საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5669
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 03/01/2008
სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.003.117
  • Word
5669
28/12/2007
სსმ, 1, 03/01/2008
060.000.000.05.001.003.117
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-16 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება მხოლოდ ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით.“.

2. 39-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა:

ა) პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს:

ა.ა) ფიზიკური პირისათვის – 3 000 ლარს;

ა.ბ) იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს;

ბ) სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს:

ბ.ა) ფიზიკური პირისათვის – 5 000 ლარს;

ბ.ბ) იურიდიული პირისათვის – 7 000 ლარს;

გ) საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს:

გ.ა) ფიზიკური პირისათვის – 6 000 ლარს;

გ.ბ) იურიდიული პირისათვის – 8 000 ლარს.“.

3. 45-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის სასამართლო-საექსპერტო მომსახურების (სპეციალისტის, თარჯიმნის) ანაზღაურება ხდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებისა და ტარიფების შესაბამისად.“.

4. 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით;“.

5. 47-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.“;

ბ) 11 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

6. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 48. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება და მათი ოდენობის შემცირება

სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.“.

7. 59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.“.

8. 64-ე და 65-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 64. საპროცესო ვადის გაგრძელება

სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

    მუხლი 65. საპროცესო ვადის აღდგენა

საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.“.

9. 70-ე და 71-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 70. სასამართლო უწყება

1. მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.

2. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.

3. მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საკითხები, რა დროსაც დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.

    მუხლი 71. სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაუბარებლობის შედეგები

1. სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.

2. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.

3. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი სწორია და მას უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 78-ე მუხლის დებულებებით.

4. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.“.

10. 72-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლო უწყებასთან ერთად მოსამართლე მოპასუხეს უგზავნის სარჩელს და თანდართული დოკუმენტების ასლებს. უწყებასთან ერთად მოსამართლე მოსარჩელეს უგზავნის მოპასუხის წერილობითი განცხადების ასლს, თუ ასეთი განცხადება შემოვიდა სასამართლოში უწყების გაგზავნის დროისათვის. სასამართლოში შემოსული ყველა წერილობითი დოკუმენტის ასლი შეიძლება გაეგზავნოს მხარეებს უწყების გაგზავნამდე, ასევე მას შემდეგ, რაც უწყება გაგზავნილია.“.

11. 73-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში.“;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.“;

გ) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება:

ა) ტელეფონის შემთხვევაში – ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით;

ბ) ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.

3. დეპეშით დაბარების შემთხვევაში, სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება დეპეშის ჩაბარების შესახებ მიღებული შეტყობინებით.“;

დ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მოსამართლეს შეუძლია მხარის თანხმობით ხელზე მისცეს მას სასამართლო უწყება შესატყობინებელი ან გამოსაძახებელი პირისათვის ჩასაბარებლად. უწყების დროულად ჩაბარების მიზნით მხარეს შეუძლია სასამართლოს მიმართ წერილობითი განცხადების საფუძველზე, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კურიერის გადაადგილება და მისი მეშვეობით უწყების ჩაბარება. პირი, რომელსაც მოსამართლემ დაავალა უწყების მიტანა, ვალდებულია, სასამართლოს დაუბრუნოს მისი მეორე ეგზემპლარი უწყების მიმღების ხელმოწერით.“;

ვ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 ნაწილი:

„71. თუ სასამართლოში დასაბარებელი პირი სხვა მუნიციპალიტეტშია (რაიონშია, ქალაქშია) და მისთვის სასამართლო უწყების დროულად ჩაბარება ვერ ხერხდება, საქმის განმხილველ სასამართლოს შეუძლია ადრესატისათვის უწყების ჩაბარება დაავალოს შესაბამის სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზედაც იმყოფება დასაბარებელი პირი. ამ მიზნით საქმის განმხილველ სასამართლოს შეუძლია ტექნიკური საშუალების გამოყენებით გაუგზავნოს შესაბამის სასამართლოს უწყება ან აცნობოს მას უწყების შინაარსი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში დავალების მიმღები სასამართლო გამოწერს უწყებას დავალების მიმცემი სასამართლოს სახელით. დავალებას ასრულებს სასამართლოს შესაბამისი მოხელე. დავალების მიმღები სასამართლო ვალდებულია, დავალების მიმცემ სასამართლოს აცნობოს ადრესატისათვის უწყების ჩაბარების თაობაზე, მისი ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზები ან მის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ და გაუგზავნოს შესაბამისი დოკუმენტი ტექნიკური ან სხვა საშუალების გამოყენებით.“.

12. 74-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.“.

13. 75-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 75. უწყების მიღებაზე უარის თქმა

1. თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.

2. უწყების მიღებაზე ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე.“.

14. 77-ე და 78-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 77. უწყების ჩაბარება თანამონაწილისათვის

1. თუ საქმის წარმოება სასამართლოში მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაჰბარდება მას. იგი ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის.

2. თუ საქმეში მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე 10-ზე მეტი პირია და არ არსებობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები, სასამართლო უწყება ეგზავნება სარჩელზე (საჩივარზე, შესაგებელზე) ხელის მომწერ პირველ სამ პირს. უწყების ჩაბარება ერთ-ერთი მათგანისათვის ნიშნავს უწყების ჩაბარებას მის მხარეზე მონაწილე ყველა პირისათვის.

