„საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1022-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 120160030.05.001.017061
1022-Iს
06/09/2013
ვებგვერდი, 23/09/2013
120160030.05.001.017061
„საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 75) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, რაც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.“;

 ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით გამოსცემს კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომლებიც 48 საათის განმავლობაში წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

4. საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კონტრასიგნებული დეკრეტი, რომელიც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-18, მე-20, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე, 30-ე, 33-ე და 41-ე მუხლებში ჩამოთვლილ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, უნდა დაამტკიცოს საქართველოს პარლამენტმა. დეკრეტის ტექსტი გადაიცემა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ხელმოწერიდან ერთი დღის განმავლობაში, ყოველ ორ საათში ერთხელ მაინც.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, საქართველოს პარლამენტის თანხმობით შეუძლია გაახანგრძლივოს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა ან ვადამდე გააუქმოს იგი.“.

3. მე-9−მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 9

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით და საქართველოს პარლამენტის თანხმობით, საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნენ საქართველოს სამხედრო ძალები, რომლებიც მოქმედებენ ამ კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

მუხლი 10

1. საგანგებო მდგომარეობის შედეგების სალიკვიდაციოდ მოხმობილი ძალების მოქმედების კოორდინაციის, ხელმძღვანელობისა და თანამოქმედების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით შესაძლებელია საქართველოს მთავრობას დაეკისროს ვალდებულება, დადგენილებით შექმნას დროებითი ორგანოები ან/და საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილზე დანიშნოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან/და კომენდანტი და განსაზღვროს მათი უფლებამოსილებანი.

2. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან/და კომენდანტი საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც არეგულირებს ამ კანონის ფარგლებში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ხელშეწყობის საკითხებს.

მუხლი 11

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამთავრობო დაწესებულების  გადაწყვეტილებით სტიქიური უბედურებების, დიდი ავარიების ან კატასტროფების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების შედეგების ლიკვიდაციისათვის შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტები როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.“.

4. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბინის მიცემის, ზარალის ანაზღაურებისა და სხვა საჭირო დახმარების გაწევის პირობებსა და წესს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.

5. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14

1. თუ იმ ადგილებში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ თავიანთი ფუნქციების ჯეროვან შესრულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, საქართველოს პრეზიდენტს დეკრეტით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით შეუძლია შემოიღოს დროებითი მმართველობა, რითაც იგი საქართველოს მთავრობას დააკისრებს ვალდებულებას, დადგენილებით შექმნას მმართველობის განმახორციელებელი დროებითი ორგანო ან დანიშნოს თანამდებობის პირი და განსაზღვროს მათი უფლებამოსილებანი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილება დროებით შეჩერდება, ხოლო მათი ფუნქციების შესრულება დაეკისრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ ორგანოს ან დანიშნულ თანამდებობის პირს, რომელსაც, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება აქვს:

ა) გამოიყენოს ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებანი;

ბ) დროებით შეასრულოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციები;

გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს წარუდგინოს წინადადებები სახელმწიფო, სამეურნეო და სოციალური მშენებლობის საკითხებზე;

დ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დაიქვემდებაროს შესაბამის ადგილას განლაგებული სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 სექტემბერი 2013 წ.

N1022-Iს