საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ

  • Word
საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1420
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 23-34, 30/06/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 19/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 300.240.000.05.001.000.368
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1420
12/06/1998
პარლამენტის უწყებანი, 23-34, 30/06/1998
300.240.000.05.001.000.368
საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს სახელმწიფო ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის საშიში ქიმიური ნივთიერებების შექმნის, გამოცდისა და სახელმწიფო ექსპერტიზის, სტანდარტიზაციის, აღრიცხვისა და რეგისტრაციის, წარმოების, შეფუთვის, ნიშანდებისა და ეტიკეტირების, ტრანსპორტირების, მოხმარების, ექსპორტისა და იმპორტის, გადამუშავების, გაუვნებელყოფის, განთავსების, შეზღუდვის, აკრძალვისა და გამოყენებიდან ამოღების სფეროში, აგრეთვე მათზე სახელმწიფო და საუწყებო ზედამხედველობის წესებს.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) ადამიანთა და ცხოველთა დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ და სამკურნალო პრეპარატებზე მზა სახით;

ბ) კოსმეტიკურ პროდუქციაზე;

გ) ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებიც გამოიყენება სასწავლო-სამეცნიერო მიზნით იმ ოდენობით, რომელიც არ ახდენს მავნე ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე;

დ) მიკროორგანიზმებსა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებზე;

ე) ნარევებსა და ნივთიერებებზე ნარჩენების სახით;

ვ) საკვებ დანამატებზე;

ზ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიურ ნივთიერებებზე (გარდა მათი ერთიანი სახელმწიფო რეესტრისა);

თ) რადიაქტიურ ნივთიერებებსა და მასალებზე;

ი) საშიშ სამრეწველო ნარჩენებზე;

კ) პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილ საყოფაცხოვრებო დანიშნულების ქიმიურ ნივთიერებებზე.

    მუხლი 2. ტერმინების განმარტება

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ქიმიური ნივთიერებები – ნივთიერებები და მათი ნაერთები ბუნებრივი სახით, ან მიღებული ნებისმიერი ტექნოლოგიური პროცესის შედეგად, პროდუქტის სტაბილურობის შენარჩუნებისათვის საჭირო ნებისმიერ დანამატთან და გამოყენებული ტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებულ ყველა მინარევთან ერთად, გამხსნელის გარდა, რომელიც გამოიყოფა ნივთიერების სტაბილურობისა და შემადგენლობის შეცვლის გარეშე, აგრეთვე ამ ნივთიერებების პრეპარატები;

ბ) პრეპარატები – ნარევები ან ხსნარები, რომლებიც შედგება ორი ან მეტი ნივთიერებისაგან;

გ) საშიში ქიმიური ნივთიერებები – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც მავნე ზემოქმედებას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე და მიეკუთვნებიან ტოქსიკურობისა და საშიშროების შემდეგ კლასებს:

გ.ა) ფეთქებადი ნივთიერებები და პრეპარატები მყარ, თხევად, პასტისმაგვარ ან ლაბისებრ მდგომარეობაში, რომლებიც იწვევენ ეგზოთერმულ რეაქციას ატმოსფერული ჟანგბადის გარეშე და სწრაფად გამოყოფენ გაზებს, დეტონირებენ, ადვილად აალდებიან ან ფეთქდებიან ნაწილობრივ დახშულ პირობებში გახურებით;

გ.ბ) დამჟანგავი ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ძლიერ ეგზოთერმულ რეაქციას სხვა აალებად ნივთიერებებთან შეხებისას;

გ.გ) უკიდურესად აალებადი ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებსაც აქვთ დაბალი აალების და დუღილის წერტილები, აალდებიან ჰაერთან შეხებისას ოთახის ტემპერატურასა და ნორმალურ ატმოსფერულ წნევაზე;

გ.დ) ადვილად აალებადი ნივთიერებები და პრეპარატები:

გ.დ.ა) ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ცხელდებიან და აალდებიან ჰაერთან შეხებისას ოთახის ტემპერატურაზე, ენერგიის სხვა წყაროების არარსებობისას;

გ.დ.ბ) მყარი ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც აალდებიან სითბოს წყაროსთან ხანმოკლე შეხებისას და განაგრძობენ წვას ამ წყაროს მოცილების შემდეგაც;

გ.დ.გ) თხევადი ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებსაც აქვთ დაბალი აალების წერტილი;

გ.დ.დ) ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც წყალთან ან ნესტიან ჰაერთან შეხებისას გამოყოფენ ადვილადაალებად აირებს საშიში ოდენობით;

გ.ე) ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ცოცხალ ქსოვილთან შეხებისას აზიანებენ მას;

გ.ვ) ტოქსიკური ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მცირე ოდენობით მოხვედრისას იწვევენ სიკვდილს, მწვავე ან ქრონიკულ მოწამვლას;

გ.ზ) გამაღიზიანებელი ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ ფიზიკურ გაღიზიანებასა და ანთებით პროცესს;

გ.თ) ალერგიული ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ ზემგრძნობელობას (ალერგიულ რეაქციას);

გ.ი) კანცეროგენული ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ ან ხელს უწყობენ სიმსივნური დაავადების განვითარებას;

გ.კ) მუტაგენური ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ ან ხელს უწყობენ გენეტიკური სისტემის მოშლას;

გ.ლ) ტერატოგენური ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ ან ხელს უწყობენ ნაყოფის განვითარების პროცესის დარღვევას და სიმახინჯეებს;

გ.მ) გონადოტროპული ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ ან ხელს უწყობენ სასქესო ჯირკვლების ფუნქციის მოშლას;

გ.ნ) ემბრიოტროპული ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ ჩანასახის განვითარების მოშლას;

დ) ახალი საშიში ქიმიური ნივთიერება – შექმნილი ან შექმნის სტადიაში მყოფი ნივთიერება, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე არ ყოფილა გამოყენებული;

ე) საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენება – ნივთიერების წარმოება, იმპორტი და ექსპორტი, ნიშანდება-ეტიკეტირება, ტრანსპორტირება, შენახვა-დასაწყობება, რეალიზაცია-გავრცელება, გადამუშავება, მოხმარება, გამოყენებიდან ამოღება ან სხვა სახით გამოყენება, მისი შექმნა-დამზადებიდან დაწყებული;

ვ) საშიში ქიმიური ნივთიერების მოხმარება – ნივთიერების მიზნობრივად გამოყენება;

ზ) საშიში ქიმიური ნივთიერების შემქმნელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ქმნის (ასინთეზებს) ნივთიერებას;

თ) საშიში ქიმიური ნივთიერების მწარმოებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს ნივთიერებას;

ი) მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერება – ნივთიერება, რომლის ნებისმიერი სახით გამოყენება აკრძალულია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით, თუმცა დასაშვებია მისი ზოგიერთი სახით გამოყენებაც;

კ) აკრძალული საშიში ქიმიური ნივთიერება – ნივთიერება, რომლის ნებისმიერი სახით გამოყენება აკრძალულია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით;

ლ) საშიში ქიმიური ნივთიერებებით საერთაშორისო ვაჭრობა–ნივთიერებების ექსპორტი ან იმპორტი;

მ) ექსპორტი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საშიში ქიმიური ნივთიერებების გატანა, მათი აქ შემოტანის ვალდებულების გარეშე;

ნ) იმპორტი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საშიში ქიმიური ნივთიერებების მუდმივად დატოვება, მათი აქედან გატანის ვალდებულების გარეშე;

ო) წინასწარ დასაბუთებული თანხმობა – პრინციპი, რომლის თანახმად, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით, აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერების გადატანა აკრძალულია იმპორტიორი ქვეყნის შესაბამისი ორგანოს, თუ ასეთი არსებობს, თანხმობის გარეშე, ან მისი გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ;

პ) წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურა – მკაცრად შეზღუდული ან აკრძალული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის გაგრძელებაზე იმპორტიორი ქვეყნების ოფიციალური გადაწყვეტილებების მიღებისა და გავრცელების პროცედურა;

ჟ) ქიმიური უსაფრთხოება – ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს საშიში ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელი და მომხმარებელი ობიექტების მუშაობის უსაფრთხო პირობებს და გამორიცხავს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მათ მავნე ზემოქმედებას;

რ) საშიში ქიმიური ნივთიერების გადამუშავება – ტექნოლოგიური პროცესი, რომლითაც ხდება ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობის ან ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შეცვლა;

ს) საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებული საქმიანობა – ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ნივთიერების შექმნის, გამოცდისა და სახელმწიფო ექსპერტიზის, სტანდარტიზაციის, აღრიცხვისა და რეგისტრაციის, წარმოების, შეფუთვის, ნიშანდებისა და ეტიკეტირების, ტრანსპორტირების, მოხმარების, ექსპორტისა და იმპორტის, გადამუშავების, გაუვნებელყოფის, განთავსების, შეზღუდვის, აკრძალვისა და გამოყენებიდან ამოღების პროცესებთან;

ტ) სანიტარიულ-დამცავი ზონა – საწარმოს ირგვლივ დადგენილი ზონა, რომელიც მისი ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას იცავს საწარმოს მავნე ზემოქმედებისაგან;

უ) კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები – საშიში ქიმიური ნივთიერებების მართვისა და კონტროლის სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოები.

    მუხლი 3. კანონის მიზნები

კანონის მიზნებია:

ა) საშიში ქიმიური ნივთიერებების შექმნის, გამოცდისა და სახელმწიფო ექსპერტიზის, სტანდარტიზაციის, აღრიცხვისა და რეგისტრაციის, წარმოების, შეფუთვის, ნიშანდებისა და ეტიკეტირების, ტრანსპორტირების, მოხმარების, ექსპორტისა და იმპორტის, გადამუშავების, გაუვნებელყოფის, განთავსების, შეზღუდვის, აკრძალვისა და გამოყენებიდან ამოღების სფეროში სამართლებრივ ურთიერთობათა პრინციპების განსაზღვრა და მათი ნორმების დადგენა;

ბ) საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის უფლების – ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში – დაცვა;

გ) ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა საშიში ქიმიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედებისაგან;

დ) საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების მართვის პრინციპების დანერგვა, რომლებიც შეამცირებს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მათ მავნე ზემოქმედებას, უზრუნველყოფს ახლანდელი და მომავალი თაობების ცხოვრების უსაფრთხო პირობებს;

ე) საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების მართვისა და კონტროლის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა;

ვ) ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის ნაკლებად საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოვლენა, მათი შეფასებისა და კონტროლის სტანდარტული პროცედურების შემუშავება;

ზ) საშიში ქიმიური ნივთიერებების მართვის ტერიტორიული საზღვრებისა და პროცედურების დაწესება;

თ) საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების სფეროში მონაწილე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა;

ი) ქვეყანაში გამოყენებული და გამოსაყენებლად გამიზნული საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების მართვისა და კონტროლის ერთიანი სისტემის შექმნა.

