თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5175
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 18/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.05.001.002.949
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5175
03/07/2007
სსმ, 28, 18/07/2007
300.390.000.05.001.002.949
თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

 

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

 

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი

1. ეს კანონი ადგენს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნისა და ლიკვიდაციის წესს, განსაზღვრავს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მართვისა და ამ ზონების ფარგლებში მმართველობისა და მომსახურების/ზედამხედველობის ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესს, ადგენს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებისათვის დამატებით პირობებს, საგადასახადო შეღავათებსა და ამ ზონების საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. ამ კანონის მიზანია, შეიქმნას მიმზიდველი გარემო ეკონომიკური საქმიანობისათვის, ხელი შეეწყოს კაპიტალისა და ტექნოლოგიების შემოსვლას საქართველოში.

 

მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4909 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.

 

    მუხლი 3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

1. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის სახეობა, სადაც მოქმედებს დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები.

2. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის საქართველოს ტერიტორიის ნაწილი განსაზღვრული საზღვრებითა და კანონით მინიჭებული სპეციალური სტატუსით.

3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განსაზღვრული ვადით გამოიყოფა ეკონომიკური საქმიანობისათვის და მის ფარგლებში პირები ექვემდებარებიან სპეციალურ ეკონომიკურ და სამართლებრივ რეჟიმს, რომელიც დადგენილია ამ კანონით.

4. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებანი.

5. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიძლება შეიქმნას ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომლის ფართობი აღემატება 10 ჰექტარს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცული ტერიტორიებისა.

6. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

7. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით განისაზღვრება შესასვლელი და გამოსასვლელიმოეწყობა საბაჟო გამშვები პუნქტი.

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5951 - ვებგვერდი, 12.04.2012წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4909 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6891  ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

    მუხლი 4. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა

1. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიძლება შეიქმნას:

ა) საქართველოს მთავრობის ინიციტივით;

ბ) ფიზიკური ან იურიდიული პირის – ორგანიზატორის (შემდგომში – ორგანიზატორი) მოთხოვნით.

2. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის ორგანიზატორმა უნდა წარადგინოს გარანტია, რომლის ოდენობა და პირობები განისაზღვრება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.

3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

 

    მუხლი 5. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა ორგანიზატორის მოთხოვნით

1. ორგანიზატორი საქართველოს მთავრობას წარუდგენს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ბ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საზღვრების აღწერას;

გ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოწყობის გეგმას;

დ) მიწაზე ორგანიზატორის ან სხვა პირის/პირების საკუთრების უფლების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერს. სხვა პირის/პირების საკუთრებაში არსებულ მიწაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოწყობისათვის აუცილებელია აგრეთვე მესაკუთრის/მესაკუთრეების თანხმობა, რომ შესაბამის მიწის ნაკვეთზე განსაზღვრული ვადით შეიქმნას თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;

ე) მტკიცებულებას, რომ დაკმაყოფილებულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობები, ან ვალდებულებას, რომ იგი დააკმაყოფილებს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის დადგენილ მოთხოვნებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებამდე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არ ფუნქციონირებს.

3. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განცხადების მიღებიდან 50 დღის ვადაში განიხილავს მას და იღებს დადგენილებას თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ ან ორგანიზატორს ეუბნება დასაბუთებულ უარს.

 

    მუხლი 6. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა საქართველოს მთავრობის ინიციატივით

1. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა სახელმწიფო ორგანო ატარებს ტენდერს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორის შესარჩევად.

2. საქართველოს მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა სახელმწიფო ორგანო განსაზღვრავს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ტენდერის პირობებსა და სატენდერო კომისიის შემადგენლობას.

3. საქართველოს მთავრობის ინიციატივის შემთხვევაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იქმნება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე ან/და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებით – მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთი გაიცემა იჯარით ვადით არა უმეტეს 59 წლისა ან გადაეცემა პირს საკუთრების ან აღნაგობის უფლებით.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6891  ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

    მუხლი 7. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო

1. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო შეიძლება იყოს ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის საწარმო, რომელიც რეგისტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საწარმოთა რეგისტრაციის ნორმების შესაბამისად.

2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობას ახორციელებენ ამ ზონაში რეგისტრირებული საწარმოები. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ რეგისტრირებული საწარმოები (როგორც საქართველოსი, ისე უცხოური) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობას ახორციელებენ ამ ზონაში რეგისტრირებული მუდმივი დაწესებულებების მეშვეობით, გარდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის განაწილების, კავშირგაბმულობისა და კანალიზაციის მომსახურებების და მათთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი საქართველოს საწარმოებისა.

3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ) საქმიანობას ახორციელებს, როგორც უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება.

4. ორგანიზატორი ან/და ადმინისტრატორი არ წარმოადგენს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს და რეგისტრირებული უნდა იქნეს საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი №6575 – ვებგვერდი, 10.07.2012წ.

 

    მუხლი 8. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მახასიათებლები

1. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ანგარიშსწორება ხორციელდება ნებისმიერი ვალუტით.

2. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსა და საქართველოს საწარმოს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება ნებისმიერი ვალუტით.

3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განხორციელებულ ცალკეულ საქმიანობებზე გაუქმდეს ლიცენზიის/ნებართვის აღების ვალდებულება ან დაწესდეს ლიცენზიის/ნებართვის აღების გამარტივებული წესი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დაუშვებელია შენობის საცხოვრებლად გამოყენება.

