„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

  • Word
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
დოკუმენტის ნომერი 2/1/484
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 29/02/2012
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016005
  • Word
2/1/484
29/02/2012
ვებგვერდი, 13/03/2012
000000000.00.000.016005
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/1/484

საქართველოს სახელით       

2012 წლის 29 თებერვალი

ქ. ბათუმი

კოლეგიის შემადგენლობა:

ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;

ოთარ სიჭინავა – წევრი;

ლალი ფაფიაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.

 

სხდომის მდივანი:

დარეჯან ჩალიგავა.

 

საქმის დასახელება:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციადა საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

 

დავის საგანი:

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

 

საქმის განხილვის მონაწილენი:

მოსარჩელეების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისადა საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელის წარმომადგენლები გიორგი გოცირიძე და ვახტანგ მენაბდე.

მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები მაია ჯვარშეიშვილი და თამარ ხინთიბიძე. მოწმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი დიმიტრი საძაგლიშვილი.

 

I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №484) მომართეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ 484 კონსტიტუციური სარჩელი 2009 წლის 28 ოქტომბერს მიღების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის გადასცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას.

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2010 წლის 1 ნოემბერს 2/4/484 საოქმო ჩანაწერით 484 კონსტიტუციური სარჩელი მიიღო არსებითად განსახილველად.

2. სადავო ნორმა არის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც შემდეგი შინაარსისაა: თუ ოპერატიული ინფორმაცია პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ მოითხოვს დამატებითი მონაცემების შეგროვებას, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით, პროკურორის თანხმობით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე.

3. მოსარჩელეების აზრით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

მოსარჩელეები თვლიან, რომ სადავო ნორმა იძლევა შესაძლებლობას, სატელეფონო საუბრის მიყურადება, ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, კინო და ფოტოგადაღება, ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებით შესაძლოა განსაზღვრული დროით სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე განხორციელდეს. შესაბამისად, სადავო ნორმა სასამართლო ზედამხედველობის გარეშე ტოვებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში ახორციელებს სატელეფონო საუბრებზე მიყურადებას, ფარულ გადაღებას ან ჩაწერას კონსტიტუციით განსაზღვრული სასამართლო გადაწყვეტილების ან გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე.

4. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, მოსარჩელეების მითითებით, დროის თვალსაზრისით მკაცრად შემოსაზღვრავენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე სასამართლო კონტროლის ფარგლებს. აღნიშნული ნორმების თანახმად, სასამართლო აკონტროლებს იმ პერიოდს, როდესაც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ჯერ არ დაწყებულა ან მისი დაწყებიდან გასულია არა უმეტეს 12 საათისა. ვადის გაგრძელების საკითხი კი სცილდება მითითებული ნორმების რეგულირების ფარგლებს და მთლიანად სადავო ნორმის მოქმედების სფეროშია მოქცეული.

5. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონით არ არის დადგენილი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების თავდაპირველი ვადა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ ვადის გაგრძელებას ითვალისწინებს სადავო ნორმა. იმისათვის, რომ ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსმა პროკურორის თანხმობით მიიღოს მოტივირებული დადგენილება ამგვარი ღონისძიების ექვსი თვით გაგრძელების თაობაზე, საჭიროა, მათ ზუსტად იცოდნენ, თუ როდის იწურება თავდაპირველად განსაზღვრული ვადა, რომელიც ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ექვს თვემდე ვადით გაგრძელების თაობაზე შესაბამისი პირის თუ ორგანოს გადაწყვეტილება კი სცილდება მანამდე მიღებული მოსამართლის ბრძანების ფარგლებს.

6. მოსარჩელეთა აზრით, ფარულ მოსმენაზე სასამართლო კონტროლის აუცილებლობა გამოწვეულია თავად ღონისძიების ბუნებით. ადამიანი თავად ვერ შეძლებს თავის დაცვას ფარული ოპერატიული მოქმედების ბოროტად გამოყენებისაგან, ვინაიდან არ იცის, რომ ამგვარი ზემოქმედების ღონისძიებას ექვემდებარება. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ასეთი საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის გაცნობის უფლება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ პირებს აქვთ.

7. მოსარჩელე მხარის აზრით, შეუძლებელია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სისტემური წაკითხვა იმგვარად, რომ სადავო ნორმის შინაარსი შეიცვალოს და შესაძლებელი გახდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების ვადის გაგრძელებაზე სასამართლო კონტროლის განხორციელება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის კომპეტენციაა ადამიანის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისა და იძულებით ღონისძიებასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოტანა. ხოლო ამავე კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. მხარეებში იგულისხმება როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე. პირადი ცხოვრების შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების უფლება აქვს მხოლოდ ბრალდების მხარეს. საგამოძიებო მოქმედებისაგან განსხვავებით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების უფლებას მთლიანად მოკლებულია დაცვის მხარე. კანონის თანახმად, მხოლოდ პროკურორია უფლებამოსილი, მიმართოს სასამართლოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ შუამდგომლობით. გარდა ამისა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებკანონის საფუძველზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების სანქცირებასთან დაკავშირებული მოსამართლის ბრძანება კი საბოლოოა და არ საჩივრდება.

8. მოსარჩელეების განმარტებით, კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი მუხლით დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევისთვის მოსამართლის ბრძანების სავალდებულო პირობა ემსახურება კონკრეტული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების წინასწარი კონტროლის უზრუნველყოფას დამოუკიდებელი და ნეიტრალური ინსტანციის მიერ. აღნიშნული კი, პირველ რიგში, მიმართულია ხელისუფლების მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისაკენ. სასამართლო არის არაპოლიტიკური ხელისუფლება, რაც განაპირობებს და, იმავდროულად, ავალდებულებს მას ნეიტრალურობას. პერსონალურად და არსებითად დამოუკიდებელ, კანონმორჩილ მოსამართლეს შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღოს სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილება უფლებაში ჩარევის აუცილებლობის თაობაზე. სწორედ მითითებული პრინციპები ირღვევა სადავო ნორმით, რაც მისი არაკონსტიტუციურობის საფუძველია.

