სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 816-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 240070000.05.001.017022
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
816-რს
12/07/2013
ვებგვერდი, 05/08/2013
240070000.05.001.017022
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (07/12/2017 - 25/06/2019)

 

საქართველოს კანონი

 

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  ფუნქციონირებასთან, სახელმწიფო ხელშეწყობასთან, მათი საქმიანობის მონიტორინგთან, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

         

მუხლი 2. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია:

ა) საკომლო (საოჯახო) მეურნეობების განვითარება, მათი კოოპერირება და სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება; 

ბ) სოფლისა და სოფლის მეურნეობის აღორძინების ხელშეწყობა;

გ) სოფლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა;

დ) სოფლად სიღარიბის აღმოფხვრა;

ე) სოფლიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება;

ვ) სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობის გაზრდა, კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება და რენტაბელობის ამაღლება, ეროვნული ეკონომიკის განვითარება;

ზ) ბიოლოგიური მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.

 

მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან მიწასთან დაკავშირებულ ქონებაზე განხორციელებული ყველა სახის სამეურნეო საქმიანობა და მასთან დაკავშირებული მომსახურება, რომლებიც მოიცავს მცენარეული და ცხოველური (მათ შორის, ფრინველის, თევზის, აბრეშუმის ჭიის, ფუტკრის და სხვა) პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებას, დაფასოებას, შეფუთვას, შენახვას, გადაზიდვასა და რეალიზაციას;

ბ) მიწასთან დაკავშირებული ქონება – უძრავი და მოძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება მცენარეული და ცხოველური (მათ შორის, ფრინველის, თევზის, აბრეშუმის ჭიის, ფუტკრის და სხვა) პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დაფა­სოების, შეფუთვის, შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციისათვის;

გ) სოფლის მეურნეობის პროდუქტი – სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული პროდუქტი;

დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;

ე) ეკონომიკური მონაწილეობა – სასაქონლო ბრუნვაში მეპაიის მიერ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ფარგლებში წარმოებული/მიწოდებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ან/და გაწეული მომსახურების ღირებულების ხვედრითი წილი;

1) პაი – საპაიო ფონდში განხორციელებული საპაიო შენატანი, დამატებითი საპაიო შენატანი და ასოცირებული წევრის შენატანი;

ვ) საპაიო შენატანი – საპაიო ფონდში მეპაიის მიერ ფულით ან/და ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით განხორციელებული სავალდებულო შენატანი;

1) დამატებითი საპაიო შენატანი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საჭიროებიდან გამომდინარე, საპაიო ფონდში მეპაიის სურვილით, ფულით ან/და ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით განხორციელებული დამატებითი შენატანი, რომელიც მეპაიეს აძლევს ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით დამატებითი დივიდენდის მიღების უფლებას;

2) მეპაიე – პირი, რომელიც იზიარებს შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის პრინციპებს, უშუალოდ მონაწილეობს მის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ფლობს საპაიო შენატანს;

3) ასოცირებული წევრი – პირი, რომელიც იზიარებს შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის პრინციპებს და რომელიც შეიძლება უშუალოდ არ მონაწილეობდეს მის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, მაგრამ საპაიო ფონდში განხორციელებული აქვს ასოცირებული წევრის შენატანი;

4) ასოცირებული წევრის შენატანი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საჭიროებიდან გამომდინარე, საპაიო ფონდში ასოცირებული წევრის მიერ ფულით ან ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით განხორციელებული შენატანი, რომლის საფუძველზედაც ასოცირებული წევრი იღებს დივიდენდს ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;

5) საერთო კრება – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მმართველობის უმაღლესი ორგანო;

6) სათათბირო ხმა – ასოცირებული წევრის უფლება, მონაწილეობა მიიღოს საერთო კრების დღის წესრიგის განსაზღვრაში და შესაბამისი საკითხების განხილვაში. გადაწყვეტილების მიღებისას სათათბირო ხმა არ ჩაითვლება მეპაიეთა ხმების საერთო რაოდენობაში;

ზ) დემოკრატიული მართვა – მეპაიეთა თანაბარი შესაძლებლობა, მართონ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი და აკონტროლონ მისი საქმიანობა, რისთვისაც თითოეული მეპაიე საერთო კრებაზე 1 ხმის უფლებით სარგებლობს;

თ) ბიოლოგიური მეურნეობა – სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მოწესრიგებული სისტემა, რომელიც ცოცხალი ორგანიზმებისა და გარემოს ისეთ ურთიერთდამოკიდებულებას უწყობს ხელს, რომლის დროსაც შენარჩუნებულია ბუნებრივი წონასწორობა.

