„მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის თაობაზე“

  • Word
„მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 20/05/2013
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016221
  • Word
0
20/05/2013
ვებგვერდი, 20/05/2013
000000000.00.00.016221
„მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის თაობაზე“
პროექტის ავტორი

პროექტი

საქართველოს კანონი

მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის თაობაზე

პრეამბულა

ვინაიდან 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტსა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს საჩივრით მიმართა ათასობით საქართველოს მოქალაქემ, უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა, რომლებიც აცხადებენ, რომ, 2004-2012 წლებში უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად იქნენ მსჯავრდებულნი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში;

ვინაიდან ასეთ პირთა მიმართ გამოტანილი განაჩენების დიდი უმრავლესობა კანონიერ ძალაშია შესული და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობს მათი გასაჩივრების კანონიერი მექანიზმი;

ვინაიდან საქართველოს სახელმწიფოს სურვილია აღადგინოს კანონიერება და სამართლიანობა ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად იქნა მსჯავრდებული, რისთვისაც აუცილებელია გასაჩივრების დამატებითი და დროებითი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა;

იღებს რა მხედველობაში, სხვებს შორის, ვენეციის კომისიის მიერ მის 94-ე პლენარულ სხდომაზე მიღებულ N 710/2012 დასკვნას (§ 59);

ემსახურება რა მართლმსაჯულების ხარვეზების შესწავლისა და მათი გამოსწორების ხელშეწყობის, ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს კულტურისა და სამართლიანობის დამკვიდრების მიზნებს;

და ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა სამართლის საერთაშორისო აქტებით;

საქართველოს პარლამენტი ღებულობს ამ კანონს, როგორც დროებით, მაგრამ აუცილებელ საკანონმდებლო ზომას.

 

თავი I . ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კომისიის საქმიანობის მიზნები

1.                  ამ კანონით იქმნება მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისია (შემდგომში „კომისია“).

2.                  ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ  პირთა საჩივრის საფუძველზე კომისია იკვლევს საჩივარში მითითებულ გარემოებებს და ადგენს მართლმსაჯულების  ხარვეზების არსებობას ან არარსებობას.

3.                  საჩივრების შესწავლისა და განხილვის პარალელურად, კომისია შეიმუშავებს და საქართველოს პარლამენტს, ასევე მართლმსაჯულების სისტემაში შემავალ სახელმწიფო ორგანოებს წარუდგენს მოსაზრებებს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დაშვებული ხარვეზების გამომწვევი სისტემური მიზეზების თაობაზე, ასევე რეკომენდაციებს მათი  აღმოფხვრისა და მომავალში თავიდან აცილების შესახებ. 

მუხლი 2. მართლმსაჯულების ხარვეზის ცნება

ამ კანონის მიზნებისათვის, მართლმსაჯულების ხარვეზის არსებობა დადგენილად ითვლება, თუ ობიექტურ დამკვირვებელს, საქმის გარემოებების ჯეროვანი შესწავლის შედეგად, შეუძლია მიიჩნიოს, რომ:

ა) საქმის არსებითი განხილვის შედეგად გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის აშკარად დაუსაბუთებელი, რადგან საქმის განხილვისას უგულებელყოფილ იქნა ან ჯეროვნად არ იქნა შეფასებული ისეთი მტკიცებულება (მტკიცებულებები), რომელიც, ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით, წარმოშობდა გონივრულ ეჭვს, რომ ბრალდებულს არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, ან თუ საქმეში არ არის საკმარისი უტყუარი და კანონიერი მტკიცებულებები, რომლებიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაარწმუნებდა ობიექტურ დამკვირვებელს, რომ ბრალდებულმა ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული; 

ბ) საქმის განხილვის დროს ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით უზრუნველყოფილი უფლებების აშკარა და უხეშ დარღვევას, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის გადაწყვეტის შედეგზე;

გ) საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დროს, საქმის განმხილველმა მოსამართლემ აშკარად დაარღვია სასამართლოს მოვალეობები, რომლებსაც ადგენს საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე და 213-ე მუხლები ან საქართველოს 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6793 და 6794 მუხლები.

მუხლი 3. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, სხვა შესაბამისი კანონმდებლობის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ნორმებითა და პრინციპებით.

