,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე _ ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე _ ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”
დოკუმენტის ნომერი 1/3/407
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 26/12/2007
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 04/01/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
1/3/407
26/12/2007
სსმ, 1, 04/01/2008
000000000.00.00.000000
,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე _ ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის

გადაწყვეტილება

 

N1/3/407                                                      ბათუმი, 2007 წლის 26 დეკემბერი

 

კოლეგიის შემადგენლობა:

ვახტანგ გვარამია_სხდომის თავმჯდომარე;

ქეთევან ერემაძე_წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

ბესარიონ ზოიძე_წევრი.

 

სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.

            საქმის დასახელება: ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე _ ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”.

დავის საგანი: ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებაში სიტყვების «მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით და პროკურორის დადგენილებით» შემდეგ არსებული ჩანაწერის « ... , ან ...» კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

            საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე, იმავდროულად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი - ეკატერინე ლომთათიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი - ქეთევან აბაშიძე; მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ბათარ ჩანქსელიანი, იოსებ ლომაშვილი და ლევან კასრაძე; სპეციალისტი – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვენედი ბენიძე; მოწმეები – საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული სამმართველოს უფროსი მურთაზ ზოდელავა და ამავე სამმართველოს პროკურორი გიორგი ობგაიძე.

 

I

            1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის    24 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N407) მიმართეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მოქალაქე ეკატერინე ლომთათიძემ. 2006 წლის 14 ნოემბრის N1/7/407  საოქმო ჩანაწერით, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქმე მიიღო არსებითად განსახილველად.

            კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის       მე-19 და 39-ე მუხლები, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.

         2. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავოა ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადება, რომლის მიხედვით, ,,ისეთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება, რომელიც ზღუდავს კანონით გარანტირებული სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით წარმოებული შეტყობინების საიდუმლოებას, დაიშვება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით და პროკურორის დადგენილებით, ან იმ პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელიც არამართლზომიერ მოქმედებათა მსხვერპლია, ან თუ სახეზეა ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მონაცემები, რომლისთვისაც სისხლის სამართლის კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წელზე მეტი ვადით”.

            კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, დასახელებული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად: ,,ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას”.

3. მოსარჩელეთა აზრით, საქართველოს კონსტიტუციის       მე-20 მუხლი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სხვადასხვა ასპექტის  შეზღუდვას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ:             ა)სასამართლოს გადაწყვეტილებით; ბ)სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

ამის საწინააღმდეგოდ, სადავო ნორმა ისეთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებას, რომელიც ზღუდავს სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით წარმოებული შეტყობინების ხელშეუხებლობის უფლებას, შესაძლებლად მიიჩნევს სამ შემთხვევაში: ა)მოსამართლის ბრძანებით და პროკურორის დადგენილებით; ბ)იმ პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელიც არამართლზომიერ მოქმედებათა მსხვერპლია; გ)თუ სახეზეა ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მონაცემები, რისთვისაც სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წელზე მეტი ვადით.  მოსარჩელთა განმარტებით, ბოლო ორი პირობა ითვალისწინებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობას მოსამართლის ბრძანების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობები არც შინაარსობრივად შეესაბამება გადაუდებელი აუცილებლობის ცნებას და არც ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი მოიხსენიებს მათ ასეთად.

4.საქმის არსებითად განხილვისას, მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ სადავო ნორმა სპეციალური ნორმაა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ობიექტისა და მისი ჩატარების წესის მიხედვით. ის  მთლიანად არ მოიცავს ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” და ,,ი” ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი ღონისძიებების სახეებს. კანონმდებელმა ობიექტის მიხედვით გამოყო ოპერატიულ-სამძებრო ღონოსძიების კონკრეტული სახე და მასთან დაკავშირებით დააწესა ზოგადი ნორმისაგან განსხვავებული რეგულირება, რაც მდგომარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების სპეციალური წესის შემოღებაში. ამ თვალსაზრისით, ზოგად ნორმად მოსარჩელეები განიხილავენ ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლს. მათი განმარტებით, სახეზეა ზოგად და სპეციალურ ნორმებს შორის კოლიზია.  მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კოლიზიის შემთხვევაში სპეციალური ნორმა გამოიყენება, რაც საშუალებას აძლევს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელ ორგანოს, სადავო ნორმის განმარტებისას, მხედველობაში არ მიიღოს ამავე კანონის მე-7 მუხლის            მე-2 პუნქტის “თ” და “ი” ქვეპუნქტებისა და მე-20 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა. მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმაში “ან” კავშირის არსებობის გამო კომპეტენტური ორგანოს ამგვარი ქმედება არ იქნება კანონთან შეუსაბამო.

მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმაში “ან” კავშირის შემდეგ მითითებულია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების პირობები და არა საფუძვლები. მათთვის ამ ორ ცნებას შორის არსებითი განსხვავების მოძებნა რთულია, თუმცა აღნიშნეს, რომ  საფუძველი წინ უსწრებს პირობას. მათი განმარტებით, ღონისძიების ჩატარების საფუძვლებს განსაზღვრავს კანონის მე-8 მუხლი და, თუკი კანონმდებელი სადავო ნორმაში მითითებულ პირობებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების საფუძვლებად განიხილავდა, მაშინ მათ მე-8 მუხლში განსაზღვრავდა.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა ბუნდოვანია და სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. კერძოდ, შესაძლებელია “ან” კავშირის შემდეგ ჩამოთვლილი პირობებიდან თითოეული კუმულატურად იქნეს გამოყენებული ამავე ნორმის პირველ პირობასთან. მათი აზრით, ნორმის ორგვარად ინტერპრეტაციის შესაძლებლობა მიუთითებს მის ბუნდოვანებაზე. თუმცა აღნიშნეს, რომ ნორმის ბუნდოვანება თავისთავად არ ნიშნავს მის არაკონსტიტუციურობას.  ნორმა არკონსტიტუციურად მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს მიჩნეული, თუ მისი ერთ-ერთი ინტერპრეტაციიდან გამომდინარეობს კონსტიტუციური უფლებების შელახვის საფრთხე. ნორმის ბუნდოვანების პრობლემა განმარტების გზით უნდა იქნეს გადაწყვეტილი, მაგრამ კეთილსინდისიერი განმარტების ვალდებულება უფლების დაცვის არასაკმარისი გარანტიაა. მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმის ბუნდოვანება არ იხსნება აგრეთვე მისი კანონის სხვა მუხლებთან ერთობლიობაში წაკითხვისას.

საქმის არსებითი განხილვის დროს მოსარჩელეებმა ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა. მათი აზრით, თუ სადავო ნორმიდან ამოღებული იქნება სიტყვების “პროკურორის დადგენილებით” მომდევნო ჩანაწერი: “... ,ან…”, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბოლო ორი პირობა ჩაითვლება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების საფუძვლად. ნორმაში მითითებული პირობები ალტერნატიულ ხასიათს დაკარგავს, შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით და პროკურორის დადგენილებით.

            4.მოპასუხის წარმომადგენლების აზრით, მოსარჩელეები “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებას  არასწორ ინტერპრეტაციას აძლევენ. ეს ნორმა ზოგადი ხასიათის დანაწესია, რომელიც განსაზღვრავს: 1. თუ რა სამართლებრივი აქტები უნდა დაედოს საფუძვლად ისეთ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებას, რომელიც ზღუდავს სატელეფონო ან სხვა სახის ტექნიკური საშუალებით წარმოებული შეტყობინების საიდუმლოებას და 2. რა გარემოებებზე დაყრდნობით შეიძლება დაიწყოს შესაბამისმა ორგანომ აღნიშნული ღონისძიების ჩატარება. სადავო ნორმის ბოლო ორი პირობა წარმოადგენს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების მარტოოდენ დაწყების საფუძველს და არა მისი ჩატარების პროცედურას. მოპასუხის წარმომადგენელთა აზრით, უფლებამოსილმა ორგანომ, სადავო ნორმაში მითითებული გარემოებების არსებობისას, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება უნდა დაიწყოს ამავე კანონის მე-7 მუხლში გაწერილი პროცედურის დაცვით, რაც გამორიცხავს სასამართლოს გვერდის ავლით ადამიანის უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, როდესაც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დაწყებისათვის კანონი არ მოითხოვს მოსამართლის ბრძანების არსებობას, მისი კანონიერად ცნობის საკითხს საბოლოოდ მაინც სასამართლო წყვეტს. მოპასუხის წარმომადგენელთა აზრით, სადავო ნორმის შინაარსის გარკვევა უნდა მოხდეს კანონის სხვა ნორმებთან ერთობლიობაში, რაც  ცალსახად გამომდინარეობს კანონის მიზნებიდან, სულისკვეთებიდან, მისი განმარტებიდან. სადავო ნორმის სხვაგვარი ინტერპრეტაცია, მისი იზოლირებულად, მე-7 მუხლისაგან მოწყვეტით გამოყენება გამოიწვევს როგორც მე-7, ასევე მე-9 მუხლის დარღვევას.

            წინააღმდეგობრივია მოპასუხის მოსაზრება კანონის მე-8 მუხლისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ურთიერთმიმართების თაობაზე. თავდაპირველად, მოპასუხის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულია დამატებითი, მე-8 მუხლისაგან განსხვავებული საფუძვლები. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების პირობების თვალსაზრისით, კანონის მე-8 მუხლი ზოგადია, ხოლო სადავო ნორმა _ სპეციალური. ამასთან, ის ამკრძალავი ხასიათისაა და ზღუდავს სამართალდამცავ ორგანოებს დასახელებული  ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისას. ამ დამატებითი პირობების არსებობის გარეშე, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაზე გავრცელდება მე-8 მუხლით დადგენილი ზოგადი საფუძვლები, რაც მნიშვნელოვნად გააფართოებს ასეთი ღონისძიების ჩატარების კანონით დაშვებულ არეალს და წარმოშობს, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, გაცილებით მეტ საფრთხეს. მოგვიანებით, მოპასუხის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მე-8 მუხლში ამომწურავად არის ჩამოთვლილი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების საფუძვლები და იგი მოიცავს  მე-9 მუხლში მითითებულ პირობებსაც. 

