საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტისა და პრემიების შესახებ

  • Word
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტისა და პრემიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 322
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 14/05/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 9, 15/05/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 09/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 010210040.05.002.000001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
322
14/05/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 9, 15/05/1998
010210040.05.002.000001
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტისა და პრემიების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/05/1998 - 27/09/2001)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №322

1998 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტისა და პრემიების შესახებ

საქართველოს ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის შემდგომი განვითარების, მხატვრული შემოქმედების სტიმულირების, შემოქმედთა ღვაწლის აღიარებისა და დაფასების მიზნით:

1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტს ეწოდოს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი.

2. დამტკიცდეს:

ა) საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტისა და სახელმწიფო პრემიების თანდართული დებულება;

ბ) საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შემადგენლობა თანდართული სიის მიხედვით.

3. არსებული ექვსი პრემიის გარდა დაწესდეს ერთი დამატებითი, მეშვიდე, რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემია საყმაწვილო ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში და ერთი დამატებითი, მეცხრე, სახელმწიფო პრემია ტელევიზიის დარგში.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) 1998 წლის მეორე კვარტალში გამოუყოს ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტს რუსთაველის სახელობის 7 ეროვნული პრემიის (თითოეული -8000 ლარი) თანხა სახელმწიფო სარეზერვო ფონდიდან, აგრეთვე 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარი თბილისის საიუველირო ქარხანაში ჩამოსხმული ვერცხლის მედლების ვალის დასაფარავად.

 ე. შევარდნაძე

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტისა და პრემიების შესახებ

 

I. კომიტეტის შესახებ

 1. საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტს (შემდგომში – სახელმწიფო პრემიების კომიტეტი) ქმნის საქართველოს პრეზიდენტი შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლებისაგან სამი წლის ვადით. საჭიროების მიხედვით შეაქვს ცვლილებანი შემადგენლობაში, აფინანსებს კომიტეტს სახელმწიფოს ხარჯზე და ანიჭებს მას სრულ შემოქმედებით თავისუფლებას.

2. სახელმწიფო პრემიების კომიტეტს ეკისრება ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგებში ორი სხვადასხვა რანგის პრემიების მინიჭება: შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიებისა - სამ წელიწადში ერთხელ და საქართველოს სახელმწიფო პრემიებისა - ყოველწლიურად.

დაწესებულია რუსთაველის შვიდი ეროვნული პრემია: მხატვრული ლიტერატურის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, კინოხელოვნების, არქიტექტურის, საყმაწვილო ლიტერატურისა და ხელოვნების დარგებში, თითოეული 8000 ლარის ოდენობით, ლაურეატის დიპლომით, ლაურეატის მოწმობითა და ოქროს მედლით.

საქართველოს ყოველწლიური ცხრა სახელმწიფო პრემია დაწესებულია: მხატვრული ლიტერატურის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, კინოხელოვნების, არქიტექტურის, ტელევიზიის, პუბლიცისტიკის, საყმაწვილო ლიტერატურისა და ხელოვნების დარგებში, თითოეული – 4000 ლარის ოდენობით, ლაურეატის დიპლომითა და ვერცხლის მედლით.

სახელმწიფო პრემიების კომიტეტის გადაწყვეტილებით "ვეფხისტყაოსნის" უცხო ენებზე მთარგმნელებს, თარგმანის მხატვრული ღირსების მიხედვით, შეიძლება დამატებით მიენიჭოთ რუსთაველის ეროვნული ან საქართველოს სახელმწიფო პრემია.

3. ლიტერატურის ნაწარმოებთა პრემიაზე წარდგენა ხდება მხოლოდ დასრულებული სახით მათი გამოქვეყნების შემდეგ, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ნაწარმოებთა – მას შემდეგ, რაც მათ სრულად გაეცნობა საზოგადოება კონცერტებზე, გამოფენებზე, კინოთეატრებში, პრესისა და რადიოტელევიზიის საშუალებით, ხოლო არქიტექტურის ნაწარმოებთა წარდგენა დასაშვებია მხოლოდ ობიექტის აგების შემდეგ.

გარდაცვლილ შემოქმედს შეიძლება პრემია მიენიჭოს, თუ იგი სიცოცხლეშივე იყო წარდგენილი პრემიაზე, ან თუ მოგვიანებით, საკონკურსოდ განსაზღვრულ წლებში გამოქვეყნდა მისი ახალი, მანამდე უცნობი მნიშვნელოვანი ნაწარმოები.

