შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111121018, 24/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016063

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ

საქართველოს მთავრობა და რუსეთის ფედერაციის მთავრობა (შემდგომში მოხსენიებულნი, როგორც „ხელშემკვრელი მხარეები”) ერთობლივად თანხმდებიან, ხელშემკვრელ მხარეებს შორის რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებასთან დაკავშირებული ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში დააარსონ პირველ დანართში წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი მთელი სავაჭრო საქონლის საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის მექანიზმი.

ხელშემკვრელი მხარეები,

გამოთქვამენ სურვილს რა, განავითარონ ვაჭრობა და, ამავდროუალად, გამოიყენონ საბაჟო ადმინისტრირებისა და სავაჭრო ბრუნვის მონიტორინგის სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკა, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (მსო) სტანდარტების მიხედვით,

მიუთითებენ რა, „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” 1994 წლის 3 თებერვლის შეთანხმებაზე და ყველა შესაბამის შეთანხმებაზე, რომლებიც განსაზღვრავენ თავისუფალ სავაჭრო ზონას ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ ზოგადი შეთანხმების (GATT 1994) 24-ე მუხლის მნიშვნელობით,

მხედველობაში იღებენ რა, ვმო-ს შესაბამის შეთანხმებებს, რომლის მიხედვითაც ვმო-ს წევრები, ვაჭრობასთან დაკავშირებული ტარიფებისა და სხვა დაბრკოლებების არსებითი შემცირებისა და საერთაშორისო ვაჭრობაში დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრის მიზნით, ახორციელებენ ორმხრივ და საერთო სარგებლის მიღებაზე დამყარებულ ღონისძიებებს და ასევე მხედველობაში იღებენ სხვადასხვა მუხლებს, მათ შორის, ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ ზოგადი შეთანხმების (GATT 94) I, II, III, VIII, X, XXIV მუხლებს, და სავაჭრო ასპექტებთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შესახებ შეთანხმების (TRIPS ) მესამე ნაწილს, და ვმო-ს დოჰა-ს რაუნდის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს, განსაკუთრებით ვაჭრობის ხელშეწყობისა და არასატარიფო ბარიერების სფეროში,

აღიარებენ რა, რუსეთის ფედერაციის ვმო-ში გაწევრიანების შესაძლებლობას, როგორც საშუალებას სავაჭრო მონაცემების გამჭვირვალობის გაუმჯობესებისთვის ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ ზოგადი შეთანხმების (GATT 94) X მუხლის მნიშვნელობით,

ადასტურებენ რა, ხელშემკვრელ მხარეთა სურვილს ებრძოლონ უკანონო ვაჭრობას, მათ შორის, ვაჭრობას ფალსიფიცირებული საქონლით და კორუფციას,

აცნობიერებენ რა, რომ ვმო-ს ფარგლებში არსებული ვალდებულებები შეიძლება განხილულ იქნეს ვმო-ს დავის მოგვარების მექანიზმის საშუალებით,

იღებენ გადაწყვეტილებას, გადასცენ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვაჭრობის შესახებ მონაცემები ვმო-ს ინტეგრირებულ მონაცემთა ბაზას (IDB). ხელშემკვრელი მხარეები ყოველთვიურად ვმო-ს სამდივნოს მიაწვდიან განზოგადებულ მონაცემებს პირველი დანართით განსაზღვრული სასაქონლო ვაჭრობის შესახებ. ხელშემკვრელი მხარეები დაასახელებენ მონაცემთა მიწოდებაზე პასუხისმგებელ ოფიციალურ პირებს, განსაზღვრულს მეორე დანართით.

თანხმდებიან, რომ წინასწარ განსაზღვრულ დერეფნებში შემავალი ან დერეფნიდან გამავალი მთელი საქონელი  ექვემდებარება წინამდებარე შეთანხმებით დაარსებულ მექანიზმს,

შემდგომში თანმხდებიან, რომ მექანიზმს აქვს შემდეგი ფუნქციები:

–  სავაჭრო მონაცემების მიწოდება და გაზიარება,

გამჭვირვალობისა და ერთგვაროვანი საბაჟო ადმინისტრირების უზრუნველყოფა,

საბაჟო პროცედურების გამარტივება,

საბაჟო კონტროლის ზომების ეფექტურობის გაზრდა,

დოკუმენტაციისა და ჩანაწერების შემოწმების გზით, საბაჟო პროცედურებისა და საქონლის გაფორმების მონიტორინგი,

