საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3435
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 31/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.002.354
  • Word
3435
13/07/2006
სსმ, 32, 31/07/2006
060.000.000.05.001.002.354
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 7. კანონისა და სამართლის ანალოგია

1. თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).

2. თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).“.

2. მე-13 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე, აგრეთვე მისი არყოფნის შემთხვევაში, ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული საქმეები შეიძლება განიხილოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სხვა მოსამართლემ.“.

3. მე-14 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-15 მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სარჩელები (განცხადებები) ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ საქმეებზე სასამართლოში შეიტანება მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, ხოლო იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე – რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.“.

5. 26-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ამოღებულ იქნეს.

6. 34-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ აცილება განუცხადეს მოსამართლეს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, აცილების საკითხს წყვეტს თვით ეს მოსამართლე. აცილების მიღების ან თვითაცილების შემთხვევაში მოსამართლე საქმეს გადასცემს სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს სხვა მოსამართლეს. თუ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არ არის სამოქალაქო საქმის განმხილველი სხვა მოსამართლე, მაშინ სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს უგზავნის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოსათვის გადასაცემად.“;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პალატის ან სააპელაციო სასამართლოს პალატის მთელი შემადგენლობის აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას კანონით დადგენილი წესით განსახილველად გადასცემს სხვა შემადგენლობას. თუ სააპელაციო სასამართლოში აცილების მიღებისას ან ამ კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეუძლებელია მოსამართლეთა ახალი შემადგენლობის შექმნა, საქმე ეგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სხვა სააპელაციო სასამართლოსათვის გადასაცემად.“.

7. 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.

8. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 39. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა

1. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს:

ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

ბ) სააპელაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა;

გ) საკასაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა;

დ) კერძო საჩივარზე – 50 ლარს;

ე) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს;

ვ) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 100 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 300 ლარს;

ზ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე – 50 ლარს;

თ) არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 და 300 ლარს;

ი) დაკარგული საქმის წარმოების აღდგენასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაზე, როცა საქმის მასალები მხარის ბრალით დაიკარგა – 100 ლარს;

კ) თამასუქის ან ჩეკის თაობაზე სარჩელზე – 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 და 300 ლარს;

ლ) უდავო წარმოების საქმეზე – 50 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 100 და 300 ლარს.

2. მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

3. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.“.

9. მე-40 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მოსამართლე სადავო ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით.“.

10. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 41. დავის საგნის ფასის განსაზღვრის წესი

1. დავის საგნის ფასი განისაზღვრება:

ა) ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით;

ბ) ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით;

გ) ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით;

დ) ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით;

ე) უვადო ან სამუდამო (გარდაცვალებამდე) გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით;

ვ) გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა – იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში;

ზ) ქონების ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შესახებ სარჩელისა – დარჩენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით;

თ) გასაცემის ან გადასახდელის შეწყვეტის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში დარჩენილი გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით;

ი) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა – უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით;

კ) 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

2. თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით.“.

11. 43-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

12. 46-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) მხარეები, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რაც დასტურდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობით;

ზ) მხარეები – წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილების სააპელაციო და საკასაციო წესებით გასაჩივრებისას.“;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც.“.

13. 47-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით. არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 000 ლარამდე ოდენობით.“.

14. 48-ე და 49-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 48. სასამართლო ხარჯების გადახდის გადადება და მათი ოდენობის შემცირება

სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუდოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს ამ ხარჯების ოდენობა.

    მუხლი 49. სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება

1. თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

2. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

3. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

4. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.“.

15. 56-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

16. 57-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეს დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მან ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად.“.

17. მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.“.

18. 65-ე და 66-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 65. საპროცესო ვადის აღდგენა

საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შეიძლება აღადგინოს სასამართლომ, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიო მიზეზით მოხდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.

    მუხლი 66. განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ

განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შეიტანება იმ სასამართლოში, რომელშიც უნდა შესრულებულიყო საპროცესო მოქმედება. სასამართლო დააკმაყოფილებს ამ განცხადებას, თუ ცნობს, რომ საპროცესო ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.“.

19. 70-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 70. სასამართლო უწყება

1. მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.

2. მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.

3. მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონოგრამით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა საშუალებით. ტექნიკური საშუალებებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხები. ტექნიკური საშუალებებით დაბარების შესახებ დგება აქტი. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.“.

20. 71-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 71. სასამართლო უწყების ჩაბარება

სასამართლო უწყება დასაბარებელ პირს უნდა ჩაჰბარდეს მხარის მიერ მითითებული მისამართის მიხედვით. თუ მოქალაქე არ ცხოვრობს ამ მისამართზე, უწყება გაიგზავნება ალტერნატიული მისამართის ან მისი სამუშაო ადგილის მიხედვით.“.

21. 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მითითებას გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ, ხოლო თუ უწყება ეგზავნება წარმომადგენელს, – აგრეთვე მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მხარეს, რომლის წარმომადგენელიც არის;

გ) საქმის დასახელებას, რომლის გამოც იბარებენ ამა თუ იმ პირს, და მითითებას დავის საგნის შესახებ;

დ) სასამართლოში დასაბარებელი პირის ვინაობას, აგრეთვე იმას, თუ რა სტატუსით არის იგი დაბარებული, და მითითებას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის მიმართ გამოსაყენებელი ზომების შესახებ;“.