ი) კოოპერაციული შემოსავალი – მეპაიის შემოსავლის ნაწილი, რომელსაც იგი იღებს სამეურნეო წლის განმავლობაში თავისი ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციულად, საერთო კრების მიერ დადგენილი წესით;

კ) სასაქონლო ბრუნვა – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ შესაბამის საანგარიშო პერიოდში წარმოებული/მიღებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და გაწეული/მიღებული მომსახურების ღირებულებათა ჯამი;

ლ) სავალდებულო სარეზერვო ფონდი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში აკუმულირებული თანხა, რომელიც გამოიყენება გაუთვალისწინებელი გარემოების დადგომისას, საერთო კრების გადაწყვეტილებით;

მ) საპაიო ფონდი – პაის ფულად ერთეულში გამოხატული ჯამური ღირებულება, რომლის ოდენობასა და განკარგვის წესს განსაზღვრავს საერთო კრება;

ნ) სავალდებულო საპაიო შენატანი – საპაიო ფონდში მეპაიის მიერ განსახორციელებელი აუცილებელი შენატანი, რომელიც მას მისცემს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობაში მონაწილეობისა და კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდის მიღების უფლებას, აგრეთვე საერთო კრებაზე ხმის უფლებას;

ო) მინიმალური პაი – საპაიო ფონდში განხორციელებული საპაიო შენატანის მინიმალური ზღვარი, რომელსაც ადგენს საერთო კრება.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4495  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

 

მუხლი 4. საქართველოს კანონმდებლობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისაგან.

 

მუხლი 5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი პრინციპები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) ნებაყოფლობითი წევრობა;

ბ) დემოკრატიული მართვა;

გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა ეკონომიკური მონაწილეობა;

დ) სოციალური პასუხისმგებლობა, სამართლიანობა და ურთიერთდახმარება.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4495  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

         

მუხლი 6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის სფეროები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის სფეროებია: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, გადამუშავება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა, გადაზიდვა და რეალიზაცია.

 

მუხლი 7. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვება და შეწყვეტა

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი განცხადებით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო).

2. განცხადებას უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის რეგისტრაციის ფაქტი და განმცხადებლის უფლებამოსილება;

ბ) საჭიროების შემთხვევაში – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან/და ქონებაზე საკუთრების უფლება; 

გ) კოოპერატივის წესდება. 

3. თუ წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული იურიდიული პირისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების შესახებ.

4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აღნიშნული იურიდიული პირის მონაცემები სააგენტოს შეჰყავს ელექტრონულ რეესტრში და გასცემს შესაბამის მოწმობას.  

5. ელექტრონული რეესტრის მონაცემები საჯაროა და ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

6. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირის საქმიანობის მონიტორინგი. ამ მონიტორინგის შედეგები შეიძლება გახდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება ეცნობება შესაბამის იურიდიულ პირს და ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

7. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4495  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

 

მუხლი 8. სააგენტო

1. სააგენტო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტრო.

2. სააგენტო იქმნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებით.

3. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

4. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და სააგენტოს დებულებით.

