სახანძრო უსაფრთხოების შესახებ

სახანძრო უსაფრთხოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2088
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 30/11/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 12/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 140.070.000.05.001.001.989
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2088
11/11/2005
სსმ, 49, 30/11/2005
140.070.000.05.001.001.989
სახანძრო უსაფრთხოების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 29.05.2014, №2467)

 

საქართველოს კანონი

სახანძრო უსაფრთხოების შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. მოქმედების სფერო

1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში სახანძრო უსაფრთხოების სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებს, არეგულირებს ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შორის წარმოქმნილ ურთიერთობებს.

2. სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას.

    მუხლი 2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სახანძრო უსაფრთხოება – ფიზიკური პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების, სახელმწიფოს და იურიდიული პირების ქონების ხანძრისაგან დაცვა;

ბ) ხანძარი – არაკონტროლირებადი წვის პროცესი, რომელიც იწვევს მატერიალურ ზარალს, საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს საზოგადოებრივ და სახელმწიფო ინტერესებს;

გ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები – სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური ან/და ტექნიკური ხასიათის სპეციალური პირობები;

დ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა – სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება;

ე) ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი – პირის ქცევის, წარმოების ორგანიზებისა და სათავსების (ტერიტორიის) მოვლა-პატრონობის წესი, რომელიც უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევის აღკვეთასა და სახანძრო უსაფრთხოებას;

ვ) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებები – სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულების მიზნით გაწეული მოქმედება;

ზ) სახანძრო დაცვა – დადგენილი წესით შექმნილი ხანძარსაწინააღმდეგო სუბიექტების ერთობლიობა, რომლის მიზანია ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება, მათი ჩაქრობა და დაკისრებული საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება;

თ) ორგანიზაცია – წარმოება, დაწესებულება ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის მიუხედავად;

ი) სახანძრო-ტექნიკური საშუალებები – სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განკუთვნილი სპეციალური ტექნიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და ინტელექტუალური საშუალებები, მათ შორის სახანძრო ტექნიკა, მოწყობილობა და აღჭურვილობა, ცეცხლსაქრობი და ცეცხლდამცავი ნივთიერებები, სპეციალური კავშირისა და მართვის საშუალებები, კომპიუტერული პროგრამები და მონაცემთა ბაზები, აგრეთვე ხანძრის თავიდან აცილებისა და ჩაქრობის სხვა საშუალებები;

კ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობა – სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (შემდგომში – სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოები) სახანძრო დაცვის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული საქმიანობა, რომელიც მიმართულია ორგანიზაციების ან/და მოქალაქეების მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის შესამოწმებლად და შემოწმების შედეგების მიხედვით ზომების მისაღებად;

ლ) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტები – სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, სამედიცინო დაწესებულებები, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების შენობა-ნაგებობები, სარკინიგზო ტრანსპორტის, მეტროპოლიტენის, საჰაერო და საზღვაო პორტების (ნავსადგურების) შენობა-ნაგებობები;

მ) ხანძრის პროფილაქტიკა – ხანძრის გაჩენის შესაძლებლობის თავიდან აცილებისა და მისი შედეგების შემცირებისაკენ მიმართული პრევენციული ზომების ერთობლიობა;

ნ) სახანძრო უსაფრთხოების სფეროში შესაბამისობის შეფასება – ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტების, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნებთან საშუალებათა შესაბამისობის დოკუმენტური დამოწმება;

ო) სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიული აქტები – ნორმატიული აქტები ტექნიკური რეგლამენტებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ, რომლებიც შეიცავენ სახანძრო უსაფრთხოების შესაბამის სავალდებულო მოთხოვნებს;

პ) ნებაყოფლობითი სახანძრო დაცვა – ნებაყოფლობით საწყისებზე მოქალაქეებისა ან/და იურიდიული პირების ინიციატივით ხანძრების აღკვეთისა და ჩაქრობის მიზნით შექმნილი ნებაყოფლობითი სახანძრო ფორმირებების ძალებისა და საშუალებების ერთობლიობა.