22. 73-ე და 74-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 73. სასამართლო უწყების გაგზავნა

1. სასამართლო უწყება იგზავნება ფოსტით ან კურიერის მეშვეობით, აგრეთვე ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებებით.

2. ტექნიკური საშუალებებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება:

ა) ტელეფონოგრამის შემთხვევაში – ტელეფონოგრამის გადაცემის შესახებ შედგენილი აქტით, რომელშიც მიეთითება ტელეფონოგრამის გადაცემის დაწყებისა და დასრულების დრო;

ბ) დეპეშის შემთხვევაში – დეპეშის ჩაბარების შესახებ მიღებული შეტყობინებით;

გ) ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში უწყება იგზავნება ასევე ფოსტით ან კურიერის მეშვეობით.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით დადასტურებისას სასამართლო უწყება ჩაბარებულად ითვლება.

5. ადრესატისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს. ტექნიკური საშუალებების გამოყენებისას უწყების გადაცემის დრო აღინიშნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ აქტში.

6. მოსამართლეს შეუძლია მხარის თანხმობით ხელზე მისცეს მას სასამართლო უწყება შესატყობინებელი ან გამოსაძახებელი პირისათვის ჩასაბარებლად. პირი, რომელსაც მოსამართლემ დაავალა უწყების მიტანა, ვალდებულია სასამართლოს დაუბრუნოს მისი მეორე ეგზემპლარი უწყების მიღებაზე ადრესატის ხელმოწერით.

7. თუ მხარეებს, მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ეცნობათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, მოსამართლეს შეუძლია აღნიშნული პირებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება განჩინებით დაავალოს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს (უბნის ინსპექტორებს). ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანო ანდა უბნის ინსპექტორები ვალდებული არიან განჩინებით დადგენილ ვადაში უზრუნველყონ მხარეებისათვის, მათი წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე მოწმეებისათვის, ექსპერტებისათვის, სპეციალისტებისა და თარჯიმნებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აცნობონ მოსამართლეს.

8. ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

    მუხლი 74. შეტყობინება ადრესატის არყოფნის შემთხვევაში

1. თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. ჩაბარებად ჩაითვლება როგორც უწყების პირადად გადაცემა, ასევე უწყების მიმღების მიერ ადრესატისთვის უწყების შინაარსის ცნობება.

2. ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას.“.

23. 78-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 78. მოპასუხის ადგილსამყოფლის დაუდგენლობა

1. თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია, სასამართლო უწყებას აბარებს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს ანდა გამოაქვს განჩინება საჯარო შეტყობინების შესახებ პუბლიკაციის მეშვეობით.

2. წერილობითი ფორმით შედგენილი საჯარო შეტყობინება უნდა გაიკრას სასამართლოს განცხადებების დაფაზე. იგი უნდა შეიცავდეს იმ დოკუმენტების ძირითად მონაცემებზე მითითებას, რომლებსაც უნდა გაეცნოს მოპასუხე.

3. მოსარჩელე უფლებამოსილია სასამართლოს განჩინების საფუძველზე თავისი ხარჯებით განახორციელოს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით.

4. სასამართლო უწყება მოპასუხისათვის ჩაბარებულად ითვლება ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოსთვის მისი გადაცემიდან ანდა პუბლიკაციიდან ერთი თვის ვადაში. ეს ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს არა უმეტეს ერთი თვის ვადით.“.

24. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 831 მუხლი:

     „მუხლი 831. მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობა

1. მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა საქმის მთავარ სხდომაზე განხილვის დროს დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.

2. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელის გამოხმობის შესახებ მოსარჩელის განცხადებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, ამასთანავე, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.“.

25. 88-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თითოეულ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ მხარეთა პაექრობის დაწყებამდე (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით). მესამე პირის სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით. მესამე პირისა და თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის გადაწყვეტა ხდება ერთდროულად.“.

26. 92-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. უფლებამონაცვლით შეცვლის ან ასეთ შეცვლაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.“.

27. 94-ე მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლები – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სხვა ქმედუნარიანი პირები – მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში.“.

28. 96-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

29. 98-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.“.

30. 136-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შეუტყობინებლობის, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც წერილობითი მტკიცებულების წარდგენის შესახებ სასამართლოს მოთხოვნა არასაპატიო მიზეზით არ შესრულდა, სასამართლო მოქალაქეს ან საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელს ანდა შესაბამის თანამდებობის პირს აჯარიმებს 50 ლარით.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, სასამართლოს შეუძლია მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე.“.

31. 137-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მტკიცებულების წარმდგენ მხარეს შეუძლია სთხოვოს სასამართლოს მტკიცებულებებიდან სადავო საბუთის ამორიცხვა და საქმის გადაწყვეტა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ასეთი თხოვნის არარსებობის შემთხვევაში სასამართლო შეამოწმებს საბუთის ნამდვილობას, რისთვისაც შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა, მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა ან გამოითხოვოს სხვა მტკიცებულებები.“.