    მუხლი 78. საჯარო შეტყობინება

1. თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება იმ გაზეთის საშუალებით, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.

2. მხარე უფლებამოსილია, სასამართლო განჩინების საფუძველზე, თავისი ხარჯებით განახორციელოს საჯარო შეტყობინება ინფორმაციის სხვა საშუალებებით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება გაზეთში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.“.

15. 83-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარადგინონ მტკიცებულებანი, მათ შორის, ექსპერტის (საექსპერტო დაწესებულების) დასკვნები, სპეციალისტის ცნობები, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, სასამართლოს წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი, წარადგინონ იმავე ტიპის საქმეზე სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებანი, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და ისარგებლონ ამ კოდექსით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

2. მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს.“.

16. 831 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 831. მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობა

1. მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.

2. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.“.

17. 104-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მტკიცებულებათა მიუღებლობის, მათ გამოთხოვაზე უარის თქმის ან საქმიდან მათი ამოღების შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც ცალკე არ გასაჩივრდება.“.

18. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.“.

19. 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ფაქტები იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება.“.

20. 127-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მხარისაგან დისტანციური ახსნა-განმარტების მიღება შეიძლება ტელეფონის, ვიდეო ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სხვა სასამართლოდან, ადმინისტრაციული ორგანოდან ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოების მეშვეობით, თუ შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება დაკითხვის ადგილას შესაბამისი ორგანოს მიერ.“.

21. 134-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელი პირი ვალდებულია დაასაბუთოს, თუ საქმისთვის მნიშვნელოვანი რა გარემოების დადგენა შეიძლება ამ მტკიცებულებით და რას ეფუძნება მისი ვარაუდი, რომ მტკიცებულება მის მიერ მითითებული პირის ხელთაა.“.

22. 136-ე მუხლის პირველი–მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამოთხოვილ წერილობით მტკიცებულებებს ფიზიკური და იურიდიული პირები გადაუგზავნიან სასამართლოს დანიშნულ ვადაში. თუ მათ არ შეუძლიათ ამ ვადაში წარადგინონ ეს მტკიცებულებები, ისინი ვალდებული არიან, აცნობონ სასამართლოს ამის შესახებ მიზეზების მითითებით. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ამ ნაწილით გათვალისწინებულ პირებს განუსაზღვროს დამატებითი ვადა მტკიცებულებათა წარმოსადგენად.

2. შეუტყობინებლობისას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც წერილობითი მტკიცებულების წარდგენის შესახებ სასამართლოს მოთხოვნა არასაპატიო მიზეზით არ შესრულდა, სასამართლო მოქალაქეს ან საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელს ანდა შესაბამის თანამდებობის პირს აჯარიმებს 150 ლარით.

3. დაჯარიმება არ ათავისუფლებს შესაბამის პირს სასამართლოს მიერ გამოთხოვილი წერილობითი მტკიცებულების წარდგენის მოვალეობისაგან.

4. წერილობითი მტკიცებულების განმეორებით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო აჯარიმებს შესაბამის პირს პირველი ჯარიმის სამმაგი ოდენობით.“.

23. 148-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. მხარის შუამდგომლობით და მოსამართლის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მოწმის დისტანციური დაკითხვა ამ კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, რის შესახებაც წინასწარ ეცნობება მხარეებს.“.

24. 156-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 156. ნივთიერი მტკიცებულების წარდგენის მოვალეობა

1. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, სასამართლოს აცნობონ იმის შესახებ, რომ არ შეუძლიათ წარადგინონ გამოთხოვილი ნივთიერი მტკიცებულება ან წარადგინონ იგი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ამ ნაწილით გათვალისწინებულ პირებს განუსაზღვროს დამატებითი ვადა მტკიცებულებათა წარმოსადგენად.

2. შეუტყობინებლობისას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთიერი მტკიცებულების წარდგენის შესახებ სასამართლოს მოთხოვნა არასაპატიო მიზეზით არ შესრულდა, სასამართლო შესაბამის ფიზიკურ პირს ან იურიდიული პირის თანამდებობის პირს აჯარიმებს 150 ლარით.

3. დაჯარიმება არ ათავისუფლებს შესაბამის პირს სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ნივთიერი მტკიცებულების წარდგენის მოვალეობისაგან.

4. ნივთიერი მტკიცებულების განმეორებით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო აჯარიმებს შესაბამის პირს პირველი ჯარიმის სამმაგი ოდენობით.“.

25. 158-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მხარეებს მთავარ სხდომაზე შეუძლიათ იშუამდგომლონ სასამართლოს წინაშე, რათა მათ ნივთიერ მტკიცებულებათა შემოწმების მიზნით წარადგინონ ექსპერტის დასკვნები, თუ ასეთი შუამდგომლობა საპატიო მიზეზით არ იყო მათ მიერ აღძრული საქმის მომზადების სტადიაზე. ასეთი შუამდგომლობა არ შეიძლება გახდეს საქმის განხილვის გადადების საფუძველი.“.

26. 162-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 162. ექსპერტიზის დანიშვნა

1. თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

2. მხარეებს შეუძლიათ სასამართლოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა სასამართლოს უნდა წარედგინოს სასამართლოში საქმის აღძვრის ან საქმის მომზადების სტადიაზე. სარჩელის (შესაგებლის) წარდგენისას მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად.

3. საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას ექსპერტის დასკვნა მხარემ შეიძლება წარმოადგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო განხილვისათვის საქმის მომზადების სტადიაზე მისთვის ექსპერტის დასკვნის წარდგენის საჭიროება ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და ასეთი საფუძველი წარმოიშვა ამ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი ექსპერტის დასკვნის წარმოდგენა საქმის მომზადების სტადიაზე.

4. მხარის მიერ ექსპერტის დასკვნის წარმოუდგენლობა არ შეიძლება გახდეს საქმის განხილვის გადადების საფუძველი. სასამართლოს შეუძლია მხარეს დაუნიშნოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად.“.

27. 163-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ექსპერტების შერჩევის დროს სასამართლო უფლებამოსილია გაითვალისწინოს მხარეთა მოსაზრებები. მხარეებს უფლება აქვთ, შესთავაზონ სასამართლოს ექსპერტად დასანიშნი პირის კანდიდატურები. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, თუ ვის მიენდოს ექსპერტიზის ჩატარება, წყვეტს სასამართლო. მხარეებს უფლება აქვთ, აცილება მისცენ ექსპერტს ამ კოდექსის 35-ე მუხლით დადგენილი საფუძვლით.

3. მხარეებს აგრეთვე უფლება აქვთ, წარუდგინონ სასამართლოს კითხვები, რომლებიც უნდა განმარტოს ექსპერტმა. საბოლოოდ იმ საკითხთა წრეს, რომლებზედაც საჭიროა ექსპერტის დასკვნა, განსაზღვრავს სასამართლო.“.

28. 165-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 165. ექსპერტიზის ჩატარების ადგილი

ექსპერტიზის ჩატარების ადგილს განსაზღვრავს სასამართლო.“.

29. 166-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ სასამართლოს დავალებით ექსპერტიზის ჩატარება მინდობილი აქვს სპეციალური სასამართლო-საექსპერტო დაწესებულების ექსპერტს, სასამართლო უგზავნის ამ დაწესებულებას თავის განჩინებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, აგრეთვე ექსპერტიზის ჩატარებისათვის აუცილებელ მასალებს.“.

30. 167-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 167. ექსპერტიზის ჩატარება არასაექსპერტო დაწესებულებაში

თუ სასამართლოს დავალებით ექსპერტიზა ტარდება არასპეციალურ სასამართლო-საექსპერტო დაწესებულებაში, შესაბამის პირს ექსპერტად ნიშნავს თვითონ სასამართლო. განჩინება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ყველა მასალა, რომელიც აუცილებელია ექსპერტიზის ჩასატარებლად, ექსპერტად დანიშნულ პირს უშუალოდ სასამართლომ უნდა გადასცეს. განჩინების გადაცემისას სასამართლო ამოწმებს ექსპერტის პიროვნებას, მის სპეციალობასა და კომპეტენტურობას, განუმარტავს ექსპერტს მის უფლება-მოვალეობებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 168-ე მუხლით, და აფრთხილებს ექსპერტს დასკვნის მიცემაზე უარის თქმისათვის, მისი მიცემისათვის თავის არიდებისა თუ შეგნებულად ყალბი დასკვნის მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ყოველივე ეს აღინიშნება სასამართლოს განჩინებაში ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რაც დამოწმდება ექსპერტის ხელმოწერით.“.

31. 169-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ექსპერტიზის ჩატარებისათვის აუცილებელ მასალებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ექსპერტიზის ჩასატარებლად აუცილებელი მასალების წრეს განსაზღვრავს სასამართლო, რომელსაც შეუძლია გაითვალისწინოს როგორც მხარეების, ისე ექსპერტად დანიშნული პირის მოსაზრებები.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 ნაწილები:

„4. თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს უშლის ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად.

5. თუ ექსპერტიზის ობიექტი სხვა პირთანაა და ეს პირი ახორციელებს ამ მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნულ ქმედებებს, მხარეს შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რათა ამ პირს განჩინებით დაევალოს ექსპერტის მითითებების შესრულება.“.

32. 171-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ექსპერტიზა მხარის ინიციატივით დაინიშნა, ექსპერტს პირველად ეკითხებიან ის პირი, რომელმაც წარმოადგინა ექსპერტის დასკვნა, და მისი წარმომადგენელი. სასამართლოს ინიციატივით დანიშნულ ექსპერტს პირველად ეკითხება მოსამართლე. მოსამართლეს შეუძლია შეკითხვები დაუსვას ექსპერტს მისი დაკითხვის ყოველ მომენტში.“.

33. 173-ე და 174-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 173. დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნა

1. თუ ექსპერტის დასკვნა არ არის სრული ან გაურკვეველია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა, თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები.

2. თუ სასამართლო არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაავალოს სხვა ექსპერტს ან ექსპერტებს, თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები.

    მუხლი 174. ექსპერტიზის მასალების დაბრუნება სასამართლოსათვის

ექსპერტი ვალდებულია, დაუბრუნოს სასამართლოს ექსპერტიზისათვის გამოყენებული ყველა მასალა და დოკუმენტი ექსპერტიზის დასრულებისთანავე ან როცა სასამართლო ამას მოითხოვს, ან თუ არ ტარდება ექსპერტიზა.“.