            არაერთგვაროვანია მათი პოზიცია ნორმის ბუნდოვანების თაობაზე. შესაგებელში აღნიშნეს, რომ ნორმა არ არის ბუნდოვანი და მასში ნათლად იკითხება როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო პირთა უფლება-მოვალეობები. მათი აზრით, ნორმის ბუნდოვანება გულისხმობს მისი სხვადსხვაგვარად წაკითხვისა და გამოყენების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია გამორიცხულია, თუ იგი კანონის ერთიან კონტექსტში იქნება აღქმული. მოგვიანებით, სასამართლო სხდომაზე, მოპასუხის წარმომადგენელმა  განმარტა, რომ შესაძლებელია ნორმა გარკვეულწილად ხარვეზიანი იყოს, ამასთან, დასაშვებად მიიჩნია მისი გადატანა მე-8 მუხლით მოცემულ საერთო საფუძვლებში. ასევე არ გამორიცხა ნორმიდან “ან” კავშირის ამოღების შესაძლებლობა და მისი დახვეწა იმგვარად, რომ არ დაიკარგოს ნორმის შინაარსი და მიზანი. მოგვიანებით მოპასუხის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ნორმის არსებული  ფორმულირებაც არ უშლით ხელს, განმარტონ იგი კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად. დასკვნით სიტყვაში პოზიცია კვლავ შეცვალეს და აღნიშნეს, რომ ნორმა როგორც შინაარსობრივად, ასევე საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით გამართულია და მასში “ან” კავშირის არსებობა უკეთ უზრუნველყოფს ნორმის სწორად წაკითხვასა და გამოყენებას.

მოპასუხის აზრით, ზოგადად “ან” კავშირი ალტერნატიულობის მაჩვენებელია, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სწორედ ის განაპირობებს სადავო ნორმაში პირობების კუმულაციას. ამ სიტყვის ამოღებით დაიკარგება სადავო ნორმის კანონის ერთიან კონტექსტში წაკითხვისა და გამოყენების ვალდებულება, ასევე ის მიზანი, რაც მასში ჩადო კანონმდებელმა.

5. საქმეზე სპეციალისტად მოწვეული თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ვენედი ბენიძის აზრით, სადავო ნორმა წარმოადგენს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი კანონმდებლობის სინთეზს. მისი განმარტებით, “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადება ადგენს ისეთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების, როგორიცაა სატელეფონო და კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებით წარმოებული საუბრების მოსმენა, განხორციელების ამავე კანონის სხვა ნორმებისაგან არსებითად განსხვავებულ წესს. მიუხედავად იმისა, რომ კანონის სხვა ნორმები იმპერატიულად მოითხოვენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისათვის მოსამართლის ბრძანების ან პროკურორის დადგენილების არსებობას, სადავო ნორმა ითვალისწინებს აღნიშნული ურთიერთობის განსხვავებულ მოწესრიგებას. სპეციალისტის აზრით, ასეთი განმარტების საფუძველს იძლევა “ან” კავშირი. ის განაპირობებს ორი დამოუკიდებელი, ალტერნატიული საფუძვლის არსებობას, როდესაც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება შესაძლებელია მოსამართლის ბრძანებისა და პროკურორის დადგენილების გარეშე. სპეციალისტის აზრით, აღნიშნული განპირობებულია შემდეგი  გარემოებით: სადავო ნორმის მიღების დროს იურიდიულ მეცნიერებაში არსებობდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ თუ პირი თვითონ მიმართავდა ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს საკუთარი სატელეფონო საუბრების მოსმენის მოთხოვნით, მაშინ ეს არ ჩაითვლებოდა პირის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვად და, შესაბამისად, არ წარმოიშობოდა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების მოსამართლის ბრძანებით დაკანონების აუცილებლობა.

დასახელებული მიზეზის გამო, სპეციალისტს ნორმა კონსტიტუციის შეუსაბამოდ მიაჩნია. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე მიუთითებს აგრეთვე მისი ბუნდოვანება, ანუ სხვადასხვანაირად ინტერპრეტირების შესაძლებლობა. ვ. ბენიძემ აღნიშნა, რომ “ან” კავშირის ამოღებით, მთლიანად შეიცვლება სადავო ნორმის დეფინიცია. შეიზღუდება ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების მოქმედების დიაპაზონი. ამ შემთხვევაში სადავო ნორმაში “ან” კავშირის შემდეგ მოცემული პირობები დაკარგავენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების დამოუკიდებელი, ალტერნატიული საფუძვლების ხასიათს და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორიელებელი ორგანოებისათვის იქცევიან ასეთი ღონისძიების განხორციელების დამატებით შემზღუდველ პირობებად. მისი აზრით, მოცემულ შემთხვევაში, არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, სადავო ნორმა წარმოადგენს ზოგად თუ სპეციალურ ნორმას, რადგან, როგორც ზოგადი ასევე სპეციალური ნორმები უნდა გამომდინარეობდეს კონსტიტუციიდან.

6. სხდომაზე მოწმედ მოწვეულმა საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა _ მურთაზ ზოდელავამ და გიორგი ობგაიძემ ყურადღება გაამახვილეს სადავო ნორმის პრაქტიკაში გამოყენების საკითხებზე. მათი განმარტებით, ისეთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, რომელიც ზღუდავს პირის კანონით გარანტირებულ სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით წარმოებული შეტყობინებების საიდუმლოებას, ტარდება მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში იგი ტარდება პროკურორის დადგენილებით, რომელიც შემდგომში დაკანონდება მოსამართლის ბრძანებით. “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის         მე-2 პუნქტის პირველი წინადადება წარმოადგენს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს შემზღუდველ ნორმას. მის პირველ ნაწილში მოცემულია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ფორმალური, ხოლო მეორე ნაწილში (“ან” კავშირის შემდეგ) მატერიალური საფუძველი. თუ სახეზე არ არის სადავო ნორმის მეორე ნაწილში მითითებული პირობები, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანო მოკლებულია უფლებამოსილებას, მიმართოს სასამართლოს ან პროკურორს და მოითხოვოს ამავე ნორმაში მითითებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება.

მოწმეთა განმარტებით, სადავო ნორმაში “ან” კავშირის არსებობა, შესაძლოა ნორმას ბუნდოვანს ხდიდეს, მაგრამ ეს არ უშლის ხელს საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოახდინოს მისი განმარტება კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად და დანერგოს ერთგვაროვანი სამართალგამოყენების პრაქტიკა. გენერალური პროკურატურა ზედამხედველობას უწევს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მუშაობას და სადავო ნორმის მოქმედების პერიოდში ერთი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა, როდესაც “ოპერატიულ-სამძებრო სა მიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებაში მითითებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ჩატარებულიყო მოსამართლის ბრძანების გარეშე. მოწმეთა ჩვენებით, ამის საწინააღმდეგო პრაქტიკა გამოიწვევს კანონის დარღვევას და უფლებამოსილი პირების ადეკვატურ რეაგირებას. მათი აზრით, სადავო ნორმაში “ან” კავშირის არარსებობა ხელს არ შეუშლის ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს, რომ ნორმა შემდგომშიც განმარტოს და გამოიყენოს ისე, როგორც ეს დღეს ხდება.

 

II

 

            1.ძირითადი კონსტიტუციური პრინციპები განაპირობებენ მთლიანად კონსტიტუციის შინაარსს, იმავდროულად, განსაზღვრავენ სახელმწიფოს განვითარების ძირითად მიმართულებებს.  კონკრეტული დავების გადაწყვეტისას, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია როგორც კონსტიტუციის შესაბამისი დებულება, ისე სადავო ნორმა  გააანალიზოს და შეაფასოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების კონტექსტში, რათა ეს ნორმები, განმარტების შედეგად, არ დაცილდნენ მთლიანად კონსტიტუციაში  გათვალისწინებულ ღირებულებათა წესრიგს. მხოლოდ ასე მიიღწევა კონსტიტუციის ნორმის სრული განმარტება, რაც , თავის მხრივ , ხელს უწყობს კონკრეტული სადავო ნორმის კონსტიტუციურობის სწორ შეფასებას.

            2.დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები უმნიშვნელოვანესია კონსტიტუციურ პრინციპებს შორის. ისინი პრაქტიკულად ყველა კონსტიტუციური ნორმის, მათ შორის დანარჩენი კონსტიტუციური პრინციპების საფუძველს წარმოადგენენ. ამ პრინციპებს ეყრდნობა მთლიანად კონსტიტუციური წყობა. ამასთან, ისინი ავალდებულებენ ხელისუფლებას, შეიზღუდოს კონსტიტუციური წყობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელისუფულების არც ერთ შტოს არა აქვს უფლება, იმოქმედოს მხოლოდ მიზანშეწონილობის, პოლიტიკური აუცილებლობის ან სხვა  მოტივაციის საფუძველზე. ხელისუფლება უნდა ეყრდნობოდეს კონსტიტუციას, კანონს და მთლიანად სამართალს. მხოლოდ ასე იქმნება სამართლიანი მართლწესრიგი, რომლის გარეშეც ვერ შედგება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო.

3.ძირითადი კონსტიტუციური პრინციპები წარმოადგენენ ადამიანის ღირსების დაცვის სამართლებრივ გარანტიას.  ადამიანის ღირსება და პიროვნული თავისუფლება კი მის ძირითად უფლებებში, მათ ადეკვატურ დაცვასა და სრულად განხორციელებაში გამოიხატება. ამიტომ ამ უფლებებში სახელმწიფოს არათანაზომიერი, გადამეტებული ჩარევა ხელყოფს ადამიანის ღირსებასაც.