32. 139-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 139. დედანი საბუთების შენახვა და დაბრუნება

საქმეში არსებული დედანი საბუთები სასამართლოში ერთად ინახება. ასეთი საბუთები, მათი წარმდგენის თხოვნით, შეიძლება დაუბრუნდეს მასვე, მაგრამ საქმეში უნდა დარჩეს მოსამართლის მიერ შემოწმებული დედანი საბუთების ასლები.“.

33. 145-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოწმედ დაბარებული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში და მისცეს სწორი ჩვენება. მოწმის სასამართლოში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში იგი დაჯარიმდება 50 ლარით. სასამართლომ შეიძლება დაადგინოს მოწმის იძულებითი მოყვანა.“.

34. 156-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შეუტყობინებლობის, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთიერი მტკიცებულების წარდგენის შესახებ სასამართლოს მოთხოვნა არასაპატიო მიზეზით არ შესრულდა, სასამართლო შესაბამის ფიზიკურ პირს ან იურიდიული პირის თანამდებობის პირს აჯარიმებს 50 ლარით.“.

35. 157-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 157. მხარის მიერ ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე უარის თქმა

თუ ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, სასამართლოს შეუძლია მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს მის ხელთ არსებული ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე.“.

36. 158-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მხარეებს მთავარ სხდომაზე შეუძლიათ იშუამდგომლონ სასამართლოს წინაშე, ნივთიერ მტკიცებულებათა შემოწმების მიზნით დანიშნოს ექსპერტიზა, თუ ასეთი შუამდგომლობა საპატიო მიზეზით არ იყო მათ მიერ აღძრული საქმის მომზადების სტადიაზე. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.“.

37. 162-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 162. ექსპერტიზის დანიშვნა

1. თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოიჭრა საკითხი, რომლის განმარტებაც მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, სასამართლოს მხარეთა თხოვნით შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას ექსპერტიზა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო განხილვისათვის საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარისათვის ასეთი გარემოება ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და ასეთი საფუძველი წარმოიშვა ამ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი განცხადებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენა საქმის მომზადების სტადიაზე.

2. სასამართლოს საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა.“.

38. 168-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ექსპერტი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება სასამართლოში, თავს აარიდებს დასკვნის მიცემას ან შეგნებულად მისცემს ყალბ დასკვნას, მის მიმართ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები.“.

39. 178-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სარჩელში უნდა აღნიშნოს:

ა) სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეაქვთ სარჩელი;

ბ) მოსარჩელის, წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, ასევე სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), მისამართი, ასევე, არსებობის შემთხვევაში, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონი, მათ შორის, მობილური, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი;

გ) მოსარჩელის მოთხოვნა;

დ) გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს;

ე) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ამ გარემოებებს;

ვ) სარჩელის ფასი;

ზ) სარჩელისთვის დართული საბუთების ნუსხა;

თ) ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. სარჩელს ხელს აწერს მოსარჩელე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.“.

40. 182-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ სასამართლოს წარმოებაშია რამდენიმე ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საქმე, რომლებშიც ერთი და იგივე ან სხვადასხვა მხარე მონაწილეობს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გააერთიანოს ეს საქმეები ერთ წარმოებად ერთად განხილვისათვის, თუ ასეთ გაერთიანებას შედეგად მოჰყვება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა. მოსამართლე, რომელსაც მიმართეს საქმეთა გაერთიანების შესახებ შუამდგომლობით, თავის წარმოებაში არსებულ საქმესთან აერთიანებს თავის წარმოებაშივე ან სხვა მოსამართლის წარმოებაში არსებულ საქმეს, რის თაობაზედაც გამოაქვს მოტივირებული განჩინება.“.

41. 184-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სარჩელის მიღების შესახებ სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ ან ასეთი განჩინების გამოტანის ვადის გასვლის შემდეგ (ამ კოდექსის 183-ე მუხლი) მოსამართლე ვალდებულია გასცეს განკარგულება ამ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის ამ კოდექსის 201-ე მუხლით დადგენილი წესით გადაგზავნის შესახებ.“;

ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

42. 185-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 185. ხარვეზის შესახებ განჩინება და სარჩელის უკან დაბრუნება

თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე და 179-ე მუხლებში მითითებული პირობების დარღვევით ან/და სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი ან/და საქმეში არ არის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, იგი გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.“.

43. 186-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) მოსარჩელემ არ შეავსო სასამართლოს მიერ მითითებული სარჩელის ხარვეზი (ამ კოდექსის 185-ე მუხლი).“;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის უარი განცხადების მიღებაზე ხელს არ უშლის, განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.“.

44. 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი საბუთები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).“.

45. 188-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ ვადის გაშვების შემდეგ მოპასუხეს შეუძლია აღძრას შეგებებული სარჩელი სასამართლო პაექრობის დაწყებამდე, თუ საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე შეგებებული სარჩელის წარდგენა ვერ მოხდა საპატიო მიზეზით. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.“.

46. 191-ე–193-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 191. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ

1. მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

2. განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება.

3. თუ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას არ ახლავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, ანდა სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს აძლევს ვადას მის შესავსებად. დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სასამართლო თავისი განჩინებით განცხადებას განუხილველად დატოვებს, რაც გასაჩივრდება საჩივრით.

