დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის დადგენის, გადახდის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების განხორციელების წესის დამტკიცების თობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 8 |
დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 02/02/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 13/04/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.143.016317 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/02/2015 - 03/04/2018)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის დადგენის, გადახდის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების განხორციელების წესი (დანართი 1).
|
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 20 დეკემბრის №160 დადგენილება „ქ. ხაშურში და დაბა სურამში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან.
|
|
დანართი 1
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის დადგენის, გადახდის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების განხორციელების წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. ეს წესი აწესრიგებს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს, ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებით წარმოქმნილი ნარჩენების, მოსახლეობისა და იურიდიული პირების მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და ნარჩენების საბოლოო განთავსებას.
2. ეს წესი არ ვრცელდება ყოფა-ცხოვრებაში გამოსაყენებლად აკრძალული მავნე ნივთიერებების,რადიოაქტიური, სამედიცინო და აგროქიმიური ნარჩენების შეგროვებაზე, ტრანსპორტირებაზე, გაუვნებლობასა და საბოლოო განთავსებაზე, ეს საკითხი რეგულირდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით 3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში - მოსაკრებელი) წარმოადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს. 4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. 5. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის მიხედვით. |
მუხლი 2.
მოსაკრებლის გადამხდელი |
1. მოსაკრებლის გადამხდელია ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები/მოქმედი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც წარმოქმნიან ნარჩენებს.
2. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების, ამ ნარჩენების გაუვნებლობისა და განთავსების, აგრეთვე ქუჩების დაგვა-დასუფთავების ხარჯები დაიფაროს ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. |
მუხლი 3.
მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი |
1. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის-სულადობის მიხედვით (სსიპ სამოქალაქო სერვისების განვითრების სააგენტოს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად) ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის _ დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
2. ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში - მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები. 3. ამხანაგობის შემთხვევაში ამხანაგობის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს და/ან სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს. 4. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 5. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილი იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ. 6. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური. 7. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. 8. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად. 9. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა. 10. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას. |
მუხლი 4.
მოსაკრებლის განაკვეთი |
1. ხაშურისა და დაბა სურამის მოსახლეობისათის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი თვეში განისაზღვროს ერთ სულზე 0,5 ლარით, მაგრამ ოჯახზე არაუმეტეს 2 ლარისა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ტერიტორიის გარდა ხაშურის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი თვეში განისაზღვროს ერთ სულზე 0,25 ლარით, მაგრამ ოჯახზე არაუმეტეს 1 ლარით. 3. 1 მ3 ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისა და გაუვნებელობის მომსახურეობის ღირებულება განისაზღვროს 6 ლარით; 4. მოსაკრებელის რაოდენობა იურიდიული პირებისათვის განისაზღვროს ამ წესის დანართის შესაბამისად (დანართი 1) |
მუხლი 5.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან განთავისუფლება |
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის - მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. იურიდიული პირებისათვის - მომსახურების მიღებისთანავე.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით. 3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად. 4. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსწავლეთა ყოველდღიური რაოდენობა იანგარიშება საერთო სიითი რაოდენობრიობიდან გრაფიკის მიხედვით საშუალო დასწრებაზე ყოველდღიურად. 5. ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით. 6. ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან განთავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება. 7. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 პროცენტზე მეტი. 8. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) ხაშურის მუნიციპალიტეტიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის ქალაქში არ ყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ. 9. მოსაკრებელისგან თავისუფლდებიან: ა) პირველი ჯგუფის ინვალიდები; ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები; გ) სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 35 000 და ნაკლები ქულის მქონე ოჯახი. |
მუხლი 6.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი |
მოსაკრებელი მთლიანად ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
|
მუხლი 7.
მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები |
მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტონული ანგარიშსწორების საშუალებით.
2. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში. 3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. |
მუხლი 8.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის |
მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
|
მუხლი 9.