    მუხლი 4. კანონის ამოცანები

კანონის ამოცანებია:

ა) საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების სფეროში სახელმწიფო ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება;

ბ) საშიში ქიმიური ნივთიერებების უსისტემო და უნებართვო გამოყენების აკრძალვა;

გ) საშიში ქიმიური ნივთიერებების შეფასება და რეგისტრაცია;

დ) ქვეყნის ტერიტორიაზე საშიში ქიმიური ნივთიერებების დადგენილი ნორმით გამოყენება, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მათი მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება და მოსალოდნელი შედეგების ლიკვიდაცია;

ე) სარეალიზაციოდ გამიზნული საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ შეტყობინების, მათი გამოცდისა და სახელმწიფო ექსპერტიზის, სტანდარტიზაციის, აღრიცხვისა და რეგისტრაციის, შეფუთვის, ნიშანდების, იმპორტისა და ექსპორტის პროცესების მოწესრიგება;

ვ) მოსახლეობის ინფორმირება და ცოდნის ამაღლება იმ საშიშროების შესახებ, რომელსაც იწვევენ საშიში ქიმიური ნივთიერებები.

    მუხლი 5. საქართველოს კანონმდებლობა საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, გარემოს დაცვის შესახებ და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 6. საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების პრინციპები

საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების პრინციპებია:

ა) საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების სახელმწიფო მართვის პროცესის ოპტიმიზაცია;

ბ) ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე საშიში ქიმიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად მათი გამოყენების პროცესში საუკეთესო ტექნოლოგიების დანერგვა;

გ) საშიში ქიმიური ნივთიერებების, მათი პროდუქტებისა და მასალების ნორმირება და კლასიფიკაცია;

დ) საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოცდა, სახელმწიფო ექსპერტიზა, სტანდარტიზაცია, რეგისტრაცია, შეფუთვა, ნიშანდება, აღრიცხვა და კონტროლი, მათ გამოყენებაზე ნებართვების გაცემა;

ე) საშიში ქიმიური ნივთიერებების, მათი პროდუქტებისა და მასალების შეცვლა ნაკლებად საშიში ქიმიური ნივთიერებებით, მათი პროდუქტებითა და მასალებით;

ვ) საშიში ქიმიური ნივთიერებების, მათი პროდუქტებისა და მასალების გამოყენებისას შესაძლო ავარიებისა და საგანგებო მდგომარეობისათვის მზადყოფნა;

ზ) საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა;

თ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება.

თავი II

საშიში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია

    მუხლი 7. საშიში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია

1. ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიზნით დგინდება საშიში ქიმიური ნივთიერებების ტოქსიკურობისა და საშიშროების კლასები.

2. საშიში ქიმიური ნივთიერებების ტოქსიკურობისა და საშიშროების კლასებისადმი მიკუთვნების წესი განისაზღვრება დებულებით საშიში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაციის შესახებ, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების რეგულირების საუწყებათაშორისო საბჭოსთან შეთანხმებით.

თავი III

სახელმწიფო მართვა საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების სფეროში

    მუხლი 8. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების სფეროში

1. საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების სფეროში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა;

ბ) საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მიღება და მათ შესრულებაზე კონტროლი;

გ) საშიში ქიმიური ნივთიერებების სახელმწიფო ექსპერტიზის, სახელმწიფო გამოცდისა და რეგისტრაციის ორგანიზება დადგენილი წესით;

დ) ახალი საშიში ქიმიური ნივთიერებების სტანდარტებისა და ამ ნივთიერებათა შესახებ მეთოდური მითითებების შემუშავება;

ე) ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე საშიშ ქიმიურ ნივთიერებათა ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმებისა და მათი განსაზღვრის მეთოდების შემუშავება და დამტკიცება;

ვ) გამოყენებაში არსებული და გამოსაყენებლად გამიზნული საშიში ქიმიური ნივთიერებების აღრიცხვა;

ზ) საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენებაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის დაწესება;

თ) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ და გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ფარგლებში სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის წარმოება და გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა ყოველგვარ საქმიანობაზე, რომელმაც შეიძლება მავნე ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე;

ი) წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტსა და ექსპორტზე ნებართვების გაცემა;

კ) საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების სფეროში ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის გატარება, სამეცნიერო-კვლევით და სხვა სამუშაოთა კოორდინაცია, ორგანიზება და დაფინანსება;

ლ) საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების მართვისა და კონტროლის ერთიანი სისტემის შექმნა;

მ) საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადება;

ნ) საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესასრულებლად სხვა საჭირო ღონისძიებების გატარება.

2. საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების მართვისა და კონტროლის სფეროში კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები არიან:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – საშიში ქიმიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში;

ბ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო – საშიში ქიმიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედებისაგან გარემოს დაცვის სფეროში;

გ) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო – საშიში სამრეწველო ქიმიური ნივთიერებების გამოყენების სფეროში.

3. საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების მართვისა და კონტროლის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო პოლიტიკის გატარების კოორდინაცია;

ბ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საკონსულტაციო-საინფორმაციო დახმარების გაწევა;

გ) კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილების საფუძველზე საშიში ქიმიური ნივთიერებების გამომყენებელი ობიექტების მიერ სანიტარიულ-ჰიგიენურ, შრომის დაცვისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნათა დარღვევისას ექსპლუატაციის შეჩერება მათ სრულ აღმოფხვრამდე;

დ) საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის წესების შემუშავება და მათ შესრულებაზე კონტროლი;

ე) საშიში ქიმიური ნივთიერებების სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარება;

ვ) საშიში ქიმიური ნივთიერებების სახელმწიფო გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ზ) საშიში ქიმიური ნივთიერებების სახელმწიფო გამოცდის ჩატარება;

თ) საშიში ქიმიური ნივთიერებების სახელმწიფო რეგისტრაცია და გამოყენებაში არსებულ ნივთიერებათა ნუსხის დადგენა;

ი) საერთაშორისო სტანდარტიზებული სისტემით საშიში ქიმიური ნივთიერებებისა და მათი საბოლოო პროდუქტების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოება;

კ) საშიში ქიმიური ნივთიერებების შეფუთვის, ნიშანდებისა და ეტიკეტირების მოთხოვნათა განსაზღვრა;

ლ) კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილების საფუძველზე ქვეყნის შიგნით საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვა ან აკრძალვა;

მ) უვარგისი საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენებიდან ამოღებაზე მკაცრი კონტროლის დაწესება;

ნ) სხვა სახელმწიფოების შესაბამის სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ სამეცნიერო- ტექნიკური, ეკონომიკური და საკანონმდებლო ინფორმაციის გაცვლა, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ახალი მნიშვნელოვანი მონაცემებით საზოგადოების ინფორმირება;

ო) კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით, წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების ნუსხის ყოველწლიურად დადგენა და გამოქვეყნება.

    მუხლი 9. საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების მართვის მაკოორდინირებელი ორგანო

1. საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების მართვის განსახორციელებლად გასატარებელ ღონისძიებათა კოორდინაციის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან იქმნება საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების რეგულირების საუწყებათაშორისო საბჭო (შემდგომში – საუწყებათაშორისო საბჭო) კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილი პირებისა და სხვა დაინტერესებულ უწყებათა წარმომადგენლებისაგან.

2. საუწყებათაშორისო საბჭოს მუშაობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 10. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების სფეროში

საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების სფეროში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების მართვა;

გ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოყენებაში არსებული და გამოსაყენებლად გამიზნული საშიში ქიმიური ნივთიერებების აღრიცხვა;

დ) საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების სფეროში ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ე) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების სფეროში ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის გატარება, სამეცნიერო-კვლევით და სხვა სამუშაოთა კოორდინაცია, ორგანიზება და დაფინანსება;

ვ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვა ან აკრძალვა;

ზ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საშიში ქიმიური ნივთიერებების თვითნებური გამოყენების აკრძალვა;

თ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტა მათი კომპეტენციის ფარგლებში;

ი) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების პირობების გამკაცრება;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

    მუხლი 11. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის კანონი №4960 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.222

    მუხლი 12. საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების ღონისძიებათა განხორციელებაში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მონაწილეობა

1. საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების ღონისძიებათა განხორციელებაში ფიზიკური და იურიდიული პირები მონაწილეობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან:

ა) დაიცვან საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და უზრუნველყონ მათი შესრულება;

ბ) ხელი შეუწყონ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების ღონისძიებათა განხორციელებაში;

გ) ხელი შეუწყონ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციას.

3. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ:

ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან მიიღონ სრული, დროული და ობიექტური ინფორმაცია (სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გარდა) საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ;

ბ) მონაწილეობა მიიღონ საშიში ქიმიური ნივთიერებების კონტროლის სფეროში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა განხილვასა და მიღებაში.

თავი IV

საშიში ქიმიური ნივთიერების გამოცდა, სახელმწიფო ექსპერტიზა, სახელმწიფო გამოცდა და რეგისტრაცია

    მუხლი 13. საშიში ქიმიური ნივთიერების გამოცდის მიზნები

საშიში ქიმიური ნივთიერების გამოცდა ტარდება ნივთიერების ტოქსიკურობისა და საშიშროების კლასების დადგენის, მისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენის, აგრეთვე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილებისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავების მიზნით.

    მუხლი 14. ახალი საშიში ქიმიური ნივთიერების გამოცდა

1. ყველა ახალი და გამოსაყენებლად გამიზნული საშიში ქიმიური ნივთიერება ექვემდებარება სავალდებულო გამოცდას, რომელსაც ატარებს ამ ნივთიერების შემქმნელი დამოუკიდებელ ექსპერტთა მონაწილეობით.