    მუხლი 192. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე

1. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო სარჩელის შეტანისათვის დანიშნავს გონივრულ ვადას, მაგრამ არანაკლებ 5 და არა უმეტეს 10 დღისა განჩინების მხარისთვის ჩაბარების მომენტიდან. თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შემტანი პირი არ აღძრავს სარჩელს, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

    მუხლი 193. განცხადების განხილვის წესი

განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტს ამ სარჩელის განმხილველი სასამართლო განცხადების შეტანიდან ერთი დღის ვადაში, მოპასუხისთვის შეუტყობინებლად.“.

47. 194-ე მუხლის:

ა) პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 285-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელშიც უნდა მიეთითოს, უზრუნველყოფის რომელი კონკრეტული ღონისძიება შეარჩია სასამართლომ.

2. სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილ განჩინებაზე მოპასუხეს შეუძლია შეიტანოს საჩივარი, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილი განჩინების ზუსტ დასახელებას;

ბ) მითითებას, თუ რა ზომით უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს განჩინება უზრუნველყოფის შესახებ;

გ) გარემოებებს, რომელთა გამოც უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს განჩინება უზრუნველყოფის შესახებ.

3. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მოპასუხისთვის გადაცემის მომენტიდან.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით.“.

48. 197-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 197. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრება

1. სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მხარისთვის გადაცემის მომენტიდან.

2. სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე საჩივრის შეტანა შეაჩერებს ამ განჩინების აღსრულებას.“.

49. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1971 მუხლი:

     „მუხლი 1971. სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში მიღება და განხილვა, საჩივრისა და საქმის მასალების გადაგზავნა ზემდგომ სასამართლოში

1. სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად.

2. თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში.

3. საჩივრის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მისი წარმოებაში მიღებიდან 20 დღეს.

4. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.“.

50. 198-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.“;

ბ) მეორე ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

51. 199-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 199. სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება

1. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია 7 დღის ვადაში განახორციელოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით.

3. თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.“.

52. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1991 მუხლი:

     „მუხლი 1991. სასამართლოს გადაწყვეტილებით უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.“.

53. 203-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დანიშნოს ექსპერტიზა, გადაწყვიტოს ექსპერტის მოწვევის საკითხი;“.

54. 205-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 205. მოსამზადებელი სხდომის დანიშვნა

„1. თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ მხარეებმა საქმე შეიძლება მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს, მხარეთა წერილობითი მასალების მიღების შემდეგ მას შეუძლია დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა.

2. მხარეთა შეთანხმებით მოსამზადებელი სხდომა შეიძლება გადაიზარდოს მთავარ სხდომაში.“.

55. 206-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 206. მხარეთა მოვალეობა

მხარეები მოვალენი არიან საქმის მომზადების მიზნით შეასრულონ მოსამართლის მითითებები. არასაპატიო მიზეზით წერილობითი მასალების წარუდგენლობა ან სხვა მოქმედების შეუსრულებლობა ართმევს მხარეს უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს.“.

56. 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე ან მხარეები მორიგდებიან, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. მორიგების შემთხვევაში ამავე განჩინებით სასამართლო დაამტკიცებს მორიგების პირობებს. იგივე წესი გავრცელდება სასამართლო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.“.

57. 212-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

„7. სასამართლო აფრთხილებს მხარეებს, რომ თუ ისინი თვითნებურად მიატოვებენ სხდომას, მათ მიმართ გამოტანილი იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილება.“.

58. 213-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ თარჯიმანი არ გამოცხადდება სასამართლოში არასაპატიო მიზეზით ან თავს აარიდებს მოვალეობის შესრულებას, იგი დაჯარიმდება 50 ლარით.“.

59. 214-ე–217-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 214. სასამართლო შემადგენლობის გამოცხადება და აცილების უფლების განმარტება

თავმჯდომარე (მოსამართლე) აცხადებს სასამართლო შემადგენლობას, აგრეთვე იმას, თუ ვინ მონაწილეობს ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, სასამართლო სხდომის მდივნად, და განუმარტავს მხარეებს, რომ მათ შეუძლიათ განაცხადონ აცილება, თუ ასეთი აცილება საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული საქმის მოსამზადებელ სტადიაზე, ან თუ საქმეს იხილავს სხვა მოსამართლე ანდა სხვა სასამართლო შემადგენლობა, და არა ის, რომელიც ცნობილი იყო ამ საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების დროს.

     „მუხლი 215. მხარეთა შუამდგომლობებისა და განცხადებების განხილვა

1. სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ერთგვაროვანი შუამდგომლობები სასამართლოს ერთად წარედგინება. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის დაყენება ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, იგი ხსნის ამ შუამდგომლობას. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ მხარე პროცესის გაჭიანურების მიზნით აყენებს შუამდგომლობებს, იგი მხარეებს ართმევს შუამდგომლობების დაყენების უფლებას და გადადის საქმის განხილვის შემდეგ სტადიაზე.

2. მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვა მხარეთა თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება გადაიდოს.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

    მუხლი 216. საქმის განხილვის გადადება და გაგრძელება

1. საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს.