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი სათავსები და მათი გამოყენების წესები |
1. ქუჩებსა და მასობრივი თავშეყრის სხვა ღია ადგილებში სანიტარული სისუფთავის უზრუნველყოფის მიზნით, ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა განალაგებს ურნებს - ნარჩენების საზოგადოებრივი სარგებლობის სათავსებს, რომლებიც განკუთვნილია ამ ადგილებით მოსარგებლე ადამიანების მიერ წარმოქმნილი წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად. აკრძალულია ასეთი სათავსოების გამოყენება მოსახლეობის ან იურიდიული პირების მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ან სამშენებლო ნარჩენების შესაგროვებლად.
2. საცხოვრებელ სახლებსა და სხვა შენობა-ნაგებობებში, სადაც არის სტაციონარული სანაგვე ბუნკერები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, გარდა დიდგაბარიტიანი, საშიში ნივთიერებების შემცველი და ტერიტორიების დაგვა-დასუფთავებით წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა, უნდა შეგროვდეს მხოლოდ ამ ბუნკერებში. 3. ისეთ სახლებში მცხოვრები მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად, რომლებსაც სტაციონარული სანაგვე ბუნკერი არა აქვს, ადგილობრივი თვითმმართველობა საცხოვრებელი სახლების ეზოებში, სავალი გზების ნაპირებზე ან საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილებში განალაგებს სანაგვე კონტეინერებს. 4. იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებულნი არიან იქონიონ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი საკუთარი სათავსები და აცნობონ მათი განლაგების ადგილების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურს. ასეთი სათავსები უნდა განლაგდეს მათი მფლობელების საკუთრებაში ან სარგებლობაში მყოფ ტერიტორიაზე ისე, რომ შესაძლებელი იყოს საცავთან ნაგავმზიდი მანქანით დაუბრკოლებლად მისვლა. თუ ეს შეუძლებელია და აუცილებელია სათავსის განლაგება საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილზე, საჭიროა განლაგების ადგილის შეთანხმება ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურთან. 5. საზოგადოებრივი სარგებლობის ურნებისა და მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შესაგროვებელი სანაგვე კონტეინერების კონსტრუქციას, ზომებსა და განლაგების ადგილს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობა. თუ იურიდიული პირი, ორგანიზაცია ან დაწესებულება საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელ სათავსს განალაგებს საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილზე, ეს სათავსი კონსტრუქციითა და ზომებით ისეთივე უნდა იყოს, როგორიცაა მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი სათავსები. 6. საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში განლაგებული ურნები და მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შესაგროვებელი სანაგვე კონტეინერები არის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრება ან მის სარგებლობაში არსებული ქონება. 7. აკრძალულია საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში ცხელი, გაღვივებული, ალმოდებული ნარჩენების შეგროვება, სითხეების ჩასხმა, თოვლისა და ყინულის ჩაყრა და სხვა ისეთი ნივთების ან ნივთიერებების განთავსება, რომლებმაც საცავის დაზიანება ან უჩვეულო დაბინძურება შეიძლება გამოიწვიოს. აკრძალულია საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში ნარჩენების ჩაწნეხა, დაქუცმაცება, დაწვა ან ქიმიკატებით დამუშავება. 9. აკრძალულია საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი სათავსების გამოყენება სამშენებლო ნარჩენების, საშიში ნივთიერებების შემცველი და/ან დიდგაბარიტიანი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად. ასეთ სათავსებში ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებით წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება დასაშვებია მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში. 10. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი სათავსებიდან ნარჩენების ნაგავმზიდ მანქანაში გადატვირთვა, სათავსების განლაგების ადგილის დაგვა-დასუფთავება, როცა ეს საჭიროა ნარჩენების გადატვირთვის შედეგად ამ ადგილის დაბინძურების გამო, სათავსების (გარდა სტაციონარული სანაგვე ბუნკერებისა) პერიოდული წმენდა ევალება შესაბამისი ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და საბოლოო განთავსებაზე პასუხიმგებელ სუბიექტს. 11. იმ შენობის მესაკუთრე (მესაკუთრეები) ან მოსარგებლე, რომელსაც აქვს სტაციონარული სანაგვე ბუნკერი, ვალდებულია, ყოველთვიურად უზრუნველყოს ბუნკერის დეზინფექცია და დერატიზაცია, ხოლო ზაფხულის თვეებში – ასევე დეზინსექცია. 12. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი ნარჩენების საცავის მფლობელი (მოსარგებლე) ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს პოლიციას და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას სათავსის დაკარგვის, მისი განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანების შესახებ. იგი ვალდებულია აგრეთვე, შეცვალოს დაკარგული საცავი ახლით ან აღადგინოს დაზიანებული საცავი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგების მიერ განსაზღვრულ ვადებში. |
მუხლი 10.
