დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 167უ.ს.გ.ს. |
დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 21/06/2012 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 04/07/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240020.30.056.016015 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (26/08/2016 - 23/06/2017)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი არეგულირებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (შემდგომში – უმაღლესი საბჭო) არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უმაღლესი საარჩევნო კომისია (შემდგომში უსკო) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია;
ბ) არჩევნები – საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია უმაღლესი საბჭოს არჩევა;
გ) საერთო არჩევნები – მორიგი ან რიგგარეშე არჩევნები:
გ.ა) მორიგი არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო საქართველოს კონსტიტუციური კანონით ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ”, „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა“ და ამ კანონით დადგენილ ვადებში;
გ.ბ) რიგგარეშე არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო;
დ) შუალედური არჩევნები – შესაბამის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული არჩევნები, რომელიც ტარდება უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შესავსებად;
ე) ხელახალი არჩევნები – არჩევნები, რომლებიც მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება:
ე.ა) თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი კანდიდატი და ამ კანონით დადგენილი წესით მოიხსნა მისი კანდიდატურა;
ე.ბ) თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ვერც ერთმა საარჩევნო სუბიექტმა ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი, ან არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში;
ე.გ) თუ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით;
ვ) განმეორებითი კენჭისყრა – კენჭისყრა, რომელიც განმეორებით იმართება იმ საარჩევნო უბანში (უბნებში), რომელშიც (რომლებშიც) ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგი, ან მთელ საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიხედვით, როდესაც მანდატი არც ერთ პარტიას/საარჩევნო ბლოკს არ მიეკუთვნა;
ზ) არჩევნების მეორე ტური – კენჭისყრა, რომელიც იმართება ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ვადებში, როდესაც არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა;
თ) არჩევნების (კენჭისყრის) დღე – საერთო, შუალედური ან ხელახალი არჩევნების ჩატარების დღე, ასევე მეორე ტურის, განმეორებითი კენჭისყრის დღე;
ი) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნები პარტიული სიების საფუძველზე;
კ) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნები ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით;
ლ) საარჩევნო უფლება – აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება;
მ) აქტიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით, მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში;
ნ) პასიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს უმაღლესი საბჭოს წევრად ასარჩევად;
ო) საარჩევნო რეგისტრაცია – შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით;
პ) საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი – პირი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით წარდგენილია რეგისტრაციისათვის შესაბამის საარჩევნო კომისიაში;
ჟ) საარჩევნო სუბიექტი – შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული პარტია, საარჩევნო ბლოკი ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი;
რ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე – საარჩევნო კომისიის წევრი და აპარატის თანამშრომელი;
ს) პარტია – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მოქმედი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც უსკოს მიერ რეგისტრირებულია არჩევნებში მონაწილეობის მიზნით;
ტ) საარჩევნო ბლოკი – უსკოს მიერ რეგისტრირებული 2 ან 2-ზე მეტი პარტიის გაერთიანება;
უ) პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატი – უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით უსკოს მიერ რეგისტრირებულ პარტიულ სიაში შეყვანილი საქართველოს მოქალაქე;
ფ) მაჟორიტარი კანდიდატი – უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;
ქ) საარჩევნო ოლქი – სამოქმედო ტერიტორია (ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი), რომელშიც ხორციელდება არჩევნების ორგანიზება და ტარდება არჩევნები;
ღ) მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის შექმნილი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;
ყ) საარჩევნო უბანი – ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი, რომელიც იქმნება საქართველოს საარჩევნო კოდექსითა და ამ კანონით დადგენილი წესით, კენჭისყრისა და ხმების დათვლისათვის არჩევნების გამართვისას;
შ) პოლიტიკური თანამდებობის პირი – საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრები და მათი მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები, მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებული − გუბერნატორი, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, თვითმმართველი ქალაქის მერი და მუნიციპალიტეტის გამგებელი;
ჩ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს.
ც) წინასაარჩევნო კამპანია – საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა;
ძ) წინასაარჩევნო აგიტაცია – ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა;
წ) საარჩევნო კამპანიის ხარჯები – საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ერთობლიობა, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა საარჩევნო კოდექსითა და ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა;
ჭ) საარჩევნო კამპანიის ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია – ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ხარჯების, უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონლისა და მომსახურების, შემოწირულების წყაროს, ოდენობის და მიღების თარიღის შესახებ;
ხ) საარჩევნო შემოწირულება – საარჩევნო კამპანიის დროს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე ფიზიკური პირების მიერ ჩარიცხული ფულადი სახსრები, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის მატერიალური ფასეულობა და მომსახურება, გარდა საარჩევნო კოდექსითა და ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო საეთერო დროის ღირებულებისა;
ჯ) საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო კომისიებში შესული და საარჩევნო კომისიებიდან გასული განცხადებები, საჩივრები, წერილები, საქმიანი ქაღალდები, ოქმები, საარჩევნო ბიულეტენები, სპეციალური კონვერტები, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები, საკონტროლო ფურცლები, სარეგისტრაციო ჟურნალები, ამომრჩეველთა სიები, ამომრჩევლის ბარათები და სხვა დოკუმენტაცია.
მუხლი 3. არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპები
უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპებია:
ა) არჩევნებში მონაწილეობის საყოველთაო უფლება:
ა.ა) აქტიური საარჩევნო უფლება აქვს არჩევნების დღისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან/და მის შესაბამისად ამ კანონით შეზღუდული აქვთ აქტიური საარჩევნო უფლება;
ა.ბ) პასიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან/და მის შესაბამისად ამ კანონით ან „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით შეზღუდული აქვთ პასიური საარჩევნო უფლება;
ა.გ) არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მოთავსებულია პენიტენციურ დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული;
ბ) თანასწორი საარჩევნო უფლება:
ბ.ა) არჩევნებში, ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ;
ბ.ბ) ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ყველა ამომრჩეველს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვს;
გ) პირდაპირი საარჩევნო უფლება:
გ.ა) უმაღლესი საბჭოს არჩევნები პირდაპირია;
გ.ბ) უმაღლესი საბჭოს წევრს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ;
დ) კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა:
დ.ა) უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით;
დ.ბ) აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 5 წლის 24 დეკემბრის კანონი №151-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.12.2015წ.
მუხლი 4. არჩევნების საჯაროობა
ამ კანონით დადგენილი წესით და მისი მიზნებიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო სუბიექტების, ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა ხორციელდება ღიად და საჯაროდ.
მუხლი 5. ამ კანონით დადგენილი ვადების ათვლა
1. ამ კანონით დადგენილი ყველა ვადა საარჩევნო პერიოდში, მათ შორის, სასამართლოსთვის მიმართვისა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები, გულისხმობს კალენდარულ დღეებს (საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით).
2. სიტყვები − „მოცემული დღიდან N დღეში“, „მოცემული დღიდან N დღის ვადაში“, „მოცემული დღიდან არა უადრეს/არა უგვიანეს N დღისა“, „მოცემული დღიდან არა უადრეს/არა უგვიანეს მე-N დღისა“ − გულისხმობს დღეთა ათვლას მითითებული დღის მომდევნო დღიდან.
3. სიტყვები − „მოცემულ დღემდე N დღით ადრე“, „მოცემულ დღემდე არა უადრეს/არა უგვიანეს N დღისა“, „მოცემულ დღემდე არა უადრეს/არა უგვიანეს მე-N დღისა“ − გულისხმობს დღეთა ათვლას მითითებული დღის წინა დღიდან.
მუხლი 6. არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადება
უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. კენჭისყრის დღე უქმე დღეა.
მუხლი 7. უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნა
1. უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები ტარდება უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში.
2. უმაღლესი საბჭოს არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.
3. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან 60 დღის ვადაში.
მუხლი 8. უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილების ვადა და პასიური საარჩევნო უფლება
1. უმაღლესი საბჭო აირჩევა 4 წლის ვადით.
2. უმაღლესი საბჭო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისაგან და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 6 წევრისაგან.
3. უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არჩევნების დღისათვის შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 25 წელი.
მუხლი 9. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან
1. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი საარჩევნო კომისიისათვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და განთავისუფლდნენ შემდეგი თანამდებობის პირები:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის წევრები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვე);
გ) საქართველოს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები და მათი მოადგილეები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
დ) საქართველოს უშიშროების საბჭოს წევრები;
ე) გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები;
ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები;
ზ) საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე;
თ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები;
ი) მოსამართლეები;
კ) პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები;
ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები;
მ) საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები;
ნ) სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები და მათი მოადგილეები;
ო) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი;
პ) საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები;
ჟ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობებიდან გადადგომისა და განთავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. წინააღმდეგ შემთხვევაში პირს უარი ეთქმება უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა − რეგისტრაცია უქმდება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 5 წლის 5 თებერვლის კანონი №120 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 13.02.2015წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 5 წლის 24 დეკემბრის კანონი №151-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.12.2015წ.
თავი II
საარჩევნო ადმინისტრაცია
მუხლი 10. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობა
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო უფლებამოსილება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და ამ კანონით.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება:
ა) უსკოსა და მისი აპარატისგან;
ბ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან;
გ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა უსკო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე.
4. უსკოს წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს:
ა) პირი, რომელსაც არა აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;
ბ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან;
გ) პირი, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ;
დ) პირი, რომელიც ნასამართლევია დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;
ე) საარჩევნო სუბიექტი/სუბიექტობის კანდიდატი და მისი წარმომადგენელი;
ვ) დამკვირვებელი.
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ამ კანონით განსაზღვრული არჩევნების ჩატარებისას, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ შესაბამისად შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიები ექვემდებარება უსკოს.
6. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით’’ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციებს ასრულებენ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ შესაბამისად საერთო არჩევნებისთვის ჩამოყალიბებული საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები.
7. უსკოს წევრები, მისი აპარატის თანამშრომლები, გარდა დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებისა არიან საჯარო მოხელეები და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, თუ საარჩევნო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი11. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი
1. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს უსკო.
2. საარჩევნო კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ ან მისი მოადგილის მოთხოვნით.
3. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
4. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა (თუ ამ კანონით უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი), მაგრამ არანაკლებ საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედი.
5. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
6. სხდომაზე საკადრო საკითხები წყდება საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
7. სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და საარჩევნო კომისიის მდივანი.
8. სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში.
9. საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთანავე, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მას არა აქვს უფლება, თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.
10. საარჩევნო კომისია საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებას, გაცემასა და რეგისტრაციას ახორციელებს სამუშაო დღის 18 საათამდე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
11. განცხადების/საჩივრის მიღებისას საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისთვის/მომჩივნისთვის გადაცემულ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო. კომისია განიხილავს განცხადებას/საჩივარს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
12. საარჩევნო კომისიისგან რაიმე საბუთის მიღებას განმცხადებელი ადასტურებს სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით.
13. საარჩევნო კომისია უფლებამოსილია არ განიხილოს განცხადება/საჩივარი, თუ დარღვეულია მისი შეტანის ვადა და წესი.
14. საარჩევნო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის. საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს, ხოლო ასლების მოთხოვნის შემთხვევაში საფასურის ოდენობა და გადახდის წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
15. საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებსა და კომისიის წარმომადგენლებს, შესაბამისი და ზემდგომი საარჩევნო კომისიების აპარატების თანამშრომლებს, შესაბამის კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის კომისიაში, აგრეთვე შესაბამის კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს, უსკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად. წესრიგის დარღვევისა და საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში დამრღვევის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საარჩევნო კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.
16. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ:
ა) ცესკოს, უსკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს;
ბ) ცესკოს, უსკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს;
გ) საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს;
დ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ წარმომადგენლებს;
ე) დამკვირვებლებს.
17. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უნდა ატარებდეს მისი ვინაობისა და სტატუსის აღმნიშვნელ სამკერდე ნიშანს (მოწმობას).
18. საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის ადმინისტრაციის შენობიდან, ხოლო სხდომის მიმდინარეობისას – სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საარჩევნო კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.
19. საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია შესაბამისი კომისიის წევრად დანიშვნის (არჩევის) დღიდან მიიღოს მონაწილეობა მის საქმიანობაში.
20. საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის ან არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, ხოლო თუ იგი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლებამოსილია ეს მიუთითოს კენჭისყრის ან არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სათანადო გრაფაში და განსხვავებული აზრი წერილობით დაურთოს ოქმს.
21. საარჩევნო კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს. საარჩევნო კომისიის წევრზე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.
22. თუ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს ერთდროულად ან კომისიის მდივანს დროებით არ შეუძლიათ ამ კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, ამავე კანონის თანახმად კი, ამ დროს შესასრულებელია ისეთი მოქმედება, რომელიც კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, კომისია თავისი შემადგენლობიდან შესაბამისი თანამდებობის პირების არჩევისთვის ამ კანონით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ირჩევს კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის მოვალეობის შემსრულებელს. კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას, ხოლო კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი მდივანი შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.
23. თუ საარჩევნო კომისიას არ ჰყავს არც თავმჯდომარე და არც თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის სხდომას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად იწვევს და მის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის მდივანი, ხოლო თუ კომისიას არც მდივანი არ ჰყავს, კომისიის სხდომას იწვევს და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის უხუცესი წევრი.
24. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ან თავმჯდომარის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
25. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, კენჭისყრის კაბინის გარდა, საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება.
მუხლი 12. შრომის ანაზღაურება
1. საარჩევნო პერიოდში უსკოს წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს, უსკოს აპარატის თანამშრომლებს, ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა.