ტრეფიკინგის, ფულის გათეთრების, საქონლის ფალსიფიცირების, რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო გადატანის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვისა და ნებისმიერი სხვა სახის უკანონო ვაჭრობის პრევენცია,

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არსებული გამოცდილების გაზიარება და მენეჯმენტის დარგში საუკეთესო პრაქტიკის შემოღებაში დახმარების გაწევა,

რისკის ანალიზის განხორციელება და შესაძლებლობების განვითარებისა და ტრენინგების ჩატარების გზით, კონტრაბანდის თავიდან აცილების ხელშეწყობა,

საეჭვო ტვირთის ამოცნობა და საჭიროების შემთხვევაში მისი განმეორებითი დათვალიერება, შეფასება და/ან შემოწმება,

ნებისმიერი სხვა სახის ზომების მიღება, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების გაზრდასა და განამტკიცებს საბაჟო კონტროლის ზომების ეფექტურობას,

მექანიზმის ფარგლებში გაცვლილი მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა მონაცემთა ხელმისაწვდომობის მკაცრად კონტროლირებადი და სანდო საკონტროლო მექანიზმების საშუალებით.

ხელშემკვრელი მხარეები შემდგომში თანხმდებიან, რომ მექანიზმი მოიცავს (ა) ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემასა (EDES) და (ბ) საერთაშორისო ზედამხედველობის სისტემას (IMS).

ა) ხელშემკვრელი მხარეები იღებენ გადაწყვეტილებას დანერგონ ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემა (EDES), რათა დააფიქსირონ და მართონ სავაჭრო, კომერციული და ლოგისტიკური მონაცემები. სისტემა მოიცავს:

– საერთო ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის პლატფორმას, რომელიც იძლევა შესაძლებლობას ყველა საბაჟო და სავაჭრო გარიგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გაზიარებულ იქნეს ნეიტრალურ კერძო კომპანიასთან,

– ტვირთის შესახებ წინასწარი ინფორმაციის მიწოდების ფუნქციას, რომელიც ითვალისწინებს რისკის მართვის შესაძლებლობას ნეიტრალური კერძო კომპანიის მიერ,

– ელექტრონულ კავშირს აღნიშნულ პლატფორმასა და საბაჟო მართვის სისტემას შორის, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა სიზუსტის უფრო მაღალ ხარისხს.

ბ) ხელშემკვრელი მხარეები იღებენ გადაწყვეტილებას დანერგონ საერთაშორისო ზედამხედველობის სისტემა (IMS), რომელიც შედგება შემდეგი ელემენტებისაგან:

– ნეიტრალური კერძო კომპანიის მიერ ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის მეშვეობით მიწოდებულ მონაცემთა ანალიზის საფუძველზე განხორციელებული რისკის მართვა და პირველი დანართით განსაზღვრულ ტერმინალებში ამ კომპანიის ფიზიკურად განთავსება.  

– ნეიტრალური კერძო კომპანიის მიერ სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი ვაჭრობის შესახებ მონაცემების აუდიტი,

– ელექტრონული ბეჭდები ნებისმიერ ტვირთზე, რომელიც შედის სავაჭრო დერეფანში ტერმინალების გავლით,

– GPS/GPRS სავაჭრო ტვირთის მონიტორინგის სისტემა სავაჭრო დერეფანში სავაჭრო ტვირთის გადაადგილების მიკვლევადობის უზრუნველყოფისათვის, მას შემდეგ რაც სავაჭრო ტვირთი შევა ტერმინალში,

– ქვემორე განსაზღვრული ერთობლივი კომიტეტი.

ხელშემკვრელი მხარეები შემდგომში იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება სავაჭრო დერეფნებში შემავალ ან დერეფნებიდან გამავალ ვაჭრობას, მათ შორის, ის ინფორმაცია, რომელიც მიღებულ იქნა ელექტრონული ბეჭდებისა და GPS-ის საშუალებით, გადაეგზავნება ნეიტრალურ კერძო კომპანიას. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, ნეიტრალური კერძო კომპანია განახორციელებს რისკის მართვასა და მონაცემების აუდიტს. გადაგზავნილ მონაცემებთან მიმართებით, იგი იმოქმედებს მკაცრად გასაიდუმლოებული ზომებით და გამოიყენებს მას მხოლოდ წინამდებარე შეთანხმებით დადგენილი მიზნებისათვის.

