„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2267
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 55, 27/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 140.100.000.05.001.002.034
  • Word
2267
16/12/2005
სსმ, 55, 27/12/2005
140.100.000.05.001.002.034
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პირის გამოკითხვა – ოპერატიული მუშაკის ან გამომძიებლის პირადი გასაუბრება ფიზიკურ პირთან, რომელმაც რაიმე იცის გამოსაკვლევი შემთხვევის ან მასთან დაკავშირებულ პირთა შესახებ (გამოკითხვა ნებაყოფლობითია და გამოსაკითხ პირს არ აფრთხილებენ ცრუ ჩვენების მიცემისათვის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ოპერატიული მუშაკი ან გამომძიებელი გამოკითხვის შესახებ დადგენილი წესით ადგენს პატაკს, რომელიც გასაცნობად არ წარედგინება გამოკითხულ პირს);

ბ) ცნობების შეგროვება – ოპერატიული მუშაკის ან გამომძიებლის მიერ კრიმინალისტიკური, ოპერატიულ-სამძებრო ან ინფორმაციის შენახვის სხვა წყაროდან იმ ფაქტობრივი მონაცემების ოფიციალურად მოპოვება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად;

გ) ვიზუალური კონტროლი – ოპერატიული თვალთვალი, რომელიც კონსპირაციულად ტარდება ოპერატიული მუშაკის, გამომძიებლის ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს მიერ უშუალოდ ან ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით;

დ) საკონტროლო შესყიდვა – ოპერატიული მუშაკის, გამომძიებლის ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგნის ან ნივთიერების შეძენა ანდა შეძენის სიტუაციის შექმნა (მისი გასაღების ან მოხმარების მიზნის გარეშე);

ე) კონტროლირებადი მიწოდება – დანაშაულის გასახსნელად, დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად საქართველოს ფარგლებში (ხოლო საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს ფარგლებს გარეთაც), საქართველოს ფარგლებს გარედან საქართველოში ან საქართველოს გავლით ნივთიერი მტკიცებულების ან ისეთი საგნის კონტროლირებადი გადაადგილება, რომლის თავისუფალი რეალიზება კანონით აკრძალული ან შეზღუდულია;

ვ) პიროვნების იდენტიფიკაცია (გაიგივება) – შესამოწმებელი პირის ან ეჭვმიტანილის დადგენა დაქტილოსკოპიური კარტოთეკის, შემთხვევის ადგილზე დატოვებული კვალის, სუნის ან გამონაყოფის მიხედვით;

ზ) საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა – საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა ვიზუალურად ან ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით, რაც არ ითვლება ექსპერტის დასკვნად;

თ) ინფორმაციის მოხსნა კავშირგაბმულობის არხიდან – ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს მიერ ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით ელექტრონული კავშირიდან (ელექტროფოსტა), კომპიუტერული ქსელიდან, სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემებიდან გადაცემული, შეკრებილი, დამუშავებული ან დაგროვებული ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით;

ი) საიდუმლო თანამშრომელი (კონფიდენტი) – 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც ნებაყოფლობით, კონტრაქტის საფუძველზე თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოსთან ან გამომძიებელთან და ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;

კ) კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა – ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს ან გამომძიებლის მიერ დანაშაულებრივ ფორმირებაში შესაღწევად ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციის შექმნა.“.

2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა, იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროების, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული ორგანოების და გამომძიებლის (მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების დროს) გამართულ საქმიანობას და საკუთრივ მათი მუშაკების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ტარდება ამ კანონის საფუძველზე, შესაბამისი უწყების ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული წესით.“.

3. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლება აქვთ:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებსა და საგამოძიებო დანაყოფებს;

ბ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიულ ორგანოებს;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებსა და საგამოძიებო დანაყოფებს;

დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურსა და საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებს;

ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლებს; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სადაზვერვო ქვედანაყოფებს;

ვ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ოპერატიულ ორგანოებს;

ზ) პროკურატურის გამომძიებლებს.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 16 დეკემბერი.

№2267–რს