შეთანხმება საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110325002, 19/04/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016028
  • Word
0
17/06/2010
ვებგვერდი, 110325002, 19/04/2011
480610000.03.030.016028
შეთანხმება საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს  და  ევროპის კავშირს

შორის

ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ

 

საქართველო  

და  

ევროპის კავშირი, შემდგომში „კავშირი”,

შემდგომში მხარეებად წოდებულნი,

 

გამოთქვამენ რა ადამიანებს შორის კონტაქტების ხელშეწყობის სურვილს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა სახის კავშირების თანმიმდევრულად განვითარების თვალსაზრისით, და მიიღწევა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების გზით;

ადასტურებენ რა თავიანთ განზრახვას გრძელვადიან პერსპექტივაში დააწესონ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი თავიანთი მოქალაქეებისთვის იმ პირობით, თუ შესრულდება კარგად ორგანიზებული და უსაფრთხო მობილურობის ყველა პირობა;

ითვალისწინებენ რა, რომ 2006 წლის 1 ივნისიდან, კავშირის ყველა მოქალაქეები თავისუფლდებიან ვიზის აღების ვალდებულებისგან, თუ ისინი საქართველოში მიემგზავრებიან არა უმეტეს 90 დღის ვადით ან საქართველოს ტერიტორიას გადიან ტრანზიტით;

აღიარებენ რა, რომ თუ საქართველო ხელახლა შემოიღებს სავიზო ვალდებულებებს კავშირის მოქალაქეებისთვის, ან მათი გარკვეული კატეგორიებისთვის, ის შეღავათები, რომლებიც ამ შეთანხმებით ენიჭება საქართველოს მოქალაქეებს, ავტომატურად და ნაცვალგების საფუძველზე გავრცელდება კავშირის შესაბამის მოქალაქეებზე;

ითვალისწინებენ რა, რომ სავიზო ვალდებულებების ხელახლა შემოღება შესაძლებელია მხოლოდ კავშირის მოქალაქეებისთვის, ან კავშირის მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის;

აცნობიერებენ რა, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივებამ ხელი არ უნდა შეუწყოს უკანონო მიგრაციას და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ რა უსაფრთხოებისა და რეადმისიის საკითხებს;

ითვალისწინებენ რა ოქმს თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სივრცესთან მიმართებაში გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიის პოზიციის შესახებ და ოქმს ევროკავშირის ჩარჩოში შენგენის კანონმდებლობის (schengen Acquis) ინტეგრაციის შესახებ, რომელიც თან ერთვის ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებას და ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებას, და ადასტურებენ რა, რომ ამ შეთანხმების დებულებები არ ვრცელდება გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაზე;

ითვალისწინებენ რა ოქმს დანიის პოზიციის შესახებ, რომელიც თან ერთვის ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებას და ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებას, და ადასტურებენ რა, რომ ამ შეთანხმების დებულებები არ ვრცელდება დანიის სამეფოზე;

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

მოქმედების მიზანი და მასშტაბი

1. ამ შეთანხმების მიზანია გაამარტივოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემის პროცედურა, რაც ითვალისწინებს ყოფნას, არა უმეტეს 90 დღისა, თითოეულ ჯერზე 180-დღიანი მთლიანი პერიოდიდან.

2. თუ საქართველო ხელახლა შემოიღებს სავიზო ვალდებულებებს ყველა წევრი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის ან ყველა წევრი სახელმწიფოს გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის, ის შეღავათები, რომლებიც ამ შეთანხმებით ენიჭება საქართველოს მოქალაქეებს, ავტომატურად და ნაცვალგების საფუძველზე გავრცელდება კავშირის შესაბამის მოქალაქეებზე.

მუხლი 2

ზოგადი დათქმა

1. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული სავიზო შეღავათები გავრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ არიან გათავისუფლებულნი სავიზო ვალდებულებისაგან კავშირის ან წევრი სახელმწიფოების კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით, ამ შეთანხმებით ან სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით.

2. საქართველოს ან წევრ სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობა ან კავშირის კანონმდებლობა ვრცელდება ისეთ საკითხებზე, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებით, როგორიცაა: ვიზის გაცემაზე უარი, სამგზავრო დოკუმენტების ცნობა, საარსებო საშუალებების დამადასტურებელი საბუთი და შესვლის და გაძევების ზომებზე უარი.

მუხლი 3

განსაზღვრებები

ამ შეთანხმების მიზნებისთვის:

(a) წევრი სახელმწიფონიშნავს კავშირის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს, დანიის სამეფოს, ირლანდიისა და გაერთიანებული სამეფოს გარდა.