ზოგადად, ძირითადი უფლებები ავალდებულებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს ყოველი ადამიანის პიროვნული თავისუფლების სრული თვითრეალიზაციის შესაძლებლობა, რაც, პირველ რიგში, მოითხოვს სახელმწიფოს სიფრთხილეს და ზომიერებას უფლებაში ჩარევისა და  რეგულირების ფარგლების დადგენისას. ამ თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უზრუნველმყოფელი ნორმა-პრინციპები, რომლებიც   განსაზღვრავენ ხელისუფლების ადამიანთან ურთიერთობის შინაარსს. კერძოდ: «სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში» (მე-5 მუხლის პირველი პუნქტი); «სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით» (მუხ.7).

4.პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლებაა. მისი კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-20 მუხლში.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფარგლებში პირები უზრუნველყოფილი არიან ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობის, სახელის, პირადი მონაცემების, საცხოვრებლის, ოჯახისა და სქესობრივი ცხოვრების საიდუმლოების, მიმოწერის და სატელეფონო საუბრის საიდუმლოების ხელშეუხებლობის უფლებებით. განაპირობებს რა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების არსს, თითოეული მათგანი, იმავდროულად, დამოუკიდებელი შინაარსის მატარებელია.

ზოგადად, პირადი ცხოვრება გულისხმობს ინდივიდის ცხოვრებისა და განვითარების კერძო სფეროს. უფლება პირად ცხოვრებაზე კი, ერთი მხრივ, ნიშნავს ინდივიდის შესაძლებლობას, პირადად, საკუთარი შეხედულებისამებრ, დამოუკიდებლად შექმნას და განავითაროს თავისი კერძო ცხოვრება, ხოლო, მეორე მხრივ, იყოს დაცული და უზრუნველყოფილი მის კერძო სფეროში სახელმწიფოს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პირების ჩარევისგან. შესაბამისად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება უზრუნველყოფს პიროვნების თავისუფალ განვითარებას, რადგან საშუალებას აძლევს მას, კერძო სფეროში საზოგადოების ჩარევისა და ყურადღებისაგან თავისუფალ პირობებში მოახდინოს ინფორმაციის, მოსაზრებებისა და შთაბეჭდილებების გაცვლა-გაზიარება.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას უზრუნველყოფს კონსტიტუციის ამავე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულებები: ერთი მხრივ, არსებობს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს პირადი ცხოვრების პატივისცემა და ამ უფლებით ეფექტიანი სარგებლობა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშემშლელი გარემოებების, შეზღუდვების  უგულებელყოფას, აღკვეთას. მეორე მხრივ, სახელმწიფოს აქვს ნეგატიური ვალდებულება, არ ჩაერიოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული უფლებებით სარგებლობაში და, შესაბამისად, უზრუნველყოს პიროვნების დაცვა, მის პირად ცხოვრებაში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ან თანამდებობის პირების მხრიდან თვითნებური ჩარევისაგან.

ნიშანდობლივია, რომ პირადი ცხოვრების ფართო და მრავალმხრივი შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი ზუსტი და ამომწურავი განმარტება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც, რომლის პრაქტიკა ამ სფეროში ძალზე მდიდარია, არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს ამ უფლების სრული განმარტების შეუძლებლობაზე. “სასამართლო არ თვლის შესაძლებლად ან აუცილებლად, ამომწურავად განსაზღვროს “პირადი ცხოვრების” კონცეფცია (ნიმიცი გერმანიის წინააღმდეგ, 1992 წლის 16 დეკემბერი, 29-ე პუნქტი).

5.მოცემულ დავაში საკონსტიტუციო სასამართლოს ამოცანას არც წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების სრული განმარტება. იმავდროულად, ამ სასარჩელო მოთხოვნის  სპეციფიკურობა მდგომარეობს იმაში, რომ სადავო არის არა თავად კონკრეტული ნორმის ტექსტის, მისი ცალკეული დებულების ან პირობის კონსტიტუციასთან მიმართება, არამედ ნორმის ბუნდოვანება, მისი არაერთგვაროვანი წაკითხვის ალბათობა.

საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნით. ის უფლებამოსილია და ვალდებულიც, როგორც კონსტიტუციის, ისე სადავო ნორმის შესაბამისი  დებულებები გააანალიზოს, განმარტოს და შეაფასოს მხოლოდ დავის საგნის ფარგლებში. ამიტომ, ამ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა იმსჯელოს მხოლოდ სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით წარმოებული შეტყობინების საიდუმლოების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის კონსტიტუციით დასაშვებ ფარგლებზე. ასევე, პასუხი უნდა გასცეს შემდეგ კითხვებს: რა არის ნორმის ბუნდოვანება; როდის, რა შემთხვევებში არის ბუნდოვანი ნორმა არაკონსტიტუციური.

6.სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით წარმოებული შეტყობინების ხელშეუხებლობის უფლების  ფარგლებში დაცულია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ურთიერთობა ტელეფონის, ფაქსის, ინტერნეტის, ელექტრონული და ჩვეულებრივი ფოსტის, პეიჯერისა და ნებისმიერი სხვა ტექნიკური საშუალებით.

კონსტიტუციის მიზანი, ამ შემთხვევაში, არის დაიცვას პირებს შორის ნებისმიერი საშუალებით საუბრისა და მიმოწერის შესაძლებლობა.

ამ უფლების უზრუნველყოფის ფარგლებში სახელმწიფოს ზოგადად ეკრძალება, გაეცნოს სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით წარმოებული საუბრებისა და შეტყობინებების შინაარსს, აგრეთვე, დააწესოს კონტროლი, ვისთან და რა ინტენსივობით შედგა ასეთი ურთიერთობები.

იმავდროულად, ეს უფლება არ არის აბსოლუტური.

7.კონკრეტული უფლების ადეკვატური უზრუნველყოფით ადამიანის ღირსების დაცვისას, სახელმწიფო, იმავდროულად ვალდებულია, გაითვალისწინოს დემოკრატიულ, სამართლებრივ და სოციალურ სახელმწიფოში ადამიანისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულება. ამიტომ კანონმდებლობა უნდა შეიქმნას სოციალური თანაცხოვრების ხელშეწყობისა და შენარჩუნების გათვალისწინებით, თუმცა იმ სავალდებულო პირობით, რომ დაცული იქნება თითოეული პიროვნების თვითმყოფადობა.

 «თანამედროვე სახელმწიფოს სტაბილურობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის პრიორიტეტების სწორად და სამართლიანად განსაზღვრა, ხელისუფლებისა და ადამიანის ურთიერთობის გონივრულად დაბალანსებული სისტემის შექმნა. ეს, პირველ რიგში, გამოხატულებას პოვებს ყოველი კონკრეტული უფლების შინაარსისა და ფარგლების ადეკვატურ საკანონმდებლო განსაზღვრაში» (2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე   “საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”).

ძირითადი კონსტიტუციური პრინციპები ერთნაირად მოითხოვს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისთვის აუცილებელი როგორც კერძო, ისე საჯარო ინტერესების რეალიზაციის უზრუნველყოფას, მათ შორის გონივრული, თანაზომიერი და პროპორციული ბალანსის დაცვას.

8.არაერთი ძირითადი უფლების მსგავსად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვაც თავად კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, ამასთან კონკრეტულადაა დადგენილი სახელმწიფოს მხრიდან უფლებაში ჩარევის დასაშვები ფარგლები.

ინდივიდის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების განსაკუთრებით მნიშვნელოვან შეზღუდვას წარმოადგენს სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით წარმოებული შეტყობინების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევა.

ეს უფლება, ერთ-ერთი თვალსაჩინოა იმ უფლებებს შორის, რომელთა შინაარსის განსაზღვრისას, ხელისუფლება დემოკრატიული და პოლიციური სახელმწიფოების ზღვარზე გადის.

ზოგადად, ადამიანებზე ფარული დაკვირვება პოლიციური სახელმწიფოსთვისაა დამახასიათებელი. იმავდროულად, ქვეყნის კონსტიტუციური წყობის, სახელმწიფო და ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დანაშაულის თავიდან აცილება, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება ადამიანთა უფლებების ეფექტურ დაცვას, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ვალდებულებაა. ზუსტად ამ საჯარო ინტერესების უზრუნველყოფას ემსახურება დასახელებული უფლების შეზღუდვა.

ამ თვალსაზრისით, საჯარო ინტერესის ფარგლები დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლითაც, რომლის თანახმად, უფლებაში ჩარევა დასაშვებია, როდესაც ეს აუცილებელია: დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

ამ ძირითადი მიზნების ფარგლებში სახელმწიფოთა უმრავლესობის პოზიცია მეტ-ნაკლები სხვაობით მსგავსია  კანონმდებლობაში უფლების შეზღუდვის ამოცანებისა და საფუძვლების შინაარსთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით, კერძო ინტერესის საპირწონე საჯარო ინტერესი დაკონკრეტებულია «ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლში, ხოლო საფუძვლები მოცემულია მე-8 მუხლში.

9.ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწფოს ვალდებულებაა, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა აღიკვეთოს სერიოზული საფრთხეები, რომლებმაც შეიძლება დემოკრატიული ინსტიტუტების დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. ამიტომ ამ საფრთხეებთან ბრძოლისთვის, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს, მათ შორის იმის შესაძლებლობაც, რომ განახორციელოს ფარული კონტროლი, თვალთვალი პირებზე (პირთა ჯგუფზე) რომელთაგანაც ეს საფრთხეები მომდინარეობს. ასეთ დროს, ზუსტად უფლებაში ჩარევის ფარული ხასიათი უზრუნველყოფს საჯარო ინტერესის დაცვის ეფექტურობას.

