„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4916
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 22, 19/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.240.080.05.001.002.874
  • Word
4916
08/06/2007
სსმ, 22, 19/06/2007
010.240.080.05.001.002.874
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII1 თავი:

„თავი VIII1

სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი

    მუხლი 271

1. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი:

ა) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ნორმატიული აქტების აღსრულებას;

ბ) მთავრობის დავალებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონალურ პროგრამებს;

გ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე;

დ) საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის თაობაზე, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას;

ე) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე;

ვ) მთავრობის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევს საქართველოს სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;

ზ) უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს მთავრობის სხდომებში;

თ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 272

1. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი თავის საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის მეშვეობით, რომლის საშტატო განრიგს და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი.

2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის და მისი ადმინისტრაციის საქმიანობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

3. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის უფლებამოსილებათა ტერიტორიული საზღვრები, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 273

1. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი აქტია ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის განკარგულება.

2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივ აქტს აუქმებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა.

3. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი აქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“.

    მუხლი 2

საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების თანამდებობებზე დანიშვნა, სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების დებულებათა დამტკიცება, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

    მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2007 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 8 ივნისი.

№4916–Iს