საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 25/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016141
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2-51
25/02/2014
ვებგვერდი, 25/02/2014
010240030.22.032.016141
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/02/2014 - 05/05/2014)

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-51

2014 წლის 25 თებერავალი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

„საჯარო-სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო- კვლევითი ცენტრის   შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის  13  თებერვლის №162   დადგენილების საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის  სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის  თანდართული დებულება.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით გალეგაშვილი



დანართი №1
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის განვითარების სამეცნიერო-კვლებითი ცენტრის დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი (შემდგომში-ცენტრი) წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში-სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.

2. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი საქმიანობას  წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს სპეციალური უფლებამოსილება. იგი საკუთარი სახელით უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულებები, აწარმოოს მოლაპარაკებები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო, მათ შორის სადეპოზიტო ანგარიშები, ლოგო, ბეჭედი, აგრეთვე იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

5. ცენტრის  დაფინასების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და  კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

6. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6.


მუხლი 2. ცენტრის საქმიანობის მიზანი
ცენტრის  საქმიანობის მიზანია:

ა) სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სურსათის წარმოების   ხელშეწყობა, ახალი ტექნოლოგიების კვლევა-დანერგვა, სოფლის მეურნეობაში  დასაქმებულ პირთა ექსტენცია;

ბ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში რისკის შეფასების უზრუნველყოფა;

გ) ბიომეურნეობის განვითარების ხელშეწყობა;

დ) მცენარეთა და ცხოველთა აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა.

 


მუხლი 3. ცენტრის  ფუნქციები
ცენტრის  ფუნქციებია:

ა) სასელექციო მეურნეობების მოწყობა და ჯიშთა გამოცდის განხორციელება;

ბ) რეკომენდებული ჯიშების  შესახებ  მონაცემების  გამოქვეყნება და რეგისტრირებულ ჯიშთა რეესტრის წარმოება;

გ) ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების გენოფონდის აღწერა, გენეტიკური და საინფორმაციო ბანკების შექმნა;

დ) ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების სათესლე და სარგავი მასალების წარმოების ტექნოლოგიის დანერგვის ხელშეწყობა;

ე) მრავალწლოვანი კულტურების აგროტექნოლოგიური კვლევა და გენოფონდის შენარჩუნება;

ვ) მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული  სისტემების შემუშავება;

ზ) სათესლე და სარგავი მასალის ხარისხის  შემოწმება (აღმოცენება, ენერგია,  სიწმინდე და სხვა) და სერტიფიცირება;

თ) სოფლის მეურნეობაში ბიოაგროწარმოების დანერგვის ხელშეწყობა;

ი) ნიადაგის კვლევა ხარისხობრივი მაჩვენებლის შესწავლის და ნაყოფიერების დადგენის მიზნით;

კ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში რისკის შეფასება;

ლ) სადემონსტრაციო ნაკვეთების  მოწყობა და დემონსტრირება;

მ) თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების დანერგვის ხელშეწყობა;

ნ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული  კვლევები;

ო) კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.


მუხლი 4. ცენტრის მოვალეობები
ცენტრის მოვალეობებია:

ა) შეასრულოს ამ დებულებით დაკისრებული ფუნქციები და განახორციელოს მინიჭებული უფლებამოსილებანი;

ბ) უზრუნველყოს თავისი საქმინობის ობიექტურობა, სიზუსტე და გამჭვირვალობა;

გ) ითანამშრომლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, საერთაშორისო, სამეცნიერო და საზოგადოებრივ  ორგანიზაციებთან;

დ) მიაწოდოს ინფორმაცია გაწეული მუშაობის შესახებ დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს დადგენილი წესით.


მუხლი 5. ცენტრის სტრუქტურა  
1. ცენტრი მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს  სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.

2. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა)  ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) ფინანსური და საბუღალტრო სამსახური;

გ) მრავალწლიანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების  დეპარტამენტი;

დ) ერთწლიანი კულტურების კვლევის დეპარტამენტი;

ე) ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახური;

ვ) ბიოაგროწარმოების სამსახური;

ზ) მეცხოველეობის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტი;

თ) მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის სამსახური;

ი) სათესლე და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახური;

კ) აგროსექტორის მექანიზებული სერვისების კვლევის სამსახური;

ლ) რეგიონებთან ურთიერთობისა და ექსტენციის სამსახური;

მ) რისკის  შეფასების   სამსახური.

