„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2097
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/04/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 21/05/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 240.000.000.05.001.001.235
  • Word
2097
23/04/2003
სსმ, 12, 21/05/2003
240.000.000.05.001.001.235
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №21-22, 1994, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.9. სასამართლო ვალდებულია რეგისტრაცია განახორციელოს აუცილებელი საბუთების წარდგენიდან ხუთი კალენდარული დღის განმავლობაში. თუ ამ ვადაში რეგისტრაცია არ განხორციელდება ან განმცხადებელს წერილობით არ ეცნობება მოტივირებული უარის შესახებ, საწარმო ჩაითვლება რეგისტრირებულად და სასამართლო ვალდებულია, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ გასცეს სარეგისტრაციო მოწმობა.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 მუხლი:

     „მუხლი 52. უარი საწარმოს რეგისტრაციაზე

1. საწარმოს (ინდივიდუალური საწარმოს გარდა) რეგისტრაციაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:

ა) განცხადება საწარმოს რეგისტრაციის თაობაზე არ შეიცავს ამ კანონის 5.4. მუხლში მითითებულ მონაცემებს;

ბ) განცხადება საწარმოს რეგისტრაციის თაობაზე წარმოდგენილია პარტნიორების, წარმომადგენლობითი ან/და სამეთვალყურეო ორგანოების შესაძლო წევრების ხელმოწერის გარეშე;

გ) არ არის წარმოდგენილი ხელმოწერის ის ნიმუშები, რომლებიც საწარმოს შესაძლო წარმომადგენელთა მიერ გამოყენებული იქნება საქმიან ურთიერთობებში;

დ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები არ არის დამოწმებული სანოტარო წესით;

ე) განცხადებას საწარმოს რეგისტრაციის თაობაზე არ ერთვის საზოგადოების წესდება;

ვ) არაფულადი შესატანით მისი დაფუძნებისას არ არის წარმოდგენილი შესატანის დადგენილი წესით შეფასების დამადასტურებელი საბუთი.

2. კომანდიტურ საზოგადოებას რეგისტრაციაზე უარი (ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა) შეიძლება ეთქვას, თუ:

ა) საწარმოს რეგისტრაციის თაობაზე წარმოდგენილ განცხადებაში არ არის მითითებული ყოველი კომანდიტის მიერ შესრულებული შესატანის ოდენობა;

ბ) არ არის წარმოდგენილი ყოველი კომანდიტის მიერ შესრულებული შესატანის დამადასტურებელი საბუთი.

3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივს რეგისტრაციაზე უარი (ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა) შეიძლება ეთქვათ, თუ:

ა) მათ არ გააჩნიათ საწესდებო კაპიტალის კანონით დადგენილი ოდენობა;

ბ) არ არის წარმოდგენილი ყოველი პარტნიორის მიერ შესრულებული შესატანის დამადასტურებელი საბუთი;

გ) არ არის განსაზღვრული ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის შესატანის ოდენობა და შესაბამისი წილი;

დ) არ არის მითითებული ყოველი დირექტორის, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს ყოველი წევრის ამ კანონით დადგენილი მონაცემები და არ არის წარმოდგენილი მათი დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

4. ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები განისაზღვრება ამ კანონის 51 მუხლით.“.

3. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14.3. ლიკვიდირებული საზოგადოების ქონება, ვალების დაფარვის შემდეგ, თუ საზოგადოების წესდება სხვა წესს არ ითვალისწინებს, ნაწილდება პარტნიორებს შორის მათ მიერ გაღებული თანხებისა და მათ წილებთან დაკავშირებული უფლებების შესაბამისად. ლიკვიდირებული საზოგადოების ქონება ცნობილი კრედიტორების არსებობის შემთხვევაში ნაწილდება მათთვის სპეციალური შეტყობინების გაგზავნიდან სამი თვის შემდეგ, ხოლო უცნობი კრედიტორების ან იმ კრედიტორების არსებობისას, რომელთა საცხოვრებელი ადგილი უცნობია – საჯარო განცხადებით (პუბლიკაციით) მათი მეორედ გამოძახებიდან ექვსი თვის შემდეგ. ლიკვიდირებული საზოგადოების ქონება სასამართლომ შეიძლება გაანაწილოს აღნიშნული ვადების გასვლამდეც, თუ არსებული ვითარებიდან გამომდინარე ეს საფრთხეს არ უქმნის კრედიტორებს.

თუ ცნობილი კრედიტორები არ განაცხადებენ თავიანთ მოთხოვნებს, მათი მოთხოვნების ღირებულება სასამართლოსგან დეპონირდება. ამგვარადვე უნდა იქნეს დეპონირებული საზოგადოების სადავო ვალდებულებისა და იმ ვალდებულებების შესაბამისი ღირებულება, რომელთა შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, თუკი კრედიტორებისათვის არ არის წარდგენილი თანაბრადღირებული გარანტია ან საზოგადოების ქონების განაწილება არ შეჩერდება ამ ვალდებულებათა შესრულებამდე.

წესები საზოგადოების ფულის გახარჯვის შესახებ არ გამოიყენება ლიკვიდაციის პერიოდში.

თუ საზოგადოების ქონების განაწილებისას წარმოიშობა დავა პარტნიორებს შორის, ლიკვიდატორებმა უნდა შეწყვიტონ განაწილება დავის კანონიერად გადაწყვეტამდე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 23 აპრილი.

№2097–IIს