 

თავი II. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლება-მოვალეობები

    მუხლი 3. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების უფლება-მოვალეობები

1. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილებას კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში განეკუთვნება:

ა) სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ნორმატიული აქტების მიღება და კონტროლი მათ შესრულებაზე;

ბ) მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, მათი შესრულების ორგანიზება და დაფინანსება;

გ) ტექნიკური რეგლამენტების, ნორმების, წესების და სახანძრო უსაფრთხოების სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესისა და ორგანიზების მარეგლამენტირებელი დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

დ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებათა განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ხარჯვით ნაწილში წინადადებების მომზადება და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების მიზნობრივი გამოყენების უზრუნველყოფა;

ე) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზება;

ვ) სახელმწიფო საინფორმაციო უზრუნველყოფა, ხანძრებისა და მათი შედეგების სტატისტიკური აღრიცხვის სისტემების შექმნა;

ზ) სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობისა და მათი ოჯახის წევრების სამართლებრივი და სოციალური დაცვის ღონისძიებათა განხორციელება.

2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულნი არიან:

ა) უზრუნველყონ მათ დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში და შესაბამის ტერიტორიებზე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულება;

ბ) შექმნან პირობები ხანძრის თავიდან აცილებისა და ჩაქრობის საქმეში მოსახლეობის ჩასაბმელად;

გ) ორგანიზება გაუწიონ ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდასა და მოსახლეობისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლებას;

დ) უზრუნველყონ ტყის მასივების ხანძრისაგან დაცვის ორგანიზება;

ე) უზრუნველყონ ხანძრის ჩაქრობის ორგანიზება, ქვეყნის განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულებების, ეროვნული საგანძურების, კულტურული მემკვიდრეობის და სხვა სასიცოცხლო დანიშნულებისა ან/და განსაკუთრებით ხანძარსაშიშ ორგანიზაციებში.

 

    მუხლი 4. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლება-მოვალეობები

1. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლება-მოვალეობებს განეკუთვნება:

ა) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების ორგანიზება და განხორციელება;

ბ) სახელმწიფო და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების შესრულებაში მონაწილეობა;

გ) სახანძრო უსაფრთხოებაზე, მათ შორის სახანძრო დაცვის სამსახურების შენახვაზე ხარჯების გათვალისწინება ადგილობრივ ბიუჯეტებში;

დ) სახანძრო დაცვის სამსახურების პირადი შემადგენლობისა და მათი ოჯახის წევრების სამართლებრივი და სოციალური დაცვის განხორციელება;

ე) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება;

ვ) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სახანძრო უსაფრთხოების ეკონომიკური და სოციალური სტიმულირების განხორციელება, სახანძრო-ტექნიკური საშუალებების შეძენა;

ზ) მოსახლეობისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება და მათი ჩაბმა ხანძრის თავიდან აცილებისა და ჩაქრობის საქმეში;

თ) სახანძრო დაცვის სამსახურებისათვის და მოხალისე მეხანძრეთა საქმიანობისათვის ხელის შეწყობა;

ი) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივი კონტროლის ორგანიზება;

კ) ადგილობრივ ბიუჯეტზე მყოფი სახანძრო დაცვის სამსახურების შექმნა, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მათი საქმიანობის კონტროლი.

2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებული არიან შესაბამის ტერიტორიებზე:

ა) უზრუნველყონ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულება;

ბ) დადგენილი ნორმების შესაბამისად შექმნან და შეინახონ ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრების ხარჯებიდან დაფინანსებული სახანძრო დაცვის სამსახურები;

გ) დაადგინონ ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზების წესი;

დ) უზრუნველყონ განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის შემოღება (დადგენა);

ე) ორგანიზება გაუწიონ მოსახლეობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლებას;

ვ) ხელი შეუწყონ მოხალისე მეხანძრეების საქმიანობას.

 

თავი III.  სახანძრო დაცვა

    მუხლი 5. სახანძრო დაცვის სახეობები და ძირითადი ამოცანები

1. სახანძრო დაცვა იყოფა შემდეგ სახეობებად:

ა) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვა;

გ) საუწყებო სახანძრო დაცვა;

დ) კერძო სახანძრო დაცვა;

ე) ნებაყოფლობითი სახანძრო დაცვა.

2. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სახანძრო დაცვის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება და განხორციელება;

ბ) ხანძრების დროს ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადარჩენა;

გ) ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება და განხორციელება.

3. მასობრივი უწესრიგობის აღკვეთისა და თავიდან აცილების ღონისძიებებში სახანძრო დაცვა მონაწილეობს, მისი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, მხოლოდ ხანძრის კერის ჩასაქრობად.

    მუხლი 6. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური

1. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში შემავალი დანაყოფი, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვადასხვა სახეობის სახანძრო დაცვის სამსახურების საქმიანობას.

2. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური:

ა) დადგენილი წესის შესაბამისად შეიმუშავებს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და ზედამხედველობას უწევს მათ განხორციელებას;

ბ) შეიმუშავებს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სამართლებრივ, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელ და სახანძრო-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების მარეგლამენტირებელი ნორმატიული აქტების პროექტებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს;

გ) კოორდინაციას უწევს სხვადასხვა სახის სახანძრო დაცვის სამსახურების საქმიანობას;

დ) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას;

ე) ახორციელებს სახანძრო დაცვის კადრების მომზადებას, გადამზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას;

ვ) რთული და დიდი ხანძრების შემთხვევაში ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის სახანძრო დაცვის სამსახურების საქმიანობას;

ზ) ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების და უწყებრივი სახანძრო დაცვის სამსახურების საქმიანობის ინსპექტირებას და მეთოდურ დახმარებას უწევს მათ;

თ) შეიმუშავებს ხანძრის აღკვეთისა და მასთან ბრძოლის საქმეში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის უფლებამოსილებისა და ორგანიზების საფუძვლებს;

ი) ორგანიზებას უწევს ქვეყანაში ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე საავარიო-სამაშველო სამუშაოების აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სტატისტიკური სისტემის შექმნას;

კ) აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის სამსახურებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზებისა და განხორციელების წესის შესრულებას, ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფას;

ლ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკონტროლებს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ან სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნების შესრულებას.

    მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვა

1. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სახანძრო უსაფრთხოების, საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების და სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ვალდებული არიან შექმნან სახანძრო დაცვის სამსახურები.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ შექმნან სახანძრო დაცვის სამსახურები.

3. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვა:

ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას, ხანძრების ჩაქრობას, ასევე საავარიო-სამაშველო სამუშაოებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრებში;

ბ) ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში.

4. ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის ძალებისა და საშუალებების ჩაბმას ახორციელებს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური შემუშავებული წესის თანახმად. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ეროვნულ გეგმებს და ხანძრის ჩაქრობის ორგანიზების წესს ამტკიცებენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.

5. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის იმ პირადი შემადგენლობის სამუშაო დროის ხანგრძლივობას, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ხანძრების ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს, განსაზღვრავენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. აკრძალულია სახანძრო და სამაშველო ტექნიკის, ტექნიკური შეიარაღების არადანიშნულებისამებრ გამოყენება.

    მუხლი 8. საუწყებო სახანძრო დაცვა

1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს უფლება აქვთ სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შექმნან საუწყებო სახანძრო დაცვის სამსახურები.

2. საუწყებო სახანძრო დაცვის სამსახურის ორგანიზების, მისი საქმიანობის განხორციელებისა და პირადი შემადგენლობის მიერ მოვალეობის შესრულების პირობები დგინდება შესაბამისი დებულებებით სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან შეთანხმებით.

    მუხლი 9. კერძო სახანძრო დაცვა

1. კერძო სახანძრო დაცვის შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. კერძო სახანძრო დაცვის რიცხოვნობასა და მათ ტექნიკურ აღჭურვილობას ადგენს მესაკუთრე.

3. კერძო სახანძრო დაცვა ასრულებს სამუშაოებს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში და მომსახურებას ეწევა დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

    მუხლი 10. ნებაყოფლობითი სახანძრო დაცვა

1. ნებაყოფლობითი სახანძრო დაცვა საზოგადოებრივ საწყისებზე მონაწილეობს დასახლებულ პუნქტებში, საწარმოებში ან სხვა ადგილებში სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფის ორგანიზებაში.

