საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 520
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010120000.10.003.018140
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
520
01/09/2014
ვებგვერდი, 02/09/2014
010120000.10.003.018140
საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/09/2014 - 19/03/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №520

2014 წლის 1 სექტემბერი

ქ.თბილისი

 

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი“.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტები შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უცხოელებზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის დამატებითი პირობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის №237 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულება

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერმინების გარდა, ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არასრულწლოვანი პირი – 18 წლამდე ასაკის პირი, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე‑12 მუხლის მე‑3 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა;

ბ) წარმომადგენელი – პირის კანონიერი წარმომადგენელი ან ადმინისტრაციულ წარმოებაში მინდობილობის/რწმუნებულების საფუძველზე მოქმედი პირი;

გ) კანონი - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი.

მუხლი 3. განცხადების წარდგენა

1. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო).

2. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, სააგენტოს განცხადება წარედგინება მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული განცხადების ფორმის შევსების საშუალებით.

3. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, განცხადების წარდგენის უფლება აქვს საქართველოში მყოფ სრულწლოვან ქმედუნარიან პირს, ხოლო სხვა ქვეყანაში მყოფ უცხოელს, უფლება აქვს მიმართოს სააგენტოს ელექტრონული ფორმით საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული განცხადების ფორმის შევსების საშუალებით. უცხოელი უფლებამოსილია, სააგენტოს განცხადებით მიმართოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.

4. უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლსა ან დაზარალებულ პირზე, სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში.

5. არასრულწლოვან პირთა მიერ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხი განიხილება მათი წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე. მინდობილობის/რწმუნებულების საფუძველზე მოქმედი პირის მიერ არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხზე განცხადების წარდგენისას, მოითხოვება ორივე მშობლის (თუ არასრულწლოვანს მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს - შესაბამისი მშობლის, ხოლო თუ არასრულწლოვანს არცერთი მშობელი არ ჰყავს - მისი კანონიერი წარმომადგენლის) თანხმობა. არასრულწლოვანი პირის მიერ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხზე ერთ‑ერთი მშობლის (ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის) მიერ განცხადების წარდგენისას, მეორე მშობლის (ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის) თანხმობა არ მოითხოვება, გარდა არასრულწლოვანი პირისთვის მუდმივი ცხოვრების უფლებით ბინადრობის ნებართვის მოპოვების შემთხვევებისა.

6. არასრულწლოვნის ან ქმედუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა გამოხატული უნდა იქნეს ერთ-ერთი შემდეგი ფორმით:

ა) სათანადო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით;

ბ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი ფორმით;

გ) პირადობის ან ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული თანხმობის ფორმის წარდგენის გზით;

დ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

7. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების შესახებ განცხადების წარდგენაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, ამ წესის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით, თუ მესამე პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

8. დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა.

9. უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტისას, სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე - ელექტრონული ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები წარსადგენი დოკუმენტების მიმართ

1. სააგენტო უფლებამოსილია, სხვა ქვეყანაში ინფექციური ან სხვა დაავადებათა გავრცელებისას, რომლის ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას, ამ წესით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად მოითხოვოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა.

2. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად, განცხადება და საჭირო დოკუმენტები სააგენტოში უნდა იქნეს წარდგენილი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, სახელმწიფო ენაზე. სააგენტო უფლებამოსილია, განცხადება მიიღოს არასახელმწიფო ენაზეც.

3. დოკუმენტების ასლების წარდგენის შემთხვევაში, ისინი უნდა იქნეს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით. უცხო ენაზე შესრულებული დოკუმენტი სააგენტოს წარედგინება კანონმდებლობით დადეგნილი წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს უცხოელის პასპორტი ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.

4. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო, სხვა სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული დოკუმენტები, შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით, დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრით ან სხვა საშუალებით.

5. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას, ნათესაური კავშირის დადასტურების საჭიროების არსებობისას, ამგვარი ფაქტი შესაძლებელია, დადასტურდეს დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანისა ან სხვა მოწმობით/დოკუმენტით, მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის შესახებ დოკუმენტით, ხოლო ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისათვის ნათესაური კავშირი შეიძლება, ასევე, დადასტურდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტით.