5. სააგენტოს ძირითადი უფლებამოსილებებია:

ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;

1) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე გრანტების გაცემა;

ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; 

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კონსულტაციების გაწევა;

დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების ბაზის შექმნა, რომელშიც აისახება ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ განხორციელებული, მიმდინარე ან/და განსახორციელებელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, აგრეთვე მოყვანილი და რეალიზებული მოსავლის, გაწეული მომსახურების სახეობის, რაოდენობის შესახებ და სხვა მონაცემები;

ე) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭება და შეწყვეტა;

ვ) კოოპერატივების საერთაშორისო ალიანსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების კოოპერაციულ გაერთიანებებთან თანამშრომლობა;

ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კადრების მომზადებისა და გადამზადების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელმძღვანელი პირების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;

თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის სფეროში გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, გამოფენების, სემინარებისა და შეხვედრების ორგანიზება;

ი) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება. ამ მიზნით სააგენტო უფლებამოსილია:

ი.ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისაგან მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული ან/და განსახორციელებელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის თაობაზე;

ი.ბ) საჭიროების შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების უზრუნველსაყოფად მიავლინოს უფლებამოსილი პირები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის ადგილზე გასაცნობად;

ი.გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და საკუთარი დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

6. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტის სახით მიღებული თანხები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

7. სააგენტოს აქვს ბეჭედი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, სააგენტოს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც.

საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2941 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4495  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1643   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

მუხლი 9. სააგენტოს ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია სააგენტოს თავმჯდომარე, რომელიც სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს.

2. სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. სააგენტოს თავმჯდომარე:

ა) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირთან ურთიერთობაში;

ბ) იღებს გადაწყვეტილებას (გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს) სააგენტოს კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას;

ე) ახორციელებს სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 10. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებასთან დაკავშირებით გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ძირითად საკითხებს:

ა) სავალდებულო სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესს;

ბ) წარმომადგენელთა ან საერთო კრების მოწვევის წესსა და უფლებამოსილებებს;

გ) მინიმალური პაის და საპაიო შენატანის ღირებულებებს;

დ) (ამოღებულია - 11.11.2015, №4495);

ე) ამ კანონის 13 3 მუხლის შესაბამისად მოგების განაწილების წესს;

ვ) ზარალის განაწილების წესს;

ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრს (მეპაიეს) შორის ურთიერთვალდებულებების წერილობით გაფორმების წესს;

თ) ლიკვიდაციის და ლიკვიდაციის შემდგომ დარჩენილი ქონების განაწილების წესს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული სავალდებულო სარეზერვო ფონდი არ უნდა იყოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წლიური მოგების 15%-ზე ნაკლები. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წინა საანგარიშო წლის მოგების არანაკლებ 15%-ის აკუმულირება წლის დასაწყისში უნდა განხორციელდეს.

4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს  სხვა სახის ფონდების, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო სარეზერვო ფონდისა, შექმნას და მათი განკარგვის წესს.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4495  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

 

მუხლი 101. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრი

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ვალდებულია აწარმოოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრი.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმოების წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4495  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1643   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

მუხლი 11. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები არიან მეპაიე და ასოცირებული წევრი.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ან/და სხვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ფლობს საპაიო შენატანს.

3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა იმ დასახლებებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 5-ზე ნაკლები.

4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული წევრი შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან/და იურიდიული პირი (მათ შორის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი), რომელსაც ამ კანონისა და საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე საპაიო ფონდში განხორციელებული აქვს ასოცირებული წევრის შენატანი.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შესაბამისი დარღვევის გამოსწორებისათვის ეძლევა გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

 

საქართველოს 2015 წლის 16 ივლისის  კანონი №4039  – ვებგვერდი, 28.07.2015წ.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4495  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

 

მუხლი 12. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობის შეწყვეტა

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) წევრობიდან გასვლა;

ბ) წევრის გარიცხვა;

გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარდაცვალება/ ლიკვიდაცია;

დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ლიკვიდაცია.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით შეიძლება შეიზღუდოს წევრობიდან გასვლის უფლება წევრის მიერ ფინანსური ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.

3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარიცხვა შეიძლება, თუ იგი:

ა) არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს;

ბ) უხეშად არღვევს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებას ან/და არ ასრულებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საერთო კრების, გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებებს.

