კონვენცია წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ

  • Word
კონვენცია წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/12/1984
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, -, 25/05/2000
ძალაში შესვლის თარიღი 25/11/1994
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000340
  • Word
10/12/1984
სსმ, -, 25/05/2000
000000430.00.003.000340
კონვენცია წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

კონვენცია

წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ

ამ კონვენციის მხარე-სახელმწიფოები,

მხედველობაში იღებენ რა, რომ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში განცხადებული პრინციპების თანახმად, ადამიანთა ოჯახის ყველა წევრის თანასწორ და ხელშეუვალ უფლებათა აღიარება წარმოადგენს მსოფლიოში თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის საფუძველს,

აღიარებენ რა, რომ ეს უფლებანი გამომდინარეობს ადამიანის პიროვნებისათვის დამახასიათებელი თანდაყოლილი ღირსებიდან,

მხედველობაში იღებენ რა სახელმწიფოთა მიერ წესდების, კერძოდ მისი 55-ე მუხლის, მიხედვით ნაკისრ ვალდებულებას, ხელიშეუწყონ ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემასა და დაცვას,

ითვალისწინებენ რა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-5 მუხლს და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლს, რომელთაგანაც ორივე ითვალისწინებს, რომ არავინ არ უნდა დაექვემდებაროს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს,

ითვალისწინებენ რა აგრეთვე დეკლარაციას წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ, მიღებულს გენერალური ასამბლეის მიერ 1975 წლის 9 დეკემბერს,

მოწადინებულნი, უფრო ეფექტიანი გახადონ ბრძოლა წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ მთელს მსოფლიოში,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

ნაწილი I

    მუხლი 1

1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, ტერმინი „წამება“ ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას, რომლითაც ამა თუ იმ პირს განზრახ მიეყენება ძლიერი ტკივილი ან ტანჯვა, ფიზიკური ან სულიერი, ისეთი მიზნებით, როგორიცაა მისგან ამ მესამე პირისგან ინფორმაციის ან აღიარების მოპოვება, მისი დასჯა ქმედებისათვის, რომელიც მან ან მესამე პირმა ჩაიდინა, ან რომლის ჩადენაშიც ეჭვმიტანილია, ან მისი ან მესამე პირის დაშინება ან იძულება, ან ნებისმიერი ხასიათის დისკრიმინაციაზე დაფუძნებული ნებისმიერი მიზეზით, როდესაც ამგვარი ტკივილი ან ტანჯვა მიყენებულია სახელმწიფო თანამდებობის პირის, ან ოფიციალური თანამდებობით მოქმედი სხვა პირის მიერ, ან მისი წაქეზებით, ან მისი ნებართვით, ან მისი უსიტყვო თანხმობით. იგი არ მოიცავს ტკივილს ან ტანჯვას, რომელიც მხოლოდ კანონიერი სანქციების შედეგად წარმოიქმნება, არსებითად განუყოფელია მათგან, ან მათი თანმდევია.

2. ეს მუხლი ზიანს არ აყენებს რომელიმე საერთაშორისო დოკუმენტს ან ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც შეიცავს ან შეიძლება შეიცავდეს დებულებებს უფრო ფართო გამოყენების თაობაზე.

    მუხლი 2

1. თითოეული მხარე-სახელმწიფო ღებულობს ქმედით საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სასამართლო ან სხვა სახის ზომებს, რათა თავიდან აიცილოს წამების აქტები მისი იურუსდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ ტერიტორიაზე.

2. არანაირი სახის განსაკუთრებული გარემოება, იქნება ეს ომის მდგომარეობა ან ომის საფრთხე, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა თუ ნებისმიერი სხვა სახის საგანგებო ვითარება, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წამების გასამართლებლად.

3. ზემდგომი თანამდებობის პირის ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ბრძანება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წამების გასამართლებლად.

    მუხლი 3

1. არც ერთმა მხარე-სახელმწიფომ არ უნდა მოახდინოს პირის გაძევება, დაბრუნება („refouler”) ან ექსტრადიცია სხვა სახელმწიფოში, როდესაც არსებობს სერიოზული საფუძველი იმის საფიქრალად, რომ იქ მის მიმართ წამება შეიძლება იქნეს გამოყენებული.

2. იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ამგვარი საფუძველი, კომპეტენტური ორგანოები მხედველობაში იღებენ საქმესთან კავშირის მქონე ყველა გარემოებას, მათ შორის, როდესაც ეს მიზანშეწონილია, მოცემულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა უხეში, აღმაშფოთებელი ან მასობრივი დარღვევების მუდმივი პრაქტიკის არსებობას.

    მუხლი 4

1. თითოეული მხარე-სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ წამების ყველა აქტი მისი სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით განიხილებოდეს, როგორც დანაშაულები. იგივე შეეხება წამების აქტის ჩადენის მცდელობასა და ნებისმიერი პირის ქმედებას, რომელიც წამებაში თანამონაწილეობას ან მონაწილეობას წარმოადგენს.

2. თითოეული მხარე-სახლემწიფო აწესებს სათანადო სასჯელებს ამგვარი დანაშაულებისთვის, მათი მძიმე ხასიათის გათვალისწინებით.

    მუხლი 5

1. თითოეული მხარე-სახელმწიფო ღებულობს იმგვარ ზომებს, როგორიც აუცილებელი შეიძლება აღმოჩნდეს, საკუთარი იურისდიქციის დასამყარებლად მე-4 მუხლში მოხსენიებულ დანაშაულებზე შემდეგ შემთხვევებში:

(a) როდესაც დანაშაულები ჩადენილია მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ რომელიმე ტერიტორიაზე, ან მოცემულ სახელმწიფოში რეგისტრირებული გემის ან საფრენი აპარატის ბორტზე;

(b) როდესაც სავარაუდო დამნაშავე მოცემული სახელმწიფოს მოქალაქეა;

(c) როდესაც მსხვერპლი მოცემული სახელმწიფოს მოქალაქეა, თუკი მოცემული სახელმწიფო ამას მიზანშეწონილად ჩათვლის.