2. მოხალისე მეხანძრე არის მოქალაქე, რომელიც ნებაყოფლობით (შრომითი ხელშეკრულების დაუდებლად) უშუალოდ მონაწილეობს ხანძრის თავიდან აცილებისა ან/და ჩაქრობის საქმიანობაში.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის მიერ მოხალისე მეხანძრეთა რაზმის შექმნისა და რეგისტრაციის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

    მუხლი 11. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობა

1. საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას ახორციელებენ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების სახანძრო დაცვის უფლებამოსილი პირები.

2. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ხელმძღვანელი არის საქართველოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი – შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი.

3. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობის უფლებებსა და მოვალეობებს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

4. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების სახანძრო დაცვის სამსახურების თანამდებობის პირებს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებისას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვთ:

ა) დადგენილი წესით შეიმუშაონ სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი და სახანძრო-ტექნიკური საშუალებების გამოყენების მარეგლამენტირებელი ნორმატიული აქტები;

ბ) განახორციელონ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო სამედიცინო დაწესებულებებში, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების, სარკინიგზო ტრანსპორტის, მეტრო პოლიტენის, საჰაერო და საზღვაო პორტების (ნავსადგურების) შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე;

გ) შეიტანონ წინადადებები აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა შესრულების თაობაზე;

დ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულების კონტროლისა და დარღვევების აღკვეთის მიზნით ჩაატარონ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება;

ე) მონაწილეობა მიიღონ მშენებლობადამთავრებული (რეკონსტრუირებული) ობიექტების მიმღები კომისიის მუშაობაში;

ვ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებიდან დასაბუთებული გადახვევის ან ასეთი მოთხოვნების არარსებობის შემთხვევაში განიხილონ და შეითანხმონ მშენებლობისა და ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაცია;

ზ) სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს მიაწოდონ შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები;

თ) მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩერონ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის ექსპლუატაცია, თუ გამოავლენენ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;

ი) ნებისმიერი პირისაგან მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია, საჭირო განმარტებები და ცნობები იმ საქმეებთან და მასალებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება ხანძრებს;

კ) დააკისრონ ადმინისტრაციული სახდელი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის, მათ შორის, სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის თანამდებობის პირთა მითითებებისა და დადგენილებების შეუსრულებლობის ან არადროულად შესრულებისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებისას ამ სამსახურის ორგანოების სახანძრო დაცვის სამსახურების ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მითითებები და განკარგულებები მათი ხელქვეითებისათვის სავალდებულოა შესასრულებლად.

6. აკრძალულია სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება იმ ობიექტებზე, რომლებიც ამ კანონის მიხედვით არ წარმოადგენენ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს.

    მუხლი 12. სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობა

1. საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში მიიღებიან შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურში მიღების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესს, საშტატო რაოდენობასა და სტრუქტურას ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას ისინი სარგებლობენ დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც მათ ეძლევათ უფასოდ, ნორმის ფარგლებში.

    მუხლი 13. სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები

1. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებსა და შეღავათებს ადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.

2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ დაადგინონ სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობის სამართლებრივი და სოციალური დაცვის ამ კანონით გაუთვალისწინებელი სხვა გარანტიებიც.

3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ თანამდებობაზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის მუშაკებს პენსია ენიშნებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 55 წლის ასაკისა და სამსახურში არანაკლებ 20 წლის მუშაობის სტაჟის შესრულების შემდეგ.

    მუხლი 14. სავალდებულო დაზღვევა და ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების თანამშრომლის და სახანძრო დაცვის მოსამსახურის (თანამშრომლის) დაღუპვის (სიკვდილის) ან დაშავების (დასახიჩრების) შემთხვევაში

1. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების თანამშრომელთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას.

2. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომლების სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

3. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის მოსამსახურეთა სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის შესანახი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სახსრებით.

4. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს შესაბამისი ბიუჯეტის სახსრებიდან მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.

5. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრების ან დაინვალიდების შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის მიხედვით, შესაბამისი ბიუჯეტის სახსრებიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.