კომიტეტის მიერ ფარული კენჭისყრით უარყოფილ ნაწარმოებთა სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად ხელახალი წარდგენა დაუშვებელია, იმავე ავტორის განმეორებითი წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ახალი ნაწარმოებით.

4. პრემიების მოსაპოვებლად ნამუშევართა წარდგენის უფლება აქვთ პირველ ყოვლისა: შემოქმედებითი კავშირების გამგეობებსა და პრეზიდიუმებს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმსა და მის შესაბამის ინსტიტუტებს, ჟურნალ-გაზეთების სარედაქციო კოლეგიებს, გამომცემლობათა სამხატვრო საბჭოებს, სხვა ორგანიზაციებსა და საზოგადოებებს, ვისაც ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის საკითხებში კომპეტენცია აქვს.

5. პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილ კანდიდატურებს წინასწარ განიხილავენ კომიტეტის შესაბამისი დარგობრივი სექციები და თავიანთი წინადადებებით შევლენ კომიტეტში, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომებზე განსახილველად ნამუშევართა დაშვებისა და ლაურეატობის კანდიდატებად ავტორთა გამოცხადების შესახებ.

6. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ორი მესამედი, ხოლო კომიტეტის გადაწყვეტილებანი პრემიების მინიჭების შესახებ კანონიერად ჩაითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრით ხმა მისცა დამსწრე წევრთა სულ ცოტა სამმა მეოთხედმა.

კენჭისყრა საერთოა და არა დარგობრივი. ლაურეატობის ყოველი კანდიდატი უპირისპირდება სხვა ნომინაციების კანდიდატებსაც, რაც ქმნის პირობას, რომ გაიცეს ორი ან მეტი პრემია ერთსა და იმავე დარგში, ხოლო საერთოდ არ გაიცეს სუსტი ნაწარმოებებით წარმოდგენილ რომელიმე ნომინაციაში.

კენჭისყრის წინ განისაზღვრება გამსვლელი ქულა და პროცედურა ჩაითვლება დამთავრებულად, თუ დაწესებული პრემიების ოდენობა მთლიანად იქნა ათვისებული. ერთი ან რამდენიმე პრემიის აუთვისებლობის შემთხვევაში დაინიშნება მეორე ტური ლაურეატობის იმ კანდიდატებისათვის, ვინც პირველ ტურში ხმათა ორმოცდაათი პროცენტი მაინც მიიღო.

საბოლოო ჯამში პრემია ენიჭება მხოლოდ იმათ, ვინც პირველსა თუ მეორე ტურში ხმათა საერთო რაოდენობის სამი მეოთხედი მიიღო.

თუ კონკურსი უალტერნატივოა, მეორე ტურის გამართვა დაუშვებელია.

7. ავტორთა კოლექტივებისათვის (მაქსიმუმ – 4 კაცი) ნებისმიერი პრემიის მინიჭებისას კომიტეტი ფულად ჯილდოს ორ ავტორს შორის ანაწილებს თანაბრად, სამ ავტორს შორის ხელმძღვანელს ეძლევა ნახევარი, მეორე ნახევარი თანაბრად უნაწილდება დანარჩენ ორ ავტორს. თუ კოლექტივი ოთხი კაცისაგან შედგება, ხელმძღვანელს ეძლევა ფულადი ჯილდოს ერთი მესამედი, ხოლო ორი მესამედი თანაბრად უნაწილდება დანარჩენ სამ ავტორს. თუ ავტორთა კოლექტივი ხელმძღვანელს არ ასახელებს, ფულადი ჯილდო ნაწილდება თანაბრად.

8. სახელმწიფო პრემიების კომიტეტის ფუნქციონირებისათვის შექმნილია აპარატი, რომელსაც ევალება:

– საჭიროებისამებრ შექმნას სექციები და საექსპერტო კომისიები ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგებში და მოიწვიოს მათი სხდომები;

– დაგზავნოს კომიტეტის წევრები, ექსპერტები, ან საექსპერტო კომისიები თეატრალური დარგის, მონუმენტური ხელოვნებისა და არქიტექტურის ნაწარმოებთა ადგილზე გასაცნობად და შესაფასებლად;

– მოიწვიოს პრემიების მოსაპოვებლად წარდგენილ ნამუშევართა, აგრეთვე მნიშვნელოვან სავარაუდო ნაწარმოებთა რეცენზირებისა და ექსპერტიზისათვის ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის კომპეტენტური სპეციალისტები და მათი შრომა აანაზღაუროს დადგენილი განაკვეთებით კომიტეტისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;

– კომიტეტის წევრს, თუ იგი პრემიაზეა წარდგენილი, კენჭისყრის დამთავრებამდე შეუჩერდება კომიტეტის წევრობა.

9. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ევალება კომიტეტს სამ წელიწადში ერთხელ გამოუყოს შოთა რუსთაველის სახელობის შვიდი ეროვნული პრემიის თანხა, თითოეული 8000 ლარის ოდენობით და ყოველწლიურად – ცხრა სახელმწიფო პრემიის თანხა, თითოეული 4000 ლარის ოდენობით, აგრეთვე კომიტეტის შენახვის ხარჯები.

10. სახელმწიფო პრემიების კომიტეტს, შემოქმედებით ორგანიზაციებს, ევალებათ პრესისა და ტელე-რადიოს საშუალებით მოაწყონ ლაურეატობის კანდიდატთა ნამუშევრების განხილვა, ორგანიზაცია გაუწიონ დისკუსია-შეფასებებს.

დაწესებულებები, რომლებშიც მსახურობენ სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრები, მოვალენი არიან გაათავისუფლონ ისინი კომიტეტის სხდომებსა და სხვა სახის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.

პრემიის მოსაპოვებლად დოკუმენტებისა და მასალების წარდგენის წესს განსაზღვრავს სახელმწიფო პრემიების კომიტეტი.

სახელმწიფო პრემიების კომიტეტს აქვს საგამომცემლო უფლება.

სახელმწიფო პრემიების კომიტეტს აქვს გერბიანი ბეჭედი, შტამპი, ანგარიში ბანკში.

 

II. რუსთაველის ეროვნული პრემიის შესახებ

 11. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიები სამ წელიწადში ერთხელ ენიჭება ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის მნიშვნელოვან ნაწარმოებთ, რომელთაც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვეს, გამსჭვალული არიან თავისუფლების, ჰუმანიზმის, პატრიოტიზმის მაღალი იდეალებით და წარმოადგენენ ქართული კულტურის შენაძენს.

12. შოთა რუსთაველის სახელობის შვიდი ეროვნული პრემია, თითოეული 8000 ლარის ოდენობით, დაწესებულია მხატვრული ლიტერატურის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, კინოხელოვნების, არქიტექტურის, საყმაწვილო ლიტერატურისა და ხელოვნების დარგებში.

13. შემოქმედს რუსთაველის პრემია ენიჭება ბოლო სამ წელიწადში გამოქვეყნებული (დადგმული, გამოფენილი, შესრულებული, აგებული) ახალი ნაწარმოებისათვის, გამონაკლისის სახით – მთელი ცხოვრების განმავლობაში შექმნილი რჩეული ნაწარმოებებისათვის. ამ მეორე შემთხვევაში შემოქმედის კანდიდატად დაშვების რწმუნება აქვს მხოლოდ კომიტეტის წევრთა სხდომას (კვორუმის ხმათა სამი მეოთხედით).

14. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კომიტეტი კონკურსს გამოაცხადებს, მასალებსა და დოკუმენტებს მიიღებს სამ წელიწადში ერთხელ, პრემიების გაცემისათვის დათქმულ წელიწადს 1 იანვრიდან 1 თებერვლამდე, თებერვლის ბოლომდე განიხილავს მასალებს ჯერ სექციებში, შემდეგ კომიტეტის სხდომაზე და პრესაში გამოაქვეყნებს ლაურეატობის კანდიდატთა სიას.

კონკურსის საბოლოო შედეგი – ლაურეატთა სია გამოქვეყნდება 26 მაისს, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს.

15. პირებს, რომლებმაც პრემია მოიპოვეს, მიენიჭებათ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემათ ლაურეატის დიპლომი, ლაურეატის მოწმობა, ლაურეატის ოქროს მედალი, ფულადი ჯილდო.

 

III. ყოველწლიური სახელმწიფო პრემიის შესახებ

 16. საქართველოს ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის ყოველწლიური სახელმწიფო პრემია ენიჭება მაღალმხატვრულ ნაწარმოებთ, რომლებიც სიმართლით ასახავენ დღევანდელობას, აღძრავენ თანამედროვეობის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს, მხარს უჭერენ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეალებს, ნერგავენ თავისუფლებისა და მომავლის რწმენას.