4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება ხმათა უბრალო უმრავლესობით. საერთო კრების გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4495  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

 

მუხლი 13. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონება

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონება შედგება პაისგან, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული მოგებისგან, მიღებული გრანტებისა და სხვა წყაროებისგან, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონებას კოოპერატივის წესდებით დადგენილი უფლებების ფარგლებში განკარგავენ მისი მმართველობის ორგანოები.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4495  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

 

მუხლი 131. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა შენატანები

1. მეპაიის სავალდებულო საპაიო შენატანის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში მისი მოსალოდნელი სამეურნეო საქმიანობის შესაბამისად, კოოპერატივის მიერ ამ მეპაიისთვის გასაწევი მომსახურების ან/და მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულების პროპორციულად.

2. მეპაიეს უფლება აქვს, განახორციელოს დამატებითი საპაიო შენატანი სავალდებულო საპაიო შენატანის სრულად განხორციელების შემდეგ, საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. ასოცირებული წევრის შენატანის სახესა და ოდენობას ადგენს საერთო კრება, ხოლო მისი განხორციელების პირობები, აგრეთვე დივიდენდის გაცემის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და ასოცირებულ წევრსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში პაის ქონების სახით შეტანისას კოოპერატივი და ქონების შემტანი პირი წერილობით თანხმდებიან მის ღირებულებაზე.

5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ქონების სახით შეტანილი პაის ღირებულების ის ნაწილი, რომელიც აღემატება მეპაიის სავალდებულო საპაიო შენატანის ღირებულებას, მის დამატებით საპაიო შენატანში აისახება.

6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში პაის ქონების სახით შეტანისას ქონების ვალდებულებით დატვირთვა ან/და გასხვისება მისი შემტანი პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე ხორციელდება. 

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4495  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

 

მუხლი 132. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა უფლებები და მოვალეობები

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე უფლებამოსილია:

ა) მონაწილეობა მიიღოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მართვაში;

ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოში;

გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოსგან მიიღოს სრული ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის შესახებ;

დ) ისარგებლოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მომსახურებით;

ე) მიიღოს დივიდენდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან;

ვ) მიიღოს დამატებითი დივიდენდი მისი დამატებითი საპაიო შენატანის შესაბამისად, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;

ზ) მოითხოვოს საკუთარი ხარჯით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დამატებითი საბუღალტრო შემოწმების ან/და აუდიტის ჩატარება;

თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობიდან გასვლისას ან კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის სხვა შემთხვევაში დაიბრუნოს კუთვნილი პაი ფულის ან/და ქონების სახით, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;

ი) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შედეგად დარჩენილი ქონებიდან მიიღოს შესაბამისი წილი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;

კ) გაეცნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის მონაცემებს;

ლ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე ვალდებულია:

ა) დაიცვას ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესები;

ბ) შეასრულოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საერთო კრების, გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები;

გ) შეიტანოს პაი ამ კანონით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებითა და საერთო კრების მიერ დადგენილი წესით;

დ) მონაწილეობა მიიღოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;

ე) განახორციელოს დამატებითი საპაიო შენატანი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;

ვ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული წევრი უფლებამოსილია:

ა) მონაწილეობა მიიღოს საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით;

ბ) არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოში;

გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოსგან მიიღოს სრული ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის შესახებ;

დ) ისარგებლოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მომსახურებით;

ე) მიიღოს დივიდენდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან;

ვ) მოითხოვოს საკუთარი ხარჯით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დამატებითი საბუღალტრო შემოწმების ან/და აუდიტის ჩატარება;

ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობიდან გასვლისას ან კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის სხვა შემთხვევაში დაიბრუნოს კუთვნილი ასოცირებული წევრის შენატანი ფულის ან/და ქონების სახით, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;

თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ვალდებულებების დაფარვის შემდეგ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონებიდან დაიბრუნოს კუთვნილი ასოცირებული წევრის შენატანი და დარჩენილი ქონების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე განაწილებამდე მიიღოს დივიდენდი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;

ი) გაეცნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის მონაცემებს;

კ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესები;

ბ) განახორციელოს ასოცირებული წევრის შენატანი ამ კანონით ან საერთო კრების მიერ დადგენილი წესით და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;

გ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები. 