2. თითოეული მხარე-სახელმწიფო ანალოგიურად ღებულობს იმგვარ ზომებს, როგორიც აუცილებელი შეიძლება აღმოჩნდეს, საკუთარი იურისდიქციის დასამყარებლად ამგვარ დანაშაულებზე იმ შემთხვევებში, როდესაც სავარაუდო დამნაშავე იმყოფება მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ რომელიმე ტერიტორიაზე და იგი არ ახდენს მის ექსტრადაციას მე-8 მუხლის მიხედვით რომელიმე სახელმწიფოში, რომელიც ამ მუხლის 1-ლ პუნქტშია მოხსენიებული.

3. ეს კონვენცია არ გამორიცხავს რომელიმე სისხლის სამართლებრივ იურისდიქციას, განხორციელებულს შიდა კანონმდებლობის თანახმად.

    მუხლი 6

1. დარწმუნდება რა, მის ხელთ არსებული ინფორმაციის შესწავლის შემდეგ, რომ გარემოებანი ამას ამართლებს, ნებისმიერი მხარე-სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება მე-4 მუხლში მოხსენიებული რომელიმე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი, პატიმრობაში აიყვანს მას ან მიიღებს სხვა სამართლებრივ ზომებს მისი იქ ყოფნის უზრუნველსაყოფად. პატიმრობა და სხვა სამართლებრივი ზომები ხორციელდება იმგვარად, როგორც ეს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად ან ექსტრადაციის პროცედურის დასაწყებად.

2. ამგვარი სახელმწიფო დაუყოვნებლივ აწარმოებს ფაქტების წინასწარ გამოძიებას.

3. ნებისმიერ პირს, პატიმრობაში მყოფს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, დახმარება აღმოეჩინება კონტაქტის დაუყოვნებლივ დამყარებაში უახლოეს შესაბამის წარმომადგენელთან იმ სახელწიფოსი, რომლის მოქალაქეც იგი არის, ან, თუ იგი მოქალაქეობის არმქონე პირია, იმ სახელმწიფოს წარმომადგენელთან, რომელშიც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს.

4. როდესაც სახელმწიფოს, ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, პირი პატიმრობაში აჰყავს, იგი დაუყოვნებლივ აცნობებს მე-5 მუხლის 1-ლ პუნქტში მოხსენიებულ სახელმწიფოებს იმ ფაქტის შესახებ, რომ ამგვარი პირი პატიმრობაში იმყოფება, და იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც მის დაკავებას ამართლებს. სახელმწიფო, რომელიც აწარმოებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებულ წინასწარ გამოძიებას, დაუყოვნებლივ ატყობინებს მის მიერ მოპოვებული მონაცემების თაობაზე ხსენებულ სახელმწიფოებს და მიუთითებს, აპირებს თუ არა იგი იურისდიქციის განხორციელებას.

    მუხლი 7

1. მხარე-სახელმწიფო, რომლის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზეც აღმოჩენილია მე-4 მუხლში მოხსენიებული რომელიმე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი, მე-5 მუხლში გათვალისწინებულ რომელიმე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი, მე-5 მუხლში გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ იგი ამ პირის ექსტრადაციას არ ახდენს, საქმეს გადასცემს თავის კომპეტენტურ ორგანოებს სასამართლო დევნის მიზნით.

2. ეს ორგანოები გადაწყვეტილებას ღებულობენ იმგვარადვე, როგორც სერიოზული ხასიათის მქონე ჩვეულებრივი დანაშაულის შემთხვევაში ამ სახელწიფოს კანონმდებლობის მიხედვით. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოხსენიებულ შემთხვევებში, მოთხოვნები იმ მტკიცებულებათა მიმართ, რომლებიც სასამართლო დევნისა და მსჯავრის დადებისთვის არის აუცილებელი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ნაკლებად მკაცრი, ვიდრე მოთხოვნები, რომლებიც მე-5 მუხლის 1-ლ პუნქტში მოხსენიებულ შემთხვევებში გამოიყენება.

3. ნებისმიერი პირისათვის, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქმის გარჩევა მე-4 პუნქტში მოხსენიებულ რომელიმე დანაშაულთან დაკავშირებით, გარანტირებულია სამართლიანი მოპყრობა საქმის გარჩევის ეტაპზე.

    მუხლი 8

1. მე-4 მუხლში მოხსენიებული დანაშაულები ითვლება შეტანილად, როგორც ექსტრადიციის გამომწვევი დანაშაულები, მხარე-სახელმწიფოთა შორის არსებულ ნებისმიერ ხელშეკრულებაში ექსტრადიციის შესახებ. მხარე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, შეიტანონ ამგვარი დანაშაულები, როგორც ექსტრადიციის გამომწვევი დანაშაულები ყველა ხელშეკრულებაში ექსტრადიციის შესახებ, რომელიც მათ შორის დაიდება.

2. თუ მხარე სახელმწიფო, რომელიც ექსტრადიციას ხელშეკრულების არსებობით განაპირობებს, მიიღებს ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნას სხვა მხარე-სახელმწიფოსაგან, რომელთანაც მას დადებული არა აქვს ხელშეკრულება ექსტრადიციის შესახებ, მას შეუძლია, ეს კონვენცია განიხილოს სამართლებრივ ბაზად ექსტრადიციისათვის ამგვარ დანაშაულებთან მიმართებაში. ექსტრადიცია ექვემდებარება სხვა პირობებს, გათვალისწინებულს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით.

3. მხარე-სახელმწიფოები, რომლებიც ექსტრადიციის ხელშეკრულების არსებობით არ განაპირობებენ, ერთმანეთს შორის ურთიერთობისას აღიარებენ ამგვარ დანაშაულებს ექსტრადიცის გამომწვევ დანაშაულებად იმ პირობის მიხედვით, რომლებიც გათვალისწინებულია მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით.

