საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 16/01/2013
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016208
  • Word
0
16/01/2013
ვებგვერდი, 16/01/2013
000000000.00.00.016208
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
პროექტის ავტორი

პროექტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და 226-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული შუამდგომლობ , რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. ასეთი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში ბრალდებულმა უნდა დაასაბუთოს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარება არსებითად დაარღვევს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლებას და უარი გამოხატავს მის თავისუფალ ნებას. შუამდგომლობის მოსმენის შემდეგ მოსამართლე ვალდებულია განუმარტოს ბრალდებულს უარის სამართლებრივი შედეგები. თუ ასეთი განმარტების მოსმენის შემდეგ ბრალდებული კვლავ მხარს უჭერს შუამდგომლობას, პროკურორი ეთანხმება შუამდგომლობას და საქმის განმხილველი მოსამართლე შუამდგომლობას დასაბუთებულად მიიჩნევს, მოსამართლე დააკმაყოფილებს შუამდგომლობას და მიიღებს განჩინებას , რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. თუ პროკურორი არ ეთანხმება შუამდგომლობას, მოსამართლე განჩინებით უარს იტყვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                            მ . სააკაშვილი

 

 

 

განმარტებითი  ბარათი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიმართ

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საერთო სასამართლოებში საქმეები ნაფიცი მსაჯულების მიერ განიხილება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არეგულირებს საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლის მიხედვითაც დღეს ბრალდებული უფლებამოსილია იშუამდგომლოს, რომ შესაბამისი სისხლის სამართლის საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. კონსტიტუციის ზემოთ მითითებული ფუძემდებლური პრინციპის კიდევ უფრო განსამტკიცებლად მართებულია ბრალდებულის ასეთი შინაარსის შუამდგომლობა იყოს დასაბუთებული და იმავდროულად აღნიშნულ პროცედურებში ჩართულ იქნეს ასევე პროკურორი.

გარდა ამისა, დღეს მოქმედი რედაქციით, კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილიდან შეიძლება გამომდინარეობდეს აზრი, რომ სასამართლოს შეუძლია წაართვას ბრალდებულს უფლება მისი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის მიმართ მაშინაც კი, როდესაც ბრალდებულს სურს მისი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა.

ამდენად, კანონპროექტის მიღების მიზეზია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების, კერძოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტების აუცილებლობა.

 

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიღების მიზანია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების დაზუსტება და ამასთან, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის კიდევ უფრო გაძლიერება.

 

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ბრალდებულს კვლავაც დარჩება შუამდგომლობის დაყენების უფლება, საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე და ეს მისთვის ცნობილი იქნება, როგორც ბრალდებულის უფლება. თუმცა, იმავდროულად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მთლიანად აცილებული ვერ იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამგვარი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში ბრალდებულმა უნდა დაასაბუთოს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარება არსებითად დაარღვევს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლებას და უარი გამოხატავს მის თავისუფალ ნებას. შუამდგომლობის მოსმენის შემდეგ მოსამართლე ვალდებულია განუმარტოს ბრალდებულს უარის სამართლებრივი შედეგები. თუ ასეთი განმარტების მოსმენის შემდეგ ბრალდებული კვლავ მხარს უჭერს შუამდგომლობას, პროკურორი ეთანხმება შუამდგომლობას და საქმის განმხილველი მოსამართლე შუამდგომლობას დასაბუთებულად მიიჩნევს, მოსამართლე დააკმაყოფილებს შუამდგომლობას და მიიღებს განჩინებას, რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. თუ პროკურორი არ ეთანხმება შუამდგომლობას, მოსამართლე განჩინებით უარს იტყვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

ამასთანავე, 226-ე მუხლის პირველი ნაწილის შემოთავაზებული რედაქციით, გამოირიცხება შესაძლებლობა, რომ ბრალდებულს წაერთვას მისი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის უფლება, თუ ბრალდებულს სურს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

 

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

პროექტის მიღება არ ახდენს  გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

პროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

ფინანსურ შედეგებს არ იწვევს.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):

  ასეთი არ არსებობს.

 

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:

არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებები.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:

კანონპროექტები არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.

დ) კანონპროექტის  მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

აღნიშნული პროექტის მომზადებაში ექპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

აღნიშნული პროექტის მომზადებაში მონაწილობა არ მიუღიათ.

 

ე) კანონპროექტის ავტორი:

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

 

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

საქართველოს მთავრობა.