საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 406
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017569
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
406
31/12/2013
ვებგვერდი, 31/12/2013
040030000.10.003.017569
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/12/2013 - 19/05/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №406

2013 წლის 31 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქარ­­თველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანდართული დებუ­ლება.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საჯარო სამართლის იურიდიული პირის -

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის

დებულება

 

თავი I

ზოგადი დებულებანი


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (შემდეგში - საქსტატი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით.

2. საქსტატი არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, სტატისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების, ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის, ამ დებულების, საქსტატის საბჭოს დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქსტატი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მხარედ.

4. საქსტატს  აქვს  დამოუკიდებელი  ბალანსი,  საბანკო  ანგარიში,  ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდებით, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.

5. საქსტატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30.

 

 

 

თავი II

საქსტატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

 

მუხლი 2. საქსტატის ძირითადი ამოცანები და მიზნები

1. საქსტატის ძირითადი ამოცანებია:

ა) სტატისტიკის     სფეროში     ერთიანი     პოლიტიკის   შემუშავება   და სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობა;

ბ) ქვეყნის სოციალური, დემოგრაფიული, ეკონომიკური და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის ამსახველი მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა, ანალიზი და გავრცელება;

გ) საერთაშორისო ანალოგებთან თავსებადი სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა;

დ) სტატისტიკური კლასიფიკაციების სისტემის ფორმირება და აქტუალიზება;

ე) სტატისტიკურ მონაცემთა ბაზების, ინფორმაციული ბანკებისა და ქსელების ფორმირება და სრულყოფა;

ვ) ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით სტატისტიკური    დაკვირვების ფორმების შემუშავება და დამტკიცება;

ზ) ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით შეგროვებულ სტატისტიკურ მონაცემთა კონფიდენციალობის უზრუნველყოფა, თუ ისინი იძლევა დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას, ან თუ მათი მეშვეობით შესაძლებელია ამგვარი მონაცემების დადგენა.

თ) სტატისტიკური  მონაცემების  მომხმარებელთა  ინფორმაციული უზრუნველყოფა;

ი) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარება;

კ) სტატისტიკის სფეროში არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და მეთოდოლოგიის დამკვიდრებისა და გაზიარების მიზნით სხვა ქვეყნის ეროვნულ სტატისტიკურ სამსახურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორ სუბიექტებთან თანამშრომლობა.

2. საქსტატის მიზანია სტატისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული ძირითადი პრინციპების საფუძველზე ქვეყნის სოციალური, დემოგრაფიული, ეკონომიკური და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის ამსახველი ოფიციალური სტატისტიკის წარმოება.

 

მუხლი 3. საქსტატის ფუნქციები

საქსტატის ფუნქციებია:

ა) სტატისტიკის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და თავის ტერიტორიულ და სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;

ბ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

გ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარება;

დ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სტატისტიკური საქმიანობა, რომელიც მოიცავს:

დ.ა) სტატისტიკური კვლევების ჩატარებას;

დ.ბ) ადმინისტრაციულ მონაცემთა დამუშავებას ექსკლუზიურად, სტატისტიკური მიზნით;

დ.გ) დაკვირვების ერთეულის შესახებ მონაცემთა დამუშავებას;

დ.დ) სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული გრაფიკის შემუშავებას და მისი საჯაროობის უზრუნველყოფას;

დ.ე) გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით სტატისტიკური მონაცემების გავრცელებას და ყველა მომხმარებლისათვის მათი თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;

დ.ვ) საერთაშორისო ანალოგების შესაბამისი სტატისტიკური მეთოდოლოგიისა და სტანდარტების შემუშავებას,  მათი დანერგვის ხელშეწყობას და ხარისხის უზრუნველყოფას;

ე) ყოველწლიური  საქმიანობის ანგარიშის მომზადებას;

ვ) სტატისტიკის ტერიტორიული ორგანოების შექმნა და მათი სამოქმედო არეალის განსაზღვრა;

ზ) ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

 

თავი III

საქსტატის მართვა

 

მუხლი 4. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი

1. საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იმავდროულად არის საქსტატის საბჭოს თავმჯდომარე.

2. აღმასრულებელ დირექტორს საქსტატის საბჭოს წარდგინებით, ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთაგან 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს 2 მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.

4. აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე აღმასრულებელი დირექტორის ბრძანების საფუძველზე.

5. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს აღმასრულებელი დირექტორი.

6. აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებს განეკუთვნება:

ა) საქსტატის ხელმძღვანელობა და მისი წარმოდგენა მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ბ) სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება და საქსტატის საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

გ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა, საქსტატის საბჭოს მიერ მისი განხილვისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების შემდეგ;

დ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება და საქსტატის საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ე) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამის შემუშავება და მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ვ) საქსტატის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის შემუშავება და საქსტატის საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ზ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესაბამისად, საქსტატის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და საქსტატის საბჭოსათვის განხილვისა და შესაბამისი რეკომენდაციებისათვის წარდგენა;

თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა;

ი) საქსტატის აპარატის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;

კ) საქსტატის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის საქსტატის საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ლ) საქსტატის საბჭოს მიერ დამტკიცებული საქსტატის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა;

მ) საქსტატის საბჭოს მიერ დამტკიცებული საქსტატის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის საჯაროობის უზრუნველყოფა;

ნ) საქსტატის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა და თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;

ო) საქსტატის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო არეალის განსაზღვრა;

პ) საქსტატის ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, საქსტატის საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, უცხოელი ან ადგილობრივი ექსპერტების მოწვევა შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე;

ჟ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

 

მუხლი 5. საქსტატის საბჭო

1.  საქსტატთან ფუნქციონირებს საქსტატის საბჭო (შემდეგში - საბჭო).

2. საბჭო შედგება 7 წევრისა და საბჭოს თავმჯდომარისაგან, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. საბჭოს შემადგენლობის ერთი წევრი არის საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, ერთი წევრი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი და ერთი წევრი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, რომელთა კანდიდატურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენენ შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები.

4. საბჭოს დანარჩენი ხუთი წევრი არ უნდა იყოს საჯარო მოსამსახურე. არსებულ ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს რვა კანდიდატურას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობა ხუთზე ნაკლებია - არსებული ვაკანტური თანამდებობების ჯამურ რაოდენობაზე არანაკლებ ერთით მეტ კანდიდატურას.

5. საქართველოს პარლამენტი საბჭოს წევრთა კანდიდატურების წარდგენიდან ოცდაერთ დღეში, ხოლო საპარლამენტო არდადეგების შემთხვევაში - სესიის განახლებიდან ორ კვირაში, ფარული კენჭისყრით თანხმობას აძლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საბჭოს წევრების დანიშვნაზე.

6. ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადაა მათ მიერ საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი.

7. ამ დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი. პირი არ შეიძლება დაინიშნოს საბჭოს წევრად ზედიზედ ორჯერ.

8. საბჭოს წევრობისათვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და წევრის დანიშვნასთან დაკავშირებული პროცედურა,  ,,ოფიცალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საბჭო.

 

მუხლი 6. საბჭოს ფუნქციები

საბჭოს ფუნქციებია:

ა) საქსტატისათვის სტატისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

ბ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

გ) სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის განხილვა, რეკომენდაციების მომზადება და დამტკიცება ან საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის აღიარება;

დ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეთოდოლოგიის დამტკიცება და მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ე) საქსტატის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განხილვა და დამტკიცება;

ვ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი საქსტატის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის განხილვა და დამტკიცება;

ზ) საქსტატის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

თ) საბჭოს დებულების შემუშავება და დამტკიცება, რომლითაც განისაზღვრება საბჭოს მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი;

ი) ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონითა და საბჭოს დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

 

თავი IV

საქსტატის სტრუქტურა

მუხლი 7. საქსტატის სტრუქტურა

1. საქსტატი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქსტატის აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.

2. საქსტატის აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისგან:

ა) აღმასრულებელი დირექტორის აპარატი (სამმართველო);  

ბ)  ადმინისტრაციული სამმართველო;

გ) შიდა აუდიტის სამმართველო;

დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო;

ე) ეროვნული ანგარიშების სამმართველო;

ვ) ბიზნეს სტატისტიკის სამმართველო;

ზ) ფასების სტატისტიკის სამმართველო;

თ) სოციალური სტატისტიკის სამმართველო;

ი)  სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის სამმართველო;

კ) მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველო;

ლ)  საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის სამმართველო.

3. საქსტატის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.

4. საქსტატის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს და კურატორ მოადგილეს.

5. საქსტატის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შორის და აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ბ) აღმასრულებელ დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებისა და თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე;

გ) პასუხისმგებელია თავის სტრუქტურულ ერთეულში შემავალი საკითხების გადაწყვეტასა და ორგანიზებაზე.

 

მუხლი 8. საქსტატის ტერიტორიული ორგანოები

საქსტატის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თბილისის სტატისტიკის ბიურო;

ბ) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თელავის სამმართველო;

გ) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გორის სამმართველო;

დ) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის რუსთავის სამმართველო;

ე) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბორჯომის სამმართველო;

ვ) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ქუთაისის სამმართველო;

ზ) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ფოთის სამმართველო;

თ) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბათუმის სამმართველო.