34. 176-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ექსპერტის გასამრჯელო განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

35. 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სარჩელი (განცხადება) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს.“.

36. 178-ე და 179-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 178. სარჩელის შინაარსი

1. სარჩელში უნდა აღინიშნოს:

ა) სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეაქვთ სარჩელი;

ბ) მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონი, მათ შორის, მობილური, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი; სარჩელში შესაძლოა მოსარჩელემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები;

გ) დავის საგანი;

დ) სარჩელის ფასი;

ე) კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს;

ვ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს;

ზ) მოსარჩელის მოთხოვნა;

თ) სამართლებრივი საფუძვლები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს;

ი) არსებობის შემთხვევაში, მოსარჩელის შუამდგომლობები:

ი.ა) სასამართლომ დაავალოს მოპასუხეს იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებიც მასთან ინახება და რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს;

ი.ბ) სასამართლომ მისცეს მითითება შესაბამის დაწესებულებებს, რათა მათ წარუდგინონ სასამართლოს ყველა ის წერილობითი თუ ნივთიერი საბუთი და მასალა, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ სარჩელში აღნიშნული გარემოებები და რომელთა გაცემაზედაც არამართლზომიერად უთხრეს უარი მოსარჩელეს;

ი.გ) სასამართლომ დროულად შეატყობინოს და სასამართლო სხდომაზე გამოიძახოს მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ სარჩელში აღნიშნული გარემოებები;

ი.დ) ვინ შეიძლება ჩაებას პროცესში თანამონაწილედ ან მესამე პირად;

ი.ე) სხვა სახის შუამდგომლობები;

კ) სარჩელისათვის დართული დოკუმენტების ნუსხა;

ლ) ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი;

მ) მოსარჩელის მოსაზრება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე.

2. სარჩელს უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სარჩელი სასამართლოში შეაქვს წარმომადგენელს.

3. მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს სარჩელში. მოსარჩელე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.

4. მოსარჩელე, მისი წარმომადგენელი (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს) ვალდებულია, ზუსტად მიუთითოს სარჩელში საკუთარი, მოპასუხის, მოწმის, ასევე სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის მისამართები.

5. სარჩელს ხელს აწერს მოსარჩელე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.

    მუხლი 179. სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები

1. სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

2. სარჩელის (განცხადების) აღმძვრელ პირს შეუძლია სარჩელის (განცხადების) შეტანისას განაცხადოს, რომ თანახმაა, წერილობითი მასალები მიიღოს ელექტრონული ფოსტით. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, როგორც წესი, სარჩელის (განცხადების) აღმძვრელ პირს მასალებს უგზავნის ელექტრონული ფოსტით.“.

37. 183-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 183. სარჩელის მიღება

1. სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას, თუ სარჩელი (განცხადება) ფოსტით არ არის გაგზავნილი, სასამართლოს კანცელარია ამოწმებს სარჩელის (განცხადების) ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს და ფორმალური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში მოსარჩელეს, მის წარმომადგენელს (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს) მიუთითებს უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ.

2. სარჩელის (განცხადების) ფორმალური მხარის შემოწმებისას ყურადღება ექცევა შემდეგ გარემოებებს:

ა) სარჩელის ფორმაში აღნიშნულია თუ არა ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“, „ზ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკვიზიტები;

ბ) ერთვის თუ არა სარჩელს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ ასეთი დოკუმენტი არ ერთვის, შუამდგომლობების გრაფაში მითითებულია თუ არა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან შემცირების შესახებ;

გ) ერთვის თუ არა სარჩელს თანდართული დოკუმენტების ნუსხაში მითითებული ყველა დოკუმენტი;

დ) თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს, ერთვის თუ არა სარჩელს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) არის თუ არა სარჩელი ხელმოწერილი;

ვ) წარდგენილია თუ არა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა.

3. მოსამართლე ვალდებულია, სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში გამოიტანოს განჩინება ამ სარჩელის მიღების შესახებ. სარჩელი მიღებულად მიიჩნევა მისი მიღების შესახებ განჩინების გამოტანის დღიდან, ხოლო თუ აღნიშნულ ვადაში განჩინება გამოტანილი არ იქნება, მაშინ – ამ ვადის გასვლის შემდეგ.“.

38. 185-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 185. ხარვეზის შესახებ განჩინება და სარჩელის უკან დაბრუნება

1. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე (გარდა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, ასევე მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) და 179-ე მუხლებში მითითებული პირობების დარღვევით ან/და სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი ან/და საქმეში არ არის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, სასამართლო გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ასეთი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.

2. თუ სარჩელში არ არის მითითებული ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსარჩელის მისამართი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.“.

39. 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება.“.

40. 192-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს სასამართლოში განჩინების მიღებიდან 10 დღის ვადაში. თუ ამ ვადაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შემტანი პირი არ აღძრავს სარჩელს, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიებების გაუქმების შესახებ.“.

41. 1971 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მისი წარმოებაში მიღებიდან 20 დღეს.“.

42. 1991 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1991. სასამართლოს გადაწყვეტილებით უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.“.