(b) კავშირის მოქალაქენიშნავს წევრი სახელმწიფოს მოქალაქეს (a) პუნქტის განმარტებით;

(g) საქართველოს მოქალაქენიშნავს პირს, რომელსაც გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა მისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად;

(d) ვიზანიშნავს წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემულ ნებართვას, რომელიც აუცილებელია წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლის ან დარჩენისთვის არა უმეტეს 90 დღის ვადით ნებისმიერი იმ 180-დღიანი პერიოდიდან, რომელიც აითვლება წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე პირველი შესვლის თარიღიდან;

(e) კანონიერად მცხოვრები პირინიშნავს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც უფლებამოსილია ან აქვს ნებართვა იმყოფებოდეს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე 90 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, კავშირის ან ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე.

მუხლი 4

დოკუმენტური მტკიცებულებები მგზავრობის მიზანთან დაკავშირებით

1. მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მგზავრობის მიზნის დასაბუთების მიზნით, საქართველოს მოქალაქეთა შემდეგი კატეგორიებისთვის საკმარისია შემდეგი სახის დოკუმენტაციის ფლობა:

(a) ახლო ნათესავებისთვის – მეუღლე, შვილები (ნაშვილების ჩათვლით), მშობლები (მეურვეების ჩათვლით), ბებია და ბაბუა, შვილიშვილები, რომლებიც სტუმრად ჩადიან წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან:

    - მასპინძელი პირის წერილობითი მოთხოვნა;

(b) ოფიციალური დელეგაციების წევრებისთვის, რომლებიც, საქართველოში გაგზავნილი ოფიციალური მიწვევის საფუძველზე, მონაწილეობას მიიღებენ შეხვედრებში, კონსულტაციებში, მოლაპარაკებებში ან გაცვლით პროგრამებში, ასევე ღონისძიებებში, რომლებიც ორგანიზებულია წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მთავრობათშორისი ორგანიზაციების მიერ:

- საქართველოს ორგანოს მიერ გაცემული წერილი იმის დასტურად, რომ განმცხადებელი წარმოადგენს იმ დელეგაციის წევრს, რომელიც მიემგზავრება წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ზემოაღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, და ოფიციალური მიწვევის თანდართული ასლი.

(c) მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ასპირანტებისთვის და თანმხლები მასწავლებლებისთვის, რომლებიც მიემგზავრებიან სწავლის ან სასწავლო ტრენინგში, მათ შორის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ასევე სხვა სასკოლო საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით:

- მასპინძელი უნივერსიტეტის, კოლეჯის ან სკოლის წერილობითი მოთხოვნა ან ჩარიცხვის ცნობა ან სტუდენტის ბილეთი ან იმ სასწავლო კურსების სერტიფიკატი, რომლებშიც აღნიშნულმა პირებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ;

(d) იმ პირებისთვის, რომლებიც მიემგზავრებიან მკურნალობის მიზნით და იმ

პირებისთვის, რომელთა თანხლებაც აუცილებელია:

- იმ სამედიცინო დაწესებულების ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აღნიშნულ დაწესებულებაში სამედიცინო მკურნალობის გავლის აუცილებლობას, თანხლების აუცილებლობას და სამედიცინო მკურნალობის ხარჯების ასანაზღაურებლად საკმარისი ფულადი სახსრების არსებობას;

(e) ჟურნალისტებისთვის და სამსახურებრივი სტატუსით მათი თანმხლები აკრედიტებული პირებისთვის:

პროფესიული ორგანიზაციის მიერ გაცემული სერტიფიკატი ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ შესაბამისი პირი არის კვალიფიციური ჟურნალისტი ან რომ თანმხლები პირი სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებს და დოკუმენტი, გაცემული მისი დამქირავებლის მიერ, რომელიც ადასტურებს, რომ მგზავრობის მიზანია ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება ან ამგვარ საქმიანობაში დახმარების გაწევა.

(f) საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე პირებისთვის და სამსახურებრივი სტატუსით მათი თანმხლები პირებისთვის:

- წერილობითი მოთხოვნა წევრ სახელმწიფოთა მასპინძელი ორგანიზაციის, კომპეტენტური ორგანოების, ეროვნული სპორტული ფედერაციების ან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მხრიდან;

(g) მეწარმეებისთვის და კომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის:

- წერილობითი მოთხოვნა მასპინძელი იურიდიული პირის ან კომპანიის, ორგანიზაციის ან ოფისის ან ასეთი იურიდიული პირის ან კომპანიის ფილიალის, წევრ სახელმწიფოთა სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოთა, ან საორგანიზაციო კომიტეტების, ან წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე გამართულ სავაჭრო ან სამრეწველო გამოფენების, კონფერენციების და სიმპოზიუმების მხრიდან, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს სახელმწიფო სარეგისტრაციო პალატის მიერ;

(h) იმ პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე გამართულ საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, სემინარებში ან სხვა მსგავს ღონისძიებებში:

- წერილობითი მოთხოვნა მასპინძელი ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული პირი მონაწილეობს შესაბამის ღონისძიებაში;

(i) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების იმ წარმომადგენელთათვის რომლებიც მიემგზავრებიან სასწავლო ტრენინგებში, სემინარებში, კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის, გაცვლითი პროგრამების ფარგლებში:

- წერილობითი მოთხოვნა გაცემული მასპინძელი ორგანიზაციის მიერ მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული პირი წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ორგანიზაციის დაფუძნების სერტიფიკატი აღებული შესაბამისი რეესტრიდან.