ტერიტორიების დაგვა-დასუფთავება, დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება |
1. ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება გულისხმობს ამ ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნაგვის, შლამის, მცირე ზომის ქვების, ცხოველური ექსკრემენტების, მცენარეთა ფოთლების, ბალახისა და სარეველა მცენარეების, მათ შორის მცენარეთა გადაბელვის, ან თიბვის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების ერთად მოგროვების და ტერიტორიისთვის მოცილებას.
2. დაუშვებელია დაგვა-დასუფთავებისას ჰერბიციდების გამოყენება. დაგვა-დასუფთავება არ უნდა იწვევდეს გარემოს დამტვერიანებას. 3. დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები აუცილებლად უნდა იქნეს ტრანსპორტირებული ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე. 4. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა პასუხისმგებელია ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი სამანქანო და ქვეითად სავალი ქუჩების, ტროტუარების, კიბეების, ხიდების, გვირაბების, მათი გამყოფი და მიმდებარე გამწვანების ზოლების, საზოგადოებრივი სარგებლობის გამწვანებული ტერიტორიების დაგვა-დასუფთავების დაგეგმვასა და განხორციელებაზე ან განხორციელების ორგანიზებაზე. 5. ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობით დაგვა-დასუფთავებას დაქვემდებარებული ობიექტების ჩამონათვალსა და მათი დაგვა-დასუფთავების გრაფიკს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგენით ამტკიცებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 6. თუ ხაშურის მუნიციპალურ საზღვრებში მოქცეული ესა თუ ის ტერიტორია რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში ან სარგებლობაშია ან მისი მოვლა-პატრონობა ევალება რომელიმე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ამ ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებაზე პასუხისმგებელია ეს პირი და იგი ვალდებულია, სისუფთავეში იქონიოს ეს ტერიტორია. 7. ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია ეს ნარჩენები შეაგროვოს ერთად, სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ სათავსში ან მის გარეშე ისე, რომ არ მოხდეს გარემოს დაბინძურება შეგროვებულ ნარჩენებზე ქარის, ატმოსფერული ნალექების ან ცხოველების და ფრინველების ზემოქმედებით. ქუჩებსა და საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში დაგვა-დასუფთავებით წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება საცავს გარეთ მოკლე პერიოდით (არაუმეტეს 3 საათისა) შეუძლია მხოლოდ იმ სუბიექტს, რომელიც პასუხისმგებელია ამ ტერიტორიის დაგვა- დასუფთავებაზე. ყველა სხვა შემთხვევაში დაგვა-დასუფთავებით წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ქუჩაში ან საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილებში შეგროვება დაუშვებელია. 8. იმ ადგილებში, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირება ხდება ღია სატვირთო მანქანებით, დასაშვებია ტერიტორიების დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების სათავსებში (გარდა შენობა-ნაგებობების სტაციონარული სანაგვე ბუნკერებისა). 9. იმ ობიექტების დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და საბოლოო განთავსებას, რომლებზეც ვრცელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობა, ახორციელებს ამ ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი. 10. ადგილებიდან, სადაც დაშვებულია ტერიტორიების დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების სათავსებში, ამგვარი ნარჩენების ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება ხორციელდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად იმ სუბიექტის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებაზე. 