„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 575
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 11/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
575
11/05/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 11/05/2010
000000000.00(0).000.000000
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 575

2010 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილებები იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებაში და პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 და №2 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

პრემიერ-მინისტრი                   ნ. გილაური

 

,,დანართი №1

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა

 

I. ძირითადი მიზანი

 

1. შესავალი

 

1.1. 90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი, მდგრადი და საჭიროებას მორგებული ფორმით გადაწყვეტის მიზნით იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით ძალაში შევიდა იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია (შემდგომში – სახელმწიფო სტრატეგია) . სახელმწიფო სტრატეგიის დამატებამ, რომელიც მიღებულ იქნა იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 დეკემბრის №854 განკარგულებით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები მოაქცია სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა (შემდგომში – სამოქმედო გეგმა) ეფუძნება გაეროსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივ საჭიროებათა ანალიზის შედეგად გამოვლენილ პრიორიტეტულ საჭიროებებს, ასევე, ფართომასშტაბიანი კონსულტაციების გზით გამოკვეთილ საჭიროებებს. სამოქმედო გეგმა მიღებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით. სამოქმედო გეგმა არის განახლებადი დოკუმენტი, რომელიც განიცდის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისას არსებული ფაქტორებიდან გამომდინარე ცვლილებებსა და განახლებებს.

1.2. სამოქმედო გეგმა დამტკიცების შემდგომ ყოველკვარტალურად გადაიხედება და, საჭიროების შემთხვევაში, განახლდება დამოუკიდებელი შუალედური შეფასების საფუძველზე. ორივე მექანიზმი ინიცირებული იქნება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ ყველა სხვა პარტნიორთან კონსულტაციის გზით. სამოქმედო გეგმაში ცვლილებები, საჭიროების შემთხვევაში, შემუშავდება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უშუალო ხელმძღვანელობით, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

1.3. სახელმწიფო სტრატეგიის მთავარი მიზანია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ამ მიზნის მისაღწევად სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას, სახელმწიფოზე მათი დამოკიდებულების შემცირებასა და დაუცველი დევნილების სახელმწიფო სოციალურ პროგრამებში ინტეგრირებას ობიექტური და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე მანამ, სანამ შესაძლებელი გახდება მათი დაბრუნება. 

1.4. ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად სახელმწიფო სტრატეგია ითვალისწინებს ადეკვატურ გრძელვადიანი განსახლებისა და ინტეგრაციის ხელშემწყობ სხვადასხვა ღონისძიებებს. კონცეფცია ეფუძნება სახელმწიფო სტრატეგიის დამატებასა და განხორციელდება სამ ეტაპად.

1.5. სახელმწიფო სტრატეგიაში ასახული სახელმწიფო სტრატეგიის გატარების ყველა მთავარი პრინციპი (თავი VI) სრულად იქნება დაცული სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დევნილთა მიერ ნებაყოფლობით და ინფორმირებულ გადაწყვეტილებათა მიღებას და თავისუფალ არჩევანს, დევნილებთან დიალოგსა და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, გენდერულ თანასწორობას, ბავშვთა უფლებების დაცვასა და ადამიანის სხვა აღიარებულ უფლებათა დაცვას. ყოველივე ეს უზრუნველყოფილი იქნება იურიდიული კონსულტაციისა და საინფორმაციო კამპანიის გზით. სამოქმედო გეგმა განხორციელდება ობიექტური, გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე და უზრუნველყოფს დევნილთა ჩართულობას დაგეგმვის პროცესში, მათი მხრიდან კარგად ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას ყველა იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლებიც მათ ეხებათ.

1.6. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო შეიმუშავებს და განახორციელებს ყოვლისმომცველ საინფორმაციო კამპანიას, რომლის მეშვეობითაც დევნილები რეგულარულად მიიღებენ ინფორმაციას სამოქმედო გეგმის ყველა ასპექტთან დაკავშირებით, რაც დაეხმარებათ მათ ინფორმირებულ გადაწყვეტილებათა მიღებაში.

1.7. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო შეიმუშავებს და პერიოდულად განაახლებს ყოველწლიურ დეტალურ სამუშაო გეგმას სამეთვალყურეო საბჭოს მოთხოვნის გათვალისწინებით.

