„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 835
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/03/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 19/04/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 240.000.000.05.001.000.909
  • Word
835
30/03/2001
სსმ, 10, 19/04/2001
240.000.000.05.001.000.909
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №21-22 1994წ. მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლში:

ა) 4.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.1. საწარმოს რეგისტრაციას, გარდა ინდივიდუალური საწარმოსი, ახორციელებს სასამართლო სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერებით.“;

ბ) 4.3. პუნქტში სიტყვის „უგზავნის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „შესაბამის საგადასახადო ორგანოსა და“.

2. მე-5 მუხლში:

ა) 5.2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ინდივიდუალური მეწარმე ან“, „ინდივიდუალური მეწარმე და“, „ინდივიდუალური მეწარმის ან“;

ბ) 5.4.1. პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ინდივიდუალური მეწარმის ან“;

გ) 5.9. პუნქტში სიტყვა „თხუთმეტი“ შეიცვალოს სიტყვით „შვიდი“, ხოლო პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება:

„სასამართლო თვითონ ანიჭებს საწარმოს საგადასახადო და სტატისტიკის კოდებს, რომლებიც მას კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი სამსახურებიდან.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

    მუხლი 51. ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციის პირობები

1. ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციას ახორციელებს საგადასახადო ორგანო.

2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია შექმნას სამეწარმეო რეესტრი, რომელშიც ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში შეიტანება:

ა) ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები;

ბ) რეგისტრაციის ნომერი და თარიღი.

3. სამეწარმეო რეესტრის წარმოების წესი და რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოები განისაზღვრება საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანებით.

4. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს ან წერილობით მოითხოვოს სამეწარმეო რეესტრის მონაცემები, აგრეთვე გაეცნოს საწარმოს მიერ წარდგენილ ანკეტას და მიიღოს მისი ასლი.

5. საგადასახადო ორგანო გადაწყვეტილებას საწარმოს რეგისტრაციის შესახებ უგზავნის საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს თვეში ერთხელ, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა.

6. საწარმოს რეგისტრაციისათვის ინდივიდუალური მეწარმე ან საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი დაზღვეული წერილით საგადასახადო ორგანოში გზავნის ან უშუალოდ წარადგენს ანკეტას 2 ეგზემპლარად.

7. ნებისმიერ პირს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოში დაუბრკოლებლად მიიღოს ანკეტა, აგრეთვე თავისუფლად და უნებართოდ გადაიღოს ანკეტის ასლი.

8. ანკეტის შესავსებად პირს უფლება აქვს გამოიყენოს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ანკეტა ან ანკეტის ასლი.

9. ანკეტა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) საფირმო სახელწოდებას;

ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას;

გ) ინდივიდუალური მეწარმის სახელს, გვარს, საცხოვრებელ ადგილს და პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერს;

დ) ინდივიდუალური მეწარმის ხელმოწერას.

10. ანკეტის ორივე ეგზემპლარი უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

11. საგადასახადო ორგანო ანკეტის წარდგენიდან 1 დღის ვადაში ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციის თაობაზე. თუ ამ ვადაში განმცხადებელს წერილობით არ ეცნობება მოტივირებული უარის შესახებ, საწარმო ჩაითვლება რეგისტრირებულად. საგადასახადო ორგანო ვალდებულია რეგისტრირებულ ინდივიდუალურ საწარმოს მიანიჭოს სარეგისტრაციო ნომერი და დაუყოვნებლივ გასცეს შესაბამისი ცნობა.

12. თუ ანკეტა აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო წარდგენილ ანკეტას უსვამს ბეჭედს და მიუთითებს რეგისტრაციის თარიღსა და სარეგისტრაციო ნომერს. სარეგისტრაციო ნომერი ჩაითვლება საწარმოს საგადასახადო, აგრეთვე სტატისტიკის კოდად. ანკეტის ერთი პირი უბრუნდება განმცხადებელს, ხოლო მეორე რჩება საგადასახადო ორგანოში.

13. უარი საწარმოს რეგისტრაციაზე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ანკეტა არ არის წარდგენილი ორ ეგზემპლარად;

ბ) ანკეტის თითოეული ეგზემპლარი არ არის დადასტურებული სანოტარო წესით.

14. დაუშვებელია ამ მუხლით გათვალისწინებულის გარდა რაიმე სხვა დოკუმენტის ან ინფორმაციის მოთხოვნა.

15. ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციისათვის არ გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი, მოსაკრებელი ან სხვა რაიმე გადასახდელი.

16. თანამდებობის პირის მიერ რეგისტრაციაზე უკანონოდ უარის თქმა იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.“.

4. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 19.4. და 19.5. პუნქტები:

„19.4. საწარმოს საქმიანობისათვის ან რეგისტრაციისათვის საწარმოს ბეჭდის არსებობა სავალდებულო არ არის.

19.5. დაუშვებელია რომელიმე ნორმატიული აქტით ან რომელიმე სახელმწიფო ორგანოს მიერ საწარმოს ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტების მოთხოვნა.“

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71-ე მუხლი:

    მუხლი 71. ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციის გადასახდელი

ამ კანონის 51 მუხლის მე-15 პუნტი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 30 მარტი.

№835–IIს