2. ამ კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე უსკოს მიერ არჩეულ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრსა და პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს უფლებამოსილების მთელი დროის განმავლობაში არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრებიდან ენიშნებათ ხელფასი.
3. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის არასამუშაო დრო და ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება უსკოს მიერ დადგენილი ოდენობით, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრებიდან.
4. ამ კანონის მე -10 მუხლის მე -6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უსკო უფლებამოსილია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელი პირებისათვის გასცეს მხოლოდ დანამატი უსკოს მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით , არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან .
5. გარდა ამ კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს (ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით) არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე ეძლევათ ხელფასი არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.
6. უსკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა და წევრთა და უსკოს აპარატის თანამშრომელთა ხელფასის ოდენობას განსაზღვრავს უსკო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 2 აგვისტოს კანონი №175 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 02.08.2012წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 26 აგვისტოს კანონი № 16 9 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.0 8 .2016წ.
მუხლი 13. უსკოს თავმჯდომარის/წევრის არჩევა
1. უსკო შედგება თავმჯდომარის და 5 წევრისაგან, ხოლო საარჩევნო პერიოდში თავმჯდომარისა და 12 წევრისაგან. უსკოს 7 წევრს საარჩევნო პერიოდში ნიშნავენ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-13 მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური პარტიები. პარტიის გადაწყვეტილება უსკოს წევრის დანიშვნის თაობაზე უნდა წარედგინოს უსკოს არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღის განმავლობაში.
2. უსკოს თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 5 წლით, გარდა ამ კანონით განსაზღვრული წესით პოლიტიკური გაერთიანებების მიერ დანიშნული კომისიის წევრებისა, რომელთა უფლებამოსილების ვადაც განისაზღვრება არჩევნების დანიშვნიდან ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობამდე დროის მონაკვეთით, ხოლო შუალედური/ხელახალი არჩევნების შემთხვევაში კი არჩევნების შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე.
3. უსკოს თავმჯდომარეს/წევრს (გარდა პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრებისა) ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ვადა უწყდება ახალარჩეული თავმჯდომარის/წევრის არჩევის შესახებ უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან.
4. უსკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი. უსკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტას. უსკოს თავმჯდომარესა და 5 წევრს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის წარდგინებით, ირჩევს უმაღლესი საბჭო.
5. უსკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატის შერჩევა ხორციელდება ღია კონკურსის წესით.
6. უსკოს თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 60 დღისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.
7. უსკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელიც თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
8. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, ამ მუხლის მე-7 პუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნებს. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 14 დღე.
9. საკონკურსოდ წარდგენილ განცხადებაში უნდა მიეთითოს: კანდიდატის სახელი, გვარი; განათლება (უმაღლესი) სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს); განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:
ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;
გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი;
ე) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).
10. თუ ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდება ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატის წარდგენა, კონკურსი გრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატის წარდგენა.
11. კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 2 დღის ვადაში ქვეყნდება კანდიდატთა სია.
12. კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 5 დღისა საკონკურსო კომისია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს უსკოში ასარჩევ თითო ვაკანსიაზე წარუდგენს არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კანდიდატს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე შეარჩევს უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს. კანდიდატების შერჩევიდან/წარდგენიდან არა უგვიანეს 7 დღისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატთა შერჩევის შესახებ და უმაღლეს საბჭოს წარუდგენს უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს და უსკოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატს.
13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ უსკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატების უმაღლეს საბჭოში წარდგენიდან არა უგვიანეს 14 დღისა, უმაღლესი საბჭო ფარული კენჭისყრით ირჩევს უსკოს თავმჯდომარეს/წევრებს. თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე ეყრება კენჭი. უსკოს თავმჯდომარე/წევრი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი/კანდიდატები. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენამდე.
14. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, ხელახლა ეყრება კენჭი დარჩენილ კანდიდატებს. თუ ვაკანსია კვლავ არ შეივსო, იმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს 3 დღის ვადაში კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატებიდან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე წარუდგენს 2 კანდიდატს. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არა უგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი და კანდიდატების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.
15. ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
16. უსკოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ, კომისიის შემადგენლობის ექვსამდე შესავსებად, უმაღლესი საბჭოს უახლოესი სასესიო კვირის განმავლობაში, მთავრობის თავმჯდომარე ხელახლა წარუდგენს უმაღლეს საბჭოს იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიიღეს სიითი შემადგენლობის არანაკლებ უმრავლესობისა, ან არა უგვიანეს 3 დღისა ნიშნავს კონკურსს. იგივე წესი მოქმედებს ასეთი კანდიდატის არარსებობის შემთხვევაში.
17. უმაღლესი საბჭოს დადგენილება უსკოს თავმჯდომარის/წევრის არჩევის შესახებ წარედგინება უსკოს მისი მიღებიდან 7 დღის ვადაში.
18. ამ მუხლის მე-17 პუნქტში აღნიშნულ დადგენილებაში უნდა მიეთითოს უსკოს თავმჯდომარედ/წევრად არჩეული პირის სახელი და გვარი. დადგენილებას უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული საკონკურსოდ წარდგენილი დოკუმენტაცია და ზემოაღნიშნული პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის
მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
მუხლი 14. უსკოს თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის არჩევის წესი
1. უსკოს თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს, შესაბამისი ვაკანსიის წარმოქმნის შემდეგ, კომისიის პირველივე სხდომაზე, წევრობის უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან ირჩევს უსკო.
2. უსკოს თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.
3. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
4. თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა უსკოს თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.
მუხლი 15. უსკოს უფლებამოსილება
1. უსკო:
ა) უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭოს არჩევნების გამართვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვან გამოყენებას;
ბ) დადგენილებით იღებს უსკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების რეგლამენტებს;
გ) გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები; ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადება არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე;
დ) განკარგულებით საარჩევნო პერიოდში ქმნის საარჩევნო ოლქებს და აზუსტებს მათ საზღვრებს;
ე) აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხთა გადასაწყვეტად, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, შექმნას სპეციალური ჯგუფი, განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ფარგლები და მოქმედების ვადა;
ვ) თუ ქვემდგომი საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, უფლებამოსილება შეუწყვიტოს ამ კომისიას და შექმნას დროებითი ჯგუფი, რომელსაც კომისიის ხელახლა შექმნამდე დაეკისრება მისი უფლებამოსილების განხორციელება;
ზ) ამ კანონით განსაზღვრული ვადების შესაბამისად განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს;
თ) განკარგულებით ნიშნავს რიგგარეშე, ხელახალ და შუალედურ არჩევნებს, განმეორებით კენჭისყრას, არჩევნების მეორე ტურს;
ი) საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე, ამ კანონით საარჩევნო დავების განხილვისათვის დადგენილი წესით ამოწმებს საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებისა და აქტების კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით ბათილად ცნობს ან ცვლის მათ; განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების/ამომრჩეველთა სიების ხელახლა დათვლის შესახებ. საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შემთხვევაში უსკომ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე;
კ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე აჯამებს პროპორციული წესით ჩატარებული უმაღლესი საბჭოს არჩევნების (პარტიული სიები) შედეგებს, რის თაობაზეც დგება უსკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;
ლ) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლების ჯგუფს;
მ) დადგენილებით განსაზღვრავს არჩევნების გამართვისათვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესს;
ნ) განკარგულებით ადგენს საარჩევნო ბიულეტენების ფორმას; ბიულეტენების ტექსტებს; საარჩევნო ყუთების, საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიების ბეჭდების სახეებს; ამ კანონით განუსაზღვრელი, მაგრამ არჩევნების ორგანიზებისათვის საჭირო საარჩევნო საბუთების სახეს;
ო) ანგარიშვალდებულია უმაღლესი საბჭოს წინაშე, რომელსაც წარუდგენს ანგარიშს ყოველი არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 60 დღის ვადაში;
პ) უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული კენჭისყრის/არჩევნების შედეგების კომპიუტერულ დამუშავებას და დაუყოვნებლივ განთავსებას უსკოს ვებგვერდზე, ხოლო ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის უსკოს ვებგვერდზე განთავსებასაც;
ჟ) წარმართავს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, პერიოდულად ისმენს მათ ანგარიშებს;
რ) უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის გამოქვეყნებასა და გავრცელებას;
ს) დადგენილებით იღებს უსკოს აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსების დებულებებს;
ტ) ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
უ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისათვის განკუთვნილი ნაწილის (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის ადგილი, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ასევე ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი, ამომრჩევლის ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი) უსკოს ვებგვერდზე განთავსებაზე;
ფ) დადგენილებით განსაზღვრავს კენჭისყრის დამატებით წესს და პროცედურებს;
ქ) განკარგულებით ამტკიცებს საშტატო განრიგს და ხარჯთაღრიცხვას უსკოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე;
ღ) განკარგულებით ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების ანგარიშის ფორმას;
ყ) განკარგულებით ამტკიცებს უსკოს მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს;
შ) განკარგულებით ადგენს მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალურ ოდენობას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატებისთვის;
შ1) დადგენილებით ადგენს მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებით წესს;
შ2) განკარგულებით საარჩევნო პერიოდში ირჩევს უსკოს წარმომადგენლებს, განსაზღვრავს მათი უფლებამოსილებების ფარგლებს (რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ცესკოს წარმომადგენლის უფლებამოსილებებს), დაფინანსების წესსა და ოდენობას;
ჩ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. უსკოს ყველა დადგენილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე“ და შეიძლება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებითაც. უსკოს განკარგულება, რომელიც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“–„მ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ საკითხებს,აგრეთვე უსკოს თავმჯდომარის განკარგულება, რომელიც ეხება ამ კანონის მე–16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საკითხებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით ქვეყნდება მიღებიდან 3 დღის ვადაში.
3. უსკო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება უსკოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გაუთვალისწინებელ საარჩევნო და სხვა პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზედაც.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 26 აგვისტოს კანონი № 16 9 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.0 8 .2016წ.
მუხლი 16. უსკოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილება
1. უსკოს თავმჯდომარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირია.
2. უსკოს თავმჯდომარე:
ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს უსკოში;
ბ) უძღვება უსკოს სხდომას;
გ) განკარგავს უსკოს ფინანსურ სახსრებს;
დ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, და მათ წარმომადგენლებს უსკოში, აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
ე) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრს (წევრებს), უმაღლესი საბჭოს წევრის (წევრების) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მათ უფლებამონაცვლეს (უფლებამონაცვლეებს);
ვ) ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს დროებით სამანდატო კომისიას, ხოლო სათანადო მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შემდეგ − ამ კომისიას გადასცემს უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას;
ზ) (ამოღებულია - 02.08.2012, №175- უ.ს.რ.ს);
თ) უსკოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების გარდა, უსკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ადმინისტრაციული და საფინანსო ფუნქციების შესრულებას განსაზღვრული ვადით ავალებს უსკოს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს;
ი) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებსა და კომისიის აპარატის მოსამსახურეებს.
კ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
3. უსკოს თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ასრულებს უსკოს თავმჯდომარის მოვალეობას, თუ უსკოს არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
ბ) უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით და თანხმობით ახორციელებს უსკოს თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).
4. უსკოს მდივანი:
ა) ანაწილებს უსკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და უსკოს სახელზე შესულ კორესპონდენციას;
ბ) რეგისტრაციაში ატარებს უმაღლესი საბჭოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის/საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ უსკოში დანიშნულ დამკვირვებლებს, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა მიერ წარგზავნილ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;
დ) განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;
ე) ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს;
ვ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 2 აგვისტოს კანონი №175 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 02.08.2012წ.
მუხლი 17. უსკოს აპარატი
1. არჩევნების ჩატარების ორგანიზაციულ, სამართლებრივ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს უსკოს აპარატი.
2. აპარატის სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება უსკოს რეგლამენტით.
3. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს (გარდა ამ კანონით დადგენილი წესით პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრებისა) ეზღუდება პარტიული საქმიანობა.
4. დაუშვებელია აპარატის შემადგენლობაში ისეთი პირის მიღება, რომელსაც ცესკოს მიერ არა აქვს მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, გარდა დამხმარე და ტექნიკური მოსამსახურეებისა, აგრეთვე იმ სამსახურების მოხელეებისა, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ არ უკავშირდება საარჩევნო პროცედურებს. ასეთი სამსახურებისა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალს დადგენილებით განსაზღვრავს უსკო.
5. უსკოს საარჩევნო პერიოდში უფლება აქვს დამატებით დაიქირაოს შტატგარეშე , დამხმარე პერსონალი უსკოს განკარგულებით დამტკიცებულ ფარგლებში .
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 2 აგვისტოს კანონი №175 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 02.08.2012წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 26 აგვისტოს კანონი №168-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.08.2016წ.
მუხლი 18. საარჩევნო ოლქები
1. საარჩევნო ოლქებს, მათ საზღვრებს, სახელწოდებებსა და ნომრებს ამ კანონით დადგენილი წესით ადგენს უსკო.
2. თუ ერთდროულად ტარდება „ საქართველოს საარჩევნო კოდექსით “ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები , საარჩევნო ოლქები , მათი საზღვრები და ნომრები შეესაბამება საერთო არჩევნებისათვის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსით “ და ცესკოს მიერ შექმნილ საარჩევნო ოლქებს .
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 26 აგვისტოს კანონი №168-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.08.2016წ.
მუხლი 19. საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნა
1. საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ თანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრი. ერთ წევრს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს უსკო, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ მე-13 მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური პარტიები.
2. პარტიის გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის თაობაზე უნდა წარედგინოს უსკოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა. თუ უფლებამოსილი პარტიები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავენ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, უსკოს ამ ვადის ამოწურვიდან მომდევნო დღეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა 13-მდე შეავსოს.
3. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ასარჩევ საკონკურსო პირობებს, ვადებსა და წესს განკარგულებით განსაზღვრავს უსკო.
4. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ პოლიტიკური პარტიის უფლებამოსილი პირის/პირების მიერ ხელმოწერილ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს დანიშნული პირის სახელი, გვარი; განათლება (უმაღლესი); სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს); საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, სადაც ინიშნება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად და მას უნდა დაერთოს:
ა) 2 ფოტოსურათი;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;
გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი;
ე) შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).
5. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, უსკოს თავმჯდომარე არა უგვიანეს მომდევნო დღისა აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) მას, ვინც დანიშნა კომისიის წევრი. შესწორებული საბუთები უსკოს უნდა დაუბრუნდეს არა უგვიანეს მომდევნო დღისა.
6. წარდგენილი პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა ამ მუხლით დადგენილი საბუთების წარდგენის ვადა ან/და წარდგენილი საბუთები არასრული ან არაზუსტია და ამ მუხლით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი საბუთებში არსებული ხარვეზი.
7. აკრძალულია საოლქო საარჩევნო კომისიის იმავე შენობაში განთავსება, რომელშიც მდებარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო – საკრებულო ან გამგეობა, პარტია, სასამართლო, პოლიციის დანაყოფი ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფი.
8. საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე უფლება აქვს, დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი (გარდა ბუღალტრისა) უსკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში.
9. საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში დაიქირაოს ბუღალტერი ამ კანონის 58-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე.
10. საოლქო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა ინიშნება უსკოს თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 5 წლის 24 დეკემბრის კანონი №151-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.12.2015წ.
მუხლი 20. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის/არჩევის წესი
1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეირჩევა ღია კონკურსის წესით.
2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელიც თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და რომელსაც აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
3. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადა განისზღვრება უსკოს განკარგულებით.
4. საკონკურსოდ წარდგენილ განცხადებაში უნდა მიეთითოს: კანდიდატის სახელი, გვარი; განათლება (უმაღლესი); სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს); საარჩევნო ოლქის ნომერი და სახელწოდება, სადაც მას სურს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობა. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:
ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;
გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი;
ე) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).
5. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, უსკოს თავმჯდომარე აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) კანდიდატს. შესწორებული საბუთები უსკოს უნდა დაუბრუნდეს 1 დღეში, მაგრამ არა უგვიანეს რეგისტრაციის ბოლო დღისა.
6. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს უსკო ირჩევს სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი. თუ რომელიმე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება.
7. საოლქო საარჩევნო კომისიაში უსკოს/პარტიის, ბლოკის მიერ არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილმონაცვლეს 3 დღის ვადაში ირჩევს უსკო/ნიშნავს პარტია, ბლოკი.
8. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს:
ა) პირი, რომელსაც არა აქვს მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;
ბ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან;
გ) პირი, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ;
დ) პირი, რომელიც ნასამართლევია დანაშაულისათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს სანქციის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა) და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;
ე) საარჩევნო სუბიექტი/სუბიექტობის კანდიდატი და მისი წარმომადგენელი;
ვ) დამკვირვებელი.
9. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის შემთხვევაში პირი ვალდებულია 7 დღის ვადაში შეასრულოს ამ კანონით დადგენილი საქმიანობის შეზღუდვისა და სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.
10. ამ კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე დანიშნულ/არჩეულ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ უსკოს მიერ საერთო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღიდან, ხოლო შუალედური/ ხელახალი არჩევნების შემთხვევაში კი ამ არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან.
მუხლი 21. საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება
საოლქო საარჩევნო კომისია:
ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნების, გამართვას, აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას;
ბ) განკარგულებით ქმნის და აზუსტებს საარჩევნო უბნების საზღვრებს;
გ) თუ ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით შესაბამისი კომისიის წინაშე დასვას ამ კომისიისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი;
დ) ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი შეტანილია ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შემოწმების შედეგის შესაბამისად ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები). თუ დარღვევა იწვევს საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას (მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით) და ზემოაღნიშნული შემოწმება არ იძლევა კანონიერი შედეგის დადგენის შესაძლებლობას, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და შესაბამისი კომისიის წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისიამ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე;
ე) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით აჯამებს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო ოლქში არჩევნების გამართვისას, რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;
ვ) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგის გათვალისწინებით ადგენს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;
ზ) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების ადგილობრივი დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;
თ) უზრუნველყოფს რიგგარეშე არჩევნების, ხელახალი არჩევნების, განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის გამართვას;
ი) უზრუნველყოფს არჩევნებთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გამოქვეყნებას;
კ) განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
ლ) ამ კანონით დადგენილი წესით ხელს უწყობს ამომრჩეველთა სიების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
მ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 22. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილება
1. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საოლქო საარჩევნო კომისიაში;
ბ) უძღვება საარჩევნო კომისიის სხდომას;
გ) განკარგავს საოლქო საარჩევნო კომისიის ფინანსურ სახსრებს;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს, დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს;
ე) რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს, აგრეთვე პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამორჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქებში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს.
ვ) სათანადო მოწმობებს აძლევს პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს;
ზ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ასრულებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).
3. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი:
ა) ანაწილებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;
ბ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;
დ) განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;
ე) ადგენს საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;
ვ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 23. საარჩევნო უბნები
1. კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად.
2. საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არა უმეტეს 1500 ამომრჩევლისთვის. საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არა უგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა და 2 დღის ვადაში აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას უბნების საზღვრების მითითებით. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საარჩევნო უბნები, მათი საზღვრები, სახელწოდებები და ნომრები შეესაბამება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ განსაზღვრულ საერთო არჩევნებისათვის შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შექმნილ უბნებს. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში საარჩევნო უბნები იქმნება არჩევნებამდე არა უგვიანეს 40 დღისა.
3. ინფორმაცია საარჩევნო უბნის საზღვრებისა და საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მისამართების მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში.
4. გამონაკლის შემთხვევებში ( საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულება , საავადმყოფო და სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება , სათნოების სახლი , მიუსაფართა თავშესაფარი , შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატი და სხვა სოციალური მიზნის მქონე დაწესებულება , რომელშიც 50- ზე მეტი ამომრჩეველია ) საარჩევნო უბანი შეიძლება შეიქმნას კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე -15 დღისა . ამ პუნქტით განსაზღვრული დაწესებულება , რომელშიც ამომრჩეველთა რაოდენობა 50- ს არ აღემატება , საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით მიემაგრება მასთან არსებულ უახლოეს საარჩევნო უბანს .
5. შექმნილი საარჩევნო უბნის საზღვრებს, ასევე საარჩევნო უბანში შემავალ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს აზუსტებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 50-ე დღისა, მუნიციპალიტეტის, თვითმმართველი ქალაქის, ქალაქის რაიონის ტერიტორიაზე მოქმედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მონაცემებისა და შემოწმების საფუძველზე. საარჩევნო უბნების დაზუსტებული საზღვრები დაუყოვნებლივ ქვეყნდება.
6. სამხედრო ნაწილებში საარჩევნო უბნები იქმნება ამ კანონით დადგენილი წესით, სამხედრო ნაწილის განლაგების ადგილის მიხედვით.
7. საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნის შექმნიდან არა უგვიანეს 5 დღისა, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 2 დღის ვადაში, პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს საარჩევნო უბნების ნომრებს, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართებს, ტელეფონის (ფაქსის) ნომრებს და სხვა რეკვიზიტებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 2 აგვისტოს კანონი №175 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 02.08.2012წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 26 აგვისტოს კანონი № 16 9 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.0 8 .2016წ.
მუხლი 24. საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნა
1. საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
3. საუბნო საარჩევნო კომისიის 7 წევრს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.
4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს:
ა) საქართველოს საარჩევნო კოდექსის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირები;
ბ) სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები.
5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს საჯარო მოხელე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო მოხელეებისა, და მათზე არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები სამსახურებრივი შეუთავსებლობის შესახებ. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში საჯარო მოხელეს დროებით უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს კუთვნილი შვებულება.
მუხლი 25. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა არჩევა/დანიშვნა
1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს შესაბამისი ვაკანსიის წარმოშობის შემდეგ, კომისიის პირველივე სხდომაზე, წევრობის უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისია. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.
2. თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.
3. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
4. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 50-ე და არა უგვიანეს 46-ე დღისა. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩევიან არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-10 და არა უგვიანეს მე-9 დღისა.
5. ამ კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უადრეს 50-ე და არა უგვიანეს 46-ე დღისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო კომისიებში – არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-14 და არა უგვიანეს მე-9 დღისა,
6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას აქვეყნებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 29-ე დღისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი კომისიებისა – არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა.
7. თუ არჩევნების დღემდე 30-ე დღისათვის, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი კომისიებისათვის – არჩევნების დღემდე მე-8 დღისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, 3 დღის ვადაში კომისიის წევრების არჩევის უფლება აქვთ ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, კონკურსში მონაწილე კანდიდატთაგან ან ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესს, პირობებსა და ვადებს განკარგულებით ადგენს უსკო.
8. უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევისა და მისი უფლებამონაცვლის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიასა და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას,
9. თუ კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ მისი უფლებამონაცვლის დანიშვნის უფლების მქონე პარტიამ არ გამოიყენა ეს უფლება, აგრეთვე თუ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრს და ამის გამო კომისიის შემადგენლობაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, მისი შემადგენლობის შესავსებად კომისიის წევრის არჩევის უფლება ახალი კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 დღეში აქვს საოლქო საარჩევნო კომისიას.
10. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს საოლქო საარჩევნო კომისია ირჩევს სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია.
11. კომისიის წევრის არჩევის/დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს კომისიის წევრად არჩეული/დანიშნული პირის სახელი და გვარი, აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიის ნომერი, რომლის წევრადაც იგი აირჩა/დაინიშნა. პარტიის გადაწყვეტილებას კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ უნდა დაერთოს ინფორმაცია, რომელშიც აღინიშნება: კომისიის წევრად დანიშნული პირის საკონტაქტო მისამართი, ტელეფონის ნომერი და საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობა.
12. წარდგენილი პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა ამ მუხლში აღნიშნული საბუთების წარდგენის ვადა ან/და წარდგენილი საბუთები არასრული ან არაზუსტია და ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი საბუთებში არსებული ხარვეზები. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) მას, ვინც დანიშნა/აირჩია კომისიის წევრი. შესწორებული საბუთები შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიას 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს.
13. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე.
14. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აირჩევა პარტიების მიერ დანიშნულ წევრთაგან (გარდა უმაღლესი საბჭოს წინა არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა).
15. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ამ მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრულ კომისიის არანაკლებ 2 წევრს.
16. ამ მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრული კომისიის წევრები წევრობის უფლებამოსილების ვადით, სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით ირჩევენ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევა ფორმდება კომისიის განკარგულებით. თუ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს წარდგენილი კანდიდატურებისგან ირჩევს კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
17. თუ ამ მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.
18. თუ ამ მუხლით დადგენილი წესით დასახელებული არ იქნა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არც ერთი კანდიდატურა, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აირჩევა კომისიის შემადგენლობიდან, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომისიის ნებისმიერ 2 წევრს.
19. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება მისი ადგილმონაცვლე კომისიის წევრის არჩევისთანავე.
20. ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება საერთო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 34-ე დღისა. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანში საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება კომისიის შექმნიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა. საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას იწვევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 2 აგვისტოს კანონი №175 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 02.08.2012წ.
მუხლი 26. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება
1. საუბნო საარჩევნო კომისია არის საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სუბიექტებისაგან, და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული/არჩეული პირებისაგან.
2. საუბნო საარჩევნო კომისია:
ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნების, გამართვას, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კანონმდებლობითა და ამ კანონით გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას;
ბ) ამოწმებს ამომრჩეველთა სიების სისწორეს, განიხილავს სიებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს და შეცდომებისა თუ უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში არა უგვიანეს მომდევნო დღისა მიმართავს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას სიებში ცვლილების შეტანის წინადადებით;
გ) ამომრჩეველთა განცხადებებისა და განაცხადების საფუძველზე ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას;
დ) ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში, რის თაობაზედაც დგება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;
ე) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საკითხი;
ვ) ამომრჩევლებს ურიგებს ამომრჩევლის ბარათებს;
ზ) პასუხისმგებელია საარჩევნო უბანში საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის გამოფენისთვის, იმ ადგილის სათანადოდ მომზადებისთვის, სადაც იმართება კენჭისყრა და ბიულეტენების დათვლა; უზრუნველყოფს საარჩევნო უბანში წესრიგის დაცვას;
თ) კენჭისყრის დღეს განიხილავს საარჩევნო პროცესთან და კენჭისყრის მომზადებასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
ი) უზრუნველყოფს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელებას კენჭისყრის დღეს და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის;
კ) აუქმებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეჩერების, ჩაკეტვის შემდეგ შენობის გახსნის, კენჭისყრის გაგრძელების შესახებ;
ლ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საუბნო საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის ყველა განკარგულება მეორე დღესვე გამოიფინება საარჩევნო უბანში.
მუხლი 27. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილება
1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში;
ბ) უძღვება საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას;
გ) იღებს და ანაწილებს საუბნო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;
დ) პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების, სპეციალური კონვერტების, კომისიის ბეჭდების, შემაჯამებელი ოქმებისა და სხვა საარჩევნო საბუთების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის;
ე) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს;
ვ) კენჭისყრის დღეს ორგანიზებას უწევს კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილებას;
ზ) პასუხისმგებელია კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვისთვის;
თ) ვალდებულია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები კენჭისყრის შენობაში არ დაუშვას შესაბამისი სამკერდე ნიშნის გარეშე;
ი) კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ყველა საარჩევნო საბუთს;
კ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ასრულებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).
3. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი:
ა) ამზადებს საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებათა პროექტებს;
ბ) პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის;
გ) ადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;
დ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკისრებათ საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობა.
მუხლი 28. საარჩევნო კომისიის წევრის/ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. უსკოს თავმჯდომარეს/წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება უმაღლესი საბჭოს დადგენილებით (გარდა ამ კანონის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პარტიების მიერ დანიშნული წევრებისა და ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს – ზემდგომი საარჩევნო კომისიის განკარგულებით (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტითა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა):
ა) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა არჩევის შემთხვევაში 7 დღის ვადაში არ შეწყვიტა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა ან/და სამსახური;
ბ) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა დაიკავა ამ კანონით განსაზღვრული, საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა;
გ) თუ გამოვლინდა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის ფაქტი;
დ) თუ გამოვლინდა, რომ არასწორია საკონკურსოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემები – ამ ფაქტის გამოვლენის დღიდან;
ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 თვის განმავლობაში უსკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების შეუსრულებლობის ან უსკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენის შემთხვევაში;
ვ) თუ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან თუ საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;
ზ) საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მისი გამოწვევისას – გამოწვევის შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში;
თ) თუ გაუქმდა საარჩევნო კომისიის წევრის, როგორც ამომრჩევლის, სტატუსი;
ი) საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის სისტემატურად ან უხეშად დარღვევისას, ან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას.
2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის თანამდებობიდან გადადგომისას:
ა) უსკოს თავმჯდომარის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება უმაღლეს საბჭოს;
ბ) უსკოს თავმჯდომარის მოადგილის, უსკოს მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება უსკოს;
გ) საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას.
3. უსკოს თავმჯდომარე თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, ხოლო უსკოს თავმჯდომარის მოადგილე, უსკოს მდივანი, საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი – შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით.
4. არჩეული უსკოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება უმაღლესი საბჭოს სხდომის საოქმო ჩანაწერით, ხოლო არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში უსკო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება უსკოს სხდომის საოქმო ჩანაწერით.
5. ერთი და იმავე საფუძვლით უსკოს თავმჯდომარის/ თავმჯდომარის მოადგილის/მდივნის თანამდებობიდან გადაყენების, აგრეთვე უსკოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის 6 თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ დაყენება აკრძალულია.
6. პარტიების მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულ წევრებს ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-13 მუხლისა) გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილება ვადამდე უწყდებათ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
7. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობისას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის გადადგომის, საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს და წყვეტს უმაღლესი საბჭო 15 დღის ვადაში ან უფლებამოსილი საარჩევნო კომისია 5 დღის ვადაში. გადაწყვეტილება მიიღება იმავე წესით, როგორითაც მოხდა მათი არჩევა.
8. თუ გადადგომის/უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადება ამ მუხლით დადგენილ ვადაში არ დაკმაყოფილდა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი თანამდებობიდან გადამდგარად ჩაითვლება, საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება ავტომატურად, ამ ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.
9. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე 15 დღით ადრე.
მუხლი 29. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია:
ა) უსკოს დადგენილება და განკარგულება, უსკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, უსკოს მდივნის განკარგულება, უსკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;
ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები;
გ) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
2. უსკოს დადგენილება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის მიღებაც შეიძლება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. დადგენილების მიღება შეიძლება აგრეთვე გამონაკლის შემთხვევაში, არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე, თუ აუცილებელი აღმოჩნდა ამ კანონით განუსაზღვრელი და არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი საკითხების გადაწყვეტა. დადგენილებით შეიძლება მიღებულ იქნეს ცალკეული საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციაც, რომელიც არ უნდა შეიცავდეს ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულ ან ახალ ნორმას და რომელიც შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი პროცედურის დაწვრილებით აღწერას.
3. უსკოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება , თუ მას მხარს დაუჭერს არანაკლებ უსკოს სრული შემადგენლობის ორი მესამედი . დადგენილებას ხელს აწერენ უსკოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი . უსკოს დადგენილება ძალაში შედის „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე “ გამოქვეყნებისთანავე , თუ თვით ამ დადგენილებით უფრო გვიანი ვადა არ იქნა განსაზღვრული . აკრძალულია უსკოს დადგენილების მიღება კენჭისყრამდე არა უგვიანეს 4 დღისა . უსკოს დადგენილების გასაჩივრება დასაშვებია მისი მიღების მომენტიდან . უსკოს დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა განთავსდეს უსკოს ვებგვერდზე .
4. საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და უსკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
5. უსკოს თავმჯდომარის ბრძანება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა შიდაუწყებრივ, მათ შორის, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით.
6. უსკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისა და მათი თანამდებობის პირთა მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის მთელ ტერიტორიაზე.
თავი III
ამომრჩეველთა სიები
მუხლი 30. ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი ფორმირების წესი
1. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ერთიანი სია არის აქტიური საარჩევნო უფლების მქონე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით.
2. ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები:
ა) გვარი, სახელი;
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით);
დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება „საკონსულო აღრიცხვაზეა“, ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“);
ვ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი.
3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება არჩევნების თარიღის გამოცხადებისას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე.
5. ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება ხორციელდება საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად. საარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების განხორციელება ხდება საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესის მიხედვით.
6. არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში და შემდგომ, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა ცესკო უსკოს გადასცემს ამომრჩეველთა ერთიან სიას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. უსკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის შესახებ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მის ყოველ საარჩევნო ოლქში.
7. თუ ერთდროულად ტარდება ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით’’ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული საერთო არჩევნებისათვის ფორმირებული ამომრჩეველთა ერთიანი სია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, წარმოადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ერთიან სიას.
71. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები , საერთო არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დამტკიცებული სპეციალური სიები , იმავდროულად წარმოადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნების სპეციალურ სიებს და ამ სიებში შეყვანილი ამომრჩევლები უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობენ საერთო არჩევნებისათვის საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ დადგენილი წესების შესაბამისად .
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 26 აგვისტოს კანონი № 16 9 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.0 8 .2016წ.
მუხლი 31. ამომრჩეველთა სპეციალური სია
1. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავთ:
ა) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ეს პირები სიაში შეჰყავს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა;
ბ) ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;
გ) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;
გ 1 ) ამომრჩევლები , რომლებიც კენჭისყრის დღეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან . ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არაუგვიანეს 4 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;
დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და სპეციალური წოდების მქონე პირები, აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის, პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების ის მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება. ამ მოსამსახურეთა სიას ადგენენ შესაბამისი სამხედრო დანაყოფების/ნაწილების მეთაურები ან შესაბამისი დაწესებულებების/დანაყოფების ხელმძღვანელები და გადასცემენ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას:
დ.ა) მორიგი საერთო, რიგგარეშე და შუალედური არჩევნებისას − კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა;
დ.ბ) სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით − კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა;
დ 1 ) შუალედური არჩევნებისას , აგრეთვე უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებისას − ამ პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულებების ის მოსამსახურეები , რომლებიც უმაღლესი საბჭოს ბოლო მორიგი არჩევნებისას შესაბამის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში იქნენ შეყვანილი ;
ე ) (ამოღებულია - 26.08.2016, №169-უ.ს.რ.ს.).
11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურეების იმ სამსახურებრივი პირობების ჩამონათვალი, რომლებიც მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, ამ მოსამსახურეთა სიის შედგენისა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემის, მათთვის არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესი და პირობები, აგრეთვე იმ განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ჩამონათვალი და შესაბამის პირთა კატეგორიები, რომლებიც კენჭისყრის დღეს სამუშაო ადგილს ამ პირობების გამო ვერ დატოვებენ, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
12. შესაბამისი სამხედრო დანაყოფის/ნაწილის მეთაური ან შესაბამისი დაწესებულების/დანაყოფის ხელმძღვანელი კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა ცესკოს უგზავნის იმ მოსამსახურეთა სიას, რომლებიც ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში არ იქნენ შეყვანილი და უფლებამოსილი არიან, ხმა მისცენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
2. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეტანილი მონაცემების სისწორისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა, აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს სპეციალურ სიებს და დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.
4. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა ერთიან სიაში კეთდება სათანადო აღნიშვნა და დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.
5 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლები მონაწილეობენ:
ა) როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ ისინი ადგილსამყოფელს იცვლიან ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე;
ბ) უმაღლესი საბჭოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, ისინი ხმას აძლევენ სხვა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლები, რომლებიც უმაღლესი საბჭოს არჩევნებისას, კენჭისყრის დღეს განთავსებული არიან:
ა) შესაბამის დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისათვის მუდმივი წესით, არჩევნების დღემდე არანაკლებ 6 თვით და არჩევნების დღიდან სულ მცირე 6 თვით ან მეტი ვადით, მონაწილეობენ როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში;
ბ) მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე ნაკლები ვადით, მონაწილეობენ უმაღლესი საბჭოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, ხოლო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი დისლოკაციის ადგილი იმ საარჩევნო ოლქის საზღვრებშია, რომელშიც ისინი არიან რეგისტრირებულები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. (ამოღებულია - 26.08.2016, №169-უ.ს.რ.ს.).
71. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში. გამონაკლისია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ამომრჩევლები, რომელთა შესახებ მონაცემები ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ფოტოსურათების გარეშე შეიტანება, აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ამომრჩევლები, რომელთა შესახებ მონაცემები ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიძლება ფოტოსურათების გარეშე იქნეს შეტანილი. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ასევე მონაცემები ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ამომრჩეველთა მიერ შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე სამსახურის დაწყებისა და დასრულების თარიღების შესახებ.
8. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში აღინიშნება „გადასატანი ყუთი“, ასევე მისი შეყვანის მიზეზი და დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 5 წლის 24 დეკემბრის კანონი №151-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.12.2015წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 26 აგვისტოს კანონი № 16 9 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.0 8 .2016წ.
მუხლი 32. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია
1. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე, თუ:
ა) ამომრჩეველს შეზღუდული შესაძლებლობის ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამოუკიდებლად არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა;
ბ) ამომრჩეველი იმყოფება პატიმრობაში;
გ) ამომრჩეველი სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;
დ) ამომრჩეველი სამხედრო მოსამსახურეა, მსახურობს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული, და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;
ე) იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას.
2. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე მაინც. კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისია გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 2 დღისა. ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ მას შემდეგ, რაც:
ა) საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას ან სატელეფონო ზეპირ განცხადებას, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დროისა და შესაბამისი ტელეფონის ნომრის მითითებით;
ბ) ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში აღინიშნება ამომრჩევლის გადაყვანა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, რაც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.
3. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საარჩევნო უბანში თვალსაჩინო ადგილზე. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე ამ პირების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს. აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთა ორი მესამედით.
5. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, და დამატებით აღინიშნება მისი რიგითი ნომერი ერთიან ან სპეციალურ სიაში.
6. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია მისი შედგენისთანავე თვალსაჩინო ადგილას გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში.
მუხლი 33. ამომრჩეველთა სიების გამოქვეყნება
1. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია ამომრჩეველთა სიები და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული წესი კომისიის პირველივე შეკრების დღეს, ხოლო გადასატანი საარჩევნო ყუთის სია – მისი შედგენისთანავე თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სიებში, ამ კანონით დადგენილ ვადაში სიებში შეტანილი მონაცემების შემოწმების საფუძველზე, გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“, იმ ამომრჩევლის გვარის გასწვრივ, რომელიც:
ა) სხვა სახელმწიფოში დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აღინიშნება „საკონსულო აღრიცხვაზეა“;
ბ) იმყოფება სხვა სახელმწიფოში, მაგრამ არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აღინიშნება „იმყოფება უცხოეთში“;
გ) იმყოფება საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიან ან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში, აღინიშნება „სამხედრო სამსახურშია“;
დ) შეყვანილია ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში, აღინიშნება „კომისიის წევრია“, „საავადმყოფოშია“ ან „პატიმრობაშია“;
ე) შეყვანილია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, აღინიშნება „გადასატანი ყუთი“.
მუხლი 34. ამომრჩევლის ბარათი
1. საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა სიებში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა გადასცეს ამომრჩევლის ბარათი, რომელშიც მითითებული იქნება:
ა) კენჭისყრის თარიღი და დრო;
ბ) კენჭისყრის შენობის მისამართი, სართულისა და ოთახის ნომრები;
გ) ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში;
დ) ამომრჩევლის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილეობის მიღების თაობაზე განცხადების ან განაცხადის გაკეთების წესი, საუბნო საარჩევნო კომისიის ტელეფონის (ფაქსის) ნომრები და სხვა რეკვიზიტები;
ე) საარჩევნო უბნის ნომერი;
ვ) ამომრჩევლის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ზ) ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი.
2. ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ არის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი.
თავი IV
საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია და მხარდამჭერთა სიები
მუხლი 35. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია
1. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა.
2. განცხადებას უნდა დაერთოს პარტიის რეგისტრაციის მოწმობა და წესდება, ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლები (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პარტია რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-ე მუხლის საფუძველზე, განცხადებას უნდა დაერთოს რეგისტრაციის დამადასტურებელი დამოწმებული დოკუმენტი).