6. საქართველოში დაბადებულ 6 თვემდე ასაკის უცხოელებზე საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვისას, არ ვრცელდება საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება, თუ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების შესახებ განცხადების წარდგენამდე მათ არ დაუტოვებიათ საქართველოს ტერიტორია.

7. ამ წესით გათვალისწინებული, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განსახილველად დაწესებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და სააგენტოს აქვს შესაძლებლობა კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.

მუხლი 5. შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

1. საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საიმიგრაციო ვიზა D1/D2);

დ) მუშაობისა და სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი); თუ აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დასტურდება უცხოელის ლეგალური შემოსავალი, შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც შრომითი ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები;

ე) ფოტოსურათი, ზომით 3/4;

ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2. თავისუფალი პროფესიის ადამიანმა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საემიგრაციო ვიზა D1/D2);

დ) პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა (ცნობა პროფესიული გაერთიანებიდან ან განათლების დამადასტურებელი ცნობა (დიპლომი, სერტიფიკატი და სხვა);

ე) ცნობა ბანკიდან, რომელიც ასახავს მათ პირად ანგარიშზე რიცხულ თანხას, რომელიც არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები;

ვ) საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე უცხოელის რეკომენდაცია, პირთა ან საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ უცხოელის მიერ საქართველოში საქმიანობის განხორციელების მიზნით, შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე;

ზ) ფოტოსურათი, ზომით 3/4;

თ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

მუხლი 6. სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საიმიგრაციო ვიზა D3);

დ) საქართველოში ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა უცხოელის სწავლის თაობაზე (სწავლის სავარაუდო ხანგრძლივობის მითითებით);

ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლისა და აღნიშნულ პირთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც სასწავლო ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები;

ვ) ფოტოსურათი, ზომით 3/4;

ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

მუხლი 7. ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საიმიგრაციო ვიზა D4);

დ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლებისმქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც, ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები;

ვ) ფოტოსურათი, ზომით 3/4;

ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

მუხლი 8. საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

1. საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) ფოტოსურათი, ზომით 3/4;

ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2. უცხოელს, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და არ დაუტოვებია საქართველოს ტერიტორია, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად არ მოეთხოვება საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენა.

მუხლი 9. სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) საქართველოს მთავრობის წევრის ინიციატივით უცხოელზე ბინადრობის ნებართვის გასაცემად:

ა.ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ა.ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

ა.გ) საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი მიმართვა;

ა.დ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს ვიზა);

ა.ე) ფოტოსურათი, ზომით 3/4;

ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლზე ან დაზარალებულზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გასაცემად - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობა;

გ) კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გასაცემად:

გ.ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

გ.ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ.გ) ფოტოსურათი, ზომით 3/4.

მუხლი 10. მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე ან შვილზე მუდმივი ცხოვრების ნებართვის გასაცემად:

ა.ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ა.ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

ა.გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საიმიგრაციო ვიზა D4);

ა.დ) საქართველოს მოქალაქესთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია - სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა;

ა.ვ) ფოტოსურათი, ზომით 3/4;

ა.ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

ბ) საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 6 წლის განმავლობაში მცხოვრებ უცხოელზე მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად:

ბ.ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ბ.ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

ბ.გ) საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 6 წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოში დროებითი ბინადრობის მოწმობის/ბინადრობის ნებართვის ასლი);

ბ.დ) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ხოლო თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია - სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა;

ბ.ე) ფოტოსურათი, ზომით 3/4;

ბ.ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

მუხლი 11. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

1. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) საქართველოში არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (აუდიტორული დასკვნა);

ე) საქართველოს მთავრობის წევრის ან საქართველოში მოქმედი მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე საქართველოს 3 მოქალაქის წერილობითი რეკომენდაცია;

ვ) ფოტოსურათი, ზომით 3/4;

ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრის მიერ ამავე სახის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, სააგენტოში უნდა იქნეს წარდგენილი:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ბინადრობის ნებართვის ასლი;

ე) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ფოტოსურათი, ზომით 3/4;

ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

მუხლი 12. მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა

საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, პირს მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა მიეცემა ავტომატურად, რის შესახებაც მიეთითება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაში.