მუხლი 4.  კომისიის დამოუკიდებლობა. კომისიის წევრის იმუნიტეტი. კომისიის საქმიანობის პრინციპები

1.        კომისია დამოუკიდებელია და მასზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით

2.        აკრძალულია კომისიის წევრთან განსახილველი საჩივრის ირგვლივ ამ კანონით გაუთვალისწინებელი ფორმით კომუნიკაცია.

3.        არავის აქვს უფლება  კომისიის წევრს ანგარიში მოსთხოვოს კონკრეტულ საქმეზე, თუ მისი მხრიდან ადგილი არ აქვს კანონით დადგენილი ნორმების დარღვევას.

4.        კომისიის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულის ადგილზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული კომისიის წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. პარლამენტი გადაწყვეტილებას იღებს რეგლამენტით დადგენილი წესით.

5.        კომისიის წევრს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს როგორც კომისიის წევრს.

6.        კომისია საქმეებს შეისწავლის მიუკერძოებლად და სამართლიანად. კომისიის დასკვნა უნდა იყოს კანონიერი და სათანადოდ დასაბუთებული.

მუხლი 5. კომისიის საქმიანობის საჯაროობა. ყოველწლიური და საბოლოო ანგარიში

 

1.        კომისია ვალდებულია, საქმიანობის დაწყებისთანავე შექმნას საკუთარი ვებგვერდი, რომელზეც გამოქვეყნდება ინფორმაცია კომისიის საქმიანობის, მიღებული გადაწყვეტილებების, დასკვნების, მოსაზრებებისა თუ რეკომენდაციების შესახებ.

 

2.    კომისიის საქმიანობის დაწყებიდან ყოველი ერთი წლის თავზე, აგრეთვე კომისიის საქმიანობის დასრულებისას, კომისიის პლენუმი ადგენს და აქვეყნებს კომისიის საქმიანობის ანგარიშს. ასეთი ანგარიში უნდა აიტვირთოს კომისიის ვებგვერდზეც.

 

თავი II . კომისიის შემადგენლობა, წევრების არჩევა, უფლებამოსილების ვადა, კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

მუხლი 6.  კომისიის მოქმედების ვადა, შემადგენლობა, მოთხოვნები კომისიის წევრის მიმართ

1.             კომისია იქმნება 3 წლის ვადით. კომისიის თავმჯდომარის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა შეიძლება გააგრძელოს კომისიის მოქმედების ვადა არა უმეტეს 1 წლით. კომისია წყვეტს საქმიანობას საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.

2.             კომისია შედგება 9 წევრისაგან.

3.             კომისიის წევრებს და კომისიის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციების წარდგინებით, კომისიის მოქმედების ვადით, სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი ამ კანონის ძალაში შესვლიდან 4 კვირის ვადაში. კანდიდატებს კენჭი ეყრებათ ცალ-ცალკე. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ვერ შეივსო ყველა ვაკანსია, კენჭისყრის მომდევნო ტურებში არჩეული გამოვლინდება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

4.             კომისიის წევრად შეიძლება არჩეული იქნეს  საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, არის სისხლის სამართლის აღიარებული სპეციალისტი  და საკუთარი მაღალი მორალური თვისებებითა და რეპუტაციით აკმაყოფილებს კომისიის წევრის მაღალ სტატუსს.

5.             კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი. პირი, რომელიც არჩეულ იქნა კომისიის წევრად, წყვეტს პოლიტიკური გაერთიანების წევრობას დაუყოვნებლივ.

6.             კომისიის ფუნქციონირების წესებს განსაზღვრავს კომისიის რეგლამენტი, რომელსაც ამტკიცებს კომისიის პლენუმი.

მუხლი 7.  შეუთავსებლობა

კომისიის წევრის საქმიანობა ანაზღაურებადია. კომისიის წევრის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა.

მუხლი 8. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. კომისიის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
) ერთი თვის განმავლობაში ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას;
) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად ;
) დაიკავა ან უკავია კომისიის წევრთან  შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას ამ კანონის გაგებით ;
) წერილობითი განცხადება კომისიის წევრობიდან გადადგომის შესახებ წარუდგინა კომისიის თავმჯდომარეს;
) გარდაიცვალა.