4. ამგვარი დანაშაულები, მხარე-სახელმწიფოთა შორის ექსტრადიციის მიზნისათვის, განიხილება იმგვარად, თითქოს ისინი ჩადენილი იყოს არა მხოლოდ იმ ადგილას, სადაც ისინი მოხდა, არამედ აგრეთვე იმ სახელმწიფოთა ტერიტორიებზე, რომლებსაც მოეთხოვებათ, დაამყარონ საკუთარი იურისდიქცია მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად.

    მუხლი 9

1. მხარე-სახელმწიფოები უწევენ ერთმანეთს რაც შეიძლება ფართო დახმარებას მე-4 მუხლში მოხსენიებული დანაშაულების მიმართ აღძრულ ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მათ ხელთ არსებული ყველა იმ მტკიცებულებების მიწოდების ჩათვლით, რომლებიც სასამართლო გარჩევისთვის არის აუცილებელი.

2. მხარე-სახელმწიფოები თავიანთ ვალდებულებებს ამ მუხლის I პუნქტის მიხედვით ასრულებენ სასამართლო ურთიერთდახმარების შესახებ ნებისმიერ იმ ხელშეკრულებათა შესაბამისად, რომლებიც მათ შორის შეიძლება იყოს დადებული.

    მუხლი 10

1. თითოეული მხარე-სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ წამების აკრძალვასთან დაკავშირებული სასწავლო მასალები და ინფორმაცია სრულად იყოს შეტანილი სამართალაღმასრულებელი ორგანოების პერსონალის, სამოქალაქო ან სამხედრო, სამედიცინო პერსონალის, სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და იმ სხვა პირების მომზადების პროგრამებში, ვისაც კავშირი შეიძლება ჰქონდეთ ამა თუ იმ პიროვნების თავისუფლების აღკვეთასთან, დაკითხვასთან ან მოპყრობასთან, ვის მიმართაც დაპატიმრების, დაკავების ან ციხეში მოთავსების ესა თუ ის ფორმა გამოიყენება.

2. თითოეულ მხარე-სახელმწიფოს შეაქვს ეს აკრძალვა ნებისმიერი ამგვარი პირის მოვალეობებსა და ფუნქციებთან დაკავშირებით გამოცემულ წესებში ან ინსტრუქციებში.

    მუხლი 11

თითოეული მხარე-სახელმწიფო სისტემატურად განიხილავს დაკითხვის წესებს, ინსტრუქციებს, მეთოდებსა და პრაქტიკას, და აგრეთვე ღონისძიებებს, გატარებულს იმ პირთა თავისუფლების აღკვეთასთან და მოპყრობასთან დაკავშირებით, ვის მიმართაც დაპატიმრების, დაკავების ან ციხეში მოთავსების ესა თუ ის ფორმა გამოიყენება მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ რომელიმე ტერიტორიაზე, წამების ნებისმიერი შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით.

    მუხლი 12

თითოეული მხარე-სხელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა ჩაატარონ სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება, როდესაც არსებობს გონივრული საფუძველი იმის საფიქრალად, რომ წამების აქტია ჩადენილი მისი ურისდიქციის ქვეშ მყოფ რომელიმე ტერიტორიაზე.

    მუხლი 13

თითოეული მხარე-სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერ პიროვნებას, ვინც აცხადებს, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნა წამება ამ სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ რომელიმე ტერიტორიაზე, უფლება ჰქონდეს, საჩივრით მიმართოს და თავისი საქმე სწრაფად და მიუკერძოებლად განახილვინოს მის კომპეტენტურ ორგანოებს. მიღებულ უნდა იქნას ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომჩივანი და მოწმეები დაცულნი იყვნენ ცუდი მოპყრობის ან დაშინებისაგან, რაც შედეგია მის საჩივრის ან ნებისმიერი მიცემული ჩვენებისა.

    მუხლი 14

1. თითოეული მხარე-სახელმწიფო უზრუნველყოფს თავის სამართლებრივ სისტემაში, რომ წამების აქტის მსხვერპლმა მიიღოს ანაზღაურება და ჰქონდეს სამართლიანი და ადეკვატური კომპენსაციის სამართლებრივად აღსრულებადი უფლება, რაც შეიძლება სრული რეაბილიტაციისთვის საჭირო სახსრების ჩათვლით. წამების აქტის მსხვერპლის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის მიღების უფლება მის კმაყოფაზე მყოფთ ეძლევათ.

2. არაფერი იმ მუხლში ზეგავლენას არ ახდენს მსხვერპლის ან სხვა პირების უფლებაზე კომპენსაციის მიღებაზე, რომელიც ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით შეიძლება არსებობდეს.

    მუხლი 15

თითოეული მხარე-სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც, როგორც დადგინდა, გაკეთებულია წამების შედეგად, გამოყენებული არ იქნეს მტკიცებულებად რომელიმე სასამართლო გარჩევაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი წამებაში ბრალდებული პირის წინააღმდეგ გამოიყენება როგორც მტკიცებულება იმისა, რომ განცხადება გაკეთებული იქნა.

    მუხლი 16

1. თითოეული მხარე-სახელმწიფო ვალდებულებას კისრულობს, თავიდან აიცილოს მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ ტერიტორიაზე სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის სხვა აქტები, რომლებიც ტოლფასი არ არის წამებისა, როგორც იგი 1-ლ მუხლშია განსაზღვრული, როდესაც ამგვარი აქტები ჩადენილია სახელმწიფო თანამდებობის პირის, ან მისი ნებართვით, ან მისი უსიტყვო თანხმობით. კერძოდ, მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 მუხლებში შემავალი ვალდებულებები გამოიყენება მათში წამების მოხსენიების შეცვლით სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის სხვა ფორმების მოხსენიებით.