3. განცხადებაში უნდა აღინიშნოს:
ა) (ამოღებულია - 26.08.2016, №169-უ.ს.რ.ს.) ;
ბ) სახელწოდება და, თუ გამოიყენება მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;
გ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი (მათი) ხელმოწერის ნიმუში;
დ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი;
ე) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას;
ბ) იმ საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს ან/და უსკოს უფრო ადრე წარედგინა;
გ) საქართველოს პარლამენტის ან უმაღლესი საბჭოს ბოლო არჩევნებში სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.
5. უსკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებასა და თანდართულ საბუთებს და კომისიაში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს უსკოს თავმჯდომარეს.
6. დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა უსკოს თავმჯდომარე:
ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა და მას ეძლევა 3 დღე განცხადებისა და საბუთების სრულყოფისათვის;
გ) ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესწორებული განცხადებებისა და საბუთების შემოწმება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა ხდება მათი წარდგენიდან 2 დღეში. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, უსკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.
7. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში;
გ) თუ გაუქმდა მისი შემცველი საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია ამ კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
დ) თუ იგი არჩევნების შედეგების შეჯამებამდე გავიდა ან გაირიცხა საარჩევნო ბლოკიდან, ბლოკის მიერ პარტიული სიების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ;
ე) თუ მან არ წარადგინა პარტიული სია ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდა;
ვ) თუ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა მის პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 26 აგვისტოს კანონი № 16 9 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.0 8 .2016წ.
მუხლი 36. მხარდამჭერთა სიები
1. პარტიამ, რომელსაც არ გააჩნია რეგისტრაცია ცესკოში, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული აქტიური საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა არანაკლებ 3000 მხარდამჭერთა ხელმოწერები. პარტიას მხარდამჭერთა სიის ბლანკები უნდა გადაეცეს უსკოს შესაბამისი სამსახურის მიერ, კომისიაში განცხადების წარდგენისთანავე.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, მხარდამჭერთა ხელმოწერები უნდა წარუდგინოს უსკოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 50-ე დღისა.
3. საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივა ამომრჩევლებმა მხარდამჭერთა სიის ბლანკზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.
4. მხარდამჭერთა სიის ბლანკის ნიმუშს განკარგულებით ადგენს უსკო .
5. მხარდამჭერთა სიის ბლანკში მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის:
ა) სახელი და გვარი;
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;
დ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით);
ე) ხელმოწერის თარიღი;
ვ) ხელმოწერა.
6. მხარდამჭერთა სიის ბლანკში მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, აგრეთვე ბლანკის შევსების თარიღი და დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით.
7. მხარდამჭერთა სიის ბლანკის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება (სახელი და გვარი), რომლის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივასაც მხარს უჭერს ამომრჩეველი.
მუხლი 37. მხარდამჭერთა სიების შემოწმება
1. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით უსკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ პარტიის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს უსკო.
2. საარჩევნო კომისია თანამიმდევრობით ამოწმებს მხარდამჭერთა სიის ბლანკზე არსებულ ხელმოწერებს. თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა აღმოჩნდა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, ან შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს და ეძლევა 2 დღის ვადა ხარვეზების შესავსებად. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიის შესწორებულ ნაწილს კვლავ ამოწმებს საარჩევნო კომისია ზემოაღნიშნული წესით. თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება საარჩევნო რეგისტრაციაზე.
3. მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:
ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;
ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები);
დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა ამ კანონით განსაზღვრულ მხარდამჭერთა სიის შედგენის ვადას;
ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;
ვ) საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში მხარდამჭერად შეყვანილია სხვა საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩეველი;
ზ) ხელმომწერი პირი შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით და განცხადებაზე მისი ხელმოწერა დამოწმებული იყო სანოტარო წესით;
თ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი.
4. ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც დადასტურებული არ არის ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, ან რომელშიც მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ამ კანონის 36-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები.
5. პარტიის მხარდამჭერთა სიის შემოწმება უნდა დასრულდეს მისი წარდგენიდან 10 დღეში, ხოლო კანდიდატის მხარდამჭერთა სიისა – მისი წარდგენიდან 3 დღეში.
6. მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესზე დასწრების უფლება აქვს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს.
7. მხარდამჭერთა სიების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ უსკოს წევრებს, უსკოს სათანადო სამსახურის თანამშრომლებს, ხოლო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში – აგრეთვე სასამართლოს. მხარდამჭერთა სიები ნადგურდება საარჩევნო რეგისტრაციის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადის ამოწურვიდან 10 დღეში.
მუხლი 38. საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება.
1. უსკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ შექმნან საარჩევნო ბლოკები და გავიდნენ საარჩევნო ბლოკებიდან. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისათვის არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 43-ე დღისა, უსკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს ბლოკში შემავალი ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება.
2. განცხადებაში უნდა აღინიშნოს საარჩევნო ბლოკის:
ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, და ბლოკში გაერთიანებულ პარტიათა ჩამონათვალი;
ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);
გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი უფლებამოსილების ფარგლები;
დ) რამდენიმე ხელმძღვანელი პირის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის (გარდა ამავე ბლოკში გაერთიანებული პარტიისა) ოფიციალურ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება);
ბ) სხვა საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება უსკოს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, ბლოკს არა აქვს მათი გამოყენების უფლება);
გ) საქართველოს პარლამენტის ან უმაღლესი საბჭოს ბოლო არჩევნებში სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.
4. საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილ საარჩევნო ბლოკის წესდებაში აღინიშნება:
ა) საარჩევნო ბლოკის სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;
ბ) საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიების ჩამონათვალი;
გ) საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი ორგანო (თუ არსებობს), ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილება;
დ) საარჩევნო ბლოკის მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესი, მათ შორის, ბლოკში ახალი პარტიის მიღების, ბლოკიდან პარტიის გასვლისა და გარიცხვის, ბლოკის მიერ უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა წარდგენისა და წარდგენის გაუქმების წესები;
ე) პირი (პირები), რომელსაც აქვს საარჩევნო ბლოკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება;
ვ) საარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებით საარჩევნო ბლოკში შემავალი ერთ-ერთი პარტიის ბეჭდის გამოყენების წესი;
ზ) საარჩევნო კამპანიის ხარჯებზე პასუხისმგებელი პირების, მმართველისა და ბუღალტრის დანიშვნის წესი;
თ) საარჩევნო ბლოკის წესდებაში ცვლილების შეტანის წესი.
5. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტია ერთი და იმავე არჩევნებისას არ შეიძლება იმავდროულად შედიოდეს სხვა საარჩევნო ბლოკში ან დამოუკიდებლად მონაწილეობდეს არჩევნებში.
6. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განცხადებისა და წესდების მიღებისთანავე უსკოს თავმჯდომარე საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს აძლევს ცნობას მათი მიღების შესახებ.
7. უსკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ განცხადებასა და წესდებას და არა უგვიანეს უსკოში განცხადების შეტანის მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს უსკოს თავმჯდომარეს. უსკოს თავმჯდომარე დასკვნის მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი საბუთები შეესაბამება ამ მუხლის პირველი–მე-5 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს − წერილობით აცნობებს ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით). შესწორებული საბუთები უსკოს უნდა დაუბრუნდეს შეტყობინებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა. რეგისტრაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას უსკოს თავმჯდომარე იღებს შესწორებული საბუთების მიღებიდან 2 დღის ვადაში. თუ შესწორებული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, უსკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. ამ პუნქტში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა მთავრდება არჩევნების დღემდე 37-ე დღეს.
8. პარტიას, რომელმაც გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, უფლება აქვს, საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შევიდეს რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკში, რისთვისაც საკმარისია, რომ უსკოს თავმჯდომარეს წარუდგინოს სათანადო განცხადება და საარჩევნო ბლოკის თანხმობა.
9. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთანავე უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით უფლებამოსილება უწყდებათ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წარმომადგენლებს ყველა საარჩევნო კომისიაში, ხოლო საარჩევნო ბლოკს შეუძლია დანიშნოს 2 წარმომადგენელი თითოეულ საარჩევნო კომისიაში.
10. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვამდე საარჩევნო ბლოკიდან პარტიის/პარტიების გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში თითოეულ მათგანს უფლება აქვს, გააგრძელოს არჩევნებში მონაწილეობა. თუ ამის გამო საარჩევნო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, უსკოს განკარგულებით უქმდება ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია და მასში ადრე შემავალ პარტიებს უფლება ექნებათ, გააგრძელონ არჩევნებში მონაწილეობა.
11. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ საარჩევნო ბლოკიდან პარტიის გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება ამ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია. თუ ამის გამო საარჩევნო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, უსკოს განკარგულებით უქმდება ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია და დარჩენილი პარტია ხდება ბლოკის უფლებამონაცვლე.
12. არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა, უსკო პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას განცხადების წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიებისა და ბლოკების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა და ამის მიზეზებს.
13. საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) თუ საარჩევნო ბლოკი დაიშალა ან ბლოკიდან მისი წევრი პარტიის (პარტიების) გასვლის, გარიცხვის ან საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების გამო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა;
გ) თუ მან არ წარადგინა პარტიული სია ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდა;
დ) თუ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა ბლოკის პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა.
მუხლი 39. პარტიული სიების წარდგენა
1. პარტიული სიების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს.
2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია.
3. წარდგენილ სიაში უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 25-ზე ნაკლები და 35-ზე მეტი.
4. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი. ასეთ შემთხვევაში პარტიულ სიაში მიეთითება, რომ კანდიდატი წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.
5. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.
6. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები.
7. პარტიული სია უსკოს თავმჯდომარეს განცხადებით უნდა წარედგინოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს უმაღლესი საბჭოს წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი და მისი ფოტოსურათი.
8. თუ კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სააღრიცხვო ბარათთან და ფოტოსურათთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს 2 ეგზემპლარად, თითო ეგზემპლარი მიღებიდან 2 დღის ვადაში უნდა გადაეცეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
9. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის:
ა) გვარი, სახელი;
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);
დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
ე) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება);
ვ) თანამდებობა (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
ზ) პარტიულობა (თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“);
თ) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში − ამ ოლქის დასახელება და ნომერი.
10. სააღრიცხვო ბარათში უნდა აღინიშნოს ყოველი კანდიდატის:
ა) გვარი, სახელი;
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) სქესი;
დ) მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);
ე) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
ვ) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება);
ზ) თანამდებობა (თუ უმუშევარია, აღინიშნება „უმუშევარი“);
თ) პარტიულობა (თუ უპარტიოა, აღინიშნება „უპარტიო“);
ი) არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრების ან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი;
კ) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში − ამ ოლქის დასახელება და ნომერი;
ლ) თანხმობა, კენჭი იყაროს მოცემული პარტიული სიით ან/და კენჭი იყაროს ამ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში;
მ) ბოლო არჩევნებით უმაღლესი საბჭოს წევრად ყოფნის ფაქტი;
ნ) ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.
11. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ სააღრიცხვო ბარათებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს წინასწარ გადასცემს უსკო.
მუხლი 40. კანდიდატთა წარდგენა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
1. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ:
ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას;
ბ) საარჩევნო ბლოკს;
გ) შესაბამის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.
2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, ყოველ საარჩევნო ოლქში, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს − შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარული წესით არჩევის მიზნით წარადგინოს უმაღლესი საბჭო წევრობის თითო კანდიდატი.
21. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი:
ა) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან;
ბ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი;
გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი.
3. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 57-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.
4. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) პროფესია;
დ) თანამდებობა (საქმიანობა);
ე) სამუშაო ადგილი;
ვ) რეგისტრაციის ადგილი;
ზ) პარტიულობა;
თ) საქართველოში ცხოვრების ვადა;
ი) წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5. განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, უნდა ერთოდეს უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, მისი პირადობის მოწმობის ასლი და ორი ფოტოსურათი.
6. განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. თუ დარღვეულია ამ მუხლის 1-ლი–მე-5 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს. შესწორებული საბუთები არა უგვიანეს მომდევნო დღისა უბრუნდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეგისტრაციაში გასატარებლად.
7. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია.
8. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტია/საარჩევნო ბლოკი/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს ამ კანონის 39-ე მუხლის მე-7–მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესებით.
9. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხარდამჭერ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 პროცენტის ხელმოწერებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასახელებული კანდიდატი ბოლო უმაღლესი საბჭოს არჩევნებში არჩეული იყო უმაღლესი საბჭოს წევრად.
10. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა.
11. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას.
12. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ გაატარებს უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს, თუ:
ა) არასრული ან არასწორია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები;
ბ) მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები ამომრჩევლის ხელმოწერა;
გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები და ვადა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 ივლისის კანონი №62 - უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 01.08.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 26 აგვისტოს კანონი № 16 9 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.0 8 .2016წ.
მუხლი 41. პარტიული სიებისა და მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილ უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა საბუთების შემოწმება და საარჩევნო რეგისტრაცია
1. პარტიული სია საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით, ხოლო საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი − შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, თუ ამ კანონით განსაზღვრული ყველა საბუთი აკმაყოფილებს ამავე კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საბუთების წარდგენისთვის ამ კანონით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი არ განიხილება.
2. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიას ამოწმებს უსკოს სათანადო სამსახური და სიის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 26-ე დღისა, დასკვნას წარუდგენს უსკოს თავმჯდომარეს, რომელიც 3 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 25-ე დღისა:
ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას და პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) წერილობით აცნობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და მას 3 დღე ეძლევა სიისა და საბუთების სრულყოფისთვის.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, უსკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები არ არის), ხოლო დანარჩენი კანდიდატების შესახებ იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). თუ პარტიული სიის იმ ნაწილში, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები კანდიდატი დარჩა, არც პარტიული სია და არც პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატები რეგისტრაციაში არ გატარდება და უსკოს თავმჯდომარე ზემოაღნიშნულ ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ამ პუნქტში აღნიშნული განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.
4. პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაციას/რეგისტრაციაზე უარის თქმას ახორციელებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში. პარტია/საარჩევნო ბლოკი ვალდებულია მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ამ კანონით დადგენილ ვადაში წარუდგინოს უსკოს.
5. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით (ამ პუნქტის „ა“–„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში), თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:
ა) არასრული ან არასწორია განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები;
ბ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრია;
გ) კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ სიაში და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მისი თანხმობა ერთზე მეტ სიაში შეყვანაზე;
დ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი განაცხადებს თანხმობას სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენაზე;
ე) უმაღლესი საბჭოს არჩევნების პერიოდში იმართება სხვა არჩევნები და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის თანხმობა ამ არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;
ვ) დარღვეულია ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტით ან/და 55-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები;
ზ) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება, ან შემოწმების შედეგად დადასტურდა ამ პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება.
6. პარტიული სიისა და პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ უსკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონის 73-ე და 74-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მუხლი 42. რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება
1. რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისი წარმდგენი პარტიის აკრძალვის შემთხვევაში;
გ) თუ გაუქმდა მისი წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია ამ კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, ან თუ გაუქმდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე;
დ) თუ იგი გარდაიცვალა;
ე) ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) თუ რეგისტრაციაში არ გატარდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, ან თუ გაუქმდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია;
გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფიდან ყველა წევრის გასვლის შემთხვევაში.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 26 აგვისტოს კანონი № 16 9 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.0 8 .2016წ.
მუხლი 43. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება
1. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს, აგრეთვე მის წარმდგენ პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 10 დღისა, უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საარჩევნო კომისიას.
2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება არა აქვს, პარტიულ სიაში დარჩენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატურა მოიხსნება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის (საარჩევნო ბლოკის წესდებით განსაზღვრული პირის) მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.
3. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს შეუძლია არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს. მისი კანდიდატურა მოიხსნება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.
4. უსკო ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტის ან ცალკეული კანდიდატების არჩევნებიდან მოხსნის შესახებ დაუყოვნებლივ აქვეყნებს პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით.
მუხლი 44. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის გათავისუფლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან
უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს საკუთარი განცხადებისა და სათანადო მოწმობის წარდგენის საფუძველზე, წინასაარჩევნო კამპანიის ვადით მიეცემა უხელფასო შვებულება.
მუხლი 45. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა
1. საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომერი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში.
2. უფლებამოსილი პოლიტიკური გაერთიანების განცხადება რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით წარედგინება უსკოს.
თავი V
არჩევნების მონიტორინგი და მედია
მუხლი 46. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები
1. არჩევნებზე დაკვირვების უფლება აქვთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ პირობებს და რეგისტრაციას გაივლიან უსკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
2. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან დებულება (სადამფუძნებლო დოკუმენტი) რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია უსკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
3. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – ადგილობრივი დამკვირვებლის − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, ყოველ საარჩევნო კომისიაში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა, ხოლო საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთობლივად ჩატარების შემთხვევაში – მხოლოდ უსკოში, თუ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრირებულია ცესკოში.
4. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა:
ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;
ბ) საქართველოს პარლამენტის წევრისა;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა;
დ) თვითმმართველი ქალაქის მერისა და მუნიციპალიტეტის გამგებელისა, აგრეთვე მათი მოადგილეებისა;
ე) მოსამართლისა;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა;
ზ) პროკურატურის თანამდებობის პირისა;
თ) საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;
ი) საარჩევნო კომისიის წევრისა.
5. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს, ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობაც ეფუძნება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” აღიარებულ საერთაშორისო პრინციპებს.
6. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლების – საერთაშორისო დამკვირვებლების მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს ყოველ საარჩევნო კომისიაში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 საერთაშორისო დამკვირვებლისა, ხოლო საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთობლივად ჩატარების შემთხვევაში – მხოლოდ უსკოში, თუ საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრირებულია ცესკოში.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ საერთაშორისო დამკვირვებლებს შეიძლება ახლდეს თარჯიმანი, რომელიც მათთან ერთად გადის რეგისტრაციას.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 5 წლის 24 დეკემბრის კანონი №151-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.12.2015წ.
მუხლი 47. დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია
1. საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას, აგრეთვე იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს უსკო (თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, დამკვირვებელი ორგანიზაცია, თუ იგი რეგისტრირებულია ცესკოს მიერ, უსკოში დამატებით რეგისტრაციას არ საჭიროებს).
2. ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.
3. რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა და უნდა წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება. განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ საარჩევნო ოლქის (ოლქების) დასახელება, რომელშიც (რომლებშიც) ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას. საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს.
4. რეგისტრაციაში გატარების მიზნით საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-7 დღისა და უნდა წარუდგინოს სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი. თუ დამკვირვებელი (დამკვირვებელთა ჯგუფი) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელია, მან უნდა წარადგინოს მხოლოდ განცხადება და რწმუნების დამადასტურებელი საბუთი. უსკო განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში წყვეტს ამ პუნქტში აღნიშნული ორგანიზაციის, დამკვირვებლის (დამკვირვებელთა ჯგუფის) რეგისტრაციის საკითხს.
5. საარჩევნო კომისიას უფლება არა აქვს, დამკვირვებელ ორგანიზაციას უარი უთხრას რეგისტრაციაზე, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საარჩევნო კომისიის განკარგულება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. საარჩევნო კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 2 დღის ვადაში.
6. უსკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა უსკოს მდივანს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია დამკვირვებელთა შესახებ და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. ამ ინფორმაციის შინაარსსა და ფორმას ადგენს უსკო განკარგულებით.
7. უსკოს მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა უსკოს მდივანს უნდა წარუდგინოს უსკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია. სიას უნდა დაერთოს ადგილობრივი დამკვირვებლების საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობების ასლები. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ იმავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს საოლქო ან/და მის ქვემდებარე საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია. სიაში უნდა აღინიშნოს დამკვირვებლის ვინაობა (გვარი, სახელი, რეგისტრაციის ადგილი).
8. უსკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელს უფლება აქვს, დაკვირვება განახორციელოს ყველა დონის ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში, ამ კანონის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით.
9. საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი დამკვირვებელი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლის მოწმობა, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.
10. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიაში და ის დამკვირვებელი, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბანში, უფლებამოსილი არიან, კენჭისყრის დღეს დაკვირვება განახორციელონ შესაბამისი ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში, ამ კანონის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 2 აგვისტოს კანონი №175 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 02.08.2012წ.
მუხლი 48. დამკვირვებლის უფლებები
1. დამკვირვებელს უფლება აქვს:
ა) დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს;
ბ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;
გ) კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;
ე) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად;
ვ) დაესწროს ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;
ზ) დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესს;
თ) დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას;
ი) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;
კ) განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას;
ლ) მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში;
მ) გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ნ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;
ო) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიისგან მოითხოვოს და მიიღოს ამ ოქმების ასლები.
2. დამკვირვებელს არა აქვს უფლება:
ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;
ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;
გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
დ) ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი;
ე) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;
ვ) დაარღვიოს ამ კანონის სხვა მოთხოვნები.
3. ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების ამ კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევისათვის ან მათ საქმიანობაში ჩარევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს საარჩევნო, ადმინისტრაციული ან/და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საარჩევნო კომისია ვალდებულია შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ დამკვირვებელს შეეძლოს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება საარჩევნო კომისიაში მიმდინარე ყველა პროცედურასთან დაკავშირებით, მათ შორის, ბიულეტენების დათვლისა და შედეგების შეჯამების მსვლელობის დროს.
მუხლი 49. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და მისი უფლებამოსილება
1. საარჩევნო სუბიექტის (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის) წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს შესაბამის საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში.
2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, უფლება აქვს, არჩევნებისას დანიშნოს მხოლოდ 2 წარმომადგენელი ყოველ საარჩევნო კომისიაში, ხოლო საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთობლივად ჩატარების შემთხვევაში – მხოლოდ უსკოში, თუ პარტია, საარჩევნო ბლოკი ერთდროულად მონაწილეობს ზემოაღნიშნულ არჩევნებში. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს არა უმეტეს ორი წარმომადგენელი დანიშნოს შესაბამის საარჩევნო კომისიებში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულმა საარჩევნო სუბიექტმა წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 24 საათის განმავლობაში განკარგულებით ცნობად იღებს ინფორმაციას წარმომადგენლის რეგისტრაციის შესახებ და საარჩევნო კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.
4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ზემდგომ საარჩევნო კომისიაში და მასში აღნიშნული უნდა იყოს წარმომადგენლის გვარი, სახელი, დაბადების წელი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს).
5. საარჩევნო სუბიექტის მხოლოდ 1 წარმომადგენელს აქვს უფლება, დაესწროს შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომებს, მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე ისარგებლოს ამ კანონით დადგენილი სხვა უფლებებით. წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს შეუზღუდავად სარგებლობს ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტითა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით.
6. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.
მუხლი 50. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები
1. საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს.
2. რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებენ უსკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები, ხოლო მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე წარმომადგენლების აკრედიტაციას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.
3. განცხადება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა.
4. განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, ხოლო აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს).
5. კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 3 წარმომადგენლისა.
თავი VI
წინასაარჩევნო კამპანია
მუხლი 51. მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულირებები
მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულირებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” შესაბამისად.
მუხლი 52. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა
წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაცია) წარმოება და საინფორმაციო უზრუნველყოფა რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესითა და დადგენილი ვადებით, იმ პირობით, რომ უფასო საეთერო დროის გამოყოფის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით” საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სხვა მაუწყებლებისათვის გათვალისწინებული ვალდებულებები შესაბამისად ვრცელდება იმ მაუწყებლებსა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებზე, რომელთა სათავო ოფისებიც განლაგებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთობლივად ჩატარების შემთხვევისა.
მუხლი 53. პასუხისმგებლობა წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წესების დარღვევისათვის
ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წესების დარღვევისათვის საარჩევნო სუბიექტების მიმართ გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი სანქციები.
მუხლი 54. ამომრჩევლის მოსყიდვა
ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკაშირებით გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი ნორმები.
მუხლი 55. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა
1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს ეკრძალება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში შემდეგი სახის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება:
ა) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ფინანსდებიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა;
ბ) სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ფინანსდებიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება;
გ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გამოყენება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ კანონის მე-2 მუხლის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მათი სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენებაზე, გარდა სახელმწიფო რწმუნებულებისა-გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირებისა, რომლებიც არჩეული არ არიან პირდაპირი არჩევნების გზით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 2 აგვისტოს კანონი №175 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 02.08.2012წ.
მუხლი 56. საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა
1. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც ამ მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს:
ა) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;
ბ) სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვებას და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას;
გ) წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს ამ კანონით განსაზღვრულ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როცა ხდება ტელერადიომაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისათვის გამოყოფილი დროის გამოყენება.
3. არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და ადგილობრივ ბიუჯეტში, ასევე იმ საბიუჯეტო პროგრამების ზრდა, რომლებიც არჩევნებამდე გათვალისწინებული იყო შესაბამისი ბიუჯეტით, არაგეგმური ტრანსფერების ინიციირება ან გეგმური ტრანსფერის ზრდა ადგილობრივ ბიუჯეტში. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება.
4. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ისეთი ბეჭდვითი მასალის დამზადება, რომელშიც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო მასალას. ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 2 აგვისტოს კანონი №175 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 02.08.2012წ.
თავი VII
არჩევნების დაფინანსება
მუხლი 57. არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ფინანსური უზრუნველყოფა
1. არჩევნების მოსამზადებლად და ჩასატარებლად საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯი და მისი საქმიანობა უფლებამოსილების განხორციელების ვადაში ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.
2. უსკო ამ კანონით დადგენილი წესით ყოველწლიურად წარადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსება.
3. თუ არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრები ამ კანონით დადგენილ ვადაში არ ჩაირიცხება უსკოს ანგარიშზე, იგი უფლებამოსილია სარჩელით მიმართოს რაიონულ/საქალაქო სასამართლოს.
4. უსკოს, უფლება აქვს, მიიღოს გრანტი კანონით უფლებამოსილი პირისაგან. გრანტი გამოიყენება უსკოსა და უფლებამოსილ პირს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.
5. საარჩევნო ადმინისტრაცია უფლებამოსილია საარჩევნო პერიოდში არჩევნების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
6. წინასაარჩევნო/საარჩევნო პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული უსკოს ან სატენდერო კომისიის ქმედების/გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს შესყიდვების პროცედურების შეჩერებას.
მუხლი 58. არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრები
1. უსკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 55 დღისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგენს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმას.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო წარდგენილი გეგმის შესაბამისად კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50 დღისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან არჩევნებისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს ჩარიცხავს უსკოს ანგარიშზე.
3. საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესს დადგენილებით ადგენს უსკო.
4. კენჭისყრამდე არა უგვიანეს 45 დღისა უსკო საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს ჩარიცხავს მის მიმდინარე ანგარიშზე.
5. საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრიდან არა უგვიანეს 20 დღისა წყვეტს ყოველგვარ ანგარიშსწორებას ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან და 5 დღის ვადაში უსკოს ანგარიშზე ჩარიცხავს თავის ანგარიშზე არსებულ ნაშთს. ნაშთის ჩარიცხვიდან 5 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია უსკოს წარუდგენს საფინანსო ანგარიშს.