17. საქართველოს ცხრა ყოველწლიური სახელმწიფო პრემია, თითოეული 4000 ლარის ოდენობით, დაწესებულია: მხატვრული ლიტერატურის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, პუბლიცისტიკის, კინოხელოვნების, ტელევიზიის, არქიტექტურის, საყმაწვილო ლიტერატურისა და ხელოვნების დარგებში.

18. შემოქმედს ყოველწლიური სახელმწიფო პრემია ენიჭება ბოლო ორ წელიწადში გამოქვეყნებული (დადგმული, გამოფენილი, შესრულებული, აგებული) ახალი ნაწარმოებისათვის, გამონაკლისის სახით – მთელი ცხოვრების განმავლობაში შექმნილი რჩეული ნაწარმოებებისათვის. ამ მეორე შემთხვევაში შემოქმედის ლაურეატობის კანდიდატად დაშვების რწმუნება აქვს მხოლოდ კომიტეტის წევრთა საერთო სხდომას (კვორუმის სამი მეოთხედი).

19. საქართველოს ყოველწლიური სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად დოკუმენტებსა და მასალებს კომიტეტი მიიღებს ყოველწლიურად 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე, ოქტომბრის ბოლომდე განიხილავს მათ ჯერ სექციებში, შემდეგ კომიტეტის სხდომაზე და პრესაში გამოაქვეყნებს ლაურეატობის კანდიდატთა სიას.

კონკურსის საბოლოო შედეგი – ლაურეატთა სია გამოქვეყნდება ახალი წლის დღეებში.

20. პირებს, რომლებმაც პრემია მოიპოვეს, მიენიჭებათ საქართველოს ყოველწლიური სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემათ ლაურეატის დიპლომი , ვერცხლის მედალი და ფულადი ჯილდო.

21. პრემიის მოსაპოვებლად დოკუმენტებისა და მასალების წარდგენის წესს განსაზღვრავს სახელმწიფო პრემიების კომიტეტი.

 

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შემადგენლობა

 

მურმან ლებანიძე – პოეტი, კომიტეტის თავმჯდომარე

ტარიელ ჭანტურია – პოეტი,კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

ელგუჯა ამაშუკელი – მოქანდაკე

ვალერი ასათიანი – საქართველოს კულტურის მინისტრი

მანანა ახმეტელი – მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე

გურამ ბენაშვილი – შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი

მერაბ ბერძენიშვილი – მოქანდაკე, საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდენტი

ვენო გადილია – ხელოვნებათმცოდნე, თავმჯდომარის თანაშემწე

არჩილ გოგელია – საქართველოს ტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარე

თემურ გოცაძე – საქართველოს მხატვართა კავშირის თანათავმჯდომარე

ნოდარ გურაბანიძე – თეატრმცოდნე

ვახტანგ დავითაია – საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე

ანზორ ერქომაიშვილი – მუსიკოსი, მუსიკათმცოდნე

შოთა ზოიძე – პოეტი

რადიშ თორდია – მხატვარი

კობა იმედაშვილი – კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე

გენო კალანდია – პოეტი

ჯანსუღ კახიძე – თბილისის მუსიკალური ცენტრის პრეზიდენტი

ბიძინა კვერნაძე – კომპოზიტორი

გიგა ლორთქიფანიძე – თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე

დავით მაღრაძე – პოეტი, პენ-კლუბის ქართული განყოფილების თავმჯდომარე

ნოდარ მგალობლიშვილი – არქიტექტორი

გურამ მირიანაშვილი – არქიტექტორი

გიზო ჟორდანია – რეჟისორი

არმაზ სანებლიძე – გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის მთავარი რედაქტორი

თენგიზ სუხიშვილი – ქორეოგრაფი

ჯანსუღ ღვინჯილია – კრიტიკოსი, გამომცემლობა "საქართველოს დირექტორი

ლანა ღოღობერიძე – კინორეჟისორი

ელდარ შენგელაია – კინორეჟისორი

რეზო ჩხეიძე – კინორეჟისორი

გიორგი ციციშვილი – მწერალი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

გიორგი წერეთელი – მხატვარი, სამხატვრო აკადემიის დოცენტი

თამაწ წივწივაძე – კრიტიკოსი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე

რეზო ჭეიშვილი – მწერალი

თამაზ ჭილაძე – მწერალი.