რისკის მართვის ანალიზის შედეგების საფუძველზე, ნეიტრალურ კერძო კომპანიას შეუძლია რეკომენდაციით მიმართოს კომპეტენტური ეროვნული საბაჟო სამსახურის ოფიციალურ პირებს, რათა ნეიტრალური კერძო კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით, პირველი დანართით განსაზღვრულ ტერმინალებზე მოხდეს კონკრეტული ტვირთის შემოწმება და გადამოწმება.

ნეიტრალური კერძო კომპანია ახორციელებს ვმო-ს ინტეგრირებული მონაცემთა ბაზისთვის (IDB) გადაგზავნილი მონაცემების აუდიტს.

თითოეული ხელშემკვრელი მხარე, რეგულარულად იწვევს ადგილზე დათვალიერების მიზნით ნეიტრალურ მესამე მხარეს შესაბამის ტერმინალებზე, მიღებული გამოცდილების და ნეიტრალური კერძო კომპანიის რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებული საუკეთესო პრაქტიკის გაცნობისათვის.

ნეიტრალური მესამე მხარე, წინამდებარე შეთანხმებისა და ხელშემკვრელ მხარეებთან ჩატარებული კონსულტაციების შედეგების საფუძველზე, ხელს უწყობს შეთანხმებას ნეიტრალური კერძო კომპანიის მოქმედების პირობებზე და განსაზღვრავს მის მანდატს. ამგვარი მანდატი და მოქმედების პირობები იდენტური იქნება ნეიტრალური კერძო კომპანიის საქმიანობისთვის საქართველოსა და რუსეთის ფედერაციაში.

წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერისთანავე, მესამე ნეიტრალური მხარე შეადგენს იმ ნეიტრალურ კერძო კომპანიათა სიას, რომელთაც გააჩნიათ საკმარისი საერთაშორისო რეპუტაცია და კვალიფიკაცია მანდატის აღსრულებისთვის და ზემოაღნიშნულ სიას, კონსულტაციების გავლის მიზნით, წარუდგენს ხელშემკვრელ მხარეებს. ამგვარი კონსულტაციების შედეგების საფუძველზე, ნეიტრალური მესამე მხარე არჩევს ნეიტრალურ კერძო კომპანიას.

საქართველოში საქმიანობისათვის ნეიტრალურ კერძო კომპანიასთან აფორმებს ხელშეკრულებას საქართველო, ხოლო რუსეთის ფედერაციაში საქმიანობისათვის ნეიტრალურ კერძო კომპანიასთან აფორმებს ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაცია. ამ ხელშეკრულებების გაფორმებას მოწმის სახით ესწრება ნეიტრალური მესამე მხარე.

ნეიტრალური კომპანია ანგარიშვალდებულია ნეიტრალური მესამე მხარის წინაშე. იგი რეგულარულად წარუდგენს ანგარიშს თავისი საქმიანობის ყველა შედეგის შესახებ ერთობლივ კომიტეტს.

ნეიტრალური კერძო კომპანიის საქმიანობა ფინანსდება ხელშემკვრელი მხარეების მიერ თანხით, რომელიც შესაბამის ქვეყანაში ნეიტრალური კერძო კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოს ღირებულების ევივალენტურია და ჩაირიცხება ნეიტრალური მხარის მიერ ადმინისტრირებადი მიზნობრივი ფონდის ანგარიშზე. ნეიტრალური კერძო კომპანიის საქმიანობის დაფინანსების მიზნით, ფონდის ანგარიშზე ყოველწლიურად ჩაირიცხება შენატანები. პირველადი შენატანი დაფარავს კომპანიის საქმიანობის ხარჯებს ერთი წლის ვადით, რომელიც აითვლება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან. გარდა ამისა, შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, ნეიტრალური კერძო კომპანიის შეუფერხებელი მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით, ორივე ხელშემკვრელი მხარე, ზემოაღნიშნული ფონდის ანგარიშზე, ჩარიცხავს ნეიტრალური კერძო კომპანიის სამი თვის ბიუჯეტის ევივალენტურ თანხას.

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის ნეიტრალური მესამე მხარე იქნება განსაზღვრული ურთიერთგაგების მემორანდუმების საფუძველზე, რომლებიც დაიდება ნეიტრალურ მესამე მხარესა და თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შორის.

ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე დააარსონ ერთობლივი კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან ხელშემკვრელი მხარეებისა და მესამე ნეიტრალური მხარის წარმომადგენლები. ერთობლივი კომიტეტი:

ზედამხედველობას უწევს და განიხილავს წინამდებარე შეთანხმების შესრულებას,

მიზნად ისახავს წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან და შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების გადაწყვეტას,

ზედამხედველობს და განიხილავს მის შემდგომ განვითარებას, და

განიხილავს ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედებაზე.

თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის წინასწარ გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ერთობლივი კომიტეტის სპეციალური შეხვედრის ჩატარება. აღნიშნული შეხვედრა ჩატარდება წერილობითი შეტყობინების მიღებიდან არა უმეტეს 7 დღის ვადაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე მიუთითებს შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევაზე, დაუყოვნებლივი მოქმედების მიზნით, ერთობლივი კომიტეტი ასახელებს სამ ექსპერტს, რომლებიც შესაბამისად წარმოადგენენ თითოეულ ხელშემკვრელ მხარესა და მესამე ნეიტრალურ მხარეს. ისინი თავიანთ რეკომენდაციებს ერთობლივი კომიტეტის წინაშე წარადგენენ ერთი კვირის ვადაში.

იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელ მხარეები დავის შესახებ პირველი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ერთი თვის ვადაში ერთობლივი კომიტეტის მექანიზმის მეშევეობით ვერ მიაღწევენ მეგობრულ გადაწყვეტილებას ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე უპირობოდ უფლებამოსილია შეთანხმების განმარტებასთან, გამოყენებასთან ან შესრულებასთან დაკავშირებული დავა საბოლოო და სავალდებულო გადაწყვეტისათვის წარუდგინოს არბიტრაჟს, მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს ორ სახელმწიფოს შორის დავების არბიტრაჟის შესახებ დამატებითი წესების შესაბამისად, რომელიც მოქმედებს ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან.

საარბიტრაჟო ტრიბუნალი შედგება სამი წევრისაგან. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნიშნავს ტრიბუნალის ერთ წევრს, ხოლო ხელშემკვრელ მხარეთა მიერ დანიშნული წევრები შემდგომ ნიშნავენ თავმჯდომარე არბიტრს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ხელშემკვრელმა მხარემ ვერ შეძლო არბიტრის დასახელება და/ან თუ ხელშემკვრელი მხარეების მიერ დანიშნულმა არბიტრებმა ვერ აირჩიეს თავმჯდომარე არბიტრი, ხელშემკვრელი მხარეები დანიშვნაზე უფლებამოსილ პირად განსაზღვრავენ ჰააგაში მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალურ მდივანს.

საარბიტრაჟო საქმის განხილვისას გამოყენებული იქნება ინგლისური ენა.

არბიტრაჟის იურიდიული ადგილსამყოფელი იქნება პარიზი, საფრანგეთი.

საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება ხელშემკვრელი მხარეებისათვის იქნება საბოლოო და სავალდებულო.

თანდართული დოკუმენტები, დანართი I და დანართი II, წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

ხელშემკვრელი მხარეების შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში ვერაფერი დააბრკოლებს წინამდებარე შეთანხმების შესრულებას.

წინამდებარე შეთანხმება ექვემდებარება გადასინჯვას ყოველ სამ წელიწადში. ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ნებისმიერ დროს შესაძლებელია ამ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა. ცვლილებები უნდა გაფორმდეს წერილობით, რათა მათ ჰქონდეთ იურიდიული ძალა.

წინამდებარე შეთანხმება და 2004 წლის 28 მაისს ხელშემკვრელი მხარეების მიერ ხელმოწერილი ბაზარზე დაშვების თაობაზე ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შესახებ ოქმი და 2004 წლის 28 მაისს ხელშემკვრელი მხარეების მიერ ხელმოწერილი დამატებითი ოქმი წარმოადგენენ შეთანხმებათა ერთობლიობას, რომელიც ხელშემკვრელ მხარეებს შორის გაფორმდა რუსეთის ფედერაციის ვმო-ში შესვლის პროცესში.

შეთანხმება შესრულებულია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ათენტიკურია. ქართულ და რუსულ ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

შეთანხმება ძალაში შედის რუსეთის ფედერაციის ვმო-ში შესვლის დღიდან.

 

შესრულებულია ქ. ჟენევაში 2011 წლის 9 ნოემბერს.