ბუნებრივია, რომ კონსტიტუციით ვერ იქნება უზრუნველყოფილი იმ პირთა კონკრეტული უფლების ხელშეუხებლობა, რომლებიც ხელყოფენ ან საფრთხეს უქმნიან ქვეყნის კონსტიტუციურ წყობას, დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობას, სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს.

თავისთავად, დასახელებული საჯარო ინტერესების არსებობა, იმავდროულად, არ არის საკმარისი უფლებაში ჩარევის გამართლებისათვის. თვალსაჩინო უნდა იყოს ამ საჯარო ინტერესების დაცვის აუცილებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობა ადეკვატური მექანიზმებით უნდა ქმნიდეს ისეთ ვითარებას, რომ საჯარო ინტერესების მისაღწევად უფლებაში ჩარევა ხდებოდეს მხოლოდ რეალური აუცილებლობის შემთხვევაში.  

გარდა ამისა, სახელმწიფოს არა აქვს უფლება, სერიოზულ საფრთხესთან ბრძოლის მოტივით მიიღოს ნებისმიერი ზომები, რომლებსაც ის შესაბამისად და ადეკვატურად მიიჩნევს. უფლებაში ჩარევა, მისი ფარული ხასიათიდან გამომდინარე, აჩენს უფლებამოსილების გადამეტების, ბოროტად გამოყენების რისკს, რასაც შესაძლოა მავნე შედეგები მოჰყვეს მთლიანად დემოკრატიული საზოგადოებისთვის. შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში, უფლებაში ჩარევა შეიძლება იყოს გამართლებული მხოლოდ მაშინ, თუ კანონმდებლობა უზრუნველყოფილი იქნება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისაგან დაცვის ეფექტური მექანიზმებით. სახელმწიფო, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს აყენებს ფარული კონტროლის რისკის ქვეშ, არ უნდა სარგებლობდეს შეუზღუდავი უფლებამოსილებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუბალანსებელმა კანონმდებლობამ, დემოკრატიის დაცვის მოტივით, შესაძლოა თავად დემოკრატია გახადოს ძალზე მყიფე და სათუო.

10.კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსებას ემსახურება უფლებაში ჩარევის კონსტიტუციით დადგენილი ფარგლები. კერძოდ, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, «აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას».

ეს პუნქტი კანონმდებელს აძლევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შინაარსის განსაზღვრის უფლებამოსილებას, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ კანონმდებლის ნება კონსტიტუციური მოთხოვნის ადეკვატური იქნება.

მოცემულ შემთხვევაშიც, უნდა გავაანალიზოთ, რამდენად შეძლო კანონმდებელმა კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსება და რამდენად მკაფიოდ, ცხადად და არაორაზროვნად აისახა ეს ბალანსი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში.

11.მოცემული დავის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ნორმის პრობლემატურობა განაპირობა მისი არაერთგვაროვანი წაკითხვის შესაძლებლობამ, ნორმის ბუნდოვანებამ.

ზოგადად, კონკრეტული კონსტიტუციური უფლების შინაარსის კონსტიტუციით დასაშვებ ფარგლებში განსაზღვრისთვის კანონმდებელი ვალდებულია,  მიიღოს ზუსტი, მკაფიო, არაორაზროვანი, განჭვრეტადი კანონმდებლობა (ნორმები), რომელიც პასუხობს კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნას. ეს გარემოება ერთ-ერთი გადამწყვეტი კრიტერიუმია ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას. კანონმდებლის ასეთი ვალდებულება კი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან მომდინარეობს.

            «კანონად» შეიძლება ჩაითვალოს საკანონმდებლო საქმიანობის მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც პასუხობს კანონის ხარისხის მოთხოვნებს. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს კანონის შესაბამისობას სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებთან. ამ პრინციპების რეალური დაცვისთვის პრაქტიკული და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კანონის ხელმისაწვდომობასა და განჭვრეტადობას. კანონის ხარისხი მოითხოვს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია იყოს იმდენად მკაფიო, რომ პირმა, რომლის უფლებაში ჩარევაც ხდება, შეძლოს სამართლებრივი მდგომარეობის ადეკვატურად შეცნობა და საკუთარი ქმედების შესაბამისად წარმართვა. 

ამ თვალსაზრისით, ნიშანდობლივია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა. არაერთ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ კონკრეტული კანონი უნდა იყოს ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც უნდა შეეძლოს, წინასწარ განსაზღვროს ამ კანონის მის მიმართ გამოყენების შედეგები. ასევე, კანონი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სამართლის უზენაესობის პრინციპს («ლენდერი შვედეთის წინააღმდეგ», 1970 წლის 26 მარტი, პ.50; «კრუსლინი საფრანგეთის წინააღმდეგ», 1990 წლის 24 აპრილი, პ.27; «ჰუვიგი საფრანგეთის წინააღმდეგ», 1990 წლის 24 აპრილი; «კოპი შვეიცარიის წინააღმდეგ», 1998 წლის 25 მარტი, პ.55; «მელოუნი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ», 1984 წლის 2 აგვისტო, პ.67; «ბართოლდი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინააღმდეგ» , 1985 წლის 25 მარტი, პ.45; «გრიგორიადესი საბერძნეთის წინააღმდეგ», 1997 წლის 25 ნოემბერი, პ.37).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის განჭვრეტადობისა და ხელმისაწვდომობის აუცილებლობის თაობაზე აღნიშნა: «ნორმა უნდა იყოს ნათელი და განსაზღვრულობის მოთხოვნებთან შესაბამისი. ადამიანს უნდა შეეძლოს ზუსტად გაარკვიოს, თუ რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი და მიუსადაგოს ამ მოთხოვნას თავისი ქცევა. საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის სხვადასხვა ნორმებთან სადავო ნორმების შესაბამისობის ანალიზისას უნდა დაადგინოს, ხომ არ გამოუწვევია უფლების დარღვევა ნორმის განუსაზღვრელობას»  (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე « საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ»).

კონსტიტუციური დავის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე უნდა შეაფასოს, ნორმის განსაზღვრულობა არის კი იმ ხარისხის, რომ მისი გამოყენების საფუძველზე, ცალსახად გამოირიცხოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის თუნდაც ერთეული შემთხვევა. ბუნებრივია, აქ არ იგულისხმება კანონის დარღვევის შედეგად უფლებაში გადამეტებული ჩარევის შემთხვევები. ამ საკითხებზე მსჯელობა სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შემდეგ გარემოებას: ნორმა, მისი შინაარსის, მისივე ტექსტის ადეკვატურად, სწორად წაკითხვისას და შესაბამისად გამოყენებისას, იწვევს თუ არა კონსტიტუციური უფლების დარღვევის საფრთხეს.

12.ნორმის ბუნდოვანება, რომელიც ხელმისაწვდომობისა და განჭვრეტადობის კრიტერიუმებით ფასდება, არსებით გავლენას ახდენს, თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით, ნორმის კონსტიტუციურობის დადგენაზე.

            როგორც უკვე აღინიშნა, კონკრეტულ უფლებაში ჩარევა ხდება გარკვეული საზოგადოებრივი სიკეთის მისაღწევად. თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით უფლების სავარაუდო დარღვევის საკითხის გარკვევისას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამართლებრივი სიკეთისადმი მოსალოდნელი საფრთხის სიმძიმეს. ეს სამართლებრივი სიკეთე, ერთი მხრივ, არის კონკრეტული უფლება, რომლის შეზღუდვის აუცილებლობაც დგება და, მეორე მხრივ, საზოგადოებრივი ინტერესი, რომლის დაცვისთვისაც აუცილებელია უფლებაში ჩარევა. თუ მკაფიო, ნათელი და საკმარისად კონკრეტული არ იქნება უფლებაში ჩარევის ყველა წინა პირობა, საფუძველი თუ წესი, ეს, თავისთავად, განაპირობებს არა მხოლოდ უფლებაში გადამეტებული ჩარევის, არამედ საზოგადოებრივი ინტერესების არასწორად დაკმაყოფილების რისკსაც. შესაბამისად, ვერ მიიღწევა კერძო და საჯარო ინტერესების გონივრული და პროპორციული თანაფარდობა. უფლებაში ჩარევის მარეგულირებელი ასეთი ნორმაც ვერ დააკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.

13. მოცემული დავის ფარგლებშიც «ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი უნდა შეფასდეს მისი განსაზღვრულობის მოთხოვნებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

გასათვალისწინებელია, რომ სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით წარმოებული შეტყობინების ხელშეუხებლობის უფლების შემზღუდველი ნორმებისადმი მოთხოვნები, ზოგადად, მათ ხელმისაწვდომობასა და განჭვრეტადობასთან დაკავშრებით, გაცილებით მკაცრია, ვიდრე ჩვეულებრივ გამოიყენება ამა თუ იმ ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას. ეს ძირითადად განპირობებულია შემდეგი მიზეზებით:

ა)უფლებაში ჩარევის ბუნებით – კონკრეტული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ტარდება ფარულად. «ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს საქმიანობა «მკაცრად გასაიდუმლოებულია». შესაბამისად, კონკრეტულმა პირებმა არ იციან ზუსტი დამაჯერებლობით, როდის ტარდება ეს ღონისძიება მათ მიმართ.

ბ)პირი არ მონაწილეობს იმ სასამართლო პროცესში, სადაც უნდა გადაწყდეს მის მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების აუცილებლობის საკითხი. შესაბამისად, მან არაფერი იცის ასეთი ღონისძიების გამოყენების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე, მეტიც, მოკლებულია შესაძლებლობას, თავიდან აიცილოს უფლებაში სახელმწიფოს არამართლზომიერი, გადამეტებული ჩარევა.