2. ამ კონვენციის დებულებები ზიანს არ აყენებს დებულებებს რომელიმე სხვა საერთაშორისო დოკუმენტის ან ეროვნული კანონმდებლობისა, რომელიც სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს კრძალავს, ან რომელიც ექსტრადიციას ან გაძევებას შეეხება.

ნაწილი II

    მუხლი 17

1. იქმნება კომიტეტი წამების წინააღმდეგ (შემდგომში „კომიტეტად“ წოდებული), რომელიც ასრულებს ქვემოთ გათვალისწინებულ ფუნქციებს. კომიტეტი შედგება ადამიანის უფლებათა დარგში მაღალი მორალური რეპუტაციისა და აღიარებული კომპეტენტურობის მქონე ათი ექსპერტისგან, რომლებიც თავიანთ პერსონალურ რანგში მოქმედებენ. ექსპერტებს ირჩევენ მხარე-სახელმწიფოები, რის დროსაც მხედველობაში მიიღება სამართლიანი გეოგრაფიული განაწილება და იურიდიული გამოცდილების მქონე რამდენიმე პირის მონაწილეობის მიზანშეწონილობა.

2. კომიტეტის წევრთა არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით, მხარე-სახელმწიფოთა მიერ დასახელებული პირების სიიდან. თითოეულ მხარე-სახელმწიფოს შეუძლია დაასახელოს ერთი თავისი საკუთარი მოქალაქეების რიცხვიდან. მხარე-სახელმწიფოები ითვალისწინებენ მიზანშეწონილობას იმ პირთა დასახელებისა, რომლებიც არიან აგრეთვე სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მიხედვით დაარსებული ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრები და რომლებიც სურვილს გამოთქვავენ, იმუშაონ კომიტეტში წამების წინააღმდეგ.

3. კომიტეტის წევრთა არჩევნები ტარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ მოწვეულ თათბირებზე, რომლებიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ამ თათბირებზე, რომლებისთვისაც კვორუმი მხარე-სახელმწიფოთა ორ მესამედს შეადგენს, კომიტეტის წევრებად აირჩევიან პირები, რომლებიც მიიღებენ ხმათა ყველაზე დიდ რაოდენობასა და მხარე სახელმწიფოთა დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წარმომადგენლების ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას.

4. საწყისი არჩევნები ტარდება არა უგვიანეს ექვსი თვის შემდეგ ამ კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან. ყოველი არჩევნების თარიღამდე სულ მცირე ოთხი თვით ადრე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი წერილს უგზავნის მხარე-სახელმწიფოებს და სთავაზობს მათ, დაასახელონ თავიანთი კანდიდატურები სამი თვის განმავლობაში. გენერალური მდივანი ადგენს ამგვარად დასახელებულ პირთა ანბანის რიგზე დალაგებულ სიას, მიუთითებს რა მხარეთა-სახელმწიფოებს, რომლებმაც ისინი დაასახელეს, და წარუდგენს მას მხარე-სახელმწიფოებს.

5. კომიტეტის წევრთა არჩევა ხდება ოთხთვიანი ვადით. მათ უფლება აქვთ, ხელმეორედ იყვნენ არჩეულნი, თუ მათი კანდიდატურა ხელმეორედ დასახელდება. თუმცა, პირველ არჩევნებზე არჩეული ხუთი წევრის უფლებამოსილებათა ვადა იწურება ორწლიანი პერიოდის ბოლოს; უშუალოდ პირველი არჩევნების შემდეგ ამ ხუთი წევრის სახელებს წილისყრის მეშვეობით ამოირჩევს თათბირის თავმჯდომარე, მოხსენიებული ამ მუხლის მე-3 მუხლში.

6. თუ კომიტეტის წევრი გარდაიცვლება, გადადგება ან რაიმე სხვა მიზეზის გამო აღარ შეეძლება თავის საკომიტეტო მოვალეობათა შესრულება, მხარე-სახელმწიფო, რომელმაც იგი დაასახელა, თავის მოქალაქეთა რიცხვიდან დანიშნავს სხვა ექსპერტს მისი ვადის დანარჩენი ნაწილის განმავლობაში სამუშაოდ, მხარე-სხელმწიფოთა უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაში. თანხმობა მიცემულად ითვლება, თუ მხარე-სახელმწიფოთა ნახევარი ან მეტი უარყოფით პასუხს არ გასცემს ექვსი კვირის განმავლობაშიმას შემდეგ, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მათ შემოთავაზებული დანიშვნის შესახებ აცნობებს.

7. მხარე-სახელმწიფოები პასუხისმგებელნი არიან კომიტეტის წევრთა ხარჯებზე, სანამ ისინი საკომიტეტო მოვალეობებს ასრულებენ.

    მუხლი 18

1. კომიტეტი თავის თაამდებობის პირებს ირჩევს ორწლიანი ვადით. ისინი ხელმეორედ შეიძლება იყვნენ არჩეულნი.

2. კომიტეტი ადგენს თავის საკუთარ საპროცედურო წესებს, მაგრამ ამ წესებში, სხვა ფაქტორებს შორის, გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ:

(a) ექვსი წევრი კვორუმს შეადგენს;

(b) გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით.

3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი უზრუნველყოფს აუცილებელ პერსონალსა და პირობებს კომიტეტის ფუნქციათა ეფექტიანად შესრულებისთვის ამ კონვენციის მიხედვით.

4. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იწვევს კომიტეტის საწყის თათბირს. თავისი საწყისი თათბირის შემდეგ კომიტეტი იკრიბება დროის ისეთი ინტერვალებით, როგორიც მის საპროცედურო წესებშია გათვალისწინებული.

5. მხარე-სახელმწიფოები პასუხისმგებელნი არიან მხარე-სახელმწიფოთა და კომიტეტის თათბირების გამართვასთან დაკავშირებით გაღებულ ხარჯებზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის ნებისმიერი ისეთი ხარჯების ანაზღაურების ჩათვლით, როგორიც არის პერსონალისა და პირობების უზრუნველყოფის ხარჯები, გაღებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით.