2. თუ მოწმე, ექსპერტი და სპეციალისტი არ გამოცხადდნენ, სასამართლოს მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ გამოაქვს განჩინება სასამართლო განხილვის გაგრძელებისა და გამოუცხადებელ პირთა მიმართ ზომების მიღების ან სასამართლო განხილვის გადადების შესახებ. სასამართლო განხილვა გრძელდება, თუ აღნიშნულ პირთა გამოუცხადებლობა ხელს არ უშლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას.

3. სასამართლო საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს ახალი სასამართლო სხდომის დღეს და ამის შესახებ აცნობებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით. გამოუცხადებელ და საქმეში ახალჩაბმულ პირებს ახალი სასამართლო სხდომის დღე ეცნობებათ ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

4. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში მოსამართლეს შეუძლია განიხილოს საქმე ან/და მიიღოს გადაწყვეტილება არასამუშაო დროს, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებში.

    მუხლი 217. საქმის განხილვის დაწყება

1. საქმის არსებითი განხილვა იწყება მოსამართლის მიერ საქმეზე მოხსენებით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მასალებს, ხოლო თუ ამ საქმეზე ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა – აგრეთვე ამ სხდომის მასალებსა და ოქმს. მოსამართლემ უნდა ჩამოაყალიბოს მოსარჩელის (განმცხადებლის) მოთხოვნის არსი, ფაქტები, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ მოთხოვნას, მოპასუხის შესაგებელი, ფაქტები, რომლებზედაც არ დავობენ მხარეები, და ის ფაქტებიც, რომლებიც სადავოა, აგრეთვე მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაერთვის საქმეს. მოსამართლის მიერ საქმის მოხსენების შემდეგ იწყება მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენა.

2. პირველად სასამართლო მოისმენს მოსარჩელისა და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირის ახსნა-განმარტებებს, კერძოდ, როგორია მისი მოთხოვნა, რა გარემოებებს ემყარება იგი და რით ადასტურებს ამ გარემოებებს, კვლავ უჭერს თუ არა მხარს ამ მოთხოვნას და უარს ხომ არ ამბობს სარჩელზე, ხომ არ სურს საქმის მორიგებით დამთავრება და სხვა.

3. შემდეგ სასამართლო მოისმენს მოპასუხისა და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირის ახსნა-განმარტებებს, კერძოდ, როგორია მისი შესაგებელი, ხომ არ ცნობს სარჩელს, ან ხომ არ სურს საქმის მორიგებით დამთავრება და სხვა.“.

60. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2171 მუხლი:

     „მუხლი 2171. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი სამოქალაქო საქმეების განხილვა

1. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი სამოქალაქო საქმეები განიხილება დაჩქარებული წესით.

2. საქმის არსებითი განხილვა იწყება მოსამართლის მიერ საქმეზე მოხსენებით, რაც უნდა შეეხებოდეს სადავო ფაქტობრივ გარემოებებს. საქმის მოხსენების შემდეგ მოსამართლეს უფლება აქვს მხარეებს დაუსვას შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებათა დადგენას და ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევას. სასამართლოს ნებართვით თითოეულ მხარეს შეუძლია შეკითხვა დაუსვას მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მტკიცებულებათა გამოქვეყნება არ არის სავალდებულო. საქმის განხილვა მთავრდება მხარეთა პაექრობით და რეპლიკით.“.

61. 218-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 218. მოქმედება, რომელსაც ასრულებს მოსამართლე მხარეთა მორიგების მიზნით

1. სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.

2. მოსამართლეს შეუძლია მიუთითოს დავის გადაწყვეტის შესაძლო შედეგებზე და მხარეებს შესთავაზოს მორიგების პირობები.“.

62. 223-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მხარეთა შეჯიბრებას ხელმძღვანელობს სასამართლო. იგი: ხსნის, წარმართავს და წყვეტს შეჯიბრებას; სიტყვას აძლევს ან სიტყვის უფლებას ართმევს ყველას, ვინც არ ემორჩილება მას; აუცილებლობის შემთხვევაში, საქმის განხილვის ინტერესებიდან გამომდინარე, სიტყვის დასრულებისათვის მხარეს განუსაზღვრავს დროს; იღებს გადაწყვეტილებებს ზეპირი შეჯიბრების დროს წამოჭრილ საკითხებზე და აცხადებს ამ გადაწყვეტილებებს.“.

63. 225-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 225. წარმოდგენილ მტკიცებულებათა შემოწმება

მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლო ამ კოდექსით დადგენილი წესით ამოწმებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს. სასამართლო ამ კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს და საქმეში წარმოდგენილ იმ დოკუმენტებს, რომლებსაც საქმისათვის არა აქვს მნიშვნელობა.“.

64. 236-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 236. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება

მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია ასეთი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში შეიტანოს საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ.“.

65. 240-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება სარჩელის განხილვა.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით.“.

66. 242-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 242. განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება

1. მხარეს არა აქვს უფლება, საჩივარი შეიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, თუ მის მიმართ ერთხელ უკვე გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

2. სასამართლოს განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ სააპელაციო საჩივრის შეტანა.“.

67. 250-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 250. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბება

თუ მხარეები მოითხოვენ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლოს შეუძლია შემოიფარგლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით. მოსამართლე ეკითხება მხარეებს, სურთ თუ არა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება და ასაჩივრებენ თუ არა მოცემულ გადაწყვეტილებას. თუ მხარეები უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, მათ ასეთი განცხადება უნდა დაადასტურონ თავიანთი ხელმოწერებით.“.

