საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6324-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 040150000.05.001.016781
  • Word
6324-Iს
25/05/2012
ვებგვერდი, 12/06/2012
040150000.05.001.016781
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „თ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) რეგისტრაცია – ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;“;

ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან – ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან ან მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;“;

გ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“, „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტები:

„უ) ნუმერაცია – ქუჩის, პროსპექტის (გამზირის), ხეივნის, გზატკეცილის, შესახვევის, ჩიხის, მოედნის, სკვერის, ბულვარის, მრავალბინიან სახლში სადარბაზოებისა და ბინების დანომვრა არაბული ციფრების, ქართული ანბანის ასოების ან/და ინდექსების მეშვეობით;

ფ) გეოგრაფიული ობიექტი − ბუნებრივი თუ ანთროპოგენური წარმოშობის უძრავი ქონების ერთეული, რომელიც სამართლებრივი ურთიერთობების საგანია;

ქ) დამისამართება − გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების არაბული ციფრებით, ქართული ანბანის ასოებით ან/და ინდექსებით აღნიშვნა იდენტიფიკაციის მიზნით.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაცია და მათ შესახებ მონაცემების  აღრიცხვა.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის,  მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი არის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

 7. სამისამართო რეესტრი არის ქუჩის, პროსპექტის (გამზირის), ხეივნის, გზატკეცილის, შესახვევის, ჩიხის, მოედნის, სკვერის, ბულვარის  სახელწოდებათა, აგრეთვე შენობა-ნაგებობის, ბინის, კომერციული ფართობის და მიწის ნაკვეთის ნუმერაციის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.“.

4. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21  პუნქტი:

„21 .    ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს სუბიექტის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში ამონაწერი ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესახებ.“. 

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 152  მუხლი:

    „მუხლი 152 .  ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრის დადგენის წესი

1. ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრის დადგენა, მასში ცვლილება და მისი შეწყვეტა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიმართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს კანონით დადგენილი წესით შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

2. მიწის ნაკვეთის საზღვრის დადგენა ხორციელდება რეგისტრაციის წესით, რის შედეგადაც გაცემული ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან შეიცავს ინფორმაციას მხოლოდ ფაქტობრივი მფლობელისა და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართობის თაობაზე.

3. ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრის დადგენა არ გამორიცხავს ამ მიწის ნაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების რეგისტრაციას. აღნიშნულ შემთხვევაში ფაქტობრივი მფლობელობის შესახებ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ინფორმაცია ძალადაკარგულად ითვლება და ამის თაობაზე ეცნობება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.“.

6. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე გირავნობის უფლება რეგისტრირდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.“.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1  თავი:

„თავი IV1

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი

    მუხლი 201 . მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული პირების რეესტრის წარმოების პრინციპები

1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბიექტების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემები.

2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში სუბიექტის რეგისტრაციის საფუძვლები და რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. რეგისტრაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

3. სუბიექტი წარმოშობილად, რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად, რეგისტრაცია შეწყვეტილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან.

4. რეგისტრაციის შედეგად მარეგისტრირებელი ორგანო ამზადებს ამონაწერს. ეს წესი არ ვრცელდება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის, აგრეთვე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შემთხვევებზე, გარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე გირავნობის რეგისტრაციისა, მასში ცვლილებისა ან მისი შეწყვეტისა.

 5. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი მზადდება ქართულ ენაზე, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში − ასევე ინგლისურ ენაზე. ინგლისურ ენაზე ამონაწერის მომზადების შემთხვევაში სავალდებულოა მისი ქართულ ენაზე მომზადებაც.

6. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ სუბიექტის საქმიანობა დაკავშირებულია სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასთან, რეალიზაციასთან, საკვებწარმოების ობიექტებთან, მარეგისტრირებელი ორგანო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას სუბიექტის საქმიანობის რეგისტრაციის შესახებ.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით სუბიექტის საქმიანობის რეგისტრაციის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილი ფორმით ამზადებს სუბიექტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

8. სუბიექტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მზადდება ქართულ ენაზე, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში − ასევე ინგლისურ ენაზე. ინგლისურ ენაზე ინფორმაციის მომზადების შემთხვევაში სავალდებულოა მისი ქართულ ენაზე მომზადებაც.“.

    მუხლი 2. „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 91   მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 231  მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 52  პუნქტი:

„52 . თუ წესდების/პარტნიორთა შეთანხმების ცვლილება აუქმებს პარტნიორის რეგისტრირებულ უფლებას, ან მას ისეთ ვალდებულებას აკისრებს, რომელიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის რეგისტრირებულ უფლებაზე, პარტნიორის თანხმობის გარეშე ამგვარი ცვლილების შეტანა დაუშვებელია.“.

