„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1016-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.017075
1016-Iს
06/09/2013
ვებგვერდი, 23/09/2013
040030000.05.001.017075
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20(27), 1999 წელი, მუხ. 101) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაფუძნებულია სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, მისი წესდება (დებულება) უნდა შეესაბამებოდეს იმ კანონის მოთხოვნებს, რომლის საფუძველზედაც ადმინისტრაციული აქტი იქნა მიღებული.“;

ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.“.

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით;“.

4. მე-10 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტით) და ამ პირის წესდებით (დებულებით).

2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მართავს ხელმძღვანელი, რომელიც შესაბამისი კანონის, საქართველოს მთავრობის დადგენილების (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტის), წესდების (დებულების) და წევრთა გადაწყვეტილებების (თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი წევრობაზეა დაფუძნებული) ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, ხოლო წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს − წევრთა საერთო კრება.“.

5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა ან სახელმწიფო მინისტრი (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტით განსაზღვრული შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ორგანო), რომელსაც უფლება აქვს, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.“.

6. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტით) და წესდებით (დებულებით) განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს სისტემის განვითარებას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.“.      

მუხლი 2

1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება მიენიჭოს შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფო მმართველობის ორგანოს.

2. საქართველოს მთავრობამ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო მმართველობის ორგანოების წარდგინებით, 2015 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს სათანადო დადგენილებების მიღება იმავე პუნქტით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ამ კანონის შესაბამისად დაფუძნების მიზნით. საქართველოს მთავრობის დადგენილებების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტები. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელმა სახელმწიფო მმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებაში (დებულებაში) შესაბამისი ცვლილების განხორციელება საქართველოს მთავრობის დადგენილებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.

3. დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომლის წესდება (დებულება) დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს პარლამენტს, რომელმაც 2015 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს მისი რეორგანიზაციისა და წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ დადგენილების მიღება.

4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ლიკვიდაციის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტი.

5. იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) ხელმძღვანელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში, რომელთა ხელმძღვანელების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტს, მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

6. დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში, რომელთა ხელმძღვანელების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტს, მათი თანამდებობაზე წარდგენისა და დანიშვნის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონის საფუძველზე.

7. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 სექტემბერი 2013 წ.

N1016-Iს