გ)გართულებულია ე.წ. «მესამე პირების» ინტერესების ადეკვატური დაცვა. ესენი არიან პირები, უშუალოდ რომელთა მიმართაც და რომელთა მიზეზითაც არ ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება. ისინი ფარული კონტროლის ობიექტები შეიძლება გახდნენ იმ პირებთან სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით დაკავშირებისას, რომელთა მიმართაც ხორციელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება. მესამე პირები სახელმწიფოს მხრიდან კონტროლს საერთოდ არ მოელიან და , შესაბამისად, არც თავის დაცვა შეუძლიათ.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირადი ცხოვრების ამ სფეროს შეზღუდვისას დაცულობის ხარისხი ბევრად მაღალი უნდა იყოს. კანონში დეტალურად, მკაფიოდ, საკმარისი დამაჯერებლობითა და სიცხადით უნდა იყოს მოცემული უფლებაში ჩარევის კონკრეტული მიზანი, ამოცანები, საფუძვლები. არაორაზროვანი, ნათელი და განჭვრეტადი უნდა იყოს უფლებაში ჩარევის წესი,  ანუ პირებს კანონი უნდა უქმნიდეს ძალიან მკაფიო და თვალნათელ წარმოდგენას, როდის და როგორ შეიძლება აღმოჩნდეს მათი უფლება შეზღუდვის რისკის ქვეშ.

            ამ თვალსაზრისით, ნიშანდობლივია ევროსასამართლოს პოზიციაც. «მოსმენები და სატელეფონო საუბრებზე კონტროლის სხვა ფორმები წარმოადგენენ პირადი ცხოვრებისა და კორესპონდენციის თავისუფლებაში სერიოზულ ჩარევას, ამიტომ უნდა ეფუძნებოდნენ კანონს, რომელიც ამ ნაწილში უნდა იყოს განსაკუთრებით ზუსტი» («კოპი შვეიცარიის წინააღმდეგ», 1998 წლის 25 მარტი, პ.72).

            14.დაცული სფეროს განსაკუთრებულობა და უფლებაში ჩარევის ფორმა განაპირობებს კანონისადმი შემდეგ დამატებით მოთხოვნებსაც: ა) მოცემულ შემთხვევაში კანონის სიზუსტე, განჭვრეტადობა და ხელმისაწვდომობა მოიცავს იმ აუცილებელ პირობასაც, რომ უფლების შეზღუდვაზე უფლებამოსილი პირების დასაშვები მოქმედების ფარგლები იყოს კონკრეტული, გასაგები, მკაფიო.

კანონისადმი ასეთი მოთხოვნა აუცილებელია უფლებაში ჩარევაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) შეზღუდვის და შემდგომი კონტროლის უზრუნველყოფისთვის, რადგან ამ თანამდებობის პირებს კონკრეტული საჯარო ინტერესის მიღწევა სამართლებრივი სახელმწიფოსგან აქვთ დაკისრებული. სამართლის უზენაესობის პრინციპთან შესაბამისობისათვის კანონი უნდა უზრუნველყოფდეს უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობას ხელისუფლების მხრიდან თვითნებური ჩარევისაგან. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს, რომ თავად კანონით დეტალურად, სიცხადის საკმარისი ხარისხით განისაზღვროს საჯარო ხელისუფლების უფლებამოსილება ამ სფეროში. შესაბამისად, კანონი არ უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დამოუკიდებლად დაადგინოს საკუთარ ქმედებათა დიაპაზონი. თუ უფლებაში ჩარევაზე უფლებამოსილ პირს ზუსტად და კონკრეტულად არ ეცოდინება თავისი შესაძლო მოქმედების ფარგლები, ერთი მხრივ, უნებლიედ გაიზრდება რისკი უფლებაში არასწორი, გადამეტებული ჩარევისა, ხოლო, მეორე მხრივ, ცდუნებაც უფლების შეგნებულად ბოროტად გამოყენებისა, რისი კანონზომიერი შედეგიც არის უფლების დარღვევა.

სახელმწიფო ხელისუფლების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში განხორციელების უზრუნველყოფისთვის (კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი), ნორმა იმდენად ნათელი უნდა იყოს, რომ გამოირიცხოს მისი სურვილისამებრ ან სუბიექტურად განმარტების ალბათობა.

            ბ)კანონის განსაზღვრულობას ასევე ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლო კონტროლის დროული და ეფექტური განხორციელებისათვის. მოქალაქეებმა ზუსტად უნდა იცოდნენ რა შემთხვევებში, რომელი კონკრეტული პირობის თუ გარემოების გამო შეიძლება დაირღვეს მათი უფლება და, შესაბამისად, უნდა შეძლონ, ისარგებლონ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით, რასაც არსებითი და გადამწყვეტი მნიშვენლობა აქვს უფლების სრული  დაცვისთვის. ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია შემდეგი საკანონმდებლო გარანტიის არსებობა:  «ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, «პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს მოქმედებას მოჰყვა მისი უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა, შეუძლია გაასაჩივროს ასეთი მოქმედების კანონიერება შესაბამის ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში, პროკურორთან ან სასამართლოში». თუმცა, თუ კანონი არ იქნება საკმარისად ცხადი და კონკრეტული ყველა ზემოდასახელებული პარამეტრის მიხედვით და შესაბამისად, შეუძლებელი გახდება იმის გარკვევა, განჭვრეტა, რა შეიძლება ჩაითვალოს კანონის დარღვევად, ბუნებრივია, ასეთ კანონზე დაყრდნობით, სასამართლოსადმი მიმართვის უფლებაც სათუო გახდება.

15.ზოგადად, მოთხოვნები კანონმდებლის მიმართ მით უფრო მკაცრია, რაც უფრო ინტენსიურია ჩარევა ადამიანის უფლებებში.  კანონმდებელს აკისრია ვალდებულება, საჯარო ხელისუფლება უზრუნველყოს სახელმძღვანელო მიმართულებებით, რომლებიც განჭვრეტადს ხდიან მის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, აუცილებლობას თუ გარდაუვალობას, სისწორესა და მართლზომიერებას, იმავდროულად, მოქალაქეს უქმნიან წარმოდგენას, თუ რა ზომები იქნება მის მიმართ გატარებული.

კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნა არის სამოქმედო ინსტრუქცია კანონმდებლისთვის, ამავე დროს ის წარმოადგენს შემზღუდავ გარემოებას აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებებისთვის. ამიტომ კანონმდებელი ვალდებულია, საჯარო ხელისუფლებას მაქსიმალურად ნათლად დაუდგინოს ფარგლები, რომლებშიც მან უნდა იმოქმედოს.

16. უნდა აღინიშნოს, რომ ნორმის არაერთგვაროვნად წაკითხვის ალბათობა ყოველთვის ვერ გამოდგება მისი არაკონსტიტუციურობის მტკიცებისთვის. ნორმის თუნდაც რამდენიმე ვერსიით წაკითხვის შესაძლებლობა, მეტიც, მის საფუძველზე კონსტიტუციის საწინააღმდეგო პრაქტიკის არსებობა, ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებს ნორმის არაკონსტიტუციურობაზე, ისევე, როგორც ბუნდოვანი ნორმის საფუძველზე სწორი პრაქტიკის არსებობა ყოველთვის ვერ გამოდგება ნორმის კონსტიტუციურობის მტკიცების ამომწურავ არგუმენტად.

ნორმის ბუნდოვანება მისი არაკონსტიტუციურობის ზღვარზე არ გადის მანამ, სანამ მისი გონივრული განმარტება იურიდიული მეთოდოლოგიით შესაძლებელია ისე, რომ საკმარისი დამაჯერებლობით ცხადი და თვალსაჩინო გახდეს ამ ნორმით მოწესრიგებული ურთიერთობების ნამდვილი არსი.

ამ თვალსაზრისით, ნორმის კონსტიტუციურობის შესაფასებლად, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს მისი  შინაარსი. ამისთვის აუცილებელია ნორმის განმარტება.

17.ნორმის განმარტებისას უნდა გაირკვეს როგორც კანონმდებლის ნება, ისე თავად კანონის ნება. ცალკეულ შემთხვევაში, კანონმდებელმა შესაძლოა საკმარისი სიზუსტით, სიცხადით და ადეკვატური კონკრეტულობით ვერ გამოხატოს საკუთარი ნება. შესაბამისად, ამა თუ იმ ნორმის ტექსტი პრაქტიკულად დაშორდება კანონმდებლის რეალურ შეხედულებებსა და სურვილებს მის შინაარასთან დაკავშირებით, ანუ კანონის ნება დაშორდება კანონმდებლის ნებას. ასეთ დროს,  სამართალშემფარდებელი აუცილებლად უნდა გაერკვიოს გამოსაყენებელი ნორმის ნამდვილ არსში, ჩაწვდეს კანონმდებლის კონკრეტულ მიზანს, მაგრამ ამაში მას თავად ნორმა უნდა დაეხმაროს. სამართალშემფარდებელი, პირველ რიგში, ნორმის ტექსტს ეყრდნობა. თუ ნორმის ტექსტიდან, მასში პრაქტიკულად ასახული არსიდან შეუძლებელია კანონმდებლის ნების ზუსტად გარკვევა, ბუნებრივია, სამართალშემფარდებლისთვის გადამწყვეტი იქნება კანონის ნება.

კანონი გაგებული და აღქმული უნდა იყოს ისე, როგორც ის არის დაწერილი. სამართალშეფარდებისას უპირატესობა ენიჭება კანონის ნებას, რადგან  საკანონმდებლო პროცესში გამოთქმული მოსაზრებები, ზოგადი მიზნები, რომელთაც ეფუძნება კანონპროექტები და რომელთა რეგლამენტაციაც კანონში არ მომხდარა, ვერ გამოდგება სამართალშემფარდებლის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების გამართლებისთვის. მას ევალება იხელმძღვანელოს ნორმის ტექსტით, მასში პრაქტიკულად ასახული, გათვალისწინებული და არა გასათვალისწინებელი სინამდვილით. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება იქნება სწორი, კანონის შესაბამისი, მაგრამ ვერ იქნება კანონმდებლის ნების ამსახველი.