(j) იმ პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სამეცნიერო, კულტურულ, შემოქმედებით საქმიანობაში, მათ შორის, საუნივერსიტეტო და სხვა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში:

- წერილობით მოთხოვნა მასპინძელი ორგანიზაციისგან, რომელიც შეეხება აღნიშნულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას;

(k) მძღოლებისთვის, რომლებიც ასრულებენ საერთაშორისო სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტირების მომსახურებას წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიებზე, საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებით:

- წერილობითი მოთხოვნა საქართველოს გადამზიდველთა ეროვნული კომპანიის ან ასოციაციის მხრიდან, რომელიც განახორციელებს საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტირებას, სადაც მითითებულია მგზავრობის მიზანი, ხანგრძლივობა და სიხშირე;

(l) პირთათვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ დაძმობილებული ქალაქების მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ გაცვლით პროგრამებში:

- წერილობითი მოთხოვნა ასეთი ქალაქების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის/მერის ან მუნიციპალურ ორგანოთა მხრიდან;

(m) პირთათვის, რომლებიც მიემგზავრებიან სამხედრო და სამოქალაქო საფლავების მონახულების მიზნით:

- ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საფლავის არსებობას და პრეზერვაციას, ასევე განმცხადებელსა და დაკრძალულ პირს შორის ოჯახურ ან სხვა ნათესაურ კავშირს.

2. ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული წერილობითი მოთხოვნა უნდა

შეიცავდეს შემდეგს:

(a) მიწვეული პირისთვის: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, სქესი,

მოქალაქეობა, პასპორტის ნომერი, მგზავრობის დრო და მიზანი,

პასპორტში ჩანაწერების რაოდენობა და საჭიროების შემთხვევაში მეუღლისა და ბავშვების სახელები, რომლებიც თან ახლავს მიწვეულ პირს;

(b) მიმწვევი პირისთვის: სახელი, გვარი და მისამართი;

(c) მიმწვევი იურიდიული პირის, კომპანიის ან ორგანიზაციისთვის: სრული დასახელება და მისამართი და:

- თუ მოთხოვნა გაცემულია ორგანიზაციის ან ორგანოს მიერ, იმ პირის სახელი და თანამდებობა, რომელიც ხელს აწერს ამგვარ მოთხოვნას;

- თუ მიმწვევი პირი არის იურიდიული პირი ან კომპანია ან სამსახური ან ასეთი იურიდიული პირის ან კომპანიის ფილიალი, რომელიც შექმნილია წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რეგისტრაციის ნომერი, როგორც ამას მოითხოვს შესაბამისი წევრი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობა.

3. ამ მუხლის 1 პარაგრაფში მითითებულ პირთა კატეგორიებისთვის, ყველა კატეგორიის ვიზა გაიცემა წევრ სახელმწიფოთა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურით, მგზავრობის მიზანთან დაკავშირებით რაიმე დასაბუთების, მიწვევის ან დადასტურების წარდგენის გარეშე.

მუხლი 5

მრავალჯერადი ვიზების გაცემა

1. წევრ სახელმწიფოთა დიპლომატიური მისიები და საკონსულო სამსახურები გასცემენ მრავალჯერად ვიზებს ხუთ წლამდე ვადით შემდეგი კატეგორიის პირებზე:

(a) მეუღლეები, შვილები (მათ შორის ნაშვილები), რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 21 წელი ან არიან კმაყოფაზე მყოფი პირები, მშობლები, რომლებიც სტუმრად ჩადიან წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან იმ ვადით, რომელიც განისაზღვრება მათი კანონიერად ცხოვრების ნებართვის მოქმედების ვადით;

(b) ეროვნული და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა, საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს წევრები, თუ ისინი არ არიან განთავისუფლებულნი სავიზო ვალდებულებისაგან ამ შეთანხმების საფუძველზე, თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების მიზნით, იმ ვადით, რომელიც განისაზღვრება მათი თანამდებობაზე ყოფნის ვადით, თუ იგი ხუთ წელზე ნაკლებია;

(c) ოფიციალური დელეგაციების პერმანენტული წევრები, რომლებიც, საქართველოში გაგზავნილი ოფიციალური მიწვევის საფუძველზე, რეგულარულად მიიღებენ მონაწილეობას შეხვედრებში, კონსულტაციებში, მოლაპარაკებებში ან გაცვლით პროგრამებში, ასევე ღონისძიებებში, რომლებიც ორგანიზებულია წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მთავრობათშორისი ორგანიზაციების მიერ.