    მუხლი 15. სახანძრო დაცვის სამსახურების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის სამსახურების დაფინანსება და მათი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

2. საუწყებო სახანძრო დაცვის ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, ასევე მათი პირადი შემადგენლობის სოციალური დაცვის გარანტიებისა და კომპენსაციების დაფინანსებას ახორციელებენ დამფუძნებლები.

    მუხლი 16. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის ქონება

1. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვას აქვს მოძრავი და უძრავი ქონება, რომელიც აუცილებელია სახანძრო დაცვაზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად.

2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის ქონების მიზნობრივი დანიშნულება არ შეიძლება შეიცვალოს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან შეუთანხმებლად.

თავი IV. სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა

    მუხლი 17. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ნორმატიულ-სამართლებრივი რეგულირება

1. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ნორმატიულ-სამართლებრივი რეგულირება ხორციელდება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ მიღებული სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

2. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტები, რომლებიც ადგენენ ან რომლებმაც უნდა დაადგინონ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები, შეთანხმებული უნდა იქნეს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან.

3. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვთ შეიმუშაონ და დაამტკიცონ სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიული აქტები.

4. სახანძრო უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნების შეთანხმების წესს, რომელიც განსაზღვრული არ არის ნორმატიული აქტებით, შეიმუშავებს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური და ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

    მუხლი 18. სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაცია

1. სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებები მუშავდება საქართველოს კანონმდებლობისა და სახანძრო უსაფრთხოების შესახებ მიღებული ნორმატიული აქტების შესაბამისად, აგრეთვე ხანძართან ბრძოლის გამოცდილების, ნივთიერებების, მასალების, ტექნოლოგიური პროცესების, ნაკეთობების, კონსტრუქციების, შენობებისა და ნაგებობების ხანძარსაშიშროების შეფასების საფუძველზე.

2. ნივთიერებების, მასალების, ნაკეთობებისა და დანადგარების დამამზადებლები (მომწოდებლები) ვალდებული არიან შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მოიყვანონ ამ ნივთიერებების, მასალების, ნაკეთობებისა და დანადგარების ხანძარსაშიშროების მაჩვენებლები, აგრეთვე მიუთითონ მათთან მუშაობისას აუცილებელ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებზე.

3. ორგანიზაციების, შენობების, ნაგებობებისა და სხვა ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებისა და რეალიზაციის დროს, აგრეთვე მათი დაპროექტებისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ღონისძიებები ხანძრის შემთხვევაში ადამიანთა ევაკუაციის უზრუნველსაყოფად.

4. ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებებს შეიმუშავებენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.

5. თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებათა თანახმად მიღებული ინვესტიციებით გათვალისწინებულია ისეთი პროექტები, რომლებიც თავისი არსით ხასიათდება მომეტებული სახანძრო საშიშროებით, ამ ორგანოთა გადაწყვეტილებები უნდა შეთანხმდეს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა ნაწილში.

    მუხლი 19. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება

1. ხანძრის ჩაქრობა წარმოადგენს ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების გადასარჩენად და ხანძრის ლიკვიდაციისათვის მიმართულ მოქმედებებს.

2. სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლის, ქონების გადასარჩენად, აგრეთვე ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისათვის დამახასიათებელი საშიში ფაქტორების შედეგების შესაძლო მინიმუმამდე დასაყვანად მიმართულ მოქმედებებს.

3. განსაკუთრებულად რთული ხანძრების ჩაქრობაში მონაწილე სახანძრო დაცვის სხვადასხვა სახეობების სამსახურების მოქმედებების მაკოორდინირებელი ფუნქციები ეკისრება სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურს.

4. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის სამსახურების გასვლა დასახლებულ პუნქტებსა და საწარმოებში ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად ხორციელდება უპირობო წესით.

5. ხანძრის შესახებ შეტყობინებების მისაღებად დასახლებული პუნქტების სატელეფონო ქსელში დადგენილია ერთიანი ნომერი.

6. ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელებისას ტარდება აუცილებელი მოქმედებები ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ქონების გადასარჩენად, მათ შორის:

ა) ხანძრების საშიში ფაქტორების გავრცელების (შესაძლო გავრცელების), აგრეთვე ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების საშიში გამოვლენის ადგილებზე მისასვლელად;

ბ) ხანძრების, აგრეთვე ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების გავრცელების დამაბრკოლებელი და მათი ლიკვიდაციის უზრუნველსაყოფი პირობების შესაქმნელად;

გ) ხანძრების გაჩენის ადგილებში, ავარიების, კატასტროფების, სხვა საგანგებო სიტუაციების ზონებში შესვლის და მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა მოძრაობის შეზღუდვის ან აკრძალვისათვის;

დ) ხანძრების ჩაქრობის ადგილის, აგრეთვე ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ზონების დაცვისათვის (მათი გაჩენის მიზეზებისა და გარემოებების გამოძიების პერიოდშიც);

ე) ხანძრების, აგრეთვე ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ადგილებიდან ადამიანთა და ქონების ევაკუაციისათვის.

7. ხანძრის ჩაქრობას ადგილზე უშუალოდ ხელმძღვანელობს ხანძარზე მისული ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამდებობის პირი – ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი (თუ სხვა რამ არ არის დადგენილი), რომელიც ერთმმართველობის პრინციპით ხელმძღვანელობს ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე სახანძრო დაცვის პირად შემადგენლობას, აგრეთვე ხანძრის ჩაქრობაში ჩაბმულ სხვა ძალებს.

8. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი ადგენს ტერიტორიის საზღვრებს, სადაც ხორციელდება ხანძრის ჩაქრობის მოქმედებები, მათი ჩატარების წესსა და თავისებურებებს, აგრეთვე იღებს გადაწყვეტილებებს ხანძარზე ადამიანთა და ქონების გადარჩენის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი იღებს სხვა გადაწყვეტილებებსაც, მათ შორის, ისეთებს, რომლებიც ზღუდავენ პირთა უფლებებსაც აღნიშნულ ტერიტორიაზე.

9. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია დასახული ამოცანის შესრულებაზე, ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობის და ხანძრის ჩაქრობაში ჩაბმული სხვა ძალების უსაფრთხოებაზე.

10. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მითითებები აუცილებელია შესასრულებლად ყველა თანამდებობის პირისა და მოქალაქისათვის იმ ტერიტორიაზე, სადაც ხორციელდება ხანძრის ჩაქრობის მოქმედებები.

11. ხანძრის ჩაქრობის დროს არავის აქვს უფლება ჩაერიოს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მოქმედებებში ან შეცვალოს მისი განკარგულებები.

12. სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობა, ხანძრების, ავარიების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის სხვა მონაწილეები, რომლებიც მოქმედებდნენ უკიდურესი აუცილებლობის ან/და დასაბუთებული რისკის პირობებში, თავისუფლდებიან მიყენებული ზარალის ანაზღაურებისაგან.

13. ხანძრის ჩაქრობის დროს სახანძრო დაცვის პირადმა შემადგენლობამ უნდა მიიღოს ზომები ნივთიერი მტკიცებულებების შესანარჩუნებლად და ქონების დასაცავად.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI,№51,29.09.2010წ.,მუხ.332

    მუხლი 20. სამუშაოების შესრულება და მომსახურების გაწევა სახანძრო უსაფრთხოების სფეროში

1. სამუშაოები და მომსახურება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სრულდება მხოლოდ ხელშეკრულების საფუძველზე კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა რეალიზაციის, აგრეთვე ხანძრის თავიდან აცილებისა და ჩაქრობის მიზნით.

2. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოებსა და მომსახურებას განეკუთვნება:

ა) ხელშეკრულების საფუძველზე საწარმოებისა და დასახლებული პუნქტების ხანძრებისაგან დაცვა;

ბ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავება, სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე ტექნიკური კონსულტაციების გაწევა;

გ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზაციული და ტექნიკური გადაწყვეტილებების ექსპერტიზის ჩატარება;

დ) ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების მონტაჟი, გამართვა, შეკეთება და ტექნიკური მომსახურება;

ე) ცეცხლდამცავი და საღუმელე სამუშაოების შესრულება;

ვ) სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება;

ზ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიმართული სხვა სამუშაოები და მომსახურება, რომლის ნუსხას ადგენს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური.