2. საშიში ქიმიური ნივთიერების შემქმნელი უზრუნველყოფს მის ეტაპობრივ გამოცდას სამეცნიერო გამოკვლევის, ტექნოლოგიური პროცესის სქემის შემუშავებისა და ნივთიერების საცდელი წარმოების სტადიებზე.

3. საშიში ქიმიური ნივთიერების გამოცდა ტარდება ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული მოცულობით.

4. თუ საშიში ქიმიური ნივთიერება რეგისტრირებულია საერთაშორისო რეესტრებში, მისი გამოცდისა და ექსპერტიზისათვის იდენტურობა დგინდება ფიზიკურ-ქიმიური ანალიზით.

    მუხლი 15. გამოყენებაში არსებული საშიში ქიმიური ნივთიერების გამოცდა

გამოყენებაში არსებული ყველა საშიში ქიმიური ნივთიერების გამოცდა ტარდება ხელახლა, თუ მისი შექმნისას ჩატარებული გამოცდის მოცულობა არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრულ პირობებს.

    მუხლი 16. ახალი საშიში ქიმიური ნივთიერების გამოცდის მეთოდები. გამოცდის მოცულობა და კრიტერიუმები

1. ახალი საშიში ქიმიური ნივთიერების გამოსაცდელად ნივთიერების შემქმნელმა უნდა გამოიყენოს გამოცდის ისეთი მეთოდები, რომლებიც იძლევა სრულ და ზუსტ მონაცემებს ნივთიერების შესახებ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

2. ახალი საშიში ქიმიური ნივთიერების გამოცდისას შემქმნელი ვალდებულია:

ა) გამოიკვლიოს ნივთიერების ყველა ტოქსიკური თვისება, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მისი მავნე ზემოქმედების ჩათვლით;

ბ) შეიმუშაოს გარემოსა და ბიოსუბსტრატებში ნივთიერების აღმოჩენისა და განსაზღვრის მეთოდები, პროფილაქტიკური ღონისძიებები;

გ) განსაზღვროს ნივთიერების გამოყენების შესაძლო სფერო, წესები და პირობები.

    მუხლი 17. ახალი საშიში ქიმიური ნივთიერების გამოცდის შედეგების მიხედვით მოსამზადებელი დოკუმენტაცია

ახალი საშიში ქიმიური ნივთიერების შემქმნელი გამოცდის შედეგების მიხედვით ამზადებს:

ა) ნივთიერების პირველად ტოქსიკოლოგიურ პასპორტს;

ბ) საინფორმაციო ფურცელს ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის შესახებ;

გ) მასალას ნივთიერების ტოქსიკურობისა და საშიშროების კლასების დასადგენად;

დ) მასალას ნივთიერების ნიშანდების, ეტიკეტირებისა და შეფუთვის შესახებ;

ე) ნივთიერების სახელმწიფო სტანდარტის ან მისი ტექნიკური პირობების პროექტს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) მასალას ატმოსფერულ და სამუშაო ზონის ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ნივთიერების ზღვრულად დასაშვები ნორმების დასადგენად, აგრეთვე, გარემოსა და ბიოსუბსტრატებში ნივთიერების აღმოჩენისა და განსაზღვრის მეთოდების შესამუშავებლად;

ზ) მასალას ნივთიერების მავნე ზემოქმედებისას პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის, პროფილაქტიკური ღონისძიებებისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების შესამუშავებლად.

    მუხლი 18. საინფორმაციო ფურცელი ახალ საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის შესახებ

1. შემქმნელის მიერ ახალ საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის შესახებ მომზადებული საინფორმაციო ფურცელი უნდა შეიცავდეს მონაცემებს ნივთიერების გამოყენების სფეროს, მასთან უსაფრთხო მოპყრობის წესებისა და პირობების, მისი წარმოების მოცულობის შესახებ, აგრეთვე სხვა ინფორმაციას.

2. ახალ საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის შესახებ საინფორმაციო ფურცლის მომზადებისათვის საჭირო მოთხოვნებს განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საუწყებათაშორისო საბჭოსთან შეთანხმებით.

3. თუ ახალი საშიში ქიმიური ნივთიერების სახელწოდება ან ამ ნივთიერებაში შემავალ ცალკეულ ინგრედიენტთა კონცენტრაცია კომერციული საიდუმლოებაა, ეს მონაცემები ამ კანონის 30-ე მუხლის თანახმად შეიძლება ამოღებულ იქნეს საინფორმაციო ფურცლიდან.

4. საინფორმაციო ფურცლის ფორმას შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

    მუხლი 19. განაცხადი საშიში ქიმიური ნივთიერების სახელმწიფო ექსპერტიზასა და რეგისტრაციაზე წარსადგენად

1. სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად და საშიში ქიმიური ნივთიერების რეგისტრაციისათვის ნივთიერების შემქმნელი განაცხადს წარუდგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

2. განაცხადს, მე-17 მუხლში მითითებულ დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა დაერთოს:

ა) მასალა ნივთიერების იდენტიფიკაციის შესახებ;

ბ) ნივთიერების გამოცდის ოქმი;

გ) ნივთიერების გამოსაცდელად გამოყენებული მეთოდების აღწერა.

    მუხლი 20. საშიში ქიმიური ნივთიერების სახელმწიფო ექსპერტიზა

1. საშიში ქიმიური ნივთიერების სახელმწიფო ექსპერტიზა ადგენს: საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენებისას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მისი მავნე ზემოქმედების ხასიათსა და ხარისხს, აგრეთვე ნივთიერების გამოყენებისას რეკომენდებული უსაფრთხოების ზომების საკმარისობას და დასაბუთებულობას.

2. ნივთიერების შემქმნელის მიერ სახელმწიფო ექსპერტიზისა და რეგისტრაციისთვის გადაცემული დოკუმენტების ამ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლება აქვს საშიში ქიმიური ნივთიერების შემქმნელს მოსთხოვოს დამატებითი გამოკვლევის ჩატარება, აგრეთვე დამატებითი მონაცემები და დოკუმენტები ნივთიერების შესახებ.

3. საშიში ქიმიური ნივთიერების სახელმწიფო ექსპერტიზასა და რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ატარებს სახელმწიფო ექსპერტიზას საუწყებათაშორისო საბჭოს წევრებისა და სპეციალურად მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.

4. სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია საშიში ქიმიური ნივთიერების შემქმნელს 3 დღის ვადაში გადასცეს დასკვნის ასლი.

5. საშიში ქიმიური ნივთიერების სახელმწიფო ექსპერტიზის დადებითი დასკვნა ნივთიერების რეგისტრაციის საფუძველია.

    მუხლი 21. საშიში ქიმიური ნივთიერების სახელმწიფო გამოცდა

1. საშიში ქიმიური ნივთიერების სახელმწიფო ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას ნივთიერების სახელმწიფო გამოცდის ჩატარების შესახებ. სახელმწიფო გამოცდა ტარდება გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

2. საშიში ქიმიური ნივთიერების სახელმწიფო გამოცდას ატარებს შესაბამისი პროფილის სამეცნიერო ან სხვა ორგანიზაცია, ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფოს ან ნივთიერების შემქმნელის ხარჯზე.

3. სახელმწიფო გამოცდის შედეგების მიხედვით მზადდება შესაბამისი ანგარიში და დასკვნა.

4. თუ საშიში ქიმიური ნივთიერების სახელმწიფო გამოცდის შედეგები არ დაემთხვა ნივთიერების შემქმნელის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგებს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შემქმნელს უბრუნებს განაცხადს. სახელმწიფო გამოცდისათვის დახარჯული თანხები დამკვეთს არ უბრუნდება.

5. საშიში ქიმიური ნივთიერებების სახელმწიფო ექსპერტიზისა და სახელმწიფო გამოცდის წესი და პროცედურა განისაზღვრება დებულებით საშიში ქიმიური ნივთიერებების სახელმწიფო ექსპერტიზისა და სახელმწიფო გამოცდის წესისა და პროცედურის შესახებ, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით.

    მუხლი 22. საშიში ქიმიური ნივთიერების რეგისტრაცია

1. საშიში ქიმიური ნივთიერების რეგისტრაცია გულისხმობს ნივთიერების შეტანას საშიშ ქიმიურ ნივთიერებათა ერთიან სახელმწიფო რეესტრში.

2. საშიში ქიმიური ნივთიერების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

თავი V

საშიშ ქიმიურ ნივთიერებათა ერთიანი სახელმწიფო რეესტრი

    მუხლი 23. საშიშ ქიმიურ ნივთიერებათა ერთიანი სახელმწიფო რეესტრი

1. ერთიანი სახელმწიფო რეესტრი არის ახალი ან გამოყენებაში არსებული საშიში ქიმიური ნივთიერებების, მათი გამომყენებელი ობიექტების, აგრეთვე მათ საქმიანობაზე გაცემული ნებართვების შესახებ სტანდარტიზებულ საინფორმაციო მონაცემთა სისტემა.

2. საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების (სფეროსა და სახის მიუხედავად) შესახებ სრულ ინფორმაციას კრებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ცენტრალიზებული წესით და ინახავს რეესტრის ერთ ან რამდენიმე მონაცემთა ბანკში.

3. სტანდარტიზებულ საინფორმაციო მონაცემთა სისტემა, სხვა სახელმწიფოებთან ინფორმაციის გაცვლის მიზნით, უნდა ჩაერთოს საერთაშორისო საინფორმაციო ქსელში.

4. ერთიანი სახელმწიფო რეესტრი უნდა მოიცავდეს საშიში ქიმიური ნივთიერებებისა და მათი პროდუქტების სასიცოცხლო ციკლის (ყველა სტადია, რომელსაც ნივთიერება გადის მისი შექმნა-დამზადებიდან საბოლოო განთავსებამდე) შესახებ მონაცემებს, მათ შორის:

ა) ნივთიერების სარეგისტრაციო ნომერს;

ბ) ინფორმაციას ნივთიერების საერთაშორისო იდენტიფიკაციის შესახებ;

გ) ინფორმაციას ნივთიერების წარმოების მოცულობის, გამოყენების სფეროების შესახებ და მათ დახასიათებას;

დ) მონაცემებს ნივთიერების თვისებებისა და მახასიათებლების შესახებ;

ე) მონაცემებს ნივთიერების ტრანსპორტირების, შენახვის, სამეურნეო ბრუნვაში არსებული ოდენობის, ექსპორტისა და იმპორტის შესახებ;

ვ) მონაცემებს ნივთიერების გამოყენებისას მისი მავნე ზემოქმედების შესახებ;

ზ) ნივთიერების კლასიფიკაციას ტოქსიკურობისა და საშიშროების კლასების მიხედვით;

თ) ინფორმაციას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნივთიერების ზემოქმედების შესახებ;

ი) ინფორმაციას ნივთიერების წარმოების, ტრანსპორტირების, შენახვის, მოხმარების, გამოყენებიდან ამოღებისა და სხვა სახით გამოყენების დროს უსაფრთხოების ზომების, წესებისა და პირობების შესახებ;

კ) მონაცემებს ნივთიერების გაჟონვის, ავარიების, მოწამვლებისა და უბედური შემთხვევების დროს გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.

5. რეესტრში შეტანილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საშიში ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელი, შემნახველი, გადამტანი და მომხმარებელი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ სრული ინფორმაცია. ინფორმაციის ფორმასა და მოცულობას განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან და სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით.

6. რეესტრში შეტანილ უნდა იქნეს საშიში ქიმიური ნივთიერებების წარმოებასთან, ტრანსპორტირებასთან, მოხმარებასთან, შენახვასთან, გაუვნებელყოფასა და გამოყენებიდან ამოღებასთან დაკავშირებულ საწარმოთა ნუსხა, რომლებსაც ევალებათ საავარიო სამსახურის შექმნა.

7. მონაცემები, რომლებიც კომერციულ საიდუმლოებებს ეხება, რეესტრში უნდა ინახებოდეს საიდუმლო გრიფით. აკრძალულია მათთან დაშვება და მუშაობა სპეციალური ნებართვის გარეშე.

8. რეესტრში საიდუმლო გრიფით შენახულ მონაცემებთან დაშვებისა და მუშაობის სპეციალურ ნებართვას გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

9. საშიშ ქიმიურ ნივთიერებებზე ინფორმაციის გაცემის წესი განისაზღვრება დებულებით საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის წესის თაობაზე, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან და საუწყებათაშორისო საბჭოსთან შეთანხმებით.

10. საშიშ ქიმიურ ნივთიერებაზე არაკონფიდენციალურ ინფორმაციას განეკუთვნება:

ა) ნივთიერების სავაჭრო და საყოველთაოდ მიღებული სახელწოდება;

ბ) ნივთიერების მწარმოებელი ან იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;

გ) მონაცემები ნივთიერების მწარმოებლის ან იმპორტიორის შესახებ;

დ) მონაცემები ნივთიერების ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შესახებ;

ე) მონაცემები ნივთიერების გარემოში მოხვედრისა და გავრცელების შესახებ;

ვ) ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის წესები;

ზ) ინფორმაცია განსაკუთრებულ სიტუაციებში რეაგირების ღონისძიებათა შესახებ;

თ) რეკომენდაციები ნივთიერების გამოყენებიდან ამოღების, გაუვნებელყოფისა და განთავსების შესახებ;

ი) მონაცემები ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნივთიერების ზემოქმედების შესახებ;

კ) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ზღუდავს ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩატარებას;

ლ) მეთოდები, რომლებიც იძლევა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნივთიერების ზემოქმედების დონეების განსაზღვრის საშუალებას.

11. აკრძალულია რეესტრში აღურიცხავი საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, გარდა იმ სახით გამოყენებისა, რომელიც უკავშირდება მათი გადამუშავების, გაუვნებელყოფისა და განთავსების აუცილებელ ღონისძიებებს.

12. საშიში ქიმიური ნივთიერების წარმოების, ტრანსპორტირების, შენახვის, მოხმარებისა და გამოყენებიდან ამოღების პროცესში და ახალი მონაცემების მიღების შემთხვევაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეესტრში, ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის შესახებ საინფორმაციო ფურცელსა და სხვა აუცილებელ დოკუმენტებში.

13. რეესტრში ცალკე იქმნება საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაზე გაცემული ნებართვების აღრიცხვის მონაცემთა ბანკი.

14. რეესტრის შენახვის ვადა განუსაზღვრელია.

15. საშიში ქიმიური ნივთიერებების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და მათი რეგისტრაციის წესი განისაზღვრება დებულებით საშიში ქიმიური ნივთიერებების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და მათი რეგისტრაციის წესის შესახებ, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან და კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით.

16. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიური ნივთიერებების ერთიან სახელმწიფო რეესტრს აწარმოებს და მათ რეგისტრაციას ახდენს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

თავი VI

საშიში ქიმიური ნივთიერების შეფუთვა,ნიშანდება და ეტიკეტირება

    მუხლი 24. საშიში ქიმიური ნივთიერების შეფუთვა

1. საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის უზრუნველყოფისა და მისი სამომხმარებლო თვისებების შენარჩუნების მიზნით, ნივთიერების შემქმნელი ან მწარმოებელი ვალდებულია განსაზღვროს ნივთიერების შეფუთვის, ნიშანდებისა და ეტიკეტირების სახე (ტექნიკური საშუალება) და ნივთიერებას გაუკეთოს შესაბამისი წარწერა.

2. ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით, საშიში ქიმიური ნივთიერების შეფუთვა უნდა შეესაბამებოდეს აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს, წესებსა და ნორმებს.

3. საშიში ქიმიური ნივთიერება უნდა შეიფუთოს ჰერმეტულ, არააქტიური და გამძლე მასალისაგან დამზადებულ ტარაში, რომელსაც აქვს შესაბამისი ეტიკეტი და ნიშანი.

4. ტარა ორმაგად უნდა დაილუქოს, რათა გამოირიცხოს უცხო პირების მიერ მათი მთლიანობის დარღვევა.

5. საშიში ქიმიური ნივთიერების ტარა უნდა განსხვავდებოდეს არასაშიში ქიმიური ნივთიერების ტარისაგან.

6. აკრძალულია საშიში ქიმიური ნივთიერების ტარის მეორადი გამოყენება.

7. საშიში ქიმიური ნივთიერება უნდა შეიფუთოს სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.

8. საშიში ქიმიური ნივთიერების უსაფრთხო შეფუთვაზე და სახელმწიფო სტანდარტთან შეფუთვის შესაბამისობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.

    მუხლი 25. საშიში ქიმიური ნივთიერების ნიშანდება და ეტიკეტირება

1. საშიში ქიმიური ნივთიერების იდენტიფიკაციისათვის, მასზე ინფორმაციის მისაღებად, ადამიანის ორგანიზმსა და გარემოზე ზემოქმედების ხასიათისა და ხარისხის მისანიშნებლად, უსაფრთხოების დაცვისა და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველსაყოფად, საჭიროა ყველა საშიში ქიმიური ნივთიერების ნიშანდება და ეტიკეტირება.

2. ნიშნისა და ეტიკეტის შინაარსისადმი მოთხოვნებს აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

3. ნიშნისა და ეტიკეტის ნიმუშების პროექტს შეიმუშავებს ამ ნივთიერების შემქმნელი ნივთიერების სახელმწიფო ექსპერტიზაზე წარდგენისა და სარეგისტრაციო განაცხადის შეტანის წინ.

4. პირები, რომლებიც იყენებენ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას, ვალდებულნი არიან შეუნარჩუნონ მას ნიშანდება და ეტიკეტირება.

5. საშიში ქიმიური ნივთიერების ნიშანი აღინიშნება ასოებით, სიტყვიერად ან სიმბოლურად. ნიშნის შინაარსი გულისხმობს ნივთიერების დასახელებას, ზემოქმედების ხასიათსა და საშიშროების კლასიფიკაციას.

6. ეტიკეტზე ზუსტად უნდა აისახოს საშიში ქიმიური ნივთიერების გამოკვლევის შედეგების შესახებ მონაცემები.

7. ეტიკეტზე უნდა აღინიშნოს შესაბამისი სიმბოლოები ან პიქტოგრამები, რომლებიც გამორიცხავს ყოველგვარ გაუგებრობას.

8. ეტიკეტზე უნდა მიეთითოს, რომ აკრძალულია შესაფუთი ტარის ან მასალის მეორადი გამოყენება.

9. ეტიკეტი მყარად უნდა მიმაგრდეს შესაფუთ ტარაზე ან მასალაზე.

10. ეტიკეტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საშიში ქიმიური ნივთიერების პარტიისა და სერიის შესახებ.

11. ეტიკეტზე აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს შესრულებული ქართულ და რამდენიმე უცხო ენაზე და ადვილად გასაგები გადამზიდავისა და პროფესიული მომხმარებლისათვის.

12. საექსპორტო საშიში ქიმიური ნივთიერების ეტიკეტი და ნიშანი უნდა განსხვავდებოდეს ქვეყნის შიგნით გამოსაყენებელი ნივთიერების ეტიკეტისა და ნიშნისაგან.

13. საშიში ქიმიური ნივთიერების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას.

14. შესაძლებელია ორი სახის ეტიკეტის გამოყენება:

ა) ეტიკეტი ტრანსპორტირებისათვის;

ბ) ეტიკეტი მოხმარებისათვის.

15. თუ საშიში ქიმიური ნივთიერების ზომების ან შეფუთვის ხასიათის გამო შეუძლებელია მისი ეტიკეტირება ან ნიშანდება, მაშინ შესაბამისი ინფორმაცია უნდა აისახოს თანდართულ საბუთებში.

16. საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების წესი განისაზღვრება დებულებით საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების წესის შესახებ, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საუწყებათაშორისო საბჭოსთან შეთანხმებით.

17. საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების სახელმწიფო სტანდარტს, მოსალოდნელი საშიშროებისა და უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირში მიღებული სტანდარტული ფრაზების შემცველი სისტემის საფუძველზე შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.

18. საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების სფეროში კონტროლს ახორციელებს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.

თავი VII

ახალი საშიში ქიმიური ნივთიერების სახელმწიფო სტანდარტი და ტექნიკური პირობები

    მუხლი 26. ახალი საშიში ქიმიური ნივთიერების სახელმწიფო სტანდარტი და ტექნიკური პირობები

1. ყველა ახალ საშიშ ქიმიურ ნივთიერებაზე, რომელმაც გაიარა სახელმწიფო ექსპერტიზა და რეგისტრაცია, აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშავდება სახელმწიფო სტანდარტი ან დგინდება ტექნიკური პირობები.

2. სახელმწიფო სტანდარტი ან ტექნიკური პირობები უნდა შეიცავდეს:

ა) მოთხოვნებს გამოყენებული ნედლეულისა და მასალისადმი;

ბ) მონაცემებს ნივთიერების მახასიათებლების, თვისებებისა და გამოყენების სფეროს შესახებ;

გ) მოთხოვნებს ნივთიერების ტრანსპორტირებისა და შენახვისადმი;

დ) მოთხოვნებს ნიშანდების, ეტიკეტირებისა და შეფუთვისადმი.

3. საექსპორტო და ქვეყნის შიგნით გამოსაყენებელ საშიშ ქიმიურ ნივთიერებაზე არ დაიშვება ორმაგი სტანდარტის გამოყენება.

4. ახალ საშიშ ქიმიურ ნივთიერებაზე სახელმწიფო სტანდარტს ან ტექნიკურ პირობებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.

5. ახალი საშიში ქიმიური ნივთიერების სახელმწიფო სტანდარტთან ან ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის კონტროლს ახორციელებს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.

თავი VIII

საშიში ქიმიური ნივთიერების წარმოება,იმპორტი და ექსპორტი

    მუხლი 27. საშიში ქიმიური ნივთიერების წარმოება

1. საშიში ქიმიური ნივთიერების წარმოება დასაშვებია, თუ მან გაიარა სახელმწიფო ექსპერტიზა და რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი წესით და თუ საწარმოს აქვს შესაბამისი ტექნოლოგია, ტექნიკური საშუალებანი, ჰყავს სპეციალურად მომზადებული მუშაკები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ კანონის, სანიტარიული წესებისა და ნორმების, აგრეთვე გარემოს დაცვის კანონმდებლობის პირობების შესრულებას.

2. თუ საშიში ქიმიური ნივთიერების წარმოებისას აღმოჩნდა, რომ საწარმო, ტექნიკური ან სხვა მიზეზით, ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს უფლება აქვთ მიიღონ გადაწყვეტილება საშიში ქიმიური ნივთიერების წარმოების შეზღუდვის, შეჩერების ან აკრძალვის თაობაზე კანონმდებლობის დარღვევის მიზეზების სრულ აღმოფხვრამდე.

3. აკრძალულია განსაკუთრებით საშიში და ძლიერტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების წარმოება ქალაქებსა და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოების, საზოგადოებრივი, სამკურნალო-პროფილაქტიკური და ბავშვთა დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე, წყალდაცვით ზოლში, საკურორტო, აგრეთვე სტიქიის (მიწისძვრა, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, ღვარცოფი, მეწყერი, ზვავი) საშიშროების ზონებში.

4. საშიში ქიმიური ნივთიერებების წარმოების სანიტარიული უსაფრთხოების სფეროში კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

5. საშიში ქიმიური ნივთიერებების წარმოების ტექნიკური უსაფრთხოების პირობებზე, აგრეთვე მანქანა-დანადგარებისა და აგრეგატების ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია.

    მუხლი 28. საშიში ქიმიური ნივთიერების იმპორტი, ექსპორტი და მათზე ნებართვის გაცემის წესი

1. საშიში ქიმიური ნივთიერების იმპორტი ან ექსპორტი დასაშვებია, თუ შესასყიდი ნივთიერება აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

2. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერების იმპორტის ან ექსპორტის განმხორციელებელმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა აღნიშნული პროცედურის ჩასატარებლად უნდა მიმართოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

3. თუ იმპორტირებული საშიში ქიმიური ნივთიერება არ არის შეტანილი ერთიან სახელმწიფო რეესტრში, მისი სახელმწიფო ექსპერტიზა, სახელმწიფო გამოცდა და რეგისტრაცია ტარდება იმავე წესითა და ვადებში, რომლებიც განსაზღვრულია ამ კანონის მე-19-22-ე მუხლებით.

4. აკრძალულია:

ა) არარეგისტრირებული და ისეთი ახალი საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტი ან ექსპორტი, რომლებიც არ შეესაბამება წინასწარ დასაბუთებული თანხმობისა და ამ ნივთიერებების იმპორტ-ექსპორტის თაობაზე შეტყობინების სქემის მოთხოვნებს;

ბ) იმ საშიში ქიმიური ნივთიერების იმპორტი ან ექსპორტი, რომლის გამოყენებასაც კრძალავს იმპორტიორი ქვეყანა;

გ) არასწორად ეტიკეტირებული საშიში ქიმიური ნივთიერების იმპორტი;

დ) ქვეყანაში ნებისმიერი სახისა და დანიშნულების საშიში ქიმიური ნივთიერების არალეგალურად შემოტანა.

5. წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერების იმპორტიორს ან ექსპორტიორს უნდა ჰქონდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნებართვა.

6. წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი და მათზე ნებართვის გაცემის წესი განისაზღვრება დებულებით საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის წესის შესახებ, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით.

7. წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის სფეროში კონტროლს ახორციელებენ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4262 - სსმ I,  №51, 31.12.2006 წ., მუხ.422

    მუხლი 29. საშიში ქიმიური ნივთიერების მწარმოებლის ვალდებულებანი

1. საშიში ქიმიური ნივთიერების მწარმოებელი ვალდებულია:

ა) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების სფეროში;

ბ) უზრუნველყოს ნივთიერებების წარმოებისა და მოხმარების სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების დაცვა;

გ) შეიმუშაოს ნივთიერებებთან მუშაობის ტექნიკური და სანიტარიულ-ჰიგიენური უსაფრთხოებისა და შრომის დაცვის სფეროში პასუხისმგებელ პირთა, საწარმოო უსაფრთხოების სამსახურისა და საწარმოს მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და მომზადების სასწავლო გეგმები და პროგრამები;

დ) განახორციელოს მუშაკთა სწავლება, მომზადება და ატესტაცია;

ე) მოამზადოს პროფესიული მომხმარებლის, სამედიცინო პერსონალის, აგრეთვე დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისთვის სპეციალური სასწავლო-საინფორმაციო მასალა ნივთიერებების სწორი და უსაფრთხო წარმოების, ტრანსპორტირების, მოხმარების, მათთან მოპყრობისა და განსხვავებულ სიტუაციებში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის, უსაფრთხოებისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების შესახებ;

ვ) ჩაატაროს მუშაკთა წინასწარი (სამუშაოზე მიღებამდე) და პერიოდული სამედიცინო შემოწმებები;

ზ) შექმნას ადამიანის ორგანიზმსა და გარემოზე ნივთიერებების ზემოქმედების საწარმოო კონტროლის ეფექტიანი სისტემა;

თ) შეადგინოს საწარმოო კონტროლის სისტემის განხორციელების მეთოდები და წესები, ნივთიერებების თავისებურებებისა და შესასრულებელი სამუშაოს პირობების გათვალისწინებით, კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით;

ი) რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია მუშაკებს მათ სამუშაო ადგილებზე საწარმოო-პროფესიული ფაქტორების შესახებ;

კ) აწარმოოს და სარეალიზაციოდ გაიტანოს მოხმარების სპეციფიკურობის გათვალისწინებით შესაბამისი სისუფთავისა და ხარისხის ნივთიერებები და მათი პროდუქტები;

ლ) გაატაროს ღონისძიებები ნივთიერებების ნარჩენების მინიმუმამდე შესამცირებლად და მკაცრად დაიცვას ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევის და წყალში ჩაშვების წინ მათი შეგროვების, გადამუშავების, ნეიტრალიზაციისა და გაწმენდის წესები და პირობები;

მ) საკუთარი სახსრებით გაატაროს ღონისძიებები ნივთიერებებით დაბინძურებული ადგილების გაწმენდისა და გაუვნებელყოფისათვის;

ნ) წელიწადში ერთხელ შეატყობინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოს წარმოებაში არსებული ნივთიერებების ოდენობის შესახებ;

ო) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია ნივთიერებების წარმოებისა და მოხმარებისას შექმნილი ავარიული სიტუაციებისა და ტექნოლოგიური პროცესების დარღვევის შესახებ;

პ) შეასრულოს კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოთა გადაწყვეტილებები, ინსტრუქციები, მეთოდური მითითებები და მიწერილობები;

ჟ) დაიცვას მოქალაქეთა უფლებები ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების სფეროში.

2. თუ საშიში ქიმიური ნივთიერების წარმოებისას აღმოჩნდა უარყოფითი შედეგი, რომელიც არ ემთხვევა ნივთიერების გამოცდის, სახელმწიფო ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დროს გამოვლენილ, აგრეთვე ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის შესახებ საინფორმაციო ფურცელში შეტანილ მონაცემებს, საწარმოს ხელმძღვანელი ამას აცნობებს კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

3. აკრძალულია არასტანდარტული საშიში ქიმიური ნივთიერების წარმოება და იმპორტი.

4. საშიში ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელი ვალდებულია მოამზადოს ამ ნივთიერებების ან მათი პროდუქტების უსაფრთხოების მონაცემთა ნუსხა, რომელშიც აისახება მონაცემები ნივთიერების იდენტიფიკაციის, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედების, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისა და უსაფრთხოების ღონისძიებათა შესახებ.

5. საშიში ქიმიური ნივთიერებების ან მათი პროდუქტების უსაფრთხოების მონაცემთა ნუსხას უნდა დაერთოს დოკუმენტები, რომლებიც აუცილებელია მათი ტრანსპორტირებისა და მიწოდებისათვის.

6. მწარმოებელი საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს აწარმოებს და ინახავს იმ ოდენობით, რომლის გამოყენებასაც შეძლებს უახლოეს მომავალში.

7. თუ საშიში ქიმიური ნივთიერების შემცველობა ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევისას და წყალში ჩაშვებისას აჭარბებს გარემოში მისი კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმას, ეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.

8. საშიში ქიმიური ნივთიერების მწარმოებელი ვალდებულია ჰქონდეს საწარმოს სანიტარიულ-ტექნიკური და ეკოლოგიური პასპორტები.

