„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2635-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 140100000.05.001.017491
2635-რს
01/08/2014
ვებგვერდი, 18/08/2014
140100000.05.001.017491
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები − „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემდეგი ინფორმაცია: კომუნიკაციის წყაროს კვალის დადგენისა და იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები; კომუნიკაციის ადრესატის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები; კომუნიკაციის თარიღის, დროისა და ხანგრძლივობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები; კომუნიკაციის სახის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები; მომხმარებლის კომუნიკაციის აღჭურვილობის ან შესაძლო აღჭურვილობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები; მობილური კომუნიკაციის აღჭურვილობის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები;“.

2. მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პრინციპები

1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ემყარება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, კონსპირაციის, ღია და ფარული მეთოდების შეხამების პრინციპებს.

2. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი განხორციელება გათვალისწინებულია კანონით და ის აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად − ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

3. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუ მისი განხორციელება გამოწვეულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით და ის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაფერისი და პროპორციული საშუალებაა.

4. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ფარგლები და ამ ღონისძიების შედეგად მოპოვებული მონაცემები ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ლეგიტიმური მიზნისა და ამოცანის პროპორციული უნდა იყოს.

5. აკრძალულია იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელება, რომელიც:

ა) საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პატივსა და ღირსებას, ქონებას;

ბ) საფრთხეს უქმნის იურიდიული პირის უფლებებს;

გ) დაკავშირებულია მოტყუებასთან, შანტაჟთან, ძალით დაყოლიებასთან, დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენასთან.

მუხლი 3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანები

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანებია:

ა) დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილება;

ბ) იმ პირის დადგენა, რომელიც ამზადებს, სჩადის ან რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;

გ) იმ პირის ძებნა შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარდგენის მიზნით, რომელიც, მიუხედავად გამოძახებისა, თავს არიდებს გამოძიების ან სასამართლოს წინაშე გამოცხადებას; ბრალდებულის ან მსჯავრდებულის ძებნა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარდგენა, თუ ის თავს არიდებს მისთვის შეფარდებული იძულებითი ღონისძიების გამოყენებას ან დანიშნული სასჯელის მოხდას;

დ) დანაშაულებრივი ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის შედეგად დაკარგული ქონების ძებნა და დადგენა;

ე) უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ძებნა;

ვ) სისხლის სამართლის საქმეზე აუცილებელი ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება;

ზ) დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის იდენტიფიცირება (სახელის, გვარის, ასაკის, მოქალაქეობის დადგენა).“.

3. მე-5 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ მის მიმართ განხორციელებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას მოჰყვა მისი უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა, შეუძლია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერება გაასაჩივროს შესაბამის ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში, პროკურორთან ან სასამართლოში. განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების უკანონოდ ცნობა ქმნის ამ ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველს. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერების მტკიცების ტვირთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელ ორგანოს ეკისრება.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს ცნობებს მისი პირადი ცხოვრების შესახებ, არ შეიძლება გახმაურდეს ან გამოყენებულ იქნეს რაიმე მიზნით. ასეთი ინფორმაციის შენახვა დაუშვებელია და იგი დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. აღნიშნული ინფორმაციის განადგურების შესახებ ეცნობება საქართველოს მთავარ პროკურორს და სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც განხორციელდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, ან სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით.“;  

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალა უნდა განადგურდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შეწყვეტიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ. ამ მასალას ანადგურებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოში წარმდგენი პროკურორი შესაბამისი განჩინების გამომტანი მოსამართლის მონაწილეობით, რის თაობაზე შედგენილი ოქმი დასტურდება მათი ხელმოწერებით. აღნიშნული მასალის განადგურების შესახებ შესაბამისი პროკურორისა და მოსამართლის ხელმოწერებით დადასტურებული ოქმი გადაეცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/პერსონალური მონაცემების განადგურების კომისიას და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო რეესტრში.“.

5. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვება;“;

ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს   შეუძლია ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVIთავით დადგენილი წესით მოიპოვოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები შემდეგ შემთხვევებში: უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ძებნისას; ბრალდებულის ან მსჯავრდებულის შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარსადგენად ძებნისას, თუ ის თავს არიდებს მისთვის შეფარდებული იძულებითი ღონისძიების გამოყენებას ან დანიშნული სასჯელის მოხდას; დანაშაულის შედეგად დაკარგული ქონების ძებნისას.“;

  გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

  6. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების საფუძვლები

1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების საფუძვლებია:

ა) პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის დავალება მის/მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ;

ბ) პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის დავალება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილი წესით მიღებულია განცხადება ან შეტყობინება, რომ მზადდება, ხდება ან მოხდა დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლის გამოც აუცილებელია გამოძიების ჩატარება, მაგრამ არ არსებობს დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნები, რაც საკმარისი იქნებოდა გამოძიების დასაწყებად. ასეთ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს;

გ) დადგენილება იმ პირის ძებნის შესახებ, რომელიც ემალება გამოძიებას, სასამართლოს ან თავს არიდებს სასჯელის მოხდას;

დ) პირის უგზო-უკვლოდ გაუჩინარება, ამოუცნობი გვამის ან უპატრონო ქონების აღმოჩენა;

ე) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნა-შეკითხვა;

ვ) საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციის ან უცხო ქვეყნის სამართალდაცვის ორგანოს თხოვნა-შეკითხვა სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების (შეთანხმების) შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების თხოვნა შეეხება პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას მაშინ, როდესაც არ არსებობს გამოძიების დასაწყებად საკმარისი ინფორმაცია, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.

3. თუ პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ოპერატიული ინფორმაცია დამატებითი მონაცემების შეგროვებას მოითხოვს, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელებისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით, პროკურორის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე.  

4. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა ოპერატიული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის მიმართვისას, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე.   

5. განსაკუთრებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადა  ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მიმართვისას, საქართველოს მთავარი პროკურორის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 12 თვემდე. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.“.

7. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. მე-14 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

9. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს შეუძლიათ კონტრაქტები დაუდონ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირებს, მათი მოქალაქეობის, ეროვნების, სქესის, სოციალური მდგომარეობის, ენის, განათლების, პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური მრწამსის მიუხედავად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით და ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვით.“.

10. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სასამართლო კონტროლი

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე სასამართლო კონტროლი ხორციელდება ამ კანონით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 აგვისტო 2014 წ.

N2635-რს