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

ხელმოწერილია

რუსეთის ფედერაციის მთავრობის

სახელით

ხელმოწერილია


 

საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ შეთანხმების დანართი I

 

შეთანხმება შესრულდება შემდეგნაირად:

ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის (EDES) საშუალებით ნეიტრალური კერძო კომპანია, ტვირთის სავაჭრო დერეფნებში შესვლამდე, რისკის მართვის უზრუნველყოფის მიზნით მოიპოვებს შესაბამის მონაცემებს სასაქონლო დეკლარაციებიდან და ტვირთებზე წინასწარი ინფორმაციიდან, როგორც ეს განსაზღვრულია მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (მსო) სტანდარტებითა და საუკეთესო პრაქტიკით.

ხელშემკვრელი მხარეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას წარუდგენენ შემდეგ მონაცემთა ერთობლიობას სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი ყველა საქონლის შესახებ:

 

დეკლარაცია

დეკლარაციის ნომერი და თარიღი

ტვირთის გამგზავნი/ექსპორტიორი

საქონლის იმპორტის განხორციელებამდე ბოლო გამყიდველის სრული სახელწოდება და მისამართი

ადგილების რაოდენობა

ადგილების საერთო რაოდენობა

ტვირთის მიმღები

ტვირთის მიმღების სრული სახელწოდება და მისამართი

გამომგზავნი ქვეყანა

ექსპორტის ქვეყანა

წარმოშობის ქვეყნა

წარმოშობის ქვეყანა

დანიშნულების ქვეყანა

დანიშნულების ქვეყანა

შესვლის ტერმინალი

A, B, C, D, E, F ან არც ერთი

გასვლის ტერმინალი

A, B, C, D, E, F ან არც ერთი

საზღვარზე გამწევი სატრანსპორტო საშუალებების საინდეტიფიკაციო მონაცემები

საზღვარზე გამწევი სატრანსპორტო საშუალებების სახეობა, საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და რეგისტრაციის ქვეყანა

 ვალუტა და საქონლის საერთო ფაქტურული ღირებულება

ვალუტა და საქონლის საერთო ფაქტურული ღირებულება (ვალუტა, რომელშიც შედგენილია კომერციული ინვოისი (ანგარიშ-ფაქტურა), დეკლარირებული საქონლის საერთო ფაქტურული ღირებულება)

ვალუტის გაცვლის კურსი

ვალუტის გაცვლის კურსი

 საქონლის აღწერილობა და ადგილები; დაფასოება და მარკირება – კონტეინერების ნომერი (ნომრები) – რაოდენობა და სახეობა

საქონლის აღწერილობა და ადგილები; დაფასოება და მარკირება – კონტეინერების ნომერი (ნომრები) – რაოდენობა და სახეობა კონტეინერების ნომერი (ნომრები), რაოდენობა და სახეობა

საქონლის კოდი

საქონლის კოდი, რომელიც შეესაბამება მიმდინარე რიგით საქონელს

წარმოშობის ქვეყანა

წარმოშობის ქვეყანა (სასაქონლო პარტიის თითოეული საქონლის მიხედვით)

სრული წონა (კგ)

სრული წონა (კგ)

პროცედურა

პროცედურა (კოდი)

სუფთა წონა

სუფთა წონა (კგ)

საქონლის ღირებულება

საქონლის ღირებულება

დამატებითი ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაცია/გაცემული დოკუმენტები/სერტიფიკატები და ნებართვები

 

ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემაში (EDES) ინფორმაცია შეტანილი იქნება ეროვნული საბაჟო სისტემის მიერ მისი დადასტურების შემდგომ. EDES-ის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ნეიტრალული კერძო კომპანიისათვის. აღნიშნულ ინფორმაციასთან მიმართებით, იგი იმოქმედებს მკაცრად გასაიდუმლოებული ზომებით და გამოიყენებს მას მხოლოდ წინამდებარე შეთანხმებით დადგენილი მიზნებისათვის.