      

II. ამოცანები

 

2. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა

 

2.1.  პირველი ეტაპი

 

2.1.1. კოლექტიური ცენტრების (სადაც ამჟამად ცხოვრობენ დევნილები) რეაბილიტაცია და საკუთრებაში გადაცემა არის ერთიანი პროცესი, რომლის კოორდინირებას მოახდენს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. კონკრეტულ შენობა-ნაგებობათა გარემონტების გადაწყვეტილების შემთხვევაში, კოლექტიური ცენტრების დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემამდე უნდა განხორციელდეს ამ ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პირველი ეტაპი ითვალისწინებს კოლექტიური  ცენტრების რეაბილიტაციას, სადაც ეს შესაძლებელია, და მათი დევნილი ოჯახებისათვის სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაცემას.

პირველ ეტაპზე არსებობს დევნილთათვის საკუთრებაში გადასაცემი ობიექტების ორი კატეგორია:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ცენტრები;

ბ) ცენტრები, რომლებსაც სახელმწიფო შეისყიდის კერძო მესაკუთრეთაგან და შესთავაზებს დევნილებს.

დევნილებს, რომელთაც ესაჭიროებათ მუდმივი საცხოვრებელი და აკმაყოფილებენ შესაბამის პირობებს, მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება და თანხმობა, ან უარი განაცხადონ შეთავაზებაზე. კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილთა უფლება, იცხოვრონ კანონით დადგენილი წესით დაკავებულ ფართობებში, რჩება ხელშეუხებელი კოლექტიური ცენტრების პრივატიზებისა და რეაბილიტაციის მიუხედავად, ვიდრე დევნილი არ განაცხადებს თანხმობას ერთ-ერთ ალტერნატიულ შეთავაზებაზე.

2.1.2. კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციისა და პრივატიზების პროცესის გამჭვირვალობის მისაღწევად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გეგმავს კოლექტიურ ცენტრებზე მონაცემთა ბაზის განახლებას, სადაც მითითებული იქნება, თუ რომელი ობიექტის რეაბილიტაცია და საკუთრებაში გადაცემაა დაგეგმილი. ეს ინფორმაცია იქნება საჯაროდ ხელმისაწვდომი დევნილებისთვის.

2.1.3. სხვა ალტერნატიული გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილდებიან ის დევნილები, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ კოლექტიურ ცენტრებში, რომლებიც არ გარემონტდება და/ან საკუთრებაში არ გადაეცემათ. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით განავითარებს და დანერგავს ალტერნატიული გრძელვადიანი საცხოვრებლის განაწილების ძირითად პრინციპებსა და კრიტერიუმებს, რომლებიც ასევე ეფუძნება დაუცველობაზე/მოწყვლადობაზე დაფუძნებულ კრიტერიუმებს ბენეფიციართა შერჩევისა და შემდგომი საცხოვრებელი ფართობების განაწილებისას.

2.1.4. საინფორმაციო კამპანია დაეხმარება დევნილებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში, დაელოდოს თუ არა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას მათ კოლექტიურ ცენტრებში და ფართობის საკუთრებაში გადაცემას, თუ პირდაპირ გადაეცეთ საკუთრებაში, რადგანაც მათი კოლექტიური ცენტრი არ ექვემდებარება გარემონტებას. კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილებს უფლება აქვთ იცოდნენ, აუცილებლობის შემთხვევაში, რა დონის რეაბილიტაცია სჭირდება მათ კოლექტიურ ცენტრს და ვის უნდა მიმართონ, თუ სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ და არაადეკვატურად შესრულდა.

2.1.5. ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს:

ა) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული იმ კომპაქტური ჩასახლების ობიექტების შერჩევა, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ საცხოვრებლად ვარგისი იქნება;

ბ) შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენა სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგად (სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ შესაბამისი დავალება მიიღო იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამით); 

გ) შიდა აზომვითი სამუშაოების წარმართვა;

დ) დევნილთათვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთება საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადასაცემად (შეძლებისდაგვარად ორივე მეუღლესთან);  

ე) დევნილი ოჯახის წარმომადგენლის შესყიდვის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა უზრუნველყოფს პრივატიზაციის პროცესის იურიდიულ მხარეს;

ვ) საბოლოო ეტაპზე, ამ ხელშეკრულების საფუძველზე,  სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქონებას დაარეგისტრირებს, როგორც დევნილის პირად საკუთრებას და გასცემს საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.1.6. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის გადახდას უზრუნველყოფს სახელმწიფო.