2. კომისიის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, რომელიც მიიღება საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

3. კომისიის იმ წევრის სანაცვლოდ, რომელსაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება ამ მუხლის პირველი პუნქტის ერთი ან მეტი ქვეპუნქტით დადგენილი გარემოების გამო, საქართველოს პარლამენტი აირჩევს კომისიის წევრს ამ კანონის მე-6 მუხლით დადგენილი წესით, კომისიის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

მუხლი 9. კომისიის პლენუმი

1. კომისიის პლენუმი შედგება კომისიის ყველა წევრისაგან და მას თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის პლენუმი შეიმუშავებს ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს, ამტკიცებს კომისიის რეგლამენტსა და დასკვნებს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ახორციელებს კანონით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მოსაზრებებისა და რეკომენდაციების პროექტს კომისიის პლენუმს წარუდგენს კოლეგია.

4. კომისიის პლენუმი უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხები, თუ პლენუმის სხდომას ესწრება პლენუმის წევრთა ორი მესამედი. პლენუმის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობისა.

მუხლი 10. კომისიის თავმჯდომარე

1.        კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც კომისიის ერთ-ერთი კოლეგიის რიგითი წევრია. 

2.        კომისიის თავმჯდომარე ანაწილებს საქმეებს კოლეგიებზე რიგითობის და სპეციალიზაციის მიხედვით, ზედამხედველობს აპარატს და ახორციელებს კომისიის რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 

მუხლი 1 1.  კომისიის კოლეგიები

1.        კომისიის შემადგენლობაში იქმნება  სისხლის სამართლის 3 კოლეგია.

2.        კომისიის კოლეგია შედგება 3 წევრისაგან და ის, მოცემული შემადგენლობით, იქმნება ერთი წლის ვადით. კოლეგიებში, კომისიის წევრთა განაწილების მიზნით, კომისიის პლენუმი ატარებს წილისყრას.

3.        კოლეგიების თავმჯდომარეებს ირჩევს კომისიის პლენუმი, კომისიის თავმჯდომარის, ან კომისიის 3 წევრის წარდგინებით. 

4.        კოლეგია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.

მუხლი 12.  კომისიის აპარატი

1.        კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას ახორციელებს კომისიის აპარატი, რომლის საშტატო ნუსხას, კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს პარლამენტი ამ კანონის ძალაში შესვლიდან 8 კვირის ვადაში.

2.        კომისიის აპარატს ჰყავს უფროსი. აპარატის სტრუქტურა და პროცედურის წესები განისაზღვრება კომისიის რეგლამენტით.

მუხლი 13. ინტერესთა კონფლიქტი

1.    კოლეგიის წევრი ვერ მიიღებს მონაწილეობას საჩივრის განხილვაში საქმის წარმოების ვერც ერთ ეტაპზე, თუ იგი ადრე მონაწილეობდა შესაბამისი საქმის განხილვაში როგორც მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი, მოწმე, ექსპერტი, ადვოკატი ან წარმომადგენელი, ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას.

2.    ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოების არსებობის შემთხვევაში კოლეგიის წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, ან საჩივრის ავტორს შეუძლია წერილობით დააყენოს შუამდგომლობა კოლეგიის წევრის აცილების თაობაზე. აცილების შესახებ შუამდგომლობას განიხილავს და გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ იღებს კომისიის თავმჯდომარე შუამდგომლობის მიღებიდან 3 დღის ვადაში.

3.    წინა, მე-2 პუნქტში მითითებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, აცილებული კოლეგიის წევრის ნაცვლად კომისიის თავმჯდომარე კოლეგიაში დანიშნავს კომისიის სხვა წევრს მოცემული საქმის განხილვის ვადით.

4. თუ შუამდგომლობა აცილების შესახებ ეხება კომისიის თავმჯდომარეს, მას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს, წინა ორი პუნქტით დადგენილი წესების დაცვით, კომისიის პლენუმი.

მუხლი 14.  კომისიის ბიუჯეტი

კომისიის პირველი წლის ბიუჯეტს, კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი ამ კანონის ძალაში შესვლიდან 8 კვირის ვადაში. მომდევნო წლების ბიუჯეტი მტკიცდება იმავე წესით, წინა წლის საბიუჯეტო პერიოდის ამოწურვამდე 3 თვით ადრე.