2. წევრ სახელმწიფოთა დიპლომატიური მისიები და საკონსულო სამსახურები გასცემენ მრავალჯერად ვიზებს ერთ წლამდე ვადით შემდეგი კატეგორიის პირებზე, იმ პირობით, თუ წინა წელს მათ აიღეს ერთი ვიზა მაინც, გამოიყენეს ეს ვიზა შესვლისა და ყოფნის წესების შესახებ ადგილსამყოფელი წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად და არსებობს მათ მიერ მრავალჯერადი ვიზის მოთხოვნის საფუძველი:

(a) ოფიციალური დელეგაციების წევრები, რომლებიც, ოფიციალური მიწვევის საფუძველზე, რეგულარულად მიიღებენ მონაწილეობას შეხვედრებში, კონსულტაციებში, მოლაპარაკებებში ან გაცვლით პროგრამებში, ასევე ღონისძიებებში, რომლებიც ორგანიზებულია წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მთავრობათშორისი ორგანიზაციების მიერ;

(b) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ის წარმომადგენლები, რომლებიც რეგულარულად მიემგზავრებიან წევრ სახელმწიფოებში სასწავლო ტრეინინგებში, სემინარებში, კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში;

(c) იმ პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, სემინარებში ან სხვა მსგავს ღონისძიებებში და რეგულარულად მგზავრობენ წევრ სახელმწიფოებში;

 (d) პირები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სამეცნიერო, კულტურულ და შემოქმედებით საქმიანობაში, მათ შორის საუნივერსიტეტო და სხვა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში და რეგულარულად მგზავრობენ წევრ სახელმწიფოებში;

(e) სტუდენტები და ასპირანტები, რომლებიც რეგულარულად მიემგზავრებიან სწავლის ან სასწავლო ტრეინინგებში მონაწილეობის მიღების მიზნით, მათ შორის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში;

(f) პირები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ დაძმობილებული ქალაქების ან მუნიციპალური ორგანოების მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ გაცვლით პროგრამებში;

(g) პირები, რომლებსაც რეგულარულად ესაჭიროებათ გამგზავრება მკურნალობის მიზნით და ის პირები, რომელთა თანხლებაც აუცილებელია;

(h) ჟურნალისტები და სამსახურეობრივი სტატუსით მათი თანმხლები აკრედიტებული პირები;

(i) მეწარმეები და კომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც რეგულარულად მგზავრობენ წევრ სახელმწიფოებში;

(j) საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე პირები და სამსახურეობრივი სტატუსით მათი თანმხლები პირები;

(k) მძღოლები, რომლებიც ასრულებენ საერთაშორისო სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტირების მომსახურებას წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიებზე, საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებით.

3. წევრ სახელმწიფოთა დიპლომატიური მისიები და საკონსულო სამსახურები გასცემენ მრავალჯერად ვიზებს მინიმუმ ორი წლის და მაქსიმუმ ხუთი წლის ვადით, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ პირთა კატეგორიებზე, იმ პირობით, თუ წინა ორი წლის განმავლობაში მათ გამოიყენეს ერთწლიანი მრავალჯერადი ვიზები შესვლისა და ყოფნის წესების შესახებ ადგილსამყოფელი წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად და თუ კიდევ არსებობს საფუძველი მრავალჯერადი ვიზის მოთხოვნისთვის.

4. წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ამ მუხლის 1-მე-3 პუნქტებში მითითებულ პირთა ყოფნა თითოეულ ჯერზე არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს 180 დღიანი მთლიანი პერიოდიდან.

მუხლი 6

მოსაკრებელი სავიზო განაცხადების განხილვისთვის

1. საქართველოს მოქალაქეთა სავიზო განაცხადების განხილვის საფასური შეადგენს 35 ევროს.

აღნიშნული თანხა შესაძლებელია გადასინჯულ იქნას მე-14(4) მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. თუ საქართველო ხელახლა შემოიღებს სავიზო ვალდებულებას კავშირის მოქალაქეებისთვის, საქართველოს მიერ დაკისრებული სავიზო მოსაკრებელი არ უნდა აღემატებოდეს 35 ევროს ან იმ თანხას, რომელიც შეთანხმებულ იქნა 14(4) მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად მოსაკრებლის გადასინჯვის შემთხვევაში.

2. როდესაც წევრი სახელმწიფოები თანამშრომლობენ მომსახურების გარეშე მიმწოდებელთან, დამატებითი მომსახურებისთვის შესაძლებელია დაწესდეს მოსაკრებელი. მომსახურების მოსაკრებელი პროპორციული უნდა იყოს მომსახურების გარეშე მიმწოდებლის მიერ თავისი მოვალეობების შესრულების პროცესში გაწეულ ხარჯებთან და არ უნდა აღემატებოდეს 30 ევროს. შესაბამისი წევრი სახელმწიფო(ები) უზრუნველყოფს შესაძლებლობას, რათა ყველა განმცხადებელმა განაცხადით მიმართოს უშუალოდ თავის საკონსულოს.

3. სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან შემდეგი კატეგორიის პირები:

(a) პენსიონერები;

(b) ბავშვები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 12 წელი;

(c) სახელმწიფო და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა, საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს წევრები, თუ ისინი არ არიან განთავისუფლებულნი სავიზო ვალდებულებისაგან ამ შეთანხმების საფუძველზე;

(d) უნარშეზღუდული პირები და მათი თანმხლები პირები, საჭიროების შემთხვევაში;

(e) ახლო ნათესავები – მეუღლე, შვილები (ნაშვილების ჩათვლით), მშობლები (მეურვეების ჩათვლით), ბებია და ბაბუა, შვილიშვილები, რომლებიც სტუმრად ჩადიან წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან;

(f) ოფიციალურ დელეგაციათა წევრები, რომლებიც, საქართველოში გაგზავნილი ოფიციალური მიწვევის საფუძველზე, მონაწილეობას მიიღებენ შეხვედრებში, კონსულტაციებში, მოლაპარაკებებში ან გაცვლით პროგრამებში, ასევე ღონისძიებებში, რომლებიც ორგანიზებულია წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მთავრობათშორისი ორგანიზაციების მიერ;

(g) მოსწავლეები, სტუდენტები, ასპირანტები და თანმხლები მასწავლებლები, რომლებიც მიემგზავრებიან სწავლის ან სასწავლო ტრეინინგში, მათ შორის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ასევე სხვა სასკოლო საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით;

(h) ჟურნალისტები და სამსახურეობრივი სტატუსით მათი თანმხლები აკრედიტებული პირები:

(i) საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე პირები და სამსახურებრივი სტატუსით მათი თანმხლები პირები;

(j) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ის წარმომადგენლები, რომლებიც მიემგზავრებიან სასწავლო ტრენინგებში, სემინარებში, კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის, გაცვლითი პროგრამების ფარგლებში;

 (k) პირები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სამეცნიერო, კულტურულ და შემოქმედებით საქმიანობაში, მათ შორის, საუნივერსიტეტო და სხვა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში;

(l) პირები, რომლებმაც წარმოადგინეს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მათი გამგზავრების აუცილებლობას ჰუმანიტარული მიზნებით, მათ შორის, გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობის კურსის გავლის მიზნით, და ასეთი პირის თანმხლები პირი, ან ახლო ნათესავის დაკრძალვაზე დასწრების ან მძიმედ ავადმყოფი ახლო ნათესავის მონახულების მიზნით.

მუხლი 7

სავიზო განაცხადების განხილვის პროცედურის ხანგრძლივობა

1. წევრ სახელმწიფოთა დიპლომატიური მისიები და საკონსულო სამსახურები ვიზის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი სავიზო განაცხადისა და ვიზის გასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. ვიზის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით ცალკეულ შემთხვევებში, კერძოდ, როდესაც საჭიროა განაცხადის შემდგომი შემოწმება.

3. ვიზის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ვადა შეიძლება შემცირდეს ორ სამუშაო დღემდე ან უფრო ხანმოკლე პერიოდამდე გადაუდებელ შემთხვევებში.

მუხლი 8

გამგზავრება დოკუმენტების დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში

კავშირის და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან რომლებსაც მოჰპარეს ეს დოკუმენტები იმ დროს, როდესაც ისინი იმყოფებოდნენ საქართველოს ან წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე, შეუძლიათ დატოვონ აღნიშნული ტერიტორია წევრი სახელმწიფოების ან საქართველოს დიპლომატიური მისიების ან საკონსულო სამსახურების მიერ გაცემული მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც მათ აძლევს საზღვრის გადაკვეთის უფლებას რაიმე ვიზის ან ნებართვის გარეშე.

    მუხლი 9

ვიზის გახანგრძლივება განსაკუთრებულ შემთხვევებში

საქართველოს მოქალაქისთვის გაცემული ვიზის მოქმედების ვადა და/ან ყოფნის ხანგრძივობა შესაძლებელია გახანგრძლივდეს, თუ წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო მიიჩნევს, რომ ვიზის მფლობელმა წარმოადგინა ფორს- მაჟორის დამადასტურებელი საბუთი ან ჰუმანიტარული მიზეზები, რომლებიც ხელს უშლის მას დატოვოს წევრ სახელმწიფოთა ტერიტორია ვიზის მოქმედების ვადის ან ვიზით ნებადართული ყოფნის ხანგრძლივობის ამოწურვამდე. ამგვარი გახანგრძლივება არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას.

