დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2620 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 18/01/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 090.000.000.05.001.002.156 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 44-ე მუხლის:
ა) 48-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს;
ბ) 49-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„49. ქონების ჩამორთმევა – როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლით.“.
2. 124-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) თუ ჩამორთმევას დაქვემდებარებულ დანაშაულის საგანს ან/და იარაღს ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ ნივთს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს ღირებულება, იგი უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს;“;
ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წინასწარი გამოძიების სტადიაზე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას მატერიალური ღირებულების მქონე ნივთიერი მტკიცებულების განადგურება, ჩამორთმევა და გადაცემა ხდება მხოლოდ მოსამართლის დადგენილების საფუძველზე. ამ საკითხს მოსამართლე განიხილავს ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით, იმ ცნობისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც გამომძიებელმა წარადგინა.“;
გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ნივთიერი მტკიცებულების გაფუჭების, განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში მისი მესაკუთრე ან მფლობელი იღებს ფულად კომპენსაციას. ეს წესი არ ვრცელდება ქონებაზე, რომელიც ექვემდებარება ჩამორთმევას ან სამოქალაქო სარჩელის ანაზღაურებას.“.
3. 190-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სარჩელის, სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია ყადაღა დაადოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ანდა დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არის მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ, ანდა რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. ამ ნაწილში მითითებული პირობების არსებობისას, თუ ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი თანამდებობის პირია, პროკურორი ვალდებულია სასამართლოს წინაშე აღძრას შუამდგომლობა თანამდებობის პირის ქონების, მათ შორის, საბანკო ანგარიშების, დაყადაღების, აგრეთვე თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფოს სახელით დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეჩერების ან სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.“.
4. 410-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბრალდებო დასკვნას დაერთვის აგრეთვე ცნობები გამოძიების ვადების, აღკვეთის ღონისძიებათა შესახებ, პატიმრობაში ყოფნის დროის მითითებით, ნივთიერი მტკიცებულებების, სამოქალაქო სარჩელის ან სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომებისა თუ საპროცესო ხარჯების შესახებ.“.
5. 412-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) მიღებულია თუ არა ზომები წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის ან/და ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად;“.
6. 424-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) მიღებულია თუ არა ზომები წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის ან/და ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად;“.
7. 425-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამოქალაქო სარჩელის ან/და ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველყოფის ზომას;“.
8. 426-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. როდესაც გამომძიებელს არ მიუღია ზომები დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ან ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, თუ ასეთ ზომებს უშუალოდ სასამართლო ვერ მიიღებს, მოსამართლე (სასამართლო) დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაუბრუნებლად თავისი დადგენილებით (განჩინებით) ავალებს სათანადო ორგანოს, განახორციელოს უზრუნველყოფის ჯეროვანი ღონისძიებანი.“.
9. 427-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. როდესაც არსებობს ამ კოდექსის 28-ე მუხლით დადგენილი საფუძველი, სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამასთანავე, სასამართლო აუქმებს გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, აგრეთვე სამოქალაქო სარჩელის უზრუნველყოფის ზომებს და წყვეტს ქონების შესაძლო ჩამორთმევის და ნივთიერი მტკიცებულებების საკითხს.“.
10. 498-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განაჩენის დადგენისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს:
ა) ჩაიდინა თუ არა განსასჯელმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;
ბ) არის თუ არა განსასჯელის ქმედება მართლსაწინააღმდეგო;
გ) შეერაცხება თუ არა განსასჯელს ბრალად ჩადენილი ქმედება;
დ) უნდა დაისაჯოს თუ არა განსასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის;
ე) რა სასჯელი უნდა დაენიშნოს განსასჯელს და რა ზომით;
ვ) უნდა მოიხადოს თუ არა განსასჯელმა დანიშნული სასჯელი;
ზ) რა სახის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა მოიხადოს განსასჯელმა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი;
თ) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა სამოქალაქო სარჩელი, ვის სასარგებლოდ და რა ოდენობით;
ი) გასაუქმებელია თუ არა სამოქალაქო სარჩელის ან/და ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები;
კ) სამოქალაქო სარჩელის ან/და ქონების ჩამორთმევის საკითხს;
ლ) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი;
მ) საჭიროა თუ არა გაუქმდეს, შეიცვალოს ან შეირჩეს აღკვეთის ღონისძიება;
ნ) ვის უნდა დაეკისროს სასამართლო ხარჯები და რა ოდენობით;
ო) დამნაშავედ მიჩნეული პირის მიმართ უნდა გამოიყენონ თუ არა იძულებითი მკურნალობა.“.
11. 509-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ქონების ჩამორთმევის საკითხის გადაწყვეტა.“.
12. 511-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 511. გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი
გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება:
ა) განსასჯელის სახელი და გვარი;
ბ) გადაწყვეტილება განსასჯელის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ;
გ) გადაწყვეტილება განსასჯელისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, ხოლო თუ იგი პატიმარია, – გადაწყვეტილება სასამართლო სხდომის დარბაზიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ;
დ) გადაწყვეტილება წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გაუქმების შესახებ, თუ სარჩელი არ დაკმაყოფილებულა;
ე) გადაწყვეტილება ქონების ჩამორთმევის შესახებ, თუ არის ამის აუცილებლობა ამ კოდექსის შესაბამისად;
ვ) გადაწყვეტილება ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გაუქმების შესახებ, თუ ასეთი ღონისძიებები განხორციელდა;
ზ) გამართლებულის უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანი ამ კოდექსის 219-ე–228-ე მუხლებით დადგენილი წესით;
თ) განაჩენის გასაჩივრების უფლება;
ი) რა ვადაში და სად შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენი.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 28 დეკემბერი.
№2620–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები