ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5261
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 27/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.05.001.002.990
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5261
11/07/2007
სსმ, 29, 27/07/2007
010.170.000.05.001.002.990
ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

 

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა და მათ შთამომავალთა საქართველოში დაბრუნებისათვის სამართლებრივი მექანიზმების შექმნა. ამ კანონით დადგენილი რეპატრიაციის სისტემა ეფუძნება ისტორიული სამართლიანობის აღდგენას, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების პრინციპებს და ითვალისწინებს ეტაპობრივ რეპატრიაციას.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) იძულებით გადასახლებული პირი – პირი, რომელიც XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან სსრკ-ის სხვა რესპუბლიკებში, სსრკ-ის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 31 ივლისის №6279 cc დადგენილების საფუძველზე, იძულებით იქნა გადასახლებული;

ბ) რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირი – ამ კანონით დადგენილი წესით რეპატრიანტის სტატუსის მაძიებლად აღრიცხული პირი;

გ) რეპატრიანტი – პირი, რომელმაც ამ კანონით დადგენილი წესით მოიპოვა რეპატრიანტის სტატუსი;

დ) წარმომადგენლობა – საქართველოს დიპლომატიური ან სხვა შესაბამისად უფლებამოსილი დაწესებულება საზღვარგარეთ;

ე) წარმომადგენელი – უფლებამოსილი პირი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეპატრიაციის პროცესს საზღვარგარეთ;

ვ) სახელმწიფო მინისტრის აპარატი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

ზ) ხარვეზი – წარმოდგენილი დოკუმენტის ამ კანონით მოთხოვნილ ფორმასთან შეუსაბამობა ან ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილთაგან რომელიმე დოკუმენტის სათანადო წესით დამოწმებული თარგმანის არარსებობა.

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2204 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.311

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3102  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

    მუხლი 3. რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი განაცხადის წარდგენის უფლების მქონე პირები

1. ამ კანონით დადგენილი წესით რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი განაცხადის წარდგენის უფლების მქონე პირები არიან: იძულებით გადასახლებული პირი და მისი პირდაპირი შთამომავალი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მეუღლეებს და არასრულწლოვან შვილებს ამ კანონით დადგენილი წესით რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი განაცხადის წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენისა და მათთვის თანხმობის მიცემის შემთხვევაში.

    მუხლი 4. განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ

1. რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულმა პირმა განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ უნდა წარადგინოს:

ა) სახელმწიფო მინისტრის აპარატში – თუ პირი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს საქართველოში;

ბ) იმ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ წარმომადგენლობაში, რომლის მოქალაქეც არის იგი ან სადაც იგი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს;

გ) უახლოეს წარმომადგენლობაში, თუ იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც არის იგი ან სადაც იგი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს, არ არის წარმომადგენლობა.

2. რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) იძულებით გადასახლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები);

ბ) იმ ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი მოქალაქეობრივი კუთვნილების ან მუდმივი ბინადრობის, ასევე პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტები, რომლის მოქალაქეც არის იგი ან სადაც იგი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს;

გ) დაბადების მოწმობა;

დ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;

ე) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

ვ) ოჯახური მდგომარეობის ან/და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (მათ შორის, ქორწინების ან/და განქორწინების მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობა);

ზ) (ამოღებულია – 01.12.2009, №2204 );

თ) ავტობიოგრაფია, სადაც განმცხადებლის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მითითებული უნდა იყოს, თუ რომელ ენებს ფლობს, და მისი მოქალაქეობრივი კუთვნილება;

ი) ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იძულებით გადასახლებული პირის ან მისი პირდაპირი შთამომავლის განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ, ასევე მეუღლის და არასრულწლოვანი შვილის მიერ რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენაზე ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

კ) ინფორმაცია ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.

3. განმცხადებელს, სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადს დაურთოს სხვა დოკუმენტებიც, რომლებიც ხელს შეუწყობს მას რეპატრიაციისა და ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესში.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. თუ დოკუმენტი სხვა ენაზეა შედგენილი, ამ დოკუმენტთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს მისი სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

5. განმცხადებელი უფლებამოსილია სახელმწიფო მინისტრის აპარატს ან წარმომადგენლობას გადასცეს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების სათანადო წესით დამოწმებული ასლები. დოკუმენტის ასლი დამოწმებული უნდა იყოს იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ხდება რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენა ან რომელშიც ცხოვრობს განმცხადებელი.

6. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე დოკუმენტის მოპოვება შეუძლებელია, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა ამტკიცოს, რომ დოკუმენტის წარდგენა ვერ მოხერხდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზებით.

7. ამ მუხლით დადგენილი წესით რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს არა უგვიანეს 2009 წლის 1 ივლისისა.

საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №886 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.290

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2204 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.311

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3102  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

    მუხლი 5. რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის რეგისტრაცია

1. ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილი წესით წარდგენილი განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ რეგისტრირდება და მას ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი.

2. რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენისას ამ განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების შემოწმების შედეგად ხარვეზის არარსებობის დადგენის შემთხვევაში განმცხადებელი აღირიცხება რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირად.

3. რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენისას განაცხადში ან/და თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ან წარმომადგენლობა ამის თაობაზე აცნობებს განმცხადებელს, რათა აღნიშნული ხარვეზი გამოსწორებულ იქნეს 4 თვემდე ვადაში.

4. თუ განმცხადებელი 4 თვის ვადაში ვერ წარმოადგენს ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ განაცხადს ან/და დოკუმენტებს უხარვეზოდ, განაცხადი რჩება განუხილველი და განმცხადებელს უბრუნდება უკვე წარმოდგენილი დოკუმენტები.