თავი III .  საჩივრის განხილვა კომისიაში

მუხლი 15. საჩივრის წარდგენის წესი 

1. საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ნაბეჭდ 10 გვერდს. საჩივარში მითითებული უნდა იყოს:

) საჩივრის შემტანი პირის სახელი და გვარი, საპროცესო მდგომარეობა, პირადი ნომერი, რეგისტრირებული მისამართი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

) სადავო გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო და მისი გამოტანის თარიღი; თუ საქმეზე მიღებულია რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილება, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით უნდა მიეთითოს ყველა მათგანის გამომტანი სასამართლო და გამოტანის თარიღი;

) გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ საჩივარი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნებს;

) მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი არგუმენტები და მტკიცებულებანი.

2. საჩივარს თან უნდა დაერთოს საქმეზე გამოტანილი თითოეული სასამართლო განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების ასლი, აგრეთვე სხვა, აუცილებელი მასალები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

მუხლი 16. საჩივრის განხილვის ეტაპები

კომისიაში საჩვრის განხილვა მიმდინარეობს 3 ეტაპად:

ა) საჩივრის დასაშვებობის შემოწმება;

ბ) საჩივრის არსებითი განხილვა და დასკვნის პროექტის მომზადება;

გ)  დასკვნის პროექტის განხილვა და დამტკიცება.

მუხლი 17. დასაშვებობის კრიტერიუმები

საჩვარი დასაშვებია, თუ ის ერთდროულად აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

1.        საჩივარი კომისიაში შეტანილი უნდა იქნეს წერილობით, იმ პირის მიერ, რომელიც მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებულ სისხლის სამართლის დევნის საქმეზე არსებობს მართლმსაჯულების ხარვეზი (შემდგომში „მომჩივანი“). თუ მომჩივანი გარდაცვლილია, მის მაგივრად საჩივარი შეიძლება შეიტანოს მისმა ახლო ნათესავმა - მეუღლემ (მათ შორის განქორწინებულმა ან ქორწინებაში არმყოფმა, რომელთანაც დაზარალებული ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო მეურნეობას ბოლო ორი წლის განმავლობაში), შვილმა, შვილობილმა, მშობელმა, შვილად ამყვანმა, დამ ან ძმამ. საჩივარი ასევე შეიძლება შეიტანოს მომჩივნის ან მისი უფლებამონაცვლის ადვოკატმა, თუ იგი წარადგენს მომჩივნის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ გაცემულ და ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას.

2.        თუ პირმა ერთხელ უკვე მიმართა კომისიას, მისი საჩივარი განხილულ იქნა და კომისიის დასკვნაც იქნა გამოტანილი, ან თუ საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად, მას აღარ აქვს უფლება კვლავ მიმართოს კომისიას ისეთი ახალი საჩივრით, რომელიც იმავე ფაქტებს და სამართლებრივ საფუძვლებს ეყრდნობა, რომლებსაც უწინდელი საჩივარი, ან არსებითად იგივეა, რაც უწინდელი საჩივარი.

3. კომისიას საჩივრით შეუძლია მიმართოს პირმა, რომელიც იყო მსჯავრდებული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებულ პირს შეუძლია მიმართოს კომისიას, თუ ამ დანაშაულისათვის მას სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა და მან რეალურად მოიხადა ასეთი სასჯელი ან მისი ნაწილი საპატიმრო დაწესებულებაში.

4. კომისიაში შეიძლება შეტანილ იქნეს საჩივარი ისეთ საქმეზე, რომელზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება 2004 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში.

5. საჩივარი მაშინ შეიძლება იქნეს შეტანილი, თუ ამოწურულია კანონით გათვალისწინებული ყველა სასამართლო ინსტანცია კანონით დადგენილი წესით. თუ საქმეზე გამოტანილია პირველი ინსტანციის განაჩენი არსებითი განხილვის გარეშე, საჩივარი დასაშვებია განურჩევლად იმისა, გაასაჩივრა თუ არა მომჩივანმა ასეთი განაჩენი, იმ პირობით, თუ მომჩივანი წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებებს, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით.

6. საქმეზე, რომელიც არსებითად იქნა განხილული კანონით გათვალისწინებული ყველა სასამართლო ინსტანციის მიერ, საჩივარი დასაშვებია, თუ მომჩივანი პირველი ინსტანციის განაჩენის მომდევნო ინსტანციებში გასაჩივრებისას ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

7. კომისიაში არ შეიძლება შეტანილ იქნეს საჩივარი, თუ არსებითად იგივე საჩივარი განიხილება რომელიმე სასამართლო ინსტანციაში, მათ შორის, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის მიზნით.

