საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2859-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010020000.09.001.016250
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2859-Iს
30/11/2014
ვებგვერდი, 05/12/2014
010020000.09.001.016250
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (05/12/2014 - 14/11/2018)

 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესის შესახებ

„საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1801 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სრულდება:

ა) საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვისას;

ბ) საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ;

გ) საქართველოს პარლამენტის სესიის გახსნისას და დახურვისას;

დ) საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისას საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ფიცის დადების შემდეგ; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების უფლებამოსილებათა ცნობის შემდეგ; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების სესიების გახსნისას და დახურვისას; საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევისას;

ე) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების გადაცემისას;

ვ) ძეგლების საზეიმო გახსნისას;

ზ) საქართველოს სახელმწიფო დღესასწაულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებათა გახსნისას ან/და დახურვისას;

თ) საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლის  დაწყებისას და დამთავრებისას.

მუხლი 2. საზღვარგარეთის ქვეყნების და მათი მთავრობების მეთაურთა, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა და სხვა ოფიციალურ პირთა დახვედრისას და გაცილებისას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს ასრულებს სასულე ორკესტრი (ცოცხალი შესრულება) ან სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ჩანაწერი (სასულე ორკესტრის შესრულებით), შესაბამისად სტუმრის ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის ჰიმნის შემდეგ.

მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის საგუნდო ან საორკესტრო ვარიანტი სრულდება საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს პირველი არხით, ყოველდღე, დილის მაუწყებლობის დაწყებისას.

მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სრულდება საქართველოს სამხედრო ძალების ქვედანაყოფებში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მცურავ საშუალებებზე საქართველოს სამხედრო ძალების წესდებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის შესაბამისად.

მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის სავალდებულო შესრულების სხვა შემთხვევებს ადგენს საქართველოს პარლამენტი.

მუხლი 6. საქართველოს ფარგლების გარეთ ოფიციალური  ღონისძიების გამართვისას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის საორკესტრო ვარიანტი სრულდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, მასპინძელი ქვეყნის ტრადიციების გათვალისწინებით.

 მუხლი 7. ოფიციალური სპორტული შეჯიბრების დროს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის საორკესტრო ვარიანტი სრულდება შესაბამის სპორტულ ორგანიზაციაში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით.

მუხლი 8. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების დროს სავალდებულოა ფეხზე ადგომა, ხოლო მამაკაცისათვის − ასევე ქუდის მოხდა, გარდა სამხედრო მოსამსახურისა (საქართველოს შეიარაღებული ძალების წესდების საფუძველზე) და იმ შემთხვევისა, როდესაც ქუდის მოხდა კონფესიური დოგმის გამო არ შეიძლება.

მუხლი 9. თუ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებას თან ახლავს საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა, სავალდებულოა სახით დროშისკენ შეტრიალება.

მუხლი 10. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

ქუთაისი,

30 ნოემბერი 2014 წ.

N2859-Iს