9. მოსარჩელეები ასევე მიუთითებენ, რომ სადავო ნორმის საფუძველზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ვადის გაგრძელება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გადაუდებელი აუცილებლობითაც ვერ იქნება გამართლებული. გადაუდებელი აუცილებლობით შეზღუდვის გასამართლებლად შეფასებული უნდა იყოს იმ დროის ხანგრძლივობა, როდესაც  მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში ჩარევა ხორციელდება სასამართლო კონტროლის გარეშე. დროის სიმცირის გამო საჭირო უნდა იყოს დაუყოვნებლივი, მყისიერი მოქმედება, რომლის არარსებობის შემთხვევაში კონკრეტულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას მიადგება გამოუსწორებელი და შეუქცევადი ზიანი, რომლის გამოსწორება შეუძლებელი იქნება 24 საათის განმავლობაში მოსამართლისაგან მოპოვებული ბრძანებით. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის შემხვევაში შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები იწყება მოსამართლის ბრძანების გარეშე, თუმცა ამგვარი ღონისძიების დაწყებიდან  12 საათის განმავლობაში პროკურორი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შესამოწმებლად მიმართავს სასამართლოს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, გადაწყვეტილებას იღებს მომდევნო 24 საათის განმავლობაში. სადავო ნორმით დადგენილი ექვსთვიანი ვადა კი, მოსარჩელის აზრით, მნიშვნელოვნად განსხვავდება მითითებული 12 საათისგან. არანაირი საფრთხე არ შეიძლება იყოს ისეთი მყისიერი, რომ მის აღმოსაფხვრელად აუცილებელი იყოს ექვსი თვის განმავლობაში სასამართლო კონტროლის გარეშე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისათვის ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის შესაძლებლობის მინიჭება.

10. მოსარჩელეები, თავისი პოზიციის გასამყარებლად მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ეკატერინე ლომთათიძე და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე.

11. მოპასუხე მხარე, მოსარჩელეების მსგავსად, მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის შესაბამისად, ისეთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, როგორიცაა სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურო აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია, საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთა (გარდა დიპლომატიური ფოსტისა) კონტროლი, ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება, ელექტრული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით ექვემდებარება სავალდებულო სასამართლო კონტროლს. მოპასუხის მითითებით, აღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები კანონის შესაბამისადაც უკავშირდება სასამართლო გადაწყვეტილებას, მისი ლეგიტიმურობა მიბმულია მოსამართლის თანხმობაზე. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონი არაერთხელ მიუთითებს, რომ მოსამართლის ბრძანების გარეშე დაუშვებელია მათი ჩატარება და ასეთი ბრძანების ვადის გასვლის შემდეგ ნებისმიერი სხვა პირის თანხმობით ასეთი მოქმედების ჩატარება, მას კანონის შეუსაბამოდ, მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩატარებულად აქცევს.

12. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა ადგენს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის მხოლოდ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით დადგენილი ვადის გაგრძელების საფუძველს. აღნიშნულ ნორმაში საუბარია იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებაზე, რომელიც საჭიროა დანაშაულის შესახებ დადგენილი წესით მიღებული განცხადების განხილვისათვის და კონკრეტულ ფაქტზე გამოძიების დასაწყებად.

 კანონმდებელმა ასეთი ტიპის ღონისძიებების ჩასატარებლად დაადგინა 7-დღიანი ვადა, ხოლო თუ ამ ვადაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მიზნის მიღწევა შეუძლებელია, სადავო ნორმით დადგინდა აღნიშნული ვადის გაგრძელების შესაძლებლობა და წესი.

13. მოპასუხის მითითებით, როგორც კონსტიტუციის, ისე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია იმ შინაარსის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც ზღუდავენ ადამიანის უფლებებს ან შესაძლებელია შეზღუდონ. კანონი განსაზღვრავს შემთხვევებს, როცა დაყოვნებამ შეიძლება, გამოიწვიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გახდება აღნიშნული მონაცემების მოპოვება და ამ ღონისძიებების განხორციელება იწყება პროკურორის დადგენილებით. შესაბამისად, პროკურორი 12 საათის განმავლობაში ვალდებულია დაუსაბუთოს სასამართლოს, რომ არსებობდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისათვის გადაუდებელი აუცილებლობის პირობები. ამასთან, მოპასუხე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე ვადის      6 თვემდე გაგრძელება არ არის დაკავშირებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევასთან.

14. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის    მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი არ უშვებს შესაძლებლობას იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ვადა, რომელთა ჩატარებისათვის საჭიროა მოსამართლის ბრძანების არსებობა, გაგრძელებულ იქნეს სასამართლო კონტროლის გარეშე და, შესაბამისად, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და მოსარჩელეთა მოთხოვნა უსაფუძვლოა.

15. საქმეზე მოწმის სახით მოწვეულმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა მიუთითა, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონი ერთმანეთისგან განასხვავებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს იმის მიხედვით, სჭირდება თუ არა მას მოსამართლის ბრძანება ლეგიტიმაციისთვის. მისი აზრით, სადავო ნორმა ეხება იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, რომელთა ჩატარებასაც არ ესაჭიროება მოსამართლის ბრძანება. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილია შემთხვევები, რა დროსაც შეიძლება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება. მე-8 მუხლის ქვეპუნქტი ეხება იმ შემთხვევას, როდესაც არსებობს განცხადება ან შეტყობინება დანაშაულის შესახებ და მასში არ არის საკმარისი მონაცემები დანაშაულთან დაკავშირებით და საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მოძიება იმ გადაწყვეტილების მისაღებად, დაიწყოს თუ არა შესაბამისმა ორგანომ გამოძიება. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის მე-8 მუხლის ქვეპუნქტი ასეთ შემთხვევებში პროკურორს ანიჭებს უფლებამოსილებას, გასცეს დავალება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ და აღნიშნული ღონისძიების განსახორციელებლად ადგენს 7-დღიან ვადას.