8. კომისიაში საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ კომისიის პლენუმის მიერ  პირველი ოფიციალური სხდომის ჩატარებიდან 3 თვის ვადაში. ამგვარი სხდომა იმართება კომისიის მიერ კოლეგიებისა და აპარატის დაკომპლექტებისა და რეგლამენტის დამტკიცებისთანავე, მაგრამ ამ კანონის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 თვის თავზე.

მუხლი 18. საჩივრის დასაშვებობა

1. თუ საჩივარი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-17 მუხლის პირობებს, იგი დასაშვებად იქნება ცნობილი და კომისიის აპარატი მას დაარეგისტრირებს განსახილველ საჩივართა ნუსხაში. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი ცნობილ იქნება დაუშვებლად და ამის თაობაზე საჩივრის ავტორს გაეგზავნება შეტყობინება წერილობით, საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

2. გადაწყვეტილება საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

3. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს მე-15 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და ეს შეუძლებელს ხდის საჩივრის მე-17 მუხლით დადგენილ პირობებთან შესაბამისობის შემოწმებას, კომისიის აპარატის უფროსი, საჩივრის მიღებიდან 1 თვის ვადაში აცნობებს ამის შესახებ მომჩივანს და მისცემს გონივრულ ვადას, რათა მან წარმოადგინოს ხარვეზის შესავსებად საჭირო ინფორმაცია ან/და არგუმენტები. დათქმულ ვადაში პასუხის გაუცემლობის, ან შესაბამისი ინფორმაციის ან/და არგუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი და ამის თაობაზე საჩივრის ავტორს გაეგზავნება შეტყობინება წერილობით.

4. თუ საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი, იგი გადაეცემა კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც რიგითობის წესით გადასცემს მას ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარეს, რომელიც, თავის მხრივ, საჩივრის არსებითად შესწავლას დაავალებს კოლეგიის ერთ-ერთ წევრს (მომხსენებელს).

5. თუ მას შემდეგ, რაც საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი, კოლეგიისთვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი, განურჩევლად იმისა, თუ რა ეტაპზეა საქმის წარმოება, კოლეგია წყვეტს საქმის წარმოებას ასეთ საჩივართან დაკავშირებით და ამორიცხავს საქმეს განსახილველ საჩივართა ნუსხიდან.

მუხლი 19. საჩივრის არსებითად განხილვა და დასკვნის პროექტის მომზადება

1. მომხსენებელი დასაშვებად ცნობილ საჩივრებს განიხილავს ქრონოლოგიურად, მათი კომისიაში შეტანის თარიღის მიხედვით.

2. კოლეგიის თავმჯდომარეს შეუძლია პრიორიტეტი მიანიჭოს რომელიმე საჩივარს, რომელ შემთხვევაშიც ის ითვალისწინებს პირველ რიგში საჩივრის ავტორის პატიმრობაში ყოფნის ფაქტსა და სასჯელის ხანგრძლივობას, მის ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობას ან სხვა ისეთ გარემობას, რომელიც მიუთითებს, რომ საქმის დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი.

3. მომხსენებელი, საჩივრის არსებითად შესწავლის მიზნით, საქმის მასალებს გამოითხოვს შესაბამისი სასამართლოდან. სასამართლო ვალდებულია მას გაუგზავნოს საქმის მასალები მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 კვირის განმავლობაში.

4. მომხსენებელს შეუძლია გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან ან ნებისმიერი პირისგან, ვისთანაც შეიძლება ინახებოდეს ასეთი ინფორმაცია. თითოეული ასეთი დაწესებულება ან პირი ვალდებულია კოლეგიის მომხსენებელ წევრს მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

5. თუ მომხსენებელი მიიჩნევს, რომ საქმეზე სათანადოდ დასაბუთებული დასკვნის მომზადებისთვის აუცილებელი რომელიმე მნიშვნელოვანი გარემოება დამატებით გამოძიებას საჭიროებს, იგი უფლებამოსილია გადაუგზავნოს საქმის მასალები პროკურატურის ორგანოებს კონკრეტულ გარემოებაზე მითითებითა და შესაბამისი საგამოძიებო ქმედების განხორციელების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, მომხსენებელი ვალდებულია მოთხოვნაში მიუთითოს გონივრული ვადა, რომელშიც პროკურატურამ მას საგამოძიებო ქმედებების შედეგები უნდა მიაწოდოს.   