18.კანონმდებლის ნების გარკვევისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე , მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა «ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის მიღების სტენოგრაფიული ჩანაწერი.   ნიშანდობლივია, რომ კანონის  ერთ-ერთ ძირითად ღირსებად, მისი მიღებისას (1999 წელი) მიჩნეული იყო ზუსტად ამ სფეროში სასამართლო კონტროლის შემოღება, მათ შორის ის გარემოება, რომ ისეთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება, რომელიც ზღუდავს სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით წარმოებული შეტყობინების საიდუმლოებას, შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით.  ამ გარემოებას ხაზგასმით აღნიშნავდა, როგორც კანონპროექტის წარმდგენი – იუსტიციის მინისტრი, ისე საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარე.

სტენოგრაფიული ჩანაწერიდან ირკვევა, რომ კანონის მიღებისას ზოგადად იყო ნება იმისა, რომ ადამიანის უფლებაში ასეთი ტიპის ჩარევა ხდებოდეს მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით. თუმცა არ ჩანს ასეთი ნების კონკრეტულობა რომელიმე ნორმასთან, მათ შორის უშუალოდ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

ნიშანდობლივია ისიც, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა არაერთი განსხვავებული, მეტიც, ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება გამოთქვეს მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით, რაც ასახულია ამ გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში და შეფასების საგანია სამოტივაციო ნაწილშიც.

მაშასადამე, მიუხედავად კანონმდებლის ზოგადი მისწრაფებისა, რომ უფლებაში ჩარევის ასეთი შემთხვევები სასამართლო კონტროლს დაქვემდებარებოდა, ამ პოზიციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე გავრცელების აუცილებლობის თაობაზე უტყუარი მტკიცებულება მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა ვერ წარმოადგინეს. მეტიც, მათმა არამყარმა პოზიციამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ნორმის პრობლემატურობა მის განჭვრეტადობასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, მისი განმარტების აუცილებლობა.

            19. მიუხედავად იმისა, რომ დავის საგანს წარმოადგენს «ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში მხოლოდ პირველი სიტყვა « ან », სასამართლო გვერდს ვერ აუვლის თავად ნორმის შინაარსზე მსჯელობას, რათა მოხდეს იმის დადგენა, რა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს სადავო სიტყვას, ის უზრუნველყოფს, თუ გამორიცხავს ნორმის შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო არ მსჯელობს თავად ნორმაში მოცემული ცალკეული პირობების კონსტიტუციურობაზე, შესაბამისად, ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს მათ შესაბამისობას კონსტიტუციასთან.

20. «ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის სახელწოდებაა «ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების პირობები». ივარაუდება, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტშიც საუბარია კონკრეტული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების პირობებზე. ამასთან, ეს ნორმა საგანგებოდ  ეხება მხოლოდ ისეთ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების პირობებს, რომელნიც ზღუდავენ კანონით გარანტირებული სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით წარმოებული შეტყობინების საიდუმლოებას. ამავე ნორმის მიხედვით, ასეთი ღონისძიების ჩატარება დაიშვება შემდეგ პირობებში: 1)მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით და პროკურორის დადგენილებით, 2)ან იმ პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელიც არამართლზომიერ მოქმედებათა მსხვერპლია, 3)ან, თუ სახეზეა ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მონაცემები, რომლისთვისაც სისხლის სამართლის კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წელზე მეტი ვადით.

ნიშანდობლივია, რომ პროცესის ყველა მონაწილე – მხარეები,  მოწმეები და სპეციალისტი შეთანხმდნენ დასახელებულ ნორმაში ამ სამი პირობის არსებობაზე. თუმცა  არაერთგვაროვანი იყო მათი პოზიციები თავად პირობების დანიშნულების თაობაზე.

            21.მოცემული დავის ფარგლებში არსებითი მნიშვნელობა აქვს იმის გარკვევას, რა კავშირი აქვს ამ პირობებს ერთმანეთთან, ნორმის არსებული რედაქცია იძლევა თუ არა მისი ისე წაკითხვის შესაძლებლობას, როგორც ამას მოპასუხე გვთავაზობს: პირველი პირობა უნდა განიხილებოდეს კონკრეტული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ჩატარების საერთო წესად დანარჩენი ორი პირობისთვის, როგორც ამავე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების საფუძვლისთვის. ამის გარკვევისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია ნორმის გრამატიკული განმარტება.

პირველი პირობა დანარჩენ ორ პირობას უკავშირდება სიტყვით « ან » და ზუსტად ის უზრუნველყოფს ამ პირობების ურთიერთმიმართების არსს. ამიტომ, გრამატიკული განმარტების ფარგლებში, უნდა გაირკვეს სადავო სიტყვის მნიშვნელობა როგორც იზოლირებულად, ისე მთლიანი  ნორმის კონტექსტში.

            სიტყვა “ან” არის მაერთებელი კავშირი. ზოგადად, კავშირი არის დამოუკიდებელი მნიშვნელობის არმქონე დამხმარე სიტყვა, რომელიც აერთებს წინადადების ორ წევრს ან ორ წინადადებას და ამყარებს ამა თუ იმ მიმართებას მათ შორის. მაერთებელი კავშირები აერთებენ ორ ისეთ სიტყვას ან წინადადებას, რომლებიც ერთმანეთის მიმართ თანასწორი არიან. კავშირი “ან” გულისხმობს ერთ-ერთის არჩევას რამდენიმედან, ან ერთ-ერთის შესრულებას რამდენიმე შესაძლებლობისაგან სხვების გამორიცხვით. ამასთან, თუ ეს მაერთებელი კავშირი მეორდება, მაშინ მის წინ დაისმის მძიმე (იხ. ა.შანიძე, ქართული გრამატიკის საფუძვლები, I, მორფოლიგია, 1953წ. ასევე , ლ.კვაჭაძე, ქართული ენა, ნაწილი I, ლექსიკა, ფონეტიკა, გრაფიკა და მორფოლოგია მართლწესრიგის საკითხებითურთ, 1981წ.).

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იგულისხმება, რომ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტშიც კავშირი “ან” ერთმანეთთან აერთებს თანაბარი მნიშვნელობის პირობებს, ამასთან, გულისხმობს მათგან ერთ-ერთის არჩევას დანარჩენების გამორიცხვით, ანუ საუბარია ალტერნატიულ პირობებზე.

            ნიშანდობლივია, რომ ამასთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარის პოზიცია არ არის ერთგვაროვანი და ცალსახა. ერთი მხრივ, ის აღიარებს, რომ წმინდა გრამატიკული თვალსაზრისით კავშირი “ან” ალტერნატივას გულისხმობს. იმავდროულად მიუთითებს რა  ნორმაში ტექნიკური ხარვეზის არსებობაზე, დასაშვებად მიიჩნევს ამ კავშირის ამოღებას, ოღონდ ისე, რომ ნორმის ძირითადი აზრი შენარჩუნებულ იქნეს. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ “ან” კავშირის არარსებობის პირობებშიც ნორმა მაინც იგივე ვერსიით იკითხება. ასეთ მოსაზრებებს ხელი არ შეუშლია მოპასუხისთვის იმის მტკიცებაშიც, რომ ზუსტად “ან” კავშირი უზრუნველყოფს ნორმის მისეული ვერსიით წაკითხვას და მისი არარსებობა შეცვლის ნორმის შინაარსს.

აღსანიშნავია, რომ ამ კავშირის არსებობის აუცილებლობა არ უმტკიცებიათ საქმეზე მოწვეულ მოწმეებს. მათ მიუთითეს, რომ მის გარეშეც ნორმას წაიკითხავენ იგივენაირად, ამასთან აღნიშნეს, რომ ის განაპირობებს ნორმის ბუნდოვანებას.

აქვე საინტერესოა ის გარემოებაც, რომ «ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 პირობებს, რომლებიც ერთმანეთთან ასევე «ან» კავშირით არიან დაკავშირებული, როგორც მოპასუხე, ისე მოწმეები განიხილავენ ერთმანეთის ალტერნატივად. ამასთან, მათ არ მოუყვანიათ არც ერთი სარწმუნო არგუმენტი იმის თაობაზე, რატომ ნიშნავს კავშირი «ან» ერთსა და იმავე ნორმაში ერთ შემთხვევაში  კუმულაციას, ხოლო მეორე შემთხვევაში – ალტერნატივას.

ასეთი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები და არამყარი პოზიცია, როდესაც მოპასუხემ თავად არ იცის ზუსტად რა დატვირთვა აქვს ნორმაში სადავო სიტყვას, თავისთავად, მიუთითებს ნორმის არახელმისაწვდომობაზე, ბუნდოვანებაზე.

2000 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე “ვლოხი პოლონეთის წინააღმდეგ” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ ის ნორმა, რომელიც იმდენად ბუნდოვანია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოებს აბნევს, მართლზომიერების მოთხოვნებთან შეუსაბამოა.

            ერთადერთი არგუმენტი, რომელსაც მუდმივად იყენებდა მოპასუხე საკუთარი პოზიციის მტკიცებისთვის, არის შემდეგი: ნორმის მისეული ვერსიით წაკითხვის შესაძლებლობას განაპირობებს მხოლოდ და მხოლოდ მისი სხვა ნორმებთან და მთლიანად კანონთან ერთობლიობაში წაკითხვა. ასეთი არგუმენტაცია თავისთავად განაპირობებს იმის ვარაუდს და ნიშნავს მოპასუხის არაპირდაპირ აღიარებას, რომ ნორმა ცალკე აღებული არ იკითხება და ვერ აღიქმება მისივე შემოთავაზებული ვერსიით.

            მაშასადამე, ნორმის გრამატიკული განმარტების მიხედვით, მასში საუბარია არა წესსა და ორ საფუძველზე, არამედ სამ თანაბარი მნიშვნელობის ალტერნატიულ პირობაზე. სადავო “ან” კავშირის არსებობა ნორმის ზუსტად ასე წაკითხვას განაპირობებს.