 

    მუხლი 9. გადასახადები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში

1. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გადასახადებთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს საბაჟო კოდექსით.

2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონის საწარმოს მიერ მიღებული მოგება საქართველოს საგადასახადო კოდექსი შესაბამისად, გარდა იმავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უცხოური საქონლის შეტანა არ იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით.

4. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განხორციელებული ოპერაციები არ იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით.

5. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ქონება გათავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან.

6. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უცხოური საქონლის შეტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისაგან.

7. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან შეტანა (იმპორტი) საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ) გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისაგან.

8. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საშემოსავლო გადასახადს დაქირავებული იხდის შემოსავლის დეკლარირების საფუძველზე.

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI,№66,03.12.2010წ.,მუხ.414

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4964 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6016 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4909 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.

 

    მუხლი 10. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანა-გატანა

1. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს საქონლის შეტანა განიხილება, როგორც საქონლის ექსპორტი.

2. თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის სხვა ქვეყანაში გატანა განიხილება, როგორც საქონლის ექსპორტი.

3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის საქართველოს სხვა ტერიტორიაზე შეტანისას ამ საქონლის მიმართ გამოიყენება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურა. ამასთანავე, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის მიმართ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის გამოყენებისას ეს საქონელი, ოდენობის მიუხედავად, იბეგრება მხოლოდ დამატებული ღირებულების გადასახადით.

4. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანისას და ამ ზონიდან საქონლის გატანისას საქონლის საბაჟო დეკლარირებისა და საბაჟო კონტროლის წესები დგინდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით.

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5951 - ვებგვერდი,12.04.2012წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4909 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.

 

    მუხლი 11. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობა

1. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის წარმოება, გადამუშავება ან მომსახურების გაწევა, გარდა ამ კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული საქმიანობისა.

2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური გასცემს საქონლის საქართველოში წარმოშობის დამადასტურებელ შესაბამისი ფორმის სერტიფიკატს.

საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის  კანონი  №4405  - ვებგვერდი, 03.11.2015წ.
 

    მუხლი 12. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში აკრძალული საქმიანობა

1. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში აკრძალულია:

ა) იარაღის, საბრძოლო მასალის წარმოება, იარაღით, საბრძოლო მასალით ვაჭრობა;

ბ) ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებების წარმოება, ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებებით ვაჭრობა;

გ) ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია;

დ) თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის შეტანა ადგილზე მოხმარებისთვის და ეს არ განიხილება, როგორც საქონლის ექსპორტი.

3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია, ცალკეული საქმიანობის სახეობაზე დაწესდეს აკრძალვები და შეზღუდვები. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე გავრცელდება მხოლოდ ის აკრძალვები და შეზღუდვები, რომლებიც დადგინდება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნამდე.

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4964 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6016 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.

 

    მუხლი 13. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მომსახურების/ზედამხედველობის ორგანოები

1. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოქმედებენ იმ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლობები, რომლებიც აუცილებელია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირებისათვის, და ისინი ემსახურებიან მხოლოდ ამ ზონაში რეგისტრირებულ საწარმოებს.

2. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ცალკეული წარმომადგენლობები გაერთიანდნენ ერთიან მომსახურების/ზედამხედველობის ორგანოში.

3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ფუნქციონირების ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

4. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უსაფრთხოების ნორმების დაცვის ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო, თუ აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული არა აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მომსახურების/ზედამხედველობის ორგანოს.

 

    მუხლი 14. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ადმინისტრატორი

1. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მართვას ახორციელებს ადმინისტრატორი.

2. ადმინისტრატორი შეიძლება იყოს თვითონ ორგანიზატორი ან მის მიერ დანიშნული პირი (როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული).

3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ადმინისტრატორი უზრუნველყოფს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უსაფრთხოების ნორმების დაცვას.

 

    მუხლი 15. დავების გადაწყვეტის წესი

1. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის წესებით (წესდებით) შეიძლება განისაზღვროს, რომ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დავებს, რომლებშიც სახელმწიფო არ გამოდის ერთ-ერთ მოდავე მხარედ, განიხილავს და გადაწყვეტს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოქმედი საერთაშორისო არბიტრაჟი.

2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრაციით საწარმო აღიარებს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის წესებით (წესდებით) დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს.

 

    მუხლი 16. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ლიკვიდაცია

1. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ლიკვიდაციის საფუძვლებია:

ა) ვადის ამოწურვა;

ბ) ორგანიზატორის განცხადება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ლიკვიდაციის თაობაზე;

გ) საქართველოს მთავრობის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილება.

2. ორგანიზატორსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებით იქმნება სალიკვიდაციო კომისია.

3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული დავები განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

    მუხლი 17. გარდამავალი დებულებანი

საქართველოს მთავრობას დაევალოს:

ა) ამ კანონის გამოქვეყნებიდან ორი თვის ვადაში მოამზადოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების შესახებ დადგენილება;

ბ) ამ კანონის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში ამ კანონთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის მიზნით მოამზადოს საქართველოს საბაჟო კოდექსში, საქართველოს საგადასახადო კოდექსში, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა კანონებში შესატანი ცვლილებები;

გ) ამ კანონის გამოქვეყნებიდან ორი თვის ვადაში მოამზადოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონისთვის მშენებლობის გამარტივებული წესები.

 

    მუხლი 18. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–მე-16 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი–მე-16 მუხლები ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 3 ივლისი.

№5175–რს