    მუხლი 19

1. მხარე-სახელმწიფოები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მეშვეობით, კომიტეტს წარუდგენენ ანგარიშებს მათ მიერ ამ კონვენციის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად მიღებული ზომების შესახებ, შესაბამისი მხარე- სახელმწიფოსათვის ამ კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში. ამის შემდეგ მხარე სახელმწიფოები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ წარადგენენ დამატებით ანგარიშებს, როგორიც კომიტეტმა შეიძლება მოითხოვოს.

2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი გადაუგზავნის ამ ანგარიშებს ყველა მხარე-სახელმწიფოს.

3. თითოეული ანგარიში განიხილება კომიტეტის მიერ, რომელსც შეუძლია გააკეთოს იმგვარი ზოგადი კომენტარები ანგარიშის თაობაზე, როგორსაც იგი მიზანშეწონილად ჩათვლის, და გადაუგზავნის მათ შესაბამის მხარე-სახელმწიფოს. ამ მხარე-სახელმწიფოს შეუძლია უპასუხოს კომიტეტს ნებისმიერი შენიშვნებით, როგორსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს.

4. კომიტეტს შეუძლია, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეიტანოს ნებისმიერი კომენტარი, გაკეთებული მის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მათ შესახებ შესაბამის მხარე-სახელმწიფოთაგან მიღებულ შენიშვნებთან ერთად, თავის წლიურ ანგარიშში, გაკეთებულში 24-ე მუხლის თანახმად. თუ მას შესაბამისი მხარე-სახელმწიფო ამას მოსთხოვს, კომიტეტს შეუძლია შეიტანოს აგრეთვე ამ მუხლის I პუნქტის თანახმად წარდგენილი ანგარიშის ასლი.

    მუხლი 20

1. თუ კომიტეტი მიიღებს სარწმუნო ინფორმაციას, რომელიც, მისი თვალსაზრისით, შეიცავს კარგად დასაბუთებულ მინიშნებებს ამა თუ იმ მხარე-სახელმწიფოს ტერიტორიაზე წამების სისტემატურად გამოყენების თაობაზე, კომიტეტი სთავაზობს ამ მხარე-სახელმწიფოს, ითანამშრომლოს ამ ინფორმაციის შესწავლაში და ამ მიზნით წარმოადგინოს საკუთარი შენიშვნები მოცემული ინფორმაციის თაობაზე.

2. გაითვალისწინებს რა ნებისმიერ შენიშვნებს, რომლებიც შესაბამისი მხარე-სახელმწიფოს მიერ შეიძლება იყოს წარმოდგენილი, და აგრეთვე მის ხელთ არსებულ ნებისმიერ სხვა შესაბამის ინფორმაციას, კომიტეტს შეუძლია, თუკი იგი გადაწყვეტს, რომ ეს გამართლებულია, დანიშნოს ერთი ან რამდენიმე თავისი წევრი კონფიდენციალური გამოძიების ჩასატარებლად და კომიტეტისთვის ანგარიშის სასწრაფოს წარსადგენად.

3. თუ ტარდება გამოძიება ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომიტეტი ცდილობს, მიაღწიოს თანამშრომლობას შესაბამის მხარე-სახელმწიფოსთან. ამ მხარე-სახელმწიფოსთან შეთანხმებით, ამგვარ გამოძიებაში შეიძლება შევიდეს ვიზიტი მის ტერიტორიაზე.

4. მისი წევრის ან წევრების მიერ მოპოვებული, ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად წარდგენილი მონაცემების შესწავლის შემდეგ, კომისია გადაუგზავნის ამ მონაცემებს შესაბამის მხარე-სახელმწიფოს, ნებისმიერ იმ კომენტარებთან ან წინადადებებთან ერთად, რომლებიც მიზანშეწონილი ჩანს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით.

5. კომიტეტის მთელი მუშაობა, მოხსენიებული ამ მუხლის 1-4 პუნქტებში, კონფიდენციალური ხასიათისაა, ხოლო ამ მუშაობის ყველა ეტაპზე საჭიროა თანამშრომლობისკენ სწრაფვა. მას შემდეგ, რაც ამგვარი მუშაობა დასრულდება მე-2 პუნქტის თანახმად ჩატარებულ გამოძიებასთან მიმართებაში, კომიტეტს შეუძლია, შესაბამის მხარე-სახელმწიფოსთან კონსულტაციების შემდეგ, მიიღოს გადაწყვეტილება, შეიტანოს ამ სამუშაოს შედეგების შემაჯამებელი ანგარიში თავის ყოველწლიურ ანგარიშში, მომზადებულში 24-ე მუხლის თანახმად.

    მუხლი 21

1. ამ კონვენციის მხარე-სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია განაცხადოს ამ მუხლის მიხედვით, რომ იგი ცნობს კომიტეტის კომპეტენციას, მიიღოს და განიხილოს შეტყობინებანი იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთი მხარე-სახელმწიფო ამტკიცებს, რომ მეორე მხარე-სახელმწიფო არ ასრულებს თავის ვალდებულებებს ამ კონვენციის მიხედვით. ამგვარი შეტყობინებანი შეიძლება ამ მუხლში ჩამოყალიბებული პროცედურების მიხედვით მიღებული და განხილული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმოდგენილია იმ მხარე-სახელმწიფოს მიერ, რომელსაც გაკეთებული აქვს განცხადება, რომლითაც იგი თავისთან მიმართებაში ცნობს კომიტეტის კომპეტენციას. კომიტეტის მიერ არ განიხილება რაიმე შეტყობინება ამ მუხლის მიხედვით, თუ იგი შეეხება მხარე-სახელმწიფოს, რომელსაც ამგვარი განცხადება არ გაუკეთებია. ამ მუხლის მიხედვით მიღებული შეტყობინებები განიხილება შემდეგი პროცედურის თანახმად:

(a) თუ ესა თუ ის მხარე-სახელმწიფო თვლის, რომ მეორე მხარე-სახელმწიფო ამ კონვენციის დებულებებს არ ასრულებს, მას შეუძლია, წერილობითი შეტყობინების მეშვეობის, ამ მხარე-სახელმწიფოს ყურადღება მიაპყროს ამ საკითხს. შეტყობინების მიღებიდან სამი თვის განმავლობაში, მისი მიმღები სახელმწიფო შეტყობინების გამგზავნ სახელმწიფოს წარუდგენს წერილობით განმარტებას ან ნებისმიერ სხვა განცხადებას, რომელშიც ახსნილი იქნება საკითხი და რომელიც მოიცავს, რამდენადაც ეს შესაძლებელი და მიზანშეწონილია, მითითებას იმ შიდა პროცედურებსა და მიღებულ ზომებზე, რომლებიც გასატარებელი ან ხელმისაწვდომია მოცემულ საკითხთან მიმართებაში;

(b) თუ ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ მოხერხდა ორივე დაინტერესებული მხარისათვის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების მიღწევა მიმღები სახელმწიფოს მიერ თავდაპირველი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში, თითოეულ სახელმწიფოს უფლება აქვს, საკითხი წარუდგინოს კომიტეტს, კომიტეტისთვისა და მეორე სახელმწიფოსათვის შეტყობინების გაკეთების გზით;

(c) კომიტეტი მისთვის ამ მუხლის თანახმად წარდგენილ საკითხს განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი დარწმუნდება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა ხელმისაწვდომი საშინაო ზომა იქნა გამოყენებული და ამოწურული, თანახმად საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა. ეს წესი არ მოქმედებს, როდესაც ამ ზომების გამოყენება გაუმართლებლად ჭიანურდება, ან ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი ქმედით დახმარებას გაუწევს პირს, რომელიც ამ კონვენციის დარღვევის მსხვერპლია;

(d) ამ მუხლის მიხედვით გათვალისწინებული შეტყობინების შესწავლისას კომიტეტი მართავს დახურულ სხდომებს;

 (e) თანახმად (c) პუნქტის დებულებებისა, კომიტეტი საკუთარ სამსახურს სთავაზობს შესაბამის მხარე-სახელმწიფოებს საკითხის მეგობრულად გადასაწყვეტად ამ კონვენციაში გათვალისწინებული ვალდებულებების პატივისცემის საფუძველზე. ამ მიზნით კომიტეტს შეუძლია, როდესაც ეს მიზანშეწონილია, დააარსოს სპეციალური შემთანხმებელი კომისია;

(f) მისთვის ამ მუხლის მიხედვით გადაცემულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტს შეუძლია მოუწოდოს (b) ქვეპუნქტში მოხსენიებულ შესაბამის მხარე-სახელმწიფოებს, წარმოადგინონ საქმესთან კავშირის მქონე ნებისმიერი ინფორმაცია;

(g) შესაბამის მხარე-სახელმწიფოებს, მოხსენიებულთ (b) ქვეპუნქტში, უფლება აქვთ წარმოდგენილი იყვნენ, როდესაც საკითხი კომიტეტის მიერ განიხილება და გააკეთონ წარდგინებანი ზეპირად და/ან წერილობით;

(h) კომიტეტი, თორმეტი თვის განნმავლობაში (b) ქვეპუნქტში გათვალისწინებული შეტყობინების მიღების თარიღიდან, წარდგენის ანგარიშს:

(i) თუ მიღწეულია გადაწყვეტილება (e) ქვეპუნქტის დებულებათა ფარგლებში, კომიტეტის მიერ წარდგენილი ანგარიში შემოიფარგლება ფაქტებისა და მიღწეული გადაწყვეტილებების მოკლე გადმოცემით;

(j) თუ მიღწეული არ არის გადაწყვეტილება (e) ქვეპუნქტის დებულებათა ფარგლებში, კომიტეტის მიერ წარდგენილი ანგარიში შემოიფარგლება ფაქტების მოკლე გადმოცემით; შესაბამის მხარე-სახელმწიფოთა მიერ გაკეთებული წერილობითი წარდგინებანი და ზეპირ წარდგინებათა ჩანაწერები თან ერთვის ანგარიშს. ყველა საკითხთან დაკავშირებით, ანგარიში ეგზავნება შესაბამის მხარე-სახელმწიფოებს.

2. ამ მუხლის დებულებები ძალაში შედის, როდესაც ამ კონვენციის ხუთ მხარე-სახელმწიფოს გაკეთებული ექნება განცხადებები ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით. ამგვარი განცხადებები მხარე-სახელმწიფოთა მიერ შესანახად ჰბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც მათს ასლებს სხვა მხარე-სახელმწიფოებს გადაუგზავნის. განცხადება ნებისმიერ დროს შეიძლება იქნეს გაუქმებული გენერალური მდივნისთვის გაკეთებული შეტყობინებით. ამგვარი გაუქმება ზიანს არ აყენებს განხილვას რომელიმე საკითხისა, რომელიც ამ მუხლის მიხედვით უკვე გადაცემული შეტყობინების საგანს წარმოადგენს; რომელიმე მხარე-სახელმწიფოს მიერ გაკეთებული არანაირი შემდგომი შეტყობინება აღარ მიიღება ამ მუხლის მიხედვით მას შემდეგ, რაც გენერალური მდივანი მიიღებს შეტყობინებას განცხადების გაუქმების შესახებ, თუკი შესაბამის მხარე-სახელმწიფოს ახალი განცხადება არ გაუკეთებია.

    მუხლი 22

1. ამ კონვენციის მხარე-სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია განაცხადოს ამ მუხლის მიხედვით, რომ იგი ცნობს კომიტეტის კომპეტენციას, მიიღოს და განიხილოს შეტყობინებანი, გაკეთებული მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი იმ პირების მიერ ან მათი სახელით, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მხარე-სახელმწიფოს მიერ კონვენციის დებულებათა დარღვევის მსხვერპლნი არიან. კომიტეტი არ ღებულობს არანაირ შეტყობინებას, თუ იგი შეეხება მხარე-სახელმწიფოს, რომელსაც ამგვარი განცხადება არ გაუკეთებია.