წინასწარ განსაზღვრული სავაჭრო დერეფნები არის შემდეგი:

დერეფანი 1, რომელსაც აქვს შემდეგი კოორდინატთა ბადის წერტილები (ყველა წერტილი არის განსაზღვრული UTM WGS84 კორდინატების სისტემის მიხედვით):

კოორდინატთა ბადის წერტილი 1: UTM 37T 576170 E / 4817809 N

კოორდინატთა ბადის წერტილი 2: UTM 37T 570187 E / 4805195 N

კოორდინატთა ბადის წერტილი 3: UTM 37T 741128 E / 4721408 N

კოორდინატთა ბადის წერტილი 4: UTM 37T 734926 E / 4709359 N

დერეფანი 2, რომელსაც აქვს შემდეგი კოორდინატთა ბადის წერტილები (ყველა წერტილი არის განსაზღვრული UTM WGS84 კორდინატების სისტემის მიხედვით):

კოორდინატთა ბადის წერტილი 1 : UTM 38T 418329 E / 4725231 N

კოორდინატთა ბადის წერტილი 2 : UTM 38T 419706 E / 4726487 N

კოორდინატთა ბადის წერტილი 3 : UTM 38T 426645 E / 4715907 N

კოორდინატთა ბადის წერტილი 4 : UTM 38T 429053 E / 4715907 N

კოორდინატთა ბადის წერტილი 5 : UTM 38T 418709 E / 4699212 N

კოორდინატთა ბადის წერტილი 6 : UTM 38T 421109 E / 4695988 N

კოორდინატთა ბადის წერტილი 7 : UTM 38T 405316 E / 4693250 N

კოორდინატთა ბადის წერტილი 8 : UTM 38T 412853 E / 4692459 N

კოორდინატთა ბადის წერტილი 9 : UTM 38T 421061 E / 4645892 N

კოორდინატთა ბადის წერტილი 10 : UTM 38T 430905 E / 4647704 N

დერეფანი 3, რომელსაც აქვს შემდეგი კოორდინატთა ბადის წერტილები (ყველა წერტილი არის განსაზღვრული UTM WGS84 კორდინატების სისტემის მიხედვით):

კოორდინატთა ბადის წერტილი 1 : UTM 38T 469014 E / 4735702 N

კოორდინატთა ბადის წერტილი 2 : UTM 38T 470514 E / 4735702 N

კოორდინატთა ბადის წერტილი 3 : UTM 38T 469014 E / 4730208 N

კოორდინატთა ბადის წერტილი 4 : UTM 38T 470514 E / 4730208 N

ეროვნული საბაჟო სამსახურის ოფიციალური პირები განახორციელებენ დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი ყველა სავაჭრო საქონლის კონტროლსა და ადმინისტრირებას, შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად. ამ ვაჭრობის კოტროლი და ადმინისტრირება განხორციელდება ტერმინალებში, რომლებიც მდებარეობენ სავაჭრო დერეფნების გამოსასვლელში/ შესასვლელში.

ნეიტრალური კერძო კომპანიის წარმომადგენლები განახორციელებენ საბაჟო პროცედურების და საქონლის გაფორმების მონიტორინგს თითოეულ ტერმინალზე, დოკუმენტაციისა და ჩანაწერების შემოწმების, საქონლის ფიზიკური დათვალიერების, განმეორებითი დათვალიერების, განმეორებითი შეფასების და საეჭვო ტვირთების შემოწმების დროს ფიზიკურად დასწრების საშუალებით, და ისინი გადაამოწმებენ, რომ ტვირთებზე, რომელიც შედის წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფნებში, დასმული იქნება ელექტრონული ბეჭდები.

ხელშემკვრელი მხარეები უზრუნველყოფენ, რომ თითოეულ სავაჭრო ტვირთზე, რომელიც შედის წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფანში ტერმინალის გავლით, დასმული იქნება ელექტრონული ბეჭედი.

ხელშემკვრელი მხარეები უზრუნველყოფენ, რომ თითოეული სავაჭრო ტვირთისათვის, რომელიც შედის წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფანში ტერმინალის გავლით, გამოიყენება GPS/GPRS სავაჭრო ტვირთის მიკვლევადობის სისტემა.

ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან შექმნან ორი ორმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომლებიც იმუშავებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და სამართლებრივ საკითხებზე, ამ დოკუმენტში მოცემული ზოგადი პირობების დაზუსტებისა და განსაზღვრის მიზნით.

 

 

საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ შეთანხმების დანართი II

 

ხელშემკვრელი მხარეების წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ საკონტაქტო უფლებამოსილება სამუშაო დონეზე[1]

 

საქართველოს სახელით

რუსეთის ფედერაციის სახელით

წარმომადგენელი

საკონტაქტო ინფორმაცია

წარმომადგენელი

საკონტაქტო ინფორმაცია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



[1] სახელთა გაცვლა მოხდება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე.

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.