68. 257-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 257. გადაწყვეტილების გამოტანა

1. საქმის ზეპირი განხილვის შემდეგ ცხადდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. საქმის მოცულობიდან და სირთულიდან გამომდინარე გადაწყვეტილების გამოცხადება შეიძლება გადაიდოს სხვა დროისათვის. დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოცხადდება, თუ ამას სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს. თავმჯდომარე ან მოსამართლე, რომელმაც გამოაცხადა გადაწყვეტილება, განმარტავს ამ გადაწყვეტილების შინაარსს, მისი გასაჩივრების წესსა და ვადას.

2. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ვადა საკასაციო სასამართლოსთვის შეადგენს 1 თვეს.“.

69. 258-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

70. 262-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.“.

71. 263-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.“.

72. 264-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე.“;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული – საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში ასევე შედის, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე.“.

73. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2672 მუხლი:

     „მუხლი 2672. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება

1. აღსრულებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის, საქმის წარმოების შეწყვეტის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოპასუხეს მოსარჩელემ უნდა დაუბრუნოს ყოველივე, რაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა გაუქმებული გადაწყვეტილებით.

2. გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხს მოპასუხის განცხადების საფუძველზე წყვეტს ახალი გადაწყვეტილების ან განჩინების მიმღები სასამართლო.“.

74. 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

75. 269-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 269. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება

გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი იმავე სხდომაზე არ განიხილება, მაშინ სასამართლო ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც აცნობებს მხარეებს; მხარეების გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის გადაწყვეტას.“.

76. 275-ე მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოთხოვის შესახებ.“.

77. 282-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 282. სასამართლო განჩინების გასაჩივრება

საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, გარდა ამ კოდექსის 280-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

78. 284-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განჩინება, რომელსაც სასამართლო იღებს ადგილზე თათბირით, უნდა გამოცხადდეს მიღებისთანავე. თავმჯდომარე ან მოსამართლე, რომელმაც გამოაცხადა განჩინება, განმარტავს ამ განჩინების შინაარსს, მისი გასაჩივრების წესსა და ვადას, რაც აისახება სხდომის ოქმში.“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 ნაწილები:

„5. თავმჯდომარე ან მოსამართლე სათათბირო ოთახში მიღებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილს აცხადებს თათბირის შემდეგ. თავმჯდომარე ან მოსამართლე, რომელმაც გამოაცხადა განჩინება, განმარტავს ამ განჩინების შინაარსს, მისი გასაჩივრების წესსა და ვადას.

6. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ განჩინებას მხარეთათვის გადასაცემად.“.

79. 291-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 291. შენიშვნები სხდომის ოქმთან დაკავშირებით

სხდომის ოქმზე ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი შენიშვნები ოქმთან დაკავშირებით, მიუთითონ მის უსწორობასა და უსრულობაზე. შენიშვნები უნდა დაერთოს საქმეს. შენიშვნებს საქმის განმხილველი მოსამართლე (სასამართლო) განიხილავს მათი შეტანიდან 5 დღის ვადაში და გამოაქვს განჩინება შენიშვნების შესახებ.“.

80. 307-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 307. მოპასუხის შესაგებელი (პროტესტი)

მოპასუხეს შეუძლია არ ცნოს გადახდის შესახებ ბრძანება მთლიანად ან ნაწილობრივ და შეიტანოს მის წინააღმდეგ მოტივირებული შესაგებელი (პროტესტი) სასამართლოში, რომელმაც მიიღო ეს ბრძანება, გადახდის ბრძანების მიღებიდან 10 დღის ვადაში. მოპასუხეს შეუძლია გააპროტესტოს გადახდის შესახებ ბრძანება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გაპროტესტების ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა.“.

81. 309-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 309. გადახდის ბრძანების აღსრულება

თუ მოპასუხე დროულად არ შეიტანს სასამართლოში შესაგებელს (პროტესტს) გადახდის შესახებ მიღებული ბრძანების წინააღმდეგ, სასამართლო განმცხადებლის შუამდგომლობის საფუძველზე გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რის შესახებაც ატყობინებს მოპასუხეს.“.

82. 311-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უდავო წარმოების წესით საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც გათვალისწინებულია XXXV–XLII თავებით. უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას სასამართლო იწვევს ამ საქმის განხილვით დაინტერესებულ პირებს.“.

83. 312-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა, თუ შეუძლებელია მათი დადგენა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.“;

ბ) მე-2 ნაწილის:

ბ.ა) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) პირის გარკვეულ დროსა და გარკვეულ ვითარებაში დაბადების ან გარდაცვალების ფაქტის დადგენის შესახებ, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ უარი განაცხადა დაბადების ან გარდაცვალების ფაქტის რეგისტრაციაზე;“;

ბ.გ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

84. 313-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 313. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენისათვის აუცილებელი პირობები

1. სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.

2. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელი საბუთების მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობა უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული (გამოცემული) ადმინისტრაციული აქტით.“.

85. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3131 მუხლი:

     „მუხლი 3131. ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა

თუ სასამართლო საქმის განხილვისას დაადგენს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუსაბუთებლად უთხრა განმცხადებელს უარი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენაზე ან/და თავი შეიკავა მათი დადგენისაგან, სასამართლო შესაბამისი რეაგირებისათვის წარდგინებას უგზავნის ამ ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელს, რომელიც ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ერთი თვის ვადაში აცნობოს სასამართლოს.“.

86. 314-ე და 315-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 314. განცხადების შეტანა

განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ სასამართლოში შეიტანება მხოლოდ ამ კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

    მუხლი 315. განცხადების შინაარსი

განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რა მიზნით სჭირდება განმცხადებელს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დადგენა. განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებლის მიერ სათანადო საბუთების მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობას ამ კოდექსის 313-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვით.“.

87. 328-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირს, საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდის ან საორდერო ფასიანი ქაღალდის დაკარგვისას ან განადგურებისას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეუძლია სთხოვოს სასამართლოს დაკარგული ან განადგურებული ფასიანი ქაღალდის ძალადაკარგულად გამოცხადება და მასზე უფლების აღდგენა.“.

88. 335-ე და 336-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 335. სასამართლოს გადაწყვეტილება განცხადების გამო

განმცხადებლის თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ძალადაკარგულად გამოაცხადებს დაკარგულ საბუთს. ეს გადაწყვეტილება უფლებას აძლევს განმცხადებელს, მიიღოს ანაბარი ან ახალი საბუთი ძალადაკარგულად გამოცხადებული საბუთის ნაცვლად.

    მუხლი 336. საბუთის ხელთმქონის უფლება, აღძრას სარჩელი ქონების უსაფუძვლოდ შეძენის შესახებ

საბუთის ხელთმქონეს, რომელსაც რაიმე მიზეზით დროულად არ განუცხადებია თავისი უფლება ამ საბუთზე, დაკარგული საბუთის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ შეუძლია აღძრას სარჩელი ქონების უსაფუძვლოდ შეძენის ან დაზოგვის თაობაზე იმ პირის მიმართ, რომელსაც მიენიჭა დაკარგულის ნაცვლად ახალი საბუთის მიღების უფლება.“.

89. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XLII1 თავი:

„თავი XLII1

დაკარგული საქმის წარმოების აღდგენა

    მუხლი 3511. დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის წესი

დაკარგული საქმის წარმოება შეიძლება აღდგენილ იქნეს მხარეთა განცხადებით.

    მუხლი 3512. განცხადების შეტანა განსჯად სასამართლოში

განცხადება დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის შესახებ შეტანილ უნდა იქნეს იმ სასამართლოში ან მის უფლებამონაცვლესთან, რომელმაც გამოიტანა დაკარგულ საქმეზე გადაწყვეტილება (განჩინება) ამ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. თუ დაკარგული საქმის წარმოება არ არის დამთავრებული, განცხადება შეიტანება იმ სასამართლოში, რომლის წარმოებაშიც არის ეს საქმე.

    მუხლი 3513. განცხადების შინაარსი

1. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) საქმის განმხილველი სასამართლოს დასახელებას;

ბ) იმ სასამართლოს დასახელებას, რომლებმაც დაკარგულ საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება ან განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ;

გ) მითითებას იმის შესახებ, თუ დაკარგული საქმის წარმოების რა ნაწილის აღდგენას მოითხოვს განმცხადებელი;

დ) იმ გარემოებებზე მითითებას, რომლებმაც აღნიშნული საქმის მასალების დაკარგვა გამოიწვია;

ე) მითითებას, რა მიზნით ესაჭიროება განმცხადებელს დაკარგული მასალების აღდგენა;

ვ) საქმესთან დაკავშირებულ დაწვრილებით ინფორმაციას.

2. განცხადებას უნდა დაერთოს დოკუმენტები ან მათი დამოწმებული ასლები, რომლებიც აქვს განმცხადებელს და რომლებსაც კავშირი აქვს საქმესთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი არ არის დადასტურებული დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

3. განცხადებას უნდა დაერთოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, თუ საქმე დაიკარგა განმცხადებლის ბრალით.

    მუხლი 3514. განცხადების განხილვის წესი

1. განცხადებას დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის შესახებ სასამართლო განიხილავს მხარეთა დასწრებით, თუმცა ერთ-ერთი ან ორივე მხარის გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საქმის განხილვას. საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვევს პირებს, რომლებსაც შეუძლიათ სასამართლოს მიაწოდონ ინფორმაცია საქმის წარმოების აღდგენის შესახებ. სასამართლოს უფლება აქვს ასევე გამოითხოვოს ინფორმაცია სათანადო ორგანოებისაგან.

2. საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სასამართლო პროცესის დარჩენილი მასალებით, ასევე მხარეთა მოთხოვნებით ან სხვა პირთა დოკუმენტებით, რომლებიც მათ გადაეცათ სასამართლო პროცესის მასალების დაკარგვამდე, აგრეთვე იმ დოკუმენტებისა და მასალების დამოწმებული ასლებით, რომლებიც საქმეს შეეხება. საქმეში მონაწილე პირებს უფლება აქვთ სასამართლოს განსახილველად წარუდგინონ მათ მიერ მომზადებული იმ გადაწყვეტილების პროექტი, რომელიც უნდა განახლდეს.