9. აკრძალულია საშიში ქიმიური ნივთიერების წარმოებისას ქალთა და არასრულწლოვანთა შრომის გამოყენება.

10. საშიში ქიმიური ნივთიერების მწარმოებელი ობიექტისათვის დგინდება სანიტარიული დაცვის ზონა.

11. სანიტარიული დაცვის ზონის შექმნის, მისი საზღვრების დადგენის და სარტყელის გამოყოფის წესი განისაზღვრება დებულებით საშიში ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელი ობიექტის სანიტარიული დაცვის ზონის შესახებ, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

    12. საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო წარმოების სფეროში კონტროლს ახორციელებენ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები.

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის კანონი №4960 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.222

    მუხლი 30. საშიში ქიმიური ნივთიერების შემქმნელისა და მწარმოებლის უფლება კომერციული საიდუმლოების დაცვაზე

1. საშიში ქიმიური ნივთიერების შემქმნელსა და მწარმოებელს უფლება აქვთ დაიცვან კომერციული საიდუმლოება ნივთიერების შემადგენლობისა და დასახელების შესახებ.

2. საშიში ქიმიური ნივთიერების შემქმნელმა და მწარმოებელმა წერილობით უნდა დაადასტურონ, რომ გასაიდუმლოებული ინფორმაცია არის კომერციული საიდუმლოება.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, კომპეტენტური და სხვა სახელმწიფო ორგანოები და სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საშიში ქიმიური ნივთიერების შესახებ კომერციული საიდუმლოების დაცვა.

4. საშიში ქიმიური ნივთიერების შემქმნელმა და მწარმოებელმა, ექსტრემალურ სიტუაციაში, გარემოსა და მოსახლეობისათვის მომეტებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მუშაკებსა და სამედიცინო დაწესებულებებს ამ ნივთიერების შესახებ უნდა მიაწოდონ სრული ინფორმაცია, მათ შორის, კომერციულიც.

5. საშიში ქიმიური ნივთიერების შემქმნელმა და მწარმოებელმა არაავარიულ სიტუაციაში წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე სამედიცინო დაწესებულებას უნდა წარუდგინონ საიდუმლო ინფორმაციის ის ნაწილი, რომლის ცოდნაც აუცილებელია ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მუშაკების პროფესიული და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევისთვის.

6. საშიში ქიმიური ნივთიერების შემქმნელსა და მწარმოებელს უფლება აქვთ მოითხოვონ კომერციული საიდუმლოების დაცვის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა.

თავი IX

საშიში ქიმიური ნივთიერების ტრანსპორტირება

    მუხლი 31. საშიში ქიმიური ნივთიერების ტრანსპორტირება

1. საშიში ქიმიური ნივთიერების ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იყოს საშიში ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები ყველა სახის ტრანსპორტისათვის (საზღვაო, სამდინარო, საჰაერო, სარკინიგზო, საავტომობილო) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. საშიში ქიმიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესს განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო დებულებით "გარემოში ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმებისა და მათი ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების შესახებ".

3. საშიში ქიმიური ნივთიერებების ტრანსპორტირების სფეროში კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი X

საშიში ქიმიური ნივთიერების შენახვა

    მუხლი 32. საშიში ქიმიური ნივთიერების შენახვაზე ნებართვის გაცემის წესი

1. საშიში ქიმიური ნივთიერების შენახვა დასაშვებია ტიპური პროექტით აშენებულ ან მოწყობილ საწყობებში, საცავებში ან სხვა სპეციალურ ნაგებობებში, რომლებიც არ არის განლაგებული ქალაქებსა და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოების, საზოგადოებრივი, სამკურნალო-პროფილაქტიკური და ბავშვთა დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე, წყალდაცვით ზოლში, საკურორტო, აგრეთვე სტიქიის (მიწისძვრა, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, ღვარცოფი, მეწყერი, ზვავი) საშიშროების ზონებში.

2. საშიში ქიმიური ნივთიერების შენახვა-დასაწყობება დასაშვებია მხოლოდ სასაწყობო მეურნეობის სანიტარიულ-ტექნიკური პასპორტის არსებობისას. ამ პასპორტს გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული გარემოსდაცვითი ნებართვისა და საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ნებართვის საფუძველზე.

3. პასპორტი გაიცემა 3 წლის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ შესაბამისი ორგანოები ნებართვის გასაგრძელებლად კვლავ ატარებენ საწყობის სრულ შემოწმებას.

4. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც გასცემენ ნებართვას საშიში ქიმიური ნივთიერების შენახვაზე, ვალდებულნი არიან აღნიშნულის შესახებ შეატყობინონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

    მუხლი 33. საშიში ქიმიური ნივთიერების შესანახი ნაგებობები

1. საწყობში, საცავში ან სხვა სპეციალურ ნაგებობაში დასაშვებია მხოლოდ იმ საშიში ქიმიური ნივთიერებებისა და მათი პროდუქტების შენახვა, რომლებმაც გაიარეს სახელმწიფო ექსპერტიზა (ეკოლოგიური, ტექნიკური და სხვ.) და მიიღეს დადებითი დასკვნა.

2. ნაგებობა, სადაც საშიში ქიმიური ნივთიერებები ინახება, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვენტილაციით, განათებით, პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქით, სპეცტანსაცმლით, გამაუვნებელი ხსნარებით, შესაბამისი ტემპერატურით, გამაფრთხილებელი ნიშნებითა და პირობებით, რომლებიც საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეუნარჩუნებს სამომხმარებლო თვისებებს.

3. დებულებას საშიში ქიმიური ნივთიერებების შესანახი სასაწყობო მეურნეობის შესახებ შეიმუშავებენ და ერთობლივი ბრძანებით ამტკიცებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია.

4. საშიში ქიმიური ნივთიერებების შესანახი საწყობის ტიპურ პროექტს დებულების საფუძველზე შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო.

5. საშიში ქიმიური ნივთიერებების სასაწყობო მეურნეობას უნდა ჰქონდეს სანიტარიული დაცვის ზონა.

6. საშიში ქიმიური ნივთიერებების სასაწყობო მეურნეობა მიუწვდომელი უნდა იყოს უცხო პირებისათვის.

7. სასაწყობო მეურნეობაში საშიში ქიმიური ნივთიერებებისა და მათი პროდუქტების მარაგი უნდა ინახებოდეს მინიმალური ოდენობით.

8. საშიში ქიმიური ნივთიერებების შესანახი საწყობის ტიპურ პროექტთან შესაბამისობის კონტროლს ახორციელებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო.

    მუხლი 34. საშიში ქიმიური ნივთიერების შენახვის წესი

1. საშიში ქიმიური ნივთიერება უნდა ინახებოდეს იმ წესით, რომელიც უზრუნველყოფს ნივთიერების სამომხმარებლო თვისებების შენარჩუნებას და გამორიცხავს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედებას და ავარიებს.

2. საშიში ქიმიური ნივთიერებების შენახვის წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულებით გარემოში ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმებისა და მათი ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ და ინსტრუქციით საშიში ქიმიური ნივთიერებების შენახვა-დასაწყობების შესახებ, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია.

3. პირები, რომლებიც ინახავენ საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, პასუხს აგებენ მათი შენახვის უსაფრთხოებაზე.

4. საშიში ქიმიური ნივთიერებების შენახვის უსაფრთხოებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია.

    მუხლი 35. საშიში ქიმიური ნივთიერების შესანახი ნაგებობის შემოღობვა და მისი გამაფრთხილებელი ნიშნებით აღჭურვა

1. საშიში ქიმიური ნივთიერებების შესანახი ნაგებობის დაცვის უზრუნველსაყოფად, უცხო პირთა ტერიტორიაზე დაუშვებლობისა და ამ ნივთიერებების ზემოქმედებისაგან მათი დაცვის მიზნით საწყობის ტერიტორია უნდა შემოიღობოს და აღიჭურვოს გამაფრთხილებელი ნიშნებით.

2. (ამოღებულია).

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის კანონი №4960 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.222

თავი XI

საშიში ქიმიური ნივთიერების მოხმარება

    მუხლი 36. საშიში ქიმიური ნივთიერების მოხმარება

1. საშიში ქიმიური ნივთიერების მოხმარება დასაშვებია, თუ ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოირიცხა მისი მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე.

2. საშიში ქიმიური ნივთიერების მოხმარება დასაშვებია მხოლოდ იმ სფეროებში, რომლებიც მითითებულია საშიში ქიმიური ნივთიერებების რეესტრსა და ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის შესახებ საინფორმაციო ფურცელში.

3. საშიში ქიმიური ნივთიერების მომხმარებელი უნდა ფლობდეს სპეციალურ ტექნიკურ საშუალებებს, ხოლო შესაბამის ორგანოებს ევალებათ შეამოწმონ მათი მდგომარეობა ნივთიერების უსაფრთხო მოხმარებისათვის.

4. აკრძალულია იმ ახალი საშიში ქიმიური ნივთიერების მოხმარება, რომელიც არ არის შეტანილი საშიში ქიმიური ნივთიერებების რეესტრში.

5. სამეურნეო ბრუნვაში არსებული საშიში ქიმიური ნივთიერებების მოხმარება დასაშვებია ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების რეკომენდაციის საფუძველზე.

თავი XII

საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენების შეზღუდვა და აკრძალვა

    მუხლი 37. საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენების შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება

1. კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ზღუდავს ან კრძალავს საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენებას, თუ:

ა) მისი გამოყენებისას აღმოჩნდება ნივთიერების ახალი თვისებები და მახასიათებლები, რომლებიც საჭიროებენ მონაცემებს უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების შესახებ;

ბ) მისი გამოყენებისას არსებული უსაფრთხოების ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას.

2. თუ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილების საფუძველზე საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენების შეზღუდვა ვერ შეამცირებს მავნე ზემოქმედებას განსაზღვრულ დონემდე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კრძალავს ამ ნივთიერების გამოყენებას.

3. გადაწყვეტილება საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენების აკრძალვის შესახებ ქვეყნდება მისი გამომწვევი მიზეზების მითითებით.

