საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2130
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 53, 19/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.002.005
  • Word
2130
25/11/2005
სსმ, 53, 19/12/2005
060.000.000.05.001.002.005
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 129-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ისეთი პირისაგან, რომელსაც თავისი ფიზიკური ნაკლის ან ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება;“.

2. 141-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირი, რომელსაც თავისი ფიზიკური ნაკლის ან ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეუძლია სწორედ აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება;“.

3. 210-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლოს სხდომის მდივანი მოახსენებს სასამართლოს, თუ განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან ვინ გამოცხადდა, ჩაჰბარდათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს უწყებები 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. სასამართლო ადგენს გამოცხადებულთა ვინაობას, ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას, აგრეთვე აფრთხილებს პროცესის მონაწილეებს და სხდომაზე დამსწრე პირებს წესრიგის დაცვის მიზნით მოსამართლის მითითების სავალდებულობისა და სასამართლოს სხდომაზე წესრიგის დამრღვევის მიმართ შესაძლო ღონისძიებების თაობაზე. ამის შემდეგ მოწმეები ტოვებენ სხდომის დარბაზს.“.

4. 212-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 212. ღონისძიებანი სასამართლოს სხდომაზე წესრიგის დამრღვევის მიმართ

1. საქმის განხილვისას წესრიგის დამრღვევ პირს სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე) აძლევს გაფრთხილებას.

2. სასამართლოს სხდომაზე წესრიგის დარღვევისას, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს უპატივცემულობის შემთხვევაში პროცესის მონაწილეს ან/და სხდომაზე დამსწრეს სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებით აძევებენ სასამართლოს სხდომის დარბაზიდან, რაც არ აბრკოლებს საქმის განხილვა-გადაწყვეტას.

3. პროცესის მონაწილე ან/და სხდომაზე დამსწრე, რომელმაც განმეორებით დაარღვია წესრიგი, შეიძლება სხდომის დარბაზიდან გაძევებულ იქნეს სხდომის თავმჯდომარის ან მოსამართლის განკარგულებით, რაც არ აბრკოლებს საქმის განხილვა-გადაწყვეტას.

4. სასამართლოს სხდომაზე წესრიგის დამრღვევ პირს, მათ შორის, გაძევებულ პირს, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებით შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 50 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით, რაზედაც გაიცემა სააღსრულებო ფურცელი. სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) შეუძლია წესრიგის დარღვევის გაგრძელების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაზარდოს ჯარიმის ოდენობა ამ ნაწილით დადგენილ ფარგლებში.

5. თუ სასამართლოს მიმართ გამოხატულია აშკარა და უხეში უპატივცემულობა, სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) შეუძლია გამოიტანოს განკარგულება პირის 30 დღე-ღამემდე ვადით დაპატიმრების შესახებ. განკარგულება აღსრულდება დაუყოვნებლივ, რაც არ დააბრკოლებს საქმის განხილვა-გადაწყვეტას.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება მიიღება ადგილზე თათბირით და არ საჩივრდება.“.

5. 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 322-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქმე ფსიქიკური აშლილობის გამო მოქალაქის ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ შეიძლება აღძრან სასამართლოში მისი ოჯახის წევრებმა, კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებმა, აგრეთვე ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულებებმა.“.

7. 323-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განცხადებაში მოქალაქის ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ უნდა აღინიშნოს გარემოებანი, რომლებიც ადასტურებენ ფსიქიკურ აშლილობას, რის გამოც მას არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან განაგოს იგი.“.

8. 324-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 324. ექსპერტიზის დანიშვნა მოქალაქის ფსიქიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით

თუ არსებობს საკმაო ცნობები მოქალაქის ფსიქიკური აშლილობის შესახებ, განმცხადებელს უფლება აქვს საქმის მომზადების სტადიაზე სასამართლოს წარუდგინოს მის მიერ მოწვეული ფსიქიატრიული ექსპერტის დასკვნა ამ მოქალაქის ფსიქიკური მდგომარეობის თაობაზე. განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ პირი, რომლის მიმართაც აღძრულია საქმე მისი ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ, აშკარად თავს არიდებს საექსპერტო შემოწმებას, განმცხადებლის თხოვნით, სასამართლოს თავის სხდომაზე ფსიქიატრის მონაწილეობით შეუძლია გამოიტანოს განჩინება ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის მოქალაქის იძულებით გაგზავნის თაობაზე.“.

9. XLI თავი ამოღებულ იქნეს.

10. 417-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 417. სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის წარმოებაში მიღება და განხილვა, საქმის მასალების წარდგენა ზემდგომ სასამართლოში

1. სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის წარმოებაში მიღება ხდება შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით.

2. თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ ის აკმაყოფილებს კერძო საჩივარს. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში.“.

11. 419-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განჩინება მიიღება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას.“.

12. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 443-ე მუხლი:

     „მუხლი 443. სააპელაციო საჩივრის განხილვა ერთპიროვნულად

1. 2006 წლის 1 ივნისამდე შეტანილი სააპელაციო საჩივარი ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრულ საქმეებზე, ასევე ქონებრივ-სამართლებრივ დავაზე, რომლის ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს, განიხილება ერთპიროვნულად სააპელაციო (საოლქო) სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საქმეებზე დაწყებულ სააპელაციო წარმოებას ერთპიროვნულად აგრძელებს სააპელაციო (საოლქო) სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ის მოსამართლე, რომელიც გამწესებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 25 ნოემბერი.

№2130-IIს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.