების პერიოდში და ამ დროის გასვლის შემდეგ რეექსპორტირებული იქნება. ექსპერტებსა და მათი ოჯახის წევრებს უფლება აქვთ მიიღონ ადგილობრივი მართვის მოწმობები, მას შემდეგ, რაც წარადგენენ მათ ხელთ უკვე არსებულ მართვის მოწმობებს.
3.8 თანამეგობრობის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო დახმარების განხორციელება შესაძლებელია შეჩერებულ იქნეს, თუ წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლით გათვალისწინებული დებულებები არ იქნა შესრულებული ბენეფიციარი სახელმწიფოს მიერ.
მუხლი 4. მხარეთა შორის თანამშრომლობა და კონსულტაციები
4.1 მხარეებმა უნდა გაატარონ ყველა სათანადო ღონისძიება ამ „ჩარჩო შეთანხმების“ განხორციელებისათვის.
4.2 ბენეფიციარი სახელმწიფო უზრუნველყოფს კომისიას ყოველგვარი ინფორმაციით ამ „ჩარჩო შეთანხმების“ განხორციელებასთან დაკავშირებით, საიდუმლო ინფორმაციის გარდა, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.
4.3 ნებისმიერი კითხვა ამ „ჩარჩო შეთანხმების“ განხორციელებასთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით მხარეებს შორის კონსულტაციების საგანი უნდა გახდეს, რასაც საჭიროების შემთხვევაში მოჰყვება „ჩარჩო შეთანხმებაში“ წერილობითი ცვლილების შეტანა.
მუხლი 5. სადავო საკითხები
„ჩარჩო შეთანხმების“ განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა მხარეებს შორის, რომელიც ვერ მოგვარდება სათანადო დროის განმავლობაში მხარეებს შორის კონსულტაციების გზით, უნდა გადაიჭრას არბიტრაჟის საშუალებით, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოებისათვის „მუდმივი საარბიტრაჟო სასამართლოს არბიტრაჟის არასავალდებულო წესები“ შესაბამისად, რომელიც ძალაშია მოცემული ჩარჩო შეთანხმების ხელმოწერის დღეს.
მუხლი 6. შეთანხმების ამოქმედება, მოქმედების შეჩერება და შეწყვეტა
6.1 ეს შეთანხმება ძალაშია ბენეფიციარი სახელმწიფოს მიერ შეთანხმების ამოქმედებისათვის აუცილებელი სათანადო შიდა პროცედურების დასრულების დამადასტურებელი ბოლო შეტყობინების გაცვლის შემდეგ.
6.2 იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არ შეასრულებენ „ჩარჩო შეთანხმებით“ განსაზღვრულ ვალდებულებებს ან თუ ისინი დროულად არ მიიღებენ სათანადო ღონისძიებებს სიტუაციის გამოსასწორებლად კომისიას შეუძლია შეაჩეროს ან შეწყვიტოს ფინანსური შეთანხმების განხორციელება.
6.3 თითოეულ მხარეს შეუძლია, კონსულტაციების საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ეს „ჩარჩო შეთანხმება“ მეორე მხარისათვის შეწყვეტამდე 6 თვით ადრე წინასწარი შეტყობინებით.
6.4 ამ „ჩარჩო შეთანხმების“ მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, ის კვლავ ძალაში დარჩება იმ მიმდინარე ვალდებულებებთან მიმართებაში, რომლებიც შესაბამისი ხელმოწერილი ფინანსური ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს.
მუხლი 7. შესწორებები
ამ „ჩარჩო შეთანხმებაში“ შესწორებები უნდა გაკეთდეს წერილობით და ისინი შეთანხმებული უნდა იყოს მხარეებს შორის წერილების გაცვლის საფუძველზე.
მუხლი 8. შეთანხმების ენა
ეს „ჩარჩო შეთანხმება“ შედგენილია 2 ეგზემპლარად, ინგლისურ და ქართულ ენებზე. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა მიეცემა ინგლისურ ტექსტს.
კომისიის სახელით (ხელმოწერილია) ბრიუსელი. 06.06.2007
| ბენეფიციარი სახელმწიფოს სახელით (ხელმოწერილია) 18.06.2007
|
* დაემატება კონკრეტული ბენეფიციარი ქვეყნის შესაბამისი რეკვიზიტები.
დოკუმენტის კომენტარები