    მუხლი 10

დიპლომატიური პასპორტები

1. საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ პასპორტებს, შეუძლიათ შევიდნენ, დატოვონ და ტრანზიტით გაიარონ წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიები ვიზების გარეშე.

2. ამ მუხლის 1-ლ პარაგრაფში მითითებულ პირებს შეუძლიათ დარჩნენ წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე არა უმეტეს 90 დღისა თითოეულ ჯერზე, 180-დღიანი მთლიანი პერიოდიდან.

    მუხლი 11

ვიზების ტერიტორიული მოქმედება

წევრ სახელმწიფოთა ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული ეროვნული კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების გათვალისწინებით და შეზღუდული ტერიტორიული მოქმედების ვიზების შესახებ კავშირის ნორმების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ უფლებით იმგზავრონ წევრი სახელმწიფოების ტერიტორიების ფარგლებში იმავე პირობებში, როგორშიც კავშირის მოქალაქეები.

    მუხლი 12

შეთანხმების მართვის ერთობლივი კომიტეტი

1. მხარეები შექმნიან ექსპერტთა ერთობლივ კომიტეტს (შემდგომში კომიტეტი) რომელიც შედგება კავშირისა და საქართველოს წარმომადგენლებისაგან. კავშირი წარმოდგენილ იქნება კომისიის მიერ, რომელსაც დახმარებას გაუწევენ წევრ სახელმწიფოთა ექსპერტები.

2. კომიტეტი, კერძოდ, შეასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

(a) მონიტორინგს გაუწევს ამ შეთანხმების იმპლემენტაციას;

(b) შეიმუშავებს წინადადებებს ამ შეთანხმებაში ცვლილებების ან დამატებების შეტანის მიზნით.

(c) გადაწყვეტს ამ შეთანხმების დებულებათა ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებს.

3. კომიტეტი შეიკრიბება აუცილებლობის შემთხვევაში, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით და წელიწადში ერთხელ მაინც.

4. კომიტეტი შეიმუშავებს თავის საპროცედურო წესებს.

    მუხლი 13

ამ შეთანხმების მიმართება წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის დადებულ ორმხრივ შეთანხმებებთან

ძალაში შესვლის შემდეგ ამ შეთანხმებას მიენიჭება უპირატესი ძალა ცალკეულ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის დადებულ ნებისმიერ ორმხრივ ან მრავალმხრივ შეთანხმებათა (ან ხელშეკრულებათა დებულებებთან შედარებით, თუ ამ უკანასკნელ შეთანხმებათა ან ხელშეკრულებათა დებულებები ფარავს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებს.

    მუხლი 14

დასკვნითი დებულებები

1. ამ შეთანხმების რატიფიცირება ან დამტკიცება ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ხორციელდება თავიანთი შესაბამისი პროცედურების თანახმად და ძალაში შევა იმ დღის მომდევნო მეორე თვის პირველ დღეს, როდესაც ბოლო ხელშემკვრელი მხარე შეტყობინებას გაუგზავნის მეორეს ზემოთ მითითებული პროცედურების შესრულების შესახებ.

2. ამ მუხლის 1-ლ პარაგრაფში დეროგაციის საფუძველზე, ეს შეთანხმება ძალაში შევა რეადმისიის შესახებ ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმების ძალაში შესვლის დღეს, თუ ეს თარიღი ამ მუხლის 1-პუნქტით გათვალისწინებულ თარიღზე უფრო გვიან დგება.

3. ეს შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით, თუ მისი მოქმედება არ შეწყდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.

4. ეს შეთანხმება შეიძლება შესწორებულ იქნს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. შესწორებები ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მხარეები ერთმანეთს აცნობებენ ამ მიზნით აუცილებელი შიდა პროცედურების შესრულების შესახებ.

5. თითოეულ მხარეს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ მოქმედება შეუჩეროს ამ შეთანხმებას საჯარო წესრიგის, სახელმწიფო უსაფრთხოების ან ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. გადაწყვეტილება მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით მეორე მხარეს ეცნობება მის ძალაში შესვლამდე არა უგვიანეს 48 საათისა. ის მხარე, რომელმაც მოქმედება შეუჩერა ამ შეთანხმებას, დაუყოვნებლივ აცნობებს მეორე მხარეს მოქმედების შეჩერების მიზეზების აღმოფხვრის შესახებ.

6. თითოეულ მხარეს შეუძლია მოქმედება შეუწყვიტოს ამ შეთანხმებას მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების მიწოდების გზით. ეს შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას ასეთი შეტყობინების დღიდან 90 დღის შემდეგ.