 

მუხლი 9. საქსტატის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები

 

1. აღმასრულებელი დირექტორის აპარატის (სამმართველო) ძირითადი ფუნქციებია:

ა) აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;

ბ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ) საქსტატის საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ინფორმირება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან  თანამშრომლობა;

ე) სტატისტიკურ მონაცემთა გავრცელების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;

ვ) პუბლიკაციებისა და სხვა პოლიგრაფიული მასალების მომზადება და ტირაჟირება;

ზ) საქსტატის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;

თ) საქსტატის სისტემაში არსებულ შესაბამის დოკუმენტებზე საიდუმლოების რეჟიმის დაცვა;

ი) საქსტატის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა;

კ) სტატისტიკის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;  

ლ) სასამართლო ორგანოებში საქსტატის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;  

მ) სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება, მათი დანერგვის კოორდინაცია და მონიტორინგი;  

ნ) სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხის უზრუნველყოფა, საერთაშორისო პრაქტიკისა და თანამედროვე მეთოდების დანერგვა, კოორდინაცია და მონიტორინგი; 

ო) სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამების შემუშავება, კოორდინაცია და მონიტორინგი;  

პ) საკლასიფიკაციო სისტემის კოორდინაცია და მონიტორინგი;  

ჟ) სტატისტიკური დაკვირვების კითხვარების შემუშავების ტირაჟირებისა და დანერგვის კოორდინაცია და მონიტორინგი;  

რ) საქსტატის სისტემაში, მათ შორის, ტერიტორიულ ორგანოებში სტატისტიკური საქმიანობის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის კოორდინაცია და მონიტორინგი;  

ს) შერჩევითი და სხვა ოფიციალური სტატისტიკური დაკვირვებების კოორდინაცია და მონიტორინგი;  

ტ) სამინისტროებიდან და სხვა უწყებებიდან შემოსული კვლევის ინსტრუმენტარისა და სხვა მეთოდოლოგიური მასალის განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება;  

უ) კვარტალური და წლიური სტატისტიკური სამუშაოების შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადება;  

ფ) საქსტატის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე მუშაობა.

 

2. ადმინისტრაციული სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქსტატში საბიუჯეტო პროცესის კოორდინაცია, ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, დამტკიცებული საბიუჯეტი ასიგნებების განაწილება და ხარჯვა მოქმედი წესის შესაბამისად; 

ბ) ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაცია და წარმართვა;

გ) ბუღალტრული აღრიცხვა და  ანგარიშგება;

დ) საქსტატის სისტემაში არსებული ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების დაცვა და  ინვენტარიზაცია;

ე) საარქივო საქმიანობის განხორციელება;

ვ) მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად საქმისწარმოების ორგანიზება;

ზ) ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება;

თ)   საკადრო საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის წარმართვა და  დოკუმენტების მომზადება;

ი) საქსტატის სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

კ) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება, განხორციელება და ანგარიშგება;

ლ)  საქსტატისათვის სასტამბო მომსახურების გაწევა;

მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

 3. შიდა აუდიტის სამმართველოს  ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქსტატის საქმიანობის ფარგლებში საქსტატის თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

ბ) აღმასრულებელი დირექტორის ბრძანების საფუძველზე საქსტატის აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის შემოწმება;

გ) საქსტატის სახსრების მიზნობრივი ხარჯვის კონტროლი;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

             4. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:      

ა) სტატისტიკური საქმიანობის პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა ბაზების პროექტირება, დაცვა და ადმინისტრირება;

ბ) ონლაინ გამოკითხვების სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, მოდიფიცირება და ადმინისტრირება;

გ) ონლაინ გამოკითხვების სისტემის მონაცემთა ბაზების პროექტირება, დაცვა და ადმინისტრირება;

დ) კომპიუტერების, სატელეფონო, ქსელური და პერიფერიული მოწყობილობების სისტემური და ტექნიკური მომსახურება, რეგიონალური და ლოკალური კომპიუტერული ქსელების შექმნა, ადმინისტრირება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ე) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, მოსახლეობის აღწერის და საქსტატის სხვა სტატისტიკური მონაცემთა ბაზების გავრცელების ვებ-გვერდების ადმინისტრირება, განახლება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

 

 

5.  ეროვნული ანგარიშების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) ეროვნულ ანგარიშთა სისტემის წარმოება;

ბ) სახელმწიფო ფინანსებისა და მონეტარული სისტემის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება;

გ) სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულ სუბიექტებზე რეგულარულ სტატისტიკურ კვლევებს მიღმა დარჩენილი დაუკვირვებადი ნაწილის შესასწავლად ოფიციალური სტატისტიკური დაკვირვების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;

დ) სატელიტური ანგარიშების წარმოება.

 

6. ბიზნეს სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა რეგისტრების სისტემის ფორმირება, აქტუალიზება და კოორდინაცია;

ბ) სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულ სუბიექტებზე სტატისტიკური გამოკვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, მონაცემთა შეგროვება, დამუშავება, ანალიზი, გავრცელება და შენახვა.