6. თუ მომხსენებელი დაადგენს, რომ საქმეში უკვე გამოკვლეული მტკიცებულება საჭიროებს ხელმეორე გამოკვლევას, ის დასკვნის პროექტში მიუთითებს ამის შესახებ. მომხსენებელს ასევე შეუძლია დაადგინოს, რომ საქმის განხილვის შედეგისათვის მნიშვნელოვანი რომელიმე მტკიცებულების დასაშვებად ცნობაზე ან გამოკვლევაზე საქმის განმხილველმა მოსამართლემ დაუსაბუთებელი უარი განაცხადა.

7. საქმის მასალების ჯეროვანი შესწავლის საფუძველზე, კოლეგიის მომხსენებელი ადგენს, არსებობს თუ არა ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება და დასაბუთებული დასკვნის პროექტს მართლმსაჯულების  ხარვეზის არსებობის ან არარსებობის თაობაზე წარუდგენს კოლეგიას.

მუხლი 20. დასკვნის პროექტის  დამტკიცება

1. კომისიის შესაბამისი კოლეგია განიხილავს და ამტკიცებს ან არ ამტკიცებს მომხსენებელი წევრის მიერ მომზადებულ დასკვნის პროექტს.

2. დასკვნის პროექტის განხილვა ხდება კოლეგიის დახურულ სხდომაზე. საჭიროების შემთხვევაში, კოლეგიას შეუძლია სხდომაზე გამოიძახოს მომჩივანი, მისი ადვოკატი ან სხვა პირი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით. კოლეგიას ასევე შეუძლია მოიწვიოს, როგორც amicus curiae, სამართლის აღიარებული სპეციალისტი მისი მოქალაქეობის მიუხედავად ან არასამთავრობო ორგანიზაცია და მოისმინოს მისი ექსპერტული მოსაზრებები განსახილველ საჩივართან დაკავშირებით. კოლეგიის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, კოლეგიას შეიძლება განმარტებები მისცეს საქართველოს სახალხო დამცველმა. Amicus curiae-ს სტატუსით მოწვეულ ექსპერტს და საქართველოს სახალხო დამცველს შეუძლიათ კოლეგიას თავიანთი მოსაზრებები წერილობითაც წარუდგინონ.

3. საქმის განხილვის შედეგად, კოლეგია, ამ კანონის მე-2 მუხლის დებულებების შესაბამისად, იღებს ერთ-ერთ შემდეგ დასკვნას:

ა) მართლმსაჯულების  ხარვეზის არსებობის შესახებ;

ბ) მართლმსაჯულების ხარვეზის არარსებობის შესახებ. 

4. კოლეგიის დასკვნა უნდა იყოს ჯეროვნად დასაბუთებული. კოლეგიის დასკვნა ფორმდება როგორც კომისიის დასკვნა.

5. თუ კოლეგია არ ეთანხმება მომხსენებლის მიერ მომზადებული დასკვნის პროექტს, საპირისპირო პროექტს ადგენს კოლეგიის თავმჯდომარე ან, მისი დავალებით, კოლეგიის სხვა წევრი, და მას ამტკიცებს კომისიის პლენუმი. ასეთ შემთხვევაში მოქმედებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებები.

6. კოლეგიის ან კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება საბოლოო დასკვნას, შეუძლია წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც თან ერთვის კომისიის დასკვნას.

7. კომისიის დასკვნა საჯარო დოკუმენტია.

მუხლი 21. კომისიის დასკვნის გადაგზავნა მომჩივნისთვის

1.      კომისიის დასკვნა ეგზავნება მომჩივანს.

 

2.    თუ კომისიის დასკვნა მართლმსაჯულების ხარვეზის არსებობას ეხება, მომჩივანს შეუძლია, მისი მიღებიდან 2 თვის ვადაში, შუამდგომლობით მიმართოს უფლებამოსილი სააპელაციო სასამართლოს მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენ პალატას, რომელიც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310- მუხლისქვეპუნქტის საფუძველზე, გადასინჯავს სასამართლოს განაჩენს აღნიშნული კოდექსით საქმის არსებითი განხილვისათვის დადგენილი ნორმების შესაბამისად.