 

შესრულებულია ქ. ბრიუსელში, 2010 წლის 17 ივნისს, ორ დედნად, ბულგარულ, ჩეხურ, დანიურ, ჰოლანდიურ, ინგლისურ, ესტონურ, ფინურ, ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, უნგრულ, იტალიურ, ლატვიურ, ლიტვურ, მალტურ, პოლონურ, პორტუგალიურ, რუმინულ, სლოვაკურ, სლოვენიურ, ესპანურ, შვედურ და ქართულ ენებზე. ამასთან, თითოეული ტექსტი თანაბრად ათენტიკურია.

 

 

 

დანართი

შეთანხმების ოქმი

იმ წევრი სახელმწიფოების შესახებ, რომლებიც სრულად

არ იყენებენ შენგენის კანონმდებლობას (Schengen Acquis)

ის წევრი სახელმწიფოები, რომელთა მიმართაც ვრცელდება შენგენის კანონმდებლობა (Schengen Acquis), მაგრამ, საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, ჯერ არ გასცემენ შენგენის ვიზებს, გასცემენ ეროვნულ ვიზებს, რომელთა მოქმედებაც შემოიფარგლება მათი საკუთარი ტერიტორიით.

ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2008 წლის 17 ივნისის №-o582/2008/EC გადაწყვეტილებით, რომელიც ითვალისწინებს გამარტივებული რეჟიმის შემოღებას გარე საზღვრებზე პირთა კონტროლის მიზნით, იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ბულგარეთმა, კვიპროსმა და რუმინეთმა ცალმხრივად აღიარა გარკვეული დოკუმენტები, როგორც მათ მიერ გაცემული ეროვნული ვიზების ევივალენტური, მათი ტერიტორიების ტრანზიტით გავლის მიზნებიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა ჰარმონიზებული ზომები, რათა გაამარტივებულიყო შენგენის ვიზის და შენგენის ცხოვრების ნებართვის მფლობელთა ტრანზიტი იმ წევრი სახელმწიფოების ტერიტორიის1 გავლით, რომლებიც ჯერ სრულად ვერ იყენებენ შენგენის კანონმდებლობას (Schengen Acquis).

 

 

ერთობლივი დეკლარაცია

დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებული

მე-10 მუხლის შესახებ

ევროკავშირმა შესაძლოა მოითხოვოს შეთანხმების და კერძოდ მისი მე-10 მუხლის ნაწილობრივი შეჩერება, შეთანხმების მე-14(5) მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, თუ მე-10 მუხლს მეორე მხარე არასწორად ახორციელებს, ან, თუ ეს საფრთხეს უქმნის საჯარო უსაფრთხოებას.

მე-10 მუხლის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, ორივე მხარე დაიწყებს კონსულტაციებს ამ შეთანხმების შესაბამისად შექმნილი ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში იმ პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, რომლებმაც გამოიწვია მოქმედების შეჩერება.

ორივე მხარე აცხადებს მზადყოფნას პრიორიტეტული მნიშვნელობა მიანიჭონ დიპლომატიური პასპორტების უსაფრთხოების მაღალ დონეზე უზრუნველყოფას, კერძოდ, ბიომეტრიული საიდენტიფიკაციო ნიშნების ინტეგრირების გზით. კავშირისთვის, ზემოაღნიშნული უზრუნველყოფილ იქნება წევრ სახელმწიფოთა1 მიერ გაცემულ პასპორტებსა და სამგზავრო დოკუმენტებში უსაფრთხოების პარამეტრებისა და ბიომეტრიის სტანდარტების შესახებ საბჭოს 2004 წლის 13 დეკემბრის (EC)2252/2004 რეგულაციაში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად.

--------------------

1.       OJL 161, 20.6. 2008, გვ.30

2.       OJL 385, 29.12.2004, გვ.1

 

 

 

 

 

ერთობლივი დეკლარაცია

ხანმოკლე ვიზების გაცემის პროცედურასთან და ხანმოკლე

ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანისას წარსადგენ

დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჰარმონიზაციის შესახებ

აღიარებენ რა სავიზო განაცხადების შემტანი პირებისთვის ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას, ამ შეთანხმების მხარეები განიხილავენ შემდეგი სახის ზომების მიღების შესაძლებლობას:

- განმცხადებელთათვის ზოგადი სახის ინფორმაციის მომზადება ვიზებზე განაცხადის შეტანის პროცედურებისა და პირობების, ვიზებისა და ვიზების მოქმედების ვადის შესახებ.

- ევროკავშირი შეადგენს მინიმალურ მოთხოვნათა სიას, რათა უზრუნველყოფილ იქნ საქართველოს განმცხადებელთა მიერ თანმიმდევრული და ერთგვაროვანი ინფორმაციის მიღება და ერთი და იგივე თანმხლები დოკუმენტაციის წარდგენა.

ზემოაღნიშნული ინფორმაცია ფართოდ უნდა გავრცელდეს (საკონსულოების საინფორმაციო საბჭოებში, ბროშურების სახით, ვებგვერდებზე და ა. შ.).