            22. ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას მისი გონივრული განმარტება მოითხოვს შემდეგი პირობის გათვალისწინებას : « ... სადავო ნორმა არ უნდა იქნეს განხილული სხვა, მასთან კავშირში მყოფი ნორმებისგან იზოლირებულად, რადგანაც ამგვარმა მიდგომამ საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება მიიყვანოს მცდარ დასკვნებამდე... თუ კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში შეუძლებელი იქნება ნორმის თვითნებური და ადამიანის უფლებებისათვის საზიანო გამოყენება, მაშინ ნორმა სავსებით დააკმაყოფილებს სამართლებრივი უსაფრთხოების მოთხოვნებს» (2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე «საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ»). თუმცა ამასთან გასათვალისწინებელია შემდეგიც: როდესაც რომელიმე დებულების პრაქტიკული მნიშვნელობა დამოკიდებულია ნორმების ერთობლიობაზე, ნორმის გამოყენებისას სიზუსტე და შედეგების განჭვრეტადობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნორმების ერთობლიობის მიმართაც.

23. «ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ამავე კანონის სხვა ნორმებთან კონტექსტში შეფასებამდე, აუცილებელია შემდეგი საკითხების გაანალიზება : 1)რა დატვირთვა აქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის თითოეულ პირობას. 2)წარმოადგენს თუ არა დასახელებული კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო ორი პირობა კანონით გათვალისწინებულ გადაუდებელ აუცილებლობას.

24.პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული მოსამართლის ბრძანების სავალდებულო პირობა ემსახურება კონკრეტული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების წინასწარი კონტროლის უზრუნველყოფას დამოუკიდებელი და ნეიტრალური ინსტანციის მიერ. ბუნებრივია, ეს, პირველ რიგში, მიმართულია ხელისუფლების მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისაკენ. სასამართლო არის არაპოლიტიკური ხელისუფლება, რაც განაპირობებს და, იმავდროულად, ავალდებულებს მას ნეიტრალურობას. პერსონალურად და არსებითად დამოუკიდებელ, კანონმორჩილ მოსამართლეს შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღოს სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილება უფლებაში ჩარევის აუცილებლობის თაობაზე.

იმავდროულად, თავისთავად სასამართლო გადაწყვეტილების არსებობა აპრიორი უფლებაში თანაზომიერ ჩარევას არ გულისხმობს. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე უფლების პროპორციული შეზღუდვა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიების შექმნას.

ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, რომ უფლების შეზღუდვის ეს პირობა არ გულისხმობს კანონით შესაბამისი რეგულირების გარეშე სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ეს ასე რომ ყოფილიყო, რისკი და ცდუნება ხელისუფლების მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებისა განუსაზღვრელად დიდი იქნებოდა. თვითნებობის და უფლებაში გადამეტებული ჩარევის თავიდან ასაცილებლად, პასუხი იმაზე, როდის და როგორ მიიღება ეს გადაწყვეტილება, უნდა იყოს კანონში.

იმავდროულად, კონსტიტუცია სასამართლო გადაწყვეტილებაში გულისხმობს მხოლოდ დასაბუთებულ და სწორ გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, ამის შესაძლებლობას, პირველ რიგში, ისევ კანონმდებლობა უნდა იძლეოდეს – ის იმდენად კონკრეტული, მკაფიო და ნათელი უნდა იყოს, რომ მოსამართლეს ჰქონდეს შესაძლებლობა მისი სწორად გამოყენებისა. გარდა ამისა, კანონმდებლობაში უნდა იყოს ამომწურავი პასუხი, რა საკითხებს უნდა მოიცავდეს თავად გადაწყვეტილების შინაარსი.

მაშასადამე, უფლების შეზღუდვა მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა როგორც თავად უფლების დაცვის, ისე კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსებისათვის.

25.უფლების შეზღუდვისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების ალტერნატივად კონსტიტუცია მიიჩნევს კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას.

ვინაიდან «ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის გრამატიკული განმარტებით კავშირი «ან» განაპირობებს პირობათა ალტერნატიულობას, არსებითი მნიშვენლობა აქვს იმის გარკვევას მე-2 და მე-3 პირობა წარმოადგენს თუ არა კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით მოაზრებულ გადაუდებელ აუცილებლობას.  

26.ამისთვის საჭიროა შემდეგი საკითხების  გაანალიზება: რას ნიშნავს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გათვალისწინებული «გადაუდებელი აუცილებლობა», ვინ არის უფლებამოსილი, განსაზღვროს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რა უნდა ჩაითვალოს ასეთ შემთხვევად და რა კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს მან ამ დროს.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობის კონკრეტული რეგლამენტაციის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ კანონმდებელს. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს დებულება კატეგორიულად  მოითხოვს, რომ არც ერთი პირობა, რომელიც, თუნდაც თავისი შინაარსით შეესაბამება გადაუდებელ აუცილებლობას, თუ ის კანონით არ არის გათვალისწინებული, არ შეიძლება დაედოს საფუძვლად მოსამართლის ბრძანების გარეშე უფლების შეზღუდვას. ამასთან, კანონში მოცემული პირობა, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მოსამართლის ბრძანების გარეშე უფლებაში ჩარევისთვის, სრულად უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით გათვალისწინებულ გადაუდებელი აუცილებლობის შინაარსს.

            «გადაუდებელი აუცილებლობა» გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით, კონსტიტუციით გათვალისწინებული საჯარო ინტერესის მიღწევა, რეალურად არსებული ობიექტური მიზეზების გამო, შეუძლებელია კერძო ინტერესების დაუყოვნებლივი, მყისიერი შეზღუდვის გარეშე. ამასთან, ძალზე მკაფიო, ნათელი და ცალსახა უნდა იყოს, რომ კონსტიტუციის ფარგლებში საჯარო ინტერესის სხვაგვარად დაცვის მცირედი ალბათობაც არ არსებობს. გადაუდებლობა მიუთითებს დროის სიმცირეზე, რაც უფლების შესაზღუდად მოსამართლის ბრძანების მოპოვების საშუალებას არ იძლევა და საჭიროებს დაუყოვნებლივ მოქმედებას.

«ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში გადაუდებელ აუცილებლობად კანონმდებელმა მიიჩნია ისეთი შემთხვევები, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისათვის (გამოძიებისთვის) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას (მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი).

ნიშანდობლივია, რომ უფლების შეზღუდვის კონსტიტუციით გათვალისწინებული ეს პირობა არ მოითხოვს კანონში გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევების კატეგორიულად ამავე სახელწოდებით მოხსენიებას, თუმცა მეტი სიცხადისთვის ეს სასურველია. ამიტომ დასახელებული კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი  შესაძლოა არც ითვალისწინებდეს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევების ამომწურავ ჩამონათვალს.

«გადაუდებელი აუცილებლობის» არსებობა შეიძლება გაირკვეს ნორმის ანალიზის, მისი განმარტების შედეგად. ამისათვის კანონმდებლის ნება ამა თუ იმ გარემოების «გადაუდებელ აუცილებლობად» მიჩნევის შესახებ, საკმარისად მკაფიო უნდა იყოს, რათა გამოირიცხოს სამართალშემფარდებლის მიერ მისი არასწორი ინტერპრეტაცია და თვითნებობის ალბათობა, რისი კანონზომიერი შედეგიც იქნება უფლების დარღვევა.

ამასთან, კანონმდებელიც არ არის აბსოლუტურად თავისუფალი ამ ცნებისთვის კონკრეტული შინაარსის მიცემისას. ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების საზომს წარმოადგენს კონსტიტუცია, ხოლო ასეთი გადაწყვეტილების შემფასებელს - საკონსტიტუციო სასამართლო.

რაც შეეხება «ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 პირობას, თავისი შინაარსით, ისინი წარმოადგენენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის დაწყების დამატებით საფუძველს. «კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა» კი თვისობრივად არის არა საფუძველი, არამედ მდგომარეობა, პირობა, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ან არ არსებობდეს უფლებაში ჩარევის ნებისმიერი საფუძვლის, მათ შორის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული საფუძვლების არსებობისას.

შესაბამისად, ვინაიდან ეს პირობები, თავისთავად, არ წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას, რაც ასევე დაადასტურა პროცესის ყველა მონაწილემ, მაშინ მათი არსებობისას უფლებაში ჩარევა უნდა მოხდეს მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით.

27.ამ ფონზე გასაანალიზებელია, ვრცელდება თუ არა დასახელებულ პირობებზე სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით წარმოებული შეტყობინების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვისთვის «ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართვლოს კანონით გათვალისწინებული წესი.

კანონი ამ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისთვის საგანგებოდ ადგენს სპეციალურ წესს, კერძოდ, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის « თ » ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის მიხედვით, ეს ღონისძიება ტარდება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.

            ნიშანდობლივია, რომ ეს წესი გამეორებულია ამავე კანონის მე-20 მუხლშიც.

            მაშასადამე, ერთი მხრივ, არის კანონმდებლის ნება ასეთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების წესთან მიმართებით, ამასთან, ამ წესის არაერთგზის დაფიქსირება კანონში, თითქოს აძლიერებს და ამყარებს მის დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი. მეორე მხრივ კი , ამავე კანონში არის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის გრამატიკული განმარტება განსხვავებული, მეტიც საპირისპირო დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.

            ზუსტად ის გარემოება, რომ კანონში არაერთგზის დაფიქსირებული ზოგადი წესი მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში კიდევ ერთხელ არის მითითებული და « ან » კავშირით უკავშირდება დანარჩენ ორ პირობას, იძლევა შემდეგი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას:

კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას დასახელებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-20 მუხლით დადგენილი ზოგადი წესის მიხედვით. 