11. ადგილებიდან, სადაც დაუშვებელია ტერიტორიების დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების სათავსებში, ამგვარი ნარჩენების ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება ხორციელდება სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან განცალკევებით იმ სუბიექტის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებაზე. ასეთ ადგილებში დაგვა-დასუფთავებით ნარჩენების ტრანსპორტირებაზე. ასეთ ადგილებში დაგვა-დასუფთავებით ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია ამგვარი ნარჩენების შეგროვებისთანავე ტელეფონით აცნობოს მათი წარმოქმნისა და შეგროვების ადგილის შესახებ საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს, რომელიც თავის მხრივ, ვალდებულია, არაუგვიანეს სატელეფონო შეტყობინების მიღების მომდევნო სამუშაო დღისა, ტელეფონითვე აცნობოს ნარჩენების წარმომქმნელს ამ ნარჩენების გატანის ზუსტი დრო და სატელეფონო შეტყობინების მიღებიდან სამი დღის ვადაში უზრუნველყოს მათი ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება. |
მუხლი 11.
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება |
1. მომხმარებელი ვალდებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენები შეაგროვოს მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში. აკრძალულია საყოფაცხოვრებო ნარჩენების დადება ქუჩაში ან საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილებში, მათი ჩაყრა მდინარეებში, არხებში, ხევებში და ა.შ.
2. მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დადგენილ ადგილებში განლაგებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში ან შენობის სანაგვე ბუნკერებში. აკრძალულია საცხოვრებელ ბინებში წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება ნარჩენების საზოგადოებრივი სარგებლობისათვის გამოყოფილ სათავსებში. 3. იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები მათ მიერ წარმოქმნილ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს აგროვებენ მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელ საკუთარ სათავსებში. ამ პირებს ეკრძალებათ მათ მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება საზოგადოებრივი სარგებლობისათვის გამოყოფილ ან მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად განკუთვნილ სათავსოებში. 4. ხაშურის მუნიციპალიტეტის იმ ადგილებში, სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების სათავსები არ დგას, მომხმარებელმა ნარჩენები უნდა მიიტანოს და ჩაცალოს ნაგავმზიდ მანქანაში. აკრძალულია შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების უმეთვალყურეოდ დატოვება ნაგავმზიდი მანქანის დგომის ადგილზე. 5. აკრძალულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ სათავსებში სამშენებლო ნარჩენების, მიწის, ქვების და ისეთი სახის ნარჩენების შეგროვება, რომელთა სათავსში მოთავსება მათი ფიზიკური მდგომარეობის ან გაბარიტების გამო არ ხერხდება ან რომელთა ასეთ სათავსებში მოთავსებაც გამოიწვევს სათავსის დაზიანებას ან უჩვეულო დაბინძურებას. 6. აკრძალულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ სათავსებში მავნე ნივთიერებების, რადიოაქტიური, სამედიცინო და აგროქიმიკატების ნარჩენების შეგროვება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან მათგან განცალკევებით. საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ სათავსებში ტერიტორიების დაგვა-დასუფთავებით წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება დასაშვებია მხილოდ ამ წესის 5.8 მუხლის პირობებით. 7. საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და საბოლოო განთავსებას ახორციელებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე პასუხისმგებელი სუბიექტი გრაფიკით, რომელსაც ამტკიცებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი. |
მუხლი 12.
სახიფათო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება |
1. სახიფათო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება ხორციელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მოთხოვნების შესაბამისად, საამისოდ უფლებამოსილი პირების მიერ.
|
მუხლი 13.
სამშენებლო ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება |
1. სამშენებლო ნარჩენების წარმომქმნელია პირი, რომლის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე ან/და შენობა-ნაგებობაში ამ პირის მიერ უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით სრულდება სამუშაოები სამშენებლო ნარჩენების წარმოქმნით.