2. კომიტეტი მიუღებლად მიიჩნევს ამ მუხლის მიხედვით გაკეთებულ ნებისმიერ შეტყობინებას, რომელიც ანონიმურია, ან რომელსაც იგი ამგვარ შეტყობინებათა წარდგენის უფლების ბოროტად გამოყენებად, ან ამ კონვენციის დებულებებთან შეუთავსებლად მიიჩნევს.

3. მე-2 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, კომიტეტი მისთვის ამ მუხლის მიხედვით წარდგენილ ნებისმიერ შეტყობინებას მიაპყრობს ამ კონვენციის იმ მხარე-სახელმწიფოს ყურადღებას, რომელსაც გაკეთებული აქვს განცხადება I პუნქტის მიხედვით და რომელიც, როგორც ამტკიცებენ, კონვენციის ამა თუ იმ დებულებებს არღვევს. ექვსი თვის განმავლობაში, შეტყობინების მიმღები სახელმწიფო წარუდგენს კომიტეტს წერილობით ახსნა-განმარტებებს, რომლებშიც დაზუსტებული იქნება საკითხი და ზომა, თუ ასეთს ადგილი ექნა, რომელიც მიღებული შეიძლება იყოს ამ სახელმწიფოს მიერ.

4. კომიტეტი ამ მუხლის მიხედვით მიღებულ შეტყობინებებს განიხილავს მოცემული პირის მიერ ან მისი სახელით და შესაბამისი მხარე-სახელმწიფოს მიერ მისთვის მიწოდებული მთელი ინფორმაციის გათვალისწინებით.

5. კომიტეტი არ განიხილავს ამა თუ იმ პიროვნების მიერ ამ მუხლის მიხედვით გაკეთებულ რაიმე შეტყობინებას, თუ იგი არ დარწმუნდება, რომ:

(a) იგივე საკითხი არ განხილულა და არ განიხილება საერთაშორისო გამოძიების ან მოგვარების რომელიმე სხვა პროცედურის მიხედვით;

(b) პიროვნებას ამოწურული აქვს ყველა ხელმისაწვდომი საშინაო ზომა; ეს წესი არ მოქმედებს, როდესაც ამ ზომების გამოყენება გაუმართლებლად ჭიანურდება, ან ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი ქმედით დახმარებას გაუწევს პირს, რომელიც ამ კონვენციის დარღვევის მსხვერპლია.

6. ამ მუხლის მიხედვით გათვალისწინებული შეტყობინების შესწავლისას კომიტეტი მართავს დახურულ სხდომებს.

7. კომიტეტი თავის მოსაზრებებს აცნობებს შესაბამის მხარე-სახელმწიფოსა და პიროვნებას.

8. ამ მუხლის დებულებები ძალაში შედის, როდესაც ამ კონვენციის ხუთ მხარე-სახელმწიფოს გაკეთებული ექნება განცხადებები ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით. ამგვარი განცხადებები მხარე-სახელმწიფოთა მიერ შესანახად ჰბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც მათს ასლებს სხვა მხარე-სახელმწიფოებს გადაუგზავნის. განცხადება ნებისმიერ დროს შეიძლება იქნეს გაუქმებული გენერალური მდივნისათვის გაკეთებული შეტყობინებით. ამგვარი გაუქმება ზიანს არ აყენებს განხილვისას რომელიმე საკითხისა, რომელიც ამ მუხლის მიხედვით უკვე გადაცემული შეტყობინების საგანს წარმოადგენს; რომელიმე პიროვნების მიერ ან მისი სახელით გაკეთებული არანაირი შემდგომი შეტყობინება აღარ მიიღება ამ მუხლის მიხედვით მას შემდეგ, რაცგენერალური მდივანი მიიღებს შეტყობინებას განცხადების გაუქმების შესახებ, თუკი მხარე-სახელმწიფოს ახალი განცხადება არ გაუკეთებია.

    მუხლი 23

კომიტეტისა და სპეციალური შემთანხმებელი კომისიების წევრებს, რომლებიც 21-ე მუხლის I (e) პუნქტის მიხედვით შეიძლება იყვნენ დანიშნულნი, ეკუთვნით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დავალებით მოქმედ ექსპერტთა შეღავათები, პრივილეგიები და იმუნიტეტები, როგორც ისინი ფორმულირებულია პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის შესაბამის კარებში.

    მუხლი 24

კომიტეტი მხარე-სახელმწიფოებსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ ამ კონვენციის მიხედვით.

ნაწილი III

    მუხლი 25

1. ეს კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ყველა სახელმწიფოს მიერ.

2. ეს კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას. დოკუმენტები რატიფიკაციის შესახებ შესანახად ჰბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

    მუხლი 26

ეს კონვენცია მასთან შესაერთებლად ღიაა ყველა სახელმწიფოსათვის. შეერთება ხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისთვის შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარების გზით.

    მუხლი 27

1. ეს კონვენცია ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისთვის რატიფიკაციის ან შეერთების შესახებ მეოცე დოკუმენტის შესანახად ჩაბარების თარიღიდან ოცდამეათე დღეს.

2. თითოეული სახელმწიფოსათვის, რომელიც ამ კონვენციის რატიფიკაციას ახდენს ან უერთდება მას რატიფიკაციის ან შეერთების შესახებ მეოცე დოკუმენტის შესანახად ჩაბარების შემდეგ, კონვენცია ძალაში შედის რატიფიკაციის ან შეერთების შესახებ მისი საკუთარი დოკუმენტის შესანახად ჩაბარების თარიღიდან ოცდამეათე დღეს.