2.1.7. რეაბილიტაციის პროცესს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში წარმართავს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი და კოორდინაციას უწევს  საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. რეაბილიტაცია მოიცავს შენობების გადახურვას, სანიტარიული პირობების გაუმჯობესებას, წყალმომარაგებისა და, სადაც ტექნიკურად შესაძლებელია,  გაზმომარაგებით უზრუნველყოფას.

2.1.8. რეაბილიტაციის სტანდარტები, რომლებიც დაამტკიცა სამეთვალყურეო საბჭომ 2009 წლის 17 სექტემბერს და შემდეგ საქართველოს მთავრობამ ცნობად მიიღო 2009 წლის 30 ოქტომბერს, არის ამოსავალი დოკუმენტი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას, ისევე, როგორც კოლექტიური ცენტრებისა და მიტოვებული შენობების რეაბილიტაციისას, ასევე ახალი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების აშენებისას.

2.1.9. გადაწყვეტილებები რეაბილიტაციის პროცესის თაობაზე მიღებულ იქნება დევნილთა ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, და სადაც შესაძლებელია, დაინტერესებულ დევნილთა მონაწილეობით. ამასთან, დაცული იქნება გენდერული თანასწორობა.

2.1.10. თანხები ძირითადად აკუმულირებულ იქნება სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში, რომელიც გამოაცხადებს ტენდერებს და გააფორმებს სათანადო ხელშეკრულებებს შემსრულებელ კომპანიებსა და ორგანიზაციებთან.

2.1.11. დამატებით, დევნილთა საჭიროებას მორგებული განსახლების პროექტები შემუშავებული და განხორციელებული იქნება თითოეული ეტაპის განმავლობაში. დევნილთა საცხოვრებელი საჭიროებები დაკმაყოფილებულად ჩაითვლება შეთავაზებული ვარიანტებიდან მათ მიერ ერთ-ერთის არჩევის შემთხვევაში.

2.1.11.1. ამგვარი ალტერნატივები მოიცავს იმ კერძო ინვესტორების მიერ კომპაქტური ჩასახლების ობიექტების პრივატიზებას, რომლებიც დევნილებს შესთავაზებენ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართობებს კერძო საკუთრებაში ან ფულადი დახმარების გაწევას (კომპენსაციის მიცემას) საცხოვრებლის შესაძენად. ამ შემთხვევაში პროცესი განხორციელდება იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის სრული დაცვით და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სრული ჩართულობით, რათა დევნილები დაცულნი იყვნენ უკანონო გამოსახლებისაგან და უზრუნველყოფილ იქნეს მათ მიერ ადეკვატური კომპენსაციის მიღება მომავალი კერძო მესაკუთრისაგან.

2.1.11.2. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულება ითვალისწინებს იმ დევნილთა გამოვლენას, რომლებიც განსაკუთრებულად დაუცველნი არიან და აქვთ განსაკუთრებული საჭიროებები. მათთვის შემუშავებული და შეთავაზებული იქნება საჭიროებებს მორგებული განსახლების პროგრამები სოციალური ზრუნვის კომპონენტით.

2.1.12. კომპაქტური ჩასახლების ობიექტები, რომლებიც კერძო საკუთრებაშია და გამოდგება საცხოვრებლად, მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში გონივრულ ფასად (ფასი არ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ალტერნატიული განსახლების ღირებულება) შესყიდული იქნება სახელმწიფოს მიერ და დევნილებს გადაეცემათ საკუთრებაში.

2.1.13. საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადაცემის შემდეგ დევნილებს ეძლევათ საშუალება, ჩამოაყალიბონ ამხანაგობები (სადაც დაცული იქნება გენდერული თანასწორობა), რომლებიც იქნებიან მუნიციპალური პროგრამების ბენეფიციარები და მიიღებენ დახმარებას სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემების (სახურავის შეკეთება, სისუფთავის დაცვა და საერთო სარგებლობის ფართობის (სადარბაზო, ლიფტი) მოწესრიგება, ნარჩენების გატანა, უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფა და სხვ.) გადაწყვეტაში.

2.1.14. ალტერნატიული გრძელვადიანი განსახლების პროექტების შედგენისა და განხორციელებისათვის ჩატარდება მიზანმიმართული გამოკვლევები რეგიონების მიხედვით და მათზე დაყრდნობით მომზადდება დევნილების ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ საჭიროებებს მორგებული განსახლების პროექტების განხორციელებას. ამ თვალსაზრისით კონკრეტული ზომები იქნება მიღებული, რომ დევნილების მონაცემთა ბაზაში შევიდეს ე.წ. კერძო სექტორში მცხოვრებ დევნილთა ამჟამინდელი/ზუსტი მისამართი.