3. სასამართლოს უფლება აქვს მოწმეებად დაკითხოს პირები, რომლებიც ესწრებოდნენ საპროცესო მოქმედებების შესრულებას, და, საჭიროების შემთხვევაში, ის პირებიც, რომლებიც ესწრებოდნენ სასამართლო სხდომას, როცა იხილებოდა ის საქმე, რომლის მასალებიც დაიკარგა.

    მუხლი 3515. სასამართლოს განჩინება დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის შესახებ

დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის შესახებ სასამართლო იღებს განჩინებას, რომელშიც უნდა მიეთითოს იმ გადაწყვეტილების ან განჩინების შინაარსი, რომლითაც დაკარგული საქმის წარმოება იყო დამთავრებული. განჩინებაში ასევე უნდა აღინიშნოს, რა საპროცესო მოქმედებები სრულდებოდა დაკარგული საქმის წარმოების დროს. დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის შესახებ სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

    მუხლი 3516. დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის შეუძლებლობა

დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში სასამართლო თავისი განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას დაკარგული სასამართლო წარმოების აღდგენის შესახებ. ასეთ შემთხვევაში განმცხადებელს შეუძლია აღძრას სარჩელი საერთო წესით. ეს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.“.

89. 365-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 365. სააპელაციო საჩივრის ღირებულება

სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.“.

90. 369-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბა-რება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.“.

91. 373-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 373. საქმის მომზადება სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად

1. საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება, გადაუგზავნის მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივრისა და თანდართული საბუთების ასლებს და დაუნიშნავს მას ვადას წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად, რომელიც უნდა შეიცავდეს პასუხს შემდეგ კითხვებზე: ეთანხმება თუ არა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს; თუ არ ეთანხმება რა გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი; ხომ არ აპირებს შეგებებული სააპელაციო საჩივრის შემოტანას, ახალი ფაქტებისა და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენას და თუ აპირებს, რა მიზეზით არ წარმოადგინა ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას. ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს სააპელაციო სასამართლო მიიღებს ამ კოდექსის 380-ე და 382-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

2. მომხსენებელ მოსამართლეს შეუძლია შეასრულოს კანონით გათვალისწინებული სხვა საპროცესო მოქმედებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქმის სწრაფად და სწორად განხილვას. მას შეუძლია აგრეთვე დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა ამ კოდექსის 205-ე მუხლის შესაბამისად. სააპელაციო მოსამართლე იღებს ზომებს საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით.“.

92. 379-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 379. შეგებებული სააპელაციო საჩივარი

მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.“.

93. 380-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ახალი ფაქტები და ახალი მტკიცებულებები, რომლებიც მხარეს შეეძლო წარმოედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ მიიღოს, როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი, თუ მათი განხილვა ხელს შეუშლის სააპელაციო სასამართლოში საქმის დროულად განხილვას და მხარემ ეს მასალები პირველი ინსტანციის სასამართლოს არასაპატიო მიზეზით არ წარუდგინა.“.

94. 381-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 381. დავის საგნის შეცვლა და გადიდება

დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.“.

95. 383-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მომხსენებელი წარმოადგენს საქმის გარემოებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძვლებს, რის შემდეგაც მხარეებს ეძლევა სიტყვა შუამდგომლობების დასაყენებლად და დასასაბუთებლად და იწყება მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენა.“.

96. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3911 მუხლი:

     „მუხლი 3911. საქმის გადაცემა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის

1. საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ:

ა) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას;

ბ) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას);

გ) საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას).

2. დიდ პალატაში საქმე საკასაციო წესით განიხილება ამ კოდექსისა და „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.“.

97. 394-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული;“;

გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;“.

98. მე-400 და 401-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 400. საკასაციო საჩივრის გადაგზავნა მეორე მხარისთვის, პასუხი საკასაციო საჩივარზე

განსახილველად მიღების შემდეგ საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს, რომელსაც საკასაციო სასამართლო დაუნიშნავს ვადას საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად.

    მუხლი 401. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

1. საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებს მომხსენებელი მოსამართლე წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე.

3. ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე.

4. თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.“.

99. 407-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 407. შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი

1. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან სხდომის ოქმში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში მიღებულ იქნეს ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.

2. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).“.

100. 408-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მომხსენებელი სასამართლოს მოახსენებს საქმის ვითარებას, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძვლებს. ამის შემდეგ მხარეებს ეძლევათ სიტყვა განცხადებების გაკეთებისა და დასაბუთების მიზნით.

3. საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.“.

101. 411-ე და 412-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 411. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

    მუხლი 412. სააპელაციო სასამართლოში საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

1. საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ:

ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა;

ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.“.

102. 417-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 417. კერძო საჩივრისა და საქმის მასალების გადაგზავნა ზემდგომ სასამართლოში

კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს.“.

103. 422-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ:

ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში;

ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე;

გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.“.

104. 423-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, სისხლის სამართლის საქმეზე თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.“.

105. 440-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 440. წარმომადგენლის საქმიანობის შეზღუდვა სამოქალაქო პროცესში

პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის 105-ე ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის 105-ე ნაწილი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 13 ივლისი.

№3435–რს