5. ხარვეზის გამოსასწორებლად ამ კანონით დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში განმცხადებელი უფლებამოსილია ხელახლა წარადგინოს რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადი ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილი წესით, არა უგვიანეს 2009 წლის 1 ივლისისა.

საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №886 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.290

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2204 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.311

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3102  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

    მუხლი 6. რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადების განხილვა

 1. რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირის რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადს, თანდართულ დოკუმენტებს და სხვა მასალებს წარმომადგენელი უგზავნის სახელმწიფო მინისტრის აპარატს, სადაც რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა აღნიშნული განაცხადები აღირიცხება მონაცემთა ერთიან ბაზაში.
 2. რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადების განხილვა იწყება 2010 წლის 1 იანვრიდან.
 3. სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი თითოეული პირის განაცხადს ცალკე იხილავს, ამასთანავე, ითვალისწინებს ოჯახის ერთიანობის პრინციპს და ერთი ოჯახის წევრთა განაცხადებს ერთობლივად იხილავს.
 4. სახელმწიფო მინისტრის აპარატი დოკუმენტაციას არეგისტრირებს და შესასწავლად უგზავნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე სხვა უწყებებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცემენ შესაბამის დასაბუთებულ დასკვნას რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირისათვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ.

საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №886 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.290

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1538 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.122

საქართველოს 2015 წლის 8  ივლისის კანონი  №3966  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3102  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

    მუხლი 7. რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადების განხილვის დამატებითი პროცედურები

1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით.

2. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის მიზნით შეიძლება დადგინდეს გასაუბრების პროცედურა, აგრეთვე სხვადასხვა სახის ტესტირების გავლის აუცილებლობა, რაც დაკავშირებულია პირის სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხთან.

3. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება ქართული ენის ცოდნას.

4. თუ რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ანალიზისას, ან ამ მუხლის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების გავლისას გამოვლინდა პირის მიერ არასწორი ინფორმაციის შეგნებულად წარდგენის ფაქტი, აღნიშნული პირის განაცხადი აღარ განიხილება.

5. რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა განაცხადების განხილვასთან დაკავშირებით ამ კანონით განსაზღვრულ პროცედურებზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

    მუხლი 8. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭება

1. შესაბამისი უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვისა და მისი ანალიზის შემდეგ, აგრეთვე ამ კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე განსაზღვრული პროცედურების გავლის შედეგების გათვალისწინებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამზადებს დასკვნას რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირისათვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის თაობაზე, რის საფუძველზედაც  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი (შემდგომ − სახელმწიფო მინისტრი) გამოსცემს ბრძანებას პირისათვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის თაობაზე.
   2. სახელმწიფო მინისტრის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბრძანების გამოცემიდან 20 დღის ვადაში რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირს ეცნობება რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის თაობაზე.

3. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის და 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედება.

4. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში 1 თვის ვადაში რეპატრიანტს უნდა გადაეცეს რეპატრიანტის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3102  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

    მუხლი 9. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება რეპატრიანტის სტატუსის საფუძველზე

1. რეპატრიანტის სტატუსი რეპატრიანტს აძლევს უფლებას, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

2. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში რეპატრიანტმა საქართველოში გამომგზავრებამდე 1 თვით ადრე უნდა წარმოადგინოს წარმომადგენლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ფორმის , ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი.

3. (ამოღებულია – 01.12.2009, №2204).

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2204 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.311

საქართველოს 2014  წლის 30  აპრილის კანონი №2321 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.

    მუხლი 10. რეპატრიანტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა

1. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შემდეგ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში რეპატრიანტს რეპატრიანტის სტატუსი შეიძლება შეუჩერდეს საგამოძიებო ორგანოების მიერ საქმის შეწყვეტის თაობაზე შესაბამისი დადგენილების გამოტანამდე ან სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

2. რეპატრიანტს რეპატრიანტის სტატუსი შეიძლება შეუწყდეს:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) მის მიერ საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში;

გ) (ამოღებულია – 01.12.2009, №2204);

1) ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიღებული დადგენილებით განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში; 

2) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის მიღების შემთხვევაში;

დ) თუ რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შემდეგ გამოვლინდა გარემოება, რომელიც ამ სტატუსის მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებაა; 

ე) თუ რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შემდეგ გამოვლინდა, რომ პირმა შეგნებულად წარადგინა არასწორი ან არასრული ინფორმაცია რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად;

ვ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;

ზ) სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში;

თ) მისი გარდაცვალების შემთხვევაში.

3. რეპატრიანტის სტატუსის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2204 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.311

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3071 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.172

საქართველოს 2014  წლის 30  აპრილის კანონი №2321 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3102  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

    მუხლი 11. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

1. საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 1 აპრილამდე მიიღოს დადგენილება „რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ“, რომელიც გამორიცხავს რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირის მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩენას. აღნიშნული დადგენილების პროექტის მომზადება უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.

2. საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მიზნებისათვის ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტის ფორმის დადგენა.

3. საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მიზნებისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტის ფორმის დადგენა.

4. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ 2008 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადების მიღების ორგანიზებისათვის და მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება.

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2204 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.311

    მუხლი 11 1 . გარდამავალი დებულება

ამ კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით და მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვადები განისაზღვროს 2010 წლის 1 იანვრით.

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1538 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.122

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2204 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.311

    მუხლი 12. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა პირველი–მე-10 მუხლებისა და მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი–მე-10 მუხლები და მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5261–რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.