16. მოწმის განმარტებით, იმ შემთხვევაში, როდესაც გამოძიება ჯერ არ დაწყებულა და დანაშაულის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მისაღებად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა, დაუშვებელია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის     მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის და ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების (იმ ღონისძიებების, რომელთა ჩასატარებლადაც სავალდებულოა მოსამართლის ბრძანება) წარმოება. ეს შეზღუდვა გამომდინარეობს იმავე კანონის    მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესიდან, რომლის თანახმადაც, ასეთი ღონისძიების ჩატარების შესახებ შუამდგომლობა წარედგინება გამოძიების ადგილის მიხედვით ან განაჩენის გამოტანის მიხედვით უფლებამოსილ სასამართლოს. შესაბამისად, თუ გამოძიება არ არის დაწყებული ან პირის მიმართ არ არის გამოტანილი განაჩენი, შეუძლებელია უფლებამოსილი სასამართლოს იდენტიფიცირება და, შესაბამისად, მე-7 მუხლის მეორე პუნქტის და ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების წარმოება დაუშვებელია. მოწმის მითითებით, ვინაიდან სადავო ნორმა ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია, პრაქტიკაში ნორმა სწორედ მითითებული განმარტების შესაბამისად გამოიყენება.

17. მოწმის აზრით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარებაზე სასამართლო კონტროლი რეგულირდება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონით, ასევე საიდუმლო შიდაუწყებრივი ნორმატიული აქტებით. აღნიშნულ აქტებში გაწერილია პროცედურები და ის ვადები, რომლის განმავლობაშიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელმა მუშაკმა უნდა მიმართოს სასამართლოს. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ შუამდგომლობაში უფლებამოსილი პირი მიუთითებს კონკრეტულ ვადას, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ჩასატარებლად. მოსამართლე კი მისი შინაგანი რწმენის შესაბამისად მსჯელობს როგორც საქმიანობის ჩატარების, ისე ვადის მიზანშეწონილობაზე.

18. მოწმის განმარტებით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა პრაქტიკაში საკმაოდ რთულ შედეგებს გამოიწვევს. 7-დღიანი ვადა, რომლის გაგრძელების პროცედურებსაც ითვალისწინებს სადავო ნორმა, ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი შესაბამისი ინფორმაციის მოსაძიებლად. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოები იძულებული იქნებიან, მხოლოდ 7 დღის განმავლობაში აწარმოონ შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საკმაოდ დიდი ალბათობა არის, რომ ასეთი საქმიანობა იყოს უშედეგო და დანაშაულის ფაქტზე ვერ მოხდეს ინფორმაციის სრულყოფილი მოძიება. თუმცა ვადის გაგრძელების შესაძლებლობა დამატებითი ბარიერების გათვალისწინებით, უფლებამოსილ ორგანოებს მაინც შეეძლებათ კანონის მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად. მოწმის აზრით, ასეთი დაბრკოლებების შექმნა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს საკმაოდ ბევრ პრობლემას შეუქმნის.

19. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 484 კონსტიტუციურ სარჩელზე არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა „კონსტიტუციის    42-ე მუხლმა“ წარმოადგინა სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება.

20. სასამართლო მეგობრის წერილობითი მოსაზრების თანახმად, სადავო ნორმა არ ითვალისწინებს ფარულ მოსმენასთან დაკავშირებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ექვს თვემდე გაგრძელების საკითხის გადაწყვეტაში მოსამართლის მონაწილეობას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლს. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ზოგადად არსებობს ორი სახის: 1. ღონისძიება, რომელიც ტარდება მოსამართლის ნებართვით; 2. ღონისძიება, რომელსაც არ სჭირდება მოსამართლის თანხმობა. ორივე სახის ღონისძიებებისთვის ვადის გაგრძელების მექანიზმი ერთნაირია და მოცემულია სადავო ნორმაში.

21. კონსტიტუციის 42-ე მუხლისმოსაზრებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი არ უშვებს ისეთ გამონაკლისს, როდესაც მასში მითითებული ღონისძიებები შეიძლება ჩატარდეს სასამართლოს ნებართვის გარეშე. სასამართლოს მეგობარი იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიუთითებს, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ვადის გაგრძელება მოსამართლის ნებართვის გარეშე, მით უმეტეს, ისეთი დიდი დროით, როგორიც 6 თვეა, წარმოადგენს მოქალაქის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას. მოსაზრებაში მოყვანილი არგუმენტების გასამყარებლად სასამართლოს მეგობარი მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალსა და ევროპის საბჭოს სხვადასხვა წევრი ქვეყნების პრაქტიკაზე.

 

II

სამოტივაციო ნაწილი

1. განსახილველ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

მოცემული დავის გადასაწყვეტად უნდა შეფასდეს სადავო ნორმით ხდება თუ არა ჩარევა კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ ადამიანის უფლებაში. ხოლო ჩარევის არსებობის შემთხვევაში დაცულია თუ არა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვისადმი კონსტიტუციით დადგენილი მოთხოვნები.

კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის არსებობის დასადგენად საჭიროა განისაზღვროს თავად უფლების მოქმედების ფარგლები, კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის დაცვის სფერო და შინაარსი.

2. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა გულისხმობს ინდივიდის შესაძლებლობას, საკუთარი შეხედულებისამებრ წარმართოს თავისი კერძო ცხოვრება და იყოს დაცული მის კერძო სფეროში სახელმწიფოს და სხვა პირების ჩარევისგან. იცავს ადამიანის არჩევანს, იარსებოს გარე სამყაროსგან დამოუკიდებლად, იყოს მარტო, ასევე თავისუფლად გადაწყვიტოს, რა პირობებში და მოცულობით ექნება ურთიერთობა საზოგადოების სხვა წევრებთან. ,,შესაბამისად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება უზრუნველყოფს პიროვნების თავისუფალ განვითარებას, რადგან საშუალებას აძლევს მას, კერძო სფეროში საზოგადოების ჩარევისა და ყურადღებისაგან თავისუფალ პირობებში მოახდინოს ინფორმაციის, მოსაზრებებისა და შთაბეჭდილებების გაცვლა-გაზიარება(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბერის გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

3. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ფართო და მრავალმხრივი შინაარსი გააჩნია, იგი უამრავი უფლებრივი კომპონენტისაგან შედგება, რომლებიც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლითაა დაცული (მაგალითად: მე-16, მე-20, 36-ე, 41-ე მუხლები). ამ უფლების ფარგლებში პირები უზრუნველყოფილი არიან ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობის, სახელის, პირადი მონაცემების, საცხოვრებლის, ოჯახისა და სქესობრივი ცხოვრების საიდუმლოების, მიმოწერის და სატელეფონო საუბრის საიდუმლოების ხელშეუხებლობის და სხვა უფლებებით. განაპირობებს რა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების არსს, თითოეული მათგანი, იმავდროულად, დამოუკიდებელი შინაარსის მატარებელია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბერის გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). ეს კი დაცული სფეროს ამომწურავად განსაზღვრას (განმარტებას) არამიზანშეწონილს, გარკვეულწილად კი შეუძლებელსაც ხდის.

4. მოცემული დავის ფარგლებში დავის საგანს წარმოადგენს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, საქმის გადაწყვეტისთვის აქტუალურია არა ზოგადად ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, არამედ მისი ერთი კონკრეტული, კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სეგმენტის განმარტება, მისი არსისა და მნიშვნელობის წარმოჩენა. ხოლო შემდგომ სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებათა შეზღუდვის შესაბამისობის შემოწმება.

5. კონსტიტუციის ხსენებული დებულებით დაცულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორიცაა ადამიანის პირადი საქმიანობის ადგილი, კერძო სფეროში განხორციელებული კომუნიკაცია და სხვა. ადამიანის უფლება, იარსებოს საზოგადოებისგან დამოუკიდებლად, ჰქონდეს ურთიერთობა პირთა იმ წრესთან, რომელსაც ის აირჩევს, წარმოადგენს პიროვნების არსებობისათვის აუცილებელ ფაქტორს. პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა, საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, წარმოადგენს სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ფუნქციასა და მიზანს.

6. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: ,,თუ ოპერატიული ინფორმაცია პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ მოითხოვს დამატებითი მონაცემების შეგროვებას, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით, პროკურორის თანხმობით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე”.  ხსენებული ნორმა თავისი ხასიათით საჯარო ხელისუფლების უფლებამოსილების დამდგენია. კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში სადავო ნორმით ჩარევა სახეზე იქნება იმ შემთხვევაში, თუ იგი ადგენს ადამიანის პირად სფეროში საქმიანობისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის შეზღუდვას. ამ უფლებაში ჩარევის ინტენსივობა და ხასიათი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პროკურორის კომპეტენციის შინაარსსა და ფარგლებზე. კერძოდ, ნორმის კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში პროკურორი უფლებამოსილია თუ არა თანხმობა გასცეს ისეთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადის გაგრძელებაზე, რომლის განხორციელება ზღუდავს ადამიანის პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობას, შესაბამისად, პირის პირად ცხოვრებას.

7. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ნორმის სრულყოფილი განმარტებისათვის იგი უნდა განიმარტოს როგორც სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, ისევე სხვა ნორმებთან კონტექსტში, მისი მიზნისა და შინაარსის გათვალისწინებით. ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას მისი გონივრული განმარტება მოითხოვს, რომ `... სადავო ნორმა არ [უნდა] იქნეს განხილული სხვა, მასთან კავშირში მყოფი ნორმებისგან იზოლირებულად, რადგანაც ამგვარმა მიდგომამ საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება მიიყვანოს მცდარ დასკვნებამდე... (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე «საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ»). სადავო ნორმის განმარტება უნდა მოხდეს სისტემურად, ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის და ზოგადად ამ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის კონტექსტში. სწორი სამართლებრივი ინტერპრეტაცია მოითხოვს ნორმის არსის და მიზნის დადგენას. ამ ფაქტორებზე დაყრდნობით უნდა განისაზღვროს მისი შინაარსი.

8. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ განსაზღვრულობის პრინციპი წარმოადგენს უფლებაშემზღუდველი ნორმის განჭვრეტადობის სტანდარტს. უფლებაში ჩარევის ფაქტის დასადგენად საკმარისია, სასამართლო მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ნორმის კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში, მისი რომელიმე ინტერპრეტაცია უფლების შეზღუდვას იწვევს (იმ შემთხვევაში, თუ ნორმა რამდენიმე განსხვავებული შინაარსით განმარტებადია). „ზოგადად, კონკრეტული კონსტიტუციური უფლების შინაარსის კონსტიტუციით დასაშვებ ფარგლებში განსაზღვრისთვის კანონმდებელი ვალდებულია, მიიღოს ზუსტი, მკაფიო, არაორაზროვანი, განჭვრეტადი კანონმდებლობა (ნორმები), რომელიც პასუხობს კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნას. ეს გარემოება ერთ-ერთი გადამწყვეტი კრიტერიუმია ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას.” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). ხოლო იმ შემთხვევაში ,,თუ კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში შეუძლებელი იქნება ნორმის თვითნებური და ადამიანის უფლებებისათვის საზიანო გამოყენება, მაშინ ნორმა სავსებით დააკმაყოფილებს სამართლებრივი უსაფრთხოების მოთხოვნებს(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ).

9. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება არ არის აბსოლუტური. იგი შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ სახელმწიფოში აუცილებელი კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, მაგრამ უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ პირობებს. კერძოდ, უფლებაში ნებისმიერი ჩარევა უნდა ემსახურებოდეს კონსტიტუციურ მიზნებს, იყოს აუცილებელი და წარმოადგენდეს ამ მიზნების მიღწევის პროპორციულ საშუალებას.

10. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ორგანოების მიერ განხორციელებული მოქმედებები შეიძლება თავის თავში მოიაზრებდეს ადამიანის პირადი საქმიანობის ადგილისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვას. კანონის თანახმად: „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა არის ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო ორგანოების სპეციალური სამსახურების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ღია თუ ფარული მეთოდით ჩატარებული ღონისძიებების სისტემა, რომლის მიზანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების, საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან“. აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ადამიანის უფლებებისა და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვას ისახავს მიზნად, რაც უდავოდ კონსტიტუციურ ლეგიტიმურ მიზნებს განეკუთვნება. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს, თუმცა საქმიანობის დემოკრატიული მიზნების მიუხედავად, აუცილებელია ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ფრთხილი საკანონმდებლო რეგლამენტირება. ითვალისწინებს რა ღია და ფარული მეთოდებით ღონისძიებების ჩატარებას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის დიდი ნაწილი შეუმჩნეველი რჩება საზოგადოებისთვის, რაც თითქმის გამორიცხავს მასზე საზოგადოების კონტროლის შესაძლებლობას. ამის ფონზე ზუსტი და არაორაზროვანი საკანონმდებლო რეგლამენტირება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს. „სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით წარმოებული შეტყობინების ხელშეუხებლობის უფლების შემზღუდველი ნორმებისადმი მოთხოვნები, ზოგადად, მათ ხელმისაწვდომობასა და განჭვრეტადობასთან დაკავშირებით, გაცილებით მკაცრია, ვიდრე ჩვეულებრივ გამოიყენება ამა თუ იმ ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). შესაბამისად, საჯარო ხელისუფლების მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების კომპეტენციის განმსაზღვრელი ნორმები უნდა იყოს მკაფიო და არ უნდა ქმნიდეს მისი არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის შედეგად ადამიანის უფლების დარღვევის თუნდაც მცირე საფრთხეს.

11. საქმის განხილვის ეტაპზე პრობლემატურ საკითხად წარმოჩინდა სადავო ნორმის ბუნდოვანება და მისი შინაარსის არაერთგვაროვანი წაკითხვის შესაძლებლობა. ნორმის შინაარსი მხარეებს სხვადასხვაგვარად ესმით და დიამეტრალურად განსხვავებულ ინტერპრეტაციებს ახდენენ. კერძოდ, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი პროკურორს აღჭურავს უფლებამოსილებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე თანხმობა გასცეს ნებისმიერი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძების ჩატარების ვადის გაგრძელებაზე, მათ შორის, ისეთი ღონისძიებებისა, რომლებიც პირის ფარულად თვალყურის დევნებასა და მისი კომუნიკაციის მიყურადებას გულისხმობს. მოსარჩელე მხარე ხსენებულ ნორმას სადავოდ სწორედ ამ შინაარსით ხდის და ამავე დროს მიიჩნევს, რომ სხვაგვარად მისი სწორი სამართლებრივი ინტერპრეტაცია გამორიცხულია.

ხსენებულ მოსაზრებას არ ეთანხმება მოპასუხე მხარე და საქმის არსებითი განხილვისას მოწვეული მოწმე. ისინი მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმით დადგენილი ვადის გაგრძელების უფლებამოსილება ეხება მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებებისათვის დადგენილ 7-დღიან ვადას და არ მიემართება ისეთ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, რომელთა ჩატარებაც ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევას გულისხმობს.

მხარეთა მიერ შემოთავაზებული სადავო ნორმის განმარტებები კარდინალურად განსხვავებულ შედეგებს იწვევს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული უფლების შეზღუდვის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმის შინაარსის დადგენას დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქმის გადაწყვეტისათვის.

12. მოპასუხე მხარე უთითებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის რიგ ნორმებზე (მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თ“ და „ი“ ქვეპუნქტები, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-20 მუხლი.), რომელთა თანახმად, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შემზღუდველი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. შესაბამისად, კანონის ზოგადი სულისკვეთებიდან გამომდინარეობს ზემოთ ხსენებული ღონისძიებების ჩატარებაზე სასამართლო კონტროლის აუცილებლობა. იმის გათვალისწინებით, რომ ნორმის შინაარსის განსაზღვრისას მისი განმარტება უნდა მოხდეს სხვა ნორმებთან კონტექსტში და არა იზოლირებულად, განმარტებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კანონის მიზნები და არსი, სადავო ნორმაში მოცემული ზოგადი ჩანაწერის ქვეშ არ უნდა ამოვიკითხოთ ნებისმიერი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადის გაგრძელების შესაძლებლობა. მხარის მოსაზრებით, სადავო ნორმით დადგენილი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადის გაგრძელების წესი მხოლოდ ისეთ შემთხვევებს მოიცავს, როდესაც მათი ჩატარებისათვის კანონი ზოგადად არ ითხოვს მოსამართლის ბრძანების არსებობას. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს და ფუნქციას დაკარგავდა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის არაერთი მუხლით დამკვიდრებული სასამართლო კონტროლის მექანიზმების არსებობა.

ოპასუხის განცხადებით, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადებს განსაზღვრავს, მოცემულია კანონის მერვე მუხლის პირველი პუნქტის ბ” ქვეპუნქტში. სწორედ ამ ვადის გაგრძელებაზე უთითებს სადავო ნორმა. ხსენებულიდან გამომდინარე, ვადის გაგრძელება ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ტარდება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებამდე, დანაშაულის შესახებ დამატებითი ინფომაციის შეგროვების მიზნით.

გამოძიების დაწყებამდე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონი გამორიცხავს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებას, ვინაიდან ამ ღონისძიებების ჩატარების შესახებ ბრძანებას ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გასცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გამოძიების ადგილის ან განაჩენის გამოტანის ადგილის მიხედვით. იმ შემთხვევებში, როდესაც საქმეზე გამოძიება დაწყებული არ არის, არ არსებობოს ხსენებული ღონისძიების ჩატარების ბრძანების გაცემაზე უფლებამოსილი სასამართლო, შესაბამისად, ამ ეტაპისათვის შეუძლებელია მიმდინარეობდეს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შემზღუდველი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რაც გამორიცხავს მათი გაგრძელების შესაძლებლობას.