 

 

ერთობლივი დეკლარაცია დანიასთან დაკავშირებით

მხარეები ითვალისწინებენ, რომ შეთანხმება არ ვრცელდება დანიის სამეფოს დიპლომატიური მისიების და საკონსულო სამსახურების მიერ ვიზების გაცემის პროცედურაზე.

ასეთ პირობებში მიზანშეწონილია, რომ დანიისა და საქართველოსა ხელისუფლების ორგანოებმა დაუყოვნებლივ გააფორმონ ორმხრივი შეთანხმება ხანმოკლე ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ იმავე პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმება.

 

 

ერთობლივი დეკლარაცია

გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიასთან დაკავშირებით

მხარეები ითვალისწინებენ, რომ შეთანხმება არ ვრცელდება გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიის ტერიტორიაზე.

ასეთ პირობებში მიზანშეწონილია, რომ გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიისა და საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა გააფორმონ ორმხრივი შეთანხმებები ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ.

 

 

ერთობლივი დეკლარაცია

ისლანდიასთან, ნორვეგიასთან, შვეიცარიასთან

და ლიხტენშტეინთან დაკავშირებით

მხარეები ითვალისწინებენ იმ მჭიდრო ურთიერთობას, რომელიც არსებობს ევროკავშირსა და ნორვეგიას, ისლანდიას, შვეიცარიას და ლიხტენშტეინს შორის, კერძოდ, 1999 წლის 18 მაისის და 2004 წლის 26 ოქტომბრის შეთანხმებების საფუძველზე, რომლებიც შეეხება ამ ქვეყნების ასოცირებას შენგენის კანონმდებლობის (Schangen Acquis) იმპლემენტაციის, გამოყენების და განვითარების პროცესთან.

ასეთ პირობებში, მიზანშეწონილია, რომ ნორვეგიის, ისლანდიის, შვეიცარიის და ლიხტენშტეინის და საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა გააფორმონ ორმხრივი შეთანხმებები ხანმოკლე ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ იმავე პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებს კავშირსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმება.

 

ევროპის კავშირის დეკლარაცია

ოჯახის წევრებისთვის ვიზების გაცემის

პროცედურის გამარტივების შესახებ

ევროპის კავშირმა გაითვალისწინა საქართველოს წინადადება უფრო ფართო დეფინიციის შემოღებასთან დაკავშირებით იმ ოჯახის წევრებთან მიმართებაში, რომლებმაც უნდა ისარგებლონ გამარტივებული სავიზო პროცედურით, ასევე ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ანიჭებს ამ კატეგორიის პირთა მიმოსვლის გამარტივებას.

იმ პირთა მიმოსვლის ხელშეწყობის მიზნით, რომელთაც გააჩნიათ ოჯახური კავშირები (კერძოდ, დები და ძმები და მათი შვილები) წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან, ევროკავშირი მოუწოდებს წევრ სახელმწიფოთა საკონსულოებს სრულად გამოიყენონ “acquis”-ით გათვალისწინებული ყველა არსებული შესაძლებლობა, რათა გამარტივდეს ამ კატეგორიის პირთათვის ვიზების გაცემის პროცედურა, მათ შორის, განმცხადებელთა მიერ დოკუმენტების წარდგენის პროცედურა, დამუშავების მოსაკრებლისგან გათავისუფლება, და, საჭიროების შემთხვევაში, მრავალჯერადი ვიზების გაცემა.

 

 

ევროპის კავშირის დეკლარაცია

ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ

შეთანხმების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით

იმ შემთხვევაში, თუ საქართველო, შეთანხმების 1(2) მუხლის დარღვევით, ხელახლა შემოიღებს სავიზო ვალდებულებებს ევროპის კავშირის ერთი ან რამდენიმე წევრი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის ან ასეთ მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის, კავშირი დროებით შეაჩერებს ამ შეთანხმების მოქმედებას.

 

 

ერთობლივი დეკლარაცია

სამგზავრო დოკუმენტებთან დაკავშირებით

თანამშრომლობის შესახებ

მხარეები თანხმდებიან, რომ შეთანხმების მე-12 მუხლის შესაბამისად შექმნილმა ერთობლივმა კომიტეტმა, შეთანხმების იმპლემენტაციაზე მონიტორინგის პროცესში უნდა შეაფასოს, თუ რა გავლენას ახდენს შეთანხმების განხორციელებაზე სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოების დონე. ამ მიზნით, მხარეები თანხმდებიან რეგულარულად მიაწოდონ ერთმანეთს ინფორმაცია იმ ზომების შესახებ, რომლებიც მიღებულ იქნა სამგზავრო დოკუმენტაციის გამრავლების თავიდან აცილების, სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოების ტექნიკური ასპექტების განსაზღვრისა და ასევე, სამგზავრო დოკუმენტების გაცემის პერსონალიზაციის პროცესთან დაკავშირებით.