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4495  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

 

მუხლი 133. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგების განაწილება

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდები, პირველ რიგში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებულ წევრებზე გაიცემა:

ა) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და ასოცირებულ წევრსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია დივიდენდის ასოცირებული წევრის შენატანის პროპორციულად გაცემა, გაცემული დივიდენდის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ ასოცირებული წევრის შენატანის ღირებულების 15%-ს 1 სამეურნეო წლის განმავლობაში;

ბ) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და ასოცირებულ წევრსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია ამ ასოცირებულ წევრზე დივიდენდის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან გაცემა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა დამატებითი საპაიო შენატანებისა და ასოცირებულ წევრთა შენატანების მიხედვით გასაცემი დივიდენდების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წლიური მოგების 30%-ს.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდები ასოცირებული წევრების შემდეგ გაიცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე, მათი დამატებითი საპაიო შენატანების შესაბამისად:

ა) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია დივიდენდის მეპაიის დამატებითი საპაიო შენატანის პროპორციულად გაცემა, გაცემული დივიდენდის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მეპაიის დამატებითი საპაიო შენატანის ღირებულების 15%-ს 1 სამეურნეო წლის განმავლობაში;

ბ) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია ამ მეპაიეზე დივიდენდის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან გაცემა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა დამატებითი საპაიო შენატანებისა და ასოცირებულ წევრთა შენატანების მიხედვით გასაცემი დივიდენდების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წლიური მოგების 30%-ს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად დივიდენდების გაცემის შემდეგ დარჩენილი მოგება ნაწილდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე, მათი ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციულად.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4495  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.  

 

მუხლი 134. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ იმ პირებისაგან, რომლებიც მეპაიეები არ არიან, შესყიდული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ან/და მათთვის გაწეული მომსახურების მთლიანი ღირებულება მიმდინარე საანგარიშო წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წლიური სასაქონლო ბრუნვის 30%-ს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესებისა და აღწარმოებისათვის აუცილებელ სანერგე და სათესლე მასალებზე და ცხოველთა კვებისა და გამრავლებისათვის საჭირო პროდუქციაზე.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4495  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

         

მუხლი 14. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო ხელშეწყობა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებებია:

ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების პროექტებისა და პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ შეღავათიანი საკრედიტო რესურსებისა და გრანტების, მათ შორის, სახელმწიფო გრანტის, მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა;

გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;

დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საგადასახადო შეღავათების დადგენა.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4495  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

 

მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებამდე დაფუძნებულ კოოპერატივს, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, უფლება აქვს, ამავე კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოს მიმართოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესი.

3. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს დაფუძნება, სააგენტოს დებულების დამტკიცება და ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

4. იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებსაც 2016 წლის 1 იანვრამდე მიენიჭებათ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი და რომლებზედაც არ ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, უნარჩუნდებათ აღნიშნული სტატუსი.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4495  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

          

მუხლი 16. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–მე-7 და მე-10–მე-14 მუხლებისა და მე-15 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი–მე-7 და მე-10–მე-14 მუხლები და მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 ივლისი 2013 წ.

N816-რს

10. 16/12/2022 - საქართველოს კანონი - 2434-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 15/12/2021 - საქართველოს კანონი - 1140-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/12/2021 8. 04/02/2021 - საქართველოს კანონი - 166-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 08/02/2021 7. 24/06/2020 - საქართველოს კანონი - 6415-IIს - ვებგვერდი, 01/07/2020 6. 11/12/2019 - საქართველოს კანონი - 5498-Iს - ვებგვერდი, 23/12/2019 5. 25/06/2019 - საქართველოს კანონი - 4855-IIს - ვებგვერდი, 02/07/2019 4. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1643-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 3. 11/11/2015 - საქართველოს კანონი - 4495-Iს - ვებგვერდი, 24/11/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 16/07/2015 - საქართველოს კანონი - 4039-რს - ვებგვერდი, 28/07/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 12/12/2014 - საქართველოს კანონი - 2941-Iს - ვებგვერდი, 24/12/2014