13. სასამართლო ლოგიკურად მიიჩნევს მოპასუხის არგუმენტაციას. სადავო ნორმის მიზნიდან გამომდინარე, სისტემური განმარტების შემთხვევაში ნორმა იძლევა მოპასუხის მიერ მითითებული შინაარსით წაკითხვის შესაძლებლობას. ამავე დროს, როგორც სასამართლოს მიერ არაერთხელ აღინიშნა, სადავო ნორმის ერთი კონკრეტული შინაარსის კონსტიტუციურობა არ არის საკმარისი მთლიანად ნორმის კონსტიტუციურობის მტკიცებისათვის. კონსტიტუციასთან შეფასებადია სადავო ნორმის კეთილსინდისიერი განმარტების შედეგად განსაზღვრული ყველა შესაძლო შინაარსი და თუ რომელიმე მათგანი არ შეესაბამება კონსტიტუციის მოთხოვნებს, ნორმა არაკონსტიტუციურია. კანონი მის კეთილსინდისიერ აღმსრულებელს არ უნდა აძლევდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ლეგალურ საშუალებას.

14. სასამართლო მიიჩნევს, რომ, მიუხედავად სადავო ნორმის ზემოთ ხსენებული განმარტების დასაშვებობისა, მისი ინტერპრეტაცია სხვა შინაარსითაც შესაძლებელია. მოპასუხის პოზიცია ემყარება იმ არგუმენტს, რომ სადავო ნორმით დადგენილი ვადის გაგრძელება ეხება მხოლოდ ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, ანუ იმ პერიოდში ჩატარებულ ღონისძიებებს, როდესაც გამოძიება დაწყებული არ არის და, შეუძლებელია გამოძიების ადგილის მიხედვით მოსამართლის ბრძანების გაცემა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ. ის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომელთა ჩატარების შესაძლებლობა უკავშირდება მოსამართლის ბრძანების არსებობას, ასეთ შემთხვევებში ვერც დაიწყება და შესაბამისად, დღის წესრიგში არც მათი ჩატარების ვადის პროკურორის მიერ გაგრძელების საკითხი დადგება.

,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იმ საფუძვლების ჩამონათვალს, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება. პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების საფუძვლად მიუთითებს პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის დავალებას, მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ. შესაბამისად, მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების საფუძვლებს ადგენს როგორც გამოძიების მიმდინარეობისას (,,ა’’ ქვეპუნქტი), ასევე იმ პერიოდშიც, როდესაც გამოძიება დაწყებული არ არის (,,ბ’’ ქვეპუნქტი).

სადავოდ გამხდარი მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ვადის გაგრძელების შესაძლებლობას უკავშირებს რამდენიმე პირობის არსებობას: ა) ოპერატიული ინფორმაცია პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ უნდა მოითხოვდეს დამატებითი მონაცემების შეგროვებას; ბ) ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსმა უნდა გამოსცეს მოტივირებული დადგენილება ვადის გაგრძელების შესახებ და გ) პროკურორმა განაცხადოს თანხმობა. მოცემული მოთხოვნები კუმულატიური ხასიათისაა და ვადის გაგრძელებისათვის სამივე მათგანის არსებობა არის საჭირო. რაიმე სხვა პირობა, რომლის არსებობაც აუცილებელი იქნებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ვადის გაგრძელებისთვის, სადავო ნორმაში არ გვხვდება.

აღნიშნული პირობები, მათ შორის, პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ დამატებითი მონაცემების მოპოვების საჭიროება, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია წარმოიშვას როგორც გამოძიების დაწყებამდე, ასევე გამოძიების დაწყების შემდეგაც და ამ მხრივ იგი არ უნდა გავაიგივოთ ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტში მითითებულ საფუძველთან.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის  მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან დაიწყონ გამოძიება. გამოძიების დაწყების ეტაპზე შესაძლებელია არ იყოს გამოკვეთილი კონკრეტული პირი, რომლის მიმართაც იარსებებს ეჭვი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული.

დანაშაულებრივი ქმედების კონკრეტული პირის მიერ ჩადენის გარკვევა უკავშირდება მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხებს. რამდენად იკვეთება ჩადენილ დანაშაულში ამა თუ იმ პირის ბრალეულობა, აღნიშნული საკითხი აქტუალური შეიძლება იყოს როგორც გამოძიების დაწყების ეტაპზე, ასევე მისი მიმდინარეობისას, მაგრამ ის ვერ იქნება გამოძიების დაწყების ან დაწყებაზე უარის თქმის განმსაზღვრელი. გამოძიების დაწყებისათვის საკმარისია დანაშაულის ფაქტის არსებობა.

დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროცესში იმის გასარკვევად, რამდენად იკვეთება მის ჩადენაში კონკრეტული პირის ბრალი, შესაძლებელია საჭირო გახდეს გარკვეული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების (მათ შორის, ისეთი ღონისძიებების, რომლებიც საჭიროებენ მოსამართლის ბრძანებას) ჩატარება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მათი ჩატარებისათვის განსაზღვრულ ვადებში ვერ მოხერხდა პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ საკმარისი ინფორმაციის მოპოვება, ბუნებრივია, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დღის წესრიგში დადგება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ვადების გაგრძელების საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა არ გამორიცხავს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ვადის გაგრძელებისათვის აუცილებელი პირობები დადგეს მაშინაც, როდესაც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ტარდება მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე, ანუ მაშინ, როდესაც გამოძიება დაწყებულია, ხოლო მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი, ვინაიდან გამოძიება უკვე დაწყებულია და სახეზეა მოსამართლე გამოძიების ადგილის მიხედვით, საფუძვლად შესაძლებელია დაედოს ისეთ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას, რომელიც ტარდება მოსამართლის ბრძანებით. არც სადავო ნორმაში გვხვდება რაიმე მინიშნება იმის შესახებ, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ვადის გაგრძელებისათვის მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენდეს ის, თუ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის რომელი ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ხდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება. სადავო ნორმაში ასევე არ არის მითითება იმის შესახებ, რომ ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული სახის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში სადავო ნორმა სამართალშემფარდებელმა შეიძლება წაიკითხოს ისე, რომ პროკურორის თანხმობით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ვადის გაგრძელების შესაძლებლობა თანაბრად ვრცელდება როგორც მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით განსაზღვულ შემთხვევებზე (გამოძიება არ არის დაწყებული და ამ დროს არ ხორციელდება ისეთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება, რომელიც საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას), ასევე ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაზეც (გამოძიება დაწყებულია და შესაძლებელია ნებისმიერი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება).