43. 201-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 201. სასამართლოს დავალებები მოპასუხისადმი

1. საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით მოსამართლე:

ა) უგზავნის მოპასუხეს სარჩელის (განცხადების) და ამ კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლებს;

ბ) დაუნიშნავს მოპასუხეს ვადას იმისთვის, რომ მან წერილობით შეადგინოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და წარუდგინოს ისინი სასამართლოს. დანიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი;

გ) აფრთხილებს მოპასუხეს პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შესაძლო შედეგების შესახებ.

2. მოპასუხის წერილობით პასუხში მითითებული უნდა იყოს:

ა) სასამართლოს დასახელება, რომელშიც მას შეაქვს პასუხი;

ბ) მოპასუხის, მისი წარმომადგენლის (თუ პასუხი შეაქვს წარმომადგენელს), მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონი, მათ შორის, მობილური, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი; პასუხში შესაძლოა მოპასუხემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები;

გ) ცნობს თუ არა მოპასუხე სარჩელს და რა ნაწილში;

დ) თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ;

ე) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებს;

ვ) რა საპროცესო საშუალებებით აპირებს მოპასუხე სარჩელისაგან თავის დაცვას, კერძოდ, ხომ არ აპირებს შეგებებული სარჩელის აღძვრას, ხომ არ უარყოფს სარჩელის დასაშვებობას;

ზ) არსებობის შემთხვევაში, მოპასუხის შუამდგომლობები:

ზ.ა) ხომ არ ექნება აცილება სასამართლოს ან მოსამართლის მიმართ და ა. შ.;

ზ.ბ) ვინ შეიძლება ჩაებას პროცესში თანამონაწილედ ან მესამე პირად;

ზ.გ) რომელი მოწმე უნდა იქნეს გამოძახებული სასამართლო სხდომაზე;

ზ.დ) სხვა სახის შუამდგომლობები;

თ) პასუხისათვის დართული დოკუმენტების ნუსხა;

ი) მოპასუხის მოსაზრება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე.

3. პასუხს უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ პასუხი სასამართლოში შეაქვს წარმომადგენელს.

4. პასუხში სრულყოფილად და თანმიმდევრობით უნდა აისახოს მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით.

5. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.

6. მოპასუხე ვალდებულია, თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ წარუდგინოს სასამართლოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღებიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. შესაგებელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს.

7. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

8. მოპასუხეს შეუძლია პასუხის შეტანისას განაცხადოს, რომ თანახმაა, წერილობითი მასალები მიიღოს ელექტრონული ფოსტით. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, როგორც წესი, მოპასუხეს მასალებს უგზავნის ელექტრონული ფოსტით.

9. პასუხს ხელს აწერს მოპასუხე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.“.

44. 205-ე–207-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 205. მოსამზადებელი სხდომის დანიშვნა

1. თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს, მოსამართლე უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში, დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა, რის შესახებაც განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობება მხარეებს.

2. მოსამართლე უფლებამოსილია, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში მოსამზადებელი სხდომა გადაზარდოს მთავარ სხდომაში.

    მუხლი 206. მხარეთა მოვალეობა

მხარეები ვალდებული არიან, საქმის მომზადების მიზნით შეასრულონ მოსამართლის მითითებები. არასაპატიო მიზეზით წერილობითი მასალების წარუდგენლობა ან სხვა მოქმედების შეუსრულებლობა ართმევს მხარეს უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე უფლებამოსილია, მისი მითითებების შეუსრულებლობისათვის მხარე დააჯარიმოს 50 ლარით.

    მუხლი 207. განჩინება საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის შესახებ

1. მოსამართლეს, მას შემდეგ, რაც საქმეს საკმაოდ მომზადებულად ცნობს, გამოაქვს განჩინება სასამართლოს მთავარ სხდომაზე მისი არსებითად განხილვის დანიშვნის შესახებ. საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის დღეს სასამართლო ნიშნავს იმ ვარაუდით, რომ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოემზადონ ზეპირი შეჯიბრებისათვის.

2. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე მხარეთა თანხმობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც გამოაქვს მოტივირებული განჩინება. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე სასამართლომ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.“.

45. 210-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლო სხდომის მდივანი მოახსენებს სასამართლოს, განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან ვინ გამოცხადდა, ჩაჰბარდათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს უწყებები ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. სასამართლო ადგენს გამოცხადებულთა ვინაობას, ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას. სასამართლო უფლებამოსილია, გააფრთხილოს პროცესის მონაწილეები და სხდომაზე დამსწრე პირები წესრიგის დაცვის მიზნით მოსამართლის მითითების შესრულების სავალდებულოობისა და სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევის მიმართ შესაძლო ღონისძიებების თაობაზე. ამის შემდეგ მოწმეები ტოვებენ სხდომის დარბაზს.“.

46. 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.“.

47. 216-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. თუ საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია, საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას.“.