    მუხლი 28

1. თითოეულ სახელმწიფოს, ამ კონვენციის ხელმოწერის ან რატიფიკაციის, ან მასთან შეერთების დროს, შეუძლია განაცხადოს, რომ იგი არ ცნობს კომიტეტის კომპეტენციას, გათვალისწინებულს მე-20 მუხლში.

2. ნებისმიერ მხარე-სახელმწიფოს, რომელსაც გაკეთებული აქვს დათქმა ამ მუხლის I პუნქტის თანახმად, ნებისმიერ დროს შეუძლია გააუქმოს ეს დათქმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისთვის გაკეთებული შეტყობინების გზით.

    მუხლი 29

1. ამ კონვენციის ნებისმიერ მხარე-სახელმწიფოს შეუძლია შესწორების შეთავაზება და მისი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის წარდგენა. ამის შემდეგ, გენერალური მდივანი შეთავაზებული შესწორების შესახებ შეატყობინებს მხარე-სახელმწიფოებს და სთხოვს მათ, აცნობონ მას, მომხრენი არიან თუ არა მხარე-სახელმწიფოთა კონფერენციის გამართვისა წინადადების განხილვისა და მისთვის კენჭის ყრის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შეტყობინების გაგზავნის თარიღიდან ოთხი თვის განმავლობაში მხარე-სახელმწიფოთა სულ მცირე ერთი მესამედი ამგვარი კონფერენციის გამართვის მომხრე იქნება, გენერალური მდივანი იწვევს კონფერენციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით. ნებისმიერი შესწორება, მიღებული კონფერენციაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარე-სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ, გენერალური მდივნის მიერ დასამტკიცებლად წარედგინება ყველა მხარე-სახელმწიფოს.

2. შესწორება, მიღებული ამ მუხლის I პუნქტის თანახმად, ძალაში შედის, როდესაც ამ კონვენციის მხარე-სახელმწიფოთა ორი მესამედი შეატყობინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომ მათ დაამტკიცეს იგი თავ-თავიანთი საკონსტიტუციო პროცესების თანახმად.

3. როდესაც შესწორებები ძალაში შედის, ისინი სავალდებულო ხდება იმ მხარე-სახელმწიფოთათვის, რომლებმაც ისინი დაამტკიცეს, ხოლო სხვა მხარე-სახელმწიფოები დავალდებულებულნი რჩებიან ამ კონვენციის დებულებებითა და ნებისმიერი უფრო ადრინდელი შესწორებებით, რომლებიც მათ დამტკიცებული აქვთ.

    მუხლი 30

1. ნებისმიერი დავა ორ ან მეტ მხარე-სახელმწიფოს შორის ამ კონვენციის ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლის მოგვარებაც ვერ ხერხდება მოლაპარაკების გზით, ერთ-ერთი მათგანის მოთხოვნით განსახილველად გადაეცემა არბიტრაჟს. თუ არბიტრაჟის მოთხოვნის თარიღიდან ექვსი თვის განმავლობაში მხარეები ვერ შეძლებენ შეთანხმებას არბიტრაჟის ორგანიზების თაობაზე, ნებისმიერ ამ მხარეს შეუძლია დავა განსახილველად გადასცეს საერთაშორისო სასამართლოს, სასამართლოს სტატუტის მიხედვით გაკეთებული მოთხოვნის მეშვეობით.

2. თითოეულ სახელმწიფოს, ამ კონვენციის ხელმოწერის ან რატიფიკაციის, ან მასთან შეერთების დროს, შეუძლია განაცხადოს, რომ იგი თავს დავალდებულებულად არ თვლის ამ მუხლის I პუნქტით. სხვა მხარე-სახელმწიფოები დავალდებულებულნი არ არიან ამ მუხლის I პუნქტით რომელიმე იმ მხარე-სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომელსაც ამგვარი დათქმა აქვს გაკეთებული.

3. ნებისმიერ მხარე-სახელმწიფოს, რომელსაც გაკეთებული აქვს დათქმა ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს ეს დათქმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისთვის გაკეთებული შეტყობინების გზით.

    მუხლი 31

1. მხარე-სახელმწიფოს შეუძლია ამ კონვენციის დენონსირება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისთვის გაკეთებული შეტყობინების გზით. დენონსაცია ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ.

2. ამგვარი დენონსაციის შედეგად მხარე-სახელმწიფო არ თავისუფლდება ამ კონვენციით გათვალისწინებული თავისი ვალდებულებებისგან ამა თუ იმ ქმედებასთან ან უმოქმედობასთან მიმართებაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღამდე, და არც დენონსაცია არანაირად არ უშლის ხელს ნებისმიერი ისეთი საკითხის განხილვის გაგრძელებას, რომელიც კომიტეტის მიერ უკვე განიხილებოდა დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღამდე.

3. ამა თუ იმ მხარე-სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული დენონსაციის ძალაში შესვლის შემდეგ, კომიტეტი აღარ იწყებს აღნიშნულ სახელმწიფოსთან დაკავშირებული რაიმე ახალი საკითხის განხილვას.

    მუხლი 32

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი აცნობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრ-სახელმწიფოსა და ამ კონვენციის ხელმომწერ ან მასთან შეერთებულ ყველა სახელმწიფოს:

(a) ხელმოწერების, რატიფიცირებისა და შეერთებების შესახებ 25-ე და 26-ე მუხლების მიხედვით;

(b) ამ კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს 27-ე მუხლის მიხედვით და ნებისმიერი შესწორებების ძალაში შესვლის თარიღს 29-ე მუხლის მიხედვით;

(c) დენონსაციების შესახებ 31-ე მუხლის მიხედვით.

    მუხლი 33

1. ეს კონვენცია, რომლის არაბული, ესპანური, ინგლისური, რუსული, ფრანგული და ჩინური ტექსტებიც თანაბრად ავთენტიკურია, შესანახად ჰბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ამ კონვენციის დამოწმებულ ასლებს გადაუგზავნის ყველა სახელმწიფოს.