    მუხლი 21. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდა, სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება და ინფორმაციული უზრუნველყოფა

1. ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდა არის საზოგადოების მიზანდასახული ინფორმირება სახანძრო უსაფრთხოების პრობლემების შესახებ, რომელიც ხორციელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, გამოცემების, სპეციალური ლიტერატურისა და სარეკლამო პროდუქციის გამოშვებით, თემატური გამოფენების, ჩვენებების, კონფერენციების მოწყობით, აგრეთვე მოსახლეობის ინფორმირების სხვა ფორმების გამოყენებით, რომლებიც აკრძალული არ არის საქართველოს კანონმდებლობით.

2. ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდას ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, სახანძრო დაცვის სამსახურები და ორგანიზაციები.

3. ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლებას ახორციელებენ ამ ორგანიზაციების ადმინისტრაციები სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიული აქტების შესაბამისად.

4. ინფორმაციული უზრუნველყოფა სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ხორციელდება სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის იმ სპეციალური საინფორმაციო სისტემების საბანკო მონაცემების (შემდგომში – საინფორმაციო სისტემები) შექმნისა და გამოყენების მეშვეობით, რომლებიც აუცილებელია დასახული ამოცანების შესასრულებლად.

5. საინფორმაციო სისტემებში სახანძრო უსაფრთხოების შესახებ ცნობების შეტანის საფუძველსა და წესს, აგრეთვე მოქალაქეთა და თანამდებობის პირთა ამ ცნობებით სარგებლობის პირობებსა და წესს ადგენს კანონმდებლობა.

6. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მოთხოვნით მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ვალდებული არიან გამოაქვეყნონ სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე სასწრაფო ინფორმაცია მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

7. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ვალდებული არიან მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ და ხელი შეუწყონ სახანძრო-ტექნიკური ცოდნის გავრცელებას.

    მუხლი 22. ხანძრებისა და მათი შედეგების აღრიცხვა

1. საქართველოში მოქმედებს ხანძრებისა და მათი შედეგების აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სისტემა.

2. ოფიციალურ სტატისტიკურ აღრიცხვასა და სახელმწიფო სტატისტიკურ ანგარიშგებას ხანძრებისა და მათი შედეგების შესახებ აწარმოებს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური.

3. ხანძრებისა და მათი შედეგების აღრიცხვის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაინტერესებულ ორგანოებთან შეთანხმებით.

4. ხანძრებისა და მათი შედეგების აღრიცხვის დადგენილი წესის შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისათვის, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას.

 საქართველოს 2011  წლის 22 მარტის კანონი №4469 -ვებგვერდი,01.04.2011წ.

    მუხლი 23. ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა

ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა ნებაყოფლობითია და ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 24. განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი

1. ხანძრის საშიშროების ამაღლების (მომატების) შემთხვევაში სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შესაბამის ტერიტორიებზე შესაძლოა დადგინდეს (შემოღებულ იქნეს) განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი.

2. განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პერიოდში შესაბამის ტერიტორიებზე დგინდება სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სახანძრო უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნები.

    მუხლი 25. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საშუალებებისა და მომსახურების შესაბამისობის შეფასება

სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საშუალებებისა და მომსახურების შესაბამისობის შეფასება დადგენილ მოთხოვნებთან ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.

 

თავი V. უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა სახანძრო უსაფრთხოების სფეროში

    მუხლი 26. მოქალაქეების უფლება-მოვალეობები სახანძრო უსაფრთხოების სფეროში

1. მოქალაქეებს უფლება აქვთ:

ა) ხანძრის შემთხვევაში დაიცვან თავიანთი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ქონება;

ბ) აინაზღაურონ მიყენებული ზარალი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) მიიღონ მონაწილეობა იმ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენაში, რომელმაც ზიანი მიაყენა მათ ჯანმრთელობასა და ქონებას;

დ) მიიღონ ინფორმაცია სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის, სახანძრო დაცვის სამსახურებიდან;

ე) მონაწილეობა მიიღონ სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მათ შორის, ნებაყოფლობითი სახანძრო დაცვის საქმიანობაში.

2. მოქალაქენი ვალდებული არიან:

ა) დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები;

ბ) ხანძრის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინონ სახანძრო დაცვის სამსახურებს;

გ) სახანძრო დაცვის სამსახურების მისვლამდე შეძლებისდაგვარად მიიღონ ზომები ადამიანების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, კერძო და სახელმწიფო ქონების გადასარჩენად, ხანძრის ჩასაქრობად;

დ) დაეხმარონ ხანძრის ჩაქრობაში სახანძრო დაცვის სამსახურებს.