4. საშიში ქიმიური ნივთიერების მწარმოებელს, იმპორტიორს ან ექსპორტიორს, რომლებსაც ეხებათ ეს გადაწყვეტილება, ეგზავნებათ წერილობითი შეტყობინება საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენების შეზღუდვის ან აკრძალვის თაობაზე.

5. იმ საშიში ქიმიური ნივთიერებების მკაცრი შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ექვემდებარება წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გზავნის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის შესაბამის ქვედანაყოფში.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება საშიში ქიმიური ნივთიერების გამოუყენებელ მარაგზე, რომელიც შესაბამისი წესით ამოღებულ უნდა იქნეს, აგრეთვე საექსპორტოდ წარმოებულ ან გადამუშავების პროცესში მყოფ ნივთიერებაზე.

7. საშიში ქიმიური ნივთიერების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აკრძალულია მისი გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც დაკავშირებულია ამ ნივთიერების გადამუშავების, გაუვნებელყოფისა და განთავსების აუცილებელ ღონისძიებებთან.

8. შეზღუდვა ან აკრძალვა შეიძლება ასევე შეეხოს საშიში ქიმიური ნივთიერების:

ა) წარმოების ტექნოლოგიებს;

ბ) მოხმარების სფეროებს;

გ) გამოყენების წესებსა და მეთოდებს;

დ) მწარმოებელ, მიმწოდებელ და მომხმარებელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მიუხედავად საკუთრებისა და მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა;

ე) გამოყენების ფორმებს;

ვ) შეცვლას შედარებით უსაფრთხო ნივთიერებებით.

9. საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენების შეზღუდვა ან აკრძალვა დასაშვებია აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების არსებობისას.

10. საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენების შეზღუდვის ან აკრძალვის წესი და პროცედურა განისაზღვრება დებულებით საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვის ან აკრძალვის წესის შესახებ, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით.

თავი XIII

საშიში ქიმიური ნივთიერების შესახებ ინფორმაციის გაცვლა

    მუხლი 38. საშიში ქიმიური ნივთიერების შესახებ ინფორმაციის გაცვლა

1. საშიში ქიმიური ნივთიერების შესახებ ინფორმაციის გაცვლა ხდება მისი კონტროლის კოორდინაციის მიზნით.

2. ინფორმაციის გაცვლა ხდება ოფიციალურად და არაოფიციალურად.

3. ინფორმაციის ოფიციალური გაცვლა ხდება ოფიციალური მექანიზმებისა და პროცედურების მეშვეობით:

ა) დაინტერესებულ სახელმწიფოებს შორის;

ბ) სამთავრობო დაწესებულებებს შორის;

გ) საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შორის;

დ) ფინანსირებადი პროექტების ფარგლებში.

4. ინფორმაციის არაოფიციალური გაცვლა ხდება, თუ:

ა) ერთი მხარე მეორეს სთხოვს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დახმარების გაწევას;

ბ) ორივე მხარე ნებაყოფლობით თანხმდება ერთობლივი სამუშაოების ჩატარებაზე.

5. ინფორმაციის გაცვლა წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის მოთხოვნათა შესაბამისად ხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მეშვეობით.

6. აკრძალულია ისეთი ინფორმაციის გაცვლა, რომელიც განეკუთვნება კომერციულ საიდუმლოებას.

თავი XIV

საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენებიდან ამოღება

    მუხლი 39. საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენებიდან ამოღება

1. თუ საწარმოში დაგროვდა საშიში ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც მოსახმარად უვარგისია, საწარმოს ხელმძღვანელი ვალდებულია ჩააბაროს ისინი გადასამუშავებლად ან გაუვნებელსაყოფად ამ ნივთიერებების შემდგომი განთავსების მიზნით.

2. საწარმო ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს უვარგისი საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენებიდან ამოღება, დროებით შენახვა, ტრანსპორტირება, გაუვნებელყოფა და განთავსება.

3. საწარმო ვალდებულია აღნიშნული ღონისძიებების გატარების ვადებისა და სამუშაოების შესახებ ოფიციალურად აცნობოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს.

4. საშიში ქიმიური ნივთიერებების ნარჩენების გაუვნებელყოფა და განთავსება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი XV

საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებული სარეკლამო საქმიანობა

    მუხლი 40. საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებული სარეკლამო საქმიანობა

1. საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებული სარეკლამო საქმიანობა უნდა დაეყრდნოს მისი გამოკვლევის შედეგებსა და ტექნიკურ ინფორმაციას.

2. აკრძალულია:

ა) საშიში ქიმიური ნივთიერების შესახებ არასათანადო სარეკლამო ინფორმაციის გავრცელება;

ბ) ქვეყანაში გამოსაყენებლად მკაცრად შეზღუდული ან აკრძალული საშიში ქიმიური ნივთიერების რეკლამირება.

3. საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ სარეკლამო საქმიანობაზე კონტროლი ხორციელდება "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

თავი XVI

საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენებისას შექმნილი საგანგებო მდგომარეობის თავიდან აცილების ღონისძიებები

    მუხლი 41. საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენებისას შექმნილი საგანგებო მდგომარეობის თავიდან აცილება

1. საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენებისას საგანგებო მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად საწარმოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ნივთიერებისადმი უსაფრთხო მოპყრობის მოთხოვნების და ტექნიკური უსაფრთხოების წესების შესრულება.

2. ავარიებისა და საგანგებო მდგომარეობის თავიდან აცილების მოსალოდნელი შედეგების ლიკვიდაციის, მუშაკების და მოსახლეობის დაცვისა და სამედიცინო დახმარების გასაწევად მზადყოფნის მიზნით, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საშიში ქიმიური ნივთიერებების გამომყენებელი ობიექტის ხელმძღვანელები შეიმუშავებენ:

ა) შესაძლო ავარიებისა და საგანგებო მდგომარეობათა ნუსხას, მათი შედეგების პროგნოზირებით;

ბ) ავარიებისა და საგანგებო მდგომარეობისადმი მზადყოფნისა და მოქმედების უზრუნველყოფის ღონისძიებათა, მათ შორის, მუშაკებისა და მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის გეგმებს და გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმებს;

გ) საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენებიდან უსაფრთხო ამოღებისა და განთავსების ტექნოლოგიურ სქემებსა და მეთოდებს;

დ) აჩერებენ საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენების პროცესებს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში.

3. ადგილებზე მუშაკებისაგან იქმნება საავარიო-სამაშველო ჯგუფები.

4. საწარმო უზრუნველყოფილი უნდა იყოს კავშირგაბმულობის ოპერატიული საშუალებებით.

    მუხლი 42. საგანგებო მდგომარეობაში მოქმედების გეგმა

1. ყველა საწარმოს ხელმძღვანელი, რომლებიც განსაზღვრულია ამ კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით, ვალდებულია შეიმუშაოს საგანგებო მდგომარეობაში მოქმედების გეგმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებთან შეთანხმებით.

2. საგანგებო მდგომარეობაში მოქმედების გეგმა მუშავდება იმ საშიში ქიმიური ნივთიერების სპეციფიკისა და მახასიათებლების გათვალისწინებით, რომლებსაც იყენებს საწარმო. გეგმა უნდა ითვალისწინებდეს მოქმედებათა რიგითობას, აგრეთვე:

ა) ავარიული სამსახურის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მოსახლეობის ოპერატიულ გაფრთხილებას საგანგებო მდგომარეობის შესახებ;

ბ) პირთა სიას, რომლებიც პასუხს აგებენ ავარიის ლიკვიდაციაზე, მათ ფუნქციებს და მისამართებს;

გ) საგანგებო მდგომარეობის ლიკვიდაციისათვის საჭირო ძალებისა და საშუალებების სიას;

დ) საკუთარი ავარიული სამსახურის მოქმედების რიგითობასა და ხასიათს;

ე) იმ დაწესებულებების ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება ჩაერთონ საგანგებო მდგომარეობის ლიკვიდაციაში, მათ ამოცანებს, ფუნქციებს, კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო ორგანიზაციების მობილიზაციის პირობებს.

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის კანონი №4960 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.222

    მუხლი 43. საავარიო სამსახური

1. ავარიებისა და საგანგებო მდგომარეობის თავიდან აცილების და ლიკვიდაციის მიზნით, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ საწარმოებში, სამუშაოთა ორგანიზებისა და განხორციელებისათვის იქმნება სპეციალური საავარიო სამსახური.

2. საავარიო სამსახურს უძღვება საწარმოს ხელმძღვანელი.

3. საავარიო სამსახურის ფუნქციებია:

ა) საგანგებო მდგომარეობის პროგნოზირება;

ბ) საწარმოს სხვადასხვა უბანზე საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესის უსაფრთხოების ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობა;

გ) ტექნოლოგიური პროცესების, დანადგარების, მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის შედეგად საშიშროების შემთხვევების პროგნოზირება;

დ) საწარმოს უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მუშაკების უსაფრთხოების ტექნიკის ცოდნის უზრუნველყოფა და მათი პერიოდული კონტროლი;

ე) იმიტირებულ ავარიებზე ვარჯიშების ორგანიზება და ჩატარება;

ვ) საწარმოს უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ტანსაცმლით, აირწინაღებით, საწარმოს სპეციფიკის გათვალისწინებით საჭირო ტექნიკური და სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა;

ზ) რეგიონულ საავარიო სამსახურთან კავშირი და მასთან ერთობლივად მოქმედება.

    მუხლი 44. ინფორმაციის გავრცელება საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენებისას მომხდარი ავარიებისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ

თუ ამ კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ საწარმოში მოხდა ავარია საშიში ქიმიური ნივთიერების წარმოების, ტრანსპორტირების, მოხმარების, შენახვის, გაუვნებლების, გამოყენებიდან ამოღების ან სხვა სახით გამოყენების დროს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებით, ფართო საზოგადოებასა და სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს წარუდგინონ ინფორმაცია:

ა) ავარიის ხასიათსა და მასშტაბზე;

ბ) საწარმოში გამოყენებული ნივთიერების ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების სახესა და სიმძლავრეზე;

გ) იმ ტერიტორიაზე, რომელზედაც შეიძლება გავრცელდეს ნივთიერების ზემოქმედება;

დ) იმ ღონისძიებებზე, რომლებიც აუცილებელია განხორციელდეს ავარიის შედეგების შესამცირებლად.