იმავდროულად, ასევე მხოლოდ სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით წარმოებული შეტყობინების საიდუმლოების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვისთვის კანონმდებელმა არასაკმარისად მიიჩნია მე-8 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები და საჭიროდ ჩათვალა დამატებითი პირობების (მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 პირობა) შემოღება, რომელთა ცალკე არსებობა, მოპასუხის აზრით, აუცილებელია, ერთი მხრივ, უფლებაში ჩარევის ალბათობის შევიწროებისა და, მეორე მხრივ, მისი ეფექტური დაცვისთვის.

ამასთან, ამ ორ პირობას ალტერნატიულ პირობად წაუმძღვარა პირობა, რომელსაც ზემოდასახელებულ ნორმებში ზოგადი წესის დატვირთვა მისცა. რადგან ზოგადი წესი სადავო ნორმაში მოცემულია როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული პირობა, ეს გამორიცხავს მისი წესის სახით არსებობას დანარჩენი ორი პირობისთვის.

თუ კანონმდებელს სურდა ამ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისთვის საფუძვლების დამატება,  ამასთან, მისი ჩატარების ზოგადი წესის შენარჩუნებით, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში მხოლოდ მე-2 და მე-3 პირობის ჩაწერა აბსოლუტურად საკმარისი იქნებოდა, რომ მათზე გავრცელებულიყო კანონში არაერთგზის მოცემული წესი მოსამართლის ბრძანების არსებობის აუცილებლობის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,   მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის და კანონის ზემოდასახელებული ნორმების ერთად წაკითხვა კიდევ უფრო აძლიერებს იმ მოსაზრებას, რომ შეუძლებელია ნორმის ერთმნიშვნელოვნად წაკითხვა იმ ვერსიით, რომელსაც მოპასუხე გვთავაზობს.

28. არაერთ კანონში გვხვდება მეტნაკლები ხარისხით არამკაფიო ფორმულირებები, რომელთა განმარტება და გამოყენება ხშირად პრაქტიკაზეა დამოკიდებული. ამიტომ, ბუნებრივია, ნორმის ბუნდოვანებისას, მისი კონსტიტუციურობის გარკვევისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს ნორმის გამოყენების პრაქტიკას.

ნიშანდობლივია, რომ მოწმეთა ჩვენებებისა და სპეციალისტის დასკვნის მიხედვით, კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის  საფუძველზე სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით წარმოებული შეტყობინებების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა ხდება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით. თუმცა არც სპეციალისტმა და არც მოწმეებმა, ისევე, როგორც მოპასუხე მხარემ, არ გამორიცხეს იმის ალბათობა, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებაზე უფლებამოსილი რომელიმე თანამდებობის პირის მიერ დასახელებული ნორმა გამოყენებულ იქნეს ზუსტად ისე, როგორც ამას მოსარჩელე ვარაუდობს.

            რამდენად სწორია ნორმის გამოყენების პრაქტიკა, თავისთავად ამ საკითხზე მსჯელობა სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს, თუმცა როგორი პრაქტიკის შესაძლებლობას იძლევა ნორმა მისი სწორად წაკითხვისას, ბუნებრივია, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისთვის.

ნორმის ბუნდოვანების პირობებში, მისი გამოყენების  კონსტიტუციის ადეკვატური პრაქტიკა, ლოგიკურია რომ  ნორმის კონსტიტუციურობის სასარგებლოდ მეტყველებს, რადგან  ივარაუდება, რომ, თუკი გამონაკლისების გარეშე, ნორმის გამოყენება ხდება კონსტიტუციის შესაბამისად, ეს მიუთითებს მისი ერთგვაროვნად წაკითხვის შესაძლებლობაზე. შესაბამისად, საეჭვო ხდება როგორც მისი ბუნდოვანება, ასევე მისი არაკონსტიტუციურობა. თუმცა ამის ცალსახად მტკიცება არ იქნებოდა სწორი და წარმოშობდა კონსტიტუციის შესაბამისი პრაქტიკის მიღმა არაკონსტიტუციური ნორმების შენარჩუნების შესაძლებლობას, რაც, თავისთავად, უფლების დარღვევის რისკის მატარებელია. გამართული პრაქტიკა აპრიორი არ ნიშნავს ნორმის არაბუნდოვანებას და მის კონსტიტუციურობას. სწორი პრაქტიკა შეიძლება იყოს სამართალშემფარდებელთა კვალიფიციურობისა და კეთილი ნების შედეგი, რაც ვერ გამორიცხავს, თუნდაც ერთეულ შემთხვევებს ნორმის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ წაკითხვის და გამოყენებისა. ამიტომ ასეთ დროს მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავად ნორმის შინაარსს, რამდენად ერთმნიშვნელოვნად იკითხება ის კონსტიტუციის შესაბამისი შინაარსით. თუ ნორმა ისეთივე ან მეტი წარმატებით იკითხება კონსტიტუციის საწინააღმდეგო ფორმულირებით, ბუნებრივია, ცდუნება და ალბათობა კონსტიტუციის საწინააღმდეგო პრაქტიკის განვითარებისა მაღალია, მით უფრო, რომ სამართალშემფარდებლის ეს ქმედება არ იქნება კანონის კონკრეტული ნორმის დარღვევა.

ნორმა ნათელი და განჭვრეტადი უნდა იყოს, რომ იძლეოდეს მისი სწორად განმარტებისა და გამოყენების შესაძლებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნორმის კონსტიტუციურობას, თავისთავად, ვერ განაპირობებს და ვერც უზრუნველყოფს სამართალშემფარდებელთა სწორი, კონსტიტუციის შესაბამისი პრაქტიკა.

ისეთი საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც  სამართალგამოყენებისას იწვევს შეცდომის რისკს, ეწინააღმდეგება კანონის სიზუსტისა და გამჭვირვალობის მოთხოვნას.

29.საბოლოოდ, საქმის განხილვისა და ნორმის განმარტების შედეგად შეიძლება შემდეგი დასკვნების გაკეთება:

მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე და მოპასუხე მხარე «ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების წაკითხვის განსხვავებულ, ერთმანეთის საწინააღმდეგო ვერსიებს გვთავაზობენ, არც ერთი მათგანი, ისევე, როგორც მოწმეები არ გამორიცხავენ კატეგორიულად ნორმის ორივენაირად წაკითხვის შესაძლებლობას. ამასთან, მოპასუხე მხარე და მოწმეები არა მარტო ცალსახად არ უარყოფენ, არამედ, პირიქით, საუბრობენ კიდეც ნორმის შესაძლო ბუნდოვანებაზე.

ნორმის განმარტების შედეგად გამოვლინდა, რომ სადავო კავშირი «ან» განაპირობებს ნორმაში მოცემული პირობების ალტერნატიულობას, ამასთან, ეს არ გამოირიცხა მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის კანონის სხვა ნორმებთან ერთობლივად გაანალიზებისას.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად სადავო სიტყვის არარსებობა უზრუნელყოფს ნორმის ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ ვერსიით წაკითხვას, რომელზეც მიუთითებენ მოპასუხე მხარე და მოწმეები. ნიშანდობლივია, რომ ეს გარემოება კატეგორიულად ვერც უარყვეს და არც დაადასტურეს მოპასუხე მხარემ და მოწმეებმა.

30.მაშასადამე, ნორმა ვერ აკმაყოფილებს გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის მოთხოვნებს, იურიდიული მეთოდოლოგიით გონივრული განმარტების შედეგად, მისი წაკითხვის ერთი ვერსია ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

ზუსტად სადავო სიტყვა «ან», რომელიც იწვევს მთლიანად ნორმის პრობლემატურობას, განაპირობებს მის შეუსაბამობას განსაზღვრულობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს.  

31. «ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში სადავო სიტყვას « ან » წინ უძღვის მძიმე, რომლის გაუქმებასაც ასევე მოითხოვენ მოსარჩელეები.

ნიშანდობლივია, რომ ნორმაში ამ სასვენ ნიშანს დამოუკიდებელი მნიშვნელობა არა აქვს. მისი არსებობა განპირობებულია მხოლოდ იმ გარემოებით, რომ    წინადადებაში მაერთებელი კავშირი « ან »-ის გამეორებისას, მის წინ აუცილებლად დაისმის მძიმე. მოცემულ შემთხვევაშიც კავშირი « ან » მეორდება, ამიტომ მის წინ მძიმის არსებობას თავად სადავო სიტყვა მოითხოვს. შესაბამისად, სადავო სიტ ვის არაკონსტიტუციურად ცნობის პირობებში, მის წინ მძიმის საჭიროებაც აღმოიფხვრება.

 

III

ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით, 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს მოქალაქე _ ეკატერინე ლომთათიძის კონსტიტუციური  სარჩელი  საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და ცნობილ იქნეს  არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით «ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებაში სიტყვების «მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით და პროკურორის დადგენილებით» შემდეგ არსებული ჩანაწერი : « ... , ან ...».

2. «ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებაში სიტყვების «მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით და პროკურორის დადგენილებით» შემდეგ არსებული ჩანაწერი : «... ,ან ...» იურიდიულად ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების  გამოქვეყნების მომენტიდან;

3. ეს გადაწყვეტილება  ძალაშია  საკონსტიტუციო  სასამართლოს სხდომაზე  მისი  საჯაროდ  გამოცხადების  მომენტიდან;

4. გადაწყვეტილება  საბოლოოა  და გასაჩივრებას  ან გადასინჯვას  არ ექვემდებარება;

5. გადაწყვეტილების  პირი  გაეგზავნოს  მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს  უზენაეს სასამართლოს;

6.გადაწყვეტილება “საქართველოს  საკანონმდებლო  მაცნეში” გამოქვეყნდეს  15 დღის ვადაში.

           

ვახტანგ გვარამია  (სხდომის თავმჯდომარე)

ქეთევან ერემაძე (მომხსენებელი მოსამართლე)

ბესარიონ ზოიძე