მუხლი 59. საარჩევნო კამპანიის ხარჯები
1. საარჩევნო კამპანიის ხარჯების, საარჩევნო კამპანიის ხარჯების შესახებ ანგარიშის წარდგენა, საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნისა და განკარგვის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის დადგენილი ვადებითა და დადგენილი წესით.
2 . საარჩევნო კამპანია უნდა დაფინანსდეს :
ა) პოლიტიკური გაერთიანების ფონდიდან – თუ პარტია დამოუკიდებლად მონაწილეობს არჩევნებში;
ბ) საარჩევნო ბლოკის პირველი ნომერი პარტიის ფონდიდან – თუ პოლიტიკური გაერთიანებები ერთ საარჩევნო სუბიექტად ერთიანდებიან;
გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გახსნილი საარჩევნო ფონდიდან, დამოუკიდებელი კანდიდატის კამპანიის დასაფინანსებლად.
3. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საარჩევო სუბიექტის (გარდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა) საარჩევნო კამპანია უნდა დაფინანსდეს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით” განსაზღვრული საერთო არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტის მიერ გახსნილი საარჩევნო ფონდიდან.
4. კამპანიის ხარჯებად ითვლება საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ერთობლიობა, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა.
5. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი სარგებლობს მისი წარმდგენი სუბიექტის ფონდით.
6. საარჩევნო კამპანიის ხარჯებად ითვლება შესაბამის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი სახსრები, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა საქონელი და მომსახურება (საბაზრო ფასებით).
7. დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დროს შესაბამისი ფონდის სახსრების გარდა სხვა სახსრების გამოყენება.
8. საარჩევნო კამპანიის ხარჯებზე და დაფინანსების წყაროებზე ვრცელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.
9. საარჩევნო ბლოკის მიერ კამპანიის დაფინანსებისას შესაძლებელია ბლოკში გაერთიანებულმა პარტიებმა თავიანთ პოლიტიკური გაერთიანებების ფონდში არსებული სახსრები შეუზღუდავად გადასცენ იმ პოლიტიკური გაერთიანების ფონდს, რომელიც ბლოკის პირველ ნომრად არის რეგისტრირებული.
10. საარჩევნო კამპანიის ხარჯების გამჭვირვალობა უზრუნველყოფილია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ნორმებით. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა საარჩევნო სუბიექტის კამპანიის ხარჯებზე, მათ შორის, დამოუკიდებელი კანდიდატების კამპანიის დაფინანსებაზე.
თავი VIII
კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგების შეჯამება
მუხლი 60. კენჭისყრა და შედეგების შეჯამება
თუ ეს კანონი სხვა რამეს არ ითვალისწინებს, უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე კენჭისყრის პროცედურა, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში და უსკოში ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის დადგენილი წესით.
მუხლი 61. განცხადებები და საჩივრები კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევის შესახებ
განცხადებები და საჩივრები, კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე, რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 72-ე და 73-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მუხლი 62. ხმების დათვლა საუბნო საარჩევნო კომისიაში
1. საუბნო საარჩევნო კომისია აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და შეაქვს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.
2. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი დგება პარტიული სიების მიხედვით, ხოლო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების ოქმი – მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატების მიხედვით.
მუხლი 63. ხმის დათვლასა და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული განცხადების/საჩივრის განხილვა
ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული განცხადებების/ საჩივრების განხილვა რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 74-ე მუხლით დადგენილი წესით.”.
მუხლი 64. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-11 დღისა აჯამებს უმაღლესი საბჭოს არჩევნების კენჭისყრის შედეგებს, ადგენს საარჩევნო ოლქში გამართული კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, რომლებსაც არა უგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს უსკოს.
2. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:
ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება;
ბ) არჩევნების დასახელება , საარჩევნო სისტემა ( პროპორციული , მაჟორიტარული );
გ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური, ესეც უნდა აღინიშნოს);
დ) ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში;
ე) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში;
ვ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
ზ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
თ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა;
ი) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობების ჯამი);
კ) იმ საარჩევნო უბნის ნომერი, რომელშიც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ამ უბანში და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი;
ლ) გაცემულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა იმ საარჩევნო უბნებში, რომლებშიც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი;
მ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო;
ნ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას);
ო) არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში − ამავე პუნქტში ჩამოთვლილი მონაცემები, ასევე არჩეული პირის (არჩეულ პირთა) ვინაობა, მეორე ტურში გასულ პირთა ვინაობა და მეორე ტურში არჩეული პირის ვინაობა.
3. თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო კენჭისყრის შედეგები საარჩევნო უბანში (უბნებში) და ამ უბანში (უბნებში) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ისეთია, რომ განმეორებითი კენჭისყრა გავლენას ვერ მოახდენს საარჩევნო ოლქში არჩეული ან მეორე ტურში გასული პირის (პირების) გამოვლენაზე, საოლქო საარჩევნო კომისია არჩეულ ან მეორე ტურში გასულ პირს (პირებს) დაადგენს ამ უბნის (უბნების) გაუთვალისწინებლად.
4. საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომლებიც ესწრებიან კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ოქმი დამოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.
5. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება, და ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.
6. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს ამ მუხლში აღნიშნული მონაცემები მათი დადგენისთანავე შეაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოკრულ სადემონსტრაციო ოქმში.
7. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება უმაღლესი საბჭოს წევრობის ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტის ხმები მიიღო. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.
8. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ ასეთი ცვლილებები იქნა შეტანილი) დაუყოვნებლივ გადაეცემა უსკოს.
9. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ასლი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაეცემა პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით ადასტურებს.
10. ამ კანონით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამოწმებული ასლის გაუცემლობა გამოიწვევს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 6 წლის 16 ივნისის კანონი №162 - უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 23.06.2016წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 26 აგვისტოს კანონი № 16 9 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.0 8 .2016წ.
მუხლი 65. არჩევნების შედეგების შეჯამება უსკოში
1. უსკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა, თავის სხდომაზე აჯამებს უმაღლესი საბჭოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს, საჭიროების შემთხვევაში ნიშნავს არჩევნების მეორე ტურის დღეს და ადგენს არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, თუ დაინიშნა არჩევნების მეორე ტური, ხოლო თუ არჩევნების მეორე ტური არ დაინიშნა – ადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს; თუ არჩევნების მეორე ტური დაინიშნა, მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა ადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
2. უსკო აჯამებს არჩევნების შედეგებს და ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რომელშიც აღინიშნება:
ა) ამომრჩეველთა რაოდენობა;
ბ) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა;
გ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
დ) საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობები;
ე) არჩეული პირის (პირების) ვინაობა.
3. არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერენ უსკოს თავმჯდომარე და უსკოს მდივანი. ოქმის ერთი ეგზემპლარი ინახება უსკოში, თითო ეგზემპლარი გადაეცემათ უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ოქმის ასლები გადაეცემა ყველა დაინტერესებულ პირს.
4. უსკო საარჩევნო უბნებიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შემოსვლის პარალელურად უზრუნველყოფს ამ ოქმების მონაცემთა უსკოს ვებგვერდზე განთავსებას. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს ეკრძალებათ არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება, თუ ეს შედეგები სათანადო წესით არ არის გამოქვეყნებული უსკოს ვებგვერდზე.
5. აკრძალულია უსკოს მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება საერთო სასამართლოებში არსებული შესაბამისი საარჩევნო დავების დასრულებამდე და ამ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სრულად გათვალისწინების გარეშე.
6. განცხადების/საჩივრის ან/და უსკოს წევრის განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში უსკოს შეუძლია არჩევნების შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე შეაჯამოს.
7. პროპორციული სისტემით გასანაწილებელი მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტს, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5%-ისა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.
8. საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 15-ზე და გაიყოს ასეთი სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.
9. თუ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 15-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი პირველ რიგში თანმიმდევრულად მიეკუთვნება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად ვერ მოიპოვეს მანდატები, მაგრამ მოაგროვეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების 5%-ზე მეტი, ხოლო შემდეგ იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც მოიპოვეს ერთი მანდატი მაინც, ასეთ შემთხვევაში გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი მიეკუთვნება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც მეტი ხმა მიიღეს.
10. იმ შემთხვევაში, თუ გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა ნაკლებია იმ საარჩევნო სუბიექტების რაოდენობაზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების 5%-ზე მეტი, მაგრამ ვერ მოიპოვეს მანდატი, ასეთ საარჩევნო სუბიექტებს მანდატი მიენიჭებათ იმ საარჩევნო სუბიექტების ხარჯზე, რომლებმაც მოიპოვეს ერთზე მეტი მანდატი. ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში მანდატი მოაკლდება იმ საარჩევნო სუბიექტს, რომელმაც მეტი მანდატი მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა თანაბარია, პირველ რიგში მანდატი დააკლდება იმ საარჩევნო სუბიექტს, რომელმაც ნაკლები ხმა მიიღო.
11. თუ 15-ზე მეტმა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 5% ან მეტი, ამ მუხლის მე-7 – მე– 10 პუნქტებით დადგენილი განაწილების წესი არ გამოიყენება. ასეთ შემთხვევაში თითო მანდატი მიეკუთვნება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც მეტი ხმები მიიღეს.
12. თუ ორი ან მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდა, მანდატი მიეკუთვნება იმ სიას, რომელმაც უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია უსკოში.
13. პარტიული სიით არჩეულად ჩაითვლებიან უმაღლესი საბჭოს წევრობის ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც ამ სიაში ნაკლებია ან ტოლია სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა.
14. თუ საარჩევნო ოლქში ამ კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები საარჩევნო უბანთა ნახევარზე მეტში ან რამდენიმე უბანში, რომლებშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, არჩევნების შედეგები საარჩევნო ოლქში ბათილად ჩაითვლება და უსკო ამ ოლქში ხელახალ მაჟორიტარულ არჩევნებს ნიშნავს.
15. განცხადების/საჩივრის არსებობისას, რომელიც მოითხოვს კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობას ან გადამოწმებას, უსკომ განკარგულებით შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ.
16. განმეორებითი კენჭისყრა შეიძლება დაინიშნოს არჩევნების როგორც პირველი ტურის, ისე არჩევნების მეორე ტურის შემდეგ. განმეორებითი კენჭისყრა იმართება, შესაბამისად, პირველი ან მეორე ტურიდან 2 კვირის ვადაში. უსკო უფლებამოსილია განმეორებითი კენჭისყრის გამართვა საუბნო საარჩევნო კომისიის იმავე ან სხვა შემადგენლობას დაავალოს.
17. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში განმეორებითი კენჭისყრა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სრული რაოდენობა ამ უბნებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10%-ზე მეტია. ასეთ შემთხვევაში განმეორებითი კენჭისყრა იმართება არჩევნებიდან 2 კვირის ვადაში.
18. თუ პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე მოწყობილი არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა, მაგრამ ვერც ერთმა პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 5%, უსკოს განკარგულებით არჩევნებიდან 2 კვირაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა.
19. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებმაც საერთო არჩევნებში მიიღეს ხმების 2 % მაინც. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიები უცვლელი რჩება. მათში ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით.
20. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა და ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა; ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამური რაოდენობა; ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების პროცენტი და მიღებული მანდატების რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა და არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები.
201. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა და არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები; განმეორებითი კენჭისყრის თარიღი, თუ დაინიშნა განმეორებითი კენჭისყრა, აგრეთვე იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა; იმ საარჩევნო ოლქების ნომრები, რომლებშიც ხელახალი არჩევნები დაინიშნა, და ხელახალი არჩევნების თარიღი;
ბ) ყოველი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა და ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა; თუ განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური არ დაინიშნა, არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის ვინაობა, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა და პროცენტი; არჩევნების მეორე ტურის გამართვის თარიღი, თუ დაინიშნა მეორე ტური, აგრეთვე მეორე ტურში გასულ კანდიდატთა ვინაობა და მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობები და პროცენტები.
202. არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა და ყოველი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი და განმეორებითი კენჭისყრა არ გამართულა, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქების ნომრები, რომლებშიც ხელახალი არჩევნები დაინიშნა, და ხელახალი არჩევნების თარიღი; პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, მიღებული ხმების პროცენტი და მიღებული მანდატების რაოდენობა; წარმდგენ საარჩევნო სუბიექტთა მიხედვით დალაგებული არჩეულ უმაღლეს საბჭოს წევრთა სია, მათი პარტიული კუთვნილებისა და მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის (თუ ასეთ ოლქებში იქნენ არჩეული) მითითებით.
21. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში უსკო პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
22. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე უსკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ თითოეული საარჩევნო უბნის მიხედვით და არა უგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს მას პრესას და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს.
23. უსკო ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს საარჩევნო კოდექსი 71-ე მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრული ოქმის საჯაროობა, მათ შორის, მისი დაუყოვნებლივ უსკოს ვებგვერდზე განთავსებით; ამასთანავე, თუ საარჩევნო უბნის შედეგები გასაჩივრებულია სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უსკო ვალდებულია ოფიციალური შეტყობინებისთანავე გააკეთოს სათანადო აღნიშვნა ვებგვერდზე განთავსებულ შესაბამის ოქმზე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 26 აგვისტოს კანონი № 16 9 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.0 8 .2016წ.
მუხლი 66. უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური
1. თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში უმაღლესი საბჭოს წევრი ვერ აირჩა, უსკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა. მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ 2-ზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ან 1 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ერთნაირი რაოდენობის ხმები მიიღო, მეორე ტურში ყველა ზემოაღნიშნული კანდიდატი მონაწილეობს.
2. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. თუ კანდიდატებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში ხმათა მეტი რაოდენობა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, იმართება ხელახალი არჩევნები.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 26 აგვისტოს კანონი № 16 9 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.0 8 .2016წ.
მუხლი 67. უმაღლესი საბჭოს ხელახალი არჩევნები
1. თუ არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა, აგრეთვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისას იმართება ხელახალი არჩევნები.
2. ხელახალი არჩევნები იმართება არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან, აგრეთვე მისი ბათილად ცნობიდან 2 თვის ვადაში. არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს უსკო არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან ან ბათილად ცნობიდან არა უგვიანეს 7 დღისა.
3. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს უსკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა.
4. თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა, მაგრამ ვერც ერთმა პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 5 პროცენტი, უსკოს განკარგულებით, არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 კვირის ვადაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა.
5. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებმაც უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მიიღეს ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 2 პროცენტისა. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიები უცვლელი რჩება. მათში ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 26 აგვისტოს კანონი № 16 9 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.0 8 .2016წ.
მუხლი 68. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნები
უმაღლესი საბჭოს ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნები ტარდება უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებიდან მე-60 დღეს, ხოლო რიგგარეშე არჩევნების თარიღს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს უმაღლესი საბჭოს ვადამდე დათხოვნის შესახებ ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.
მუხლი 69. უმაღლესი საბჭოს შუალედური არჩევნები
1. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის გამოკლების შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს შუალედური არჩევნები იმართება აპრილში ან ოქტომბერში , ამ კანონით დადგენილი წესით . თუ უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 1 იანვრიდან 1 ივლისამდე , უმაღლესი საბჭოს შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში , ხოლო თუ უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 1 ივლისიდან 1 იანვრამდე , მაშინ - უახლოეს აპრილში . უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნების წელს შუალედური არჩევნები არ იმართება .
2. უმაღლესი საბჭოს შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს უსკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა.
3. უმაღლესი საბჭოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა, რომელიც უსკოში რეგისტრირებული იყო ბოლო უმაღლესი საბჭოს არჩევნებისას, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად უსკოს თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 16 მაისის კანონი №56 - უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 24.05.2013წ.
მუხლი 70. უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი
1. თუ უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრი არჩეული იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე სიაში უმაღლესი საბჭოს რიგით მომდევნო წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა უმაღლესი საბჭოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი და ა. შ. თუ პარტიულ სიაში ასარჩევი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი აღარ არის, უმაღლესი საბჭოს წევრის ეს მანდატი გაუქმებულად ჩაითვლება.
2. თუ უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პარტიის წევრია, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიის რიგით მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა უმაღლესი საბჭოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი და ა. შ. თუ პარტიულ სიაში აღნიშნული არ იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პარტიის წევრია, მისი ადგილმონაცვლე განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.
3. უმაღლესი საბჭოს მიერ უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტიულ სიებში დარჩენილ პირებს შეუჩერდებათ უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსი. პარტიული სიით არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსი აღუდგება იმ პირს, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად მისი უფლებამონაცვლეა.
4. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში უსკოს შესაბამისი სამსახურის დასკვნის საფუძველზე, უსკოს თავმჯდომარე ღებულობს განკარგულებას უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის შესახებ. განკარგულება სათანადო საბუთებთან ერთად ეგზავნება უმაღლეს საბჭოს.
მუხლი 71. არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრების რეგისტრაცია
არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უსკო რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ.
მუხლი 72. უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეულ პირთა ნარკოლოგიური შემოწმება
1. კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა წინასწარი მონაცემებით საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიების/საარჩევნო ბლოკების პარტიული სიიდან სავარაუდოდ არჩეულმა ყველა უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატმა (გარდა ამ კანონის 39-ე მუხლის მე-8 და 40-ე მუხლის მე-8 პუნქტებით განსაზღვრული პირებისა) უნდა გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და მათზე უნდა შედგეს შესაბამისი ცნობა, რომელშიც აღინიშნება, რომ უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი ჯანმრთელია ან ნარკოტიკების მომხმარებელია.
2. თუ პარტიული სიით უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეულმა პირმა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაში არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება ან/და უარი განაცხადა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, უმაღლესი საბჭოს იღებს დადგენილებას უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების არცნობის შესახებ.
3. ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულება ვალდებულია უსკოს წარუდგინოს ნარკოლოგიური შემოწმების დამადასტურებელი ცნობა და უმაღლესი საბჭოს არჩეულ წევრთა სია, რომლებმაც გაიარეს ნარკოლოგიური შემოწმება, არჩევნებიდან არა უგვიანეს მე-14 დღისა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უსკო ამ კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამონაცვლეს.
5. ნარკოლოგიური შემოწმება შეიძლება ჩაატაროს სათანადო უფლების მქონე დაწესებულებამ. ამ დაწესებულებათა ჩამონათვალს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა განკარგულებით განსაზღვრავს უსკო.
თავი IX
საარჩევნო დავის განხილვა
მუხლი 73. გასაჩივრების ვადა და წესი
1. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
3. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უსკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.
4. საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს უსკოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. უსკოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ბათუმის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
5. უსკოს/უსკოს ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ბათუმის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
6. სასამართლოში სარჩელის/საჩივრის შეტანის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიას/უსკოს სარჩელის/საჩივრის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ – გადაწყვეტილების შესახებ. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მხარეებს.
7. სასამართლოში დავის განხილვისას მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების გამოკვლევის საფუძველზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.
8. საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში განცხადება/სარჩელი/ საჩივარი შეტანილად ითვლება შესაბამის საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
9. საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში განცხადების/სარჩელის/ საჩივრის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას.
10. აკრძალულია ამ მუხლით დადგენილი გასაჩივრებისა და დავის განხილვის ვადების გაგრძელება, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
11. ამ კანონის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავებზე ამავე მუხლით განსაზღვრული პირების გარდა სხვა პირთა მიერ საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში შეტანილი განცხადება/სარჩელი/საჩივარი განუხილველი რჩება.
12. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი, განცხადების/სარჩელის/საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა, ასევე მოსარჩელეთა წრე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
13. საარჩევნო კომისიაში საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს საჩივრის შემომტან პირს/დამკვირვებელ ორგანიზაციას/საარჩევნო სუბიექტს, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
14. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ შესაბამის დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას.
15. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ სუბიექტის ამ კანონის 49-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ წარმომადგენელს.
16. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიის წევრია, საჩივრის განხილვის შესახებ პირადად მას უნდა ეცნობოს.
17. მხარეები ვალდებული არიან, საჩივარში გარკვევით მიუთითონ საჩივრის ავტორის საკონტაქტო ტელეფონის (საცხოვრებელი ადგილის ან/და მობილურის) ნომერი; ასევე მითითებული უნდა იქნეს საჩივრის ავტორის ფაქსი და ელექტრონული ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
18. საჩივრის განხილვისათვის, ამ კანონით მოთხოვნილი საჩივრის განხილვის ვადების დაცვის მიზნით, მხარეები შეიძლება დაბარებულ იქნენ როგორც წერილობით, ისე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარება დასტურდება:
ა) მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით;
ბ) ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. აღნიშნული წესით დადასტურების მიღებისას მხარე დაბარებულად ითვლება. მხარე ასევე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან საჩივარში მითითებული ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.).
19. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარებისას დგება აქტი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს.
20. უსკოში აქტს ადგენს უსკოს აპარატის იურიდიული სამსახურის თანამშრომელი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი პირი და სამსახურის უფროსი.
21. ქვემდგომ საარჩევნო კომისიაში აქტს, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი და კომისიის თავმჯდომარე.
22. საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია მხარეს საქმის განხილვის დრო და ადგილი შეატყობინოს საქმის განხილვის დაწყებამდე არა უგვიანეს 3 საათისა.
23. აქტის ფორმა მტკიცდება უსკოს განკარგულებით.
24. მხარის გამოუცხადებლობა არ ქმნის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველს.
25. მხარეს, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული, კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტების პროექტები და ასლები.
26. მხარეს უფლება აქვს, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში.
27. საჩივრის განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკუთარი ინიციატივით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მოპოვებული მასალების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ.
28. მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა კომისიის სხდომის ოქმისა) უნდა ჩაჰბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის 12 საათამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის ვადების გათვალისწინებით.
29. მხარეს, რომელიც, შეტყობინების მიუხედავად, არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება წერილობით.
30. საჩივრის განხილვის დროს მხარის კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობითი დოკუმენტის მისთვის ჩაბარების თარიღი არ არის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის ვადის ათვლის საფუძველი.
31. საარჩევნო კომისია ვალდებულია მიღებულ გადაწყვეტილებაში მხარეს მიუთითოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და ადგილი (დაწესებულების დასახელება და მისამართი), სადაც შეიძლება მისი გასაჩივრება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 26 აგვისტოს კანონი № 16 9 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.0 8 .2016წ.
მუხლი 74. საარჩევნო დავები და მოსარჩელეთა წრე
1. არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანისა და განხილვის ვადა და წესი განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. ამომრჩეველთა სიების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, მოქალაქეს, რომლის განცხადება ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შესახებ არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ.
3. საარჩევნო ოლქების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს უსკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, უსკოს წევრს.
4. საარჩევნო უბნების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს.
5. უსკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს.
6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს.
7. საარჩევნო კომისიის წევრის ან საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო (ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას) სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრს, რომელსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება.
8. ქვემდგომი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ უსკოს განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს უსკოს წევრს, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს უსკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, კომისიის იმ წევრთა ნახევარზე მეტს, რომლებსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება.
9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების ამ კანონით დადგენილ ვადაში უსკოს ანგარიშზე ჩაურიცხველობის გამო ამ ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს უსკოს.
10. პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციისა და მათი წარმომადგენლების რეგისტრაციის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს:
ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, წარმომადგენელს უსკოში, თუ უსკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს პარტია, საარჩევნო ბლოკი, ან მათი წარმომადგენლები ან გააუქმა მათი რეგისტრაცია;
ბ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, თუ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ან მათი წარმომადგენლები ან გააუქმა მათი რეგისტრაცია;
გ) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ უსკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ პარტია, საარჩევნო ბლოკი, რეგისტრაციაში გატარდა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;
დ) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ შესაბამის საარჩევნო ოლქში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარდა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
11. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიის, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატების, რეგისტრაციის შესახებ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ:
ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, მაჟორიტარ კანდიდატს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, თუ უსკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა უმაღლესი საბჭოს არჩევნებისას პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები, ან/და ამ კომისიების თავმჯდომარეებმა გააუქმეს მათი რეგისტრაცია;
ბ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ უსკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ უსკოს თავმჯდომარემ პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, რეგისტრაციაში გაატარა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე თუ პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდა კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით;
გ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მაჟორიტარული წესით წარდგენილი კანდიდატები რეგისტრაციაში გაატარა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე თუ მაჟორიტარული წესით წარდგენილი კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდა კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით.
12. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ უსკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ უსკომ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
13. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
14. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ უსკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს, რომლის განცხადება აკრედიტაციის თაობაზე არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
15. ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ:
ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი ეხება პარტიის, საარჩევნო ბლოკის, მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას;
ბ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მაჟორიტარ კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას.
16. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 50-ე მუხლის 1-ლი−მე-4 პუნქტების დებულებათა დარღვევის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს.
17. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე და ამ კანონის 42-ე მუხლების დებულებათა დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: კანდიდატის წარმდგენ პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, თვით კანდიდატს, რომლის შესახებაც გამოიცა განკარგულება, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე სხვა პარტიის, საარჩევნო ბლოკის, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე ეხება მაჟორიტარ კანდიდატს), თუ კომისიამ არ დაადასტურა ზემოაღნიშნული დარღვევა.
18. კენჭისყრის დღის განმავლობაში და კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს საუბნო საარჩევნო კომისიისა და მის ცალკეულ წევრთა მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების (გარდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის) გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საუბნო ან ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს საუბნო ან ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში.
19. ამ მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებზე სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში არა უგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს სარჩელის შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა სააპელაციო სასამართლოში, რომელსაც გადაწყვეტილება გამოაქვს სარჩელის შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა.
20. საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
21. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, მაჟორიტარ კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
22. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ უსკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე ეხება საარჩევნო ოლქს), მაჟორიტარ კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
23. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში უსკოს შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, მაჟორიტარ კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
24. უსკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, მაჟორიტარ კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
თავი X
პასუხისმგებლობა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის
მუხლი 75. პასუხისმგებლობა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის
პასუხისმგებლობა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” შესაბამისად.
თავი XI
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 76. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამ კანონის ამოქმედებამდე უსკოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები.
2. უსკომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს მის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 77. დასკვნითი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ (გაზეთი ,,აჭარა“ №209-210 26.10.2004 წელი).
2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 4 ივლისიდან.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
ჩაქვი,
2012 წლის 21 ივნისი
№167 უ.ს.გ.ს.
შეტანილი ცვლილებები:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 2 აგვისტოს კანონი №175 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 02.08.2012წ.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 16 მაისის კანონი №56 - უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 24.05.2013წ.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 ივლისის კანონი №62 - უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 01.08.2013წ.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 5 წლის 5 თებერვლის კანონი №120- უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 13.02.2015წ.
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 5 წლის 24 დეკემბრის კანონი №151-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.12.2015წ.
6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 6 წლის 16 ივნისის კანონი №162 - უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 23.06.2016წ.
7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 26 აგვისტოს კანონი №168-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.08.2016წ.
8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 26 აგვისტოს კანონი №16 9 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.08.2016წ.
დოკუმენტის კომენტარები