    მუხლი 27. ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების უფლება-მოვალეობები სახანძრო უსაფრთხოების სფეროში

1. ორგანიზაციებს უფლება აქვთ:

ა) დადგენილი წესით შექმნან მათ დაფინანსებაზე მყოფი შესაბამისი საუწყებო, კერძო ან ნებაყოფლობითი სახანძრო დაცვის სამსახური, აგრეთვე მოახდინონ მათი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;

ბ) ჩაატარონ სამუშაოები ორგანიზაციებში მომხდარი ხანძრების გამომწვევი მიზეზებისა და გარემოებების დასადგენად;

გ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაადგინონ სოციალური და ეკონომიკური სტიმულირების ღონისძიებები;

დ) დადგენილი წესით მიიღონ ინფორმაცია სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე სახანძრო დაცვის სამსახურებიდან.

2. ორგანიზაციები ვალდებული არიან:

ა) დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები;

ბ) აწარმოონ ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდა, აგრეთვე უზრუნველყონ თანამშრომლებისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება;

გ) იქონიონ გამართულ მდგომარეობაში ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები და სისტემები, მათ შორის, ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები, არ დაუშვან მათი არადანიშნულებისამებრ გამოყენება;

დ) ხელი შეუწყონ სახანძრო დაცვის სამსახურებს ხანძრის ჩაქრობაში, მისი გაჩენის, გავრცელების მიზეზებისა და პირობების დადგენაში, აგრეთვე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დამრღვევ და ხანძრის გაჩენაში დამნაშავე პირთა გამოვლენაში;

ე) ორგანიზაციის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობისას გამოყონ აუცილებელი ძალები და საშუალებები;

ვ) დაუყოვნებლივ აცნობონ სახანძრო დაცვის სამსახურებს ხანძრის გაჩენის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებისა და საშუალებების გაუმართაობის, გზებსა და გასასვლელებში ცვლილებების შესახებ;

ზ) ხელი შეუწყონ მოხალისე მეხანძრეების საქმიანობას.

3. ორგანიზაციების ხელმძღვანელები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში პასუხს აგებენ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე.

4. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების მიმართ ვრცელდება ამ მუხლით ორგანიზაციებისათვის გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები. ამასთან, სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის ადმინისტრაცია ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს სახანძრო დაცვის უფლებამოსილ თანამდებობის პირთა შესვლა სამსახურებრივი მოვალეობის განსახორციელებლად სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის ტერიტორიაზე, შენობებში, ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე;

ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების თანამდებობის პირთა მოთხოვნით წარმოადგინოს მონაცემები და დოკუმენტები სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, მათ ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრებისა და შედეგების შესახებ.

    მუხლი 28. პასუხისმგებლობა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის

1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის ეკისრებათ:

ა) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების შესაბამისი ორგანოების ხელმძღვანელებს;

ბ) ქონების მფლობელობაზე, სარგებლობასა და განკარგვაზე უფლებამოსილ პირებს;

გ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლად დადგენილი წესით დანიშნულ პირებს.

2. სახელმწიფო, მუნიციპალური და საუწყებო საცხოვრებელი ფონდის სახლების ბინებში (ოთახებში) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბინის დამქირავებლებს ან მოიჯარეებს, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულებით.

 

თავი VI. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 29. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

1. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში მიღებულ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) „ინსტრუქცია სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ“;

ბ) „საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესები“;

გ) „სახანძრო დაცვის სამსახურების ორგანიზაციის წესდება“;

დ) „სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესდება“.

2. 2006 წლის 1 იანვრამდე:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის მომზადება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის იმ თანამდებობების ნუსხის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რომლებზე დანიშნულ პირებსაც პენსია ენიშნებათ 55 წლის ასაკისა და სამსახურში არანაკლებ 20 წლის მუშაობის სტაჟის შესრულების შემდეგ.

    მუხლი 30. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი            მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 11 ნოემბერი.

№2088–IIს