 

2.2. მეორე ეტაპი

 

2.2.1. მეორე ეტაპი მოიცავს ღონისძიებებს, რომელთა განხორციელებაც დაიწყო 2010 წლიდან. ამ პროექტების უკეთესი დაგეგმარების მიზნით საჭიროა დამატებითი ფინანსური სახსრების აკუმულირება და სათანადო საინფორმაციო ბაზის შექმნა, რომელიც დაეფუძნება სპეციალური გამოკვლევის შედეგებს.

2.2.2. მეორე ეტაპი მოიცავს შემდეგ ძირითად ღონისძიებებს:

ა) იმ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რომლებიც უარს იტყვიან კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში არსებული ფართობების საკუთრებაში მიღებაზე;

ბ) იმ დევნილების დახმარება, რომლებიც ცხოვრობენ ე.წ. კერძო სექტორში;

გ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და გამოუყენებელი შენობების იდენტიფიცირება და რეაბილიტაცია;

დ) საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალი საცხოვრებელი სახლების აშენება. პრიორიტეტი მიენიჭება იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც დევნილები უკვე ცხოვრობენ, და შესაბამისად, ინტეგრირებულნი არიან. ამასთან, ახალი საცხოვრებლების მშენებლობა არ განხორციელდება ქ. თბილისში.

     2.2.3. დევნილთა გარკვეული კატეგორიების მიმართ, რომლებიც ცხოვრობენ ე.წ. კერძო სექტორში , სახელმწიფო დამატებით განახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:

ა) დევნილები, რომლებსაც გააჩნიათ უძრავი ქონება/უზრუნველყოფილნი არიან საკუთარი საცხოვრებლით –

სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით დადგინდება იმ დევნილთა ვინაობა, რომლებსაც გააჩნიათ უძრავი ქონება. შესწავლილ იქნება დევნილთა ეს კატეგორია და ფინანსური რესურსების არსებობის მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა გარემონტდეს გრძელვადიანი საცხოვრებელი სარეაბილიტაციო სტანდარტების შესაბამისად. ან, თუ დევნილ ოჯახს გააჩნია შესაძლებლობა, თავად უზრუნველყოს სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, მათ შესაძლოა გადაეცეთ სამშენებლო მასალა. სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მარტოხელა დედების ოჯახებმა ამ პროცესებიდან უფრო მეტი სარგებელი მიიღონ;

ბ) დევნილები, რომლებიც არიან ნათესავებთან/არანათესავებთან, ან ნაქირავები აქვთ საცხოვრებელი ფართობი, რომელთაც არ გააჩნიათ სახლი, მაგრამ აქვთ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში –

ამ კატეგორიის დევნილებს გაეწევათ დახმარება ინდივიდუალური საცხოვრებლის/კოტეჯების ასაშენებლად მათ მიწის ნაკვეთებზე სარეაბილიტაციო, სამშენებლო სტანდარტების შესაბამისად. ან, თუ დევნილ ოჯახს გააჩნია შესაძლებლობა, თავად უზრუნველყოს სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება მათ გადაეცემათ სამშენებლო მასალა. სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მარტოხელა დედების ოჯახებმა ამ პროცესებიდან უფრო მეტი სარგებელი მიიღონ;

გ) დევნილები, რომლებიც არიან ნათესავებთან/არანათესავებთან, ან ნაქირავები აქვთ საცხოვრებელი ფართობი, რომელთაც არ გააჩნიათ უძრავი ქონება –

სახელმწიფო შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად შეძლებისდაგვარად მოიძიებს მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც გარემონტდება და საკუთრებაში გადაეცემა ამ კატეგორიის დევნილებს, ან გადასცემს მიწის ნაკვეთს, სადაც აშენდება ინდივიდუალური სახლები/კოტეჯები სარეაბილიტაციო, სამშენებლო სტანდარტების შესაბამისად. ეს პროცესები განხორციელდება გენდერული თანასწორობის პრინციპების საფუძველზე;

დ) დევნილები, რომელთაც მიიღეს ფულადი კომპენსაცია სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებამდე, მაგრამ ეს თანხა არ გამოიყენეს უძრავი ქონების შესაძენად –

დევნილებს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ფულადი კომპენსაციის გაცემის პროცესი არ იყო ნებაყოფლობითი, ან თანხის ოდენობა იყო უსამართლო, შეუძლიათ გაასაჩივრონ და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო სრულად შეისწავლის მათ საჩივარს და განხორციელდება სათანადო რეაგირება, თუკი მათი საჩივარი საფუძველს მოკლებული არ არის.

