საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5286
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 27/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.003.015
  • Word
5286
11/07/2007
სსმ, 29, 27/07/2007
060.000.000.05.001.003.015
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ.21) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებაზე;“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XXXIV2 თავი:

„თავი XXXIV2. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ საქმის განხილვის წესი

    მუხლი 3098. დასაშვებობა

ამ თავით დადგენილი წესით შეიძლება განხილულ იქნეს სააქციო საზოგადოების აქციონერის განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ, რომელსაც აქციათა შეძენის შედეგად საკუთრებაში აქვს სააქციო საზოგადოების ხმის უფლების მქონე აქციათა არანაკლებ 95%-ისა (შემდგომში – მყიდველი).

    მუხლი 3099. მყიდველის განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

1. მყიდველის განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ წარედგინება სასამართლოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

2. განცხადებას უნდა ერთოდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ა) სასამართლოს დასახელება;

ბ) მყიდველის და მისი წარმომადგენლის დასახელებები;

გ) განმცხადებლის მოთხოვნა;

დ) მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნება განცხადების შეტანამდე ერთი თვით ადრე მაინც;

ე) რეესტრის მწარმოებელი პირის მისამართი;

ვ) თარიღი (სამუშაო დღის ბოლოს შესაბამისი დრო), რომლის მდგომარეობით არსებულ აქციათა ბენეფიციარ მესაკუთრეთაგან უნდა მოხდეს მყიდველის მიერ აქციათა გამოსყიდვა (გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღი).

    მუხლი 30910. განსჯადობა

მყიდველის განცხადებას აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განიხილავენ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები, მყიდველის იურიდიული მისამართის შესაბამისად. ამ თავის მიზნებისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს.

    მუხლი 30911. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა

1. მოსამართლე აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების შეტანიდან 3 დღის ვადაში იხილავს მისი წარმოებაში მიღების საკითხს.

2. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 3099 მუხლის მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის შესახებ და განმცხადებელს მის შესავსებად მისცემს განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადას. თუ განმცხადებელი ამ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას გამოაქვს განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და განცხადებას თანდართულ მასალებთან ერთად უბრუნებს განმცხადებელს.

3. სასამართლოს განჩინებაზე აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

    მუხლი 30912. დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის დანიშვნა

1. აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღებიდან 7 დღის ვადაში ნიშნავს დამოუკიდებელ ექსპერტს ან საბროკერო კომპანიას.

2. დამოუკიდებელმა ექსპერტმა ან საბროკერო კომპანიამ უნდა შეადგინოს გამოსყიდვის ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება გამოსყიდვის დოკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დასადგენად გამოყენებული მეთოდი და ამის საფუძველზე განსაზღვრული აქციათა ფასი. დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის ხარჯებს ანაზღაურებს მყიდველი.

3. დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის შერჩევის დროს სასამართლო ითვალისწინებს მხარეთა მოსაზრებებს. მხარეებს უფლება აქვთ შესთავაზონ სასამართლოს დასანიშნი პირის კანდიდატურები. საბოლოოდ საკითხს, თუ ვის მიენდოს გამოსყიდვის ანგარიშის შედგენა, წყვეტს სასამართლო. მხარეებს უფლება აქვთ აცილება მისცენ დამოუკიდებელ ექსპერტს ან საბროკერო კომპანიას ამ კოდექსის 35-ე მუხლით დადგენილი საფუძვლით.

    მუხლი 30913. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების განხილვა

1. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებაში სასამართლო განსაზღვრავს დროს ზეპირი მოსმენისათვის და მხარეებს დაუყოვნებლივ აცნობებს სხდომის დროსა და ადგილს. აქციონერს, რომლის აქციების გამოსყიდვასაც მოითხოვს მყიდველი (შემდგომში – დაინტერესებული პირი), უწყებასთან ერთად ეგზავნება განცხადებისა და თანდართული მასალების ასლები და განესაზღვრება ვადა მოსაზრებების წარმოდგენისათვის.

2. თუ დაინტერესებულ პირთა რაოდენობა ორზე მეტია, ისინი ვალდებული არიან დანიშნონ წარმომადგენელი.

3. სასამართლო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილება გამოაქვს განცხადების წარმოებაში მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

4. განცხადება განიხილება სასამართლო სხდომაზე. სასამართლო ამოწმებს აქციათა სავალდებულო მიყიდვის პროცედურების შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საკითხის გადაწყვეტას.

    მუხლი 30914. სასამართლოს გადაწყვეტილება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით

1. თუ სასამართლო დაადგენს აქციათა სავალდებულო მიყიდვის პროცედურების შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან, მას გამოაქვს გადაწყვეტილება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

2. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასი და თარიღი (სამუშაო დღის ბოლოს შესაბამისი დრო), რომლის მდგომარეობით არსებულ აქციათა ბენეფიციარ მესაკუთრეთაგან უნდა მოხდეს მყიდველის მიერ აქციათა გამოსყიდვა (გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღი).

3. სასამართლომ აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენისას უნდა გაითვალისწინოს:

ა) ამ აქციების ღირებულება ფასიანი ქაღალდების ბაზარზე;

ბ) საზოგადოების მიერ მომავალში მისაღები სავარაუდო შემოსავლები;

გ) საზოგადოების აქტივები (მათ შორის, საწარმოს რეზერვები, საწარმოს საქმიანი რეპუტაცია, გამოცდილება, პერსპექტივები და საქმიანი კავშირები) და პასივები.

    მუხლი 30915. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს მისი გასაჩივრების წესი და ვადა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება დაიშვება გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 14 დღისა.

3. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სააპელაციო წესით. სააპელაციო წესით საქმის განხილვის ვადაა ერთი თვე.

4. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5286–რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.