 

7. ფასების სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) ფასების რეგისტრაცია;

ბ) სამომხმარებლო, მწარმოებელთა და სხვა ფასების ინდექსების გაანგარიშება;

გ) ინფლაციის დონისა და დინამიკის განსაზღვრა და ანალიზი;

დ) ინფორმაციული ბაზის მომზადება საერთაშორისო შედარებების პროგრამაში მონაწილეობისათვის.

 

8. სოციალური სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა)   შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;

ბ)   მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ეკონომიკური აქტივობის სტატუსის (დასაქმების, უმუშევრობის) ამსახველი სტატისტიკური მონაცემების გაანგარიშება;

გ) შრომის (დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურების შესახებ) სტატისტიკური გამოკვლევის დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;

დ) სოციალური ინფრასტრუქტურის სფეროს (ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სამართალდარღვევები და ა.შ.) ამსახველი სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;

ე) ადგილობრივი შინამეურნეობების ტურიზმის და უცხოელ ვიზიტორთა კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;

ვ) სოციალურ სფეროს მიკუთვნებული სხვა სტატისტიკური გამოკვლევების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება.  

 

9. სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საყოველთაო სასოფლო-სამეურნეო აღწერების, აგრეთვე სოფლის მეურნეობისა და გარემოს სფეროში სხვადასხვა სტატისტიკური დაკვირვებების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;

ბ) სოფლის მეურნეობისა და გარემოს სფეროში ოფიციალური სტატისტიკის წარმოება;

გ) ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების ინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

დ) სასურსათო ბალანსის წარმოება.

 

10. მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

          ა) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის, აგრეთვე აღწერათაშორის პერიოდში შერჩევითი სოციალურ-დემოგრაფიული გამოკვლევების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;

          ბ) მოსახლეობის ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობის ამსახველ პირველად მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;

გ) დემოგრაფიულ სფეროს მიკუთვნებული სხვა სტატისტიკური გამოკვლევების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება.

 

11. საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის (მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების) შესახებ მონაცემების შეგროვება და დამუშავება;

ბ) საგარეო ვაჭრობის მონაცემთა დამუშავება;

გ) ექსპორტ-იმპორტის მონაცემების სარკისებური შედარებების განხორციელება;

დ) საგარეო ფინანსური და არაფინანსური საინვესტიციო ნაკადების შესწავლა;

ე) საგადასახდელო ბალანსისათვის (მათ შორის, საერთაშორისო მომსახურება მომსახურების სახეების მიხედვით) საგარეო ვალის სტატისტიკისა და საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციისათვის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება.

       

 

მუხლი 10. საქსტატის ტერიტორიული ორგანოების ძირითადი ფუნქციები

1. საქსტატის ტერიტორიული ორგანოების ძირითადი ფუნქციებია განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე:

ა) ოფიციალური სტატისტიკის წარმოება;

ბ) სტატისტიკური საქმიანობის კოორდინაცია;

გ) სოციალური, დემოგრაფიული, ეკონომიკური და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის ამსახველი მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა;

დ) შეგროვებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა;

ე) სტატისტიკური მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ბანკების ფორმირება;

ვ) სტატისტიკური დაკვირვების ფორმების  გაგზავნის უზრუნველყოფა საქსტატის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის უწყებრივი არქივისათვის მათი შემდგომი ჩაბარების მიზნით;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.

3. ტერიტორიული ორგანოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს საქსტატის ტერიტორიულ ორგანოს და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

გ) განსაზღვრავს თანამშრომელთა უფლებამოსილებას და ახორციელებს მათი საქმიანობის კონტროლსა და კოორდინაციას:

დ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. ტერიტორიული ორგანოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.

5. ტერიტორიული ორგანოს მოადგილე ასრულებს ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში.

6. საქსტატის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო არეალი განისაზღვრება საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.

 

თავი V

საქსტატის დაფინანსება და ქონება

 

მუხლი 11. საქსტატის დაფინანსება

1. საქსტატი ფინანსდება:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისად;

ბ) მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლებით;

გ) ,,გრანტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული დონორის მიერ გაცემული გრანტებით;

დ) ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავლებით;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა შემოსავლებით.

2. დასახული მიზნების შესასრულებლად საქსტატი უფლებამოსილია განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება საქსტატის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი გამოყენება რაიმე სხვა მიზნით დაუშვებელია.

 

მუხლი 12. საქსტატის ქონება

დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქსტატს გადაეცემა სახელმწიფო ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი VI

საქსტატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი, საქსტატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

 

მუხლი 13. საქსტატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

საქსტატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 14. საქსტატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

საქსტატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.