შესაბამისად, სადავო ნორმიდან იკითხება პროკურორის უფლებამოსილება, გააგრძელოს იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების ვადა, რომელთა ჩატარებაც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თ“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ხორციელდება, რაც წარმოადგენს ჩარევას ადამიანის კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში.

15. კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას”.

კონსტიტუციის აღნიშნული დებულება იცავს ადამიანის პირადი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიურ სფეროს. თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოება მოითხოვს ადამიანის პირადი ავტონომიის პატივისცემას, მასში სახელმწიფოსა და კერძო პირების ჩარევის მინიმუმამდე შემცირებას. ეს საზოგადოების არსებობის თანმდევი, ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომლის დაცვის ლეგიტიმური მოლოდინი ყველას გააჩნია. ადამიანი თავისუფალი, ღირსების მქონე არსებაა. სამართლებრივი სივრცე, რომელსაც საკანონმდებლო ხელისუფლება ქმნის, მიმართული უნდა იყოს მისი უფლებების და იმ კონსტიტუციური ფასეულობების დაცვისაკენ, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მშვიდობიანი ყოფა-ცხოვრებისა და განვითარებისათვის არის საჭირო. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ძირითადი მიზანია, დაიცვას ინდივიდი სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული თვითნებური ჩარევისაგან.

16. ადამიანის უფლებების დაცვა და მათი განხორციელებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. შესაბამისად, ადამიანის უფლებების, როგორც უზენაესი და წარუვალი ღირებულებების, რეალიზება სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან გარკვეული დისკომფორტის თმენის ვალდებულებასაც გულისხმობს. ადამიანის უფლების შეზღუდვის მიზანს ყოველთვის უნდა წარმოადგენდეს სხვა კონსტიტუციური სიკეთეების დაცვა. უფლების შეზღუდვა, როგორც წესი, მაშინ ხდება საჭირო, როდესაც მისი ამა თუ იმ ფორმით რეალიზება დემოკრატიული საზოგადოების ინტერესებთან ან სხვათა უფლებებთან მოდის შემხებლობაში. კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის დაცვის ქვეშ მოქცეულია ისეთი კონსტიტუციური სიკეთეები, რომელთა რეალიზება, როგორც წესი, ადამიანის ცხოვრების პირადულ სფეროში ხდება და ამ უფლებების განხორციელებიდან მომდინარე, გარე სამყაროსთან კონტაქტის ინტენსივობა ძალიან დაბალია. შესაბამისად, დაბალია სხვათა უფლებებთან კონფლიქტის ალბათობაც.

17. პირადი ცხოვრების კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სეგმენტის სამართლებრივი ბუნებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონსტიტუცია ამ უფლების დაცვის განსაკუთრებით მაღალ სტანდარტს აწესებს. კონსტიტუციის მე-20 მუხლი განსაზღვრავს მასში მოცემული უფლების არამხოლოდ მატერიალურ შინაარსს, არამედ ადგენს უფლების შეზღუდვის ფორმალურ გარანტიებს. აღნიშნული უფლების შეზღუდვის შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ საჭიროა ლეგიტიმური კონსტიტუციური მიზნის დაცვის აუცილებლობის დასაბუთება, ასევე დაცული უნდა იყოს უფლების შეზღუდვის ფორმალური კონსტიტუციური გარანტიები – სახეზე უნდა იყოს მოსამართლის ბრძანება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებაში ჩარევის საჭიროება მოსამართლემ უნდა შეაფასოს და როგორც წესი, სწორედ მისი ბრძანება წარმოადგენს, კონკრეტულ სატელეფონო საუბარზე თუ პირის საცხოვრებელ ან საქმიანობის ადგილზე სახელმწიფოს დაშვების საფუძველს.

18. კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული უფლების რეგულირება, მასსა და სხვა კონსტიტუციურ ლეგიტიმურ მიზნებს შორის ბალანსის დადგენა ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნას მოითხოვს, რომელიც, ერთი მხრივ, სრულად დაიცავს უფლების თანაზომიერი შეზღუდვის მოთხოვნებს, მეორე მხრივ, კი მოსამართლის მიერ უფლებაში ჩარევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინა პირობებს განსაზღვრავს. „თავისთავად სასამართლო გადაწყვეტილების არსებობა აპრიორი უფლებაში თანაზომიერ ჩარევას არ გულისხმობს. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე უფლების პროპორციული შეზღუდვა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიების შექმნას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბერის გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციის მე-20 მუხლის მზღუდავი კანონის მიღებისას კონსტიტუციურ სამართლებრივ შემოწმებას ექვემდებარება შეზღუდვის პროპორციულობა, ანუ ის, თუ რამდენად წარმოადგენს სადავო ნორმა ლეგიტიმური კონსტიტუციური მიზნის მიღწევის ვარგის და ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას.

19. მოცემულ შემთხვევაში სადავო რეგულაციით ხდება მოსამართლის მიერ განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადის გაგრძელების უფლებამოსილების პროკურორისათვის მინიჭება. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, აღნიშნული წარმოადგენს თუ არა კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევას მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე. აღნიშნული გარემოების დასადგენად მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რა მიზანს ემსახურება უფლების შეზღუდვის შემთხვევებისათვის სამოსამართლეო კონტროლის სავალდებულოობა. „.პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული მოსამართლის ბრძანების სავალდებულო პირობა ემსახურება კონკრეტული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების წინასწარი კონტროლის უზრუნველყოფას დამოუკიდებელი და ნეიტრალური ინსტანციის მიერ. ბუნებრივია, ეს, პირველ რიგში, მიმართულია ხელისუფლების მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისაკენ. სასამართლო არის არაპოლიტიკური ხელისუფლება, რაც განაპირობებს და, იმავდროულად, ავალდებულებს მას ნეიტრალურობას. პერსონალურად და არსებითად დამოუკიდებელ, კანონმორჩილ მოსამართლეს შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღოს სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილება უფლებაში ჩარევის აუცილებლობის თაობაზე.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