2.2.4. იდენტიფიცირება მოხდება იმ დევნილი ოჯახების, რომლებსაც არ სურთ საცხოვრებელი ფართობის მიღება, ვინაიდან მათ გააჩნიათ სათანადო შემოსავალი და სურვილი აქვთ თავად შეიძინონ საცხოვრებელი ფართობი. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელი იქნება გარკვეული ფინანსური დახმარების გაწევა საცხოვრებელი ფართობის შეთავაზების სანაცვლოდ. ასეთ შემთხვევებში, ფულადი თანხა მშენებლობისთვის საჭირო თანხაზე ნაკლები იქნება. ფულადი დახმარების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მისი განხორციელება დაიწყება მესამე ეტაპზე.

 

2.3. მესამე ეტაპი

 

2.3.1. მესამე ეტაპი მოიცავს 2011-2012 წლებს. ამ ეტაპზე განხორციელდება იმ დევნილთათვის დახმარების გაწევა, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას.

2.3.2. დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას (მაგ., გააჩნიათ საკუთრება), ფინანსური რესურსების არსებობის შესაბამისად შესაძლოა გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება. ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება ბოლო ეტაპზე.

2.3.3. მას შემდეგ, რაც განხორციელდება დევნილთა ინტეგრაციის მხარდამჭერი ღონისძიებები, მოხდება დევნილთა მიმართ სოციალური დახმარების სისტემის ტრანსფორმირება სტატუსიდან საჭიროებაზე. დევნილთა მხრიდან დახმარების მიღების მიზანშეწონილობა დაეფუძნება რაციონალურ, ნათელ და გამჭვირვალე კრიტერიუმებს. ეს განხორციელდება რელევანტურ სამინისტროებთან და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობით. არა სოციალური ხასიათის, არამედ დევნილის სტატუსზე დამყარებული დახმარება უზრუნველყოფილი იქნება გამონაკლის შემთხვევებში, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი პირებისათვის.

 

3. სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებები

 

3.1. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 დეკემბრის №854 განკარგულება მიზნად ისახავს დევნილების სოციალურ ინტეგრაციას, სახელმწიფოზე მათი დამოკიდებულების შემცირებას, სახელმწიფო დახმარების საჭიროებებზე მიმართვას, დაუცველი დევნილების მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამებში ჩაბმას. როგორც საჭიროებათა ერთობლივმა და გლობალურმა ანალიზმა აჩვენა, სოციალური ინტეგრაციისა და თვითკმარობის შესაძლებლობების შექმნის ღონისძიებები მჭიდრო ურთიერთკავშირშია, და მხოლოდ მრავალსექტორიანი სტრატეგიული რეაგირებითაა შესაძლებელი ამ პრობლემების ეფექტიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტა.

3.2. სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ელემენტები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ შემდეგით: ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, მიზნობრივი სოციალური დახმარება, ფსიქოლოგიური დახმარება, განათლების მიღების შესაძლებლობა, საარსებო წყარო და დასაქმება გენდერული თანასწორობის დაცვით. მოძიებულ იქნება მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან, რათა ხელი შეეწყოს ისეთი პროექტების განვითარებასა და განხორციელებას, რომლებიც მიზანმიმართული იქნება დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ.

დევნილები მიიღებენ სამედიცინო დახმარებას სახელმწიფო ჯანდაცვის პროექტების ფარგლებში. კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე ისინი მიიღებენ სამედიცინო დაზღვევას სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროგრამიდან, ასევე მედიკამენტებს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეიმუშავეს საკოორდინაციო მექანიზმი შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ინფორმაციის გაცვლა, ხარვეზების დადგენა დევნილთა სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფისას, პარტნიორებისაგან ორმაგ ღონისძიებათა აღკვეთა (მათ შორის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, გაეროს სააგენტოები, დონორი ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები).

3.3. დევნილთა სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულების შემცირება მოიცავს რიგ ღონისძიებებს, რომელთა შედეგად გაიზრდება როგორც ქალაქად, ისე სოფლად მცხოვრები დევნილების დასაქმების დონე როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისათვის ეკონომიკური საქმიანობის საშუალებით. აღნიშნულ ღონისძიებათა მიზანია, გაიზარდოს დევნილთა თვითკმარობის დონე.