მუხლი 13. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი და ვადები

1. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები.

2. განცხადების განხილვის პროცესში, სააგენტო უფლებამოსილია, მიიწვიოს განმცხადებელი და მიიღოს მისგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია და ახსნა-განმარტება. განმცხადებლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, განცხადება დატოვოს განუხილველად.

3. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოსათვის საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღეს.

4. თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხით, იგი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

5. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაცია. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.

6. საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე, უცხოელზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში, არ ხდება კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გადამოწმება.

7. უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.

8. უცხოელზე, რომელმაც მიიღო საქართველოში ბინადრობის ნებართვა, სააგენტო გასცემს შესაბამის ბინადრობის მოწმობას, რომლის ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

9. უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, უფლება აქვს, იმავე საფუძვლით, განმეორებით, წარადგინოს განცხადება პირველ განცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არანაკლებ ერთი თვის შემდეგ.

მუხლი 14. ბინადრობის ნებართვის ვადები

1. კანონის მე-15 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელის საქართველოში სავარაუდო ყოფნის ვადით, მაგრამ არა უმეტეს 6 წლისა. 

2. საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა არანაკლებ 6 თვით და არა უმეტეს 1 წლის ვადით. მისი მოქმედების ვადის გაგრძელება შეიძლება დამატებით 5 წლამდე ვადით იმ პირობით, რომ საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის საერთო ვადა არ აღემატებოდეს 6 წელს.

3. კანონის მე-15 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა 6 წლის ვადით.

4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით.

5. პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, ბინადრობის ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით, რომლის გაგრძელება შესაძლებელია იმავე ვადით და იმავე პირობით.

6. მუდმივი ცხოვრების უფლებით გაიცემა:

ა) მუდმივი ცხოვრების ნებართვა;

ბ) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა;

გ) საქართველოში ბინადრობის ნებართვა მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით ან რომელიც 1993 წლის 31 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 31 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან.

მუხლი 15. საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტისა და გაგრძელების პირობები

1. საქართველოში ბინადრობის ნებართვა ავტომატურად უქმდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვისას. სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება კანონის 21–ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ელექტრონული ან წერილობითი ფორმით.

2. სახელმწიფო ორგანოები და იურიდიული და/ან ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან, სააგენტოს აცნობონ უცხოელისთვის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების შესახებ.

3. საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება იმავე პირობების შესაბამისად, რა პირობებითაც მოხდა მისი გაცემა.

მუხლი 16. ელექტრონული ფორმით განცხადების წარდგენის წესი

1. ელექტრონული ფორმით განცხადება მიიღება ამ წესით დადგენილი პრინციპებისა და პირობების შესაბამისად, ამ მუხლში განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.

2. ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას.

3. ელექტრონული ფორმით განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში, საქართველოში ბინადრობის ნებართვის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტები, ასევე, უნდა იქნეს წარდგენილი მატერიალური ფორმით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

5. განმცხადებლის ვინაობასთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღებაზე.

6. სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 17. საქართველოში ბინადრობის ნებართვის საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

საქართველოში ბინადრობის ნებართვის საკითხებზე სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების გაცნობიდან 1 თვის ვადაში.

მუხლი 18. გარდამავალი დებულებები

1. უცხოელებზე, რომელთა საქართველოში ბინადრობის ნებართვის/ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადა კანონის ძალაში შესვლის დღიდან 40 დღეზე ნაკლებია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის გაგრძელებისას არ ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება.

2. უცხოელებზე, რომლებიც კანონის ძალაში შესვლის დღისთვის ფლობენ საქართველოში ბინადრობის ნებართვას/ბინადრობის მოწმობას, საქართველოში ბინადრობის ნებართვის იმავე საფუძვლით გაგრძელებისას არ ვრცელდება შესაბამისი კატეგორიის ვიზის ფლობის ვალდებულება.

3. ნათესაური კავშირისა და მკურნალობის საფუძვლით საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ამ წესის ამოქმედებამდე მიღებული განცხადებების განხილვა სრულდება განცხადების მიღების დღეს მოქმედი წესით.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.