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის კანონი №4960 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.222

    მუხლი 45. ავარიით გამოწვეული უბედური შემთხვევების გამოკვლევა

1. საშიში ქიმიური ნივთიერების წარმოების, ტრანსპორტირების, მოხმარების, შენახვის, გამოყენებიდან ამოღების, გაუვნებელყოფისა და განთავსების დროს წარმოქმნილი ავარიით გამოწვეული ინდივიდუალური ან მასობრივი მწვავე მოწამვლები და უბედური შემთხვევები ექვემდებარება აუცილებელ გამოკვლევას.

2. გამოკვლევა ტარდება დროულად და სრული მოცულობით, გამომწვევი მიზეზების დასადგენად და განმეორებითი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით კომპლექსური ღონისძიებების შესამუშავებლად.

3. უბედური შემთხვევების გამოკვლევა და აღრიცხვა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ავარიებისა და უბედური შემთხვევების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რომელთა ტერიტორიაზედაც მოსალოდნელია ავარიებისა და უბედური შემთხვევების შედეგების გავრცელება.

 

თავი XVII

საშიში ქიმიური ნივთიერების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაცემა. მუშაკთა კვალიფიკაცია. საწარმოში საშიშ ქიმიურ ნივთიერებათა აღრიცხვა

    მუხლი 46. საშიში ქიმიური ნივთიერების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. საწარმოების თანამდებობისა და პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც იყენებენ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას, უფლება აქვთ მიიღონ სრული ინფორმაცია ნივთიერების, აგრეთვე უსაფრთხოების ზომების შესახებ მისი გამოყენების დაწყებამდე. შესაბამისი ინფორმაციით უზრუნველყოფაზე პასუხს აგებენ საწარმოს ხელმძღვანელები.

2. სამუშაოთა ჩატარება აღნიშნული ინფორმაციის უქონლობისას აკრძალულია.

3. მიმწოდებელი ან მწარმოებელი ვალდებულია საშიში ქიმიური ნივთიერების მიმღებს გადასცეს სრული ინფორმაცია ამ კანონის შესაბამისად.

    მუხლი 47. საშიში ქიმიური ნივთიერების შესახებ ინფორმაციის გადაცემა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, კომპეტენტური და სხვა სახელმწიფო ორგანოების, აგრეთვე დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნით, საშიში ქიმიური ნივთიერების გამომყენებელი საწარმოს ხელმძღვანელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადასცეს მათ ინფორმაცია გამოყენებული ნივთიერების მოცულობისა და ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედების შესახებ, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, გარდა კომერციული საიდუმლოებისა.

    მუხლი 48. მუშაკთა კვალიფიკაცია

1. მუშაკები, რომელთა საქმიანობა უკავშირდება საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, ვალდებულნი არიან ჰქონდეთ სპეციალური მომზადება შრომის დაცვის, ტექნიკური უსაფრთხოებისა და სამრეწველო სანიტარიის საკითხებში.

2. მუშაკთა კვალიფიკაციის დონე დასტურდება სპეციალური მოწმობით – სერტიფიკატით.

3. სერტიფიკატი ექვემდებარება პერიოდულ განახლებას.

4. მუშაკები, რომელთა საქმიანობა უკავშირდება საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადიან წინასწარ (სამუშაოზე მიღებისას) და პერიოდულ სამედიცინო შემოწმებას. მათთვის განისაზღვრება პროფესიათა მავნებლობა, დამატებითი შვებულებების ხანგრძლივობა, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა, შემოკლებული სამუშაო დღე და სხვა შეღავათები, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 49. საშიში ქიმიური ნივთიერების აღრიცხვა საწარმოში

1. საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას, ახდენენ მათ ტრანსპორტირებას, შენახვას, მოხმარებას, გამოყენებიდან ამოღებას, გადამუშავებას, გაუვნებელყოფასა და განთავსებას, ვალდებულნი არიან ჰქონდეთ ნივთიერების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი.

2. ჟურნალში აღირიცხება:

ა) ნივთიერების სახელწოდება, სარეგისტრაციო და საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) საწარმოს დასახელება, საიდანაც მიღებულია ან რომელსაც გადაეცა ნივთიერება;

გ) ნივთიერების მიღებისა და გაცემის ვადები;

დ) ნივთიერების სრული (ტარით) და სუფთა წონა;

ე) დოკუმენტი, რომლითაც ხდება ნივთიერების მიღება, წარმოება და გაცემა;

ვ) ნივთიერების სახეობა და რაოდენობა (მოცულობა) საწარმოში მიღების ან მისი გაცემის შემდეგ;

ზ) წარმოებული ნივთიერების ან მისი პროდუქტებისა და მასალის ხარისხის საკონტროლო შემოწმების შედეგები;

თ) ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების კონტროლის მიზნით ჩატარებული ლაბორატორიული შემოწმების შედეგები;

ი) მონაცემები ნივთიერების გაჟონვის, ემისიის, ჩაშვების, ნებისმიერი სახით გამოვლენილი ან რეგისტრირებული საშიშროების, ავარიისა და სხვა უარყოფითი შედეგების შესახებ;

კ) ნივთიერებასთან დაკავშირებით სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ჩანაწერები.

3. საშიში ქიმიური ნივთიერების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი სახის ინსპექტირებისათვის.

4. ჟურნალში ჩანაწერების ფორმა და შინაარსი, განსაკუთრებულ შემთხვევებში (ავარია, ემისია, ჩაშვება, მოწამვლა, ტრავმა და სხვ.), გამოყენებულ უნდა იქნეს ანალიზისა და ანგარიშისათვის, ან სპეციალურ მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად.

5. ჟურნალის სწორად წარმოებაზე პასუხს აგებს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დანიშნული პირი.

6. საშიში ქიმიური ნივთიერების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის ფორმასა და შენახვის ვადებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

7. აკრძალულია საშიში ქიმიური ნივთიერების მიღება და გაცემა შესაბამისად გაფორმებული დოკუმენტებისა და ჩანაწერების გარეშე.

 

თავი XVIII

პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 50. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი XIX

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 51. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

1. ამ კანონთან დაკავშირებით 1999 წლის 1 მაისამდე მიღებულ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების რეგულირების საუწყებათაშორისო საბჭოს შექმნის თაობაზე;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების რეგულირების საუწყებათაშორისო საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე;

გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება საშიში ქიმიური ნივთიერებების სახელმწიფო ექსპერტიზისა და სახელმწიფო გამოცდის წესისა და პროცედურის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე;

დ) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოცდის მეთოდების სტანდარტების შესახებ;

ე) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრების ერთობლივი ბრძანება საშიში ქიმიური ნივთიერებების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და მათი რეგისტრაციის წესის შესახებ;

ვ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება საშიში ქიმიური ნივთიერებების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ;

ზ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიური ნივთიერებების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ;

თ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება საშიში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაციის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე;

ი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის თაობაზე საინფორმაციო ფურცლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე;

კ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრების ერთობლივი ბრძანება საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ";

ლ) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება საშიში ქიმიური ნივთიერებების შეფუთვის სახელმწიფო სტანდარტის შესახებ;

მ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე;

ნ) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების სახელმწიფო სტანდარტის შესახებ;

ო) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება ახალ საშიშ ქიმიურ ნივთიერებებზე სახელმწიფო სტანდარტისა და ტექნიკური პირობების შესახებ;

პ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე;

ჟ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება საშიში ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელი ობიექტის სანიტარიული დაცვის ზონის შესახებ;

რ) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან უსაფრთხო მუშაობის ერთიანი გამაფრთხილებელი ფერებისა და ნიშნების სახელმწიფო სტანდარტის შესახებ;

ს) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვის ან აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე;

ტ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებისა და საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპქციის უფროსის ერთობლივი ბრძანება საშიში ქიმიური ნივთიერებების შესანახი სასაწყობო მეურნეობის შესახებ;

უ) საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება საშიში ქიმიური ნივთიერებების შესანახი საწყობების ტიპური პროექტის შესახებ;

ფ) საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის ბრძანება საშიში ქიმიური ნივთიერებების შენახვა-დასაწყობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე";

ქ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება მეთოდური რეკომენდაციები საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან მომუშავეთა შრომის პირობებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე;

ღ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებისა და საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის ერთობლივი ბრძანება საშიში ქიმიური ნივთიერებების სასაწყობო მეურნეობის სანიტარიულ-ტექნიკური პასპორტის ფორმისა და გაცემის წესის შესახებ;

ყ) საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის ბრძანება საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების პროცესში მანქანა-დანადგარებსა და აგრეგატებზე სახელმწიფო ტექნიკური ზედამხედველობის შესახებ.

2. ცალკეულ პროფესიათა, საქმიანობის უფლების ან ნებართვის მისაღებად მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 30 მაისის № 275 ბრძანებულების შესაბამისად განისაზღვროს:

ა) საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან მომუშავეთა იმ პროფესიების, საქმიანობის უფლებათა და ნებართვათა ნუსხა, რომელთა მისაღებად საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;

ბ) საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან მომუშავეთა პროფესიების, საქმიანობის უფლებების ან ნებართვების მისაღებად ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების წესი;

გ) იმ დაავადებების, ფიზიკური ანომალიებისა და მდგომარეობის ჩამონათვალი, რომელთა ქონაც ეწინააღმდეგება ცალკეული პროფესიების, საქმიანობის უფლებებისა და ნებართვების მიღებას;

დ) საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების წესები, მოცულობა და პერიოდულობა.

თავი XX

დასკვნითი დებულება

    მუხლი 52. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი           ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 12 ივნისი.

№1420-IIს

შეტანილი ცვლილებები:

      1. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I,  №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239

      2. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I,  №17, 12.05.2000 წ., მუხ.41

      3. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I,  №28, 24.07.2000 წ., მუხ.88

      4. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4262 - სსმ I,  №51, 31.12.2006 წ., მუხ.422

      5. საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის კანონი №4960 - სსმ I,  №24, 02.07.2007 წ., მუხ.222

      ძალადაკარგულია – საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი №2911- სსმ I,  №20, 19.04.2010 წ., მუხ.112