საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4209
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 12/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.002.520
  • Word
4209
29/12/2006
სსმ, 4, 12/01/2007
060.000.000.05.001.002.520
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №4748, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 212-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 212. სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა

1. სასამართლოში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე), რომელიც უფლებამოსილია სხდომის დარბაზში დამსწრე პირთა ადგილების გათვალისწინებით შეზღუდოს სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობა.

2. სასამართლო აფრთხილებს მხარეებს, რომ თუ ისინი თვითნებურად მიატოვებენ სხდომას, მათ მიმართ გამოტანილი იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

3. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პროცესის მონაწილის ან/და სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. თუ გაძევებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს მის გაყვანას სასამართლოდან, ამასთანავე, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა ან პატიმრობა.

4. თუ სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება გაძევების შესახებ ეხება წარმომადგენელს, საქმის მოსმენა გადაიდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმეს თავიდანვე აწარმოებდა რამდენიმე წარმომადგენელი. ადვოკატის არასათანადო ქცევის შესახებ სასამართლოს გამოაქვს შესაბამისი განჩინება, რომელიც ეგზავნება ადვოკატთა გაერთიანებას.

5. პირი სხდომის დარბაზიდან გაძევებულად ითვლება იმავე ინსტანციის სასამართლოში ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განხილვის დასრულებამდე. მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე) უფლებამოსილია გაძევებულ პირს მისცეს სხდომაზე დაბრუნების შესაძლებლობა.

6. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევ პირს, მათ შორის, გაძევებულ პირს, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებით შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 50-დან 500 ლარამდე ოდენობით, რაზედაც გაიცემა სააღსრულებო ფურცელი. თუ დაჯარიმებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) შეუძლია დაუყოვნებლივ გაზარდოს ჯარიმის ოდენობა ამ ნაწილით განსაზღვრულ ფარგლებში.

7. თუ სასამართლო სხდომაზე პირის ქმედება მიმართულია პროცესის ჩაშლისაკენ ან იგი გამოხატავს აშკარა ან/და უხეშ უპატივცემულობას სასამართლოს (მოსამართლის), პროცესის მონაწილის ან მხარის მიმართ, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) მითითებით სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს პირის დაკავებას და დაკავების ოქმის შედგენას, ამასთანავე, სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე) ადგენს მიმართვას, რომელშიც აღწერს დარღვევას და უგზავნის განკარგულების გამოცემაზე უფლებამოსილ სასამართლოს (მოსამართლეს). დაკავებული პირი დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს (მოსამართლეს), რომელსაც გაეგზავნა მიმართვა და რომელიც უფლებამოსილია გამოიტანოს განკარგულება ამ პირის 30 დღე-ღამემდე ვადით პატიმრობის შესახებ. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი და ორზე მეტი მოსამართლეა, განკარგულება გამოაქვს სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო თუ დარღვევა მოხდა სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე, განკარგულება გამოაქვს მის მიერ განსაზღვრულ სხვა მოსამართლეს. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ერთი მოსამართლეა, განკარგულება გამოაქვს უახლოესი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს. თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა მოხდა საქმის მაგისტრატი მოსამართლის მიერ განხილვისას, განკარგულება გამოაქვს იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, რომლის შემადგენლობაშიცაა ეს მაგისტრატი მოსამართლე. სააპელაციო სასამართლოში განკარგულება გამოაქვს სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო თუ დარღვევა მოხდა მისი მონაწილეობით გამართულ სხდომაზე, განკარგულება გამოაქვს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ან მის მიერ განსაზღვრულ სხვა მოსამართლეს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გარდა დიდი პალატისა, განკარგულება გამოაქვს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვისას განკარგულება გამოაქვს იმ მოსამართლეს, რომელიც არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში. დაკავებული პირი, თუ ამის აუცილებლობა არსებობს, შეიძლება გადაეცეს პოლიციას. თუ დაპატიმრების შესახებ განკარგულება გამოტანილ იქნა პროცესის მონაწილის მიმართ, სასამართლო სხდომა შეიძლება გადაიდოს აღნიშნული ვადით. განკარგულება მიიღება ზეპირი მოსმენის საფუძველზე, დაკავებული პირის წარდგენიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა.

8. სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია დააკავოს წესრიგის დამრღვევი პირი, რის შესახებაც ადგენს დაკავების ოქმს. სასამართლოს მანდატური ვალდებულია დაკავებული პირი დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, წარუდგინოს იმავე სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს. სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე დაკავებული პირის წარდგენიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, უფლებამოსილია დამრღვევი პირის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ განკარგულება მიიღება ზეპირი მოსმენის გარეშე და არ საჩივრდება.

10. ამ მუხლით გათვალისწინებული პატიმრობის შესახებ საქმის განხილვისას სასამართლო დაკავებულ პირს აცნობებს საქმის განხილვის დროსა და ადგილს. მხარის გამოუცხადებლობა არ იწვევს სხდომის გადადებას. საქმის განხილვა იწყება სასამართლოს თავმჯდომარის (მოსამართლის) მოხსენებით, რომელიც აცხადებს, ვის მიმართ შეიძლება იქნეს გამოყენებული პატიმრობა, საქმის განხილვის მონაწილე პირებს განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს, საჯაროდ კითხულობს წესრიგის დარღვევის თაობაზე შედგენილ მიმართვას და უსმენს საქმის განხილვაში მონაწილე პირებს. ზეპირი მოსმენისას დამრღვევ პირს/მის დამცველს საშუალება ეძლევა, სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები და მისცეს განმარტებები დაკავების კანონიერებისა და პასუხისმგებლობის ზომის თაობაზე. მხარეთა მოსმენის შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარეს (მოსამართლეს) ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პატიმრობის გამოყენების შესახებ. განკარგულების გამომტანი სასამართლო (მოსამართლე) განკარგულების ასლს დაუყოვნებლივ გადასცემს დამრღვევ პირს, ასევე განკარგულების ასლს აღსასრულებლად უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებს. დაკავების ვადა ჩაითვლება პატიმრობის საერთო ვადაში.

11. პატიმრობის გამოყენების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და იგი შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა პატიმრობა, სათანადო წესით მისთვის განკარგულების ასლის ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში. შემოსულ საჩივარს სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს (მოსამართლეს). პირველი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის თავმჯდომარესთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ან პალატის, გარდა დიდი პალატისა, თავმჯდომარის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში წესრიგის დარღვევის შესახებ მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება იმ მოსამართლესთან, რომელიც არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში. საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე და მისი განხილვის ვადა საჩივრის შეტანიდან 24 საათს არ უნდა აღემატებოდეს.

შენიშვნა:

ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის საფუძველზე დაჯარიმებულ პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი:

ა) 150 ლარის ოდენობით – 50-დან 250 ლარამდე დაჯარიმების შემთხვევაში;

ბ) 300 ლარის ოდენობით – 250-დან 500 ლარამდე დაჯარიმების შემთხვევაში.“.

2. 389-ე და 390-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 389. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი

1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში უნდა მიეთითოს:

ა) გადაწყვეტილების გამოტანის დრო და ადგილი;

ბ) სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა;

გ) სააპელაციო საჩივრის შემომტანი პირის დასახელება;

დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს:

ა) სააპელაციო საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნას;

ბ) საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით;

გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთებას. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ცალკეულ შეფასებას საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მასზე მითითებით.

3. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სააპელაციო საჩივრის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების, აგრეთვე გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადისა და წესის თაობაზე.

    მუხლი 390. სააპელაციო სასამართლოს განჩინების შინაარსი

1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით.

2. სააპელაციო სასამართლოს განჩინების შესავალ ნაწილში უნდა მიეთითოს:

ა) განჩინების გამოტანის დრო და ადგილი;

ბ) სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა;

გ) სააპელაციო საჩივრის ან კერძო საჩივრის (საჩივრის) შემომტანი პირის დასახელება;

დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება).

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს:

ა) სააპელაციო საჩივრის ან კერძო საჩივრის (საჩივრის) შემომტანი პირის მოთხოვნას;

ბ) საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას;

გ) მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

4. განჩინების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სააპელაციო საჩივრის ან კერძო საჩივრის (საჩივრის) მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების, აგრეთვე განჩინების გასაჩივრების ვადისა და წესის თაობაზე.“.

3. 443-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2008 წლის 1 იანვრამდე შეტანილი სააპელაციო საჩივარი ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრულ საქმეებზე, ქონებრივ-სამართლებრივ დავაზე, რომლის ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, ასევე შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4209–რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.