20. კონსტიტუციის მე-20 მუხლის შესაზღუდად სასამართლოს გადაწყვეტილების აუცილებლობის კონსტიტუციური პირობა ემსახურება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებაში ჩარევის საჭიროების არსებობის ნეიტრალური პირის მიერ შეფასებას. როგორც აღინიშნა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს უფლების შეზღუდვის სხვა ფორმებისაგან განსხვავებით ახასიათებს ფარული ბუნება, მათ დიდ ნაწილს საზოგადოება საერთოდ ვერ ხედავს და, შესაბამისად, ვერ აკონტროლებს. ამ ფონზე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან უფლებაში არათანაზომიერი ჩარევის ცდუნება და რისკი სხვა შემთხვევებთან შედარებით მაღალია. ნეიტრალური პირის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედებების გაკონტორლება ამცირებს თვითნებობის რისკებს და წარმოადგენს კანონის სწორი გამოყენების მნიშვნელოვან გარანტიას.

21. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა პირდაპირაა დაკავშირებული კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევის სიმძიმესთან. ღონისძიების ჩატარების ვადების ზრდასთან ერთად ჩარევის ინტენსივობაც იზრდება. მოსამართლის მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კონკრეტული ვადით ჩატარების ბრძანების გაცემის შემთხვევაში არ არსებობს პრეზუმფცია, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების საჭიროება სახეზე იქნება ამ ვადის გასვლის შემდეგაც. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსამართლე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ბრძანებას გარკვეული ვადით გასცემს, ამ ვადის გასვლის შემდეგ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების გაგრძელება უფლებაში დამატებით ჩარევას წარმოადგენს. სადავო ნორმის თანახმად კი, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადის გაგრძელების საჭიროების გადაწყვეტა, პროკურორის დისკრეციას წარმოადგენს. სწორედ იგი ხდება უფლებამოსილი, თანხმობა გასცეს უფლებაში ჩარევის ხანგრძლივობის გაგრძელებაზე.

სადავო ნორმა დამატებით ტვირთს აწესებს ადამიანის პირადი საქმიანობის ადგილისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლების რეალიზებაზე. შესაბამისად, ადგენს უფლების შეზღუდვის დამოუკიდებელ შემთხვევას, რომელიც არ ითვალისწინებს სამოსამართლეო კონტროლს.

22. ვინაიდან სადავო ნორმა უშვებს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ნორმის კონსტიტუციურობის გადასაწყვეტად უნდა შემოწმდეს უფლების შესაძლო შეზღუდვის მეორე ფორმალური საფუძვლის – კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის საკითხი.

კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით შეზღუდვის თითოეული შემთხვევის განსაზღვრას კონსტიტუცია ექსკლუზიურად კანონმდებლის კომპეტენციად მიიჩნევს. კანონის არარსებობის პირობებში, აღმასრულებელ ხელისუფლებას არ გააჩნია დისკრეცია, დაასაბუთოს ადამიანის პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობის სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეზღუდვის საჭიროება. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სიტუაცია თავისი ბუნებით გადაუდებელი აუცილებლობის კონსტიტუციურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, კანონის არარსებობის პირობებში უფლებაში ჩარევა მაინც დაუშვებელია. ამასთანავე, გადაუდებელი აუცილებლობის შინაარსს თავად კონსტიტუციური უფლება განსაზღვრავს. შესაბამისად, კანონით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობის თითოეული შემთხვევა მატერიალური შინაარსით შესაბამისი უნდა იყოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.

23. გადაუდებელი აუცილებლობის მატერიალურ შინაარსთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა: გადაუდებელი აუცილებლობაგულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით, კონსტიტუციით გათვალისწინებული საჯარო ინტერესის მიღწევა, რეალურად არსებული ობიექტური მიზეზების გამო, შეუძლებელია კერძო ინტერესების დაუყოვნებლივი, მყისიერი შეზღუდვის გარეშე. ამასთან, ძალზე მკაფიო, ნათელი და ცალსახა უნდა იყოს, რომ კონსტიტუციის ფარგლებში საჯარო ინტერესის სხვაგვარად დაცვის მცირედი ალბათობაც არ არსებობს. გადაუდებლობა მიუთითებს დროის სიმცირეზე, რაც უფლების შესაზღუდად მოსამართლის ბრძანების მოპოვების საშუალებას არ იძლევა და საჭიროებს დაუყოვნებლივ მოქმედებას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბერის გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). როგორც სასამართლომ მიუთითა, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს კერძო ინტერესების დაუყოვნებელი, მყისიერი შეზღუდვის აუცილებლობა და დროის სიმცირე არ უნდა იძლეოდეს მოსამართლის ბრძანების მოპოვების შესაძლებლობას. სადავო ნორმის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადების გაგრძელება ხდება 6 თვემდე. ამ შემთხვევაში შეუძლებელია ვისაუბროთ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის არსებობაზე. კანონი არ უთითებს პროკურორის მიერ ვადის გაგრძელებისას რაიმე მყისიერი მოქმედების აუცილებლობაზე ან სასამართლოს ნებართვის მიღების შეუძლებლობაზე. ამავე დროს შეუძლებელია მყისიერება ან სასამართლო ნებართვის მიღების შეუძლებლობა 6 თვემდე გრძელდებოდეს.

24. ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა ითვალისწინებს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული უფლების შეზღუდვას სასამართლო გადაწყვეტილების ან კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის პირობებში, შესაბამისად, იგი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის  მე-20 მუხლს.

საქმის გადაწყვეტისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტებით, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით, 45-ე მუხლის პირველი პუნქტით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლებით.

 

III

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. კონსტიტუციური სარჩელი 484 (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციადა საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) დაკმაყოფილდეს და ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში 15 დღის ვადაში.   

 

კოლეგიის წევრები:

ზაზა თავაძე

ოთარ სიჭინავა

ლალი ფაფიაშვილი

თამაზ ცაბუტაშვილი