2. სამშენებლო ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია ამ ნარჩენების წარმოქმნასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოების პროცესში სამშენებლო ნარჩენები შეაგროვოს ერთად, მისსავე ტერიტორიაზე. თუ სამშენებლო ნარჩენების შეგროვება ამ წესით შეუძლებელია და ამ მიზნით აუცილებელია ქუჩის სავალი ნაწილის, ტროტუარის ან საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილის გამოყენება, ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია, ეს საკითხი შეათანხმოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურთან. 3. სამშენებლო ნარჩენები უნდა შეგროვდეს ისე, რომ არ გამოიწვიოს მიმდებარე ტერიტორიებისა და გარემოს დაბინძურება, მათ შორის ატმოსფერული ნალექების, ქარის, ცხოველებისა და ფრინველების ზემოქმედებით. 4. დასაშვებია სამშენებლო ნარჩენების შეგროვება ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებით წარმოქმნილ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად იმ პირობით, რომ საერთო მასაში სამშენებლო ნარჩენების წილი არ იყოს 10 პროცენტზე მეტი. ყველა სხვა შემთხვევაში აკრძალულია სამშენებლო ნარჩენების შესაგროვებლად საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი სათავსების გამოყენება. 5. სამშენებლო ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია ამ ნარჩენების წარმოქმნასთან დაკავშირებული სამუშაოების დამთავრებიდან სამი დღის ვადაში უზრუნველყოს სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება საკუთარი ხარჯით. 6. შესაბამისი ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე პასუხისმგებელი სუბიექტი ვალდებულია, თუ ამას მოითხოვს სამშენებლო ნარჩენების წარმომქმნელი, უზრუნველყოს სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება. ამ მომსახურების ღირებულებას მას უნაზღაურებს სამშენებლო ნარჩენების წარმომქმნელი. |
მუხლი 14.
პასუხისმგებლობა ხაშურის მუნიციპალიტეტში სანიტარული დასუფთავების წესების დარღვევაზე, წესების დარღვევაზე, წესების დაცვის კონტროლი და ზედამხედველობა |
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფი ან მოქმედი ნებისმიერი ადამიანი ან იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას ამ წესების მოთხოვნები.
2. საყოფაცხოვრებო ნარჩენების საცავის მითვისება, მოპარვა, განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანება იწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ამ წესების დამრღვევის პასუხისმგებლობა განსაზღვრულია საქართველოს კანონებით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და „ნარჩენების მართის კოდექსი“. 4. თუ ამა თუ იმ პირის მიერ ამ წესების დარღვევით ზიანი მიადგება მესამე პირს, სასჯელის ადმინისტრაციული სახდელის მოხდა არ ათავისუფლებს დამრღვევს მესამე პირისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. 5. ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ვალდებულია მოითხოვოს ამ წესების დარღვევით მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 6. პასუხისმგებელი სუბიექტის მიერ ამ წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის მოხდა არ ათავისუფლებს მას ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან დადებული ხელშეკრულებით ასეთი დარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციისაგან. 7. ამ წესების დაცვაზე ყოველდღიურ კონტროლს ახორციელებენ პასუხისმგებელი სუბიექტები, რომლებსაც ევალებათ ტერიტორიების დაგვა-დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირება. დარღვევის გამოვლენისთანავე, ეს სუბიექტები ვალდებულნი არიან აცნობონ ამის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურს, რომელსაც ევალება ამ წესების დაცვაზე ადმინისტრაციული ზედამხედველობა. 8. წინამდებარე წესების ნორმების დაცვაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ზედამხედველობას ახორციელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი სამსახური. |
დანართი 1
|
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება იურიდიული პირებისათვის:
მ = გ X რ.
მ - ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის. (ლარი). გ - მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი) . რ - ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.).
|
დოკუმენტის კომენტარები