3.4. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ შეიმუშავა დევნილთათვის საარსებო წყაროების პროგრამების საკოორდინაციო მექანიზმი სამინისტროს პარტნიორ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. საკოორდინაციო მექანიზმის მიზანია დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული და სახელმწიფოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ საარსებო წყაროსთან დაკავშირებულ მიმდინარე ან დაგეგმილ პროექტებზე ინფორმაციის შეგროვება. ეს საინფორმაციო მექანიზმი საშუალებას მისცემს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ადვილად გამოავლინოს ხარვეზები დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და ინტეგრაციაზე.

 

4. სამოქმედო გეგმის ფინანსური გათვლა და უზრუნველყოფა

 

4.1. განკარგულებას თანდართულ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის რეალიზებისათვის საჭირო რესურსების საერთო შეფასებაში მოცემულია საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებები და დამატებითი რესურსების მობილიზების საჭიროება.

4.2. განსახლების სხვადასხვა პროგრამში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა მისაღებია, რაც შეუძლებელს ხდის სამოქმედო გეგმის წინასწარ ფინანსურ გათვლებს. დანართის მიზანია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებისათვის ფულადი სახსრების წინასწარი მობილიზება, ხოლო, უფრო დეტალური მონაცემები მზად იქნება სამოქმედო გეგმის განხორციელების დროს.

4.3. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დონორ ორგანიზაციებთან საქართველოს მთავრობის აქტიურ თანამშრომლობას. საჭირო ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების მობილიზებას ადგილი უნდა ჰქონდეს თითოეულ ეტაპზე.

 

5. მართვა და კოორდინაცია

 

5.1. საერთო კოორდინაციას განახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საერთო მოქმედების კოორდინაციის მიზნით, რათა მოხდეს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის რეალიზება და განხორციელება. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროკომისია, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი, გაერთიანებული ერების მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, მსოფლიო ბანკი; სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, სათათბირო ხმის უფლებით, ასევე არის არასამთავრობო სექტორის ორი წარმომადგენელი (ერთი ადგილობრივი, ერთი საერთაშორისო); სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები შესაძლოა მოწვეულ იქნენ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სპეციფიკური საკითხების განსახილველად. სამეთვალყურეო საბჭოს პერსონალური შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ბრძანებით, ზემოაღნიშნული სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, თითოეულ უწყებას და ორგანიზაციას აქვს ერთი ხმა. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მიმდინარეობისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომის ყველა დამსწრე წევრი.

სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის მიზანია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიანი გადაწყვეტა, სახელმწიფოზე დევნილთა დამოკიდებულების შემცირება, დაუცველი დევნილების სახელმწიფო სოციალურ პროგრამებში ინტეგრირება.

სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს, მოახდინოს სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის საჭირო სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტა. მათ შორის, ისეთი საკითხების, როგორიცაა: დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპების, კრიტერიუმების, პროცედურების და რეაბილიტაციის სტანდარტების შემუშავება, დამტკიცება და ა.შ. ასევე, აღნიშნულის თაობაზე სათანადო ინფორმაციის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.   

სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს გეგმებს და აყალიბებს პრიორიტეტულ მიმართულებებს. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება კონკრეტული და დროში გაწერილი. სამეთვალყურეო საბჭოს დისკუსიები და გადაწყვეტილებები ეფუძნება კომპეტენტურ ტექნიკურ ექსპერტიზას, მონაცემებსა და რჩევებს. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გაკეთებული რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებები მიეწოდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობის წევრებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ექსპერტჯგუფებს დაევალება ტექნიკური დახმარების აღმოჩენა და დროში გათვლილ ისეთ სპეციფიკურ დავალებათა შესრულება, რომლებიც აუცილებელია სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის (მაგ., სტანდარტების შემუშავება, სამართლებრივი საკითხები და სხვ.). სამეთვალყურეო საბჭო მუშაობს მიღებული სამუშაო აღწერილობის ფარგლებში და იკრიბება თვეში ერთხელ მაინც.   

 5.2. სამეთვალყურეო საბჭო პასუხისმგებელი იქნება განხორციელებული ღონისძიებების გამჭვირვალობისათვის. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო განახორციელებს პროექტების მონიტორინგს. სხვადასხვა სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები ფართოდ იქნებიან ჩაბმულნი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენასა და ამ პროგრამების განხორციელებაში..