48. 217-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 217. საქმის განხილვის დაწყება

1. საქმის არსებითი განხილვის დაწყებისას პირველად სასამართლო ეკითხება მხარეებს, ხომ არ სურთ საქმის მორიგებით დამთავრება, რის შემდეგაც მოსამართლე მოახსენებს სასამართლოს საქმის შესახებ, მოკლედ გადმოსცემს სარჩელსა და შესაგებელში მითითებულ ძირითად გარემოებებს, რომლებიც უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მასალებს. მოსამართლემ უნდა ჩამოაყალიბოს ფაქტები, რომლებიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მოთხოვნას, ფაქტები, რომლებიც საფუძვლად დაედო მოპასუხის შესაგებელს, ფაქტები, რომლებზედაც მხარეები არ დავობენ, და ის ფაქტებიც, რომლებიც სადავოა, აგრეთვე მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაერთვის საქმეს. მოსამართლე საქმის მოხსენების შემდეგ ეკითხება მხარეებს, ხომ არ სურთ რაიმეს დამატება ან/და დაზუსტება.

2. მოსამართლის მოხსენების შემდეგ პირველად სასამართლო მოისმენს მოსარჩელისა და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირის ახსნა-განმარტებებს, ხოლო შემდეგ – მოპასუხისა და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირის ახსნა-განმარტებებს.

3. მოსამართლე მხარეს სიტყვისათვის ან/და საქმის განხილვის თითოეული ეტაპისათვის განუსაზღვრავს დროს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის სირთულიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს განუსაზღვროს დამატებითი დრო, რომელიც არ გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას.“.

49. 218-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიაციტივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ წარმომადგენლებს.“.

50. 219-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახალი მტკიცებულებების წარდგენა ან ახალ გარემოებებზე მითითება არ შეიძლება გახდეს საქმის განხილვის გადადების საფუძველი, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ, წარდგენილი მტკიცებულებების სირთულიდან ან/და მოცულობიდან გამომდინარე, მათი გაცნობა სასამართლო სხდომაზე შეუძლებელია, აგრეთვე თუ მხარე არგუმენტირებულად მიუთითებს მათ გასაქარწყლებლად მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე და სასამართლო მიიჩნევს, რომ წარსადგენ მტკიცებულებებს არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმისათვის.“.

51. 223-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მხარეთა შეჯიბრებას ხელმძღვანელობს სასამართლო. იგი: ხსნის, წარმართავს და წყვეტს შეჯიბრებას; სიტყვას აძლევს მხარეს; სიტყვას ჩამოართმევს მხარეს, თუ ის არ არის კავშირში საქმესთან და ემსახურება პროცესის გაჭიანურებას ან თუ მხარე გადააცილებს სიტყვისათვის მისთვის განსაზღვრულ დროს; სიტყვის უფლებას ართმევს ყველას, ვინც არ ემორჩილება მას; აუცილებლობის შემთხვევაში, საქმის განხილვის ინტერესებიდან გამომდინარე, სიტყვის დასრულებისათვის მხარეს განუსაზღვრავს დროს; იღებს გადაწყვეტილებებს ზეპირი შეჯიბრების დროს წამოჭრილ საკითხებზე და აცხადებს ამ გადაწყვეტილებებს.“.

52. 225-ე და 226-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 225. წარმოდგენილ მტკიცებულებათა განხილვა და შემოწმება

1. მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიატივით განიხილოს და შეამოწმოს სადავო მტკიცებულებები. წერილობითი მტკიცებულების განხილვა და შემოწმება არ გულისხმობს მისი შინაარსის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებასა და წაკითხვას. მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების პროცესში სასამართლო მიმართავს მხარეებს, წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები სადავო მტკიცებულების ან მასში მითითებული ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომ-ლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმისათვის. სასამართლო, ამ კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს და საქმეში წარმოდგენილ იმ დოკუმენტებს, რომლებსაც საქმისათვის არა აქვს მნიშვნელობა.

2. მტკიცებულებები, რომელთა განხილვა და შემოწმება მხარეებმა არ მოითხოვეს და მოსამართლემ თავისი ინიციატივით არ განახორციელა, გამოკვლეულად ითვლება.

    მუხლი 226. მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების დამთავრება

ამ კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილი წესით მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შემდეგ სასამართლო საქმის გამოკვლევას დამთავრებულად აცხადებს, რის შემდეგაც იწყება მხარეთა პაექრობა.“.

53. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2321 მუხლი:

     „მუხლი 2321. მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შედეგები

მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.“.

54. 233-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ:

ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;

გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;

დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.“.

55. 235-ე–237-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 235. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა

მხარეს ეგზავნება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მისი გამოტანიდან 5 დღის განმავლობაში.

    მუხლი 236. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება

მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აგრეთვე მოპასუხეს ამ კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეუძლიათ ასეთი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში შეიტანონ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ.

    მუხლი 237. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.“.

56. 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გარემოებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა ან პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით;“.

57. 240-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ ამ კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლით, რომ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და მოპასუხეს აღუდგენს პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადას.“.

58. 249-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მოკლედ უნდა მიეთითოს მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხის პოზიცია მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას.

4. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.“.

59. 255-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

60. 257-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქმის ზეპირი განხილვის შემდეგ ცხადდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მოსამართლე უფლებამოსილია, სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოაცხადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. თუ საქმე არსებითად რთული გადასაწყვეტია, გამონაკლის შემთხვევაში, მოსამართლე უფლებამოსილია, გადადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა. აღნიშნულის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, რის შესახებაც სხდომის დასრულებისთანავე აცნობებს მხარეებს, და განსაზღვრავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღს. სხდომის თავმჯდომარე ან მოსამართლე, რომელმაც გამოაცხადა გადაწყვეტილება, განმარტავს მისი გასაჩივრების წესსა და ვადას. სხდომის თავმჯდომარე ან მოსამართლე ასევე უფლებამოსილია, განუმარტოს მხარეებს გადაწყვეტილების შინაარსი და მისი გამოტანის სამართლებრივი საფუძვლები.“.

61. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2571მუხლი:

     „მუხლი 2571. გადაწყვეტილების გამოტანა იმ საქმეებზე, რომლებზედაც სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება

იმ საქმეებზე, რომლებზედაც სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება, მოსამართლე აცხადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, ამასთანავე, განმარტავს გადაწყვეტილების მოტივებს, რაც ცვლის გადაწყვეტილების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებს. მოსამართლის განმარტება აისახება სასამართლო სხდომის ოქმში. ამ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებული არ არის, გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.“.

62. 263-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა განცხადებები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტას.“.

63. 2671 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტას.“.

64. 272-ე მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) არ არსებობს დავის საგანი;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;“;

გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა;“.

65. 275-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 275. სარჩელის განუხილველად დატოვება

1. სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ:

ა) სარჩელი (განცხადება) შეიტანა ქმედუუნარო პირმა, ხოლო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, დაუნიშნოს მას საპროცესო წარმომადგენელი;

ბ) სარჩელი (განცხადება) დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს საქმის წარმოების უფლებამოსილება;

გ) სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული;

დ) არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა;

ე) იმავე ან სხვა სასამართლოს წარმოებაში არის საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

ვ) დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

2. სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.“.

66. 281-ე მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა;“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ქმედუუნარო პირისათვის წარმომადგენლის დანიშვნამდე;“;

გ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ კოდექსის 279-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და 280-ე მუხლის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მხარის ყოფნამდე, მის მიერ სახელმწიფო მოვალეობის შესრულებამდე, სამსახურებრივი მივლინებიდან დაბრუნებამდე, მოპასუხის მოძებნამდე ან ექსპერტიზის დამთავრებამდე;“;

დ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ამ კოდექსის 279-ე მუხლის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კომისიის ან მისი კომიტეტის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე;“;

ე) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ამ კოდექსის 280-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – არა უმეტეს 2 თვის ვადით. ამ ვადის გასვლისთანავე მხარე ვალდებულია დანიშნოს წარმომადგენელი, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია განაახლოს საქმის განხილვა.“.

67. 288-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 288. ოქმის შინაარსი

1. თუ სასამართლოს თითოეული სხდომის ან სხდომის გარეშე შესრულებული თითოეული საპროცესო მოქმედების ტექნიკური საშუალებით ჩაწერა შეუძლებელია, დგება ოქმი, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) სასამართლო სხდომის წელი, თვე, რიცხვი და ადგილი;

ბ) სასამართლო სხდომის დაწყებისა და დამთავრების დრო;

გ) საქმის განმხილველი სასამართლოს დასახელება, შემადგენლობა და სასამართლო სხდომის მდივანი;

დ) საქმის დასახელება;

ე) ცნობები მხარეების წარმომადგენელთა, მოწმეთა, ექსპერტთა და თარჯიმანთა გამოცხადების შესახებ;

ვ) ცნობები მხარეებისა და მათ წარმომადგენლებისათვის მათი საპროცესო უფლებებისა და მოვალეობების განმარტების შესახებ;

ზ) სასამართლოს განკარგულებანი და სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოტანილი განჩინებანი;

თ) მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებანი;

ი) მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტების მიერ თავიანთი დასკვნების განმარტებები, ნივთიერ და წერილობით მტკიცებულებათა დათვალიერების მონაცემები;

კ) მხარეთა პაექრობის შინაარსი;

ლ) ცნობები გადაწყვეტილებისა და განჩინების გამოცხადების შესახებ;

მ) ცნობები გადაწყვეტილების შინაარსის, მისი გასაჩივრების წესისა და ვადის განმარტების შესახებ.

2. თუ სასამართლოს თითოეული სხდომის ან სხდომის გარეშე შესრულებული თითოეული საპროცესო მოქმედების ტექნიკური საშუალებით ჩაწერა შესაძლებელია, დგება ოქმი, რომელშიც უნდა აღინიშნოს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები, აგრეთვე მხარეთა, მათ წარმომადგენელთა, მოწმეთა და სხდომაზე მოწვეულ სხვა პირთა მონაცემები, მათი გამოსვლების დრო და ხანგრძლივობა.“.

68. 289-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 288-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, იშუამდგომლონ ოქმში იმ გარემოებათა შეტანის შესახებ, რომლებსაც, მათი აზრით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ოქმს ხელს აწერს მხოლოდ სასამართლო სხდომის მდივანი, გარდა ამ კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამ კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ოქმს აგრეთვე ხელს აწერს მოსამართლე, ხოლო თუ საქმეს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა იხილავდა – ამ სხდომის თავმჯდომარე.“.

69. 290-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 290. მაგნიტურ ფირზე ჩაწერილი ოქმი

1. სასამართლოს შეუძლია ოქმის შედგენისათვის გამოიყენოს მაგნიტოფონი, კომპიუტერი ან სხვა ტექნიკური საშუალება, რომელთა მეშვეობით ჩანაწერებიც ოქმს თან ერთვის. მოსამართლის მოთხოვნის შემთხვევაში სასამართლო სხდომის მდივანი უზრუნველყოფს ტექნიკური ჩანაწერის ან მისი ნაწილის გაშიფვრას.

2. მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ტექნიკური ჩანაწერის ასლი ელექტრონული ფორმით, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. ასლის გადაღების საფასური გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

70. 30912 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის შერჩევის დროს სასამართლო უფლებამოსილია გაითვალისწინოს მხარეთა მოსაზრებები. მხარეებს უფლება აქვთ, შესთავაზონ სასამართლოს დასანიშნი პირის კანდიდატურები. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, თუ ვის მიენდოს გამოსყიდვის ანგარიშის შედგენა, წყვეტს სასამართლო. მხარეებს უფლება აქვთ, აცილება მისცენ დამოუკიდებელ ექსპერტს ან საბროკერო კომპანიას ამ კოდექსის 35-ე მუხლით დადგენილი საფუძვლით.“.

71. 312-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა.“.

72. 313-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

73. 3131 მუხლი ამოღებულ იქნეს.

74. 314-ე და 315-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 314. განცხადების შეტანა

განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ შეიტანება სასამართლოში განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

    მუხლი 315. განცხადების შინაარსი

განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს ამ ფაქტის დადგენა, აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებლის მიერ სათანადო საბუთების მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობას.“.

75. 367-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 367. სააპელაციო საჩივრის შეტანა

სააპელაციო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივარი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს.“.

76. 368-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) მითითებას, ხომ არ სურს სააპელაციო საჩივრის წარმდგენს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა;“.

77. 371-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 371. საქმის გადაგზავნა სააპელაციო სასამართლოში

სააპელაციო საჩივრის შესვლის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღისა, გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს მთლიანად საქმეს, აგრეთვე დამატებით შემოსულ ყველა მასალას.“.

78. 373-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება, გადაუგზავნის მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლებს და დაუნიშნავს მას ვადას წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად, რომელიც უნდა შეიცავდეს პასუხს შემდეგ კითხვებზე: ეთანხმება თუ არა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს; თუ არ ეთანხმება, რა გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი; ხომ არ აპირებს შეგებებული სააპელაციო საჩივრის შემოტანას, ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენას და თუ აპირებს, რა მიზეზით არ წარმოადგინა ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას; სურს თუ არა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე. შესაგებელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს სააპელაციო სასამართლო მიიღებს ამ კოდექსის 380-ე და 382-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.“.

79. 374-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.“.

80. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3761 მუხლი:

     „მუხლი 3761. საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე

1. თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თარიღის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება.

2. თუ სააპელაციო საჩივარი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) არა მარტო სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ მისი ფაქტობრივი საფუძვლიანობის შემოწმებას, მაგრამ აპელანტის მიერ არ არის წარმოდგენილი ახალი ფაქტები და მტკიცებულებები ან წარმოდგენილია ამ კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელი ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მხარეთა წერილობითი თანხმობით განიხილოს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს.“.

81. 378-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 378. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა

1. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე.

2. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.“.

82. 380-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.“.

83. 381-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 381. დავის საგნის შეცვლა და გადიდება

დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.“.

84. 383-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მომხსენებელი წარმოადგენს საქმის გარემოებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, რის შემდეგაც მხარეებს ეძლევათ სიტყვა შუამდგომლობების დასაყენებლად და დასასაბუთებლად და იწყება მხარეთა მოსაზრებების მოსმენა. თუ საქმის ზეპირი განხილვისას დაშვებული იქნება ახალი მტკიცებულებები, რომელთა წარმოდგენა არ იწვევს საქმის განხილვის გადადებას, სასამართლო მხარეს მისი მოსაზრების წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს გონივრულ დროს.

3. სასამართლო უფლებამოსილია, მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით განიხილოს და შეამოწმოს სადავო მტკიცებულებები ამ კოდექსით დადგენილი წესით.“.

85. 391-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საკასაციო საჩივრის შეტანა“;

ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

6. სამოქალაქო საქმეებზე საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და გადაწყვეტილების გამოტანის ვადაა 6 თვე.“.

86. 395-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 395. საკასაციო საჩივრის შეტანა

საკასაციო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება. საკასაციო საჩივარი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს.“.

87. 401-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია, აღნიშნული საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე. დასაშვებობის შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.“.

88. 407-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.“.

89. 410-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 410. საკასაციო საჩივარზე უარის თქმა

საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.“.

90. 415-ე და 416-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 415. კერძო საჩივრის შეტანა

კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება. კერძო საჩივარი უნდა უპასუხებდეს სარჩელისათვის ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს.

    მუხლი 416. კერძო საჩივრის შეტანის ვადა

კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.“.

91. 418-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ასეთი საპროცესო მოქმედების შესრულება. გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულების შეჩერება შეუძლია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს.“.

92. 419-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში.

2. განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. საქმის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მოსამართლე უფლებამოსილია, განჩინება გამოიტანოს სათათბირო ოთახში გაუსვლელად.“.

93. 422-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.“.

94. 423-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოება განახლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.“.

95. 430-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ საქმის ზეპირი განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

3. თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.“.

მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 28 დეკემბერი.

№5669–რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.