2. 51  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51  და 52 პუნქტები:

„51 . შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორის წილზე საკუთრების უფლება და მასთან დაკავშირებული ვალდებულება წარმოშობილად, შეცვლილად  ან შეწყვეტილად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

52 . თუ პირმა საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად მოითხოვა იმგვარი ცვლილება, რომელზედაც დაინტერესებულ პირს გადაწყვეტილების მიღება შეეძლო, როგორც წილის მესაკუთრეს, გადაწყვეტილება უფლებამოსილი პირის მიერ მიღებულად ითვლება.“.

3. მე- 6 მუხლის მე- 4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პარტნიორის სახელის გამოყენების შესაძლებლობის გარდა, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, სააქციო საზოგადოებას, კოოპერატივს შეუძლია საფირმო სახელწოდება შეარჩიოს თავისი საქმიანობის საგნის მიხედვით, ან შეიძლება ეს სახელწოდება იყოს ფანტაზიის ნაყოფი. საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს: სააქციო საზოგადოების შემთხვევაში – დამატებას „სააქციო საზოგადოება“ ან „სს“; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დამატებას „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება“ ან „შპს“; კოოპერატივის შემთხვევაში – დამატებას „რეგისტრირებული კოოპერატივი“ ან „რკ“.“.

4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში აღრიცხული მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებს და მარეგისტრირებელი ორგანოდან მიიღოს ამ რეესტრიდან ამონაწერი. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი გაიცემა საქართველოს მთავრობის დადგენილებით ამონაწერის მომზადებისათვის დადგენილ ვადაში და განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში. ამონაწერი მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული სუბიექტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრებში რეგისტრირებული შეზღუდვების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში ამონაწერი ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პარტნიორთა წილებზე, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს.“.

5. 144  მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61  პუნქტი:

61 . სუბიექტის რეორგანიზაციის დაწყების მოთხოვნის შემთხვევაში სავალდებულოა სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მიეთითოს რეორგანიზაციის სახე და ინფორმაცია რეორგანიზაციის შედეგების შესახებ.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ვალდებულების არსებობა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საწარმოს რეორგანიზაციით არ მცირდება კრედიტორთა დაკმაყოფილების უნარი ან არსებობს კრედიტორის თანხმობა რეორგანიზაციაზე. სახელმწიფოს მიმართ დავალიანების არსებობა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი არ არის, თუ მოთხოვნილია სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს რეორგანიზაცია.“.

6. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 65. სამეთვალყურეო საბჭო

1. კოოპერატივს უფლება აქვს, წესდებით გაითვალისწინოს სამეთვალყურეო საბჭოს არსებობა და განსაზღვროს მის წევრთა რაოდენობა.

2. კოოპერატივის წევრს უფლება აქვს, საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღოს განსაზღვრული გასამრჯელო, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს უფლება არა აქვს, იმავდროულად იყოს გამგეობის წევრი (დირექტორი) ან მისი მოადგილე, ან სხვაგვარად წარმართოს კოოპერატივის საქმიანობა. გამგეობიდან გასული წევრი მისი ანგარიშის დამტკიცებამდე არ შეიძლება არჩეულ იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭო კონტროლს უწევს გამგეობას საქმეების წარმოებისას მართვის ყველა დარგში და ამ მიზნით იღებს ინფორმაციას კოოპერატივის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ. სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოსთხოვოს გამგეობას ანგარიში და უშუალოდ ან მის მიერ განსაზღვრული პირის მეშვეობით შეამოწმოს საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები, აგრეთვე ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის მდგომარეობა. სამეთვალყურეო საბჭო ამოწმებს კოოპერატივის წლიურ ბალანსს, მისი მდგომარეობის შესახებ მოხსენებას და წლიური მოგების განაწილების თაობაზე წინადადებებს. შემოწმების შედეგების შესახებ იგი მოახსენებს საერთო კრებას წლიური ბალანსის დამტკიცებამდე.

5. სამეთვალყურეო საბჭო კანონით დადგენილი წესით იწვევს საერთო კრებას, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. სამეთვალყურეო საბჭოს სხვა ფუნქციები შეიძლება განისაზღვროს წესდებით. საბჭოს წევრს უფლება არა აქვს, თავისი ფუნქციების შესრულება სხვა პირს გადააბაროს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია წარმოადგინოს კოოპერატივი გამგეობასთან ერთად მესამე პირთან ხელშეკრულების დადებისას და წარმართოს პროცესი კოოპერატივის წევრის წინააღმდეგ, თუ ამას დაადგენს საერთო კრება. სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა სჭირდება ყოველ კრედიტს, რომელიც მიეცემა გამგეობის რომელიმე წევრს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. იგივე წესი მოქმედებს კრედიტის გაცემის შემთხვევაში გამგეობის წევრის თავდებად დადგომისას.“.

7. 66-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კოოპერატივის გამგეობა შედგება არანაკლებ 2 დირექტორისაგან (გამგეობის წევრებისაგან), რომლებიც შეიძლება არ იყვნენ კოოპერატივის წევრები, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

8. 67-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 25 მაისი.

№6324-Iს