 


მუხლი 6. ცენტრის სტრუქტურული  ქვედანაყოფების ფუნქციები
  1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა)  ცენტრის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება, სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან, შემოსული წერილების ან ცენტრში წარმოებული სხვა ნებისმიერი დოკუმენტაციის თუ კორესპონდენციის  რეგისტრაცია, მათი მოძრაობის ან შესრულებულ დავალებათა აღრიცხვა;

ბ) ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ცენტრის ინტერესების სამართლებრივი დაცვა;

გ) იმ ხელშეკრულებათა შედგენა ან/და მათ შედგენაში მონაწილეობის მიღება, რომლებშიც მხარედ წარმოდგენილია  ცენტრი;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვა;

ე) საერთაშორისო ურთიერთობებში, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ინტერესების წარმოდგენა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემა;

ზ) ცენტრის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა;

თ) ცენტრის თანამშრომლების საქართველოში და საზღვარგარეთ (სემინარებზე, კონფერენციებზე და სხვა) სამივლინებო დოკუმენტების მომზადების უზრუნველყოფა;

ი) ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების ტექნიკური უზრუნველყოფა;

კ) სამეურნეო საქმიანობის უზრუნველყოფა და ცენტრის ქონების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება;

ლ) სამეურნეო და მატერიალურ ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა;

მ) ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭიროა მატერიალურ-ტექნიკური და სხვა რესურსების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ნ) მატერიალურ ფასეულობათა მიღების,   აღრიცხვის, შენახვისა და მათი მდგომარეობის კონტროლის განხორციელება;

ო) სასაწყობო მეურნეობის წარმართვა.

2. ფინანსური და საბუღალტრო სამსახურის ფუნქციებია:

ა) საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების წარმართვა, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური ანალიზი;

ბ) ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების       განხორციელება.

3. მრავალწლიანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების  დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სასოფლო–სამეურნეო მცენარეთა გაშენებისა და  მოვლის უსაფრთხო, თანამედროვე ბიოდინამიკური ტექნოლოგიების კვლევა, დამუშავება, დანერგვა;

ბ) ჯანსაღი სამყნობი და სარგავი მასალების ქვეყნის შიგნით წარმოების ინტენსიური ტექნოლოგიების კვლევა, შემუშავება, სერტიფიცირებული ნერგის წარმოების ხელშეწყობა;

გ) სასოფლო–სამეურნეო კულტურათა გენეტიკური და ფენოტიპური კვლევა, მოძიება, გენოფონდის დაცვა–კონსერვაცია;

დ) ახალი ჯიშების ინტროდუქცია, სელექცია და ჯიშთა გამოცდა, პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება;

ე) სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების ორგანოლეპტიკური და სამეურნეო ტექნოლოგიური მახასიათებლების კვლევა;

ვ) სასოფლო–სამეურნეო პროდუქტთა შენახვა–გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების კვლევა.

4.  ერთწლიანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის ფუნქციებია: 

ა) კარტოფილის, ბოსტნეულის, ბაღჩეული, მარცვლეული და პარკოსანი კულტურების თესვისა და მოვლა–მოყვანის ტექნოლოგიების კვლევა, დამუშავება, გავრცელება, ადგილი თესლბრუნვაში;

ბ) ჯიშთა გამოცდა, შერჩევა, სელექციურ მიღწევათა პოპულარიზაცია;

გ) რეგიონებში ჯიშთა გამოცდის ნაკვეთების მოწყობა;

დ) კარტოფილის ელიტური სათესლე მასალის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების სრულყოფა, დამუშავება, დანერგვა In vitro პირობებში;

ე) სათესლე, საჩითილე და სარგავი მასალის წარმოების ტექნოლოგიების კვლევა, შემუშავება ღია და დახურულ გრუნტში;

ვ) საქართველოს პირობებისთვის აპრობირებული ამჟამად არაკულტივირებული, მივიწყებული ჯიშების კვლევა და აღდგენის ხელშეწყობა;

ზ) მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების ჯიშების გავრცელების ხელშეწყობა.  

5. ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ფუნქციებია:

ა) ნიადაგების ნაყოფიერების შესწავლა;

ბ) დეგრადირებული ნიადაგების სტრუქტურის გაუმჯობესება და ნაყოფიერების ამაღლების კვლევა, დანერგვა;

გ) ნიადაგის ტენმომარაგებისა და რწყვის წესების მეცნიერული უზრუნველყოფა;

დ) ნიადაგის დამუშავების სისტემები ერთწლიან და მრავალწლიან კულტურებში;

ე) ნიადაგის განოყიერების სისტემების (ორგანული, მინერალური) რეგულირება, ნარჩენი ნივთიერებების ზემოქმედების შესწავლა;

ვ) ნიადაგთან დაკავშირებული რისკის ფაქტორების კვლევა და შეფასება.

6. ბიოაგროწარმოების სამსახურის  ფუნქციებია:

ა) ბიოაგროწარმოების თვისებრივი მახასიათებლების (ნიადაგი, ტექნიკური პირობები, ბიოეკოლოგიური ფაქტორები) კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება;

ბ) ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კვლევა და მათი გამოყენების რეკომენდაციების შემუშავება;

გ) ბიოაგროწარმოების ბიოეკოლოგიური  და ეკონომიკური ეფექტურობის კვლევის მეთოდების შემუშავება.     

7. მეცხოველეობის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სასოფლო–სამეურნეო ცხოველთა და ფრინველთა ენდემური ჯიშების სანაშენე და პროდუქტიული თვისებების გაუმჯობესების მიზნით კვლევა;

 ბ) მაღალპროდუქტიული ჯიშების გავრცელება, გამრავლება და მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიური კვლევის შემუშავება;

გ) სანაშენე აღრიცხვის ერთიანი სისტემის შემუშავება და სანაშენე პირუტყვზე საინფორმაციო ბანკის შექმნა;

 დ) ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების გენოფონდის გენ–ბანკის შექმნა.

8. მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის სამსახურის ფუნქციებია:

ა) მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემების კვლევა და დანერგვის ღონისძიებების შემუშავება;

ბ) მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების (სოკოვანი, ბაქტერიული, ვირუსული, ვიროიდული და ფიტოპლაზმური) კვლევა და ბრძოლის თანამედროვე ღონისძიებების შემუშავება;

გ) სარეველა მცენარეების კვლევა და ბრძოლის თანამედროვე ღონისძიებების შემუშავება;

 დ) მცენარეთა ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის მეთოდების (ახალი პესტიციდების) კვლევა;

 ე) საკარანტინო მავნე ორგანიზმების კონტროლის მექანიზმების შემუშავება.

9. სათესლე და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახური:

ა) მცენარეთა სათესლე და სარგავი მასალების სტანდარტის – ტექნიკური (ბიომეტრიული) მახასიათებლების  კონტროლის მექანიზმების შემუშავება;

 ბ) სათესლე და სარგავი მასალების ფიტოსანიტარული  კონტროლის მექანიზმების შემუშავება;

 გ) სათესლე და სარგავი მასალების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კვლევა;

 დ) სათესლე და სარგავი მასალების სერტიფიცირების საერთაშორისო სისტემების კვლევა და საქართველოს პირობებისთვის წინადადებების შემუშავება.

10. აგროსექტორის მექანიზირებული სერვისების კვლევის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სასოფლო–სამეურნეო ოპერაციებისათვის განკუთვნილი თანამედროვე ტექნიკური საშუალებების კვლევა, კლასიფიცირება – საქართველოს მრავალფეროვანი ნიადაგური და კლიმატური პირობების გათვალისწინებით;

ბ) ნიადაგის დასამუშავებელი სასოფლო–სამეურნეო აგრეგატების კვლევა;

გ) მცირემიწიანი, მთაგორიანი ადგილების ნიადაგების მექანიზებული ღინისძიებების კვლევა და გავრცელება.

11. რეგიონებთან ურთიერთობისა და ექსტენციის სამსახურის ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტებში სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებთან  თანამშრომლობა;

ბ) სამეცნიერო კვლევებისა და ანალიზის შედეგად მიღებული ინოვაციური ტექნოლოგიების, სასოფლო – სამეურნეო კულტურათა, ახალი ჯიშების და ჰიბრიდების, სათესლე და სარგავი მასალების ბეჭდური და საილუსტრაციო მასალების გავრცელება;

გ) რეგიონებში ლექცია-სემინარების ჩატარება: მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების მოვლა-მოყვანის, დაცვის, სასოფლო–სამეურნეო პროდუქტთა წარმოების, შენახვა – გადამუშავების და სხვა სამეწარმეო საქმიანობის შესახებ;

დ) სადემონსტრაციო დღეების მოწყობა.

12. რისკის  შეფასების  სამსახურის ფუნქციებია:

ა) მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე და ცხოველთა ჯანმრთელობაზე  საფრთხეების რეალური ან/და პოტენციური ზეგავლენის  გამოვლენის ალბათობისა და  სიმძიმის შეფასება;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში რისკებთან  დაკავშირებული  ხელმისაწვდომი, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მეცნიერულად დასაბუთებული შედეგებისა და მონაცემების მოძიება და ანალიზი;

გ) ახალი საფრთხეების იდენტიფიცირება და აღწერა;

დ) საფრთხის თავისებურებიდან გამომდინარე, რისკების მისაღები დონის დადგენა;

ე) რისკის შეფასებისას გაუთვალისწინებელი ფაქტორების დადგენა და ანალიზი;

ვ) რისკის შეფასების მეთოდური უზრუნველყოფა;

ზ) დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის ხელშეწყობა;

თ) შესაძლო საფრთხეებთან დაკავშირებით სამეცნიერო დასკვნის წარდგენა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის;

ი) მეცნიერული და საექსპერტო დახმარება საგანგებო ვითარების დროს საგანგებო ზომების მიღებისას.


მუხლი 7. ცენტრის მართვა და წარმომადგენლობა
1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

2. ცენტრის დირექტორი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს ცენტრს  მიკუთვნებული საკითხების  გადაწყვეტაში და პერსონალურად აგებს პასუხს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისა და მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე.

3. დირექტორი მოქმედებს ცენტრის  სახელით და მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ცენტრს სახელმწიფო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში.

4. ცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილე(ები), რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის  დირექტორი.

5. ცენტრის  დირექტორის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ცენტრის  დირექტორის მოვალეობებს ასრულებს ცენტრის  დირექტორის მოადგილე. 

6. ცენტრის  დირექტორი:

ა) ორგანიზაციას უწევს და ხელმძღვანელობს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას;

ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) თანამშრომლებს შორის ანაწილებს უფლება-მოვალეობებს;

დ) საჭიროების შემთხვევაში ამზადებს და წარუდგენს წინადადებებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს ცენტრის დებულებასა და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

ე) ქმნის მეცნიერ ექსპერტთა საბჭოს, საკონკურსო და საატესტაციო კომისიებს;

ვ) აფორმებს ხელშეკრულებებს შესაბამის ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

ზ) აკონტროლებს ხარჯთაღრიცხვით გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვას;

თ) კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ცენტრის თანამშრომლების წახალისებას ან დისციპლინურ ღონისძიებებს;

ი) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.


მუხლი 8. ცენტრის  სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრის  სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს  სამინისტრო.

2. ცენტრი ვალდებულია კონტროლის განსახორციელებლად სოფლის მეურნეობის მინისტრს მოთხოვნისთანავე წარმოუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.

3. ცენტრს სამინისტროს თანხმობით შეუძლია:

ა) უძრავი ქონების შეძენა, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) თავდებობა;

გ) სესხის აღება;  

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის  მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

5. ცენტრი მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების განკარგვას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ცენტრი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.


მუხლი 9. ცენტრის დაფინანსების წყარო
1. ცენტრის დაფინანსების წყაროა:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;                      

ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) საქართველოს  კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.

2. ცენტრის მიერ მიღებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.  


მუხლი 10. ცენტრის ქონება
1. ცენტრის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.

2. ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება ცენტრის  დამოუკიდებელ ბალანსზე.


მუხლი 11. დასკვნითი დებულებანი
1. ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.